ავტომობილიახალი ამბები

უკუათვა დაიწყო: 15 წლის შემდეგ ჩინეთში აიკრძალება შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა

ჩინეთის ხელისუფლებამ დაასწრო აშშ-ს და გამოაცხადა ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის მიღწევის გეგმა 2060 წლისთვის. ჩინეთის საავტომობილო ექსპერტების ასოციაციამ გამოაქვეყნა მიზანი და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ტრადიციულ, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას 2035 წლიდან. ავტომობილების ბაზარზე ეს გეგმა ყველაფერს ძირფესვიანად შეცვლის.

ჰიბრიდული ქროსოვერი Volvo XC60 T8 Twin Engine

ასოციაციის გეგმის თანახმად 15 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ახალი ავტომობილების 50% „ახალი ენერგიით“ უნდა მუშაობდეს – ესენი იქნება ელექტრო, მიერთებადი ჰიბრიდული ან ელემენტზე მომუშავე ავტომანქანები, დანარჩენი 50% კი – ჰიბრიდული ავტომობილები, რომელთაც ექნებათ შიდაწვის ან სხვა ტიპის ძრავი. ეს გეგმა შეიქმნა ჩინეთის საწარმოო სამინისტროსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელობით და საფუძვლად დაედება საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებას ავტომობილებთან მიმართებაში.

2019 წელს ჩინეთში გაყიდული ახალი ავტომობილების 5%-ს შეადგენდა ახალ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები. გეგმის თანახმად ეს შეფარდება ეტაპობრივად გაიზრდება, სანამ 2035 წლისთვის არ მიაღწევს 50%-ს. ამავდროულად, ამ კატეგორიის ტრანსპორტში განსაზღვრული დროისთვის ახალი მანქანების 95%-ზე მეტი უნდა იყოს ელექტრო.

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ შიდაწვის ძრავზე მომუშავე ყველა ახალი ავტომობილის 75% ჰიბრიდული იქნება. 2035 წლიდან კი ახალ ავტომობილებში ბენზინი ან დიზელი წარმოდგენილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს იქნება ჰიბრიდული ავტომობილი. მხოლოდ ბენზინზე/დიზელზე მომუშავე ავტომობილები ჩინეთში 2035 წლიდან აღარ გაიყიდება.

შედარებისთვის, 2019 წელს იაპონიაში ჰიბრიდულ და სრულიად ელექტრომობილებზე მოდიოდა ახალი ავტომობილების 39 %. ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 50-70%-მდე უნდა გაიზარდოს. ჩინეთის ახალი გეგმის გამოცხადებამდე ამგვარი მოლოდინი ექსტრაორდინარულად გამოიყურებოდა.

ჩინეთის მთავრობამ ახალ ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სუბსიდირება 2009 წელს შემოიღო, გასულ წელს კი ქვეყანაზე მოდიოდა ახალი ენერგიის წყაროს მქონე ავტომობილების მსოფლიო გაყიდვის დაახლოებით ნახევარი. Toyota-ს შეფასებით, ჩინეთში ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების საერთო რაოდენობამ 1 მლნ ერთეულს გადააჭარბა. თუკი ჩინეთის ამბიციური გეგმები განხორციელდება, იაპონურ მანქანათმშენებელ კომპანიებს სრული გარდაქმნა და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, მას რომ ფეხი აუწყონ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button