ბიოგრაფია

აკაკი წერეთელი – ბიოგრაფია

1840 – 1915

პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.

აკაკის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი დაიწერა. 

ეს ჰიმნი მისი სიტყვებით იწყება:

”ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე – მთელი ქვეყანა.”

 ,,აი, ამ ქვიტკირის სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840 წელში~ – წერს აკაკი წერეთელი ,,ჩემს თავგადასავალში~.

აკაკი ზემო იმერეთში, საჩხერის მახლობლად სოფელ სხვიტორში როსტომ წერეთლის ოჯახში დაიბადა. მამამისი ჭეშმარიტი ქართველი თავადი იყო, ცოტა ახირებული ხასიათის, დედა დ ეკატერინე აბაშიძე, შრომისმოყვარე, მწიგნობარი, მეოჯახე და კარგი აღმზრდელი. როგორც იმ დროს იყო მიღებული, ჩვილი სოფელ სავანეში გააძიძავეს. ძიძის სიყვარული აკაკის ბოლომდე გაჰყვა და ,,ჩემს თავგადასავალში~ სასოებით იგონებს იმ პერიოდს, როცა სოფელში გლეხის ბავშვებთან იზრდებდა.

8 წლის აკაკი სასწავლებლად ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს. პირველივე დღეს თავი ცოდნით მოიწონა, თუმცა გიმნაზიაში გამეფებულ რუსიფიკაციას ვერ ეგუებოდა. გიმნაზია წარმატებით დაასრულა და 1859 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. პეტერბურგში ძმა ელოდა, რომელიც სამხედრო სასწავლებელში ირიცხებოდა.

მართალია, აკაკიმ ლექსების წერა ყრმობისას დაიწყო და  ცხრამეტისას რამდენიმე ლექსი დაბეჭდილიც ჰქონდა, მაგრამ პოპულარობა 1860 წელს ჟურნალ ”ცისკარში” გამოქვეყნებულმა ლექსმა ~საიდუმლო ბარათო~ მოუტანა. ახალგაზრდობა აღტაცებით შეხვდა პოეტს, რომელმაც უჩვეულო სიმსუბუქე, სისადავე და მელოდიურობა მოიტანა, თუმცა უფროსმა თაობამ მას წერის მანერა, ხალხური და მარტივი სტილი დაუწუნა.

აკაკიმ რუსეთში გაიცნო და ცოლად შეირთო ნატალია ბაზილევსკაია. ჯერ დაქორწინებ არ ჰქონდა განზრახული და, მით უმეტეს, უცხოელზე, მაგრამ ისე შეებრალა, კნიაჟნა ენიკეევას ოჯახში გაცნობილი ნატალია, რომელსაც უსიყვარულოდ ათხოვედნენ, რომ გადაწყვიტა, თვითმკვლელობისაგან ეხსნა და ცოლად შეერთო. დიდი წინააღმდეგობა ბაზილევსკაიას ოჯახსაც არ გაუწევია და ახალგაზრდა ქართველ თავადს ნატალიაზე ჯვრისწერის კურთხევა მისცა. სამწუხაროდ, აკაკის არც ცოლმა და არც ერთადერთმა ვაჟმა, ალექსანდრემ,  ქართული არ იცოდნენ და წაკითხული არ ჰქონდათ არ ერთი სტრიქონი პოეტისა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ”საქართველოს ბულბული” უწოდა. 

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1862 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა და  საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში ჩაება. თანამშრომლობდა ”ცისკარში”, ”დროებაში”, ”ივერიაში”. 60-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულ თაობას დაცინვით ”თერგდალეულები” შეარქვეს და სიგიჟე დააბრალეს, რადგან მათ უცხოეთის უნივერსიტეტებიდან ევროპული მსოფლმხედველობა, ესთეტიკა და პოლიტიკური შეხედულებანი ჩამოიტანეს. დაცინვით შერქმეული სახელი ახალმა თაობამ აიტაცა და ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და ისტორიის დასაცავად მდინარე თერგივით შეუპოვრობა გამოიჩინა. ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და სიტყვით თუ საქმით,  ქართველი ხალხის სულიერი აღორძონებისათვის, მათში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის იღვწოდა. როდესაც 1871 წელს ”მამათა და შვილთა ბრძოლა” განახლდა, ამ პაექრობაში აკაკიც  ჩაება, მწარე ლექსებით პასუხს სცემდა უფროს თაობას და ქართულ ენას იცავდა.

აკაკი გამორჩული იყო: ნიჭით, არაჩვეულებრივი გარეგნობით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით, დაუშრეტელი მახვილგონიერებით. მაგრამ არანაირ დიდებას არ ეტანებოდა, გარდა მწერლობისა, ნამდვილი პოეტივით ცხოვრობდა. ხან თბილისში იყო, ხან ქუთაისში. არასოდეს არანაირი სამსახური არა ჰქონია, თუმცა ფული მუდმივად აკლდა და მამული მუდმივად დაგირავებული ჰქონდა. არ ჰქონია საკუთარი ბინა, გარდა მამაპაპისეული სახლისა სოფელ სხვიტორში, სადაც დაიბადა და გარდაიცვალა.

აკაკის თაოსნობით 1880 წელს დაარსდა ”ქართული დრამატული საზოგადოება”, რომლის ხელმძღვანელიც ერთხანს თავად იყო, იმხანად თეატრი იყო ერთადერთი ადგილი, საიდანაც ქართული სიტყვა ისმოდა. აქტიურად მონაწილეობდა ”ვეფხისტყაოსნის” კომისიაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კითხულობდა საჯარო ლექციებს. დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. 1897 – 1900 წლებში გამოსცა საკუთარი ჟურნალი ”აკაკის თვიური კრებული”, სადაც დაბეჭდა ”ბაში-აჩუკი”, ”ჩემი თავგადასავალი”, ”გამზრდელი”, ”თორნიკე ერისთავი” და სხვა ნაწარმოებები.

პირველად სწორედ აკაკი წერეთელმა მიაქცია ყურადღება ჭიათურის მარგანეცს. მართალია, ამ საქმიდან თავად სარგებელი არ უნახავს.

აკაკის უყვარდა ზეიმი, ლხინი, სანახაობა, თუმცა ღვინოს არ სვამდა. ხიბლავდა სიმღერა, ცეკვა-თამაში, სიტყვაში შეჯიბრი. განსაკუთრებით ხალხური სიმღერა მოსწონდა. შეეძლო საათობით, თავდავიწყებით ესმინა გალობა.

აკაკის სალიტერატურო მოღვაწეობა მრავალმხრივია: ლირიკა, დრამა, ბელეტრისტიკა, პუბლიცისტიკა, ფელეტონი, ექსპრომტი, მაგრამ უპირველესად პოეტი იყო, ლირიკოსი. ყველაზე ძლიერად საქართველოს უმღეროდა. აკაკის სიტყვა ქართველ ხალხს სულის მოთქმად ექცა. მისი ახალი ლექსი უმალ ვრცელდებოდა და სიმღერად იქცეოდა.

აკაკიმ დათესილი სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ქართველმა ხალმა მადლიერება მრავალჯერ გამოხატა. მოღვაწეობის 50 წლისთავის იუბილეს გადახდა 1908 წლის 7 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო და  ქუთაისში, ბაქოში, პეტერბურგში, სტამბოლში, პარიზში გაგრძელდა. პოეტს საქართველოს თითქმის ყველა კუთხემ უმასპინძლა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული რაჭა-ლეჩხუმში თორმეტდღიანი მოგზაურონა იყო.  ეს შეხვედრა სახალხო დღესასწაულად იქცა. ხვდებოდნენ ისე, როგორც ბრძოლიდან გამარჯვებით დაბრუნებულ მთავარსარდალს.

გარდაიცვალა 75 წლის, გულზე განუყრელი „დავითნი“ ედო. სიკვდილის წინ ითხოვა, საკუთაი სახლისავე ეზოში დაეკრძალათ, მაგრამ სამუდამო განსასვენებლად მთაწმინდა მიუჩინეს. 1915 წლის 4 თებერვალს საჩხერიდან დაიძრა ძაძით შემოსილი 17 ვაგონიანი მატარებელი. გზადაგზა, თითქმის ყველა სადგურზე უამრავი ხალხი ხვდებოდა, შავი დროშებითა და ყვავილებით.

აკაკი წერეთელი  გარდაცვალებიდან 14 დღის შემდეგ დაკრძალეს. პროცესიას წინ ერთადერთი, სადა გვირგვინი მიუძღვოდა: ”აკაკის – საქართველო”.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button