ბიოგრაფია

დავით ყიფიანი – ბიოგრაფია

1951 -2001

ქართველი ფეხბურთელი. თასების თასის მფლობელი (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა თბილისის ,,დინამოში,, და საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

ის იყო უდიდესი ფეხბურთელი, და შემთხვევითი არ არის, რომ ყიფიანის სახელს უკავშირდება თბილისის “დინამოს” ყველაზე ხმამაღალი გამარჯვებები…

     ლეონიდ ბურიაკი (კიევის “დინამო”)

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი – ნახევარმცველი, მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). თბილისის “დინამოსა” (1984-85, 1988, 1990, 1995-97) და საქართველოს ეროვნული ნაკრების (1997, 2000-2001), აგრეთვე კლუბების: თბილისის “ლოკომოტივის” (1988), კვიპროსის “ოლიმპიაკოსის” (1992-93), იაროსლავლის “შინნიკისა” (1998) და ქუთაისის “ტორპედოს” (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. 245 მატჩში  გატანილი აქვს  78 გოლი.

დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს  დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 35-ე სპორტსკოლა. მისი პირველი მწვრთნელი პ. ჭელიძე იყო. 17 წლისა უკვე თბილისის “დინამოს” რიგებში თამაშობდა, სადაც თბილისის “ლოკომოტივიდან” მივიდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა თამაშს ფრეზე ასრულებს. ამ ფონზე თბილისის “დინამო” ლამის ერთგვარ “ოაზისს” წარმოადგენდა არა მხოლოდ შედეგის, არამედ ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ამ დიდ სპორტსმენებს შორის თავის გამოჩენა და გამორჩევა არცთუ იოლი საქმე იყო, მაგრამ ყიფიანმა ეს მოახერხა და მოახერხა, უპირველესად, იმ უნიკალური თვისების წყალობით, რომელიც მხოლოდ ერთეულების, უმაღლესი კლასის ფეხბურთელების დამახასიათებელია დ ეს არის მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება. სწორედ ამ თვისების გამო  ადარებდნენ ყიფიანს ლეგენდარულ ჰოლანდიელ კრუიფს. კრუიფის მსგავსად ყიფიანიც სიტუაციის მიხედვით თამაშობდა. ის იყო ყველგან, სადაც კი გუნდს მისი დახმარება ესაჭიროებოდა.

მოწინააღმდეგეების მჭირდო თამაშის დროს შექმნილი, თითქოსდა, გამოუვალი მომენტებისას, როცა სიტუაციის გარდასახვა და თამაშის გადაწყობა იყო აუცილებელი,  მისი გრძელი გადაცემები საყოველთაოდ იყო ცნობილი. ის იყო ფართო პროფილის მოთამაშე დ საუკეთესო ნახევარმცველი და საუცხოო ფორვარდი. ყიფიანი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა  შორის, რომლებსაც საკუთარი თამაშის, “მონოლოგის” შეთავაზება შეუძლიათ მაყურებლისათვის. იგი აკეთებდა სვლებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მიაჩნდა საჭიროდ და ბრმად არ მიჰყვებოდა მწვრთნელების მკაცრ მონახაზს. ამის გამო მას ხშირად არ იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც საერთო ჯამში მხოლოდ 19 მატჩი ითამაშა 7 გოლის შედეგით. განსაკუთრებით არ ესმოდა მისი საკავშირო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლობანოვსკის,  ამიტომ ყველაზე ნათელი და ბრწყინვალე პერიოდი მის კარიერაში უკავშირდება თბილისის “დინამოს”.

დავით ყიფიანმა “დინამოში” თამაში 1968 წელს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან დაიწყო და 15 სეზონი ითამაშა. სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს საოცნებო გუნდის მუდმივ შემადგენლობაში მოხვედრა თავდაპირველად ტრამვამ ჩაუშალა. იგი კვლავ “ლოკომოტოვში” დაბრუნდა. ამ პერიოდში ყიფიანი თვალში მოუვიდა საბჭოთა ფეხბურთის ცნობილ სპეციალისტს დ გავრილ კაჩალინს, რომელმაც ნიჭიერ ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოში” გადასვლა შესთავაზა. დიდი იყო მისი გაოცება, როცა კატეგორიული უარი მიიღო. როგორც მოგვიანებით თავად დავით ყიფიანი იხსენებდა, მას აზრადაც არ მოსვლია სხვა რესპუბლიკის მაისურით მოედანზე გასვლა. ყიფიანის დებიუტი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 1971 წელს შედგა  “ფახთაქორის” წინააღმდეგ, როცა ცხრამეტი წლის დამწყებმა ფეხბურთელმა მოედანზე თავისი კუმირი დ სლავა მეტრეველი შეცვალა. 1976 წელს დავით ყიფიანი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად კანადის ოლიმპიადაზე გაემგზავრა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ლობანოვსკიმ იგი მოედანზე არც კი გამოიყვანა. შედეგად, საბჭოთა ნაკრების მიერ აღებული ბრინჯაოს მედლები მას არ ერგო.ღეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება, რომელიც ფეხბურთელმა ისე განიცადა,  რომ სიმწრისაგან სასტუმროს აივანზეც კი იტირა თურმე… 1977 წელს დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ პერიოდის ყველაზე ხმაურიან წარმატებად თბილისელი ფეხბურთელებისათვის მილანის “სან-სიროს” სტადიონზე “ინტერის” დამარცხება იქცა. დავით ყიფიანმა მილანელთა გამოცდილ მცველ ფაკეტტის ბურთი მოხერხებულად აართვა, პირისპირ გავიდა მეკარესთან და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მისკენ ბევრი წამყვანი ევროპული კლუბის მესვეური მზა კონტრაქტებით ხელში დაიძრა, მაგრამ ყიფიანი ყველას უარით ისტუმრებდა. 

დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” 1981 წლის ტრიუმფის მონაწილეც იყო, როცა მისმა გუნდმა იენის “კარლ-ცაისს” სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. სამწუხაროდ,  იმავე წელს მადრიდის “რეალთან” მატჩის დროს დავით ყიფიანმა ფეხი მოიტეხა და ოთხი თვით გამოეთიშა ასპარეზობას. მალე იგი  საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. ამ პერიოდში ყიფიანი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედიოდა. თუმცა, გადატანილი ტრავმის გამო შესარჩევ თამაშზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. როცა ყიფიანმა საკუთარი გვარი ნაკრების ფეხბურთელთა ორმოცკაციან წინასწარ განაცხადში ვერ ამოიკითხა, მან ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 1983 წელს, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ყიფიანს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს. ის დიდხანს იყო უარზე, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ყიფიანმა მშობლიური გუნდი აუტსაიდერობიდან მესამე ადგილზე აიყვანა. 90-იანი წლების დასაწყისში კი კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც “ოლიმპიაკოსი” ჩაიბარა. ამასთან, გადაწყვიტა მცირე ბიზნესიც ეწარმოებინა დ გახსნა რესტორანი “რუსი”, რომელიც ორ რუს მოქალაქეს შორის მომხდარი სკანდალის შემდეგ მალევე დაიხურა. თავად მეპატრონე დავით ყიფიანი ამ სკანდალის მსხვერპლი გახდა დ იგი სამი დღით დააპატიმრეს. მიუხედავად პოლიციის ბოდიშისა, პრესაში მაინც გამოქვეყნდა ცნობები ყიფიანის რუსულ მაფიასთან შესაძლო კავშირის შესახებ. მაგრამ ამ უმნიშვნელო ფაქტს არ შეეძლო დაეჩრდილა ხალხის დიდი სიყვარული ლეგენდარული ფეხბურთელის მიმართ. საქართველოში ის დღესაც საყოველთაოდ აღიარებული და პატივსაცემი ადამიანია.

 2001 წლის 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალი დავით ყიფიანი სოფელ ჩარდახთან ავტოკატასტროფაში მოჰყვა. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე მას ინფარქტი დაემართა, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კაკლის ხეს შეასკდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არადა, ორიოდ დღეში მოსკოვში მიემგზავრებოდა, სადაც მოსკოვის “დინამოს” უნდა ჩადგომოდა სათავეში. ეს იყო უდიდესი დანაკლისი როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ფეხბურთისათვის.. დავით ყიფიანი ხომ არა მარტო ერთი საფეხბურთო გუნდის, არამედ მთელი ეპოქის ლიდერი იყო, ამიტომ საქართველოში გულშემატკივრები მას მხოლოდ დიდ ფეხბურთელად კი არა, ეროვნულ მოღვაწედაც თვლიან.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button