ფილოსოფია

ირაკლი მჭედლიშვილი – რეალობის “გახლეჩა”. ვირტუალობა და აქტუალობა

ზემოთ, წინა პარაგრაფში ადამიანური სამყაროს აღნაგობაზე საუბრისას მკითხველს შეიძლება შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ სტრუქტურირების კანონებში ლაპარაკი მხოლოდ სივრცით მოწესრიგებაზეა. სინამდვილეში კანონებში, ყველა გამონათქვამში, სადაც სივრცითი ან ტოპოსური ელემენტი ფიგურირებს, აგრეთვე დრო ან დროითი “დისტანცია იგულისხმება” _ ვაშლის მეორე, უხილავი მხარის დანახვას, იმ ადგილამდის მიღწევას, საიდანაც ის ჩანს ან ჰორიზონტის მიღმა გასვლას დრო, ანუ დროითი დისტანციის გადალახვა სჭირდება. დროის “გახარჯვის” განმავლობაში კი, არა მარტო ვაშლის უკანა მხარე, არამედ ჩვენც ვიცვლებით. ეს დებულება მართებული ალბათ მაშინაცაა, როცა ჩვენ არა უშუალოდ ფიზიკურ სამყაროში, არამედ დაკვირვების ტრანსცენდენტალურ ველში ვმოძრაობთ. ანუ იმ შემთხვევაშიც, როდესაც “მეტაფიზიკური მე” ვაშლის მეორე მხარეს ჭვრეტს. მაგრამ ხდება კი ეს ორი თვისობრივად განსხვავებული პროცესი ერთიდაიგივე დროით თანმიმდევრობაში?!

თუ სტრუქტურირების პირველი სამი კანონის მიხედვით ადამიანს არჩევანი აქვს _ ვირტუალობაში მოცემული რეალური ობიექტი ან უშუალოდ, ფიზიკურად აღიქვას (შემოუაროს ვაშლს, გავიდეს ჰორიზონტს მიღმა) ან ისინი “შინაგანი ხედვით” დაინახოს, გაიხსენოს _ მეოთხე კანონით ასეთი არჩევანი ყოველთვის არ არის შესაძლებელი. “წმინდა” ვირტუალური ობიექტები ან იდეები, რომელთაც რეალობაში ანალოგი არ გააჩნიათ და რომლებიც ამ კანონში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, მხოლოდ “შინაგანი ხედვით” მოიცემიან. შესაბამისად რთულდება დროითი სტრუქტურა _ მათ დანახვას დროის დინებიდან ამოვარდნა, გაჩერება, ღრეჩოში შესვლა ან ვერტიკალურ დროში გადასვლა სჭირდება…თუმცა, შეიძლება დროის ეს განსაკუთრებული თვისობრიობა სხვა მოდელშიც _ ბერგსონის “სუფთა თანმიმდევრობაში” (ხანიერებაში, dureé-შიც) იქნას მოაზრებული. იმ თანმიმდევრობაში (ხანიერებაში), სადაც ცნობიერების მოვლენების ერთმანეთში გადასვლა “მელოდიურად” ხორციელდება, იდეის ან იდეალური ფორმის გამოყოფა შესაძლებელია (ალბათ ისევ ვერტიკალში, ანუ დინების განივ კვეთში). ამჟამად საინტერესოა არა ის, თუ ამგვარი გამოყოფა-ჭვრეტა როგორ ხდება (ასეთი რამ ნამდვილად ხერხდება), არამედ _ რა გზით ხორციელდება “სუფთა” ვირტუალური ობიექტების სხვა, განსხვავებული სუბსტანციის ობიექტებთან მორგება, ფუნქციონალურ სისტემაში (“პრაგმატულ ველებში”) ჩასმა.ზემოთ უკვე ითქვა, რომ სივრცე-დროითი წარმოდგენა განსხვავებული სუბსტანციის ობიექტებს შორის მიმართებებს აწესრიგებს. თუმცა, მეტი სიცხადისათვის, სჯობია ყურადღება სივრცე-დროითი ერთიანობის დროით კომპონენტზე გავამახვილოთ. ისევ ნეტარი ავგუსტინეს კითხვა: “სად იმყოფება ეს მოუხელთებელი დრო?” ბერძნების მსგავსად და მათზე დაყრდნობით (“ყველაფრის საზომი არის ადამიანი”) ავგუსტინე ასკვნის: “იქ სადაც არ არის არავითარი ქმნილება სრულიად შეუძლებელია იყვნენ დრონი”(1). ეს ნიშნავს, რომ დამკვირვებლის, სუბიექტის ან ადამიანის გარეშე არ არსებობს დრო (“დრო მხოლოდ ჩვენს სულში არსებობს” _ ავგუსტინე). თუ ეს ასეა, მაშინ ყველაფერი რაც გარე სამყაროში ხდება ყოველთვის ახალია _ წარსული იქ მკვდარია, ის მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში შეიძლება არსებობდეს (“ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”). ამიტომაც გარე, ფიზიკური სამყარო, რომელშიც გვიწევს ყოფნა-არსებობა ჩვენთვის ყოველთვის აწმყო დროშია მოცემული. მისი წარსულიც და მომავალიც მხოლოდ ჩვენს სულში შეიძლება იყოს განთავსებული, რაც გარე, ფიზიკურისაგან სრულიად განსხვავებული რეალობაა.მაგრამ რა არის აწმყო ჩვენთვის, ჩვენი სულისათვის ან შიდა რეალობისათვის? “…თუ ჩვენ აწმყო დროის ნებისმიერი სიგრძის მონაკვეთს ავიღებთ _ ას წელს, წელიწადს, თვეს, დღეს, საათს და ა. შ., დავინახავთ, რომ ის თითქოს სამი მონაკვეთისაგან შედგება. ერთი წარსულში იმყოფება, მეორე ჯერ კიდევ მომავალში და მესამე _ უმოკლესი, უკვე უმცირეს ნაწილებად დაუნაწევრებელი /აწმყო, მყის/ წამი უშუალოდ აწმყო დროს წარმოადგენს. იგი ისე მოკლეა, რომ ხანგრძლიობა მასში არ არის. ის რომ გრძელდებოდეს მასში წარსულის მომავლისაგან გამოცალკევება იქნებოდა შესაძლებელი. აწმყო არ გრძელდება”(2).მართალია იქვე (“აღსარებაში”) ავგუსტინე სამივეს, წარსულს, აწმყოსა და მომავალს სულის აწმყოში არსებულად მიიჩნევს: “არსებობს სამი დრო _ აწმყო წარსულისა, აწმყო ახლანდელი დროისა და აწმყო მყობადისა. ეს რაღაც სამი დრო მხოლოდ ჩემს სულში არსებობს…”(3); მაგრამ ამ შემთხვევაში დროთა ხანგრძლიობა იგულისხმება და არა ფიქსირებული აწმყო. აწმყოს დაჭერა-ფიქსირების შეუძლებლობა არისტოტელესთან უფრო მკვეთრად არის გამოთქმული: “ამრიგად, რამდენადაც “ახლა” სხვა არა არის რა, თუ არა ზღვარი, ის არ არის დრო და მხოლოდ თანხვდომითაა ნიშნეული დროისათვის, ვინაიდან ზღვარი ეკუთვნის მხოლოდ იმას, რის ზღვარადაც ის გვევლინება”(4).მაშასადამე გამოდის, რომ არსებობს გარე რეალობა, რომელიც ჩვენთვის, ადამიანებისათვის ყოველთვის აწმყოშია მოცემული (წარსული, მომავალი ან მასში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ჩვენს მეხსიერება-ცნობიერებაში აღიბეჭდება) და შიდა რეალობა, სადაც აწმყო წამის ფიქსირება შეუძლებელია. რა მექანიზმით, რა საშუალებით არის შესაძლებელი ამ ორი, გარე აწმყოსა და შიდა აწმყოსგარეშე რეალობების გაერთიანება?ბერგსონის აზრით დროითი მიმდევრობა ერთგვაროვან სივრცეში შიდა, არაგანვრცობადი ხანიერების (dureé-ს) პროექციაა. ამგვარად წარმოდგენილი დრო შიდა და გარე მოვლენების სინქრონულ თანაკვეთაში ან თანადებაში აღქმის საშუალებას გვაძლევს. მაგრამ საიდან მოვიდა, რა წარმოდგენა დაედო საფუძვლად დროის ამგვარ მოდელს? შიდა რეალობაში ხომ თვისებრივად განსხვავებული თანმიმდევრობა-ხანიერებაა, ხოლო გარეთ, გარე რეალობაში კი _ საერთოდ განლაგებაა და არა მიმდევრობა?!და ისევ ბერძნების გენიალურ ინტუიციას, ხედვის აზრობრივი მოდელს, გეომეტრიულ ოპტიკას უნდა მივმართოთ. სწორხაზოვნად გავრცელებადი სინათლის სხივი ბერძნების გამოგონილი არ არის, ასეთ ფორმას უძველ ცივილიზაციებშიც ვხდებით93. ბერძნების მოდელში სხივი ერთის მხრივ, სწორხაზოვნად გავრცელებად მიმდევრობას წარმოადგენს (5) და მეორე მხრივ, სხივი უსასრულოდ დიდი სიჩქარით ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ სადაც არ უნდა იყოს დამკვირვებელი, ადამიანი ან საითაც არ უნდა მიემართებოდეს იგი, სხივი მას ყოველთვის ასწრებს, იგი ყოველთვის იქაც და აქაც იმყოფება. მაგრამ აქაც და იქაც ყოფნა ყველგან ყოფნას, აწმყოში ყოფნას უდრის. ე. ი. უსასრულოდ დიდი სიჩქარით გავრცელებადი სინათლის სხივი ასეთ მოდელში მუდმივი აწმყოა.ზემოთ კი ითქვა, რომ გარე რეალობა ყოველთვის აწმყოშია და შიდა რეალობაში, აწმყო წამის ფიქსირება შეუძლებელია. ბერძნების მიერ შემოტანილი სინათლის ხხივიც ხომ ამ ორ თვისობრიობას მოიცავს! გარდა ამისა, იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ამ ორი რეალობის სინქრონიზაცია დროით მოდელში ხდება _ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ დროითი მიმდევრობა სინათლის სხივის ბერძნული წარმოდგენის ანალოგიით არის შემოტანილი.ის ფაქტი, რომ ბერძნების მიერ შემოტანილი იდეალური წინაფორმა _ სხივი 2500 წლის განმავლობაში განაპირობებდა საკაცობრიო ცივილიზაციის, კულტურის ჭერასა და სვლას, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ წარმოდგენას უყოყმანოდ, ეჭვის გარეშე იღებდნენ.წერილებში უახლეს გერმანულ ლიტერატურაზე (მეჩვიდმეტე წერილი) ლესინგს “დოქტორ ფაუსტის” ხალხური დრამის ერთერთი ვარიანტის ნაწყვეტი მოყავს. ფაუსტისათვის მზის სხივზე ამხედრებული სულის სისწრაფე სასრული რიცხვით გამოისახება და ამიტომაც არასაკმარისია. ის უპირატესობას სხვა, მეშვიდე სულს აძლევს.ფაუსტი. მითხარი, რამდენად სწრაფი ხარ?მეშვიდე სული. არც მეტი, არც ნაკლები, ვიდრე გადასვლა სიკეთიდან ბოროტებაზე.ფაუსტი. …დიახ, ეს სწრაფი გადასვლაა, არაფერია ამაზე სწრაფი! … მე შევიცანი რაოდენ სწრაფია იგი!…(6)სხვა, ორასი წლის შემდგომ ტექსტში უსწრაფესი არა სული, არამედ უკვე ადამიანია. სინათლის სისწრაფით გადაადგილება დროში მოგზაურობას ემსგავსება (ფაუსტიც ხომ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობასთან ერთად წარსულიდან გამოხმობილ გმირებს ხვდებოდა). აი ამ ტექსტის სიუჟეტი _ ტყუპები, პეტრე და პავლე ერთმანეთს მაშინ დასცილდნენ, როდესაც მათ 21 წელი შეუსრულდათ. პეტრე სინათლის სიჩქარით გაემგზავრა და სახლში, დედამიწაზე 14 წლის შემდეგ 35 წლის დაბრუნდა. ამ დროისათვის დედამიწაზე დარჩენილი მისი ტყუპისცალი პავლე უკვე 71 წლის გახლდათ…არა, ეს სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის _ ეს სრულიად “სერიოზული” წიგნის შემადგენელი ნაწილია: სავარჯიშო, რომელიც “საათების პარადოქსის” ან “ტყუპთა პარადოქსის” სათაურით “ფარდობითობის კერძო თეორიის” სახელმძღვანელოშია ჩართული(7).მიუხედავად იმისა, რომ ტექსტები დროში დაშორებითაც და მიკუთნების სფეროებითაც განსხვავებიან, ორივეს ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი იდენტურად აღიქვამდა _ ფანტაზია, ფიქცია. ალბათ უნდა დავეთანხმოთ ორტეგას _ მეცნიერება და პოეზია გაცილებით ახლოსაა ერთმანეთთან ვიდრე გვგონია, რადგან ორივეს საფუძვლად ფანტაზია უდევს (ნიცშეს აზრით კი, ფანტაზია ფილოსოფიასაც უდევს საფუძვლად, მისი მამოძრავებელი ქვაკუთხედია)(8).აინშტაინის წარმოსახვა-ფიქცია ფაუსტის სულივით სინათლის სხივზე ამხედრდა და შედეგად ფარდობითობის თეორია მივიღეთ. აინშტაინ-პუანკარემ დაადგინეს, რომ სივრცე-დრო ერთიანია, შეუძლებელია მათი განცალკევება და რომ დროის გაზომვა სიგრძის ერთე-ულებშია შესაძლებელი და პირიქით(9). ეს კი ნიშნავს, რომ სამგანზომილებიან სივრცეში მანძილის კოორდინატებთან ერთად დროითი კოორდინატაც შემოდის და შედეგად მიღებული სივრცე-დრო უკვე ოთხგანზომილებიანი ხდება. ამგვარ ოთხგანზომილებიან მოდელში დროითი ღერძი სამივე სივრცით ღერძს ემთხვევა ან ზედ ედება. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ისეთი საკოორდინატო სივრცითი ღერძი წარმოვიდგინოთ, რომლის ყოველ ერთ მეტრ მანძილზე საათია ჩადგმული და ასევე _ დანარჩენი ორი მიმართულებითაც.ფაქტიურად, ამგვარად წარმოდგენილ სივრცე-დროის მოდელში საკოორდინატო ღერძებად სინათლის სხივები წარმოგვიდგებიან. მაგრამ, მსგავსი რამ პირველ პარაგრაფშიც, სფერული ფორმისა და სწორხაზოვანი ფორმის, სხივის ზედდებისას იყო მიღებული. ამიტომაც, ამ აზრით, ალბათ მართებული იქნება იმის თქმა, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია სამყაროს კოსმიური ბერძნული მოდელის დასრულებად შეიძლება მივიჩნიოთ. სივრცე-დროითმა ერთიანობამ შეაჯამა, თვალნათლივ შეკრა ის საფუძვლები, რომლებიც ბერძნებმა დაგვიტოვეს. ხოლო სინათლის სიჩქარის სასრულობის აღიარებამ კი, მის, სამგანზომილებიანი მოდელის შემდგომ ვარგისიანობას წერტილი დაუსვა. მაგრამ ყველაფერი ეს გარკვეული დროის მანძილზე კაცობრობის უმრავლესობისათვის ისეთივე (თუნდაც მეცნიერულ, ავტორიტეტულ) ფიქციას წარმოადგენდა, როგორიც ნებისმიერი მისთვის ყველა სხვა, ყოველდღიური ცხოვრებიდან დაშორებული (ვთქვათ, ესთეტიკურ-მხატვრული) წარმოსახვა იყო.მდგომარეობა 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მკვეთრად იცვლება. “ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც სინათლის სიჩქარე ავამოქმედეთ. ამასთან, არა მხოლოდ იმისათვის, რომ დავინახოთ და მოვისმინოთ, არამედ იმისთვისაც, რომ ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით ამ სიჩქარეზე ვიმოქმედოთ. ასეთ სიჩქარესთან დაპირისპირებაში პლანეტა დედამიწას განვრცობის შესანარჩუნებლად სათანადო ზომა არ გააჩნია. კოსმოსისათვის სინათლის სიჩქარე, 300 ათასი კილომეტრი წამში უმნიშვნელოა, რადგან თვით უკიდეგანოა, მაგრამ სხვა საქმეა დედამიწა _ სივრცე უბრალოდ აღარ რჩება”(10) _ ამბობს პოლ ვირილიო. სამყაროს სივრცე-დროითი სტრუქტურა იცვლება, იმდენად, რომ ერთგვარი გაორება წარმოიქმნება _ საქმე გვაქვს ორგვარ ოპტიკასთან, რეალური სივრცის ოპტიკა სიმძიმის ძალითა და გეომეტრიული შეფარდებებით და მეორე, ელექტრომაგნიტური ოპტიკა, რომელიც რეალურ დროში სხვა ადგილას ყოფნის (მყის თანადასწრების) საშუალებას გვაძლევს.სინათლის სიჩქარეზე მოქმედი ელექტრომაგნიტური ოპტიკა, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს სინამდვილეში, უკვე სხვა ბუნების, სხვა წყობისაა. სინათლის სხივის სწორხაზოვანი თანმიმდევრობის ანალოგიით შემოტანილი დრო აქ აზრს კარგავს. მართლაც, თუ ამგვარ ოპტიკაში ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სინათლის სიჩქარით, მაშინ სინათლე ობიექტური სამყაროს სწორი აღქმის უტყუარი საზომი აღარ იქნება (ან სხივი არ იქნება ერთდროულად იქაც და აქაც, არ იქნება მუდმივი აწმყო). ამას გარდა, ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სინათლის სიჩქარე არა კოსმოსში, როგორც მაგალითად “ტყუპების პარადოქსის” შემთხვეაში, არამედ დედამიწის ზედაპირზე, იმ სინამდვილეში ამოქმედდა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.მაგრამ დედამიწა მრგვალია და თუ ჩვენ მის ზედაპირზე სინათლის სიჩქარით ვმოქმედებთ _ ეს სხივის გაღუნვას ნიშნავს.გამოდის, რომ სხივის შესახებ წარმოდგენამ ორი უმნიშვნელოვანესი თვისება _ უსასრულოდ დიდი სიჩქარე და სწორხაზოვნება, დაკარგა. შესაბამისად, დროის ტრადიციული გაგებაც ირღვევა _ იმდენად, რომ მისი უმთავრესი თვისება, შეუქცევადობა ეჭვქვეშ დგება. ასეთი მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს იმ თაობის წარმომადგენელთა შორისაც კი, ვინც სინათლის სიჩქარე პირველად აამოქმედა. აი რას წერს ჟან ბოდრიარი _ “ისტორიის ევკლიდურ სივრცეში ერთი წერტილიდან მეორემდის უმოკლესი გზა სწორი ხაზია … ჩვენი საუკუნის მიწურულის მტრულად განწყობილი გამრუდება ყველა ტრაექტორიას არაევკლიდურ სივრცეში წარმართავს. ეს ფენომენი უეჭველად დროის სფერულობასთან… ან გრავიტაციული ველის ფაქიზ დამახინჯებასთან არის დაკავშირებული… თუ დედამიწა სფერო ხდება, ყოველგვარ გადაადგილებას, რომელიც გვაშორებს წერტილს, ისევ იმავე წერტილთან მივყავართ. ეს, აგრეთვე დროსთან მიმართებაშიცაა სამართლიანი _ ისტორიის ყოველ შესამჩნევ მოძრაობას შეუმჩნევლად მის ანტიპოდთან, სინამდვილეში მის ამოსავალ წერტილთან მივყავართ”(12).უკეთეს მდგომარეობაში არც სივრცეა _ თვალსაჩინოებისათვის ისევ სტრუქტურირების კანონები მოვიშველიოთ. თუ პირველი კანონის თანახმად სინათლის ოპტიკაში ჩვენ ვაშლის (ან მთვარის) მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ, ელექტრომაგნიტურში ერთდროულად ორივე, ხილულიც და დაფარულიც შეიძლება დავინახოთ. მეორე კანონის თანახმად, თუ ყოველი ობიექტი, მოვლენა ჩვენს მიმართ ცალსახად არის ორიენტირებული (ზემოთ ან ქვემოთ, მარჯვნივ ან მარცხნივ, წინ ან უკან), აქ, ამ ოპტიკაში ხშირად შეუძლებელია იმის დადგენა თუ სად იმყოფება ის ობიექტი, რომელსაც ვხედავთ (ადამიანი, რომელიც ეკრანიდან გვესაუბრება სინამდვილეში არა ჩვენს წინ, არამედ დედამიწის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს). თავისთავად ცხადია, რომ ელექტრომაგნიტურ ოპტიკაში სტრუქტურირების მესამე, ფონის ან ჰორიზონტის, კანონიც არ სრულდება, რადგან სხივის გაღუნვის შემთხვევაში იგი (კანონი) აზრს კარგავს (ჰორიზონტს მხოლოდ იმიტომ ვხედავთ, რომ სწორხაზოვანი სხივი დედამიწის სიმრუდეს არ მისდევს, სცდება).საქმე ის არის, რომ სინამდვილე, რომელშიც აქამდის ვცხოვრობდით შეიცვალა “…ჩვენ შევდივართ სამყაროში, რომელსაც ისტორიულ მხოფლიოსთან, ისეთთან, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით საერთო აღარაფერი აქვს. ეს ისტორიის დასასრულს არ ნიშნავს. წინა პლანზე რაღაც სხვა გამოდის. … აბსოლუტური სიჩქარის გლობალურ დონეზე რეალიზაცია არა მხოლოდ მაუწყებლობით და ტელეფინით, არამედ მრავალი სხვა, სრული აუდიო-ვიზუალური და სრული ტაქტილური შეგრძნებათა გზითაც მოვახდინეთ”(13).ვირილიოს ამ აზრის გათვალისწინებისას, გასაგები ხდება, რომ ზემოთ ელექტრო-მაგნიტური ოპტიკის ქვეშ ის რეალობა ან, უკვე შეიძლება დაერქვას სახელი, ვირტუალური რეალობა იგულისხმებოდა, რომელშიც არა მხოლოდ აუდიო-ვიზუალური შეგრძნების, არამედ გრძნობად-კონკრეტული სამყაროს ფიზიკური აღქმის თითქმის ყველა ადამიანური შესაძლებლობანი ტექნოლოგიურად არის განხორციელებული(14).იგივე ორტეგას აზრით, “ცხოვრებაში ჩვენ არა უშუალოდ საგნებს, არამედ …თერთმეტ სხვადასხვა სახის დასწრებას /თანადასწრებას/ ვხვდებით, რომელთაც ჩვენ “გრძნობათა ობიექტებს” ვეძახით”(15). თერთმეტივე “გრძნობადი ობიექტის” ჩამოთვლა ალბათ ზედმეტია, მაგრამ ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი ხუთის (აუდიო, ვიზუალური, ტაქტილური, გემო და ყნოსვა) ტექნოლოგიური რეალიზაცია “სამყაროს სიმულირებისათვის” სრულიად საკმარისია.ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანის შეგრძნების ორგანოები, რომლებიც გარე სამყაროსთან სწორი მიმართების დადგენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენენ, ამგვარ ახალ პირობებში საკუთარ ფუნქციას კორექტულად ვეღარ შეასრულებენ _ ხშირად ჭეშმარიტ რეალობასა და ვირტუალურ რეალობას ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ (ოიდიპოსის კითხვა _ “ვინ ვარ და სად ვდგავარ?” კვლავ განსაკუთრებულ, საყოველთაო, გლობალურ მნიშვნელობას იძენს).ვირტუალური რეალობის ან მთლიანი შეცვლილი რეალობის რაობის საკითხი დიდ კამათს იწვევს _ რა არის ეს, რეალობის იმიტაცია თუ სხვა, ჯერჯერობით გაუგებარი არსის მოვლენა? როგორც ვირილიოს ამბობს, “დიდი განსხვავება ბოდრიარსა და ჩემს შორის აქ დევს: მე არ მჯერა სიმულაციონიზმის, მე მჯერა, რომ სამყარო კვლავ ძველმოდურია. ჩემი ხედვით, ახალი ტექნოლოგიები აქტუალურ რეალობას ვირტუალური რეალობით ანაცვლებენ და ეს უფრო მეტია, ვიდრე ფაზა: ეს გარკვეული ცვლილებაა. ჩვენ ისეთ სამყაროში შევდივართ, სადაც არა ერთი, არამედ ორი _ აქტუალური და ვირტუალური რეალობა უნდა იყოს…. ამრიგად, აქ არის არა სიმულაცია, არამედ ჩანაცვლება. რეალობა სიმეტრიული გახდა. რეალობის ორ ნაწილად დაყოფა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სიმულაციის მიღმა მიდის”(16).ჩვენ გვაქვს შეგრძნება რეალობისა, რომელიც დაჭერილი, დამაგრებული ფიზიკური გრძნობელობით არის. ვირტუალობის ჩანაცვლება, ვირილიოს აზრით,. სწორედ რეალობის ამ შეგრძნებაში ხდება. მაგალითად, მონაცემთა ხელთათმანით ჩვენ შეგვიძლია ვირტუალური ბოთლი ან ჭიქა გვეჭიროს. ეს არა ჭიქა ან ბოთლია თავისთავად, არამედ ბოთლის ან ჭიქის რეალობა იქნება.ვირტუალობის რეალობაში შემოჭრა-ჩანაცვლება, რეალობის ორად დაყოფა იმ სინამ-დვილის, უფრო სწორად, სინამდვილის შეგრძნების ან სამყაროში მოწესრიგების ავარიაა, რომელშიც ადრე უშფოთველი გარკვეულობით ვცხოვრობდით. მას შემდეგ რაც გვაქვს ორი რეალობა, როგორ შეგვიძლია ვთქვათ სად ვართ? ორი ცალკეული სამყაროს თანაარსებობა ნამდვილად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია, რადგან ადამიანის ყოფიერება რაღაც სახეობის სპექტრით ან აჩრდილით შეიძლება იყოს შეცვლილი(17).თანამედროვე კომუნიკაციური სისტემები მთელ მსოფლიოზე სრულად და შეუფერხებლად ბატონობენ. ადამიანებს, უნდათ თუ არ უნდათ ისეთ სამყაროში უწევთ ცხოვრება, სადაც მთელი სინამდვილე ორად არის დაყოფილი. სამყაროს მოწესრიგების ადექვატური მოდელის გარეშე გამრუდებული, დამახინჯებული აღქმა იგივე შეშლილობაა, რომელიც საყოველთაო მოვლენად შეიძლება იქცეს. დღეს სწორედ ამგვარ საშიშროებასთან გვაქვს საქმე, ვირტუალურ რეალობას აქეთკენ მივყავართ. სინამდვილე, სამყარო შეიცვალა და მისი ძველი მოდელით აღწერა ან მასში ძველი ხედვით “ჩაწერა” შეცდომაა…ვირტუალობა დღეს უკვე სუბიექტურიდან ობიექტურ რეალობაში გადმოვიდა ან, უფრო სწორად, ერთსა და მეორეს შორის ძნელია საზღვრის გავლება. ამიტომაც ტერმინოლოგიურ დონეზე მკვეთრი გამიჯვნაა საჭირო: აქტუალობის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის ობიექტური რეალობა, რომელიც ვირტუალობის შემოჭრამდის გვქონდა (რეალური რეალობა ან ნამდვილი სინამდვილე); ხოლო ვირტუალობის ქვეშ _ ელექტრომაგნიტური (საკომუნიკაციო, კიბერსივრცე და სხვ.) სინამდვილე. ამგვარად, ახალ მთლიანობაში ან ორად დაყოფილ რეალობაში ერთმანეთს აქტუალური და ვირტუალური რეალობა, ანუ აქტუალობა და ვირტუალობა უპირისპირდება(18).ორიენტირების შეუძლებლობა ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული ყველაზე თვალშისაცემი პრობლემაა. სინამდვილის ვერ-გამგები, ვერ-გამცნობიერებელი კაცი _ დეზ-ორიენტირებული კაცია. ზემოთ განხილული სტრუქტურირების სამი კანონის დარღვევაც ამის დადასტურებაა. პრობლემა ძალზედ რთულია, რადგან ახსნა იმისა, თუ რას ნიშნავს იყო დაკარგული რეალობაში შეუძლებელია. “ადვილია იცოდედაკარგული ხარ თუ არა საჰარის უდაბნოში, მაგრამ იყო დაკარგული რეალობაში! ეს სირთულეზე უფრო მეტია!”(19).ამერიკელებმა გამოიგონეს ხელსაწყო _ GPS (Global Positioning System) _ რომელიც თანამგზავრთან კავშირის მეშვეობით ობეიქტთა ადგილმდებარეობას გასაოცარი სიზუსტით ადგენს. ამ ხელსაწყოს საშუალებით ვირტუალურობაში მოხვედრილმა ადამიანმა ნამდვილი (ანუ აქტუალური) ადგილმდებარეობა შეუძლია გაარკვიოს. მაგრამ GPS დეზორიენტაციის პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს. ის საგნის, ადამიანის ჭეშმარიტ ადგილ-მდებარეობას განსაზღვრავს, მაგრამ თვით ორმაგი რეალობის, ვირტუალობის შესახებ ვერაფერს გვეუბნება _ მისი შეფასების კრიტერიუმი არ არსებობს.სუბიექტ-ობიექტურ ორმხრივ მიმართებაში მხოლოდ შემგრძნები სუბიექტის ადგილ-მდებარეობის ცალმხრივი დადგენა (ვთქვათ GPS ხელსაწყოთი) სამყაროს ერთიანი მოწესრი-გების შენარჩუნების საკმარისი პირობა არ არის. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მეორე, “ობიექტურ” მხარეს ჩვენ ახლა ისეთი ფენომენები გვაქვს, რომლებიც “უეჭველობის” სივრცე-დროით კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ერთიანობა-მოწესრიგების მოცემულ სივრცე-დროით მოდელს ეჭვქვეშ აყენებს.ბევრ თანამედროვე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ამგვარ პირობებში “…საკუთარი და სხვისი თავისუფლების კონტექსტიდან გაუსვლელად შესაძლებელია “ნამდვილი სურვილების” _ ეროტიული, გემოვნებითი, მუსიკალური, ესთეტური, სულიერი და სხვა _ “განხორციელება” იქნას მიღწეული”(20). ისინი თვლიან, რომ ვირტუალური რეალობის პოლიტიკა მცდარ (შერყვნილ) ღირებულებებს ემყარება და რომ უახლეს ტექნოლოგიურ ანსამბლებში “…სინთეტური მასალები “ვირტუალურ ნებად” არიან ტრანსფორმირებულნი… კიბერნეტიკურლი ტექნოლოგიები ფიზიკური კოლონიზაციის, ადამიანური მგრძნობელობის იმპერიალისტების აგენტები არიან, რომლებიც, მსგავსად ფრანკენშტეინისა, ჩვენი საკუთარი მდაბალი /ნედლი/ სურვილებით არიან შექმნილი…”(21).თანამედროვე ტექნოლოგიზირებულ ან ტელემატიკურ სამყაროში შეშფოთებისა და განგაშის მრავალი საბაბი მოიძებნება. მაგრამ ტექნოლოგიურ სიახლეებს საფუძვლად მეცნიერული, ანუ იმ სფეროს მიღწევები უდევს, რომელიც აქამდე, ხშირად, გონიერების თითქმის ერთადერთ გამოვლენად აღიქმებოდა. შეიძლება კი მეცნიერული თეორიები, კონცეფციები, რომელთაც ცხოვრებაში სავსებით ხელშესახები, პრაქტიკულ-გამოყენებითი შედეგები აქვთ, დეზორიენტაციის წყაროდ მივიჩნიოთ?ამერიკელი ფსიქოლოგის მასლოუს (Maslow) მიხედვით, შემოქმედების უნარი, კრეატულობა ადამიანის სულიერი ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი მახასიათებელია. მასლოუ და რიგი მკვლევარებისა მეცნიერული შემოქმედების გამოკვლევისას, რომელიც სერიოზული, ცნობილი მეცნიერებისგან შემდგარ საცდელ ჯგუფებზე ტარდებოდა, მოულოდნელ შედეგს იღებენ _ “…მეცნიერთა ჯგუფი კრეატულობის შეფასებით საშუალო სტატისტიკურისაგან არც ისე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა…”(22). ზოგი ფსიქოლოგი (მაგ., Anne Roe) კი, პარადოქსულ დასკვნამდის მიდის _ “…ბევრი კარგი მეცნიერი ისეთ თვისებებს ავლენს, რომელსაც ფსიქიატრები და ფსიქოთერაპევტები რიგიდულ პიროვნებას მიაწერენ…”(23) (რიგიდულობა, ჩვეულებრივ, შეზღუდულობას, საკუთარი არაცნობიერის შიშს გულისხმობს…).ამგვარ შედეგებს თავისი ახსნა ეძებნება. მეცნიერული სისტემა მოწესრიგებული ველია, სივრცეა ან “კოსმოსია”, რომელსაც შესაბამისი, ასევე მოწესრიგებული აღწერის არტიკულირებული ენა გააჩნია. მეცნიერთა უმეტესობა ეყრდნობა რა ასეთი ენის დადგენილ ლოგიკას, ყოველგვარი პირველადი ქრეატულობის გარეშე იღებს ისეთ შედეგებს, რომლებიც დიდ წინამორბედთა გააზრებით არის განპირობებული. ამასთან, ენა გააზრების აღწერა-გადმოცემის საშუალებაა და არა თვით აზროვნება. აზროვნების ამოუწურავი და ოლომდის ამოუცნობი კანონები ნის მიღმა დევს და ამიტომაც ენის ჩარჩოებში არც განვითარების პროცესი ეტევა. ამის გამო, ექსპლიკაცია-აღწერის მოწესრიგებული ველი, ანუ ენა, ყოველთვის დროებითი, აზროვნების, განვითარების მოცემული ეტაპის შესაბამისი მოვლენაა. დგება მომენტი, როდესაც ამავე ველში (აღწერის სისტემაში მიღებული შედეგები აღარ აღიწერება ჩვეული, მიღებული ან დადგენილი ენით.სწორედ შესაბამისი ენის უქონლობა იწვევს იმ შეშფოთებას და გაურკვევლობას, რომელიც კრიზისული პერიოდის ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. პასკალი “შეძრწუნებულია” იმით, რომ “ბუნება სფეროა, რომლის ცენტრიც ყველგანაა და შემოწერილობა არსად”, რადგან იმდროინდელ ენაში სივრცის ცნება-აბსტრაქცია ჯერ არ არსებობდა. ჩვენ დროში ვირილიომ იცის რა არის ხივრცე, იცის “რას ნიშნავს იყო დაკარგული საჰარის უდაბნოში”, მაგრამ შეშფოთებულია იმით, რომ სივრცის აბსტრაქცია ვერაფერს ეუბნება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო დაკარგული რეალობაში /ან ვირტუალობაში. ი. მ./”.თუ ზოგადი ცნება ახალ რეალობას ვეღარ აღწერს, მაშინ ენა იძულებულია ძველ, სანდო და ჩვეულ რეკვიზიტს, ერთეულ საგანთა გრძნობად ხატებს, ნიშნებს დაუბრუნდეს. ენის ჩვეულ საგნობრივ ნიშნებზე დაყრდნობით და მათი მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ ახალი, უჩვეულო, უცნობი მოვლენის პროფილი მოვხაზოთ. განყენებული, გონისათვის ძნელადსაწვდომ მოვლენებს განსაკუთრებული, მეტაფორულ-სიმბოლური არსებობის საშუალებას ვაძლევთ. ამ განსაუთრებული ფორმების სხეულებრიობისაგან (საგნობრიობისაგან) განთავისუფლება, ანუ აბსტრაგირება მხოლოდ შემდგომი, ძირეული გააზრების ეტაპზე ხდება.ზემოთ ნახსენები აბსტრაქცია-ტერმინი არტიკულაცია (არტიკულირებული ენა) გულისხმობს ისეთნაირად მორგებულ-მოწესრიგებულ ენას, რომლითაც არასაგნობრივი აზრების, იდეების, წარმოდგენების გამოთქმა ნათლად და მკაფიოდ შეიძლება. მაგრამ მისი ძირეული ლათინურ სიტყვას articulus-ს სრულიად გარკვეული საგნობრივი მნიშვნელობა აქვს _ სახსარი, კვანძი, მუხლი, სხეულის ნაწილი… ამრიგად, ამ სიტყვის პირველადი საგნობრივი მნიშვნელობა სიმბოლურ-მეტაფორულად მიგვანიშნებს იმას, რომ “ენობრივი სხეული” ისევე უნდა იყოს მოწყობილი, როგორც ორგანიზმი ან ორგანო _ მაგალითად, ხელი, რომლის თვითეული ნაწილი ისეა შეერთებული ან დასახსრული ერთმანეთთან, რომ ცალკეული მოძრაობა ორგანულ მთლიანობას არ არღვევს.აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გააზრებულ სისტემასა და მის შესაბამის ენაში აბსტრაქტული ცნება იგივე როლს ასრულებს, რასაც ორგანიზმში სახსარი (მუხლი, კვანძი…). სწორედ იმის გამო, რომ, მაგალითად, ფერის აბსტრაქტული ცნება არსებობს წითელი კონკრეტული ვარდის ფურცლის ზედაპირის თვისებაც შეიძლება იყოს, რეგულარულ ოპოზიციაში მწვანესა და ყვითელთან აკრძალვას ნიშნავდეს და რელიგიურ-მისტიკურ კონტექსტში ძე ღმერთის სიმბოლოს წარმოადგენდეს (ენობრივი ნიშნის შიდა და გარე სტრუქტურალისტური მიმართებანი).მაგრამ, წითელია კი ის ვირტუალური ვარდი, რომელსაც ჩვენი თვალი კიბერსივრცეში წითლად აღიქვავს? უცნაური კითხვაა, თუმცა არა აზრს მოკლებული, რადგან იქამდის სანამ დავსვავთ კითხვას, რა ფერისაა, მართებულია გაირკვეს _ რა არის, რას წარმოადგენს ვირტუალური ვარდი?ზემოთ უკვე ითქვა და ალბათ, მაინც საჭიროა გამეორება-დაზუსტება; ადამიანისათვის განვითარების საწყის ეტაპზე გარე, ფიზიკურ სამყაროსთან მიმართებას გადამწყვეტი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც პირველი გააზრება-მოწესრიგება გრძნობადი აღქმის მეშვეობით ფიქსირებულ ფიზიკურ საგნებს, სხეულებს მოიცავდა და შესაბამისი ენაც საგნობრივი გახლდათ. შემდგომ ეტაპზე, როდესაც საჭირო გახდა ფსიქიურის ან სულიერის, შიდა რეალობის გააზრება-გარკვევა საგნობრივი მიმართება იდეალურ ობიექტებზე მეტაფორულად იქნა გადატანილი.ფიზიკური საგნობრიობისაგან სუბსტანციურად განსხვავებული გონითი ობიექტები ან “გონითი საგნები” (res cogitas) სულის შემცველობაში მოიაზრებიან. მაგრამ ადამიანის სული სხეულისაგან განუყოფელია. შესაბამისად, სულიერის გამოვლენაც მხოლოდ მისი, იმ სხეულის საშუალებით უნდა ხდებოდეს, რომელიც სხვა სხეულებთან გარკვეულ ორიენტირება-მიმართებაშია. ამ ორი (სხეული-სული) განსხვავებულობა-განუყოფლობის მორგება ან მოაზრება შესაძლებელი ხდება იმ “სუბიექტური და გარეთ მიმართული წარმოდგენით” (კანტი) ან “ძირეული ინტუიციით” (ბერგსონი) ან “გადამრთველ-გადმომრთველი ოპერატორით” (მამარდაშვილი), რომელსაც სივცე-დრო ეწოდება. ანუ სივრცე-დროითი წარმოდგენა ის ძირეული აბსტრაქციაა, რომელიც შიდა და გარე რეალობებს შორის მიმერთებას აწესრიგებს. ყველა სხვა აბსტრაქციაც მხოლოდ ამ ორი, შიდა და გარე, რეალობის ქვეოპერატორია და უფლებამოსილი ამ ორ რეალობაშივეა.ვირტუალური რეალობა კი არც შიდა და არც გარე რეალობას არ ეკუთვნის. და აქ, ალბათ, კიდევ ერთი დაზუსტებაა საჭირო; ზემოთ ლაპარალი იყო იმაზე, რომ ტერმინი “ვირტუალობა” ანტიკურობიდან მოდის _ შესაძლებელი, ის რაც შეიძლება ან გარკვეულ პირობებში უნდა გამოვლინდეს. წარმოსახვის, ანუ ადამინის შიდა რეალობის ხდომილებანიც შესაძლებლის სფეროს განეკუთვნება და ამიტომაც, ხშირად, მათ ვირტუალურ ობიექტებს უწოდებენ. ახალ, დღევანდელ სინამდვილეში ლაპარაკია არა ვირტუალობაზე ძველი გაგებით (ე. ი. სუფთა გონით მოვლენებზე), არამედ ვირტუალურ რეალობაზე, რომელიც ისევე ზემოქმედებს ადამიანის მგრძნობელობაზე, როგორც ობიექტური, გარე რეალობა, მაგრამ ფიზიკურ-სხეულებრივი არ არის და ამიტომაც გარე რეალობას არ ეკუთვნის. ამავე დროს, ამავე მიზეზით, ეს მოვლენა არც შიდა რეალობას განეკუთვნება, რადგან წარმოსახვით, იდეალურ ობიექტებს, განსაზღვრებით, სენსორული ზემოქმედების უნარი არ აქვთ.ამ შენიშვნების გათვალისწინებით შეიძლება გაეცეს პასუხი ზემოთ დასმულ კითხვას _ წითელი “კიბერვარდი” (ვირტუალური ვარდი) წითელი ფერის არ არის. ფერის აბსტრაქცია უფლებამოსილი ორი მიმართებით არის _ ფიზიკურ სამყაროში ბუნებრივი სინათლის სხეულთა ზედაპირიდან უშუალო ანარეკლის ან სითბური გამოსხივების შეფასებისას, პირველი და მეორე, სხივის თვალზე ზემოქმედების მენტალური ხატის წარმოდგენისას. ვირტუალური ვარდის “სიწითლე” არც მენტალური ხატია _ იგი უშუალოდ ზემოქმედებს თვალზე და არც ბუნებრივ-ოპტიკური მოვლენაა. კიბერსივრცეში “სიწითლის” შეგრძნებას ხელოვნური ელექტრომაგნიტური ტალღის გამოსხივება იწვევს(24).იმის მტკიცება, რომ ვირტუალური ვარდი, რომელსაც წითლად აღვიქვავთ, არ არის წითელი ფერის, არც ისე უცნაური და გაუგონარია. არანაკლებ უცნაურად ჟღერს, ვთქვათ, მტკიცება _ მზე აბსოლუტურად შავი სხეულია! ზედაპირი ან სხეული, რომელიც დაცემულ სხივს საერთოდ არ ირეკლავს, განსაზღვრებით, აბსოლუტურად შავია _ მზე ასეთი სხეულია (“შავი მზის” პოეტური ინტუიცია, როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოა). განსხვავებით “კიბერვარდისაგან” (ვირტუალური ვარდისაგან), “შავი მზე” სრულიად “კანონიერადშობილი” მოვლენაა. შავი ფერის აბსტრაქციის მზეზე “მოდება” რაღაც მენტალური წარმონაქმნის (წარმოდგენის, კონცეპტის) ჭერის საშუალებას, სიმბოლოს გვაძლევს, რომელიც დადგენილ სუბსტანციურ საზღვრებს არ არღვევს.მაგრამ ჩვენს სამყაროში არსებობს მოვლენები, რომლებიც აღნიშნულ საზღვრებში ან ჩარჩოებში არ ჯდებიან, ასეთებია: ჰალიუცინაცია (ხილვა) და მირაჟი. ამასთან ორივე, ისევე, როგორც ვირტუალური რეალობა, ადამიანის მგრძნობელობის დონეზე მოიცემა. ჰალიუცი-ნაცია ფსიქიური ანომალიაა, შიდა რეალობიდან გარე რეალობაზე პროეცირებული ფიქცია ან სუბსტანციური განსხვავებულობის აღრევაა და ამიტომაც სინამდვილის, ე. ი. შიდა-გარე რეალობის, სფეროდან განდევნილ-ამორიცხულ მოვლენას წარმოადგენს. მირაჟიც ასევე ანომალიაა, ოღონდ ოპტიკური _ სივრცის ლოკალური არაერთგვაროვნების (ჰაერის ფენების განსხვავებული სიმკვრივის) გამო წარმოქმნილი და ამიტომაც, ნორმალური სივრცე-დროითი სტრუქტურიდან ასევე “ამოვარდნილი”.ვირტუალური რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური გრძნობადი ზემოქმედების უნარით ხასიათდება, ჰალიუცინაციისა და მირაჟისაგან სრულიად განსხვავე-ბული, მათგან განყენებული მოვლენაა. ჰალიუცინაციაც და მირაჟიც ეფემერულია, ვირტუა-ლობა _ კვლავწარმოებადი, ანუ მუდმივად რეპროდუცირებადი.ჯულიან სკეფის (Julian H. Scaff) ესსე მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებთა ციფრული (ან იგივე კომპიუტერული, ვირტუალური) რეპროდუცირებისა და აუტენტურობის პრობლემას ეხება (ვალტერ ბენიამინის მექანიკური რეპროდუცირების ცნობილი თეორიის თანამედროვე პირობების შესაბამისი გადააზრება), მაგრამ ავტორის დაკვირვებანი შეიძლება მთელ ვირტუალურ პროდუქციაზეც განივრცოს.“ხელოვნების ნაწარმოები კომპიუტერში ასჯერ ან მილიონჯერ შეიძლება იყოს გამეორებული, ისე, რომ თვითეული ასლი სრულყოფილად იდენტური დარჩეს. გლობალური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაპირობებს იმას, რომ ხელოვნების ციფრული ნაწარმოები გადაცემული და ნაჩვენები მილიონობით ადამიანისათვის სკოლებში, ოფისებსა და სახლებში უთვალავ განსხვავებულ პირობებსა და დღის ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს. არა მხოლოდ აუტენტურობა ხდება ამგვარ პირობებში უაზრო, გაურკვეველი, არამედ სივრცეც და დროც, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ განუსაზღვრელი (მოუხელთებელი) მეტაფორა გვრჩება, ისეთი, როგორიცაა _ “კიბერსივრცე”. ხელოვნების ნაწარმოებთა ციფრული რეპროდუცირებისას რაიმე “ორიგინალი” სადღაც სამყაროში შეიძლება კვლავ არსებობდეს, … მაგრამ ხელოვნების ციფრული ფორმა საკუთარ ცხოვრებას იღებს”(25).მართლაც, სად არის, სად იმყოფება ვირტუალური ვარდი? იქ სადაც მოხდა მისი კონსტრუირება? მონიტორის ეკრანზე, სადაც ხდება მისი უსასრულო კვლავწარმოება (რეპროდუცირება)? თუ ელექტრომაგნიტურ ტალღაში, ეთერში? _ ყველგან და არსად. მაგ-რამ რას ნიშნავს ყველგან და არსად?! რა დავარქვათ ამას (სათანადო ენა არ გაგვაჩნია), სივრცის და დროის რომელ მონაკვეთს მივაკუთნოთ?!ასე, რომ მოვლენას, რომელიც “სანდოობის” სივრცე-დროით კრიტერიუმში არ ჯდება რეალურობა ჩვენ მხოლოდ გადატანით, სიმბოლურად შეიძლება მივანიჭოთ. ასევე გადატანითი გაგებით არის “კიბერვარდი” წითელი და ასე იქნება იქამდის, ვიდრე ჩვენს მიმართებას ახალ რეალობასთან არ “დავსახსრავთ”, არ მოვაწესრიგებთ. ამისათვის კი საჭიროა ადამიანმა გონით მოიცვას ის წინააღმდეგობანი და ეჭვები, რომელიც ახალი რეალობის შემოსვლას ახლავს, ისინი საკუთარ “მე”-სთან მიმართებაში გააცნობიეროს, ანუ რეფლექსია მოახდინოს. იქამდის, სანამ ეს არ მომხდარა ჩვენ იძულებული ვიქნებით მათზე წინა-რეფლექსიური, გადატანით-სიმბოლური ცოდნის ფორმით ვიმსჯელოთ. მაგრამ ასეთი რამ უკვე იყო, მსგავსი ეტაპი ადამიანს გავლილი აქვს…“… ცნობიერების და ყოფიერების ისეთი აუცილებელი კატეგორია, რომელიც მოცემულია, როგორც საგნობრივ-ცოცხალი რეალობა, … სადაც იზოლირებულ-აბსტრაქტული საგნობრიობიდან გამოცალკევებული სიცოცხლე სიმბოლურად წინარეფლექსიულ, ინტუიცი-ურად გაგებულ ჭკუად-ენერგიულ სახედ არის განხორციელებული”(26). ეს მითის ან მითოსული ცნობიერების ლოსევისეული განსაზღვრებაა და იგი ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას კარგად ესადაგება.უფრო სწორად, ესადაგება არა იმ გაგებით, რომ ჩვენ ძველს ვუბრუნდებით ან ახალ მითთა შეთხზვას ვიწყებთ, არამედ იმით, რომ შესაფერისი ზუსტი ენის არქონის გამო იძულებული ვართ მითის უნივერსალურ ყოვლისმომცველობას მივმართოთ. მითი წინარეფლექსიური ან რეფლექსიამდელი სიმბოლური ცოდნაა. აბსტრაქტული გარკვეულობა-სიმკვეთრისაგან განსხვავებით ცოცხალ-ინტუიციური ცოდნის ინტენცია დაუნაწევრებელი, განუყოფელია. ამიტომაც, ცოდნა, რომელიც მითში დევს გაშიფრული ან წაკითხული შეიძლება სხვადასხვა დონეზე იყოს. ამასთან, წაკითხვის მიმართების (ხედვის კუთხის) არჩევანი “… დამოკიდებულია იმ კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელშიც სუბიექტი იმყოფება”(27).უმარტივეს დონეზე მითი შეიძლება მიღებულ-წაკითხული იქნას, როგორც სასეირო, უმდაბლესი გრძნობადი ინტერესის აღმძვრელი ამბავი, ანეკდოტი, მოხეტიალე სიუჟეტი…, ანუ მენტალობის იმ დონის შესაბამისად, რაზეც ჩესტერტონი, მითთან დაკავშირებით წერს: “… ველური სამყაროს წყობაზე არ მსჯელობს. იგი სრულიად სხვა საქმით არის დაკავებული, მე ვიტყოდი, რომ იგი ჭორაობს ღმერთებზე”(28).მაგრამ, როგორც ითქვა, მითი სიმბოლური, არაერთმნიშვნელოვანი ცოდნაა, რომლის წაკითხვა ჩვენს სურვილსა და პოზიციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, უძველესი მითი ნარცისის შესახებ შეიძლება წაკითხული იქნას, როგორც ამბავი ჭაბუკისა, რომელმაც უარყო ნიმფა ექოს სიყვარული, რისთვისაც განუხორციელებელი, “ბრმა” ვნებით დაისაჯა _ საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა. ნარცისის მითის ეს სიუჟეტურ-დრამატული მარტივი დონე სხვადასხვა ვარიაციებით ხელოვნების ნაწარმოებებში საუკუნეების განმავლობაში მეორდება.თუ უფრო ღრმად შევალთ, სიბრძნეს უმარტივესი დონის მიღმაც აღმოვაჩენთ _ “განუხორციელებელი, ბრმა ვნების” გაშიფვრისას აღმოჩნდება, რომ ეს ის “შეუძლებელი სიყვარულია”, რომელსაც არავითარი საფუძველი, არავითარი აღსრულების პირობა არ აქვს, მაგრამ მაინც ხდება. “შეუძლებელი სიყვარულის” ველში სულიერ მისწრაფებათა, სურვილთა, ვნებათა გავლა-შეხვედრა შეუძლებელია _ ისინი ურთიერთ, ორმხრივ ძირეული არათანხვედრილობის ან უადგილობისა და უდროობის გამო ერთმანეთს აწყდებიან, ეჯახებიან, რაც საბოლოოდ კატასტროფით მთავრდება.მითის კიდევ ერთი მარტივი და სიმარტივის გამო ასევე ადვილად დემისტიფიცირებადი დონე არსებობს. რადგან მითში ცოდნა-გამოცდილებაა ჩადებული, მისი პრაგმატული ან პრაქტიკულ-გამოყენებითი ხედვის კუთხით წაკითხვაც არის შესაძლებელი. აი რას წერს ორტეგა: “ველურისათვის სარკეზე უფრო უკეთესი საჩუქარი არ არსებობდა, რადგან ჯადოსნური სარკე მისთვის ვიღაც ადამიანის იერს ავლენდა, რომელშიც ის საკუთარ თავს ვერ სცნობდა… მხოლოდ აქედან გამომდინარე შეიძლება სწორი გაგება ნარცისის მითისა, რომლის საფუძველში არა ყმაწვილი კაცის წყაროს წყლებში არეკლილი საკუთარი სილამაზით მოჯადოება, არამედ სხვა ადამიანის დანახვით გამოწვეული შეცბუნებაა…”(29). ტექსტი, რომლიდანაც ამოღებულია ეს ციტატა მხოლოდ სოციალურ ურთიერთობათა უმარტივესი დონის, ადამიანის “სხვასთან” შეხვედრის კვლევას ეხება. ორტეგა კრიტიკულად უდგება ჰუსერლის გამონათქვამს: “თავისი ძირითადი მნიშვნელობით “სხვა” ჩემს შესუსტებულ ანარეკლს წარმოადგენს და ამავდროულად, ეს ანარეკლი არ არის, ის _ ჩემი ანალოგია…”(30).“მე”-სა (ego-სა) და “სხვა მე”-ს (alter ego-ს) შორის საერთოს, ანალოგიურ რგოლს მხოლოდ სხეული შეიძლება წარმოადგენდეს. მაგრამ ჩემი სხეული ყოველთვის “შიგნიდან” არის მოცემული, მაშინ, როდესაც სხვისი _ გარეგანი, ჩემგან გარეთ არსებულია. ამიტომაც, მხოლოდ ამ ანალოგიაზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ “სხვა” წარმოადგენს alter ego-ს ისეთივე შეცდომაა, როგორც სარკული გამოსახულების არეკვლის ობიექტთან გაიგივება.გამოსახულების, ანარეკლის ან სარკის მინიშნება ნარცისის მითში მართლაც არის. ოვიდიუსის “მეტამორფოზებში” შემდეგი სტრიქონები გვხდება:მოკამკამებდა ნაკადული ვერცხლისფერტალღა,არ ეხებოდნენ მას მწყემსები, არც ჯოგი რამე,არც თხა, საძოვრად გამოსული და არც ფრთოსანი,არა ნადირი არ ამღვრევდა, არც ტოტი ხისა.(31)ხელშეუხებელი და აუმღვრეველი ნაკადულის ზედაპირი, რა თქმა უნდა, სარკულია ან სარკეა. ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ მაინც დასაშვებია ის, რომ ნარცისის მითის შექმნის პერიოდში ბერძნები სარკეს არ იცნობდნენ(32). რომის მოქალაქისათვის ვერცხლის სარკე სრულიად ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოხმარების საგანია. შესაძლებელია, თვით ოვიდიუსი მინის სარკის შემოსვლასაც მოესწრო (მინის სარკე რომში ცნობილი ჩვ. წ. ა.-ის I საუკუნიდანაა). სხვაგან, პერსევსის მითში, ოვიდიუსი სარკულ ანარეკლს პირდაპირ ასახელებს:თავად სპილენძის ფარი ეპყრა მარცხენა ხელში,მედუზას სახეს, იქ არეკლილს უკვირდებოდა.(33)ნარცისის მითში კი, ოვიდიუსი ამბავს მითოსური ცნობიერების შესაბამისად გადმოგვცემს. პერსევსის მითში სარკე (გაპრიალებული ფარი) უბრალო იარაღია, ნარცისთან _ “პერსონაჟი”. ერთგან ის იზოლირებულ-აბსტრაქტული უსიცოცხლო საგანია, ხოლო მეორეგან _ კამკამა წყლის ხატის საგნობრივ ცოცხალი რეალობა.მოყოლა-კომენტირება (ან ინტერპრეტაცია), ე. ი. ისეთ პოზიციაზე დგომა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საბრალო ჭაბუკი თავის ანარეკლს უყურებს, მან კი არა, მითს ამსხვრევს. ასეთ შემთხვევაში მითი ან უბრალო ამბად, კურიოზულ შემთხვევად (ანეკდოტად) ან, იმავე კონტექსტში განზოგადებისას, ადამიანური სიბრიყვის იგავურ გამოთქმად (“მაიმუნი და სარკე”-ს მსგავს ალეგორიად) გადაიქცევა. მითი უნივერსალურ-სიმბოლური ცოდნაა, რომელიც ზედაპირულ დონეზე კურიოზულ და ალეგორიულ კონტექსტს შეიძლება მოიცავდეს კიდევაც, მაგრამ უნივერსალურობა და სიმბოლურობა ადამიანური ყოფიერების ძირეული პრობლემების გაცილებით ღრმად წვდომას გულისხმობს.ძირეულ პრობლემათა სფერო კი იმიტომაა ძირეული, რომ ყოველთვის იდუმალი გაურკვევლობის საბურველშია გახვეული _ ადამიანს სიკვდილ-სიცოცხლის, საკუთარი დანიშნულებისა და ადგილის ცოდნა არ ეძლევა. საბურველს მიღმა შეღწევის მისტიური პროცესი მხოლოს წარმოსახვითი აქტივობით არის შესაძლებელი. იმ აქტივობით, ანუ ფან-ტაზიით, რომლის ძლევამოსილება, როგორც ნიცშე აღნიშნავს, მსგავსებისა და თანაარსებობის მყისიერ მოხელთებაშია. მსგავსების მინიმალურ დონეზე, ორწევრში ერთი მხარე მაინც უნდა იყოს გარკვეულად მოცემული. ობიექტურ სამყაროსთან მიმართება და შესაბამისი საგნობრივი ენა ის “ძირეული რეკვიზიტია”, რომელიც ადამიანს მარადიულ, ძირეულ პრობლემებთან ჭიდილში გარკვეულობის საყრდენს აძლევს. ამიტომაც ჩვენ იძულებული ვართ მიუწვდომელის თანაარსებობას ყოველთვის იმ ენით მივწვდეთ, რომელიც გვაქვს. მეორე მხრივ, თუ რაღაც ცოდნა მიღწეულია (დაჭერილია), მაშინ იგი, იმავე მიზეზით, რომ სხვა ენა არ გაგვაჩნია, სხვადასხვა ტექსტებში ერთნაირად, ანალოგიურად ან საცნაურად მაინც უნდა გადმოიცემოდეს.ოვოდიუსი, როგორც ითქვა, მითის “სულს”, მითოსური ცნობიერებას მიჰყვება. სარკულ ზედაპირს ნარცისის მითში “ცოცხალი” ნაკადულის ხატით გადმოგვცემს, სარკულ ანარეკლს (გამოსახულებას) კი _ “მსგავსებისა და თანაარსებობის” შესაბამისად _ ჩრდილით.ჩრდილს უსხეულოს, არსხეულქმნილ ოცნებას ეტრფის(34)ჩრდილი ან აჩრდილი ადამიანის “პირველად” გამოცდილებაში, საგნობრივ ენაში ალბათ, ერთადერთი უსხეულო კონკრეტული საგანია(35). ოვიდიუსიდან ორი ათასი წლის შემდეგ პოლ ვირილიო სხვა, უცნობ, ჯერ აღუწერელ რეალობასთან “შეჯახების” შთა-ბეჭდილებას ასე გადმოგვცემს: “ეს დრამა, ეს ადამიანური ყოფიერების გახლეჩა არის! ყოფიე-რება ახლა რაღაც სახეობის სპექტრით ან აჩრდილით შეიძლება იყოს. შეცვლილი”(36). ისევ აჩრდილი! როგორც ჩანს, პირველადი საგნობრივი ენა მართლაც უკვდავია(37).ნიცშეს ასეთი გამონათქვამი აქვს: “ციებ-ცხელებით შეპყრობილნი აჩრდილებს ხედავენ, ისინი კი, ვისაც ნორმალური ტემპერატურა აქვთ _ მხოლოდ საგანთა ჩრდილებს; ამასთან, ორივენი ერთიდაიგივე სიტყვებს საჭიროებენ”(38). და აქ თითქოს დიდი გაურკვევლობის სათავეა _ ერთიდაიგივე ან მსგავს სიტყვებს მიღმა სხვადასვა რეალობა შეიძლება იდოს. მაგრამ ანალოგია სწორედ ამაშია _ ჩვენ, გინდ ჯანმრთელნი და გინდ დაავადებით ან გრძნობით შეპყრობილნი, გინდ ძილში და გინდ ღვიძილში სინამდვილეს ან ჭეშმარიტ რეალობას ერთანაირად ვერ ვხედავთ!(39) ერთიდაიგივე სიტყვებს უკან არა ერთიდაიგივე მოვლენა ან რეალობა, არამედ სწორედ ადამიანის ძირეული, გაურკვევლობის პრობლემა დევს.ჩვენი დანარჩენ სამყაროსთან დამაკავშირებელი კვანძის, სხეულის, შეგრძნების ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჭეშმარიტი მიმართების, საკუთარი ადგილის დანახვის საკმარისი პირობა არ არის. ხშირად, ამ გზით მიღებული ინფორმაცია იმდენად რთულია, არაცალსახაა, რომ გვიჭირს “ამა სოფლის მონაჩმახის” ხლართში ან ლაბირინთში გამოსავალის “არიადნეს ძაფის” გამორჩევა. ნარცისის მითშიც არაცალსახა პრობლემაა გადმოცემული. საგნობრივ ცოცხალი კამკამა წყაროს ხატის გარდა აქ მეორე, უკვე ნამდვილი პერსონაჟიც არის _ ნიმფა ექო, რომელიც:მაინც შეწუხდა და რაგზისაც წამოსცდებოდა ბედშავს,“ვაი!” იმდენგზის იმეორებს “ვაი!”-ს პასუხად(40).თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ნარცისი ორმაგი, აუდიო-ვიზუალურ ილუზიაშია (სარკული ანარეკლი და ხმოვანი ანარეკლი). ან მითიდან თუ ისევთანამედროვეობას გადმოვწვდებით, შეიძლება ითქვას, რომ საბრალო ჭაბუკი (ნარცისი) რეალობის აღრევით, ანუ “ვირტუალობით” დაზარალებული პირველი ადამიანია…ამგვარი გადაძახილი მითოსსა და დღევანდელობას შორის სრულიად მართებულია, რადგან, როგორც ითქვა, ანალოგია არა მოვლენათა იდენტურობაშია, არამედ იმ მდგომარეობაშია, რომელშიც ადამიანი “ვარდება”. ან ჩესტერტონის სიტყვებით: “მითში არის ჭეშმარიტების ჩრდილი და … ჩვენ ვერაფერს გავიგებთ, თუ არ დავინახეთ, რომ მითისათვის ჩვენც ჩრდილის მადევარი ჩრდილები ვართ”129.ადამიანური მდგომარეობის სირთულე კი, ოიდიპოსის პრობლემად სახელდებული, ძირეული საკითხიდან მოდის (“ცოლი მგონია და დედაა ჩემი… მტერი მგონია და მამაა ჩემი…”). ე. ი. ნარცისის მითი კვლავ ადამიანის ძირეული საკითხის ან კითხვის _ ვინ ვარ მე და რა ადვილი მიკავია სამყაროში? _ ირგვლივ ტრიალებს.ნარცისის მითის უნივერსალურობისა და უკვდავების მიზეზი სწორედ ამაშია. კონკრეტული ცოდნა-გამოცდილების, მაგალითად, სარკულ ანარეკლთან “შეხვედრის”, სხვებისთვის გადაცემა ძალზედ ადვილია, გარე, შინაგანისაგან უცხო სამყაროსთან “შეჯახებისა” კი _ ძალზედ ძნელი და შეუძლებელიც. ყოველ თაობას, ყოველ ინდივიდს თავიდან, საკუთარი ცოცხალი განცდის ხარჯზე უხდება ამ “შეჯახება-შეყრის” მნიშვნელობის დადგენა. მითში ამ ჭეშმარიტების ჩრდილია და ამიტომაც ნარცისის სიმბოლო მთელ საკაცობრიო კულტურას გამჭოლავს.ასი წლის წინათ ბერგსონი წერდა: “ფსიქოლოგებმა, რომლებიც სწავლობენ ბავშვობას იციან, რომ ჩვენი წარმოდგენა თავდაპირველად უპიროვნოა. მხოლოდ თანდათანობით, ინდუქციის წყალობით, იგი ჩვენს სხეულს ცენტრად მიიჩნევს და ჩვენს წარმოდგენად იქცევა. ამ პროცესის მექანიზმის გაგება ადვილია. … თავდაპირველად მოცემულია ხატთა ერთობლიობა; ამ ერთობლიობაში “ქმედებათა ცენტრები” არის, რომლებშიც ჩვენთვის საინტერესო ხატები რაღაცნაირად აირეკლებიან; ასე იბადება აღქმა და მზადდება ქმედება. ჩემი სხეული _ ეს არის ის რაც ამ აღქმის ცენტრში ჩნდება; ჩემი პიროვნება _ არსება, რომელსაც უნდა შეეფარდოს ეს ქმედებანი”(37).მაგრამ “ცენტრირებას”, რომელიც ადრეულ ასაკში ყალიბდება _ სუბიექტის რწმენას, რომ სხვა ადამიანების ფსიქოლოგიური წყობა საკუთარის იგივურია, რომ არ არსებობს სხვისი განსხვავებული ხედვა _ ფსიქოლოგები ეგოცენტრიზმს უწოდებენ. ამ მდგმარეობის თანმიმდევრულ გადალახვას (12-14 წლის ასაკში) კი _ დეცენტრაციას.ბერგსონის ზემოთ მოყვანილ ციტატაში ეგოცენტრიზმი სულაც არ იგულისხმება, პირიქით, ცენტრირების ქვეშ იგი ადრეულ ასაკის გაურკვევლობიდან პიროვნული “მე”-ს გამოცალკევება-ჩამოყალიბების პროცესზე საუბრობს. საქმე არც ტერმინოლოგიურ აღრევასთან გვაქვს _ ეგოცენტრიზმის მიმდევრები ცენტრირებას, ე. ი. მოწესრიგებას, უშვებებ იქ, სადაც გაუკვევლობაა.ჟილ დელეზს ასეთი შეხედულება მოჰყავს: “ბავშვის ეგოცენტრიზმზე ლაპარაკი არასერიოზულია. ბავშვი, რომელიც მიბაძვით იწყებს წიგნით მანიპულირებას, მაშინ, როდესაც არ იცის კითხვა, არასდროს არ ცდება _ იგი მას ყოველთვის უკუღმა ატრიალებს, თითქოს სხვას უწოდებდეს. ამავე დროს, ამ “უკუღმას”, როგორც თავის ვნების ვირტუალურ შემკრებს მოიცავს… ბევრი სხვადასხვა მოვლენა, როგორიცაა, ცაციაობა, სარკული წერა … ქცევის ზოგიერთი სტერეოტიპი ბავშვური სამყაროს ორმაგი ცენტრებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ახსნილი… ვირტუალური ცენტრების ჭვრეტაში ჩაღრმავებული სუბიექტი ნარცისული ხატებით ივსება. … ამიტომაც, ანრი მალდინეის, … აქვს საფუძველი იმის თქმისა, რომ ბავშვობის სამყარო ცირკულარული /წრიული/ ან ეგოცენტრული სრულებითაც არ არის. ის, არსებითად განსხვავებული ორმაგი ცენტრით ელიფსურია”(38).რას გვეუბნება ნარცისის მითი? _ არა მხოლოდ იმას, რომ ნარცისს ყურადღება საკუთარ თავზე აქვს გამახვილებული (ან ცენტრირებულია საკუთარ თავზე), ეს ზედაპირული დონეა, არამედ სიმბოლური სიღრმიდან იმას, რომ ნარცისი ორ “რეალობას”, ორ ცენტრს შორის მოექცა და გამოსავალი ვერ იპოვა. ზემოთ მოყვანილი ციტატებიც იგივეს გვიდას-ტურებს, ადამიანის სულის ჩამოყალიბება, ბავშვობიდან სიმწიფეში გადასვლა ასეთი გზით, ვირტუალური, ნარცისული ცენტრების (ანარეკლების) მოსპობითა და ჭეშმარიტი “მე”-ს (ცენტრის) პოვნით ხდება. თურმე ძველების ფსიქოლოგიური გამოცდილება, მიუხედავად გადმოცემის თითქოს გულუბრყვილო (მითოსური) ფორმისა, ზუსტი ყოფილა…თუ ცენტრის სიმბოლოს გამოვიყენებთ (ცენტრი კი სიმბოლოა, რადგან არავინ იცის სად არის, სად დევს იგი) და დღევანდელ რეალობაზე განვავრცობთ, აღმოჩნდება, რომ პრობლემა ორცენტრიანი, ბიცენტრალური კი არ არის, არამედ ტრიცენტრალურია. საქმე ის არის, რომ პრობლემას, რომელსაც აქამდის მუდმივად აწყდებოდა ადამიანი ორ, შიდა და გარე რეალობებს შორის მიმართება წარმოშობდა. ამ ორ რეალობას შორის ღრეჩოში წარმოქმნილი ეფემერული აჩრდილების, ანარეკლების მოსპობა სწორი ხედვის კუთხის ან იმ “ადგილის”, ცენტრის პოვნას საჭიროებდა, საიდანაც ერთიანი, შიდა და გარე რეალობის მომცველი სინამდვილის დანახვა შეიძლებოდა.ბერძნებმა გარეგანისგან განსხვავებული შიდა რეალობა სხეულში “ჩადეს”, სხეულს “მიამაგრეს” და ამ გზით მოახერხეს დანარჩენ საგანთა კოსმიურ წესრიგში მისი ჩაწერა. ახალმა ევროპამ ორი თანაბარუფლებიანი შიდა და გარე რეალობის სუბსტანციათა მორგება-მოწესრიგება სივრცე-დროით კონტინუუმში შესძლო.დღევანდელ სინამდვილეში შემოსული ახალი, არაეფემერული, სტაბილური მოვლენა (აჩრდილი), ვირტუალური რეალობა სივრცე-დროითი მოდელის ხედვით ძველ ორპოლუსურ რეალობას ვერ ეთანადება. პრობლემას, სირთულეს, ამ შემთხვევაში, არა განცალკევებული, მხოლოდ ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, არამედ მთლიანი, ერთიანი მოწესრიგების რღვევა ქმნის. ვირტუალური რეალობა სინამდვილეში ჩანაცვლებული, “ჩასახლებული” მოვლენაა და ვიდრე ჩვენ ამ სინამდვილეში, მის შიგნით ვიმყოფებით სწორ მიმართებას სამყაროსთან ვერ დავადგენთ. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ჩვენ კვლავ იმ “ბრტყელი ადამიანების” მდგომარეობაში ვართ, რომლებიც თავიანთ ბრტყელ სამყაროში მხოლოდ საგნების, მოვლენების ბრტყელ პროექციებს (ანარეკლებს) ხედავენ. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი მდგომარეობა დავინახოთ ჩვეული “ბრტყელი სამყაროდან” გასვლაა საჭიროა.ადამიანს სინამდვილეზე ამაღლების ან მისგან გასვლის ერთადერთი მექანიზმი აქვს _ წარმოსახვა, ფანტაზია. იგივეობისა და თანაარსებობის პრინციპის დაშვებით მოუხელთებელი, გაურკვეველი მოვლენის სიმბოლური, თუნდაც დროებითი მიწვდომა-დაჭერაა შესაძლებელი (საგნობრივი ენის მნიშვნელობათა უცნობ ობიექტებზე მეტაფორული გადატანა). ერთიანი, არტიკულირებული სისტემის ჩამოყალიბება და ფორმალური აღწერა მხოლოდ ამის შემდგომ გახდება შესაძლებელი.შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ვირტუალურ რეალობას სუბსტანციური დამოუკიდებლობა მიენიჭება. ასეთ შემთხვევაში დეკარტეს გონით და განფენად საგნებს (res cogitas, res extensa-ს) ალბათ მესამე _ ვირტუალური საგანი (res virtualis) დაემატება. შესაბამისად, სამპოლარული რეალობის ცენტრირება ან ერთიანი ხედვის წერტილის პოვნა, ანუ გეომეტრია არა მეორე რიგის სიმეტრიულ ფორმას _ სხივს, არამედ მესამე ან უფრო მაღალი რიგის სიმეტრიულ წარმონაქმნს დაეფუძნება. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან ვიდრე ეს მოხდება ადამიანმა საკუთარ თავში, საკუთარ ცნობიერებაში უნდა იპოვოს ის “ადგილი”, საიდანაც ახალ სამყაროს “მიმოიხილავს”.სამყაროს ახალევროპულ მოდელს წინ რენესანსული “გამოღვიძება” უძღოდა. ამ პერიოდის დიდმა ადამიანებმა სამყარო საკუთარ თავში მოიცვეს, სულიერი და საგნობრივ-სხეულოვანი, იქამდის განცალკევებული სამყაროს შეთანადება-მორგება საკუთარ “მე”-სთან მიმართებაში მოახდინეს. ხოლო ენა, რომლითაც ქვეყნიერებას “ახალი ცხოვრების” დადგომა ამცნეს, მთლიანად სიმბოლური გახლდათ. ხელოვნება გრძნობად სამყაროსა და ადამიანურ ცნობიერებას შორის ყველაზე უშუალო ან “ბუნებრივი” რგოლია. მხატვრული სახე (ხატი) განსხვავებულ საუბსტანციათა “იგივეობა და თანაარსებობა” თავისთავად არის. აღორძინების მოღვაწენი როგორც ანტიკურ, ასევე ქრისტიანულ მითოსურ სიმბოლიკას ამიტომაც მიმართავენ. ხელოვნების, მხატვრული სახეებისა და მითოსური სიმბოლიკის გარდა მათ სხვა საშუალება, სხვა ენა არც ჰქონიათ…დღევანდელი მდგომარეობის აღორძინების წინა პერიოდთან მსგავსება იძლევა იმის პირობას, რომ ვიმედოვნოთ _ სულ მალე ისეთი ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც პიკო დელა მირანდოლას ადამის მსგავსად “სამყაროს ცენტრში დადგება”. იმ ცენტრში, საიდანაც, დანტეს სიტყვების _ “მე ვარ წრის ცენტრი, რომლისგანაც 68თანაბრადაა დაშორებული ყველა წერტილი…” _ მსგავსად შეიძლება თქვას, მე ვარ სამყაროს ცენტრი და ყველაფერს ვხედავ!…ლიტერატურა1. Августин Аврелии. Исповедь. Симф. «Реноме», 1998, 122. იქვე, გვ. 113. იქვე. გვ. 114. Аристотель. Физика. Соч. Т 3. М., «Мысль», 1961, 220b5. მაგალითად, ჩვ. ერამდე XIV საუკუნის ეგვიპტურ რელიეფზე მზის დისკოდან გამომავალი სწორხაზოვანი, ხელის მტევნებით დაბოლოებული სხივების ქვეშ მჯდომი ფარაონი ამენხოტეპ-ეხნატონი და ნეფერტიტია გამოსახული.6. ამასთან, ისეთ მიმდევრობას, სადაც სხივის ნაწილები გვერდიგვერდ კა არა, გამჭოლ მთლიანობაში არიან (მზე თანაობს სხივის მთელ სიგრძეზე თუ სინათლეზეა ლაპარაკი და თვალის შეგრძნება _ მხედველობის მოდელში).7. Легенда о докторе Фаусте. Изд. подготов. Жирмунскии В. АН СССР, Литературние памятники. М., «Наука», 1978, 2488. სტუდენტმა უნდა გამოიანგარიშოს რა ასაკის იქნება პავლე პეტრეს დაბრუნებისას. იხ. მაგალითად, Тейлор Э. Ф., Уилер Дж. А. Физика пространства-времени. М., «Мир», 1971, 1279. საგულისხმოა, რომ სიტყვა fictio ლათინურში გამოგონება, წარმოსახვასთან ერთად ფორმირებას, შედგენას, შექმნასაც ნიშნავს, ხოლო fiction ინგლისურში _ გამონაგონთან, ფიქციასთან ერთად ბელეტრისტიკას, მხატვრულ ლიტერატურასაც…10. გადამყვანი კოეფიციენტი სინათლის სიჩქარეა _ 1 წამი უდრის 3⋅108 მეტრს და 1 მეტრი უდრის 3,3⋅10-9 წამს11. Вирилио Поль. Великий автомат. Интер. в газ. «Независимая газета». М., 26.04.1996, с. 812. Baudrillard J. Reversion of History. CTHEORY Vol. 22, No 1-2. 1999, 1. http://www.ctheory@concordia.ca13. The Silence of the lambs. . Paul Virilio in Conversation. Carlos Oliviera. CTHEORY, Vol. 22, No 3-4. 1999,2.. http://www.ctheory@concordia.ca14. მაგალითად, უკვე შექმნილია მონაცემთა ხელთათმანი, რომლის საშუალებითაც დისტანციური (ტელეტაქტილური) ხელის ჩამორთმევა ან ვირტუალური საგნის “ჭერაა” შესაძლებელი. ასევე _ სათვალეები, მონაცემთა კოსტუმი და სხვ.15. Ортега-и-Гассет Х. Человек и люди. В кн. Дегуманизация искусства. М., «Радуга», 1991, с. 229,16. Cyberwar, God And Television: Interview with Paul Virilio. Luise Wilson for CTHEORY. Vol. 22, No 1-2. 1999. http://www.ctheory@concordia.ca17. ის ფაქტი, რომ ჩვენ პირველი “ვირტუალური ომის” (Gulf War _ ომი ყურეში) მომსწრე ვიყავით იმის დადასტურებაა, რომ ვირტუალობა უკვე საყოველთაო მოვლენაა. განსხვავებით II მსოფლიო ომისაგან, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა “ომი ყურეში” სივრცეში შემოფარგლული, მაგრამ დროში გლობალური იყო. ომი, რომელიც კუვეიტში დაიწყო მთელი მსოფლიოს ეკრანებზე “ცოცხლად” (პირდაპირ) მოხდა. ეს პირველი “ცოცხალი ომია”, რომელშიც “… დამარცხების ან გამარჯვების ადგილი არა მიწა, არამედ ეკრანი იყო” (Cyberwar, God And Television: Interview with Paul Virilio. Luise Wilson for CTHEORY. Vol. 22, No 1-2. 1999, 4. http://www.ctheory@concordia.ca)18. საინტერესო და საგულისხმოა, რომ ტერმინ აქტუალობის მსგავსი გააზრება კინემაგოგრაფში იქამდის მოხდა, ვიდრე ვირტუალური რეალობა შემოვიდოდა. ეს კინოში რეალიზმის პრობლემასთან იყო დაკავშირებული _ ნატურალიზმთან და რეალიზმთან ერთად საჭირო გახდა ტერმინი, რომელიც რეალურ, დოკუმენტურ, ფაქტობრივ მასალაზე აგებულ კინონაწარმოებს ასევე რეალურ, ყოველდღიურ მოვლენებში, ანუ აქტუალობაში “ჩაურევლად” ფიქსირებული კინოდოკუმენტისაგან განასხვავებდა (იხილეთ, SOFIA-Study Of Film as Internet Application- file A. http://www._unl_ac_uk) თანხვედრა არ არის შემთხვევითი, რადგან კინემატოგრაფი XX საუკუნეში ჟილ დელეზიხ სიტყვებით, ვირტუალობის მთავარი მატარებელი გახლდათ. წარმოსახვითი ობიექტების და მოვლენების, ანუ სუბიექტური რეალობის სინათლეში, იმიჯებში “განსხეულება” სწორედ იქ ხდებოდა…19. Cyberwar, God And Television: Interview with Paul Virilio. Luise Wilson for CTHEORY. Vol. 22, No 1-2. 1999, 5. http://www.ctheory@concordia.ca20. Armitage J. The Politics of Cyberculure in the Age of the Virtual Class. CTHEORY, Vol. 22, No 1-2. 1999, 3. www. ctheory@concordia.ca21. იქვე. გვ. 222. Маслоу А. Г. Дальние пределы человеческой психики. «Евразия», 1997, 7223. იქვე. გვ. 9424. იაპონიაში, ამას წინათ, რამოდენიმე ასეულმა ბავშვმა მულტფილმის ყურების შედეგად ფსიქიური ტრამვა მიიღო, რომელიც, როგორც ფიქრობენ, სწორედ ხელოვნურ ფერთა სპექტრალურმა გამოსხივებამ გამოიწვია.25. Scaff Julian H.. Art & Authenticity in the Age of Digital Reproduction. 2. http://www.ukla.edu26. Лосев А. Ф. Философия. Мифология. Культура. М., Политиздат, 1991, 7427. Барт Р. Избранные работы. Семиотока. Поэтика. М., «Прогресс», 1989, 9428. Честертон Г. К. Вечный Человек. . М., Политиздат, 1991, 15229. Ортега-и-Гассет Х. Человек и люди. В кн. Дегуманизация искусства. М., «Радуга», 1991, с. 229,30. იქვე, გვ. 33331. ოვიდიუსი. მეტამორფოზები. თბ., თსუ გამომცემლობა, 1980, III-40732. ბრინჯაოს გაპრიალებული ზედაპირის სარკედ გამოყენება მეზობელ აღმოსავლურ ცივილიზაციებში ჩვენს წ. ა.-მდე IV ათასწლეულიდან იწყება.33. ოვიდიუსი. მეტამორფოზები. თბ., თსუ გამომცემლობა, 1980, IV-78234. იქვე, III-41735. მართალია ჩრდილი და აჩრდილი სინონიმებია, მაგრამ ოვიდიუსს მოცემულ კონტექსტში მხედველობაში ალბათ უფრო აჩრდილი ჰქონდა (რუსულ თარგმანშიც ასეა _ “… призрак за плоть принимает”). ამას გარდა, საგულისხმოა, რომ ქართულში აჩრდილს გადატანით ანარეკლის მნიშვნელობაც აქვს…36. Честертон Г. К. Вечный Человек. . М., Политиздат, 1991, 16137. Бергсон А. Материя и память. Собр. соч. Т 1. М., «Московский Клуб», 1992, 18638. Делез Ж. Различие и повторение. «Петрополис», 1998, 129

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button