ბუნება & სამყაროფაქტებიჩვენი მსოფლიო

გრენლანდია

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. წარსულში დანიის პროვინციამ 1979 წელს ავტონომიური ტერიტორიის სტატუსი მოიპოვა თვითმმართველობისა და საკუთარი პარლამენტის უფლებით. დანია ზედამხედველობს გრენლანდიის საგარეო საქმეებსა და თავდაცვის სფეროს, ასევე განაგებს სახელმწიფო შემოსავლის 2/3-ს, დანარჩენი 1/3 კი ძირითადად თევზაობაზე მოდის. დანია ასევე მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

გრენლანდიური კლიმატი უკიდურესად მკაცრი და სუსხიანია. კუნძულის 80%-ზე მეტი დაფარულია ყინულით, რომლის სისქეც ზოგ ადგილას 4 კმ-ს აღწევს. ყოველ წელს გრენლანდიურ მყინვარებს 10 000-დან 15 000-მდე აისბერგი წყდება.

ადგილობრივი ესკიმოსების უმრავლესობას თავი გააქვს თევზაობითა და ნადირობით, თუმცა ბოლო პერიოდში თევზების რაოდენობა შემცირდა, რაც მათ მდგომარეობაზეც აისახა. გრენლანდიის მოსახლეობა დაახლოებით 57 000 ადამიანია. აქაურებს ბევრი სოციალური პრობლემა ეჩეხებათ, როგორიცაა უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (შიდსი).

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა გარემო პირობების კვლევამ გააძლიერა შიში, რომ გლობალური დათბობის გამო გრენლანდიის ყინულოვანი საფარველი ძალიან სწრაფად დნება, რასაც მომავალში უარყოფითი გავლენა ექნება ზღვის დონესა და ოკეანეების დინებებზე, თუკი არ მოხდება მისი შეჩერება და შემდეგ უკუპროცესის ამოქმედება.

აშშ-ის გეგმამ ეროვნული სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით წინა პლანზე წამოსწია გრენლანდიის სტრატეგიული მნიშვნელობა. ამერიკელებმა ინტერესი გამოთქვეს ცივი ომის რადარის ბაზის გამოყენებაზე კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, რაც მათი თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა. 1953 წელს ათობით ინუიტების (ესკიმოსების) ოჯახი ძალით გადაასახლეს მათი სამშობლოდან, რათა ბაზისთვის სივრცე გაეფართოებინათ. ბევრ გრენლანდიელს მისი დახურვა სურდა, ზოგი კი ეკონომიკურ დანიშნულებას ხედავდა.

გრენლანდია X საუკუნეში აღმოაჩინეს ვიკინგებმა, პირველი ესკიმოსი მოსახლე კი აქაურობას 4500 წლის წინ ეწვია. 986 წლიდან აქ ნორვეგიელები და ისლანდიელები ჩასახლდნენ. ეს სახელი (რომელიც ,,მწვანე მიწას” ნიშნავს) სავარაუდოდ ახალმოსახლეების მოსაზიდად შეარქვეს. 1380 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, მე-18 საუკუნეში მისი კოლონიზაცია დაიწყო და 1814 წელს დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. გრენლანდიის მაცხოვრებელთა უდიდეს ნაწილს სრული დამოუკიდებლობა სურს. თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, ამ საკითხში ბოლო სიტყვა დანიას ეკუთვნის.

2008 წელს გრენლანდიელებმა რეფერენდუმში მხარი დაუჭირეს ავტონომიური უფლებების გაზრდას. მოლაპარაკების შედეგად მათ მიეცათ მეტი უფლება ენერგიის რესურსების განკარგვაზე, საერთაშორისო კანონის მიხედვით გრენლანდიელი ხალხი იქცა გამოყოფილ ხალხად, ხოლო დანიამ ინუიტების მშობლიურ ენას – კალაალისუტს, იგივე დასავლეთ გრენლანდიურს – ოფიციალური სტატუსი მიანიჭა. სუბსიდიები დანიის სახელმწიფოს მხრიდან ისევ გრძელდება.

სანამ შეთანხმება ძალაში შევიდოდა 2009 წლის ივნისში, გრენლანდიაში წინასწარი არჩევნები ჩატარდა მომავლის გეგმების გადასაწყვეტად. დამოუკიდებლობის მომხრე ინუიტების ატაქატიგიიტების პარტიამ დაამარცხა სოციალურ-დემოკრატიული სიუმუტის პარტია, რომელიც გრენლანდიას 30 წლის განმავლობაში მართავდა.

ეროვნული კერძი ქვეყანაში სუასატია– სელაპის მოხარშული ხორცი, რომელსაც ბრინჯითა და ხახვით კაზმავენ. შუქნიშნის დანახვა მხოლოდ დედაქალაქშია შესაძლებელი. გრძელი მანძილის დასაფარად ორი გზა არსებობს – საჰაერო (ვერტმფრენი/თვითმფრინავი) და საზღვაო (გემი). ქალაქებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები არ არსებობს.

გრენლანდიაში მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი ჩრდილოეთის ციალის დანახვა, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუკი ცა უღრუბლო და მოწმენდილია. არქტიკული ზაფხულის დროს მზე არასდროს ჩადის. ლულისატში ეს პერიოდი გრძელდება 25 მაისიდან 25 ივლისამდე. ივლისი ერთადერთი თვეა, როცა ტემპერატურა 0°-ზე ზემოთ ადის.

ფაქტები გრენლანდიაზე

● სტატუსი: დანიის თვითმმართველი ნაწილი

● მმართველი: დანიის დედოფალი მარგარეტ II

● მოსახლეობა: 56 615 (2012 წლის იანვარი)

● ეთნიკური ჯგუფები: 88% ესკიმოსები, 12% ევროპელები

● დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი: ნუუკი (გოტჰობი)

● ფართობი: 2.17 მილიონი კვ. კმ

● წყალი: არეალის 83.1%

● მთავარი ენები: გრენლანდიური და დანიური, უმეტესობას ასევე ესმის ინგლისური

● მთავარი რელიგია: ქრისტიანობა (85% ლუთერანია)

● სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 67 წელი მამაკაცებში, 72 წელი ქალებში

● ფულადი ერთეული: დანიური კრონი, რომელიც 100 ერესგან შედგება (1 დანიური კორნი = 18 აშშ ცენტს)

● მთავარი საექსპორტო საქონელი: თევზი, თევზის პროდუქტები, ცხოველის ტყავი

● ქვეყნის კოდი: +299

● დროშა: შეიქმნა 1985 წლის 21 ივნისს ესკიმოს ტუე ქრისტიანსენის მიერ. მისი განცხადებით, თეთრი ფერი ყინულოვან საფარველს გამოხატავს, ფიორდები კი წითლადაა სიმბოლიზებული. წრის თეთრი ნაწილი აისბერგებს უკავშირდება, წითელი ნაწილი კი ოკეანეს.

● გერბი: ლურჯ ფარზე პოლარული დათვია გამოსახული, რომელსაც მარცხენა თათი აქვს აწეული, რადგან ეს არსებები ცაციები არიან. თუმცა ოფიციალურ აღწერაში ეს დეტალი განსაზღვრული არაა. პოლარული დათვი გრენლანდიის ფაუნის სიმბოლოა, ლურჯი ფერი კი – ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების. გრენლანდიის სრული დამოუკიდებლობის მომხრეები ლურჯის ნაცვლად მწვანე ფონს იყენებენ.

გრენლანდიის ფოტოგალერეა

გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო

სამხრეთ გრენლანდიის პეიზაჟი

სკორსბი, მსოფლიოს უგრძესი ფიორდი

ფერადი სახლები ქალაქ იტოქორტურმიტში

Boeing 757-200 დაეშვა კანგერლუსუაკის აეროპორტში

ეკლესია ქალაქ ნანორტალიკში

ესკიმოსთა ოჯახი 1917 წელს

ქალაქ უპერნავიკის მოსწავლეები სწავლის პირველ დღეს ტრადიციულ სამოსში

45 მეტრი სიღრმის ყინულის კანიონი

X საუკუნის ხის ეკლესია კასიარსუკში

ტასერმიუტის ფიორდი

სტალაქტიტების მსგავსი საავდრო ღრუბლები

მყინვარის გამოქვაბული

გაზაფხულზე და ზაფხულში ყინული და თოვლი დნება, ჩნდება ბზარები ან ღრმულები და წარმოიქმნება ტბები, რომლებშიც დამდნარი წყალი ჩანჩქერივით იღვრება

იაკობშავნის ფიორდი და აისბერგი დამდნარი წყლისგან შექმნილი ტბორით

გამოქვაბულის გათხრა მყინვარში 90 მეტრის სიღრმეზე

იაკობშავნის მყინვარისგან მოწყვეტილი აისბერგი მზის ჩასვლის ფონზე

ნარვალებზე მონადირე ესკიმოსი კაიაკერი აისბერგებიან ფიორდში

ორი მასიური აისბერგის (60 მ სიმაღლის) შეჯახების მომენტი

ჩრდილოეთის ციალი გრენლანდიური ფიორდის თავზე

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button