ბიოგრაფიაისტორია

ქეთევან დედოფალი – ბიოგრაფია

XVI-XVII სს.

ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

დედოფალი, რომელიც უღვთოდ აწამეს,

მაგრამ ვერ დაამცირეს,

მოკლეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს.

თამაზ ნატროშვილი

აშოთან მუხრანბატონის ასული ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. ალექსანდრეს კიდევ სამი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი, ერეკლე და კონსტანტინე. ერეკლე ოსმალეთში გადაიკარგა. კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა და გამაჰმადიანებული იყო. ალექსანდრე ალავერდის ტაძარში ბერად აღიკვეცა. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, ახალგაზრდა მეფე მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე ისევ სამეფოს დაუბრუნდა. ქეთევანი იძულებული გახდა თეიმურაზი შაჰის კარზე გაეგზავნა.

შაჰის ბრძანებით კონსტანტინე-მირზამ  მამა და ძმა დახოცა და კახეთის ტახტზე ავიდა. სისხლიანმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა. კახეთის დიდებულები მიუცვივდნენ რჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინე პატივით დაკრძალა, შაჰს ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

1606 წელს შაჰმა მეფედ თეიმურაზი დაამტკიცა  და სამშობლოში დააბრუნა. ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა, თეიმურაზმა გურიელის ასული ანა შეირთო. ორი ვაჟი – ლევანი და ალექსანდრე და ერთი ასული, თინათინი შეეძინათ.

შაჰ-აბასმა 1614 წელს თეიმურაზს ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, ქეთევანიც თან გაჰყვა და ასე ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ.

 შაჰი მაინც ვერ ისვენებდა. მძევლები – ქეთევანი და მისი შვილიშვილები – შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია და ცეცხლს მისცა მთელი ქვეყანა.

გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ვაჟები, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ლევანი შეიშალა. დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის, გამაჰმადიანებული ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. შირაზის ხანი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ თვითონ ვართ მისი ტყვეებიო. თერთმეტი წელი გაატარა დედოფალმა „საპატიო“ ტყვეობაში. მაინც მხნედ იყო, უვლიდა და ზრუნავდა თავის სამწყსოზე, მის გვერდით მყოფ ოციოდე ქართველზე.  გარეთ თითქმის არ გამოდიოდა, წყნარი და ჩაფიქრებული შინ იჯდა და ღმერთს ევედრებოდა.

შაჰმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, თანაც სწორედ  იმ დღეს სთხოვა ცოლობა, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო. იმამყული-ხანს უბრძანა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: მოხუცია, რას მოგცემთ მისი გამაჰმადიანება, თვენთვის სირცხვილია მისი სიკვდილიო. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. ქეთევანმა არ მიიღო ეს რჩევა: ვერავითარი ტანჯვა და წამება ვერ მაიძულებს დავთმო ქრისტიანული სარწმუნოება და შევბილწო ჩემი ზნეობა, რასაც მთელი ქვეყნის საუნჯეზე ძვირად ვაფასებო.  დედოფალი წამებისთვის გაემზადა.

ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“.

რკინის მარწუხები რომ გაახურეს, წელზევით გააშიშვლეს დედოფალი, გავარვარებული მარწუხები მოიმარჯვეს და სხეული დაუსახიჩრეს. მანამდე აწამებდნენ, სანამ სულთმობრძავი ძირს არ დაეცა, თუმცა ბეჯითად ჩურჩულებდა ლოცვებს, ბოლოს ჯალათებმა მშვილდის საბლით მოაშთვეს. დედოფალმა მხოლოდ ერთხელ დაიკვნესა, როდესაც მკერდი გაუშიშვლეს. ეს მოხდა 1624 წლის 13 სექტემბერს.

წამების მხილველმა პორტუგალიელმა კათოლლიკე მისიონერებმა წმინდა დედოფლის ცხედარი მიწიდან მალულად ამოთხარეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს დედის თავი მკლავთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა. წმინდა სხეულის ნაწილი მოხვდა ინდოეთში (გოა, დაგრასას მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი).

მისიონერთა რელაციებითა და მონათხრობით ქეთევანის წამების ამბავი ევროპაში მალევე გახდა ცნობილი. 1633 წელს ინგლისში ქართველი დედოფლისადმი მიძღვნილი წიგნი გამოვიდა.  ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა ,,წამება ქეთევან დედოფლისა~), პორტუგალიელმა ამბროზიომ, გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია ,,ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“.

ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 26 სექტემბერი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button