მეცნიერება

როგორ ვითარდებოდა ნეანდერტალელების სახის ძვლები

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა როდრიგო ლაკრუზას (Rodrigo Lacruz) ხელმძღვანელობით ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან (აშშ) არსებული სტომატოლოგიური კოლეჯიდან, პირველად აღწერა ნეანდერტალელების და თანამედროვე ადამიანების სახის ძვლების განვითარების თავისებურებები. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნეანდერტალელები, რომლებიც დაახლოებით 200 ათასი წლის წინათ გაჩნდნენ, თანამედროვე ტიპის ადამიანებისგან სახის ძვლების განვითარებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ.

ცნობილია, რომ მყარი ჩონჩხის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ოსტეობლასტები – უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების ზრდას, ასევე ოსტეოკლასტები – უჯრედები, რომლებიც პირიქით შლიან ძვლებს და რეზორბციას იწვევენ. კვლევამ აჩვენა, რომ გონიერი ადამიანის სახის ძვლების ზედა ფენა დიდი რაოდენობით რეზორბციული უბნებისგან შედგება, მაშინ როცა ნეანდერტალელებში პირიქით, გარე შრეზე ძვლის ზრდის მრავალი უბანი შეინიშნება.

კვლევისას მეცნიერებმა ელექტრონული  მიკროსკოპის ქვეშ ნეანდერტალელი ბავშვების რამდენიმე კარგად შემონახული თავის ქალა შეისწავლეს. ისინი 1962 წელს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ლა კვინაში აღმოაჩინეს. ასევე შესწავლილ იქნა ჰომინიდების რამდენიმე მოზარდის თავის ქალა, რომლებიც პლეისტოცენის (დაახლოებით 400 ათასი წლის წინათ)  სიმა დე-ლოს-ხუენოსში (ესპანეთი) ბინადრობდნენ. ეს ჰომინიდები ნეანდერტალელების უშუალო წინაპრებად ითვლებიან.

“უჯრედების პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია ზრდასთან, ძვლებში ნარჩუნდება, – გვიხსნის ტიმოტი ბრომეიჯი (Timothy Bromage), კვლევის ერთ-ერთი ავტორი. – რეზორბცია შეიძლება ჩანდეს,როგორც ძვლის ზედაპირზე მცირე ჩაღრმავება, მას ლაკუნები ეწოდება. ამავე დროს ოსტეობლასტების ზრდის ფენა შედარებით გლუვ ზედაპირს წარმოადგენს”.

სახის ძვლების ზრდის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც ძვლის მნიშვნელოვანი ზრდის უბანი შეინიშნება, რეზორბციის კომპენსატორული მოქმედების გარეშე, ნეანდერტალელების და ძველი ჰომინიდების საერთო მახასიათებელია. ეს სრუალიად საწინააღმდეგოა იმ პროცესების, რომლებიც თანამედროვე ადამიანის სახე-ყბის განვითარების პროცესებს ახასიათებთ. მათში რეზორბციის უბნები დიდ როლს თამაშობენ. ამის გამო თანამედროვე ადამიანებს უფრო ბრტყელი სახე აქვთ ვიდრე ნეანდერტალელებს.

 ახალი კვლევა ევოლუციის პროცესის უფრო კარგად გაგებაში გვეხმარება, რომელიც გაიარა ადამიანმა ძველი დროიდან დღემდე. კვლევის შემდგომ ეტაპზე მეცნიერები აპირებენ გაერკვნენ იმაში, თუ სახის ძვლების თანამედროვე ტიპის განვითარების ამგვარი ტენდენცია როგორ მიიღეს ადამიანებმა.

წყარო: alioni.info

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button