ზღაპარისაბავშვო

მაჰილაროპელი ფეიქარი

სამხრეთ ინდოეთში, ქალაქ მაჰილაროპში, ერთი ფეიქარი ცხოვრობდა, სახელად საჰარადატი. მან არაჩვეულებრივი ხალიჩების ქსოვა იცოდა, მაგრამ ერთი ხალიჩის მოქსოვას ერთ წელიწადს უნდებოდა და ძალიან ცოტა შემოსავალი ჰქონდა.

ერთხელ საჰარადატი ძალიან ლამაზ ხალიჩას ქსოვდა. ის იყო, უნდა მოეთავებინა, რომ საქსოვი დაზგა გაუტყდა.

საჰარადატს თავის ასეთ უბედობაზე მაინცდამაინც ბევრი არ უდარდია, აიღო ცული და ახალი დაზგის გასაკეთებლად მაგარი ჯიშის ხის საძებნელად გასწია.

ბევრი ხე შეათვალიერა და ბოლოს ზღვის პირას მდგარ ერთ მაღალ ბზას დაადგა თვალი.

— აი, სწორედ ასეთი ხე მჭირდებაო! — წამოიძახა გახარებულმა ფეიქარმა და, ის იყო, დასარტყმელად ცული მოიქნია, რომ უცბად შემოესმა:

— მეგობარო, ეს ხე შეიბრალეო.

— ნეტავი ვინ მელაპარაკებაო? — გაუკვირდა ფეიქარს.

— მე ვარ, ტყის ჯადოქარი. ამ ხეში ვბინადრობ და ნუ მოსჭრიო.

საჰარადატს ძალიან შეეშინდა, მაგრამ თავისი გატეხილი დაზგა მოაგონდა და უპასუხა:

— თუ ახალი დაზგისათვის კარგი მაგარი ხე ვერ ვიშოვე, მაშინ ხალიჩა დაუმთავრებელი დამრჩება, ვეღარ გავყიდი და ოჯახი დამემშევა. სჯობია სადმე სხვაგან გადასახლდე, ამ ბზას კი მოვჭრიო.

— არა, არა! ამ ბზას ხელი არ ახლო, მე აქ კარგად ვგრძობ თავს. ნიავი ზღვიდან პირდაპირ აქეთ უბერავს და ცხელ ამინდშიც კი გრილა ხოლმე. გირჩევნია სხვა რამე მთხოვო, რაცა გსურს, შეგისრულებო, — შესთავაზა ჯადოქარმა.

საჰარადატმა ცოტა ფიქრის შემდეგ უთხრა: წავალ, ცოლს შევეკითხები და პასუხს მერე გაგცემო.

საჰარადატს გზაში ნაცნობი დალაქი შემოხვდა.

— მეგობარო, ასე საით მიეჩქარებიო? — ჰკითხა დალაქმა.

— ნუ მაყოვნებ, გეთაყვა, ტყის ჯადოქარი წყალობას დამპირდა. ცოლთან მივიჩქარი რჩევისათვის, არ ვიცი, ჯადოქარს რა ვთხოვოო.

— ოო, რახან ასეა, სამეფო სთხოვე! შენ მეფედ დაჯდები, მე შენი მრჩეველი ვიქნები და ორივენი ამქვეყნიური ნეტარი ცხოვრებით დავტკბებითო.

— შეიძლება შენ მართალს ამბობდე, მაგრამ რჩევა მაინც ჯერ ცოლს უნდა ვკითხოო! — უპასუხა ფეიქარმა.

— აბა რას ამბობ, მეგობარო! განა შეიძლება ქალმა ჭკუა გასწავლოსო?

— შეიძლება მაგასაც სწორედ ამბობდე, მაგრამ მე მაინც რჩევა ცოლს უნდა ვკითხოო, — და საჰარადატი შინისაკენ გაეშურა.

— ჩემო კარგო, ტყის ჯადოქარს რა ვთხოვოთო? — შეეკითხა საჰარადატი თავის ცოლს, — ჩემმა მეგობარმა დალაქმა მირჩია, სამეფო სთხოვეო.

— რა უჭკუო ყოფილა ის შენი დალაქი, არაფერი დაუჯერო! განა არ იცი, რომ მეფეს გულითადი მეგობრები არა ჰყავს? განა არ იცი, რომ მისი ცხოვება სულ ზრუნვაში ილევა?! მას მუდამ ფარისეველნი და გამცემლები ახვევია. ასეთ ცხოვრებას მე ბედნიერებად არა ვთვლიო.

— მართალი ხარ, დედაკაცო, მაგრამ ჯადოქარს მაინც რა ვთხოვოთო?

— რა და ისა სთხოვე, რაც ყველაზე მეტად გჭირდება ხალიჩაზე ლამაზი ნაყშების ამოსაქსოვადო.

— დიახ, დიახ, შენ მართალი ხარ, ჩემო კარგო, ასე მოვიქცევიო.

— ყველა აქებს შენს ნახელავს, ხალიჩებსაც ხალისით ყიდულობენ, მაგრამ წელიწადში ერთზე მეტს ვერა ქსოვ და ასე ღარიბები იმიტომა ვართ. ჰოდა, იმ ჯადოქარს ისეთი დაზგა სთხოვე, რომ რამდენიც მოგესურვოს, იმდენი ლამაზნაყშიანი ხალიჩა მოქსოვოსო.

საჰარადატი დაეთანხმა ცოლს და ზღვის სანაპიროსაკენ გასწია, სადაც ტყის ჯადოქარი ბინადრობდა.

მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ადგილს, მით უფრო ეცვლებოდა გუნება. მერედა, ვთქვათ, ტყის ჯადოქარმა მართლაც მომცა სასწაულმოქმედი დაზგა, —

ფიქრობდა იგი. — ნაყშებს და ხალიჩებს თუ დაზგა მოქსოვს, მე რაღა ვაკეთო? ხალიჩები ვყიდო და ფულები ვაგროვოო? — და ფეიქარი ისე ცუდად გახდა, რომ ტყის ჯადოქარს მხოლოდ ესღა სთხოვა:

— არაფერი არ მინდა შენი, ამ ხის მოჭრის ნებას თუ არ მაძლევ, ძველი დაზგის შეკეთებაში მაინც მომეხმარეო.

— იყოს ნება შენი, მაგ თხოვნას შეგისრულებო.

საჰარადატი როგორც კი შინ დაბრუნდა, თავის საქსოვ დაზგას მივარდა. იგი შეკეთებული დახვდა.

ფეიქარი შეუდგა ხალიჩის ქსოვას, სხვა ამქვეყნად აღარაფერი ახსოვდა. დღედაღამ ქსოვდა და ქსოვდა. ვერც ცოლის შესვლას ამჩნევდა, ვერც დალაქისას.

ხალიჩის ქსოვა რომ დაამთავრა, დიდხანს ათვალიერებდა თავის ნახელავს, შემდეგ კი უეცრად გაეცინა და წამოიძახა:

— ვინმე გაიგებს ახლა ჩემს ბედნიერებას? ხომ შემეძლო მეფე გავმხდარიყავი და უამრავი სიმდიდრე მქონოდა, უამრავი ყურმოჭრილი ყმა და ფარისეველნი მყოლოდა. ტყის ჯადოქარს შეეძლო გავემდიდრებინე, მაგრამ, სამაგიეროდ, ვერც ერთ ნამდვილ მეგობარს ვერ შევიძენდი. მოსვენებას დავკარგავდი და სულ იმის შიშში ვიქნებოდი, სიმდიდრე არ დავკარგო-მეთქი. ვისი ბედნიერება შეედრება ჩემსას? მე ჩემი თვალით ვუმზერ ხალიჩის მშვენივრად ამოქარგულ ნაყშებს და ჩემი ყურით ვისმენ, ყველა როგორ მიქებს ნახელავს!

დიდხანს იცოცხლა ფეიქარმა საჰარადატმა. სიმდიდრე ვერ შეიძინა, მაგრამ საუკეთესო ოსტატის სახელი კი მთელს ქვეყანაზე გაითქვა. მისი სიკვდილის შემდეგაც ხალხი დიდხანს იგონებდა მაჰილაპორელ ფეიქარს, ლამაზი ხალიჩების ოსტატური ქსოვა რომ იცოდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button