ფილოსოფია

მაკა ლაშხია – დიალოგური აზროვნება (პლატონი)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიალოგური აზროვნება პლატონის ფილოსოფიის კვლევა მისი როგორც გარეგანი ფორმების, ასევე შინაარსობრივი თვალსაზისით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ათენელი მოაზროვნის მიერ განხილული ენის ფილოსოფიური საკითხები და შესაბამისად, მთელი დიალოგური სტრუქტურის სწორედ ზმნისა და არსებითი სახელის ურთიერთმიმართებაზე დამყარების მოდელი, მცდარი და ჭეშმარიტი სიტყვებისა და წინადადებების არსებობის აღიარება და სხვა, დღეს დიდ გამოხმაურებას პოულობს ფილოსოფოსთა წრეებში. თუმცა პლატონის არჩევანი თხზულებები დიალოგის ფორმით დაწეროს, მისივე ტექსტებით არ დასტურდება. ამიტომ ფილოსოფიის ისტორიაში სულ ისმოდა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ წერს პლატონი დიალოგის ფორმით. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზედ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ჩვენ რამდენიმე მათგანს შევეხებით.

პლატონის ფილოსოფიის დიალოგური ფორმა სოკრატედან მომდინარეობს. სწორედ სოკრატესათვისაა დამახასიათებელი დიალოგის გაბმა იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც პლატონის მოსასმენად აკადემიაში მოდიოდნენ. სოკრატე მოკლე კითხვებითა და პასუხებით საგნის არსის წვდომას ასწავლიდა და ამგვარად განსწავლულთ სიკეთის გზაზე დააყენებდა. მ. ბორდტის მიხედვით, პლატონმა საკუთარი ფილოსოფიისთვის დიალოგური ფორმის მიცემით სოკრატესადმი, როგორც მასწავლებლისადმი მადლიერება გამოხატა (1).

თ. სზლეზაკი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას და მაგალითისთვის შემდეგი არგუმენტი მოყავს: დიალოგ “ნადიმში” შემთხვევით არაა გადმოცემული, რომ სოკრატე აგათონის სახლის შესასვლელთან უკან ჩამორჩება `რათა მარტომ იფიქროს~. ამდენად ფილოსოფოსობა, აზროვნება სულაც არ ნიშნავს სხვასთან საუბარს.(2) პლატონის დიალოგის ძირითადი თავისებურებანი შემდეგი სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: ა) პლატონის შრომები დიალოგების პრეზენტაციაა. თუმცა დიალოგებში გრძელი მონოლოგებიც შეიძლება შეგვხვდეს; ბ) დიალოგი გარკვეულ დროსა და ადგილას წარიმართება. დიალოგის პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან; გ) თითოეულ დიალოგს გააჩნია თავისი გეშტალტი, რომელიც საუბარში განივრცობა. თავიდან დიალოგის ერთ მხარეს წარმოადგენს სოკრატე, რომლის დახასიათებაც ავტორის მხრიდან ხდება ინდივიდუალურად, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა პერსონაჟების განსაზღვრებასაც გვაწვდის პლატონი, აქ უბრალოდ იმის თქმა გვსურს, რომ ადრეულ დიალოგებში სოკრატეს გამორჩეული პოზიცია უკავია, რაც უმთავრესად მისი იდეალური სამყაროსადმი მიდრეკილებაში გამოიხატება; გვიანდელ დიალოგებში საუბრის წამმართველი შეიძლება სხვა ადამიანებიც იყვნენ; დ) დიალოგში მხოლოდ ორი მოსაუბრეა. თუმცა პლატონის ზოგიერთ დიალოგში შეიმჩნევა მესამე პერსონაჟის შემოსვლაც, რომელიც გარკვეულ სექციაში ისევ ერთ მოსაუბრესთან ლაპარაკობს. სამი პერსონაჟი, ადამიანი დიალოგის წინა პლანზე არასოდეს არაა. თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ დიალოგში წარსმოსახულ პერსონაჟთან მიდის საუბარი და არა რეალურ მოსაუბრესთან; ე) დიალოგის მონაწილეებს, ჩვეულებისამებრ, თემა ბოლომდე არ მიჰყავთ, არამედ განიხილავენ ცალკეულ საკითხებს, მიზნებს, ამოცანებს. პლატონის ყველა დიალოგს საკუთარი ნიშა გააჩნია, სადაც მნიშვნელოვანი თემის გასაღები იმალება. (3)

პლატონის დიალოგის სტრუქტურა რთული, ერთგვარად ჩახლართული, მაგრამ ძალზედ საინტერესოა. საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თხრობის ძაფი არ წყდება, ამბავი თითქოს არ მთავრდება. ერთი ამბავი მეორეში გადადის, მეორე — მესამეში და ა.შ. როგორც გ. კრუგერი აღნიშნავს, ეს არის დიალოგი მიმდინარე დიალოგის შესახებ (Dialog über den zu erzählenden Dialog). (4)

დიალოგიური აზროვნება პლატონთან იწყება წინადადებით, გრძელდება სხვა წინადადებებით, რომლებიც წინა წინადადებებს ნათელს ფენენ და ბოლოს ისეთ წინადადებას აღწევენ, რომელიც პირველ წინადადებას ახალ შემადგენლობას აძლევს. ყველა ეს წინადადება დიალოგურ აზროვნებას ქმნის: ამ წინადადებების გარეშე შეუძლებელია დიალოგური აზროვნება და დიალოგური აზროვნების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს წინადადებები (5).

აზროვნება როგორც ენობრივი აზროვნება ისეა გაგებული პლატონთან. აზროვნება არის სულის საუბარი თავის თავთან; როცა ის ფიქრობს, თავის თავს ესაუბრება იმით, რომ კითხვას სვამს და პასუხობს; რაიმეს ამტკიცებს ან უარყოფს. სულის თავის თავთან საუბრის რეზულტატი არის წარმოდგენითი წინადადება, თუმცა ნათქვამი, მაგრამ ”დუმილით ნათქვამი წინადადება.” (6)

აღსანიშნავია, რომ პლატონი აზროვნებას, როგორც ლოგოსს იგებს და ამ ლოგოსს კი როგორც დიალეგესთაის. დიალოგი, იგივე დიალოგური აზროვნება პლატონთან ის ფორმაა, რომელშიც ვლინდება ხუთი უმნიშვნელოვანესი გვარი (მოძრაობა, უძრაობა, იგივეობა, განსხვავებულობა და მყოფი), მათი წარმოშობა და ურთიერთმიმართება, ამდენად ამ უმნიშვნელოვანესი გვარების ურთიერთკავშირი ბადებს აზროვნებას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სულის საუბარი თავის თავთან. (7)

აზროვნება, ისევე როგორც სხვა ძირითადი გვარები განსხვავებულობის გვარის საშუალებით დანარჩენი გვარებისაგან განსხვავებულია, მაგრამ ამავე დროს მათთან მიმართებაში მყოფი. ამრიგად, დიალოგურმა აზროვნებამ თავისი თავი უმნიშვნელოვანეს გვარად დააფუძნა. ამდენად ძირითადი გვარები, რომელიც დიალოგში როგორც ასეთში ვლინდება საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ ისეთი მნიშვნელოვანი იდეები, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე და ა. შ. ამრიგად, აზროვნება, იგივე დიალოგური აზროვნება, διαλεγεσθαι არის უნიფიცირება იდეებისა (ძირითადი იდეების ჩათვლით), ეს არის აქტი, რომელიც დავიწყებულის გახსენებაში მდგომარეობს და თან მუდმივად, პროცესუალურად, რადგან დიალოგური აზროვნება არ შეიძლება სტატიკურად შედგენილი ცოდნით განვსაზღვროთ. პლატონს მხოლოდ დიალოგური აზროვნების ჩარჩოებში შეეძლო თავისი უმნიშვნელოვანესი გვარების შესახებ თეორიის განვითარება, აზროვნების, რომელიც ამ გვარების ერთმანეთისგან წარმოქმნას შესაძლებელს გახდიდა და ამ წარმოქმნის პროცესშიც თავის თავს, როგორც დიალოგურ აზროვნებას საერთოდ მოიპოვებდა. აქედან გამომდინარეობს მისი შენიშვნა: იდეალური მოცულობების, ანუ გვარების შეკავშირებით ერთმანეთთან ჩვენთვის შეიქმნა ლოგოსი. ეს ლოგოსი აზროვნებასთან თავის იდენტურობაში აღნიშნავს დიალოგურ აზროვნებას.

პლატონის დიალოგები, რომლებიც აზროვნების როგორც ლოგოსის განვითარებას აჩვენებენ, გახლავთ შემდეგი: “კრატილოსი,” “თეეტეტი” და “სოფისტი.” საგანი უშუალოდ რომ შევიმეცნო, ამიტომ მივმართავ მე logoi, რათა მასში საგნის არსი აღმოვაჩინო. ადრეულ დიალოგებში პლატონი საუბრობს შეგრძნებებით შემეცნებაზე, რომლის დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ხედვისა და სმენის ორგანოებს ენიჭება. მაგრამ როცა მხედველობაში გვაქვს საგნის არსის შემეცნება, შესაძლებელია ის დაწყებულ იქნას შეგრძნებებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც სულისმიერი ქმედებაა. პლატონის მიხედვით, მხოლოდ ლოგოსში აჩვენებს თავის თავს საგანი, ობიექტი. ამდენად, შემეცნების ფორმა რეალიზდება აზროვნებაში, რომლის ბუნებაც საუბარში – legein მდგომარეობს.

ყველა გრძნობადი შემეცნება არაგრძნობადით რეალიზდება, კერძოდ სულის მიერ ლოგოსის განაზრებით (8). ლოგოსის ბუნებას ეხება “თეეტეტის” მეორე და მესამე ნაწილი. აქ ვკითხულობთ, რომ აზროვნება — διανοεισθαι არის საუბარი — legein. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ პლატონის ფილოსოფია კი არ ცდილობს აზროვნება ენისაგან გაათავისუფლოს, არამედ აზროვნება როგორც ენა განავითაროს. თეზა იმის შესახებ, რომ აზროვნება არის საუბარი, პლატონის შემეცნების თეორიის საყრდენ ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ასე გადავიდა პლატონის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი დიალოგური ფორმა მისი ფილოსოფიის ცენტრალური საკითხის — შემეცნების — პრობლემატიკაში. რა არის აზროვნება და როგორ ახორცილებს მას ადამიანი? “აზროვნებისას ადამიანი სხვას არაფერს აკეთებს თუ არა რომ ეკითხება და პასუხს სცემს თავადვე თავის თავს” (9).

აზროვნება არის საუბარი, ეს არის ნათქვამი წინადადება, ოღონდ არა სხვის მიმართ და ხმამაღლა, არამედ ჩუმად და თავის თავთან. არა მონოლოგური, არამედ აქტიური დიალოგური საუბარი, მტკიცებები და უარყოფები, კითხვები და პასუხები, ლოგოსების ერთმანეთში გაცვლა არის აზროვნება. და ამ აზროვნების შედეგად საბოლოოდ მოვიპოვებთ წინადადებას ხმის გარეშე, რომელსაც პლატონი ლოგოსსაც უწოდებს. (10)

და მაინც რას ქმნის პლატონი თავისი დიალოგური ფორმით? დიალოგური ფორმით გადმოცემა პლატონის ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი მეთოდის დიალექტიკის გაგებასაც ნიშნავს. საყურადღებო იქნება ტერმინი დიალექტიკის წარმოშობის მიმოხილვა პლატონის თხზულებებთან მიმართებაში. პლატონის ფილოსოფია განვითარდა სოკრატული დიალოგიდან (დიალოგოს), სოკრატეს საუბრიდან (დიალეგესთაი) გამომდინარე, როგორც თვითმყოფადი დიალექტიკა, როგორც ცოდნის, შემეცნების დიალექტიკური მეთოდი, რომელიც თავის ობიექტზე, არსობრივ ყოფნაზე და თავის წინამორბედზე, სიკეთის იდეაზეა მიმართული და ამოწმებს ცოდნის შინაარსს, რათა ფენომენთა სფეროში ცოდნით იმოქმედოს. (11) პლატონის დიალოგებში, შეიძლება ითქვას თვალში საცემია სოკრატეს საუბარი, რომელიც შემდეგი მეთოდოლოგიური, უფრო სწორად შინაარსობრივი მოტივებით გამოირჩევა:

1. სოკრატე ცდილობს მოკამათის დარწმუნებას და არა გადაბირებას. ეს ელენკტიკური აქტი უშუალოდ არ მიიღწევა. ყოველგვარი გულისწყრომის გარეშე საუბარი გადააქვთ სხვა დროისთვის იმ აპორეტული გამოსავლით, რომ თუ ერთ დღეს ვერ მოხერხდა, შესაძლებელია სხვა დროს უკეთესად მოგვარდეს;

2. სოკრატეს სტილია ისაუბროს მოკლედ და ლაკონურად;

3. სოკრატე თავის საუბრებში თავისივე თეორიას შინაარსობრივად ეწინააღმდეგებოდა. ეს წინააღმდეგობა გამოხატული იყო მაშინ, როცა სოკრატე თანამოსაუბრეების გადარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მათ სინამდვილეში არაფერი იცოდნენ. უფრო მეტიც, საუბარში თავად სოკრატე ამბობდა, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ არაფერი იცის. „სოკრატეს, როგორც არაფრის მცოდნეს126 საუბარში უნდა ეცადა, რომ მათთვის ცოდნის ინსტანცია გაეცნო, რომლებმაც ცოდნაზე, როგორც ასეთზე არაფერი იცოდნენ, მაგრამ სოკრატესგან განსხვავებით სჯეროდათ, რომ ფლობდნენ ცოდნას.“ (12)

პლატონისეული სწავლება ცოდნის შესახებ, რომელიც ანამნეზისის, მოგონების თეორიის სახითაა წარმოდგენილი ათენელი ფილოსოფოსის მოძღვრებაში, ადგენს, რომ ერთია გარკვეული, ერთეული საკითხის შესახებ ცოდნა, და მეორეა, ცოდნა თავად ყოფნის შესახებ. აღქმას, წარმოდგენას, ასევე მათემატიკურ აზროვნებას არ ძალუძთ ყოფნის გაგება, მაშინ როცა ყოფნის შესახებ ცოდნა იძლევა საშუალებას, რომ ცალკეული მეცნიერებები და მათი შესაბამისი საგნები საერთოდ არსებობდნენ.

როგორაა შესაძლებელი თავად ამ ყოფნის შემეცნება (ეპისტემე)? პლატონის პასუხი ამ კითხვაზე ცალსახაა: ყოფნის შემეცნება დიალექტური ცოდნითაა შესაძლებელი. ეს დიალექტური ცოდნა ტრანსცენდირებს თავის თავსაც კი, ის თავისივე საწყისისკენ მიილტვის, რათა ყოფნისა და ცოდნის საშუალებით წინ წამოსწიოს სიკეთის იდეა, რომელსაც როგორც თავის პრინციპს ისე შეიცნობს. სწორედ სიკეთის იდეის საფუძველზე ხდება შესაძლებელი პირველადი აღქმისეული, წარმოდგენისეული და აზროვნებისეული ცოდნა განხორციელდეს. ცოდნა, როგორც დიალექტიკური ცოდნა შეესაბამება არა მარტო ყოფნას, არამედ ცოდნასაც საკუთარი თავის შესახებ. უფრო ზუსტად, იგი არის შემეცნებისეული გზა გამომდინარე ყოფნიდან და თავისი თავიდან საკუთარი შინაარსისაკენ. უნდა აღინიშნოს, რომ სოკრატესეულ დიალოგში, რომელსაც იგი თავის მოწაფეებთან, პოლიტიკოსებთან, ხელოვანებთან თუ მეცნიერებთან აწარმოებდა, ამგვარი დიალექტიკიდან არაფერი დარჩა. მისი დიალოგი მოკლე კითხვებისა და პასუხებისაგან შედგება, რომელიც კონკრეტული საკითხის შესახებ კონკრეტულ ცოდნაზეა მიმართული. ამ თეზისის დაყენების აუცილებლობას შემდეგი გარემოებები გვაძლევს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თუ დიალექტიკური ცოდნა ყოფნის შესაბამისია, მაშინ ის ყოფნისაგან განსხვავებული უნდა იყოს. ეს განსხვავებულობა პლატონთან თემატიზირებული არასოდეს არ არის. ყოფნა პლატონთან არის თავის თავთან იდენტური მთლიანობა, რომელიც მარადიულობითაც ხასიათდება. გამოდის, რომ მოძრაობა ყოფნიდან გადახვევაა, გადასვლაა, რადგან მარადიულ, თავის თავთან იდენტურ ყოფნას ეს არ უნდა სჭირდებოდეს. მაგრამ როგორც კი შემეცნებული იქნება ყოფნა, შემეცნებადი ხდება მოძრაობაც, რომელიც არ შეიძლება რომ ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმოძრაოა, აკლდეს. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის შემეცნების თეორიაში მოძრაობა ყოფნისა და უძრაობის მსგავსად იდეაა.

რადგანაც ყოფნა ყოველთვის თავის თავთან იდენტურია, სახეზეა აუცილებლობა იმისა, რომ იდენტურობის იდეაზე ვისაუბროთ. მხოლოდ მაშინ, როცა იდენტურობის იდეა, როგორც იდეა ისე აღიქმება, შეიძლება გამართლდეს ყოფნის თავის თავთან საუბარი იდენტურობის შესახებ. პლატონის მოღვაწეობის გვიანდელ პერიოდში ნაცადია იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლება დაფუძნდეს ხუთი უმნიშვნელოვანესი გვარი, როგორც იდეა. ეს გვარებია: უძრაობა, მოძრაობა, მყოფი, იდენტურობა და განსხვავებულობა. უფრო დაწვრილებით ეს ნიშნავს შემდეგს: პლატონს პირველ რიგში უნდა გვაჩვენოს, რომ თითოეული ეს იდეა დანარჩენი იდეებისაგან განსხვავდება. თუ ეს ასეა, მაშინ ხუთი უნიშვნელოვანესი იდეის/გვარის შესახებ თეორიაში განსხვავებულობის გვარი/იდეა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. განსხვავებული ყოველთვის განსხვავებულის განსხვავებულია, შესაბამისად, თითოეული იდეა სხვებისაგან განსხვავებულიცაა და სხვებთან, დანარჩენებთან დაკავშირებულიც. ამრიგად, თითოეული იდეა განსხვავებულობის იდეიდან გამომდინარე ყველა სხვა იდეისაგან განსხვავებულია, მაგრამ ამასთანავე მათთან (დანარჩენ იდეებთან) აუცილებლობით დაკავშირებული. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ პლატონთან ყველა იდეა თავისი თავის იდენტურია. სოკრატესეული გარეგანი დიალოგი შეიცვალა სულის შინაგანი საუბრით თავის თავთან, რადგან ცოცხალი აზრის მსვლელობა ყველაზე მეტად დიალოგში ცხადდება, როცა სახეზეა წინადადებების, სიტყვების (ლოგოი) ურთიერთგაცვლა. თეორია სულის საკუთარ თავთან საუბრის შესახებ დაწვრილებით და გასაგებად `თეეტეტში და `სოფისტეშია“ გადმოცემული.

დიალოგში „თეეტეტი,~ როცა პლატონი ცოდნის არსის (13) შესახებ საუბრობს, აზროვნების შესახებ ისმის კითხვები. ცოდნა პლატონთან აღქმაზე არ არის რედუცირებადი, მაგრამ აღქმა ცოდნისთვის აუცილებელია. სული, როგორც იდეა, თავისთავში აერთიანებს განსხვავებულ და მრავალფეროვან აღქმებს. სული შემეცნების პროცესში აღქმებს როგორც ხელსაწყოებს ისე გამოიყენებს იმისათვის, რომ აღიქვას ის, რაც აღსაქმელია. ერთმანეთისაგან განსხვავებული და მრავალფეროვანი შინაარსის მატარებელი აღქმები შინაარსობრივად ერთიანი და მთლიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ სულმა აღქმის ფუნქციასთან ერთად მეორე ფუნქციაც – აზროვნება — შეითავსა. ეს უკანასკნელი, პლატონის მიხედვით სულის თვისება კი არაა, არამედ შესაძლებლობა იმისა რომ, სულმა რაღაცეები თავისთავად გამოიკვლიოს, მოაიაზროს, რაღაცეებს კი სხეულის უნარებით ჩაწვდეს. გამოდის, რომ ეს არის შესაძლებლობა სულისა და სხეულის უნარების საშუალებით აღიქვა და იმავდროულად მოიაზრო აღქმისეული ტრანსცენდირებული შინაარსები და იმანენტურად აქციო იგი. საქმე ეხება არსობრივ ყოფნასა და არყოფნას, მსგავსებასა და არამსგავსებას, იგივეობასა და განსხვავებულობას, ერთსა და მრავალს, სწორსა და არასწორს, ასევე ლამაზსა და უგვანს, კარგსა და ცუდს. ცოდნა ცარიელი აღქმიდან და ცარიელი აზროვნებიდან არ მიიღება; საჭიროა უფრო მეტი აზროვნებითი შინაარსები, რათა ისინი ცალკეულ აღქმის შთაბეჭდილებებს მივუსადაგოთ. ამის მერე ცოდნის სარგებლობაზეც შეიძლება ლაპარაკი. პლატონისათვის უმნიშვნელოვანესი აზროვნებით შინაარსები, რომლებსაც `განსხვავებულ იგივეობებსაც~ უწოდებენ, შემდეგია: არსობრივი ყოფნა და არყოფნა, მსგავსება და არამსგავსება, იგივეობა და განსხვავებულობა, ერთი და მრავალი, მოძრაობა და უძრაობა. პლატონისთვის ცოდნა არც მხოლოდ აღქმაა, არც მხოლოდ წარმოდგენა და არც მხოლოდ აზროვნება. ცოდნა — ჭეშმარიტი აზროვნება, წარმოდგენილი ურთიერთქმედითი დიალოგი სახით, რომელსაც მიმართება თავისივე შინაარსთან აქვს. დღეს უკვე საკამათო აღარაა, რომ პლატონი დიალოგ „სოფისტში“ „თეეტეტში“ წარმოდგენილი საკითხების შესახებ აგრძელებს მსჯელობას. „სოფისტში“ დიალექტიკა დიალოგის საშუალებით იხსნება. ეს დიალოგი, როგორც აზროვნება, როგორც სულის შინაგანი საუბარი თავის თავთან, არის დავალება, რომ მნიშვნელოვანი გვარების ანუ იდეების ერთმანეთისაგან გამომდინარეობა-განვითარების პროცესს მივყვეთ, რათა ვაჩვენოთ ყოველი გვარი, როგორც თავის თავთან იდენტური და ამასთანავე განსხვავებულობის ძალით ერთმანეთთან აუცილებლობით დაკავშირებულნი.

პლატონისეული დიალოგური აზროვნების უმთავრესი ამოცანა იმის ჩვენებაში მდგომარეობს, რომ არმყოფი არის. ათენელი ფილოსოფოსი ამ დებულებას უმნიშვნელოვანესი გვარების განხილვის საფუძველზე ამტკიცებს. რაც შეეხება დებულების დამასაბუთებელ არგუმენტებს, ისინი ორი ტიპისაა: პირველ რიგში ნაჩვენებია გვარების ერთმანეთისაგან განსხვავებულობა, შემდეგ კი მოძრაობის მაგალითზე წარმოდგენილია გვართა აუცილებელი ურთიერთმიმართების პროცესი. პლატონის მიხედვით, განსხვავებული, რასაც ის არმყოფთან აიგივებს, არ არის მყოფის საპირისპირო, არამედ სწორედ მხოლოდ მყოფისგან განსხვავებული. აბსოლუტური არმყოფის შესახებ არ შეიძლება რაიმეს თქმა. ხოლო როგორც მყოფისგან განსხვავებული, ის მყოფთან მიმართებაშია და არის არმყოფი. აქედან დასკვნა: ყოფნა არის გარანტი იმისა, რომ არმყოფი არის ანუ არმყოფი მყოფთან წილნაყარია. ამრიგად, თუ განსვავებული სხვა არაფერია თუ არა განსხვავებულის განსხვავებული, მისი თვითიდენტურობა იმაშია, რომ (უბრალოდ) სხვაზე მიუთითოს. თუ ეს ასეა, მაშინ არც ისაა გასაკვირი, რომ უძრაობა და მოძრაობა ერთმანეთისაგან სრულიად გამიჯნული კი არაა, არამედ მხოლოდ განსხვავებულნი არიან და ამით ერთმანეთთან მიმართებაში მყოფიც. ამრიგად, უძრაობას და მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულად ყოფნაც შეუძლიათ, ისინი მაინც არასდროს არ არიან ერთმანეთისაგან სრულიად გამიჯნულნი. ისევე როგორც თითოეული გვარი სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებულია და ამავდროულად, მათთან მიმართებაში მყოფი, დიალოგური აზროვნებაც თავის განსხვავებულობაში დანარჩენი გვარებისაგან მაინც ამ გვარებთან მიმართებაში მყოფია. დიალოგურმა აზროვნებამ თავისი თავი ამრიგად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გვარად დააფუძნა. დიალოგური აზროვნების გარეშე არანაირი ფილოსოფია არ არსებობს. დიალოგური აზროვნება სხვა გვარებთან ერთად განვითარდა და იმავდროულად ამ გვარებს მისცა საშუალება განვითარებულიყვნენ. აზროვნება ეს არის გაგებინების პროცესი, წარმოებული შინაარსების შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ზემოთ ნაჩვენები მსჯელობების საფუძველზე შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ პლატონისათის დიალექტიკა, როგორც დიალოგური აზროვნება — ეს არის პროცესუალობა და არა სტატიკურად შედგენილი ცოდნა: უძრაობა და მოძრაობა ერმანეთისაგან თუმცა განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ამიტომ ერთმანეთზე მიმართული; მყოფი და არმყოფი ერთმანეთისაგან თუმცა განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ამიტომ ერთმანეთზე მიმართული; დიალოგური აზროვნება და ყველა სხვა დანარჩენი გვარი ერთმანეთისაგან თუმცა განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ამიტომ ერთმანეთზე მიმართული. ყველაფერი ეს კი იმიტომაა ამგვარად, რომ განსხვავებულობა ყოველთვის რელატიურობას გულისხმობს, უფრო სწორად, ის სხვას არაფერს გულისხმობს, გარდა მიმართებულობისა. დიალოგური აზროვნება და წარმოდგენა, შესაბამისად, წარმოსახვა, პლატონის მიხედვით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: დიალოგური აზროვნება საერთოდ აზროვნებისათვისაა. რადგან თუ რაიმე მოიაზრება, მოიაზრება ისე, როგორც დიალოგური აზროვნება აზროვნებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ აზროვნება `განსხვავებულის~ გვარს იმგვარად კი არ გულისხმობს, რომ აზროვნებაც თავისი თავისგან განსხვავებული უნდა იყოს. პლატონისათვის აზროვნება მხოლოდ სხვა უმნიშვნელოვანესი გვარებისაგანაა განსხვავებული ისევე, როგორც ეს გვარებია თავის მხრივ განსხვავებული აზროვნებისგან. დიალოგური აზროვნება თავის თავისაგან განსხვავებული რომ ყოფილიყო, მაშინ პლატონის მონოლოგურ-დიალოგური აზროვნებიდან – სულის თავის თავთან საუბრიდან — მხოლოდ დიალოგური აზროვნების დიალოგი დარჩებოდა და სხვა არაფერი.

პლატონისეული დიალოგური აზროვნების განხილვისას ენის შესახებ თეორია ის თარგაა, რაზეც დიალოგური აზროვნების შესახებ პრობლემატიკების აღმოჩენა და გადაჭრაა შესაძლებელი. ენა აკინძულია წინადადებებისაგან, რომლებიც თავისთავთან ან ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში შეიძლება იქნან განხილულნი. როგორც წინადადებები წარმოიშობიან აზროვნებასთან ერთად, ასევე აზროვნებაც წინადადებებთან ერთად ყალიბდება. დიალოგურ აზროვნებაში წინადადებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, შინაარსობრივად მაინც ერთმანეთთან არიან მიმართულნი. აქედან გამომდინარეობს შემდეგი რამ: წინადადებათა მოცულობას ახალი კონტურების გამოაშკარავებაც შეუძლია იმგვარად, რომ წინადადება თავისი სრული მოცულობით მხოლოდ მაშინ ხდება მოაზრებული, თუ ყველა წინადადება მასთან არის მიმართებაში. თუმცა აქედან ის კი არ გამომდინარეობს, რომ დიალოგური აზროვნების დიალექტიკური მოძრაობა ერთბაშად უნდა დასრულდეს. პირიქით, დიალოგური აზროვნების საფუძველზე წარმოებულ წინადადებებში მხოლოდ საპირისპირო კი არ უნდა იქნას დადგენილი, არამედ იმავდროულად ნაჩვენები უნდა იყოს განსხვავებულისგან განსხვავებული განსხვავებული, რომელიც, როგორც ზემოთ არაერთხელ ვთქვით, აუცილებლობის ძალით ისევ განსხვავებულისადმია მიმართული.

სული იმეცნებს იდეებს, იდეები შემეცნებულნი არიან სულის მიერ, ე.ი. პასიურობა იდეებისთვის არის დამახასიათებელი და აქტიურობა სულისთვის (14). ეს აქტიური სული პლატონის დიალოგში მოკლე კითხვებითა და პასუხებით იმეცნებს სხვადასხვა გვარებსა თუ იდეებს. ეს ის ფილოსოფიური სულია, რომლის აქტიურობაც ცნებობრივი პროცესის წარმოებაში გამოიხატება. სულის თვისება შემეცნებაა. მისთვის ერთ ადგილას გაჩერება გაქვავებას ნიშნავს. პლატონის ფილოსოფიაში მზის შუქში სული არა თავის საწყისისეულ თვით-ყოფნას კი არ ჭვრეტს, არამედ ცნებობრივად შესწორებულ და ვიწრო აზრით გაცნობიერებულ განსაზღვრულ-ყოფნას.

დიალოგი, რომელსაც მოაზროვნე სული საუბრით აკონსტიტუირებს, უძრაობის, მოძრაობის, მყოფის, მსგავსისა და განსხავვებულის გვერდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარი ან იდეაა. ეს გვარები, როგორც ამას პლატონი არგუმენტირებულად ავითარებს, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ იმავდროულად ერთმანეთს მოიცავენ და ერთმანეთთან უცილებელ კორელაციაში იმყოფებიან. შეიძლება ითქვას, რომ იდეების ეს დიალექტიკა რთულია, მაგრამ არგუმენტირებული (15).

***
1. Michel Bordt, Platon (Herder, Freiburg, Basel, Wien, 1999), 46
2. Thomas A. Szlezak, Platon lesen (Frommann-holzboog, legenda 1, 1993), 29
3. Szlezak, Platon lesen, 30-31
4. Gerhard Krüger, Eros und Mythos bei Plato (Vittorio Klostremann, Frankfurt am Main, 1978), 72
5. Mojsisch, ”Dialektik” und “Dialog:” Politeia, Theaitetos, Sophistes (in: Platon, Seine Dialoge in der Sicht neuer Forschungen, heraus. Theo Kobusch, Burkhard Mojsisch, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1996), 168
6. Platon, Theaitetos, (Theaitetos, Der Sophist, Der Staatsmann, Band 6, Bearbeitet von Peter Staudacher, Griechischer Yext von Auguste Dies, Deutsche Uebersetzung von Friedrich Schleiermacher, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990), 189 e 6-190 a 6
7. Platon, Sophistes, (Theaitetos, Der Sophist, Der Staatsmann, Band 6, von Peter Staudacher, Griechischer Text von Auguste Dies, Deutsche Uebersetzung von Friedrich Schleiermacher, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 1990), 264 a-b
8. Rudolf Rehn, Der Logos der Seele, Wesen, Aufgabe und Bedeutung der Sprache in der platonischen Philosophie (Felix Meiner Verlag, Hamburg, 1982), 64
9. Rehn, Der Logos der Seele, Wesen, Aufgabe und Bedeutung der Sprache in der platonischen Philosophie, 57
10. Rehn, Der Logos der Seele, Wesen, Aufgabe und Bedeutung der Sprache in der platonischen Philosophie, 72
11. Mojsisch, “Dialektik” und “Dialog”: Politeia, Theaitetos, Sophistes, 167
12. პლატონი, სოკრატეს აპოლოგია , 22c9-d1
13. Mojsisch, “Dialektik” und “Dialog”: Politeia, Theaitetos, Sophistes, 169
13. Platon, Theaitetos, 145 e 8-9
14. Andre de Muralt, De la participation dans le Sophiste de Platon, (Studia Philosophia, 17, 1957), 105
15. ibid

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button