ბიოგრაფია

Niko Pirosmani – ნიკო ფიროსმანი – ბიოგრაფია

1862-1918

(ფიროსმანაშვილი) თვითნასწავლი მხატვარი

დღეს არ არსებობს მსოფლიოში მუზეუმი, საცავი,

 კოლექციონერი, რომელიც ფიროსმანის

ნახატებს არ შენატროდეს.

  ჩაბნელებული დუქნის კედელთან ევროპულად ჩაცმული ორი ახალგაზრდა დგას. ცდილობენ, ნახატი კარგად შეათვალიერონ. კედლის კუთხეს კარიდან შემოსული მზის სხივი ანათებს. ერთი იკითხავს:

 – ეს ვინ დახატა?

– ჩვენმა მღებავმა.

– ახლა სად არის?

– ორთაჭალის ტურფებს ხატავს.

“მღებავი” ნიკო ფიროსმანი იყო, მისი “აღმომჩენი” ორი ახალგაზრდა კი დ ილია და კირილე ზდანევიჩები.

საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, რითიც დღეს მატიანეს ვქმნით, მაშინაც არსებობდა, მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით.

1862 წელს ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს მესამე შვილი, ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა მშობლიურ სოფელს, მირზაანს, მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს – “უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ, ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის და კაცი დადგებაო.”

პატარა ნიკო დას ვერაფრით დაეხმარა, თვითონ გახდა მისახედი. თბილისური მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას ჩამწკრივებული დუქნები, ქვაფენილით მოკირწყლული გზები და ამ გზებზე მოსიარულე ეტლები მალევე მობეზრდა. თავიანთი წნული ქოხი, სახლის წინ გაშენებული ვენახი და დედა მოენატრა. – აქედან საით არის მირზაანიო? – ხშირად ეკითხებოდა ხოლმე დას.

თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის. ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული, ვინმე ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის დამუხრუჭების კონდუქტორი… ყველა სამუშაოს პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა. ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა იყო, არადა იყო თვითნასწავლი მხატვარი, ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე… კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე…

ახალგაზრდობაშივე ნიკომ ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში. იმხანად დედაქალაქში არ არსებობდა გალერეა, სალონი, სადაც შეიძლებოდა მხატვარს საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა, ხალხის თვალამდე მიეტანა, სამაგიეროდ, მრავლად იყო დუქანი. ამ დუქნებს გარედან აბრები, შიგნით კი კედლებს გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს წამოწყებაც მარცხით დასრულდა, “ერთ დღეს ნიკომ და მისმა ამხანაგმა დამშვიდებული სინდისით აუგდეს დარაბები თავიათნ სამხატვრო სახელოსნოს.” 

ასე გაგრძელდა 1904 წლამდე. 42 წლის საბოლოოდ ჩამოშორდა ყველა სხვა საქმეს და მედუქნეებს დაუმეგობრდა. იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს.

როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ იცვამდა. მართლაც, შავი პიჯაკით, შარვლითა და მოხდენილი პალტოთი გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა, ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო საკერავი მანქანა უყიდა… ქონება მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა, რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ მომღერალ ქალს სასტუმროსთან ყვავილებით დატვირთული რამდენიმე ურემი მიაყენა.

განსხვავებული იყო ბუნებითაც, მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან “ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან “თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად მოევლინა. ილია ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა, პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი დაღლილია ლოდინით. მე დილიდან გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.

ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება. 1913 წლის 24 მარტს მოსკოვში ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს. მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად” დაბადებული მხატვარი.

1918 წლის გაზაფხულზე ნიკო ავად გახდა. რამდენიმე დღე მარტო იწვა ბნელ სარდაფში. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, უპატრონო მიცვალებული წაიღეს და სადღაც დაკრძალეს. იმ მხატვრის, რომლის სახელითაც ხშირად მსოფლიოს ქართულ კულტურას ვაცნობთ, საფლავიც კი არ ვიცით.

ხატვისას ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე თემას. უყვარდა თამარი, რუსთაველი, საქართველოს წარსული. უყვარდა პორტრეტები, ქეიფის სცენები, ზოგს დაკვეთით, ზოგსაც საკუთარი სურვილით ქმნიდა. ხატავდა ძირითადად იმ გარემოს, იმ ხალხს, ვის ირგვლივაც თვითონ ტრიალებდა, რაც მის მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. თანაც ხატავდა ყველაზე სადა, ნაივური სტილით. 

… ფიროსმანი ხშირად ხატავდა სოფლურ ყოფას და სადღაც, უკანა პლანზე მიახატავდა პატარა ბიჭს, რომელიც ჭიშკრიდან გადის, სახლის დერეფანში მდგარი დედა კი ხელს უქნევს. ის ბავშვი ალბათ თვითონ ნიკოა…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button