ბიოგრაფია

მიხეილ შავიშვილი – ბიოგრაფია

1920 – 1999

ლოტბარი, მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

ქართული ხალხური სიმღერა ეროვნული საუნჯეა, რომელმაც ყველაზე უკეთ ასახა ჩვენი ნაციონალური ნიშანდთვისებები და ტრადიციული ფასეულობანი, რომელმაც შეძლო შეენარჩუნებინა ქართველთა თვითმყოფადობა და შექმნა მთელი ისტორია, რომელსაც ქართული ფოლკლორი ჰქვია, მაგრამ თვით ეროვნულ საუნჯესაც სჭირდება პოპულარიზაცია და ადამიანები, რომლებსაც კიდეც ემარჯვებათ და ნიჭიც მოსდგამთ, რომ ემსახურონ ხელოვნებას და აკეთონ ეროვნული საქმე. ამ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა მიხეილ შავიშვილი. იგი დაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში და მთელი ცხოვრება გურული ხალხური სიმღერის შენარჩუნებასა და დახვეწას შეალია.

მიხეილის მშობლები – მამა, გერმანე შავიშვილი და დედა, ვერა ვაშალომიძე ხალხური სიმღერის მხურვალე თაყვანისმცემლები და შემსრულებლები ყოფილან.  სიმღერა განსაკუთრებით დედას ემარჯვებოდა, შესანიშნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე და, რაც მთავარია, იყო კარგი მოკრიმანჭულე. დედა იყო შვილების პირველი მასწავლებელიც. კარგად მღეროდა არა მარტო მიხეილი, არამედ მისი დადძმაც. მიხეილის და დ ჟენია შემდგომში მთელ გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულე ქალი გახდა.

ქართულ სასიმღერო ფოლკლორში გურულ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა ცალკეული ხმის ურთულესი პარტიით და გვანცვიფრებს თავისი ჰარმონიული შეხამებითა და სრულყოფილი არქიტექტონიკით. მის სპეციფიკას შეადგენს მაღალი ხმა – კრიმანჭული, რომელიც განსაკუთრებულ ტექნიკას მოითხოვს: სრულდება მაღალ რეგისტრში და გადმოსცემს მეტად მოქნილ, სხარტ მელოდიურ ხვეულებს. საფრანგეთის მუსიკალური საზოგადოების ფონდში  დღემდე ინახება გასული საუკუნის 20-იან წლებში გურიაში მუსიკალურ ფირფიტაზე ჩაწერილი კრიმანჭულის შესრულების უნიკალური ვარიანტი.

მიხეილ შავიშვილი კრიმანჭულის ერთდერთი გენიალური შემსრულებელი იყო. მისი ნიჭი  ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოვლინდა, როცა 1935 წელს, ოზურგეთის რაიონის პირველ საშუალო სკოლაში სწავლისას, მეცხრე კლასის მოსწავლე უკვე სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა და  რაიონში კონცერტებით გამოდიოდა. სკოლიდან შინისაკენ მიმავალი გზად აუცილებლად შეუვლიდა სოფლის მღვდელს, ცნობილ მომღერალ-მგალობელს ნესტორ კონტრიძეს, რომელიც მისი მოძღვარი და სიმღერის მასწავლებელიც იყო. ერთდერთი კონცერტის შემდეგ, თხუთმეტი წლის მიხეილმა სიმღერის დიდოსტატის ვარლამ სიმონიშვილის ყურადღება მიიქცია და ორი წელი მასთან, სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. ეს კოლექტივი მისთვის დიდ სკოლად იქცა და მოკლე ხანში იგი სწორუპოვარი მოკრიმანჭულე გახდა.

სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილმა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე. ანსამბლს ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. მიხეილმა მისგან ბევრი რამ შეითვისა და შეისისხლხორცა. სულ მცირე დროში მისი შემოქმედება ძალიან პოპულარული გახდა და პირველი ხარისხის დიპლომები და ოქროს მედლები დაიმსახურა ჯანიეთის, ნასაკირალის, ლაითურის, მერიის, ნაგომარის ანსამბლებში გამოსვლისას.

1957 წელს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა ჯანსუღ კახიძემ თბილისში ხალხური ანსამბლი „შვიდკაცა“ ჩამოაყალიბა და მიხეილი ანსამბლში მიიწვია. შავიშვილი იყო ამ ანსამბლის კონსულტანტი და სოლისტი. ამავე წელს მოსკოვში გაიმართა ახალგაზრდობის მეექვსე მსოფლიო ფესტივალი. შავიშვილმა ამ ფესტივალზე ფურორი მოახდინა,  ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. კრიმანჭულის უბადლო შემსრულებელს აღიარებულმა ფრანგმა მუსიკოსმა ფილიპ ჟერარმა პირი გააღებინა, რათა ენახა, ყელში მოთავსებული იყო თუ არა ინსტრუმენტი, რომელიც გამოსცემდა ამ საოცარ ბგერებს. მიხეილს  თავისი თანასოფლელებისა და მშობლიური კუთხის გარეშე თბილისში ყოფნა უჭირდა და ამიტომ იმავე წელს ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლთან იმავე სახელწოდებით „შვიდკაცას“ მსგავსი ანსამბლი ჩამოაყალიბა. მისი ანსამბლის განსაკუთრებული წარმატებების ხანა 1959 წლის შემდეგ დაიწყო, როცა თბილისის „შვიდკაცა~ დაიშალა. დიდი დამსახურებისათვის 1979 წელს ანსამბლს სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. 1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი ~კრიმანჭული~. ამან დასაბამი მისცა ბავშვთა სხვა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას.

მიხეილ შავიშვილის მოღვაწეობა მხოლოდ „შვიდკაცას~ მიღწევებით არ შემოიფარგლება, იგი პარალელურად სხვა ანსამბლებსაც წარმატებით ლოტბარობდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის მრავალი ქართული ხალხური სიმღერის შეკრებადაღდგენასა და შექმნაში, არის 22 სიმღერის ავტორი.  მუსიკალურად გააფორმა კინოფილმები: ”პალიასტომის ტბა”, ”დარიკო”, ”შეხვედრა წარსულთან”, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლი ”კიკვიძე”. იყო საბჭოთა კავშირში ძალზე პოპულარული მსოფლიო სატელევიზიო ფესტივალ ”რადუგას” ლაურეატი. მისი ავტორობით შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გურული სიმღერა ”სისონაი დარჩია”.

საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი მიხეილ შავიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მშობლიურ ოზურგეთში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button