ბიოგრაფიასაკითხავი

სილოვან ხუნდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

სილოვან ხუნდაძის სიძის, წინამდებარე ნაშრომის რედაქტორის, შესანიშნავი ქართველი მკვლევარის, პედაგოგისა და მამულიშვილის ნესტორ სპირიდონის ძე გაბილაიას (1896-1985) ნათელ ხსოვას უძღვნის ამ წიგნს მადლიერი ავტორი

ლევან ზ.ურუშაძე

მონოგრაფიაში დოკუმენტური საარქივო მასალების შესწავლის საფუძველზე აღწერილია გამოჩენილი ქართველი პედაგოგის, ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის სილოვან თომას ძე ხუნდაძის (1860-1928) ცხოვრება და მრავალმხრივი მოღვაწეობა, პიროვნებისა, რომელსაც ფასდაუდებელი ამაგი მიუძღვის ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფორმირებასა და განვითარებაში, XIX საუკუნის დამლევისა და XX ასწლეულის პირველი მეოთხედის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი: ნესტორ გაბილაია
რეცენზენტი: პროფ. დავით კაციტაძე

წინასიტყვაობა

მეტად კეთილშობილურ საქმეს მოჰკიდა ხელი წინამდებარე ნაშრომის ავტორმა. მრავალრიცხოვან საარქივო დოკუმენტებზე, ჩვენს ოჯახში დაცულ მასალებზე, გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა მოგონებებზე დაყრდნობით სილოვან ხუნდაძეზე მონოგრაფიული გამოკვლევის შექმნა პირველ ცდას წარმოადგენს ამგვარი ხასიათის ნაშრომის შედგენისა სახელოვან მამულიშვილზე. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა მკვლევარმა წარმატებით გაართვა თავი ამ პასუხსაგებ ამოცანას. ეს უფრო დასაფასებელია იმ მხრივაც, რომ პედაგოგიკა ან ლიტერატურათმცოდნეობა არ გახლავთ მისი სპეციალობა.
მე წილად მხვდა ბედნიერება 1926-1928 წლებში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ (სადაც უმაღლესი განათლება მივიღეთ და ჯვარი დავიწერეთ მე და ჩემმა მეუღლემ – ფატი ხუნდაძემ (1895-1978)), ახლო ურთიერთობა მქონოდა სილოვანთან. ეს თითქმის სამი წელი მასთან ურთიერთობისა ხელმეორედ უმაღლესი განათლების მიღების ტოლფასი გახლდათ ჩემთვის. ეს იყო მამულიშვილობის, კაცურ-კაცობის, საქმისადმი და მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულის ჭეშმარიტი უნივერსიტეტი. იგი იყო განსახიერება ერისკაცობისა, დასტური ამისა კი მთელი მისი ცხოვრებაა. იაკობ გოგებაშვილის უმცროსი მეგობარი და თანამებრძოლი იოსებ ოცხელთან ერთად დღენიადაგ ზრუნავდა ქართული ეროვნული სკოლის წინსვლისათვის. მისი ყოველი სიტყვა სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით იყო გაჟღენთილი. სხვათა შორის, მემარჯვენე-ფედერალისტი გახლდათ სილოვანი და აქტიური მონაწილე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა. სიცოცხლის ბოლომდე ორგანულად ვერ იტანდა სოციალ-დემოკრატებს, რომელთაც სამართლიანად სდებდა ბრალს დიდი ილიას მკვლელობასა და დამოუკიდებელი საქართველოს დაცემაში. უაღრესად პრინციპული იყო, შეურიგებელი იყო ბოროტებისა და მლიქვნელობისადმი, არავის აპატიებდა ეროვნული მეობის, ქართული ენის სიწმინდის ხელყოფას. ასეთი უტეხი და ზნემაღალი იყო სიცოცხლის ბოლომდე. ვინ მოსთვლის, რამდენი სიმწარე და უსამართლო დევნა განუცდია ყოველივე ზემოთქმულის გამო. აღსასრულიც გამწარებული ჰქონდა – სამარეში ჩაჰყვა შეურაცხყოფილი ეროვნული თავმოყვარეობის, დამოუკიდებლობის დაკარგვით, სასტიკი რეპრესიებით გამოწვეული დიდი ტკივილი.
და ბოლოს, ღრმად მწამს, წინამდებარე ნაშრომის გამოცემა, გამოცემა სილოვან ხუნდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობისა, რასაც ხელი უნდა მიჰყოს ქართულმა პედაგოგიურმა საზოგადოებამ, დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას.

ნესტორ გაბილაია
1984 წლის დეკემბერი
თბილისი

სილოვან ხუნდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

„პირველდაწყებითს სახალხო შკოლას მარტო ერთი წადილი უნდა ჰქონდეს, მარტო ერთი საგანი: მოზარდს თაობას მიანიჭოს ცოდნა იმ პატარა საწყაოთი, რომლის აუვსებლადაც შემდეგი განათლება და განვითარება შეუძლებელია. აი, ამაშია სული და გული პირველდაწყებითი შკოლისა“.
ილია

ქართველი ერის კეთილდღეობისათვის ზრუნვის, საერო საქმის წინსვლისა და განვითარებისათვის თავდადებული მოღვაწეობის ნათელი მაგალითია გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის უმცროსი თანამებრძოლისა და მის მიერ დაწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებლის სილოვან თომას ძე ხუნდაძის (1860-1928) მთელი ცხოვრება.
ეს იყო ადამიანი, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართული ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაფუძნებისა და მისი შემდგომი განვითარების კეთილშობილურ საქმეს და საერთოდ, –– ქართული სახალხო განათლების სისტემას, მეცნიერული პედაგოგიკის წინსვლას. დიდია მისი დამსახურება, როგორც პრაქტიკოსი და სწავლული პედაგოგისა, მრავალმხრივი საზოგადო მოღვაწისა – სკოლის გაეროვნულების მამულიშვილური საქმისა, რომელიც ასე ფართოდ გაიშალა ჩვენი საუკუნის დამდეგს.
სანამ შევეხებოდეთ უშუალოდ სილოვან ხუნდაძის მოღვაწეობას, ინტერესმოკლებული არ იქნება გავიხსენოთ, თუ რა მდგომარეობაში იყო მანამდე, სანამ იგი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდოდა, სახალხო განათლება საქართველოში.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ კი 60-იანი წლების დამდეგს, რუსეთში ადგილი ჰქონდა დიდი მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკურ ძვრებს, რაც, პირველყოვლისა, ბატონყმობის გაუქმებასთან იყო დაკავშირებული. ეს ის პერიოდია, როდესაც ეს-ეს არის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ ქართველი სამოციანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. რუსეთის მოწინავე იდეებს ნაზიარებნი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ფართო კულტურულ და საგანმანათლებლო მოღვაწეობას შეუდგნენ.
ქართველ სამოციანელთა, მათი ბელადის ი. ჭავჭავაძის ფასდაუდებელი დამსახურება მშობელი ერის წინაშე თვალნათლივი გახდება, თუ წავიკითხავთ აკად. ივ. ჯავახიშვილის სიტყვებს: „ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც მომავალში ქართული ისტორიოგრაფიის XIX საუკუნის ამბების შესწავლასა და აღწერას შეუდგება, ის ვალდებული იქნება ისიც აღნიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძე დიდებული იყო მარტო პოეზიასა და პუბლიცისტიკაში კი არა, ანდა კიდევ, მარტო ვითარცა ახალი სალიტერატურო ქართულის შემქმნელიც კი არა, არამედ, რომ საქართველოს ისტორიოგრაფიაშიც მას ისეთი ღვაწლი ჰქონია, რომლის დავიწყების უფლება არც ერთ ქართველს არა აქვს!“
სამოციანელებმა კიდევ უფრო მაღლა ასწიეს ძველი თაობის მიერ დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ცარიზმის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დროშა. სრულიად ახალმა ძვრებმა დადებითი ზეგავლენა მოახდინა ქართველი ერის სულიერსა და კულტურულ ცხოვრებაზე. ქართველ სამოციანელებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ბატონყმობის გაუქმებისათვის ბრძოლაში, რაც მეცხრამეტე საუკუნის 60-70-იან წლებში ბატონყმობის გაუქმებით (1864 წ.) დასრულდა.
დიდმა პატრიოტულმა სულისკვეთებამ უკარნახა ქართველ სამოციანელებს, მათ ბელადს, ილია ჭავჭავაძეს ეთქვათ ის, რაც სწამდათ, ეთქვათ გულწრფელად, მოურიდებლად, ძალ-ღონის დაუზოგავად, სწორედ პატრიოტიზმის ცეცხლმა აანთო მათი მოღვაწეობისა და შემოქმედების მარად უქრობი ჩირაღდანი, რომელმაც გზა გაუნათა თაობებს. გამოდიოდა რა რუსეთის ცარიზმის დამპყრობლურ-მჩაგვრელური პოლიტიკის წინააღმდეგ, კარგად ხედავდა რა მის არსს, ილია წერდა: „… რუსეთს არ ქონია და არც დღეის-აქამომდე აქვს გარკვეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, თუ სად თავდება უფლება ეროვნებისა და სად იწყება სახელმწიფოსი…“
თერგდალეულთა პატრიოტიზმს, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო ე. წ. ნაციონალ-შოვინიზმთან, რომელიც ერთა განკერძოებულობასა და ერის ინტერესების უგულებელყოფას გულისხმობს. ამ მხრივ სამოციანელები პირმშონი არიან ქართველი ხალხისა, რომელსაც მუდამ მაღლა ეკავა ერთა შორის მეგობრობისა და სოლიდარობის დროშა.
სწორედ სამოციანელთა თაოსნობით დაარსდა „კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება“ (1850 წ.), „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება“ (1864 წ.), „კავკასიის მუზეუმი“ (1865 წ.) და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. ყველაზე მთავარი კი მათ შორის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო, რომლის დაარსების იდეაც 60-იანი წლების დამდეგიდანვე ჩაისახა.
„… საქმის მდგომარეობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი მიზნის და წადილის მისაღწევად კერძო წრე უძლურია და საჭიროა ფართო საზოგადოება, ჯეროვანი წესდებულებით, რომელიც მთავრობის მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული და დაკანონებული“ – წერდა საზოგადოების გახსნის თაობაზე ქართული მეცნიერული პედაგოგიკის პატრიარქი იაკობ გოგებაშვილი.
საზოგადოების დაარსების მესვეურებმა ხელი მიჰყვეს წესდების შედგენას, რის შემდეგაც 1878 წლის 20 იანვარს ისინი შეკრებილან პოეტ გრიგოლ ორბელიანის ბინაზე. სწორედ ამ უკანასკნელის რჩევით ეწოდა საზოგადოებას „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. იაკობ გოგებაშვილი დაჟინებით მოითხოვდა წესდებაში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღების შესახებ მუხლის შეტანას.
1879 წლის 15 მაისს შედგა საზოგადოების პირველი ოფიციალური კრება, რომელმაც პირველ თავმჯდომარედ აირჩია დიდი ქართველი მამულიშვილი დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) – დიდი ილია, რომელიც მოგვიანებით თვითონ ასრულებდა თავმჯდომარის საპატიო მოვალეობას, მდივნად – ალექსანდრე სარაჯიშვილი, გამგეობის წევრებად კი – იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ვანო მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვანი, აგრეთვე საზოგადოების ნამდვილი წევრნი.
„… ამისთანა მაღალმნიშვნელოვანი საზოგადოება ჩვენში ჯერად არ დაბადებულა, მას დანიშნულებად აქვს არა რაიმე დაბალი საგანი, არამედ იმისთანა უძვირფასესი საუნჯე ადამიანისათვის, როგორიც არის ერის განათლება. იგი ემსახურება არა ერთ რომელსამე წოდებას ქვეყნისასა, არამედ ვალად იდებს ზრუნვას მთელს ერზედ“ – წერდა საზოგადოების დაარსებისას იაკობ გოგებაშვილი.
საზოგადოების დაარსებას აღფრთოვანებით შეხვდა დიდი ილიაც: „… გავა რამოდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფებს ნათელს ყოველ კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც აქნობამდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა…“
საზოგადოებამ არსებობის მანძილზე 40 სკოლა გახსნა საქართველოს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მათ შორის იყო შემდგომში სახელგანთქმული ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც საზოგადოების დაუღალავი მოღვაწეობის შედეგად დაარსდა 1880 წლის 3 თებერვალს. იგი ორი ათეული წლის მანძილზე არსებობდა, როგორც სათავადაზნაურო სკოლა და მხოლოდ 1900 წელს გადაკეთდა გიმნაზიად. სკოლის პირველ ზედამხედველად (დირექტორად) იმავე 1880 წელს დაინიშნა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ დიდად ზრუნავდა, აგრეთვე, სახელმძღვანელოთა გამოცემისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები. ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა საქვეყნოდ ცნობილმა სახელმძღვანელოებმა „რუსსკოე სლოვო“ და „დედა ენა“, არანაკლები მნიშვნელობისა იყო მისი „ბუნების კარი“. დიდად ფასეული იყო ივანე გომელაურის მიერ შედგენილი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, რომლებიც წარმოადგენდა პირველ ნაბიჯს ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის შედგენის საქმეში. ამ შესანიშნავმა წიგნებმა ფრიად შეუწყვეს ხელი ფართო მასების ჩვენს ეროვნულ სიტყვაკაზმულ მწერლობასთან დაახლოებას, ქართველი ერის თვითშეგნების ამაღლებას.
ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლასთან, შემდეგ კი გიმნაზიასთან არის დაკავშირებული სილოვან ხუნდაძის მეტად ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობა.
სილოვან თომას ძე ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს გურიაში, ოზურგეთის მაზრის (ამჟამად ჩოხატაურის რაიონის) სოფელ კალაგონში (რომელიც მდინარე ხევისწყლის ნაპირზე, ჩოხატაურიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს) მღვდლის თომა ხუნდაძის მრავალშვილიან ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ჯერ მარტვილის ცნობილ სკოლაში, შემდეგ კი ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიიღო. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ სასწავლებელში მის დროს სწავლობდნენ შემდგომში მეცნიერების სახელოვანი მოღვაწენი, აკადემიკოსები ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი. „სასწავლო უწყების ხელმძღვანელები ყოველთვის ქებით იხსენიებდნენ მოხსენებებში ოზურგეთის დაწყებით სასწავლებელს, რომელიც 60-იანი წლების მიწურულში სამაზრო სასწავლებლად გადაკეთდა. აქედან ბევრი მოწაფე ქუთაისის გიმნაზიაში (იგულისხმება კლასიკური გიმნაზია) იჭერდა გამოცდენს, მათ შორის შემდგომში ცნობილი მკვლევარნი და პედაგოგები – ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, სილოვან ხუნდაძე და სხვანი…“ (ტრ. ხუნდაძე).
1871 წელს 11 წლის სილოვანი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შედის, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1880 წელს. გიმნაზიაში სწავლისას სილოვანი დიდად გამოირჩეოდა თანატოლებში თავისი ნიჭიერებითა და მონდომებით. გიმნაზიის დამამთავრებელ წელს მისი თაოსნობითა და რედაქტორობით გამოვიდა მოსწავლეთა ხელნაწერ ჟურნალ „სამშობლოს“ ოთხი ნომერი, რომლებშიც მოთავსებული იყო მისივე რამდენიმე ლექსი და წერილი. ეს იყო სილოვანის პირველი ნაბიჯები, როგორც პოეტისა და ნიჭიერი პუბლიცისტისა.
იმავე 1880 წელს სილ. ხუნდაძე ცოდნის გაღრმავების მიზნით პეტერბურგს მიემგზავრება და სწავლას აგრძელებს ამ ქალაქის სახელგანთქმული უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, სადაც ისმენს გამოჩენილი მეცნიერების, მათ შორის, პ. ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელისა და სხვათა ლექციებს.
უნივერსიტეტში სწავლისას სილოვან ხუნდაძე აქტიურ მონაწილეობას იღებს პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს საზოგადოებრივსა და კულტურულ ცხოვრებაში, თვითშემოქმედებაში. ამ მხრივ საგულისხმოა ცნობილი ლიტერატორისა და მოღვაწის ი. მანსვეტაშვილის მოგონება, სადაც იგი იხსენებს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს მის მიერვე დადგმულ სპექტაკლში – ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, რომელიც მხატვართა კლუბში დაიდგა, ვანო მაჩაბელთან, დ. კეზელთან, გ. ანდრონიკაშვილთან და სხვებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს სილოვანიც ასრულებდა. ეს იყო მისი პირველი და, როგორც მისი ქალიშვილი ფატი ხუნდაძე აღნიშნავდა, უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.
1884 წელს სილოვანმა დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტი და უმალ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ იწყება მისი ორმოცწლოვანი, მეტად ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა.
1884 წლის დამლევიდან იგი რამდენიმე ხანს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში, შემდეგ კი გადაიყვანეს ქუთაისში – სათავადაზნაურო სკოლის მშობლიური და ფრანგული ენების (ამ უკანასკნელს იგი თავისუფლად ფლობდა) მასწავლებლად. როგორც უკვე ითქვა, ამ სასწავლებელთან იყო დაკავშირებული მთელი მისი შემდგომი მოღვაწეობა.
1900 წელს აღნიშნული სკოლის ბაზაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავდადებული მოღვაწეობის შედეგად და ამ საზოგადოების აქტიურ წევრთა – იოსებ ოცხელისა (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის (1860-1928) თაოსნობით დაარსდა ამჯერად უკვე ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. მართალია, გიმნაზია კერძო იყო და ისეთი უფლებებით არ სარგებლობდა, როგორიც სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს ჰქონდათ მინიჭებული (ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ სასწავლებელს არ ჰქონდა უფლება სასწავლო ოლქის წარმომადგენლის დასწრებისა და კონტროლის გარეშე გამოსაშვები გამოცდების ჩატარებისა და, რაც მთავარია, ატესტატის გაცემისა), მაგრამ თბილისის ქართულ გიმნაზიასთან ერთად მან განუზომელი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნულების და, საერთოდ, სახალხო განათლების განვითარების საქმეში. ორივე გიმნაზიის მოღვაწეობა, მოღვაწეობა მათი სახელოვანი პედაგოგებისა, ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული პედაგოგიკის, ჩვენი ეროვნულ მრავალსაუკუნოვანი კულტურის ისტორიაში.
ქართული ეროვნული გიმნაზიების არსებობის აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ 1870-იანი წლების შუა ხანებიდან აღნიშნავდა ილია ჭავჭავაძე. იგი წერდა: „ხომ ხედავ, ჩვენო ქართველობავ, რომ სხვა გზა არ არის შვილი გაზარდო, თუ არა ისევ შენის ღვაწლით და შენის ხარჯით. თვითოეულისათვის ცალკე ეგ ღვაწლი და ხარჯი სამძიმოა. რაც თვითოეულისათვის სამძიმოა, ეს ერთობას არ გაუჭირდება. შეიყარენით ერთად და ამ სატკივარს ერთი წამალი დასდეთ. უებარი წამალი კიდევ, უწინაც გვითქვამს, საკუთარი ქართული გიმნაზიაა. თუ თქვენის შვილებისათვის მართლა სიკეთე გინდათ, თუ გინდათ, რომ თქვენმა ქვეყანამ თქვენი სახელი ლოცვით და კურთხევით მოიხსენიოს, ამ აზრის აღსასრულებლად ნურას დაზოგავთ, ნურას დაიშურებთ. ნუ შეუშინდებით იმ ფიქრს, რომ გიმნაზიას დიდი გაძღოლა უნდა, ესე იგი დიდი ფული და ხარჯი. თვითოეულმა რომ ცოტ-ცოტა გამოვიღოთ, ყველასაგან ერთად საკმარისი ფული შედგება: ნათქვამია, ზღვა წვეთით არის შემდგარიო“.
ქუთაისის ქართული გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, პირველ ინსპექტორად კი – სილოვან ხუნდაძე. მათ გარდა აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პედაგოგები და მეცნიერების მოღვაწენი: სამსონ ყიფიანი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ვასილ წერეთელი (აკად. გიორგი და პროფ. თინათინ წერეთლების მამა), თომა მთავრიშვილი, სიმონ ოცხელი, ანდრო შუბლაძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, დომენტი ოყროშიძე, დიმიტრი უზნაძე, ალექსანდრე ჯანელიძე, გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე წერეთელი და სხვანი.
მთელი თავისი მრავალწლოვანი მოღვაწეობით სილოვან ხუნდაძე წარმოგვიდგება არა მარტო როგორც დიდებული აღმზრდელი და განათლების ფრონტის თავდადებული მებრძოლი, არამედ როგორც ეროვნული მოღვაწე, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი მშობელი ერის სიყვარული. XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევისა და 90-იანი წლებში ქართველ საზოგადოებას, ეროვნულ კულტურას მაჯლაჯუნასავით დასწოლოდნენ იანოვსკი, ლევიტსკი და მათი მსგავსი ველიკორუსული შოვინიზმით გაჟღენთილი მოხელენი, რომელნიც ყოველგვარი ხრიკებით წინ ეღობებოდნენ ყოველივე ეროვნულის წინსვლასა და განვითარებას, ცდილობდნენ დედაბუდიანად ამოეძირკვათ ქართული ენის სახსენებელი.
ამგვარი ვითარების ერთგვარ გამომსახველს წარმოადგენდა გლეხთა გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გლეხები მოითხოვდნენ ერისთვის სასურველი, სასარგებლო სკოლების გახსნას. ასე მაგალითად, 1882 წლის 11 მარტს გლეხებმა დაარბიეს სოფ. ჩხარის სკოლა. ამის შემდეგ მათ მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებით წერილში ვკითხულობთ: „ჩვენდა საუბედუროდ გავხსენით შკოლა განსაკუთრებულის პრიგოვორით, მაგრამ აგერ ცხრა წელია, რაც შკოლა არსებობს ჩვენშიდ, რომლის შესანახად გაგვიღია ხარჯი უმეტესი 2.630 მანეთისა, ხოლო სარგებლობა ამ შკოლიდან ვერაფერი დავინახეთ, რის გამოც – ესე ვითარი სასწავლებელი იქნეს გაუქმებული და მოსპობილი“. ასეთი ფაქტები ერთეულ ხასიათს როდი ატარებდა.
1884 წელს ქ. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი, ვინმე სმეკალოვი კავკასიის მთავარმართებელს წერდა: „გლეხებს მშვენივრად ესმით სწავლის მნიშვნელობა და არ უნდათ მხოლოდ ისეთი შკოლები, რომლებშიც ათი წლის გმოცდილებით ვერაფერს სწავლობენ“.
„თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ედგა სათავეში იანოვსკი საქართველოს სახალხო განათლების საქმეს. იგი იყო ერთი იმათგანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას ჩვენში“ – წერს პროფ. ტროფიმე ხუნდაძე.
იანოვსკი 1880 წელს შემდეგი შინაარსის ცირკულარს უგზავნის მის გამგებლობაში შემავალი სასწავლებლებისა და გიმნაზიების ხელმძღვანელებს: „კავკასიაში რუსული სკოლების დაარსება და ადგილობრივ მკვიდრთა მოზიდვა მასში სასწავლად უდაოდ ამ მხარეში რუსული ცივილიზაციის განმტკიცების უმთავრეს საშუალებად უნდა ჩაითვალოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, ეს ცივილიზაცია, რომელის მიისწრაფის შეჭრას ხალხში და ვითარდება რაციონალურად მოწყობილი შკოლის საშუალებით, წინათ აქ არსებულ ცივილიზაციაზე უფრო მტკიცე აღმოჩნდება, რომელთა შესაცვლელად ის აქ მოვიდა და რომელნიც დაიღუპნენ უმთავრესად გარემომცველ უვიც ტომებთან და ხალხთან საბრძოლველად კულტურულ საშუალებათა უქონლობის გამო“. ამ წერილის ყოვლად ალოგიკური, ველიკორუსული შოვინიზმით აღსავსე შინაარსი ცხადჰყოფს საქართველოს თანდათანობითი რუსიფიკაციის იმ მზაკვრულ გეგმებს, რომელიც იანოვსკის და მის შავრაზმელ დამქაშებს გააჩნდათ.
იანოვსკის ამგვარმა მოქმედებამ ქართველი მოწინავე საზოგადოების დიდი აღშფოთება და ერთგვარი გაკვირვებაც კი გამოიწვია, გაკვირვება იმის გამო, რომ ხსენებული მოხელე კავკასიის სახალხო განათლების „მესაჭის ტახტზე“ ასვლის ჟამს ფრიად იმედის მომცემ დაპირებებს, პროგრესული რეფორმების გატარების სურვილს გამოთქვამდა. ქართველი საზოგადოებრიობის ეს გაკვირვება გამოხატულია გაზეთ „დროების“ 1880 წლის 196-ე ნომრის მოწინავე სტატიაშიც, სადაც ვკითხულობთ: „… ჩვენ არ გვჯერა ამგვარი არაპედაგოგიური სურვილი ჩვენი სახალხო განათლების მთავრობისა, არ გვჯერა იმიტომ, რომ ამ სურვილის შესრულება იქნებოდა ყოველი პედაგოგიური წესის დარღვევა, იქნებოდა ყმაწვილების გონების დამახინჯება და დაბრკოლება და არა წარმატება ხალხის განათლებისა. არ გვჯერა კიდევ იმიტომ, რომ, რამდენადაც ჩვენ ვიცით და გაგვიგია, ახლანდელი მოთავე ჩვენი განათლების საქმისა ბ. იანოვსკი ისეთი კაცი არ არის, რომ სწავლა-განათლების საქმეში პოლიტიკურს ან რომელსამე სხვა მიზანს გამოეკიდოს, ხალხის განათლების საქმე შესწიროს ამ გარეშე მიზანს“.
გაზეთ „დროების“ 1880 წლის 254-ე ნომრის ფურცლებზე იანოვსკისადმი პასუხი გამოაქვეყნა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ სერგეი მესხმა: „… ქართველების სურვილები იგივეა, რაც ყველა ხალხისა – დაიცვას თავისი სამშობლო ენა, მამული, სჯული და სარწმუნოება. ეს სურვილი, მგონია, კანონიერია და ყოველი მმართველობა ეხმარება თავის ხალხს ამაში.
თქვენი სურვილი კი ისაა, რომ ქართველებს ქართული დაავიწყოთ, რომ პირველდაწყებით სკოლებში შესვლის უმალვე ყმაწვილებმა უცხო ენაზე სწავლა დაიწყონ; ეს სურვილი წინააღმდეგია როგორც სახელმწიფო ინტერესისა, აგრეთვე, რასაკვირველია, ნამდვილად, პოლიტიკა აურეველის პედაგოგიური ჭეშმარიტებისა“ – წერდა ავტორი რუსეთის შავრაზმელ მოხელეს.
იანოვსკის გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, აგრეთვე, ჩვენმა სახელოვანმა მამულიშვილმა დიმიტრი ყიფიანმა: „… თუ ეს აზრი არ შეიმუსრა, ბ. იანოვსკი შემცდარი კი არა, შემცოდავი იქნება ორგვარად: ჯერ რუსეთის წინაშე, რომ ერთი უერთგულესთაგანი ხალხის გაორგულება განუზრახავს, და მერე მეცნიერების წინაშე, რომ პედაგოგიკას ურღვევს დიდის მეცადინეობით შემუშავებულს კანონსა, რომელიც ბრძანებს: „წულს, ყრმას ჯერ საშინაო ენას ასწავლიდეთ და მერე საქვეყნოსაო“. ჩინგიზხანმა, ლანგთემურმა, შაჰაბაზმა, ნადირშაჰმა ვერ შემუსრეს ჩვენი ხალხოსნობა და ახლა თქვენ გინდათ შემუსროთ?!“ (გაზეთი „დროება“, 1880 წ., №262).
იანოვსკის და მის დამქაშებს საკადრისი პასუხი გასცა დიდმა ილიამ: „რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, სადაც სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი ცხოვრობენ, და მერე ისე, რომ თავიანთ მამა-პაპეულ წინა-წყალზედ შეჯგუფულნი არიან და არა შიგა-და-შიგ გაფანტულნი. ამიტომაც ერთ უდიდესს საპოლიტიკო საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვადასხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში, სათითაოდ, და მერე – როგორ უნდა მოთავსდნენ სახელმწიფოსთან…
რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული – ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეებისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელისამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო. უგუნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე მნიშვნელობას ანიჭებდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკვლიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო და, გვგონია, დიდი ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ახლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად, მოვა დრო, როცა უმეცარნი და ძალადმაცხონე მოხელეებიც კი დაინახავენ, რომ ჩეხს შეუძლიან თავისი სკოლა, თავისი შინაური საქმეები თავისის დედა-ენის შემწეობით მოაწყოს და ავსტრიის იმპერიის ერთობა ამითი არამც თუ შეირყეს, არამედ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს“ (1881 წ.).
იანოვსკის საყოველთაოდ ცნობილი სასწავლო გეგმა, რომელიც 1881 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საფუძვლად დაედო სასწავლო დაწესებულებებიდან მშობლიური ენის განდევნას, XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევს ფაქტიურად გაუქმდა, რითაც თითქოს შვება მიეცა ქართველთა დასნეულებულ გულს. ამის მიზეზი გახდა რუსული ენის გაკვეთილებზე ქართული ლექსიკის გამოყენება, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ჩვენი ეროვნული განათლების სისტემას ახალ ჯოჯოხეთად მოევლინა ცარიზმის მეორე ცივსისხლიანი მოხელის, იმხანად ქუთაისის სახალხო სკოლათა დირექტორის, ვინმე ლევიტსკის ახალი გეგმა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობასა და მასწავლებლებს სასწავლებელთა ტერიტორიაზე სასტიკად უკრძალავდა ქართულად ხმის ამოღებას, მაგრამ არ ისე იოლი აღმოჩნდა მისი განხორციელება, როგორც ეს ლევიტსკისა და მის დამქაშებს ეგონათ. მთელი ქართველი მოწინავე ინტელიგენცია, მთელი ერი ერთ მუშტად შეიკრა და ურღვევ კედლად გადაეღობა მათ შოვინისტურ ზრახვებს. ლევიტსკის სახელმძღვანელოს, მისი მეთოდისა და იდეების წინააღმდეგ გამოვიდა იაკობ გოგებაშვილი: „ … თავს ნებას მივცემ აღვნიშნო, რომ ლევიტსკის წიგნი, გარდა მეთოდის მიზანშეუწონლობისა, სავსეა მნიშვნელოვანი შეუსაბამობით, უსწორობით და არ არის აცდენილი მნიშვნელოვან შეცდომებს რუსულ ენაში“ – მიუთითა მან თავისი ერთ-ერთი გამოსვლის დროს. იმ პედაგოგთა შორის, რომლებმაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ცარიზმის მოხელეთა თვითნებობას, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი სწორედ სილოვან ხუნდაძეს ეკუთვნის. იგი იყო ერთი მოთავეთაგანი XIX საუკუნის მიწურულსა და ცხრაასიან წლებში ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში მეფის რუსეთის მჩაგვრელური პოლიტიკის წინააღმდეგ გაჩაღებული მოძრაობისა.
რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სილოვანის „ქართული გრამატიკითა“ და „ლიტერატურის სახელმძღვანელოებით“ იზრდებოდა და იწრთობოდა ახალი თაობები. საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ ზრუნავდა იგი ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის. ამის ნათელი მაგალითია მისი ზრუნვა ყმაწვილ ნიკო ლორთქიფანიძეზე (1880-1944) – შემდგომში გამოჩენილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე. სილოვანის ხელმძღვანელობით ემზადებოდა იგი გიმნაზიაში შესასვლელად. ენისა და ლიტერატურის მისმა სახელმძღვანელოებმა, შესანიშნავმა კერძო გაკვეთილებმა უსაზღვროდ შეაყვარა მომავალ მწერალს სამშობლო, ქართული ლიტერატურა… ვინ იცის, კიდევ რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება – დიდი პედაგოგის ხელში იზრდებოდნენ და იწრთობოდნენ მისი მოწაფეები, შემდგომში ქართული მეცნიერებისა და კულტურის დიდებული წარმომადგენლები, რომლებმაც მრავალჯერ ასახელეს საყვარელი მასწავლებელი, ცხოვრების პირველი მოძღვარი: აკადემიკოსები – გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, შალვა ნუცუბიძე, ვარლამ თოფურია, სიმონ ყაუხჩიშვილი, კონსტანტინე ერისთავი, პეტრე ქავთარაძე, გიორგი წერეთელი, ილია აბულაძე, დავით ლორთქიფანიძე, ირაკლი მიქელაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია; პროფესორები – კარპეზ დონდუა, ვარლამ დონდუა, ალექსანდრე წერეთელი, ტროფიმე ხუნდაძე, თვალსაჩინო მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე პავლე იაშვილი, მწერალი აკაკი ბელიაშვილი, სილოვანის ქალიშვილი – პროფესორი ფატი (მუჩუტო) ხუნდაძე, მწერალი, პროფესორი დ. წერეთელი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, მსახიობი კ. აბესაძე და მრავალი სხვა, რომელნიც მუდამ დიდი მადლიერებით მოიხსენიებდნენ საყვარელ მასწავლებელს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მათგანი მოგვიანებით სილოვანთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ გიმნაზიაში.
სილოვან ხუნდაძის ყოფილი მოწაფე, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც 1911 წელს დაასრულა ქუთაისის ქართული გიმნაზია, მრავალი წლის შემდგომ გულთბილად იგონებდა, რომ მის არჩევანზე – მწერალი გამოსულიყო, უდიდესი გავლენა მოახდინა სილოვანმა, რომ სწორედ მან შეაყვარა მშობლიური ლიტერატურა და ქართველ კლასიკოსთა მხატვრული სამყარო, დიდი ვაჟას გენიალური ქმნილებანი (ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვაჟა-ფშაველა გამსახურდიას უსაყვარლესი პოეტი იყო). მწერალი იმასაც აღნიშნავდა, რომ დიდი მგოსნის შემოქმედების, მისი ნაწარმოებების სტილისა და ენის შეფასებისას იგი მუდამ ერთგული იყო თავისი მასწავლებლის შეხედულებებისა.
აღსანიშნავია სილოვან ხუნდაძის ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი იყო აქტიური წევრი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სარგებლობდა მისი თავკაცის, დიდი ილიას პატივისცემით.
ილიას გარდა სილოვანს მეტად ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ქართველი ერის ისეთ ბუმბერაზ შვილებთან, როგორებიც იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი. მათთან ურთიერთობამ დიდი ზეგავლენა იქონია მის მთელ შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე.
1907 წელს წიწამურში მომხდარი ტრაგედია უდიდესი სულიერი ტრავმა იყო მისთვის. იმავე წელს დიდი გულისტკივილით გამოეხმაურა იგი თავისი დიდი მასწავლებლისა და უფროსი მეგობრის, საქართველოს „უგვირგვინო მეფის“ მუხანათურ სიკვდილს ვრცელი შრომებით – „ილია ჭავჭავაძის სახსოვრად“ და „მკვლელები და მცველები“, რომლებიც იმავე საბედისწერო წელს იქნა გამოქვეყნებული. არ შეიძლება მკითხველი არ შეძრას, არ დააღონოს ავტორის უსაზღვრო მწუხარებით აღსავსე სიტყვებმა. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ნაშრომი დოკუმენტურ ხასიათს ატარებს და მნიშვნელოვანი პირველწყაროა იმ ტრაგიკული მოვლენების შესასწავლად.
აღსანიშნავია სილოვან ხუნდაძის მგზნებარე სიტყვა მთაწმინდაზე, ილიას დაკრძალვის დღეს თქმული: „საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა, ის ცოცხალია და მარადის ცოცხალი იქნება ქართველი ერის გულსა და გონებაში! საქართველოს მტერნო, ნუ გიხარიათ! ილია ჭავჭავაძემ თავისი მოწამებრივი სიკვდილით თავისი დიდებული სახელი კიდევ უფრო განადიდა, კიდევ უფრო მკვიდრი, უფრო მშვენიერი ძეგლი დაიდგა! საქართველოს მტერნო, შეძრწუნდით! თქვენი საზარელი მკვლელობით თვით თქვენი თავი მოიკალით, თქვენი გული გამოიღადრეთ! ამიერიდან ქართველი ერი თქვენს საქმეებს დაგმობს, თქვენს სახელს ზიზღით მოიხსენიებს! ქართველო ხალხო, გონს მოდი, გამოფხიზლდი, გაარჩიე მტერი და მოყვარე. გარეშე მტრებმა ვერასოდეს ვერ შეძლეს შენი დამონება, შენი შერცხვენა, მხოლოდ შინაური მტრები შეიქმნენ შენი შემარცხვენელნი! ქართველებო, ნუ დაივიწყებთ შოთას სიტყვებს: „მოყვარე, მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია!“
ილიას გარდა სილოვანს მეტად ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ქართველი ერის ისეთ ბუმბერაზ შვილებთან, როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე. მასვე ხვდა წილად ბედნიერება 1884 წელს პირადად ახლოს გასცნობოდა თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთ მედროშეს, დიდ მამულიშვილსა და მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია სილოვანის მთელ შემდგომ ცხოვრება-მოღვაწეობაზე. მეტად მნიშვნელოვანი იყო სილოვანის პირადი წვლილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დაარსებაშიც (1909 წ.). 1900-იანი წლების დამლევს მისი და ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლების ინიციატივით მუშაობას შეუდგა იმთავითვე საკმაოდ პოპულარული ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, რომელმაც საგრძნობი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ფართო მასების საერთო განათლებისა და გონებრივი განვითარების საქმეში.
1913 წელს სილოვან ხუნდაძემ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებაში, აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში, როგორც გამგეობის უცვლელი წევრი. მანამდე კი, 1907 წელს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დაფუძნებისთანავე, ექვთიმე თაყაიშვილის პირადი წარდგინებით, იგი საზოგადოების ნამდვილ წევრთა პირველ შემადგენლობაში შეიყვანეს, რაც ნათელი დადასტურება იყო მისი დამსახურებისა. ეს ორგანიზაცია, თუ არ ვცდებით, ჩვენში იმხანად ერთადერთ აკადემიურ დაწესებულებას წარმოადგენდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში.
იყო რა ჭეშმარიტი პატრიოტი და მამულიშვილი, სილოვანი მუდამ მედგრად გამოდიოდა ქართველი ერის ინტერესების დასაცავად. ამ მხრივ იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ბელადების – დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძისა და სხვათა ღირსეული მემკვიდრე იყო. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ. ცარიზმის ველიკორუსული შოვინიზმით გაჟღენთილი მოხელეების დამპყრობლური პოლიტიკით შევიწროვებული მცირე ერები, როგორც ცნობილია, გამუდმებული ჩაგვრისა და დამცირების ობიექტს წარმოადგენდნენ, თუმც ბევრ მათგანს მრავალსაუკუნოვანი დიდებული კულტურა და სამაგალითო წარსული გააჩნდა. ჩვენი წინაპრები მუდამ ხმას იმაღლებდნენ ამ სოციალური და ეროვნული უსამართლობის წინააღმდეგ, რამაც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მეტად მწვავე ხასიათი მიიღო. ილია ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა მიერ გამოცოცხლებული ჩვენი ნაციონალური თავმოყვარეობა, მეობა ხშირად იჩენდა თავს. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ ბრძოლისა გახლდათ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანტირუსული ამბოხება 1905 წელს, რომელიც იმით დასრულდა, რომ იმავე წლის დამლევს მთავრობის მიერ გამოგზავნილმა დამსჯელმა ექსპედიციამ ჩვენი ერის დაუძინებელი მტრის ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით სისხლში ჩაახშო ეს ამბოხება, ცეცხლსა და მახვილს მისცა გურიისა და სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის არაერთი სოფელი. ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ნიკო ნიკოლაძესთან, თ. ჭავჭავაძე-ბაგრატიონთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად თავისი აღშფოთება ოფიციალურად გამოთქვა სილოვან ხუნდაძემაც. იგი ოცხელთან ერთად სათავეში ჩაუდგა ქუთაისის მოწინავე საზოგადოებასა და ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლებს. იგივე განმეორდა 1906 წლის იანვარ-თებერვალში, როდესაც ალიხანოვ-ავარსკი ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად იქნა დანიშნული.
1918 წელს ღვაწლმოსილი პედაგოგი დიდი სიხარულით შეხვდა ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრეთა ჯგუფის თაოსნობით თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. იგი ქართული მეცნიერების ტაძრის დაარსების სამზადისის უშუალო მონაწილეც იყო: 1917 წლის 17 მაისს ქუთაისში ქართული გიმნაზიის შენობაში შედგა სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მომავალი უნივერსიტეტის დაარსების საორგანიზაციო საკითხები. ივანე ჯავახიშვილისა და კრების თავმჯდომარის – იოსებ ოცხელის გარდა, სხდომას ესწრებოდა 23 პირი, რომელთაგან სილოვან ხუნდაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ სხდომის ქუთაისში ჩატარებისა. სწორედ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე შეიქმნა თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება – პირველი გაერთიანება, რომელსაც მომავალი უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისთვის ზრუნვა ევალებოდა.
1907 წელს, 1900 წლიდან თბილისში არსებული საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარულთა სამეცნიერო წრის საფუძველზე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) თაოსნობით დაარსდა (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგ) ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (1907-1927), რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის, საქართველოს სიძველეთა დაცვისა და კვლევის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საზოგადოების მოღვაწეობის მიზნები იმდროინდელი მოთხოვნებიდან მომდინარეობდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ საზოგადოების საქმიანობაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ვასილ ბარნოვი, დავით კლდიაშვილი, თედო სახოკია, კოტე მაყაშვილი, დავით სარაჯიშვილი, კალისტრატე ცინცაძე, ვასილ წერეთელი, მოსე ჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, დავით კაკაბაძე, კორნელი კეკელიძე, ლადო გუდიაშვილი, სიმონ ჯანაშია, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე წერეთელი და სხვა სახელგანთქმული მოღვაწენი.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი მეცნიერულ-კულტურული კერის შექმნამ აფიქრებინა ქუთაისის საზოგადოებას, რომ ქალაქში გახსნილიყო აღნიშნული საზოგადოების განყოფილება. ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციის ეს მოსაზრება ერთსულოვნად აიტაცა მთელმა ქალაქმა, შემდეგ კი მთელმა საქართველომ. წამომწყები ამ დიდი საქმისა კი იყო ქუთაისის ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელობა.
1911 წლის დამდეგიდან გიმნაზიასთან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი იოსებ ოცხელის, სილოვან ხუნდაძის, ტრიფონ ჯაფარიძის, ჯაჯუ ჯორჯიკიასა და რამდენიმე სხვა მოღვაწის შემადგენლობით. ამ პერიოდს დიდი სითბოთი იხსენებდა სილოვანის ქალიშვილი ფატი ხუნდაძე: „მაშინ გიმნაზიაში ვსწავლობდი. როგორც გიმნაზია, ისე ჩვენი ბინა ნამდვილ სააქტო დარბაზს წარმოადგენდა. აქ გიმნაზიის ხელმძღვანელობის გარდა იყვნენ ხოლმე კირილე ლორთქიფანიძე, გიორგი მაიაშვილი (ზდანოვიჩი), გრიგოლ გველესიანი, სიმონ ქვარიანი, ვუკოლ ბერიძე, ბიძაჩემი – რაჟდენ ხუნდაძე და სხვანი… მახსოვს, რამდენიმე შეკრებას აკაკი წერეთელიც დაესწრო. ხსენებული შეხვედრები იოსებ ოცხელის ბინაზეც იმართებოდა. ჩვენ – ახალგაზრდობა – აღფრთოვანებულები შევყურებდით ამ სჯა-ბაასს, რომელიც ქუთაისის მომავალი საისტორიო საზოგადოების დაარსების საჭირბოროტო საკითხებს შეეხებოდა. თუმცა ამგვარი სტუმრობების საქმიანი ნაწილის დროს მამა ოთახში შესვლას გვიკრძალავდა ხოლმე. მე მაინც ვახერხებდი მომესმინა მათი კამათი. შეკრებების უმეტესობა, ჩვეულებრივ, მხიარულად, იმედიანად სრულდებოდა. იმხანად ახალგაზრდა თაობას თავში ქარი გვიქროდა და ალბათ ვერ ვაფასებდით რეალურად ყოველივეს მნიშვნელობას. მოგვიანებით კი სავსებით ნათელი გახდა, რომ მომსწრენი ვიყავით ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებისა“.
1911 წლის ნოემბერში იოსებ ოცხელი ექთიმე თაყაიშვილს წერდა: „ისტორიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულმა რამდენიმე პირმა სურვილი გამოთქვა – კარგი იქნება, ქუთაისში დაარსდეს საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების განყოფილება.
ვინაიდან არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა წესდების ძალით ხსენებული განყოფილების გახსნა, გვსურს, ვიცოდეთ: ხომ არ შეუშლის ხელს ქუთაისში განყოფილების დაარსება თქვენს საზოგადოებას. უმორჩილესად გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ თქვენი აზრი და შეხედულება. ამასთან საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ, რომ ჩვენი სურვილია თქვენის ხელმძღვანელობითა და რჩევით თქვენთან ერთად მუშაობა“.
იმავე წლის 4 დეკემბერს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში შედგა ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის შეკრება, რომელზეც ოფოციალურად იქნა განხილული ქუთაისის საისტორიო საზოგადოების – საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების განყოფილების დაარსების საკითხები. ამავე შეკრებაზე დამსწრეთ გააცნეს ექვთიმე თაყაიშვილის საპასუხო წერილი. კრებამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება აღნიშნული საზოგადოების დაფუძნების თაობაზე. არჩეულ იქნა სპეციალური საორგანიზაციო კომისია წესდების შესადგენად სვიმონ ქვარიანის, სილოვან ხუნდაძის, ტრიფონ ჯაფარიძის, ალექსანდრე თორაძის, გრიგოლ გველესიანისა და ჯაჯუ ჯორჯიკიას შემადგენლობით. წესდების საბოლოო ვარიანტი, შედგენილი 1912 წლის გაზაფხულის დამლევს, კომისიამ მთავრობას წარუდგინა. ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ წესდება დაბრუნებული იყო თითქმის უცვლელი სახით.
1912 წლის 17 ივნისს წესდება ცენზურის მიერ იქნა დამტკიცებული.
1913 წლის 18 თებერვალს გაიმართა დამფუძნებელი კრება, არჩეულ იქნა საზოგადოების გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: გამგეობის თავმჯდომარე – ტრიფონ ჯაფარიძე, წევრები: ვიქტორ ასათიანი, ვუკოლ ბერიძე (მდივანი), გრიგოლ გველესიანი (მუზეუმის გამგე), რაჟდენ დათეშიძე, ვლადიმერ ვეკუა (მოლარე), სპირიდონ ლეკვეიშვილი, სვიმონ ქვარიანი, სილიბისტრო მარგველაშვილი, სამსონ ყიფიანი, ვლადიმერ წერეთელი, სილოვან ხუნდაძე, კონსტანტინე (ჯაჯუ) ჯორჯიკია.
დამფუძნებელი კრების შემდეგ, თებერვლამდე, გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრის სილოვან ხუნდაძის მიერ შედგენილი მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ: „წარსულის კულტურის შესწავლას ერის წინსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ერის ნამოქმედარი თვალწინ გვაქვს, რაც მასში კარგი მოიპოვება, იმით ვსარგებლობთ ხოლმე და თან ახალი გამოცდილებით ვავსებთ და ვაუმჯობესებთ, ხოლო თუ რაიმე ცუდი და შეცდომა ყოფილა, იმას გვერდს ვუვლით და ვერიდებით, ვასწორებთ და ამ სახით წარსული ცხოვრების ავიც და კარგიც ჩვენთვის ჭკუის მასწავლებელია, აწმყოს ცხოვრების მოწესრიგებისათვის და, აგრეთვე, მომავალი იდეალის დასახვისა და გათვალისწინებისათვის. ქალაქ ქუთაისში დაარსდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის მიზანსაც შეადგენს ჩვენი ძველი კულტურის კვლევა-ძიება, ხოლო დღეს-დღეობით, უმთავრესად, ძველი დროის სიმდიდრის, ხელნაწერებისა და სხვადასხვა სახის ნივთების მოძიება, შეგროვება და შენახვა. ამგვარივე საზოგადოება რამოდენიმე წელია თბილისშიც არსებობს და შეგნებულ ქართველთა ზნეობრივი მოვალეობაა ამ „საზოგადოებათა“ დიდ მიზანს ყოველნაირად ხელი შეუწყონ.
ძვირფასო თანამემამულენო! გულითადი თხოვნით მოგმართავთ ყველას, ვისაც ძველი ხელნაწერები, ან ძველი დროის ნივთები მოგეპოვებათ, ან სადმე გეგულებათ, მოაწოდოთ ყველაფერი ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას და საზოგადოება ყოველ ღონეს იხმარს დღეიდან ღირსეულად დაიცვას ისინი და ჩვენი ქეყნის მომავლის სასარგებლოდ და სასახელოდ გამოიყენოს“. ამ მოწოდებიდან თვალნათლივ ჩანს საზოგადოების გამგეობის და, კერძოდ, სილოვან ხუნდაძის ეროვნული სულისკვეთება, მოქალაქეობრივი მრწამსი.
ამ მიმართვამ მხურვალე გამოხმაურება ჰპოვა მთელ დასავლეთ საქართველოში. მალე მუზეუმსა და წიგნთსაცავში თავი მოიყარა მრავალფეროვანმა შემოწირულებამ იმერეთისა და სამეგრელოს, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის სხვადასხვა კუთხიდან. ეს კოლექცია დაამშვენა თვით სილოვანის მიერ შეწირულმა არაერთმა მნიშვნელოვანმა ექსპონატმა.
გარდა სიძველეთა შევსებისა, საზოგადოებამ თავისი არსებობის ცხრა წლის მანძილზე (1912-1921) მეტად შრომატევადი, შეიძლება ითქვას, ტიტანური შრომა გასწია ისტორიული ძეგლების: დასავლეთ საქართველოს ციხეების, ძველი ხიდებისა და ეკლესია-მონასტრების დაცვის, რესტავრაციისა და ნაწილობრივი შესწავლის მხრივ. საბოლოო ჯამში საზოგადოების არსებობის მანძილზე უკვე შექმნილი იყო მდიდარი წიგნთსაცავი და მუზეუმი. 1916 წლის დამლევისათვის ნამდვილ წევრთა საერთო რაოდენობა 250-ს აღწევდა.
1922 წელს საზოგადოების ბაზაზე დაარსდა ქუთაისის სახელმწიფო საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დღეს აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის სახელს ატარებს. არც ამ დროს ყოფილან პასიურნი საზოგადოების დამაარსებელნი…
1900-იანი წლების დამლევს სილოვან ხუნდაძისა და ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლების ინიციატივით მუშაობას შეუდგა იმთავითვე საკმაოდ პოპულარული ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, რომელმაც საგრძნობი წვლილი შეიტანა მოსახლეობის ფართო მასების საერთო განათლებისა და გონებრივი განვითარების საქმეში.
1916 წელს სილოვანი ერთი სულისჩამდგმელი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ჩამოყალიბებისა, რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემდეგ ქართული სკოლის წინსვლისა და აღორძინების უმძლავრეს კერად იქცა.
ცნობილია, რომ სილოვანი იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქუთაისში გამომცემლობა „მერანის“ დაარსებისა, რომელიც XX საუკუნის 10-20-იან წლებში აქვეყნებდა სასკოლო სახელმძღვანელოებსა და რიგ სხვა სახის ლიტერატურას. „მერანმა“ შეიმუშავა და გამოსცა თავისი მუშაობის გეგმა-წესდება, რომლის თანახმადაც: „… ამხანაგობის მიზანია გამოცემა ყოველგვარი ბეჭდვითი ნაწარმოების – სასწავლო წიგნების, სახელმძღვანელოების და ყოველნაირი სახით მათი გავრცელება სტამბის, ლითოგრაფიისა და სხვა საშუალებით“. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოგებიდან მიღებული მოზრდილი თანხა სისტემატურად ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნების განხორციელებას. თითოეული სახელმძღვანელოს სტილისტური რედაქტორის უმძიმეს მოვალეობას საკუთარი ინიციატივით სილოვანი ასრულებდა, ყურადღების მიღმა არ ტოვებდა არც ერთ წიგნს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
გარდა უანგარო საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, სილოვანი ფართო საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა. ასე მაგალითად, მისი დიდი შემწეობით 1900-იანი წლების შუა ხანებში ქუთაისში გაიხსნა მოზრდილი წიგნთსაცავი (ამჟამინდელი საჯარო ბიბლიოთეკა).
ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნის დამლევსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ წამოწყება, რომელშიც მხურვალე მონაწილეობა არ მიუღია სილოვან ხუნდაძეს.
იგი იყო დიდი მოჭირნახულე ქართული სკოლისა, ახალგაზრდობის ერთგული მეგობარი და მისი კეთილდღეობისათვის დაუღალავი მებრძოლი. 1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობასთან მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო მას ერთხანს გიმნაზიის დატოვება მოუხდა. აღნიშნულ წელს სასწავლო ოლქმა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურე-რევიზორად მიავლინა ქართველების დიდი მოძულე, ვინმე კორიცკი. მას არ მოსწონებია გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და ვითომდა ატესტატების „სიმცირის“ გამო ხელოვნურად, ჩაჭრის საშუალებით გადაწყვიტა მათი შემცირება. გიმნაზიაში მისვლისთანავე მან ხელი მიჰყო მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას. ქუთაისის მთელი მოწინავე საზოგადოება აღშფოთებული შეხვდა კორიცკის ამგვარ მოქმედებას. განსაკუთრებით შეძრწუნებულნი იყვნენ სილოვან ხუნდაძე და იოსებ ოცხელი, რომელთა მითითებით გიმნაზიის პედაგოგებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს ცივად შეხვედროდნენ და არ მისალმებოდნენ ქართველთმოძულე მოხელეს. მეორე დღეს სამასწავლებლოში კორიცკის სილოვანი დახვდა, რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა. სტუმარმა დამხვდურს ხელი გაუწოდა, მაგრამ… გაწვდილი ხელი ჰაერში შერჩა. სილოვანს ყურადღება არ მიუქცევია, ზურგზე ხელებდაწყობილი ბოლთის ცემას განაგრძობდა.
– ხეპრე თავი მეტისმეტად მაღლა აგიწევიათ, ახალგაზრდობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია და საფიქრალი, მათ მსხვერპლად ვერასგზით ვერ შემოგწირავთ. ასეთ ატესტატებს არ ვსაჭიროებთ, და საერთოდ, საიდანაც მობრძანებულხართ, იქ შეგიძლიათ მიბრძანდეთო – ცივად მოუგო მოსულს. ამგვარად პასუხობდა რა კორიცკის, სილოვანმა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად იცოდა, რომ მის ამ ნაბიჯს, მეტად რისკიანს და გაბედულს, უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. მართლაც, ზემოხსენებული მოხელის დაბეზღების შედეგად იგი დათხოვნილ იქნა გიმნაზიიდან. ეს ინციდენტი რუს ჩინოვნიკსა და ქართველ პედაგოგს შორის ნათლად მეტყველებს სილოვან ხუნდაძის სიწმინდესა და პრინციპულობაზე. ახალგაზრდა თაობისადმი უსაზღვრო სიყვარულმა ვინ იცის კიდევ რამდენი კეთილშობილური ნაბიჯი გადაადგმევინა მშობელი ერის მოჭირნახულე კაცს. ამის ერთი ნათელი მაგალითია თუნდაც მისი უანგარო ზრუნვა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველ სტუდენტობაზე, რომელთა საუკეთესო წარმომადგენელი იყო 1900-იანი წლების მეორე ნახევარში უმაღლესი განათლების მისაღებად მიუნჰენში მყოფი დამწყები მხატვარი, შემდგომში კი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე და ქართული ხელოვნების დიდი ქომაგი დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე უსაზღვრო სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებდა სილოვანს.
1908 წლის დამლევს სილოვანის წინადადებითა და მეცადინეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ფინანსური დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტთა ჯგუფისათვის, რომელშიც დ. შევარდნაძეც იყო. აი, რას წერდა სახელოვანი პედაგოგი ამ უკანასკნელს მისი სამადლობელო ბარათის პასუხად წერილში, რომლის თითოეული სიტყვაც ავტორის ამაღლებულ სულსა და დიდბუნებოვნებაზე მეტყველებს: „… შენს ბარათში შენ თვითონ ამბობ და ჭეშმარიტებაა, რომ შენის მხრივ მადლობა საზოგადოებისადმი, თუ ამ უკანასკნელს რაიმე ზრუნვა კი მიუძღვის შენზე, იმაში უნდა გამოიხატოს, რომ კურსის დასრულების შემდეგ ჩვენი საზოგადოების გონიერი წევრი იქნები და შეძლებისდაგვარად ერთიანად და ერთიასად დაუბრუნებ იმას, რაც მისგან მიგიღია. ასე რომ არ იყოს, ცხოვრება წინ ვერ წავა. დიდი აზრია შოთას სიტყვებში – „უხვად გასცემდე, ზღვათაცა შესდის და გაედინების“. საზოგადოება ვალდებულია უხვად გასცეს ახალგაზრდობის აღზრდისათვის, რადგან განათლებული, ნიჭიერი ადამიანები შეადგენენ ხალხის სიმდიდრეს, მის შვენებას…“ და აკი გამართლდა კიდეც დიდი მოძღვრის სიტყვები!
ამ ახალგაზრდებს შორის, რომელნიც მუდამ უსაზღვრო მადლიერებით იხსენებდნენ სილოვანის ზრუნვასა და მხარდაჭერას, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი მშობელ ერს, გვსურს დავასახელოთ აკადემიკოსები გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ქართული ფილოსოფიური აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი ბიძინა რამიშვილი და მრავალი სხვა.
ზემოხსენებული ინციდენტის შემდეგ თითქმის სამი წლის მანძილზე სილოვან ხუნდაძე კერძო გაკვეთილებს იძლეოდა გიმნაზიაში შემსვლელთათვის. ამავე დროს განაგრძობდა აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ერთგვარად უქარწყლებდა გიმნაზიის დატოვებით გამოწვეულ ტკივილს.
და აი, 1916 წლის დამლევს იგი კვლავ დაუბრუნდა საყვარელ სასწავლებელს.
საგულისხმოა წერილი, რომელიც ამ ინციდენტიდან ორი წლის შემდეგ მისწერა სილოვანმა კავკასიის ოლქის მზრუნველს, ვინმე რუდოლფს:
„Тифлис. Учебный округ, Попечителю Рудольфу.
Милостивый государь! Вопреки вашему желанию, я восстановлен в своей должности. Вы домогались моего унижения перед вашим позорным чиновником, бывшим депутатом Корицким. Подобный вам судья недостойн руководить святым делом образования. Унижавший честных служителей народа, надеюсь, сам будет унижен и наказан.
Силован Хундадзе“.
1923 წელს მოწინავე ქართველი საზოგადოება ემზადებოდა სახელოვანი მამულიშვილის სილოვან ხუნდაძის საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავად. ქუთათურ და თბილისურ პრესაში გამოქვეყნდა კიდეც რამდენიმე წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით. გაზეთ „ტრიბუნის“ 1923 წლის 578-ე ნომერში დაიბეჭდა სილოვანის წერილი „იუბილეს შესახებ (ჩემი პასუხი)“, რომელშიც კატეგორიული უარი განაცხადა ყოველგვარი ზარ-ზეიმისა და საიუბილეო საღამოების მოწყობაზე, აღნიშნა რა, რომ მისადმი ერთადერთი გამოხატულება და გაწეული ამაგის დაფასება იქნებოდა მისი ნაწერების კრებულის სახით გამოცემა.
1925 წელს ამაგდარი პედაგოგი პენსიაზე გავიდა.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა ჯერ კიდევ ჯან-ღონით აღსავსე – 68 წლისა, 1928 წლის 12 მაისს.
სილოვან ხუნდაძის მოღვაწეობაში, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიყოს მისი საქმიანობა, როგორც ქართული საერთო-სახალხო ენის დამკვიდრებისა და სალიტერატურო ენის ნორმების დასაცავად მებრძოლისა.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საფუძველთა საფუძველს, როგორც ცნობილია, დიდი ილიას, აკაკისა და იაკობ გოგებაშვილის მიერ შემუშავებული ენობრივი სტრუქტურა წარმოადგენს თავისი გრამატიკული წესებითა და უმდიდრესი ლექსიკური ფონდით.
ქართული ენის სიწმინდის დასაცავად ჯერ კიდევ 1890-იან წლებში „კვალისა“ და „ივერიის“ ფურცლებზე მწვავე სჯა-ბაასი და კამათი გაიმართა, რომელშიც იაკობ გოგებაშვილთან, გიორგი წერეთელთან, მოსე ჯანაშვილთან, დუტუ მეგრელთან, აკაკი წერეთელთან ერთად სილოვანიც იღებდა მონაწილეობას. მას მტკიცედ სწამდა, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა არის უმთავრესი იარაღი იმისათვის, რომ განსწავლული, ფართოდ განათლებული იყოს თითოეული ქართველი, რომ სალიტერატურო ქართულის ნორმათა მტკიცედ დადგენის გარეშე გარდაუვალია პარალელური, დიალექტური ხასიათის ფორმათა არსებობა. ყოველივე ამისათვის კი, მისი აზრით, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტად იქნეს ლოტერატურაში გამოყენებული ენა ჩვენი კლასიკოსებისა, უნდა ვერიდოთ ცოცხალი, საერთო-სახალხო ენისაგან დაცილებული ხელოვნური ფორმების ხმარებას.
„საოცრად მკაცრი და გოროზი იყო მამა, როდესაც საქმე ქართული ენის სიწმინდეს შეეხებოდა, მის შელახვას არავის აპატიებდა. თუ სადმე ქართველი კაცისგან თქმულ ჟარგონს მოკრავდა ყურს, ისე განიცდიდა, როგორც დიდ უბედურებას… ასეთივე სულისკვეთებით აღზარდა თავისი მოსწავლეებიც. ისინიც, თავისი მასწავლებლის მსგავსად, ისეთი მშვენიერი ქართულით მეტყველებდნენ, რომ, ალბათ, დღევანდელი ახალგაზრდისათვის მათ მიერ ნათქვამი სანახევროდ გაუგებარი იქნებოდაო“ – იგონებდა ფატი ხუნდაძე.
ქართულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს პედაგოგის თხზულებანი: „ქართული მართლწერა“ (ქუთაისი, 1913), „ქართული გრამატიკა“ (თბილისი, 1921), „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“ (ქუთაისი, 1927).
ქართული ზმნისადმი, მისი კანონზომიერებისადმია მიძღვნილი სილოვან ხუნდაძის მონოგრაფიული ხასიათის შრომა „ქართული ზმნები“, რომელიც ქართული ენის გრამატიკის ამ საკითხისადმი მიძღვნილ პირველ ვრცელ გამოკვლევას წარმოადგენდა და 1891 წელს დაისტამბა ქუთაისში.
სილოვან ხუნდაძის მიერ შედგენილი თავისი დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „ქართული გრამატიკა“ (ნაწ. I, II) გამოიცა 1921 წელს თბილისში. მისი პირველი გამოცემა განხორციელდა 1904 წელს ქუთაისში და პირველ ცდას წარმოადგენდა აღნიშნულ დარგში სახელმძღვანელოს შედგენისა. ოთხი წლის მანძილზე ეუფლებოდნენ მოსწავლეები აღნიშნული წიგნით ქართულ ენას, სწავლობდნენ მის გრამატიკულ სტრუქტურას, სახელმძღვანელო V-VIII კლასების მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი. ოთხივე სასწავლო წლისათვის თანმიმდევრულად, სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით გათვალისწინებით იყო იგი განაწილებული. პირველ წელს შეისწავლიდნენ სახელებსა და მათ ბრუნვას, ზმნებს, სინტაქსს, მათ კანონზომიერებებს; მეორე წელს – ფონეტიკურ წესებს, ზედსართავსა და ნაცვალსახელებს. შედარებით ვრცლად და ფართოდ იყო წარმოდგენილი ზმნა (გვარი, სახითა და კილოთი). მოსწავლეები ამჯერად უფრო ღრმად შეისწავლიდნენ სინტაქსს. მომდევნო წელს კვლავ ზმნები და სინტაქსი შეისწავლებოდა. მეოთხე – კურსის დამამთავრებელ წელს ბავშვები საფუძვლიანად ეუფლებოდნენ ფონეტიკის ძირითად მოვლენებსა და წესებს, და რაც განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას – სხვა არც ერთ სახელმძღვანელოში არ გვხვდება – ხუნდაძის გრამატიკის კურსის ბოლოში გარკვეული ადგილი ეთმობა რიგ საკითხებს პოეტიკისა, ძველი ქართული სამწერლობო ენის ძირითად ფორმებს და, საერთოდ – ძველი ქართული ენის მიმოხილვას. ამ დღევანდელ სახელმძღვანელოებთან შედარებით მცირე მოცულობის კურსში საოცრად კონცენტრირებული სახით, თანმიმდევრობის მტკიცე დაცვით იყო წარმოდგენილი ქართული ენის ძირითადი გრამატიკური კანონზომიერებანი.
აქვე უნდა აღინიშნოს სილოვან ხუნდაძის მიერ ქუთაისში 1927 წელს გამოცემული მოზრდილი ნაშრომი „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“, რომელიც 1901 წ. გამოცემული მისი „სალიტერატურო ქართულის“ შევსებულსა და შესწორებულ გამოცემას წარმოადგენს. ეს გახლდათ ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნებული უკანასკნელი შრომა (როგორც ითქვა, იგი 1928 წელს გარდაიცვალა).
„… არც ერთს სალიტერატურო ენაში არ არის ფორმების იმისთანა მრავალგვარობა, როგორც დღეს ქართულში არსებობს. ძველად ჩვენი მწერლების ენა თითქმის არ ყოფილა ერთმანეთისაგან განსხვავებული, და დღეს კი რამდენი მწერალიც არის, იმდენი განსხვავებული ფორმაა და სიტყვების თუ წინადადებათა სხვადასხვაგვარი წყობა.
ამ მრავალფეროვნების მიზეზი ის არის, რომ ხალხს ენის ფორმები თანდათან შეუცვლია, მწერალნი კი ამ თანდათანობას არ მიყოლიან: ზოგი უძველეს ფორმებზე შეჩერებულა, რადგან იმათთვის შეუჩვევია თვალ-ყური, ზოგს კი უახლესი ფორმები შეუთვისებია და იმათ აძლევს უპირატესობას.
ზემოხსენებულ მწერალთა შორის დიდად შემცთარი არიან ისინი, რომელნიც ფიქრობენ, რომ ახლანდელი სამწერლო ენის ფორმები ძველებურ წიგნებში უნდა ვეძებოთ, თუგინდ ის წიგნი „ვეფხის-ტყაოსანი“ იყოს. ძველ სახელოვან მწერალთა ენით, რასაკვირველია, უნდა ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი ენის განვითარებას, მის პროგრესულ წინსვლას არ ეწინააღმდეგებიან.
როგორც ხალხის ცხოვრება, მისი სოციალური წყობილება დროთა ბრუნვის მიხედვით იცვლება, – ისე იცვლება ხალხის ენაც… „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“-ო – ამბობს გრ. ორბელიანი თავის ლექსში. უკუღმა უნდა ვთქვა: „ერი დაეცეს, – ენაც წახდეს“-ო, რადგან, როგორც ახლა ვთქვი, ენის სიკეთე თუ სიცოცხლე ერის ავკარგიანობაზეა დამოკიდებული“-ო – წერს წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი და უკვე მისი ეს პატარა შესავალი-ექსკურსი ნათლად მეტყველებს წიგნის მთელ შინაარსზე, მის აგებულებაზე, თვალნათლივ მიგვანიშნებს ავტორის ჩანაფიქრსა და საწადელზე, და არ შევცდები თუ ვიტყვი – მისი მთელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრწამსზე.
ფორმათა მრავალგვარობის ერთ-ერთ მიზეზს ავტორი საქართველოს სხვადახვა კუთხეთა არსებობაში, მის გეოგრაფიულ პირობებშიც ხედავს, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ურთიერთისაგან განსხვავებული კილოკავების არსებობას. მაგრამ, ამავე დროს, ავტორი როდი ეწინააღმდეგება, როდი „ილაშქრებს“ კილოკავების არსებობის წინააღმდეგ, არამედ მიუთითებს, რომ ამავე დროს საჭიროა ჩამოყალიბდეს, დამკვიდრდეს ყველა კუთხისათვის საერთო ქართული სალიტერატურო ენა.
„ … ჩვენი მწერალნიც თავის თხზულებებში ხშირად იმ ფორმებს ხმარობენ, რომლისთვისაც პატარაობიდან სმენა შეუჩვევიათ, ე. ი. თავისი კუთხის ენას. ამ მხრით განსაკუთრებით საქართველოს აღმოსავლეთის ნაწილის მწერალნი იქცევიან თავისუფლათ, და რა სიტყვასაც ან ფორმას თავის სოფელში ყურს მოკრავენ, ყველაფერი ლიტერატურულ ენაში შეაქვთ. ეს მათი საქციელი იმ ცრუ აზრზეა დამყარებული, რომ ლიტერატურული ენა თავიდანვე ჩვენი კუთხის ენა ყოფილაო და დღესაც ის უნდა იქნესო…
ჩემი აზრიც ლიტერატურული ენის შესახებ ეს არის: 1) ქართველი ლიტერატორი რომლისამე ერთი კუთხის ენით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, არამედ ყურადღებას საქართველოს ყოველი კუთხის ენას უნდა აქცევდეს და იმათგან უსაჭიროესი სიტყვები უნდა გამოკრიფოს და უკეთილხმოვანესი ფორმები იხმაროს; 2) ჩვენი მწერალნი აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ – სიტყვების ცვალებასა და წინადადებათა წყობაში ერთგვარი ფორმები იხმარონ, ერთგვარი კანონებით იხელმძღვანელონო“ – სამართლიანად დასძენს სილოვან ხუნდაძე და მტკიცედ სწამს, რომ ახლო მომავალში ამას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რომ ქართველი მწერლები არ დატოვებენ უყურადღებოდ მის, ჩვენი აზრით, მართლაც და მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებას. და თუ დღეს ამ საქმეს ესოდენი ყურადღება ექცევა, თუ შექმნილა ასე თუ ისე მაინც მყარი საერთო-სახალხო ქართული სალიტერატურო ენა, ამაში სილოვან ხუნდაძის – ამ საქმის ერთ-ერთი მესაძირკვლის მნიშვნელოვანი წვლილიცაა.
„მაშ ვიზედ ან რაზე დავემყაროთ, იკითხავს გაოცებული მკითხველი“ – წერს წინასიტყვაობის დასასრულს ავტორი – „ჩემი პასუხია: არავიზე და ყველაზე. არავიზე, რადგან თითოეული პიროვნება, მწერალ-მგოსანია თუ მკვლევარი, შეუძლებელია შეუცთომელი იყოს, და ყველაზე, ვინაიდან თითოეულ მათგანს ენის რომელიმე დარგში შესაძლოა თვალსაჩინო წვლილი ჰქონდეს შეტანილი. საქმე – და სერიოზული საქმე ის არის, რომ ეგ თვალსაჩინო წვლილები სრული შეგნებითა და წმინდა სინდისით შევაფასოთ და ავარჩიოთ, სხვადასხვა წალკოტში გაფანტულ ია-ვარდებს თავი მოვუყაროთ – და ამ სახით შევადგინოთ და შევკონოთ ის მშვენიერი სურნელოვანი თაიგული, რომელსაც სალიტერატურო, სამწერლო ენა ეწოდება…“
წაიკითხვათ წინასიტყვაობას და, როგორც ითქვა, ყველასათვის ნათელი გახდება წიგნის ძირითადი მიზანი, მისი მეტად საპატიო მისია ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ჩამოყალიბება-დაცვის მამულიშვილურ, საერო საქმეში.
ავტორი ზედმიწევნით აშუქებს ქართული ენის გრამატიკის, მართლწერის წვრილმან საკითხებსაც კი, წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეტიმოლოგიას. არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი და ნაცვალსახელი, ზედსართავის არსებით სახელთან ერთად ბრუნება, თანდებულები, ზმნები, სინონიმები, ფონეტიკა – თანხმოვან ბგერათა კლასიფიკაცია და თვისებანი; ცალკე თავად არის გამოყოფილი კეთილხმოვნება, რომელსაც ავტორი დიდ ყურადღებას აქცევს. იგი წინასიტყვაობაშივე დასძენს: „ … იმის უარყოფაც შეუძლებელია, რომ ყოველის კულტურული ერის სალიტერატურო ენაში კეთილხმოვნებას, როგორც მუსიკაში ჰარმონიას, მცირე ადგილი არ უჭირავს…“. ავტორი ასე განმარტავს სიტყვის კეთილხმოვნებას: „კეთილხმოვანი სიტყვა ის არის, რომელიც გამოსათქმელად ადვილია და სმენისათვის სასიამოვნო“. აქვე გვაძლევს ქართული ენის კეთილხმოვნობისათვის არსებულ წესებსა და კანონებს. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა სინტაქსის კანონებს (შემასმენლის შეთანხმება ქვემდებარესთან, მსაზღვრელი სიტყვა, დროთა შეთანხმება). სილოვან ხუნდაძე ყურადღებას ამახვილებს რუსიზმებზე ქართულ ენაში, უცხო წარმოშობის სიტყვებზე, საუბრისა და კითხვის კილოზე, პოეტიკის საკითხებზე, კერძოდ კი „ლიცენცია პოეტიკაზე“, ფრაზეოლოგიაზე. ყოველ თავსა და ქვეთავს ერთვის დამატებანი, რომლებიც ქართულ გამოთქმათა, სიტყვათა მართლწერას ეხება. ავტორი უხვი რაოდენობით იშველიებს ქართული მხატვრული სიტყვის კლასიკოსთა ნაწარმოებებს.
სილოვანის შეხედულებებს ქართულ ენაზე, მის კანონებზე არც თუ იშვიათად ეყრდნობოდნენ და იყენებდნენ ქართული ლიტერატურის გამოჩენილი მოღვაწენი. ერთ-ერთ მათგანია უახლესი ქართული პოეზიის პატრიარქი გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თვით ახლოს იცნობდა სილოვან ხუნდაძეს: „ჩვენში გამეფებულა აზრი, რომ ქართული სიტყვები გამოთქმაში ხმით ამაღლებას თხოულობს, მაგრამ ისე გამოჩენილად არა, როგორც, მაგალითად, ფრანგულსა, რუსულსა და სხვა ენებში“. სიტყვებში ხმის ამაღლებას შემდეგი კანონი აქვს: 1) ორმარცვლოვან სიტყვებში ხმის ამაღლება ბოლოდან მეორე მარცვალზე მოხვდება ხოლმე, 2) სამმარცვლოვანსა და საზოგადოთ მრავალმარცვლოვან სიტყვებში კი ბოლოდან მესამე მარცვალზე (კაცი, ქალი, კაცები, ქალები). პირველი მკრთალია, მეორე კი არა (ს. ხუნდაძე, გრამატიკა)“ (გ. ტაბიძე. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. XII, თბ. 1975, გვ. 163).
გამოდიოდა რა ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დასაცავად, გამოჩენილი ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი არც თუ იშვიათად სწორედ სილოვან ხუნდაძის დებულებებს ეყრდნობოდა.
ამრიგად, ძნელი არ არის დავრწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას აძლევდა სილოვან ხუნდაძე ქართული სიტყვის, ქართული ენის სიწმინდესა და შეურყვნელობას. ზემოთქმულს თვალნათლივ ადასტურებს ორ გამოჩენილ მოღვაწეს – სილოვან ხუნდაძესა და აკაკი შანიძეს შორის პაექრობა, დავა, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების დამლევსა და 30-იანი წლების დამდეგს შედგა და ქართული გრამატიკის საკითხებს, სილოვანის „ქართული გრამატიკის“ გამოცემის საკითხს ეხებოდა. მიუხედავად აკაკი შანიძის იმჟამად უკვე საკმაოდ დიდი ავტორიტეტისა, ს. ხუნდაძემ შეძლო დაემტკიცებინა თავის რიგ დებულებათა და მოსაზრებათა მართებულობა.
პედაგოგის ცხოვრება-მოღვაწეობის ხანგრძლივი, ძიებებით აღსავსე გზა არ ყოფილა ვარდებით მოფენილი. ქართული გრამატიკისა და ჩვენი ეროვნული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის კანონზომიერებათა შესახებ მისეულ მოსაზრებებს სხვა მოწინააღმდეგენიც მრავლად ჰყოლია, მათ შორის ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწენიც. ზოგი ფორმას უწუნებდა, ზოგიც გრამატიკული წესების უვიცობას სწამებდა, მაგრამ ჟამთა სვლამ, დროის წინაშე ჩინებულად ჩაბარებულმა გამოცდამ ცხადჰყო დიდი მამულიშვილის მოსაზრებათა დიდი ნაწილის ჭეშმარიტება, და რაც ყველაზე სასიამოვნოა, თვით მისმა ყოფილმა მოწინააღმდეგეებმაც კი აღიარეს მათი სისწორე.
როდესაც ლაპარაკია სილოვან ხუნდაძის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი ქართული ლტერატურის სახელმძღვანელოები, რომლებიც შვიდ ნაკვეთად იქნა გამოცემული ქუთაისში 1914-1921 წლებში. ეს არის კრიტიკულ-ბიოგრაფიული თემატური ნარკვევები რიგ გამოჩენილ ქართველ მწერალთა შემოქმედებაზე. ეს ნაკვეთებია:
1) „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, 1914 წ.
2) „რაფიელ ერისთავი“, 1918 წ.
3) „გრიგოლ ორბელიანი“, 1917 წ.
4) „ვახტანგ ორბელიანი“, 1918 წ.
5) „აკაკი წერეთელი“, 1918 წ.
6) „ილია ჭავჭავაძე“, 1919 წ.
7) „შოთა რუსთაველი“, 1921 წ.
ეს გახდათ ივანე გომელაურისა და სერგი გორგაძის სახელმძღვანელოების შემდეგ მესამე ცდა ქართული ქრესტომათიის შედგენისა.
„ … დიდი ხანია ჩემს მოწაფეებს ქართულ ლიტერატურს ჩემ მიერ შედგენილი ხელნაწერი კონსპექტებით ვასწავლი. სამწუხაროდ, დღესაც არ მოგვეპოვება იმისთანა წიგნი, რომ მოწაფეებისათვის სახელმძღვანელოდ გამოდგეს და მწადია, ხსენებული კონსპექტებით ვისარგებლო და ნაწილ-ნაწილ შევავსო და გამოვცე თითოეულის ჩვენი მწერლის ცხოვრებისა და ნაწერების მიმოხილვაო“ – წერდა სილოვან ხუნდაძე სახელმძღვანელოს პირველი ნაკვეთის წინასიტყვაობაში. ამ სიტყვებიდანაც თვალნათლივ ჩანს სახელოვანი პედაგოგის ზრუნვა ახალგაზრდობისათვის ქართული ლიტერატურისადმი, ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ნაწარმოებებისადმი სიყვარულის ჩანერგვისათვის. აღნიშნული სახელმძღვანელოების, ნარკვევების გამოცემა დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმდროინდელი ქართული საზოგადოების კულტურული და სულიერი ცხოვრებისა, რამეთუ ეს გახლდათ პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის შესადგენად. როგორც ავტორის წინასიტყვაობა, აგრეთვე გამოცემები მიგვანიშნებენ, სილოვანს განზრახული ჰქონდა ქართული სიტყვაკაზმული კლასიკური ლიტერატურის ყველა ძირითადი წარმომადგენლის ცხოვრება-მოღვაწეობის წარმოდგენა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების (საფიქრებელია, ჯანმრთელობის შერყევის) გამო თავისი ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოუხერხებია, მაგრამ ის, რაც მან ამ ჩანაფიქრის ნაწილის განხორციელების, ხორცშესხმის შედეგად დაგვიტოვა, რაც მან ამით იმდროინდელი სახალხო განათლებისთვის გააკეთა, ყოვლად საკმარისია მისი სახელის არდავიწყებისა და უკვდავყოფისთვის. ქართველ მწერალთა და მგოსანთა შემოქმედების განხილვასთან ერთად ამ სახელმძღვანელოთა შექმნისას სილოვან ხუნდაძის მიზანს შეადგენდა მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ჩაესახა სამშობლოსადმი, მრავალტანჯული საქართველოსადმი უსაზღვრო სიყვარული, გაეღვიძებინა მათში ეროვნული თვითშეგნება. სილოვან ხუნდაძის მიერ გადადგმულ ამ კეთილშობილ ნაბიჯს – ახალგაზრდობისათვის ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის შედგენას – მშობელი ერისადმი წრფელი, წმინდა სიყვარული ედო საფუძვლად. თითოეული ნაკვეთის აგებულება ლოგიკურ ძაფს მისდევს, მათში თანმიმდევრულად არის გაშუქებული მწერლის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების სხვადასხვა მხარე, შემოქმედების კრიტიკულ-მხატვრული ანალიზი, ეპოქის მოკლე დახასიათების შუქზე მოცემული მწერლის მოღვაწეობის საერთო, თუ შეიძლება ითქვას, ანალიზი, ავტორის საერთო დასკვნები.
თითოეული ნარკვევის ღრმა შინაარსი, წერის მაღალი კულტურა თვალნათლივ მიგვითითებს ავტორის როგორც შესანიშნავ ლიტერატურულ და მჭერმეტყველურ, ასევე უზადო პედაგოგიურ ნიჭსა და ალღოზე, მის ბრწყინვალე მეთოდიკურ აზროვნებასა და მრავალმხრივ განსწავლულობაზე. მართალია, რიგი შეხედულებანი სილოვანისა დღესდღეობით საკმაოდ მოძველებულია, მაგრამ დღეს მათში ყურადღებას იპყრობს თვით ბრწყინვალე ქართული ენა ავტორისა, რისი მეოხებითაც აღნიშნული ნარკვევები შეიძლება სიტყვაკაზმული მწერლობის შესანიშნავ ნიმუშებად ჩაითვალოს. რაც შეეხება შეხედულებათა მოძველებას, ეს როდი აყენებს სილოვან ხუნდაძის პიროვნებას ჩრდილს, მით უმეტეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ცდა ქართული ლიტერატურის ქრეტომათიის შედგენისა.
ავტორი თითქმის ყოველ ნარკვევში მიმართავს ლიტერატურული პარალელების ხერხს. ასე მაგალითად, მეექვსე ნაკვეთში, სადაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-შემოქმედებაა განხილული, სილოვანი ურთერთს უპირისპირებს ილიასა და გიორგი წერეთლის რეალიზმს, ილიას „მუშასა“ და გრიგოლ ორბელიანის „მუშა ბოქულაძეს“ და სხვ. სილოვანმა პედაგოგთაგან ერთ-ერთმა პირველმა ყოველ ნაკვეთს ბოლოში საკონტროლო საშინაო დავალებანი დაურთო, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია სასკოლო-პედაგოგიური პრაქტიკისა და რასაც, ჩვენი აზრით, ყოველი სწავლული-პედაგოგი და სკოლის მასწავლებელი უნდა მიმართავდეს.
საყურადღებოა სილოვან ხუნდაძის – ამ ზნემაღალი, თავის სამშობლოსა და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის ერთი გამონათქვამი: „ … თითოეული პიროვნება, მწერალ-მგოსანია თუ მკვლევარი, შეუძლებელია შეუცთომელი იყოს…“ და თუ სილოვანი სავსედ, სრულად, ლამაზად ლაპარაკობს ქართველი მწერლის ღირსებაზე, ქვეყნისათვის გაწეულ დამსახურებაზე, იგი თვალს არ ხუჭავს არც მის სისუსტეზე, რაც დიდად ფასეულია – უმჯობესია ადამიანმა სხვის „სუსუსტეებზე“ ისწავლოს ჭკუა…
სილოვან ხუნდაძის „ნიკოლოზ ბარათაშვილის“ ნაკვეთში ვკითხულობთ: „ძია გრიგოლს ხშირად უგზავნიდა ხოლმე გენიოსი დისწული თავის ახალ ლექსებს და თან შეკითხვის კილოთი წერდა: „არ ვიცი ეს ლექსი როგორ მოგეწონებაო“. არც ჩვენ ვიცით, ამ მხრით მაინც რა ყურადღებას აქცევდა და… როგორ ამხნევებდა უკვე გამოცდილებით სავსე ბიძა; ხოლო ის კი ვიცით, რომ ნივთიერად შეძლებულ ძიას ფიქრადაც არ მოსვლია, ნიჭიერი დისწულის წყურვილი სწავლა-განათლების განგრძობის სფეროში დაეკმაყოფილებინა და მისი წარჩინებული ნიჭის განვითარებისა და გაფურჩქვნისათვის ხელი შეეწყო.
სამსახურში დიდათ დაწინაურებულსა და მთავრობის სფეროებში გავლენიან ბიძას, როგორცა ჩანს, იმაზედაც არ უზრუნვია, რომ სიღარიბეში მყოფი დისწული-მგოსანი სამსახურში მაინც დაეწინაურებია. ნიკოლოზი გულნატკენი ყოფილა ბიძის მხრით მისადმი უყურადღებობის გამო…“ ნიკოლოზ ბარათაშვილი ბიძამისს წერდა: „… კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილას. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის. ეცადე, რომ რეენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის! ვიცი – დაგავიწყდა… მაგრამ არა, არ დაგვიწყნია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება…“
მე აქ იმას დავამატებდი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი სიკვდილშიაც უიღბლო გამოდგა – დედა ეფემიამ შვილის საფლავზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხა მისვლა…
აღსანიშნავია ისიც, რომ აკაკის მიერ ნათქვამის – „ენას გიწუნებ, ფშაველოო“ – საპირისპიროდ სილოვან ხუნდაძემ 1921 წელს გამოქვეყნებულ წერილში ხაზგასმით, ნათლად უჩვენა ვაჟა-ფშაველას გენიოსობით დაღდასმული განუმეორებელი სიდიადე, უჩვენა ის, რომ ვაჟა მისი უსაყვარლესი პოეტია და სწორედ მისი ენის თავგამოდებული თაყვანისმცემელი და დამცველია.
ვაჟა დიდებული იყო აკაკისადმი პასუხშიც:
ბევრი ვიფიქრე ძალიან
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო,
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა…
… დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
მე არც ერთს ენას არ ვწუნობ,
თუა ქართულის გვარისა,
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა…
… ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.
წყლულები საქართველოსი
გაიგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯერა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე, იცოდეს ყველამა…
… სამშობლოს სამსახურისთვის,
ჩანგი გიკურთხოს ზენამა.

სახელმძღვანელოებს წითელი ზოლივით გასდევს ავტორის მეტად ჰუმანური იდეები, რომელთა მიხედვითაც ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული უმართებულო მოსაზრება ცალკეულ ეროვნებათა გაუქმების შესახებ. ავტორი, მართალია, წინააღმდეგია ყოველგვარი სოციალური უთანასწორობისა, მაგრამ, ამავე დროს, დარწმუნებულია, რომ, როგორც ბუნებაა მრავალფეროვანი და თვალწარმტაცი თავისი ბორცვებითა და კორდებით, ათასნაირი მცენარეებით, მთებითა და ტყეებით, ტბებითა და ზღვებით, ასევე, სანამ კაცობრიობა არსებობს, სანამ დედამიწაზე ადამიანი სულდგმულობს, მანამდე იარსებებენ სხვადასხვა ერები, რომ ყოველ ერს რაღაც არნახული, განუმეორებელი შეაქვს კაცობრიობის საგანძურში.
ჩვენი აზრით, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს მეშვიდე ნაკვეთი, რომელშიც ორ ასეულ გვერდზე შოთა რუსთაველის პიროვნება, მისი უკვდავი ქმნილება „ვეფხისტყოსანი“, ფეოდალური საქართველოს ისტორიის ის ბრწყინვალე ხანაა განხილული, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა კულტურამ და მეცნიერებამ განვითარების ზენიტს მიაღწია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი საუკეთესო რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგანი და რაოდენ სამწუხაროა, რომ იგი, ისევე როგორც სახელმძღვანელოს სხვა ნარკვევები და, საერთოდ, მათი ავტორის მეცნიერულ-პედაგოგიური და პუბლიცისტურ-სალიტერატურო მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი, დღევანდელი ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლექსსა და მოთხრობას, აგრეთვე 1982 წელს გამოცემულ რუსთველოლოგიური რჩეული ლიტერატურის III წიგნს, სადაც ზემოხსენებული შრომის მხოლოდ მცირეზე მცირე მონაკვეთია წარმოდგენილი). უნდა ითქვას, რომ ამ მასალის ნაწილის მაინც გამოცემა დიდი ისტორიული და აღმზრდელობითი მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა.
გადმოცემებისა და თვით პოემაში არსებული მცირე ცნობების მოშველიებით ავტორი ცდილობს მკითხველს წარმოუდგინოს გენიალური პოეტის შთაგონებული სახე, მისი ცხოვრება-მოღვაწეობა. შემდეგ იგი ეხება საკითხს პოემის ორიგინალობის შესახებ და გამოთქვამს საყურადღებო და მართებულ შეხედულებებს მის ირგვლივ: „… ეჭვი „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალობის შესახებ თვით ამ პოემიდან, მისი „წინასიტყვაობიდან“ წარმოდგა, სადაც შემდეგია ნათქვამი:
„ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქენ საჭოჭმანები“.
შემდგომ ავტორს მოჰყავს საკუთარი შეხედულებანი პოემის ორიგინალობის შესახებ: „ა) პოემა რომ პირდაპირ სპარსულიდან ნათარგმნი იყოს, თუნდაც პროზიდან „ლექსად გარდათქმული“, ამისთანა საქმეზე არ ითქმის „საჭოჭმანები“ (ე. ი. სახელოვანი, სასახელო); ბ) სპარსულ ლიტერატურაში ვერც ვახტანგ მეექვსემ (სპარსული ენისა და ლიტერატურული მწერლობის ჩინებულმა მცოდნემ) და ვერც სხვებმა ვერ იპოვეს იმისთანა ნაწარმოები, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დედნად ჩაითვლებოდეს; გ) სპარსულ ლიტერატურაში რომ „ვეფხისტყაოსნის“ დედანი, ვთქვათ, ოდესმე ყოფილიყო და დაკარგულიყო, შეუძლებელია სპარსეთის მაღალ წრეებში მაინც და მწერლობაში იმის შესახებ რაიმე გადმოცემა, ტრადიცია არ დარჩენილიყო, ნამდვილად კი, როგორც ცნობილია, „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ იქ არავითარი გადმოცემა არ არსებობს; დ) ამ სახით, რაკი „დედანზე“ ლაპარაკისათვის საფუძველი არ მოიპოვება, „წინასიტყვაობიდან“ ზევით მოყვანილი ხანა, შესაძლოა, ასე გავიგოთ: ჩვენმა მგოსანმა რაიმე სპარსული სიუჟეტით, „სპარსული ამბავით“, ზეპირთქმულობით ან პროზად დაწერილით ისარგებლა და მას ქართული „თარგმანება“ შეუფარდა, ე. ი. ქართული ეროვნული სული შთაბერა, იგი საკუთარი პოეტური ფანტაზიითა და შემოქმედებით განავითარა და შიგ საკაცობრიო აზრები და გრძნობები გამოსახა, საკაცობრიო ტიპები შექმნა. ამისთანა საქმე მართლაც „საჭოჭმანო საქმეა“, სასახელო დიდებული საქმე: ამისთანა საქმეს სრულიადაც არ ამცირებს და არ ჩრდილავს ის გარემოება, რომ მწერალი დედააზრს საიდანმე სესხულობს, როგორც არ დაჩრდილავს ამ გარემოებას დიდებული შექსპირი, რომელმაც თავისი ტრაგედიებისათვის იტალიური ნოველებით (მოთხრობებით) ისარგებლა“-ო – წერს ავტორი და ძნელია მას ყოველივე ამაში არ დაეთანხმო. იგი სავსებით სამართლიანად უკავშირებს პოემაში აღწერილ ამბებს, მის შინაარსს რუსთველისდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრებას, მის ისტორიულ სინამდვილეს. ავტორი უკვდავ პოემასთან ერთად ზედმიწევნით იცნობს ქართველი ხალხის ისტორიულ წარსულს, ისტორიკოსის ალღოთი და თვალთახედვით აფასებს ამა თუ იმ მოვლენას.
ამავე შრომაში ავტორს მოჰყავს საკუთარი, ასევე სავსებით მართებული, მისაღები დებულებანი თამარ მეფის პიროვნებასთან, მის ცხოვრებასთან „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის კავშირის დასამტკიცებლად, იგი პარალელებს ავლებს თამარსა და თინათინს, თამარსა და ნესტან-დარეჯანს, გიორგი რუსსა (თამარის პირველი მეუღლე) და ხვარაზმშას შვილს შორის და ა. შ.
სილოვან ხუნდაძე სამართლიანად დასძენს, რომ მიუხედავად „ვეფხისტყაოსნის“ სპარსული ლიტერატურის ძეგლებთან გარეგნული მსგავსებისა, შინაარსობრივად პოემა წმინდა ქართული, ღრმად ეროვნულია.
ავტორი პარალელებს ავლებს საბერძნეთის ფილოსოფიური აზროვნების კლასიკოსის პლატონის მოძღვრებასა და რუსთველის მსოფლმხედველობას შორის: „შოთა იცნობს დასავლეთის, საბერძნეთის ფილოსოფოსებს და, თანახმად პლატონის მოძღვრებისა, ქადაგებს, რომ „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“-ო…“ აქვე უნდა ითქვას, რომ ავტორს მართებულად მიაჩნია ხმარება „რუსთველისა“ და არა „რუსთაველისა“.
შრომაში ვხვდებით საყურადღებო შეხედულებებს პოემაში მეგობრობის, მიჯნურობის, პოემის სიუჟეტის, ენა-სტილის, ქალის კულტის შესახებ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ავტორი წერს: „რაინდული წეს-ჩვეულება, სხვათა შორის, ქალისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას მოითხოვდა და ქალის კულტი ქართველ ხალხში მე-12 საუკუნეში იმდენად მომწიფებული ყოფილა, რომ ქალის გამეფება, ქვეყნის მმართველად დასახვა არავის წინააღმდეგობას არ იწვევს და „ვეფხისტყაოსანში“ ამ საგნის შესახებ გამოთქმული აზრი ვეზირებისა სრულიად საფუძვლიანად და დროის შესაფერისად უნდა ჩაითვალოს:
„თუმცა ქალია ხელმწიფედ, – მართ ღვთისა დანაბადია,
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია,
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია,
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“…
საყურადღებოა, აგრეთვე, სილოვან ხუნდაძის მოსაზრება რუსთველის ნეოპლატონისტური შეხედულებების შესახებ. ავტორი რუსთველს ნეოპლატონისტ-ფილოსოფოსს, მის უკვდავ ქმნილებას კი ფილოსოფიურ მოძღვრებას უწოდებს. „… თვით შოთა რუსთველიც ხომ ფილოსოფოსია, პოეტი ფილოსოფოსი და მთელი მისი პოემა ნეოპლატონური მოძღვრების ერთგვარი განმარტება და გამოხატულებაა; ხოლო სენტენციების სახით ეს მოძღვრება განსაკუთრებით ავთანდილის „ანდერძშია“ გამოთქმული, სადაც ავთანდილი მეფე როსტევანს უმარტავს, თუ რას ავალებს ადამიანს სამართლიანი და პატიოსანი განწყობილება მოყვასის მიმართ (მოიგონეთ, რა არის აქ ნათქვამი სიყვარულსა, ძმობასა და სიმართლეზე)“ – წერს სილოვანი.
ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოთა გამოცემით სილოვან ხუნდაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმხანად ქართული სახალხო განათლების განვითარებაში. მათ გარდა პედაგოგმა არაერთი შესანიშნავი ნაშრომი და სტატია უძღვნა ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა შემოქმედების ამა თუ იმ მხარეს. 1921 წელს ნიკო ლორთქიფანიძის რედაქციით ალმანახ „კრებულის“ პირველ ნომერში მოთავსებული შესანიშნავი წერილი „ვაჟა-ფშაველას პოეზია“ ერთი მათგანია. ვაჟა სილოვანის უსაყვარლესი პოეტი და პიროვნება ყოფილა. ზემოხსენებულ წერილში განხილული და დახასიათებულია გენიალური მგოსნის პოეტური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები, ნათლად არის წარმოსახული მათი ადგილი ქართული და მსოფლიო ლიტერატურის „ოქროს ფონდში“. აქვე გვსურს შევნიშნოთ, რომ წერილის ავტორი იყო თავგამოდებული დაცველი ვაჟას ენისა, რაც შესანიშნავად აღნიშნა თავის მოგონებაში კონსტანტინე გამსახურდიამ.
მეტად ნიშანდობლივია ს. ხუნდაძისა და მის თანამოაზრეთა დაუღალავი ზრუნვა მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველმხრივი განვითარებისათვის, ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მათ სურდათ აღეზარდათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანი და ერის მოყვარე, რაც იმხანად, მეფის რუსეთის ბიუროკრატიის მხრივ საოცარი აღვირახსნილობისა და შევიწროვების პირობებში, ერისშვილთა უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა. ამაზე ნათლად მეტყველებს მრავალრიცხოვანი ლიტერატურული დილა-საღამოები, სხვადასხვა სახის კლასგარეშე ლექციები, რომლებიც ქართული გიმნაზიის მესვეურთა ხელმძღვანელობით იმართებოდა და რომელთა მიზანსაც მოსწავლეთათვის სამშობლოსადმი, ერისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულების ჩანერგვა შეადგენდა, და აკი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილის სახელები, მათი მოღვაწეობა ოქროს ასოებითაა ჩაწერილი მშობელი ერის სახელოვან ისტორიაში.
იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე და სხვა მასწავლებლები გიმნაზიისა ყოველმხრივ ცდილობდნენ ადრეული ასაკიდანვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაებათ ახალგაზრდები. ერთი ასეთი მაგალითია 1910 წელს მათი თაოსნობით მოწყობილი ქუთაისის მოსწავლეთა შეხვედრა აკაკი წერეთელთან მისი მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნის საზეიმო დღეებში. ხუთი წლის შემდეგ კი, 1915 წელს, მგოსნის გარდაცვალების გამო, მათივე ხელმძღვანელობით ჩატარდა აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდებული ლიტერატურული დილა, რომელიც, მიუხედავად ტრაურისა, პოეზიის ჭეშმარიტ ზეიმად იქცა. სწორედ ამგვარ შეხვედრა-საღამოებზე შედგა ჩვენი ლიტერატურის მრავალი სახელოვანი წარმომადგენლის დებიუტი. ახალგაზრდები სცემდნენ საკუთარ ხელნაწერი კედლის გაზეთს, რომლის ფურცლებზეც, მოგვიანებით, ბევრი ნიჭიერი პუბლიცისტი თუ კრიტიკოსი დაოსტატდა. მასწავლებლები ყოველგვარ პირობებს ქმნიდნენ იმისათვის, რომ თითოეულ მათ აღსაზრდელს ნიჭის სრულად გამოვლენა შეძლებოდა.
ასევე არანაკლებია სილოვანის დამსახურება ახალგაზრდა, მძლავრი პედაგოგიური კადრების აღზრდისა და შერჩევის, მათი დახელოვნების საქმეში. მისი სიძე, მიუნჰენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სამი ათეული წლის მანძილზე თბილისის უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი ნესტორ გაბილაია აღნიშნავდა: „ … სილოვანის ხელში დაოსტატება მეორეჯერ უმაღლესი განათლების მიღების, მეორე უნივერსიტეტის ტოლფასი იყო. ბევრს არ შეეძლო მთელ ლექციაში იმის თქმა, რაც მის ერთ წინადადებას ძალუძდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ცოცხალს ბოლოში მივუსწარი, მასთან გატარებული ეს სამიოდე წელიწადიც ჩემთვის დიდი ცხოვრებისეული სკოლა იყო“-ო. 1911 წელს სწორედ ამაგდარი პედაგოგის მონდომების შედეგად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად მიიწვიეს შემდგომში პედაგოგიური აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი ანდრო შუბლაძე. მისივე ხელში გაიარეს პეგაგოგიური წრთობა იმხანად გიმნაზიის მასწავლებლებმა, მოგვიანებით კი ჩვენი ეროვნული მეცნიერების კორიფეებმა: გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი უზნაძემ, ალექსანდრე წერეთელმა, ცნობილმა ლიტერატორმა ჯაჯუ ჯორჯიკიამ და სხვებმა.
ზემოთ რამდენჯერმე აღვნიშნეთ ს. ხუნდაძის მჭერმეტყველების შესახებ, რის დასტურადაც გვსურს მოვიშველიოთ ერთი ნაწყვეტი მისი ლიტერატურის სახელმძღვანელოდან: „… შოთას პოეზია შეუდარებელია: თვისი გმირების სულის მოძრაობას მგოსანი ისეთი სინამდვილითა და სისრულით გვიხატავს, რომ ვერც ერთი მსოფლიო გენიოსი-პოეტი, ჰომეროსია იგი თუ შექსპირი, მას ვერ გადაუდგება. შოთას პოეტურ სტრიქონებში მოჩუხჩუხე წყაროსავით ჩქეფს გრძნობა მხიარული გულისა და ჭექა-ქუხილივით მოისმის სევდიანის, დამწვარი ცემა გულისა“.
სილოვან ხუნდაძის მოღვაწეობაში ცალკე უნდა გამოიყოს მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური და პოეტური მოღვაწეობა. პუბლიცისტურ სარბიელზე იგი XIX ასწლეულის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან გამოვიდა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში („ივერია“, „კვალი“, „თემი“, „ხომლი“, „სახალხო ფურცელი“, „განათლება“, „კოლხიდა“, „სამშობლო“, „იმერეთი“, „ჩვენი ქვეყანა“), სადაც „სილოვანის“, „ს. ხ.“-სა და სხვა ფსევდონიმებით აქვეყნებდა კორესპონდენციებს, პუბლიცისტურ წერილებს, ნარკვევებს, მცირე მოთხრობებსა და ლექსებს. იგი ავტორია სამშობლოსადმი, მშობლებისადმი, გამოჩენილი მოღვაწეებისადმი მიძღვნილი მრავალი ლექსისა. მას ეკუთვნის რამდენიმე პოეტური კრებული და აგრეთვე ქუთაისში ორ ტომად გამოცემული „თხზულებანი“ (1914, 1926).
აღსანიშნავია, რომ პედაგოგის უფროსი ძმა, რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე (1845-1929), იყო სასულიერო პირი, თავისი დროისათვის უგანათლებულესი პიროვნება, იმჟამინდელი მოწინავე ქართველი ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ლიტერატორი, სახელგანთქმული ლოტბარი. იგი „ქართველიშვილისა“ და „საჯაოხელის“ ფსევდონიმებით აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, ლექსებს, ფელეტონებს, პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიის“, „კვალის“, „მწყემსის“, „თემის“, „კოლხიდას“, „იმერეთის“, „ჩვენი ქვეყნის“ და სხვა ჟურნალ-გაზეთების ფურცელბზე. ისიც ქუთაისში მოღვაწეობდა. რ. ხუნდაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდ ილიასთან, აკაკი წერეთელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ვანო მაჩაბელთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან და ქართველი ერის სხვა სათაყვანო შვილებთან. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია ნაწარმოებების რამდენიმე წიგნში. გარდა ამისა, რაჟდენი იყო ცნობილი ლოტბარი, ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო საგალობლების დაუღალავი შემკრები და თავადაც ავტორი იმხანად გახმაურებული ოპერისა „უცნაური ქორწილი“. დიდი დამსახურება მიუძღვის რ. ხუნდაძეს ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციაში. სწორედ მას ეკუთვნის 1902 წელს ქუთაისში დასტამბული კრებული „ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ სადა კილოზე“, თბილისში 1911 წელს გამოცემული „ქართული გალობა ლიტურღია“, და ბოლოს – 1922 წელს ქუთაისში გამოსული მოზრდილი კრებული ქართული ხალხური სიმღერებისა და საეკლესიო გალობებისა.
ძმას დიდი გავლენა მოუხდენია სილოვან ხუნდაძის, როგორც პიროვნებისა და მოღვაწის ჩამოყალიბება-განვითარებაზე.
ს. ხუნდაძის ლექსების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, ისევე როგორც მთელი მისი ცხოვრებისა, ქართველი ხალხისადმი, ახალგაზრდა თაობისადმი, მშობლებისადმი უსაზღვრო სიყვარული, სინამდვილისადმი ნატურალისტური მიდგომა. თვისი მრწამსით, შემოქმედებით სილოვანი მემკვიდრეა ქართველი სამოციანელებისა:
„დიახ, ბუნება მრავალფერობით –
არის დიადი და მშვენიერი!
ისევ ადიდებს კაცობრიობას,
სხვადასხვა ენა, სხვადასხვა ერი!
მაშ, გაუმარჯოს კაცობრიობას,
თან ყველა ერის სამშობლო ენას!
და თქვენც, მოძმენო, ნუ დაივიწყებთ
თქვენს ენას, თქვენს ერს! ნუ, ნუ, თქვენს ლხენას“.
ბევრ ლექსში პოეტი უმღერის მეგობრობას, კაცთმოყვარეობის ჰუმანურსა და ნატიფ გრძნობას:
„და თუ შეგხვდეთ ცხოვრებაში
უცხო ლეკი, გინდ სპარსელი,
დაჩაგრულს და გაჭირვებულს
გაუწოდეთ ძმურად ხელი…

ამ მოძღვრებით გაიმსჭვალოს
დე ყოველი ცალკე ერი.
და ქვეყანა მაშინ მთელათ
შეიქმნება ბედნიერი“.
მთელი ქართველი საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ხვდა წილად დიდ ერისკაცსა და მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის ერთგულ თანამებრძოლს დიმიტრი ყიფიანს. მთელი ერი იყო თანამგრძნობი მისი დაუღალავი, მუხლმოუხრელი მოღვაწეობისა ქართველთა ცარიზმის ბიუროკრატიისაგან შელახული თავმოყვარეობის აღდგენის, მშობელი ერის კეთილდღეობისათვის.
ერთ-ერთი პირველი, ვინც აღტაცებით, ამაღლებული სტრიქონებით გამოეხმაურა დიდი მამულიშვილის პროტესტს მეფის რუსეთის მჩაგვრელი პოლიტიკისადმი, სწორედ სილოვან ხუნდაძე იყო. 1885 წელს დიმიტრი ყიფიანს უძღვნა მან ლექსი „ნამდვილ გმირს“:
„წრფელი გმირი იგი არის,
ვინც თვის მოძმეთ თავსა სწირავს,
თვით მზად არის სასიკვდილოდ,
და მოძმეთ კი არ გასწირავს!

წრფელი გული იმას უცემს,
წმინდა სული იმას უდგას,
თვის დიდებას ვინც უარყოფს –
ჩაგრულ მოძმეთ გვერდში უდგას.

გვწამს, მოხუცო, შენი ერის
სიყვარულით გიძგერს გული
და მხცოვანსა გაყმაწვილებს
უანგარო სიყვარული!..“ (1885 წ.)

ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადისადმი, მშობელი ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარული და თაყვანისცემა გამოსჭვივის ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ ლექსში, რომელიც სილოვანს დიდი ერისკაცის სამარცხვინო მკვლელობის – წიწამურის ტრაგედიის შემდეგ დაუწერია:
„მგოსანო, ბედმა ჩვენს ერსა
მრავალი ტანჯვა არგუნა,
თავისუფლება დაუხშო,
ფრთა შეაკვეცა, დასთრგუნა, –

მაგრამ, ვერ მოსპო იმაში
ნიჭი საქვეყნო, ქებული –
და ებადება კვლავ შვილი,
შენებრ ცით მირონცხებული…

ჰე, დიდებულნო ქართველნო!
თქვენა ხართ ბურჯნი უფლების!
ვისაც თქვენებრი შვილნი ყავს,
ღირსია თავისუფლების!“ (1908 წ.)

დიდი სითბოთი, უსაზღვრო პატივისცემით იხსენებს პოეტი გენიალურ ქართველ მგოსანს, ქართული და მსოფლიო პოეზიის მშვენებას – ნიკოლოზ ბარათაშვილს. სამარადჟამო უკვდავების სამოსელში ჰმოსავს მას ლექსში „ნიკოლოზ ბარათაშვილის სახსოვრად“, რომელიც საქართველოში პოეტის ნეშტის გადმოსვენებას უძღვნა:

„… ჰოი, სამშობლო! დღეს შვილი შენი,
უცხო მიწაში მტვრათა ქცეული,
მოდის შენთავე, მთელს სიცოცხლეში
შენი ტრფობითა აღტაცებული.

შენი სიშორე მის მკვნესარ გულსა,
ჩანს, მეტად ვეღარ აუტანია,
სურს აწ აქ იყოს, სადაც შენ გამო
ცრემლებით ღაწვნი დაუბანია.

ჰე, მიიბარე აწ მისი ძვლები,
მშობლური კალთა გადააფარე
და რაც დააკლდა მას ცრემლი შენი,
სამაგიერო დღეს დააღვარე…“ (1893 წ.)

სილოვან ხუნდაძემ ლექსები უძღვნა არა მარტო ქართველ, არამედ სხვა ერების სახელოვან მამულიშვილებსაც. ერთ-ერთი მათგანია უკრაინელი ხალხის გამოჩენილი პოეტისა და მოაზროვნის, უკრაინაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადის, ტარას შევჩენკოსადმი მიძღვნილი ლექსი:

„… მან უკრაინა შეამკო, თვისი სამშობლო ბედკრული:
მას უძღვნა გულის სიმები, მები ღვთივ-ზეცით შემკული!
მოყვარეს სულში ჩაუძვრა და ისარი ჰკრა მტერს მტრული,
მით მოიხვეჭა სახელი დაუვიწყარი, ზესრული!..“ (1911 წ.)
ცნობილია, და დღესაც შეიძლება ბევრმა იცის, სილოვანის ლექსი „დედა და შვილი“, რომელიც 1912 წლის „ბუნების კარის“ გამოცემაში შეიტანა ქართული მეცნიერული პედაგოგიკის მამამთავარმა იაკობ გოგებაშვილმა. ლექსი დედის ხსოვნისადმია მიძღვნილი:

„რაც უნდა ვიცოცხლო, დედა მე არ დამავიწყდება:
მე მისი სახე ახლაც ცოცხლად წარმომიდგება.
მახსოვს, მე დედა ღამე გულზე მიმიხუტებდა
და წმინდა ლოცვებს ტკბილად, წყნარად მიფუჩუნებდა.

სულგანაბული მე ვუსმენდი მისს დარიგებას –
მისი სიტყვები გრძნობიერნი ჩარჩნენ გონებას:
„ისწავლე, შვილო, რომ შეიქნე კარგი სწავლული
და შენი სწავლით ასარგებლო შენი მამული.

იცოდე, რომა მამულისთვის ის ხე ფუჭია,
რომელს ნაყოფი ტკბილი მისთვის არ მიუცია.
ეცადე ენის, მამულისა შენ აღდგინებას,
თუ გინდ ელოდე შენ ამისთვის ტანჯვას, წვალებას…“ (1911 წ.)

მართალია, სილოვან ხუნდაძის პოეტური მემკვიდრეობა ვერ შეედრება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმულ ქართველ მგოსანთა შემოქმედებას, მაგრამ მასში წამოჭრილი და გაშუქებულია ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია იმჟამინდელი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საერთოდ ეპოქის შესწავლისათვის, რამეთუ თითოეულ ლექსში ნათლად ჩანს ავტორის რწმენა, შეხედულებანი ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე, ნათლად ჩანს იმ ეპოქის ხასიათი, რომელშიც მას მოუხდა მოღვაწეობა. მათში გამოხატულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლით გამოწვეული აღტყინება, ავტორის საზოგადოებრივი ინტერესები, მისი სწრაფვა მშობელი ერის კეთილდღეობისათვის, უკეთესი, ბედნიერი მერმისისათვის.
ლექსების გარდა სილოვანის კალამს ეკუთვნის ათობით შესანიშნავი ნარკვევი და მოთხრობა, რომელთა თემა ისევ და ისევ ეროვნულ, სახალხო საკითხებს უკავშირდება.
სალიტერატურო მოღვაწეობის პარალელურად იგი შიგადაშიგ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდის“ მისეული ქართული თარგმანი, რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა ქუთაისში 1925 წელს. მანვე შეასრულა სულხან ბარათაშვილის ცნობილი ნაშრომის „საქართველოს ისტორიის“ შესანიშნავი თარგმანი. აქვე უნდა მივუთითოთ, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორია“ სრულად ითარგმნა ქუთაისში, რაც არ არის სწორი. სილოვან ხუნდაძემ რუსულიდან ქართულად თარგმნა მხოლოდ სამი რვეული: I და II რვეულები 1895 წელს, ხოლო III რვეული – 1913 წელს. თარგმანი შესრულებულია მშვენიერი ქართულით. თარგმანი კარგი საჩუქარი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის.
როგორც აღინიშნა, სილოვან ხუნდაძეს ეკუთვნის 1880-1920-იანი წლების ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული პირველხარისხოვანი პუბლიცისტური წერილები, რომელთა საერთო რიცხვი ორ ასეულს აღემატება. თითოეული მათგანი მეტად მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების შესასწავლად.
მეტად საინტერესოა სილოვან ხუნდაძე, როგორც კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. ამ მხრივ საყურადღებოა 1882 წელს ჟურნალ „ივერიის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნებული წერილი „ისტორიული კილო გრ. ორბელიანის ლექსებში“, რომელშიც ავტორი მიმოიხილავს გამოჩენილი ქართველი პოეტის შემოქმედებას ისტორიულ ჭრილში. 1907 წელს ქუთაისში სილოვანის შესავალი ვრცელი წერილითა და შენიშვნებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის უკვდავი ქმნილება „რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და მთელი რიგი სხვა წერილები, რომლებშიც ზედმიწევნითაა განსჯილ-განხილული ესა თუ ის ნაწარმოები. ყოველი მათგანი თვალნათლივ ადასტურებს, თუ რარიგ ზედმიწევნით იცნობდა მათი ავტორი როგორც ძველსა და ახალ ქართულ ლიტერატურას საერთოდ, ისე მის ყველა მნიშვნელოვან ქმნილებას.
სილოვანი მუდამ ტრიალებდა ქუთაისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების შუაგულში. 1916 წელს იგი აღტაცებით შეეგება „ცისფერყანწელთა“ დაჯგუფების შექმნას და რიგი წერილებისა უძღვნა კიდეც მისი წევრების შემოქმედებას. 1910-იანი წლების მეორე ნახევარში მისი უშუალო მონაწილეობით იქმნება მწერალთა კავშირის დღევანდელი ქუთაისის განყოფილების წინამორბედი –ქუთაისის ხელოვან მწერალთა წრე, შემდეგ კი – კავშირი.
სილოვან ხუნდაძეზე, ამ ბრწყინვალე მამულიშვილზე, მის მრავალმხრივ ცხოვრება-მოღვაწეობაზე გვსურს მოვიყვანოთ ფატი ხუნდაძის მოგონება, რომელიც ამ უკანასკნელმა გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მოგვითხრო, მოგონება, რომელიც ერთ მთლიანობად წარმოგვიდგენს დიდი პედაგოგის პიროვნებას:
„მამა იყო ჩვენთვის, შვილებისათვის, პატიოსნების, პრინციპულობის, ადამიანურობის, სიდარბაისლისა და, საერთოდ – ყოველგვარი ამაღლებულის განსახიერება; ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი გახლდათ საოცრად სადა, წყნარი, მუხლჩაუხრელი, მოწინააღმდეგე ყოველგვარი გადამეტებულისა, მეტად გულისხმიერი და მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს მტკიცე, მკაცრი და ფიცხი იქ, სადაც საქმე სამართლიანობის დაცვას, მომავალი თაობის აღზრდას შეეხებოდა. ასეთ შემთხვევაში თავის თავს მუდამ უკანა პლანზე აყენებდა, არად აგდებდა რა საკუთარ სამსახურებრივსა თუ ეკონომიურ მდგომარეობას. ხმამაღლა ლაპარაკი არ იცოდა, სამაგიეროდ, როცა გაგულისდებოდა, სავსებით საკმარისი იყო მისი ერთი შემოხედვაც კი. მამას ერთი შესანიშნავი თვისება ჰქონდა – ბავშვთან ბავშვი იყო, დიდთან – დიდი; მუდამ ცდილობდა, რომ მასთან მოსაუბრეს არ ეგრძნო უხერხულობა, გარკვეული ასაკობრივი და რანგობრივი სხვაობანი. საოცრად მომთხოვნი გახლდათ საკუთარი თავისადმი. სწორედ ასე აღგვზარდა შვილებიც – არასოდეს გამოგვარჩევდა სხვა ჩვენი თანატოლებისაგან, არ გვაძლევდა არავითარ შეღავათს და თუ თითოეულმა ჩვენგანმა ცხოვრებაში რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს უპირველესად ყოვლისა სილოვანის დამსახურებაა“.
ამდენად, ზემოთქმულიდან ნათელი ხდება სილოვან ხუნდაძის უდიდესი დამსახურება მშობელი ერის, ეროვნული კულტურის წინსვლის საქმეში. იგი საქართველოს, ქართული აზროვნების ისტორიაში დარჩება როგორც გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართული ეროვნული სკოლის დიდი მოამაგე. ქართველობა მუდამ მადლიერებით მოიხსენიებს მის უკვდავ სახელს.
1960 წელს შესრულდა 80 წელი ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის, ამჟამად კი ქალაქის II საშუალო სკოლის დაარსებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით განზრახული იყო მთელი რიგი საიუბილეო ღონისძიებანი. გიმნაზიის, მისი გამოჩენილი პედაგოგების იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის ყოფილი მოწაფეების, იმხანად კი უკვე ქართველი მეცნიერებისა და კულტურის ცნობილ მოღვაწეთა: კონსტანტინე ერისთავის (თავმჯდომარე), პეტრე ქავთარაძის (მოადგილე), ნიკოლოზ გვეტაძის (მდივანი), კონსტანტინე გამსახურდიას, ტროფიმე ხუნდაძის, გიორგი წერეთლის, გიორგი ჩოგოვაძის, ვარლამ თოფურიას, აკაკი ფაღავას, ბესო ჟღენტის, დავით რონდელის, პლატონ შუშანიას, დავით წერეთლის, ირაკლი მიქელაძის შემადგენლობით შეიქმნა კომისია, რომელსაც გიმნაზიისა და მისი პედაგოგების სილოვან ხუნდაძისა და იოსებ ოცხელის უკვდავსაყოფად ქუთაისში, II საშუალო სკოლის ეზოში ამ უკანასკნელთა ძეგლების დადგმა ეკისრებოდა. კომისიის წევრთა და იმხანად სკოლის დირექტორის ი. გენძეხაძის თაოსნობით მეორე საშუალო სკოლის შენობაში საფუძველი ჩაეყარა ამ სასწავლებლის ისტორიის მუზეუმს, რომლის პირველი და უდიდესი განყოფილება სათავადაზნაურო გიმნაზიის ისტორიას ეძღვნება. მუზეუმის ექსპოზიციაში უხვადაა წარმოდგენილი ამ სასწავლებლის დამაარსებელთა და სახელოვან მასწავლებელთა მოღვაწეობის ამსახველი მასალები.
სილოვან ხუნდაძისა და იოსებ ოცხელის ნეშტები გადასვენებულ იქნა ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა ე. წ. მწვანე ყვავილის პანთეონში.
1970 წელს მთელმა ქართველმა საზოგადოებამ, მოწინავე ინტელიგენციამ საზეიმოდ აღნიშნა სილოვან თომას ძე ხუნდაძის დაბადებიდან 110 წლისთავი. საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირისა და რესპუბლიკის პედაგოგიური საზოგადოების თაოსნობით განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლში გაიმართა ამ თარიღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (შეიძლება ითქვას, რომ სილოვან ხუნდაძის გარდაცვალებიდან დღემდე ეს იყო სახელოვანი პედაგოგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბის ერთადერთი შეკრება). მოხსენებებით გამოვიდნენ თამარ ლაშქარაშვილი, პროფესორი უშანგი ობოლაძე, აკადემიკოსები: გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, კონსტანტინე ერისთავი, გიორგი ჯიბლაძე, არნოლდ ჩიქობავა, მწერალი და კრიტიკოსი ბესარიონ ჟღენტი, პროფესორი ფატი ხუნდაძე და სხვანი.
„ჩვენი ხალხის წინაშე სილოვან ხუნდაძის ისტორიული დამსახურების განსაზღვრისათვის მთავარია მისი მწიგნობრული და მრავალწახნაგოვანი პრაქტიკულ-პედაგოგიური მოღვაწეობა, მისი ნაყოფიერი საქმიანობა სასკოლო დარგში, განათლების დარგში. თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, სილოვან ხუნდაძე ერთ-ერთი უნარიანი მესაჭეა ეპოქალური მნიშვნელობის ისტორიული დიდი საქმისა, როგორიც იყო სკოლის, სახალხო განათლების გაეროვნულება…“ – აღნიშნა სილოვანზე პროფესორმა უშანგი ობოლაძემ.
იმავე წელს ქუთაისის მეორე საშუალო სკოლის ეზოში იოსებ ოცხელის ძეგლის გვერდით დაიდგა სილოვან ხუნდაძის ბიუსტი; მისი სახელი ეწოდა თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დიდ აუდიტორიას.
სილოვან ხუნდაძე საქართველოს, ქართული აზროვნების ისტორიაში დარჩება, როგორც გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართული ეროვნული სკოლის, სახალხო განათლების დიდი მოამაგე. ქართველი ერი მადლიერებით მოიხსენიებს მის უკვდავ სახელს.
აქ გამოტოვებულია დიდი ადგილი – იწყება სილოვან ხუნდაძის მოღვაწეობის ახალი, სხვა ეტაპი.
სილოვან ხუნდაძის ბიოგრაფია ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ აღვნიშნეთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მისი საქმიანობა.
სილოვან ხუნდაძის ბიოგრაფიაში არის მთელი რიგი მომენტებისა, რომლებიც უცნობი ან თითქმის უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. სახელოვანი პედაგოგის ცხოვრების ერთ-ერთ უცნობ მხარეს წარმოადგენს მისი ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეობა.
ჩვენი ყურადღება მიიქცია საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულმა ორმა მნიშვნელოვანმა საქმემ. პირველი, რომელიც „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ საქმიანობას შეეხება, ამ ლიგის წევრთა საგამოძიებო მასალებს წარმოადგენს და 1895-1896 წლებით თარიღდება, მეორე საქმე კი 1914-1915 წლებით თარიღდება და უკავშირდება საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საქმიანობას.
როგორც ცნობილია, სილოვან ხუნდაძე იყო სოციალ-დემოკრატიის ორივე მიმდინარეობის – „ბოლშევიზმისა“ და „მენშევიზმის“ დაუძინებელი მოწინააღმდეგე, ვერ პატიობდა რა მათ ეროვნულ ნიჰილიზმს და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადის ილია ჭავჭავაძის მუხანათურ მკვლელობას.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში იგი წინასწარმეტყველებდა, რომ ეროვნულ ცნობიერებას აბსოლუტურად მოკლებული და რუსეთუმე მენშევიკები დაღუპავდნენ ესოდენი ტანჯვა-წამებით აღდგენილ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტები, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, ზედმიწევნით ადასტურებენ სილოვან ხუნდაძის აქტიურ მონაწილეობას საქართველოს 1890-იანი და 1910-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
ჯერ კიდევ 1896 წლის 1 მარტს „საქართველოს თავისუფლების ლიგასთან“ მისი შესაძლო კავშირის გამო ს. ხუნდაძე დაკითხა ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა დე ბილმა. როგორც ცნობილია, აღნიშნული ლიგა, რომელიც წარმოადგენდა მკვეთრად გამოხატულ მემარჯვენე ეროვნულ-პოლიტიკურ ორგანიზაციას, არსებობდა 1892-1893 წლებში. მასში გაერთიანებული იყვნენ შემდეგში გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეები: გიორგი გვაზავა, თედო სახოკია, გიორგი დეკანოზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, იაკობ ფანცხავა, ნიკო ჯაყელი და სხვანი.
სილოვან ხუნდაძემ, რომელიც იმხანად ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის (შემდეგ გიმნაზიის) პედაგოგი იყო, დაკითხვაზე განაცხადა, რომ, მართალია, 1892 წლის ივნისის დამლევს ის და მელიტონ ვაშაკიძე იყვნენ ქუთაისში დავით მიქელაძის ბინაზე, მართალია, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სტუდენტებთან, რომლებიც იმ ზაფხულს არდადეგებზე ქუთაისში იმყოფებოდნენ, მაგრამ არაფერი იცოდა დავით მიქელაძესთან მათი კავშირის შესახებ. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს იმავე საქმეზე ჟანდარმერიამ დაკითხა გამოჩენილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, „თერგდალეულთა“ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი კირილე ლორთქიფანიძე.
თუ გავითვალისწინებთ სილოვანის მგზნებარე ეროვნულ სულისკვეთებას, რომლითაც იგი ყოველთვის გამოირჩეოდა, მის უკომპრომისობას ეროვნულ საკითხში და იმ ფაქტს, რომ მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ზემოთ დასახელებულ ყველა პიროვნებასთან, ძნელი საფიქრებელია, რომ მას არ ჰქონოდა კავშირი „საქართველოს თავისუფლების ლიგასთან“ და მის საქმიანობასთან. სამწუხაროდ, მასალის სიმწირე არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ურთიერთობის კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. აქ მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 1880-იანი წლების დამლევიდან ქუთაისში არ ჩატარებულა ეროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არც ერთი ღონისძიება, რომ მასში მონაწილეობა არ მიეღო ს. ხუნდაძეს. „თავისუფლების ლიგის“ პირველი დამფუძნებელი ყრილობა კი გაიმართა სწორედ ქუთაისში 1892 წლის 26-29 ივნისს. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ყრილობის ერთ-ერთი სხდომა ჩატარდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლის შენობაში. ლიგა დაფუძნდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაბნეული ქართველი სტუდენტების ინიციატივით.
ვსაუბრობთ რა „თავისუფლების ლიგაზე“, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ყოვლად ოდიოზური და ანტიმეცნიერული გახლდათ ამ ორგანიზაციისადმი საბჭოთა ხანის ისტორიკოსის ზ. შველიძის დამოკიდებულება, რომელიც ლიგას, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, უწოდებდა რა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინამორბედს, მას „რაზნოჩინული ახალგაზრდობის ფარულ რევოლუციურ ორგანიზაციად“ ნათლავდა. ამასთან, ავტორი თითქმის მთელ მონოგრაფიას უთმობს იმის მტკიცებას, რომ „თავისუფლების ლიგაში“ წამყვან როლს ასრულებდა და ლიგის წესდების ავტორი იყო ისეთი ზნედაცემული მოღვაწე, როგორიც გახლდათ ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერი ფილიპე მახარაძე, რაც სრული აბსურდია! ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ უდიდესი ეროვნული მოღვაწეები: გიორგი გვაზავა, გიორგი დეკანოზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, თედო სახოკია, იაკობ ფანცხავა, ნიკო ჯაყელი და სხვანი, ძირშივე გამორიცხავს ამის შესაძლებლობას.
რაც შეეხება ჩვენ მიერ შესწავლილ მეორე დოკუმენტს, იგი ეძღვნება საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის საქმიანობას.
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური რევოლუციური პარტია დაფუძნდა 1902 წელს პარიზში არჩილ ჯორჯაძის მონაწილეობით. მანვე დაიწყო გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა (გაზეთი დასავლეთ ევროპას აცნობდა საქართველოს მდგომარეობას, რუსეთთან დადებული „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პუნქტების შეუსრულებლობას და სხვ).
აღნიშნული პარტიის აქტიური წევრი, დღიდან მისი დაარსებისა, იყო სილოვან ხუნდაძეც. როდესაც ვლაპარაკობთ ამ პარტიაზე, რომლის სათავეებთან იდგნენ საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწენი გიორგი და ანდრო დეკანოზიშვილები, არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, ვარლამ გელოვანი, იოსებ დადიანი, კიტა აბაშიძე, გრიგოლ გველესიანი, სამსონ ფირცხალავა, თედო სახოკია, დავით მიქელაძე, შალვა ალექსი-მესხიშვილი, იასონ ბობღიაშვილი, ივანე (ვანო) ციციშვილი და სხვანი, დაბეჯითებით უნდა ითქვას შემდეგი: მიუხედავად სახელწოდებისა, აღნიშნული პარტია იყო ღრმად ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველ ფედერალისტთა ძირითადმა ბირთვმა ჩამოაყალიბა მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაცია და მკვეთრად დაუპირისპირდა საოკუპაციო რეჟიმს.
ქუთაისში არსებობდა ფედერალისტების ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაცია, რომელშიც შედიოდნენ სახელოვანი მამულიშვილები: გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), კიტა აბაშიძე, სილოვან ხუნდაძე, გრიგოლ ლაღიძე, იოსებ დადიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ბაქრაძე და სხვანი.
ამ ორგანიზაციაში ს. ხუნდაძის აქტიურ საქმიანობაზე მეტყველებს ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს 1915 წლის 7 დეკემბრის №374 დოკუმენტი გრიფით „სრულიად საიდუმლო“. დოკუმენტში მითითებულია, რომ 1915 წლის 1 დეკემბერს ქუთაისში გამომავალი გაზეთ „მეგობარის“ რედაქციაში ჩატარდა ქუთაისელი ფედერალისტების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები: გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), ივანე (კიტა) აბაშიძე, სილოვან ხუნდაძე, გრიგოლ გველესიანი, გრიგოლ ლაღიძე, შოთა დადიანი და ხსენებული გაზეთის რედაქციის თანამშრომელი სიხარულიძე.
კრებამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია „ქუთაისელი ამხანაგების მოსაზრება ბიუროს მიერ წარმოდგენილ საკითხზე“.
რეზოლუცია წარმოადგენს გამოხმაურებას თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ბიუროდან მიღებულ შეტყობინებაზე: „ძვირფასო მეგობრებო, პარტიის ცენტრალურმა ბიურომ, პროვინციელი მეგობრების თხოვნით, გადაწყვიტა, მოიწვიოს ყრილობა შემდეგი საკითხების განსახილველად: ა) თანამედროვე მომენტის შეფასება; ბ) ნაციონალიზმის წარმატებები და პარტიის ტაქტიკა; გ) კავკასიაში მოქმედი პარტიებისადმი, კერძოდ, სოციალ-დემოკრატებისა და ეროვნულ-დემოკრატებისადმი დამოკიდებულება; დ) სომხურ-ქართული საკითხი; ე) პარტიის ტაქტიკა თურქების შემოსვლის შემთხვევაში და სხვა საკითხები“. ბიურო თხოვნით მიმართავდა პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომ მათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები მომავალ ყრილობასთან და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულად გთავაზობთ ქუთაისელ ფედერალისტთა ზემოხსენებული სხდომის რეზოლუციის ტექსტს, რომელიც, ჩემი აზრით, ეკუთვნის სილოვან ხუნდაძეს (ვინაიდან თითქმის ყოველთვის მას, როგორც ფილოლოგს, ანდობდნენ ხოლმე მსგავსი ტექსტების შედგებას). სამწუხაროდ, ვინაიდან ხელთ არ გვაქვს ქართული დედანი, გთავაზობთ რუსული ტექსტიდან შესრულებულ თარგმანს:
„რუსეთის თანამედროვე მდგომარეობა ხასიათდება, ერთის მხრივ, გაძლიერებით რეაქციისა (მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები, საკანონმდებლო პალატის მოწვევის გადავადება ა. შ.), რომელიც ცდილობს საკუთარი მდგომარეობის გადარჩენას და მეორე მხრივ – ქვეყანაში (იგულისხმება რუსეთის იმპერია) ოპოზიციური განწყობილების გაძლიერებით (ოქტომბრის გაფიცვები პეტროგრადში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში, საერთო-საერობო და საერთო-საქალაქო საბჭოების მიერ მიღებული რეზოლუციები და ა. შ.). პარტიის ამოცანაა, ყოველთვის შეუწყოს ხელი ამ განწყობილების გაღრმავებას (დეტალებს განსაზღვრავს ყრილობა).
თანამედროვე მსოფლიო ომმა ნათელჰყო, რომ დღეს ყველა ერი იბრძვის თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის, ხოლო დაყმევებული ერები ეძებენ გზებს გათავისუფლებისა. ნაციონალიზმი (რა თქმა უნდა, ჯანსაღი) ზეიმობს. პარტიამ უნდა ისარგებლოს ამ ხელსაყრელი ვითარებით და გააძლიეროს თავისი იდეების პროპაგანდა.
პარტიათა შორის ურთიერთობები უნდა განისაზღვროს ჩვენი პროგრამისა და ტაქტიკის შესაბამისად. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა თავად გვიჩვენებს, თუ როგორ მოვიქცეთ.
სომხებთან დამოკიდებულების საკითხში ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იმ დებულებებს, რომლებიც გამოთქმულია „იმ ამ.“-ის („იმერელი ამომრჩეველი“ – კიტა აბაშიძე) სტატიებში.
თურქების შემოსვლის შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს ტაქტიკას, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეასრულებენ თურქები დანაპირებს.
ქუთაისელი მეგობრები თხოვნით მივმართავთ ბიუროს, დღის წესრიგში შეიტანოს შემდეგი საკითხები: 1. არჩევნები სახელმწიფო საბჭოში და პარტიის პლატფორმა; 2. ცვლილებები კავკასიის მმართველობაში და ჩვენი ტაქტიკა; 3. საერთო-ქართული რეფერენდუმის საკითხი“.
წარმოდგენილი რეზოლუცია ნათელს ხდის, რომ ფედერალისტებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან“, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა თურქეთსა და გერმანიაში 1914-1918 წლებში.
ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ამ კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მთავარი იდეოლოგი იყო მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (1878-1965). გერმანიის დახმარებით „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქულ მხარესთან, რომელიც იძლეოდა საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და აღნიშნული კომიტეტის მხარდაჭერის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დამოუკიდებლობის ცნობის გარანტიას. 1914 წლის 14 სექტემბერს გერმანიის ელჩმა ოსმალეთში ბარონმა ვანგენჰაიმმა, რომელიც გერმანიის ხელისუფლების სათანადო რწმუნებით იყო აღჭურვილი, გარანტია წარუდგინა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ჟენევის უნივერსიტეტის ყოფილ პრივატ-დოცენტს ლეო კერესელიძეს (რომელიც სათავეში ედგა დამოუკიდებლობის კომიტეტისა და გერმანიის სარდლობის ეგიდით მოქმედ „ქართულ ლეგიონს“), რომ სამშვიდობო კონფერენციაზე გერმანია მხარს დაუჭერდა კომიტეტის მოთხოვნებს საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გერმანიის შუამავლობით, ოსმალეთიც იღებდა ვალდებულებას, მხარი დაეჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის 1914 წლამდე არსებულ საზღვრებში. 1915 წლის 16 სექტემბერს თურქულმა მხარემ ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას. სწორედ თურქეთის მიერ აღებულ ამ ვალდებულებაზეა ლაპარაკი ქუთაისელ ფედერალისტთა რეზოლუციაში.
რაც შეეხება რეზოლუციაში ნახსენებ „საერთო ქართულ რეფერენდუმს“, იგულისხმება რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.
ამდენად, წინამდებარე ნაშრომში ჩვენ მიერ მოხმობილი მასალა ზედმიწევნით ადასტურებს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში სილოვან ხუნდაძის აქტიურ მონაწილეობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ 1915 წელს სილოვანი ერთი წლის დათხოვნილი იყო ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიიდან კავკასიის სასწავლო ოლქის შავრაზმელ, ქართველთმოძულე მოხელესთან, ვინმე კორიცკისთან კონფლიქტის გამო.
სახელოვანი პედაგოგი მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წელს აღადგინეს აღნიშნული გიმნაზიის დირექტორად.
კიდევ ერთი საყურადღებო მაგალითი სილოვან ხუნდაძის ეროვნულ-პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
1912 წლის შემოდგომისათვის დანიშნული იყო მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები. აკაკი წერეთელმა კენჭი იყარა საჩხერეში რწმუნებულობის კანდიდატურაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. აკაკიმ მარცხი განიცადა, რამაც პოეტის თაყვანისმცემელთა აღშფოთება გამოიწვია. სილოვან ხუნდაძე უყოყმანოდ, აქტიურად შეუერთდა აკაკის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს. სილოვან ხუნდაძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა წერილში ნათლად იყო მითითებული, რომ არჩევნები პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზია და პოეტის პიროვნული თვისებები ამ დროს მხედველობაში არ არის მისაღები. აკაკის მიმართ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის, რომ იგი კენჭს იყრიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, იმ პარტიიდან, რომლის ორივე ფრთა – ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც – კატეგორიულად უარყოფდნენ მცირე ერების დამოუკიდებლობის აუცილებლობას და რომელსაც უკავშირებდნენ ქართველი ერის ბელადის – ილიას მკვლელობას.
აღსანიშნავია სილოვან ხუნდაძის სრულიად გამორჩეული, უნიკალური თვისება.
კარგადაა ცნობილი მისი პირდაპირობა, სიმართლის შეულამაზებლად, ბოლომდე თქმის უნარი. ასე იყო, როცა სილოვანმა დაუნდობლად გაკიცხა გრიგოლ ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილთან დაკავშირებით. გრიგოლი საკმაოდ ქონებიერი, გავლენიანი, რაც მთავარია, არ ჰყავდა მემკვიდრე და სწორედაც რომ ეკუთვნოდა დისშვილის მეურვეობა. სილოვანი სათქმელს ამბობს მკაცრად, დაუნდობლად, არ პატიობს მას გენიოსი დისშვილისადმი გულგრილ დამოკიდებულებას: „კარგადაა ცნობილი, რომ ნივთიერად შეძლებულ „ძიას“ (გრიგოლ ორბელიანს – ლ. უ.) ფიქრადაც არ მოსვლია ნიჭიერი დისწულის წყურვილი სწავლა-განათლების განგრძობის სფეროში დაეკმაყოფილებინა და მისი წარჩინებული ნიჭის განვითარებისა და გაფურჩქვნისათვის ხელი შეეწყო“. და კიდევ: „სამსახურში დიდად დაწინაურებულსა და მთავრობის სფეროებში გავლენიან ბიძას, როგორც ჩანს, იმაზეც არ უზრუნია, რომ სიღარიბეში მყოფი დისწული-მგოსანი სამსახურში მაინც დაეწინაურებია. ნიკოლოზი გულნატკენი ყოფილა ბიძის მხრით მისადმი უყურადღებობის გამო…“ (გრიგოლ ორბელიანი მაშინ ავარიის მთავრად იყო დანიშნული) და მოჰყავს ნიკოლოზის წერილი: „… ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის. ეცადე, რომ რეენკამფთან დამანიშვნინო, ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის! ვიცი, დაგავიწყდა… მაგრამ არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება“…
ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ცხადია, ბევრი მაქვს წაკითხული, მისი წერილები თითქმის ზეპირად ვიცი, ვიცი, რა უიღბლო იყო სიყვარულში, ისიც ვიცი, სიკვდილის მერეც არ დაინდო ბედისწერამ – დედა ეფემიამ შვილის საფლავის ნახვა განჯაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხა… გული გისკდება, როცა კითხულობ მის ლექსს:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის…“
მაგრამ ჩემთვის ყველაზე უფრო სევდის მომგვრელი, სულის შემძვრელი იყო სილოვან ხუნდაძის წიგნი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“. სილოვანმა შეძლო სავსედ, ღრმად, ლამაზად დაეხატა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხანმოკლე, უიღბლო, მწუხარებით სავსე ცხოვრება…
როგორც უკვე ითქვა, რუსეთის IV სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს აკაკიმ დეპუტატობაზე კენჭი იყარა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მან მარცხი განიცადა, რამაც დიდად აღაშფოთა მისი თაყვანისმცემლები.
სილოვან ხუნდაძე, სოციალ-დემოკრატების მოძულე, უყოყმანოდ შეუერთდა აკაკის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს. სილოვან ხუნდაძემ აკაკის კატეგორიულად არ მოუწონა ვაჟა-ფშაველსადმი ნათქვამიც – „ენას გიწუნებ, ფშაველოო“.
გრიგოლ ორბელიანსა და აკაკი წერეთელზე ზემონათქვამის მიუხედავად, გიმნაზიელებისათვის დაწერილ „თემატურ ნარკვევებში“ მან სავსედ მიმოიხილა მათი მაღალნიჭიერებით აღბეჭდილი პოეზია, მისხალი არ დააკლო მათ ეროვნულობას.., ქვეყნისათვის გაღებულ გარჯას… გიმნაზიაში აკაკის საიუბილეო დღეების აღნიშვნას სწორედ სილოვან ხუნდაძე ედგა სათავეში. სილოვან ხუნდაძემ აღნიშნა, თუ რა ამაგი მიუძღვის გრიგოლ ორბელიანს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაფუძნებაში. პირველი შეკრება აღნიშნული საზოგადოებისა ჩატარდა მის ბინაში, ეს სახელწოდებაც მისი მოწოდებულია. სილოვან ხუნდაძეს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ გრიგოლ ორბელიანისათვის არსებითი ნიშანი ეროვნულობისა, მისი გული და სული ენაა და ამის დასტურად მოიყვანა მისი ცნობილი სიტყვები: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“. თავის ნარკვევებში აკაკი წერეთელსა და გრიგოლ ორბელიანზე სილოვან ხუნდაძე ლაპარაკობს ამაღლებულად, უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერს, რაც კი მათ თავისი ქვეყნისათვის გაუკეთებიათ! ვერაფრით ვერ იფიქრებ, რომ ამ სიტყვების დამწერს რაიმე არ მოსწონდა ამ ადამიანებისა, რაიმეში ბრალს სდებდა მათ!!!
დღეს, როცა ჟურნალ-გაზეთებიდან და რადიო-ტელევიზიიდან იფრქვევა ჩიქორთული ქართული, განსაკუთრებით ყურადსაღები და ანგარიშგასაწევია გრიგოლ ორბელიანის სიტყვები. უბედურებაა, როცა ქვეყანას მართავს მშობლიური ენის არმცოდნე და უწიგნური. შევარდნაძე, მისი „პოჩერკის“, „სტაკანის“, „ვერტალიოტის“ და უთვალავი ამგვარი „მარგალიტის“ ავტორი, იყო „ქართული ენის ნორმების დამდგენი სახელმწიფო კომისიის“ თავმჯდომარე. „ქართველ კაცს ყოველთვის უყვარდა ყურძენი – „შენ ხარ ვენახიო“ – ესეც შევარდნაძეა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, არ იცოდა, ვინაა ამ საგალობლის ავტორი, ან ვისადმია იგი მიძღვნილი. ახლა კი „კანუშნა“, „მიჯირყვნა“… ბიძინა გვყავს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ჟურნალისტიკაში აპირებს შესვლას.
მინდა ორიოდ სიტყვა ჩემს სატკივარზეც ვთქვა. მე სულ მახსოვს აკაკის მიერ ვაჟასათვის ნათქვამი – „ენას გიწუნებ, ფშაველოო“.
იმდენი ვიფიქრე, ტვინი მეღრძო, მაგრამ ვერაფრით გავიგე – „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო“ – ამ სიტყვების მთქმელმა, როგორ ვერ გაიგო, ვინ იყო ვაჟა.
საქართველომ საბჭოური ცხოვრება დაიწყო ფილიპე მახარაძეთი, რომლისთვისაც ილია და მისი თანამოაზრენი „მამულიშვილთა აშმორებული წუმპე იყო“ და… იგი გაშმაგებით ებრძოდა ყველაფერ ეროვნულს, რადგან ეროვნულობა ეწინააღმდეგებოდა კომუნისტების ძირითად ლოზუნგს – „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა საუკუნის 50-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს კომუნისტების თავკაცმა, ცეკას პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა ქართული ენის სიწმინდის საბაბით შეუტია ქართული ენის სპეციალისტებს და ვაჟასადმი აკაკის ეს უგვანო სიტყვებიც გაიხსენა.
ახლა დავუბრუნდეთ ვაჟას. გასაოცარია ვაჟას პასუხი (აკაკის საიუბილეოდ, დაგვიანებული პასუხი აკაკის) – დიდებული, ზნემაღალი, არაუდიერი, არაბოღმიანი და, რაც მთავარია, სამშობლოსადმი აკაკის თაყვანისცემის, აკაკის პოეზიის სრულად შემფასებელი და დამფასებელი:
„ბევრი ვიფიქრე ძალიან, თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო, დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა…
… დავღონებულვარ ძალიან, თითქოს სახლ-კარი დამექცა…
გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა.
ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ, მთიდან ყვირილი ხარისა.
დავალებული გულისა უნდა ამოთქვას ენამა
წყლულები საქართველოსი გაიგო შენმა სმენამა,
მეც ამატირა ბევრჯერა შენს თვალზე ცრემლის დენამა…
რომ მიყვარს მამულიშვილი, დაე იცოდეს ყველამა,
ნეტავი ბევრი გაზარდოს შენისთანები დედამა!
მადლობელი ვარ გულითა, შოთაის სულის ლხენამა.
… სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა!“
დიახ! ეს არის დიდი ვაჟა!
სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა თავდაპირველად იყო ლაზარეთი, სადაც ვაჟა მკურნალობდა. გამოჯანმრთელებულმა ვაჟამ უმცროს ძმას სანდროს მეორე დღისთვის ტანსაცმლის მოტანა და საავადმყოფოდან გაყვანა სთხოვა. მეორე დღეს მისულ სანდროს ვაჟა გარდაცვლილი დახვდა. ვაჟა მოკლეს (გიგი ხორნაული), წითელმა მხეცებმა დახვრიტეს ვაჟას შვილი –ლევან რაზიკაშვილი, ვაჟას ძმას თედოს 56 ჭრილობა მიაყენეს, ფაქტიურად აკუწეს და მოკლეს.
ვაჟა შემაყვარა დედაჩემის დედამ – თამარმა. თამარი იყო ვაჟას უბადლო მცოდნე და მისი ლექსების შესანიშნავი დეკლამატორი. პატარა ვიყავი, წერა-კითხვა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვაჟას ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. ერთი რამ მოგვიანებით გავარკვიე: „კაი ყმაში“ ვაჟას უწერია: „არა, თქვენ, სადიაცენო, რომ ძროხებივით სძღებითა“, ბებიამ კი მასწავლა – „არა, თქვენ, მუხთაქორებო, რომ ძროხებივით სძღებითა“. მივხვდი, ისეთი პატარა ვიყავი, თამარა „სადიაცენოს“ ვერ ამიხსნიდა.
და კიდევ… საბჭოეთი აბრუნდების ქვეყანა იყო: გორში სტალინის მონუმენტისა და თბილისში რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ ილიასა და აკაკის ძეგლის ავტორი იყო ერთი და იგივე ადამიანი შოთა მიქატაძე. ამ კაცმა ალბათ არ იცოდა, რა რისხვა და უდიდესი უბედურება იყო საქართველოსთვის სტალინი. არც ის იცოდა, რაოდენ უფრო დიდი იყო ილია აკაკისთან შედარებით. დღემდე ვერ მოვიცილეთ საქართველოს დამაქცევარი სტალინი თავიდან. რაც შეეხება ილიასა და აკაკის ძეგლს, ესეც არ მომწონს. უკვე აღინიშნა, რომ ილია იმდროინდელი საზოგადოების აღიარებული ეროვნული ლიდერი, ეროვნული ბელადი იყო, რაც ძეგლში არ ჩანს. მედიდური გარეგნობის აკაკი ილიაზე რამდენადმე წინ დგას. კატეგორიულად უფრო სწორი იქნებოდა, მოქანდაკეს პირიქით გაეკეთებინა – ილია აკაკიზე წინ დაეყენებინა…
რუსთაველის გამზირზე, პირველი საშუალო სკოლის წინ იდგნენ გურამ მჭედლიძე (დიდი მეცნიერი, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება, ჩემ მიერ დაარსებული „ადამიანის უფლებების საზოგადოების“ აქტიური წევრი) და ჩემთვის უცნობი პიროვნება. მათ საუბარში მეც ჩავერთე. სიტყვამ მოიტანა და ჩემი აზრი გამოვთქვი შოთა მიქატაძის ნამუშევრებზე. გურამმა უცნობს ჩემი თავი გააცნო. „გურანდას შვილი, კარგად ვიცი, ლევანი ვინ არის“ – გურამს სიტყვა გააწყვეტინა უცნობმა. იგი აღმოჩნდა შოთა მიქატაძის შვილი – ჯუნა. ჯუნას დედაჩემის სიყრმის მეგობრის, ცისანა ვანიძის ხელით ვუგზავნიდი ხოლმე ჩემს წიგნებსა და სტატიებს. „ძლივს არ გაგიცანი“ – ჩამიხუტა და გადამკოცნა ჯუნამ. დიდი ხანი ვიდექით ერთად, ვსაუბრობდით, წასვლა არც ერთს არ გვეჩქარებოდა. განცდებით, თანხვედრილი აზრებით, სითბოთი სავსე ეს დღე სამისდღემჩიოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას.

ბოლოთქმა

დედისა და მამის მხრიდან ბაბუებს ვერ მოვესწარი. ნესტორ გაბილაია, ძალიან თბილი, ყურადღებიანი და ალერსიანი, ის ადამიანი იყო, ვინც ნამდვილი ბაბუობა გამიწია.
ნესტორ გაბილაია ბებიაჩემის – თამარ ნესტორის ასულ კუციას დედის ძმისწული გახლდათ, ანუ თამარი და ნესტორი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ამასთან, ნესტორ ბაბუს სახელიც თამარის მამის პატივსაცემად ერქვა.
ნესტორ გაბილაია 1918 წელს ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავე წელს იგი ივ. ჯავახიშვილისა და უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს რეკომენდაციით სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნეს გერმანიაში. სწორედ აქ შეხვდა იგი თავის მომავალ მეუღლეს ფატი (მუჩუტო) ხუნდაძეს (1895-1978) – გამოჩენილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის – სილოვან ხუნდაძის ქალიშვილს, შემდგომში ბავშვთა ფსიქოლოგს, პირველ ქართველ ფსიქოლოგიის მეცნიერების დოქტორ ქალს, აღიარებულ მკვლევარს, აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფეს.
1918 წლის ბოლოს ნესტორ გაბილაია მიუნჰენის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტია. გარდა აღნიშნული უნივერსიტეტისა, იგი გამოჩენილ მეცნიერთა (მათ შორის ალბერტ აინშტაინის) ლექციებს ისმენდა იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.
1923 წელს ნესტორ გაბილაიამ დაამთავრა მიუნჰენის უნივერსიტეტი და გადავიდა იენაში, სადაც დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1927 წლამდე იგი ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას იენაში და გერმანიაშივე აქვეყნებს შრომებს.
1927 წლის დამლევს უკვე შემდგარი მეცნიერი სამშობლოში ბრუნდება. მას ნიშნავენ საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიწათმოწყობის განყოფილების უფროსად, სადაც დაჰყო 1929 წლამდე. 1929 წელს, სხვადასხვა მიზეზისა გამო, იძულებული იყო სამსახური დაეტოვებინა.
1930 წელს ნესტორ გაბილაიას, როგორც გერმანული ენისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნეს, ივ. ჯავახიშვილი ლექტორად იწვევს. იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 1954 წლამდე. ორი ათეული წლის მანძილზე ნესტორ გაბილაია დაუღალავად ემსახურებოდა სტუდენტთა აღზრდა-განათლების საქმეს. იგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტისა.
1950-იანი წლების ბოლოს იგი მუშაობდა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, თანამშრომლებს ეხმარებოდა გერმანული სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება-გაცნობაში.
ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილების გამგე იყო აკადემიკოსი დიმიტრი სოსნოვსკი – საქართველოს ფლორის შესანიშნავი მკვლევარი. დ. სოსნოვსკივე ხელმძღვანელობდა აღნიშნული განყოფილების სემინარს. ჩატარდა განყოფილების გაფართოებული სემინარი, რომელზეც მან საანგარიშო მოხსენება გააკეთა. სემინარიც და მოხსენებაც დ. სოსნოვსკიმ ჩაატარა რუსულ ენაზე. სიტყვა მოითხოვა ნესტორ გაბილაიამ. მან დიდი მადლობა გადაუხადა დ. სოსნოვსკის საქართველოს ფლორის შესწავლის გამო, პედაგოგიური მოღვაწეობის გამო, მაგრამ სინანული გამოთქვა, რომ სემინარის მიმდინარეობა და მოხსენება მისთვის გაუგებარი დარჩა, რადგან ყველაფერი მიმდინარეობდა არაქართულად, მერე დაამატა – საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო ენა, რამდენადაც ვიცი, ქართულიაო… და მოითხოვა მოხსენების ძირითადი შინაარსის ქართულად გადმოცემა, რაც გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა უკიდურესად იყო დაღლილი. ამის შემდეგ სემინარის ხელმძღვანელი იყო ლუბა კემულარია-ნათაძე და, საერთოდ, ბოტანიკის ინსტიტუტში უფრო იმძლავრა ქართულმა ენამ.
დიახ! სილოვან ხუნდაძის სიძე, რომელსაც ქართული ენისადმი, ყველაფერი ქართულისადმი ღრმა სიყვარულის გრძნობა გაუმძაფრა სილოვან ხუნდაძემ, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა.
1960-იანი წლების მეორე ნახევარში ნესტორ გაბილაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ უმუშავია.
ნესტორ გაბილაიას ოჯახში მიმიყვანა თამარ ბებიამ, მაშინ 5 წლის ვიყავი. ცხოვრობდნენ სოლოლაკში, ჭონქაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კუთხის სახლში. კარგად მახსოვს, რა კომფორტულად ვიგრძენი თავი. მუჩუტო დეიდას, ბავშვთა ფსიქოლოგს, ჩემთან ურთიერთობა, რასაკვირველია, არ უნდა გასჭირვებოდა. მუჩუტოს დეიდას ვეძახდი, ნესტორმა კი ბაბუობა თვითონ შემომთავაზა. ოთახში რომ შევედი, სიყვარულით შემომეგება – მოდი, ბაბუო – ამ სიტყვებით გვერდით მომისვა. ბებიასგან გაიგეს, რომ ტანტე ნინას გერმანულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. ძალიან გაიხარეს. მერე გავაცნობიერე, რომ ფრთხილად გაარკვიეს ჩემი გერმანულის ცოდნის ხარისხი. მათთან გერმანულშიც კარგად ვვარჯიშობდი.
10 წლიდან დამოუკიდებლად, მარტო დავდიოდი მუჩუტო დეიდასთან და ნესტორ ბაბუასთან. ძალიან მომწონდა, როგორც დიდს, ისე მექცეოდნენ. ორივენი სიხარულით შეხვდნენ ჩემს სურვილს – სილოვან ხუნდაძეზე წიგნი დამეწერა.
მუჩუტო დეიდას გარდაცვალების შემდეგ (1978 წ.) მარტო დარჩენილ ნესტორ ბაბუსთან უფრო ხშირად დავდიოდი.
ნესტორ ბაბუსგან გავიგე, რა არის ბოღლიწო (წითელ ღვინოში დამბალი თონის პური) და გავსინჯე კიდეც იგი. მამას წყალობით სულ მქონდა ჯიბის ფული და მე და ნესტორ ბაბუ არ ვიკლებდით ბოღლიწოს. აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბოღლიწოსთვის ღვინისა და პურის ყიდვის უფლება შეუპოვარი ბრძოლითა და დიდი ხვეწნით მოვიპოვე. კატეგორიულად გამოვაცხადე, რომ უამისოდ მასთან ვერ მივიდოდი. ძალიან შევეხვეწე – ჩემთვის მასთან მისვლის სიხარული არ წაერთმია.
კიროვის ქუჩის დიდ გასტრონომში ვყიდულობდი ღვინოს, მახარაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კუთხის ეზოში თონიდან მომქონდა თონის პური, ავუყვებოდი ლერმონტოვის ქუჩის მარჯვენა მხარეს ბაბუს სახლამდე. დაკაკუნებაზე მცნობდა – შენ ხარ, ბაბუ, მოდი, ბაბუ, მოდი. მერე იყო ბოღლიწო, იყო საინტერესო საუბრები ყველაფერზე – გერმანიაში გატარებულ წლებზე, ალბერტ აინშტაინის პოპულარულ ლექციებზე, ლექციის შემდეგ აინშტაინთან საუბარზე (ძალიან იწონებდა თავს დიპლომში აინშტაინის მიერ ჩაწერილი ფრიადით), განსაკუთრებით დიდი ხალისით, ხანგრძლივად, სიყვარულით საუბრობდა სილოვან ხუნდაძეზე, მის ზნემაღალ პიროვნულ თვისებებზე (სოციალ-დემოკრატები არასოდეს მოსწონდა. მათდამი სიძულვილი სწორედ სილოვანმა გაუმძაფრა), ძალიან ნანობდა, რომ მათი ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ძალიან უყვარდა ჩემი ბებია თამარი და გენო ბაბუ. ნესტორ ბაბუასაგან გავიგე, რომ ბებიკოს თურმე ქსენია ერქვა. მერე რომ წამოიზარდა და საქართველოს ისტორიაში გათვითცნობიერდა, ერთ დღეს გამოაცხადა – მე თამარი ვარ და ქსენია აღარავინ დამიძახოთო. გერმანიაში გამგზავრებისას გამცილებელთა შორის თამარ ბებიაც იყო. თამარს უთქვამს: ნესტორ, როგორ გაძლებ უსამშობლოდ ამდენ ხანს უცხო მხარეში. ნესტორს უპასუხია: პროლეტარიატს არა აქვს სამშობლოო. ცუდად ვიხუმრეო – მითხრა. იმ დროისათვის უკვე ორიგინალში, გერმანულად მქონდა წაკითხული მარქსის შრომები და მცირე ერებისადმი მარქსის დამოკიდებულება კატეგორიულად არ მომწონდაო. თამარი ძლივს დავაწყნარე და შემოვირიგეო.
ნესტორ ბაბუ 1985 წელს გარდაიცვალა. დედა, მამა და მე მუხათგვერდის სასაფლაოზე მივდიოდით ხოლმე მუჩუტო დეიდას და ნესტორ ბაბუს საფლავზე. ნესტორ ბაბუს საფლავს წარწერა არ ჰქონდა. სულ მოლოდინში ვიყავი, როდის გაკეთდებოდა ეს. ბოლოს მე და მამა ავედით, ამოვიტანეთ საჭრეთელი და მე თვითონ ეკლარის ქვაზე ამოვკვეთე წარწერა:
„ფილოსოფიის დოქტორი
ნესტორ გაბილაია
(1896-1985)“.

დამატება

სილოვან ხუნდაძეზე

ერის ბრწყინვალე მომავლის გამოკვეთა ხომ ღირსეულად აღზრდილ მის ახალგაზრდობას ეკუთვნის! და აი, ამ საპატიო სამსახურს იოსებ ოცხელმა, ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის დირექტორმა, მთელი თავისი სიცოცხლე შეალია!..
იოსებ ოცხელი ეკუთვნის იმ დიდად ცნობილ ქართველ პედაგოგებს, როგორებიც იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ალექსი ჭიჭინაძე, ნიკო ცხვედაძე, სილოვან ხუნდაძე და სხვანი, რომელთაც, დიდი ილიას მსგავსად, სწამდათ აუცილებლობა ახალი თაობის მომზადებისა ისე, როგორც ერის ახალ მოთხოვნილებას შეეფერებოდა.
მიუხედავად რუსული იმპერიის მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკისა, ეროვნულ გამთლიანებას რომ ებრძოდა, იოსებ ოცხელი სილოვან ხუნდაძესთან ერთად მეთაური იყო იმ კერისა, სადაც ახალგაზრდობა პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებოდა, ეროვნულ სარბიელზე სამოღვაწეოდ ემზადებოდა და რომლის წიაღიდან გამოვიდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, მწერლები, მსახიობები, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწენი.

დავით ბერეკაშვილი
ბრიუსელი, ბელგია, 1966 წ.

ჩვენს ქუთაისის ქართულ გიმნაზიას ორი შესანიშნავი ხელმძღვანელი ჰყავდა: იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე. პირველი – გიმნაზიის დირექტორი, მეორე – ინსპექტორი. ორივე – დიდი პედაგოგი და აღმზრდელი. თუ ბატონი იოსები გარეგნულად იყო მაღალი, წარმოსადეგი, განიერი მხარ-ბეჭით, ბატონი სილოვანი იყო სუსტი აგებულებისა, ტანად პატარა. ხასიათიც სხვადასხვა ჰქონდათ. ბატონი იოსები – დინჯი, დარბაისელი, ტკბილი და მომღიმარი სახით, ბატონი სილოვანი – მუდამ აჩქარებული, ნერვიული და მოღუშული. აღზრდის მეთოდიც სხვადასხვა იყო. თუ ბატონი იოსები შთაგონებით და მოფერებით გავლენას ახდენდა მოსწავლეებზე, ბატონი სილოვანი ხშირად გაჯავრდებოდა და მოწაფეებს დატუქსავდა ხოლმე… კარგად დამამახსოვრდა ერთი ამბავი, რომელიც ამ ორ დიდ ქართველს ახასიათებს.
უნდა გამოვტყდე: ბავშვობისას მეტად ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ერთ დღეს რაღაც დავაშავე. ბატონი სილოვანი სასტიკად გამიჯავრდა და მითხრა:
– სანამ ოჯახის უფროსს არ მოიყვან, გიმნაზიაში არ მოხვიდეო!
მე ვუპასუხე:
– მამა არ მყავს, დედა ქუთაისში არ იმყოფება… თუ ნებას დამრთავთ, ნათლიას მოვიყვან-მეთქი.
ბატონი სილოვანი დამეთანხმა და მეორე დღეს ნათლიაჩემთან ერთად მივედით გიმნაზიაში…
ნათლიაჩემი იყო მღვდელი და ვფიქრობდი: ბატონი სილოვანი უფრო მორიდებით მოგვეპყრობოდა. ანგარიში არ გამიმართლდა! რომ დაგვინახა ბატონმა სილოვანმა, ჯიქურად ჩვენკენ წამოვიდა და ნათლიაჩემს შესძახა:
– შენ მონათლე ეს მხეცი?
ნათლიაჩემი არ დაიბნა და დინჯად უპასუხა:
– მე რომ მოვნათლე, ბატონო სილოვან, მაშინ მხეცი არ იყო!
და მათ შორის გაიმართა ხმამაღალი ლაპარაკი. მე მოშორებით ვიდექი დარცხვენილი. ამ დროს ბატონი იოსები მობრძანდა და როცა გაიგო მიზეზი მათი აღელვებისა, მე მომიხმო, ხელი თავზე გადამისვა და სილოვანს მიმართა:
– ამჟამად ვაპატიოთ, მხოლოდ სიტყვა მოგვცეს, რომ მომავალში აღარ იცელქებს და წესიერად იქნება…
რა თქმა უნდა, პირობა უყუყმანოდ დავდევი და მართლაც იმ დღიდან, როცა ცელქობის ჟინი მომივლიდა ხოლმე, ვცდილობდი მაინც თავი შემეკავებინა, რადგან ჩვენი ძვირფასი დირექტორის სახე და მისი ტკბილი სიტყვები გამახსენდებოდა ხოლმე.

გიორგი (ბიჭიკო) ახვლედიანი
ნიუ-იორკი, 1966 წ.

ჩემს წარმოდგენაში იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე ერთი მთლიანი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ღირსშესანიშნავი პიროვნება სავსებით განსხვავდებოდა ერთი მეორისაგან, აგრეთვე აღმზრდელობის სხვადასხვა ხერხით.
ბატონი იოსები გარეგნობით წარმოსადეგი, დიდი მოყვანილობისა იყო, იცვამდა ზედმიწევნით ევროპულ წესზე, ჰგავდა დიდი სახელმწიფოს მნიშვნელოვან ელჩს! მუდამ ლმობიერი და თავაზიანი, სიტყვა და ქცევა მოფიქრებული, მითითებისა და მაგალითისათვის აღმზრდელობითი მიზნით…
სილოვანი, პირიქით, თეთრი წვერით, გამხდარი, ფიცხი, მოძრავი თავისი გამჭვრეტი თვალით მწირს წააგავდა! იმდენი ამბავი გამეგონა მის სისასტიკეზე, რომ მისი შიში გამჯდარი მქონდა ძვლებში! ეზოს თავში რომ მოვკრავდი თვალს, ეზოს ბოლოს თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი დასამალავად…
ბატონ იოსებთან კი პირიქით, მაშინვე გამოვმზეურდებოდი ხოლმე. ის გვიღიმოდა და ვგრძნობდი, მისგან არავითარი საშიშროება არ მომელოდა. თუ მაინცადამაინც გაწყრებოდა, დაგვიყვავებდა და რაიმე წასაქეზებელ სიტყვას გვეტყოდა…
თუმცა ჩვენს გიმნაზიას ღირსშესანიშნავი მასწავლებლები არ აკლდნენ, ამ ორ ადამიანს ზეკაცად ვთვლიდი.
ბ-ნი იოსები ეტლით მინახავს სკოლაში მომავალი, მაშინ, რცა ბ-ნ სილოვანს, ფეხით მოსიარულეს, ხშირად რიონის ხიდზე ვხვდებოდი ხოლმე. იგი დაეყრდნობოდა მოაჯირზე და რაჭიდან მობერილ სუფთა ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. ამბობდნენ: გულის სისუსტე აქვსო. ჩუმდა მეც მიმიბაძავს მისთვის და რიონს გადავეყუდებოდი ხოლმე.
მახსოვს, ბატონი სილოვანი ერთხელ გიმნაზიის დერეფანში მოგვეჭრა, როგორც მიმინო. მან სასტიკად დატუქსა ერთი პატარა ყმაწვილი, რომელსაც დასვრილი ფეხსაცმელები შეუმჩნია. ამის გამო მას ძალიან გაუჯავრდა.
ეტყობა, ის მაინც გვიყვარდა. როდესაც ერთხელ მოსწავლეებმა ბ-ნ იოსებს შესჩივლეს, ბატონი სილოვანი მკაცრი არისო, მან თანაგრძნობით გვიპასუხა: „მკაცრი? არა!“

ირაკლი ოთხმეზური
ბრიუსელი, 1966 წ.

ქართული გიმნაზიის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა, რომ სიახლე შეეტანა სასწავლო პროცესში. ახალი, ზოგადსაგანმანათლებლო საგნების შემოღებით დიდი ყურადღება ექცეოდა ახალგაზრდობის ესთეტიკურ აღზრდას. კარგად იყო დაყენებული სიმებიანი და სასულე ორკესტრის მუშაობა, საგუნდო სიმღერები ლოტბარ მასწავლებლის ნ. შარაბიძის ხელმძღვანელობით. გიმნაზიაში მოწვეული იყო ხატვის მასწავლებლად პაევსკი, რომლის ხელმძღვანელობით ბევრი მოწაფე გატაცებით სწავლობდა ხატვას.
განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლას. ი. ოცხელის ინიციატივით და ხელმძღვანელობით გიმნაზიაში დაარსდა პატარა საკითხავი წიგნების გამომცემლობა, შეიქმნა მოწაფეთა წრე უფროსი კლასის მოსწავლეებისაგან, რომლებიც თავიანთი ძალებით აქვეყნებდნენ ხოლმე პატარ-პატარა პოპულარულ წიგნებს. ამ მოთხრობების ავტორებისა და მთარგმნელებისაგან ბევრი მწერალი და მწიგნობარი გახდა შემდგომში. ქართული გიმნაზიის ბრწყინვალე პედაგოგიური კოლექტივიდან განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი და მისი თანაშემწე სილოვან ხუნდაძე.
დიდია დირექტორის მოადგილის, ს. ხუნდაძის ღვაწლი და დამსახურება ქართული ენის დამკვიდრების მხრივ არამარტო სასწავლებელში, არამედ ოჯახებშიც და საზოგადოებაში, მისი საუბრები ქართული მწერლობისა და ქართველი მწერლების შესახებ, რომლებიც მისივე ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა ჩვენ შორის, ერთადერთი ხელმოსაკიდი საშუალება იყო იმ დროს ჩვენი მრავალსაუკონოვანი მწერლობის შესასწავლად. მაგრამ სილოვანის გავლენა სცილდებოდა, რასაკვირველია, სკოლის ფარგლებს. ცნობილია მისი მომთხოვნელობა, რომ ქართულ ენას საპატიო ადგილი ჰქონოდა ჩვენს ცხოვრებაში. იგი ვერ ითმენდა ქართული ენის დამახინჯებას, მის განდევნას საზოგადოებრივი ცხოვრების საქმიანობიდან. მე ხშირად გამიგონია ჩვენი ინტელიგენტი მოხუცი მანდილოსნების სიტყვები: რა ვქნა, მართლა მეშინია სილოვანთან საუბარი, ეგებ რამე ქართულად ისე ვერ ვთქვა, როგორც საჭიროა. ცნობილია სერგო ერისთავის ნაამბობი: თურმე გიმნაზიაში მოვიდა სილოვანზე განაწყენებული მშობელი, რომლის ვაჟს ქართულ ენაში ცუდი ნიშანი ჰქონია. ებრაელი ვაჭარი გაცხარებით საყვედურობდა, რა გააჭირა საქმე ამ სილოვანმა, ჩემს ვაჟს სულ „პიატები“ და „ჩეტვიორკები“ აქვს „პოვედენიაში“ და სხვა საგნებში, მას კი „გრუზინსკში“ „დვოიკა“ დაუწერია. უსმინა ს. ერისთავმა გაჯავრებულ მშობელს და ურჩია: წადი, ბიძია, არ გაეკარო ახლოს სილოვანს შენი ჩიქორთულით, მე ცოტა რუსთაველის ენით ველაპარაკები და მაინც არაფერი გამომივიდა, გარეთ გამაგდო და შენ კი უარესი მოგივაო.
როდესაც გერმანული ენის მასწავლებელმა კურტანოვიჩმა ქართულ ენას „სობაჩი იაზიკ“ უწოდა, რამაც ქარიშხალი გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში, სილოვანმა მაშინდელ პეტერბურგის გაზეთ „რეჩში“ დაბეჭდა შესანიშნავი სტატია ქართული ენისა და მწერლობის შესახებ. ჩვენ, მოსწავლეები, რასაკვირველია, გატაცებით ვკითხულობდით ამ ნაშრომს, მოგვწონდა სილოვანის რუსულად დაწერილი სტატია. ჩვენს სიხარულს გამოეხმაურა ი. ოცხელიც და ხუმრობით გვითხრა: აბა, ხომ არ გეგონათ, რომ სილოვანმა რუსული არ იცოდაო!
თავისი კეთილშობილი ქართველობით, პირდაპირობითა და შეუდრეკელობით მისაბაძი და სამაგალითო იყო სილოვანი. მან არ იცოდა, რა იყო დათმობა და დამარცხება. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ სამი წლის განმავლობაში სამსახურიდან დათხოვილი იყო, იმიტომ, რომ ბოდიში არ მოიხადა სასწავლო ოლქის მიერ გამოგზავნილი კორიცკის წინაშე.

ევსევი მიქელაძე

კარგად მახსოვს, როდესაც ერთ დღეს ცნობილმა პედაგოგმა და მწერალმა, გიმნაზიის ინსპექტორმა ბატონმა სილოვან ხუნდაძემ დამიძახა და გამაცნო ერთი ახალგაზრდა:
– ეს ყმაწვილი არის ეროვნებით სომეხი. მან ყველა საგანი კარგად ჩააბარა, ჩაიჭრა მხოლოდ ქართულ ენაში და იგი პირობით მივიღეთ. შენ გევალება მას ქართული ენა ასწავლო. იმედი მაქვს, შემდეგისათვის ქართულ ენასა და მწერლობაში მოემზადებაო.
მეც სიამოვნებით დავთანხმდი და მართლაც ამ ყმაწვილმა იმ წლის ბოლოს ქართულში კარგად ჩააბარა ეგზამენი…
ბატონი იოსებისა და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით იმართებოდა ხოლმე წარმოდგენები – თამაშობდნენ, რასაკვირველია, თვითონ მოწაფეები, რეჟისორებიც მოწაფეები იყვნენ. ქალების როლსაც ისინი ასრულებდნენ. ჩვეულებრივ, მე მოკარნახე ვიყავი.
ბატონი იოსები და ბატონი სილოვანი გვავალებდნენ ხოლმე რომელიმე ლიტერატურულ თემაზე მოხსენების წაკითხვას. რამდენი მოხსენება წამიკითხავს! ყოველ მოხსენებას კამათი მოჰყვებოდა ხოლმე და ასე იწვრთნებოდნენ ჩვენი მოწაფეები…
ყველას აინტერესებდა ხოლმე თემების დაწერის საკითხი, ეხვეოდნენ მასწავლებლებსა და ეკითხებოდნენ, თუ ვინ როგორ დასწერა თემა… შემოეხვივნენ ბატონ სილოვანს:
– ვინ დაწერა, ბატონო სილოვან, ყველაზე უკეთესად ქართული თემა?
ქართული თემა იყო: მეთორმეტე საუკუნის ლიტერატურა. ბატონი სილოვანი დიდად კეთილი კაცი იყო, მაგრამ აგრეთვე დიდად ფიცხი და სოციალ-დემოკრატების სახელს ვერ გააგონებდი. ყმაწვილ სოციალ-დემოკრატებს იგი „გველის წიწილებს“ უწოდებდა და ეს ყველამ ვიცოდით, ოღონდ ამას შეურაცხყოფად არ ვღებულობდით.
იშვიათად მინახავს მისი ღიმილი… იმ დღეს გაეღიმა და მიმართა მოწაფეებს:
– თქვენ რომ დიდად მოგაქვთ თავი ნაციონალისტობით! არაფრად ვარგიხართ… ყველაზე უკეთესად თემა დასწერა ამ „წიწილამ“ (აღარ უთქვამს „გველის წიწილი“, მაგრამ ყველა მიხვდა) და მოიშვირა ხელი ჩემზე. ატყდა სიცილი. მე, ცოტა არ იყოს, გავწითლდი. იქვე იდგა ბატონი იოსები. მანაც გაიცინა და ბრძანა:
– ხუმრობით ამბობს ამას ბატონი სილოვანი! ძალიან მიხარია, რომ სწორედ სოციალ-დემოკრატმა დასწერა ქართული თემა ყველაზე უკეთესად!..
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წავედი ბატონ იოსების სანახავად. იგი დიდათ გახარებული იყო ამ მართლაც დიდი ამბავით…
იმავე დღეებში ბატონ სილოვან ხუნდაძეს ვესტუმრე. საქმე მქონდა მის ასულ, ჩემს მეგობარ მუჩუტოსთან. კარი ბატონმა სილოვანმა გამიღო და მითხრა:
– ხო! შენ მუჩუტოსთან მოხვედი! დავუძახებ ახლავე, სახლში არის. მოიცადე.
შემობრუნდა ბატონი სილოვანი და, ჩუმად ხომ არ ვიქნებოდი, ვკითხე:
– როგორ მოგწონთ, ბატონო სილოვან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება? ხომ მოესწარით თქვენ სანატრელ დღეს?
ბატონმა სილოვანმა ალმაცერად შემომხედა და მკვახედ მიპასუხა:
– დიახაც რომ დიდად მოხარული ვარ, მაგრამ…
შეწყვიტა მან სიტყვა. ალბათ ფიქრობდა: ვთქვა, თუ არაო და მერე დასძინა:
– მე თქვენი არაფერი მჯერა! სოციალ-დემოკრატები ქართველ ერს ვერ მოუვლიან! მათ არ იციან, რა არის ერი! დაღუპავენ ამ დამოუკიდებლობას…

ვიკტორ ნოზაძე
პარიზი, აპრილი, 1967 წ.

სახელოვანი ქართველი პედაგოგი

ქუთაისის ქართულ გიმნაზიას საგანგებოდ შერჩეული მასწავლებლები ჰყავდა. ამ შერჩევაში დიდი წილი უძევს მის უბადლო დირექტორს იოსებ ოცხელს. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, მეფისდროინდელ რუსეთში, სკოლაში, საზოგადოდ, და განსაკუთრებით ჩაგრულ ერთა სკოლებში, მასწავლებლად ნიშნავდნენ „საეჭვო“ პირებს: ასეთებად მეფის მთავრობას მიაჩნდა განსაკუთრებით ჩაგრულ ერთა ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადო მოღვაწენი. ამიტომ ქართული ინტელიგენციის ეს საუკეთესო წარმომადგენლები მიიზიდა საქართველოს ორმა სკოლამ – ქუთაისისა და თბილისის კერძო გიმნაზიებმა.
ქუთაისის ქართული გიმნაზიის ერთ-ერთი მოწინავე მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე გარსევანიშვილი თავისი ცხოვრების ბოლო ხანებში ამბობდა: მე განზრახული მაქვს, დავწერო ჩვენი გიმნაზიის ისტორია, ის ძველ დროში აკადემიას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე უბრალო სკოლასო. მაგრამ ალ. გარსევანიშვილი ისე გარდაიცვალა, რომ ეს განზრახვა განუხორციელებლი დარჩა.
ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელთა შორის განსაკუთრებულ პიროვნებას წარმოადგენდა სილოვან ხუნდაძე. იგი იყო დიდად განათლებული, კეთილშობილი, პატიოსნებით აღსავსე, მაღალი ზნეობის ადამიანი. სილოვანი ყველასაგან და, ცხადია, მოსწავლეებისაგანაც მოითხოვდა განსაკუთრებულ ზნეობრივ სისპეტაკეს. ის ვერ ურიგდებოდა მოსწავლეთა ზარმაცობას, მოვალეობის პირნათლად შეუსრულებლობას და თუ რომელიმე მათგანს შეამჩნევდა რაიმე სიყალბეს, უწესობას, ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა იშვიათად, მაგრამ ხანდახან ისე განრისხდებოდა, რომ მოსწავლეს სასტიკად გაუჯავრდებოდა. ამ დროს ფერმკრთალი მივიდოდა კლასის ღია ფანჯარასთან და ღრმად სუნთქავდა, რადგან სული ეხუთებოდა. როცა ეს გულის მოსვლა გაუვლიდა და დაწყნარდებოდა, სანანებლად უხდებოდა მოსწავლისადმი ასეთი მოპყრობა – ასე მოსდით გულწრფელ, გულკეთილ და ამავე დროს დიდი რწმენის ადამიანებს. სილოვანი მკაცრი, მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან გულჩვილიც. ამას ამჩნევდნენ მისი მოწაფეები. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს გულისწყრობა არ იყო გამოწვეული მათდამი სიძულვილით, არამედ ეს იყო მამობრივი და კიდევ რაღაც უფრო მაღალი, საპატიო გრძნობით გამოწვეული გულისწყრომა. ამიტომ მოსწავლეებს უყვარდათ იგი და ყოველთვის მოკრძალებით იყვნენ მის წინაშე. სილოვანს დიდად აფასებდა ქართველი მოწინავე საზოგადოებაც.
სილოვანის ასეთი ბუნება საკმაოდ მჟღავნდებოდა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. თუ ვინმეს შეამჩნევდა რაიმე ნაკლს, მოურიდებლად შეედავებოდა მას განურჩევლად იმისა, დიდი იყო თუ პატარა. ცნობილია მისი პოლემიკა აკაკისა და ილიასთან, რომელთაც ის უაღრესად აფასებდა. აღსანიშნავია პრესაში გამოქვეყნებული მისი წერილი, მიმართული თავად-აზნაურთა მარშლის დავით ნიჟარაძის წინააღმდეგ. მისი, როგორც სპეტაკი და მხურვალე პატრიოტის დასახასიათებლად საკმარისია იმ კონფლიქტის გახსენება, რომელიც მას ჰქონდა კავკასიის სასწავლო ოლქის წარმომადგენელთან. ეს უკანასკნელი მივლინებული იყო თბილისიდან ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში 1914 წელს გამოსაშვებ გამოცდებზე დასასწრებლად. ქართულ გიმნაზიაში, როგორც კერძო სასწავლებლებში, გამოსაშვებ გამოცდებს ყოველწლიურად ესწრებოდა კავკასიის სასწავლო ოლქის წარმომადგენელი. გამოცდების დროს გიმნაზიაში შეამჩნიეს, რომ ოლქის წარმომადგენელს კორიცკის საქმე ისე მიჰყავდა, რომ გამოცდების მთლიანად ჩაშლა უნდოდა. კორიცკის წინააღმდეგ სასტიკად გაილაშქრა სილოვან ხუნდაძემ, რომელიც ამის გამო სამსახურიდან მოხსნეს.
სახელოვანმა პედაგოგმა თავისი პირადი ინტერესები შესწირა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ქედი არ მოუხრია, იგი შემდეგაც დაუნდობლად ებრძოდა თვითმპყრობელობის დამქაშებს, იცავდა ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობის, მთელი ხალხის ინტერესებს.
1905 წლის რევოლუციის პერიოდში ჩვენს სკოლაში იყო პოლიტიკური წრეები, სადაც მოსწავლეები ეცნობოდნენ სოციალისტური პარტიების პროგრამებს, მსოფლმხედველობასა და მარქსისტულ მოძღვრებას. ჩვენ დიდი ხალისით ვმუშაობდით ამ წრეებში, რომლებსაც უფროსი კლასის მოსწავლეები ხელმძღვანელობდნენ.
დამახასიათებელია, რომ 1905 წლის რევოლუციის დროს სილოვანი ახალგაზრდობას ეხმარებოდა მოსწავლეთა რევოლუციური თვითმმართველობის, ეგრეთ წოდებული ბიუროს (ბიურო ეწოდებოდა ამ თვითმმართველობის კომიტეტს) წესდების შედგენაში. სკოლის დერეფანში მოსწავლეთა კრება მიმდინარეობდა, დასამტკიცებლად იხილავდნენ ამ წესდების პროექტს. როცა მოსწავლეს გაუჭირდა კრების თავმჯდომარეობა, ის შეცვალა სილოვანმა და მისი თავმჯდომარეობით მოსწავლეთა წესდება დამტკიცებულ იქნა.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყოველთვის იყო ლიტერატურული წრეები; ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები და დილები წარმოდგენებით და დეკლამაციებით; მოსწავლეები გამოდიოდნენ მოხსენებებით, რომელთა შემდეგ საინტერესო, გაცხოველებული კამათი იმართებოდა.
ასეთ მოხსენება-კამათში ჩვენს დროს აქტიურად მონაწილეობდნენ სერგო ჟორჟოლიანი, გიორგი ჭუბაბრია, შოთა დადიანი, კარპეზ დონდუა (ბევრ საინტერესო მოხსენებას აკეთებდა), დავით ჩხეიძე (დია ჩიანელი), კონსტანტინე გამსახურდია, სერგო კლდიაშვილი და სხვ. ლიტერატურული წრის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ და ყოველნაირად უწყობდნენ ხელს სკოლის დირექტორი იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი (თვითონაც აკეთებდა მოხსენებებს), სერგო რობაქიძე და სხვ.
ლიტერატურის წრესთან დაკავშირებით აღსანიშნავია ერთი დაუვიწყარი ეპიზოდი. როცა მადლიერმა საქართველომ თავის საყვარელ მგოსანს აკაკის 1910 წელს საიუბილეო ზეიმი მოუწყო ქუთაისში (გვახსოვს, როგორ ეგებებოდა აღფრთოვანებული ხალხი ქუთაისის ქუჩებში ტაშითა და ოვაციებით ეტლში მჯდომ დიდებული გარეგნობის მხცოვან პოეტს, გვახსოვს ცეცხლოვანი სიტყვები, ტაში და ოვაციები ქუთაისის თეატრში) ლიტერატურული წრის ინიციატივით (წრეს სილოვანი ხელმძღვანელობდა) ჩვენმა სკოლამ მოიწვია საყვარელი პოეტი მისთვის გამართულ საიუბილეო საღამოზე.
ამ დაუვიწყარ საღამოს სკოლის დიდ დერეფანში, რომელიც სავსე იყო მოსწავლე-ახალგაზრდობით, სცენა იყო მოწყობილი. წინ ისხდნენ ჩვენი მასწავლებლები, ყველანი მოუთმენლად ველოდით აკაკის მოსვლას. მაგრამ პოეტს, თუმცა დათანხმებული იყო მოსვლაზე, რატომღაც აგვიანდებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ფარდა აიხადა და სცენაზე გამოვიდა მოსწავლე სერგო ჟორჟოლიანი, რომელმაც დაიწყო მოხსენება აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რასაც ჩვენ გულდაწყვეტილები ვუსმენდით აკაკის მოუსვლელობის გამო. ამ დროს უცებ გაისმა ხმები: მოდის! მოდის! გავიდნენ მასწავლებლები აკაკის შესაგებებლად. მალე დავინახეთ, როგორ მოდიოდა მასწავლებელთა შუაში მაღალშუბლიანი, გაჭაღარებული ჩვენი საყვარელი მგოსანი. მთელი დარბაზი მას ტაშის გრიალით მიესალმა. მალე სიჩუმე ჩამოვარდა: ვხედავდით, როგორ იჯდა პოეტი მასწავლებელთა შორის და თავაწეული სიამოვნებით უსმენდა და უყურებდა სერგო ჟორჟოლიანის სიტყვის გაგრძელებას და ყველაფერ იმას, რაც მოსწავლეებმა სცენაზე წარმოადგინეს. დასასრულს აკაკი აიყვანეს სცენაზე. დიდებული, ლამაზი და დაუვიწყარი იყო ჩვენთვის ამ ბუმბერაზი პოეტის სიტყვა. მან დაახლოებით ასე დაიწყო:
– ჩემო პატარა მეგობრებო! მე შეუძლებლობის გამო ძლიერ მიჭირდა ამ საღამოზე მოსვლა, მაგრამ თქვენდამი უზომო სიყვარულმა მომიყვანა თქვენთან.
შემდეგ თქვა:
– ჩვენ, სამოციანი წლების მოღვაწეები, ვთესავდით, იდეების მთესველები ვიყავით, ამ ჩვენს ნათესს უთუოდ თქვენ მოიმკით და ნახავთ ბედნიერებას. იმედი მაქვს, მაშინ მოხვალთ ჩემს საფლავთან და ჩამომძახებთ ამ სასიხარულო ამბავს.
ეს სიტყვა ისე მოხდენილად და გრძნობიერად წარმოთქვა პოეტმა, რომ თვითონაც ცრემლები მოადგა თვალებზე და ყველა აგვაღელვა.
ეს სურათი და ეს სიტყვა ღრმად და ცხოვლად აღიბეჭდა მოსწავლე-ახალგაზრდობის მეხსიერებაში.
სილოვანი მთელ საქართველოში სახელმოხვეჭილი ქართული ენის მასწავლებელი და ამ საგნის პატრიოტი იყო.
როცა მთავრობის სკოლებში მშობლიური, ქართული ენის სწავლება განდევნილი იყო ან ზოგი გულშემატკივარი მასწავლების მოხერხებით უკანასკნელ, მეექვსე ან მეშვიდე გაკვეთილზე იყო გადატანილი, ჩვენს სკოლაში მაშინ ქართული ენის სწავლება თავის სიმაღლეზე იდგა სილოვან ხუნდაძის თავდადებული შრომითა და ამაგით.
მაშინ ქართული ენის სახელმძღვანელოებს მოკლებული ვიყავით. მათ მაგივრობას გვიწევდა თვითონ სილოვანის მიერ შედგენილი ხელნაწერი „კონსპექტები“, სადაც განხილული იყო ჩვენი სახელოვანი მწერლების მხატვრული შემოქმედება. ეს კონსპექტები მოსწავლეებში გადაწერით ვრცელდებოდა (შემდეგ ეს კონსპექტები დაიბეჭდა). გაკვეთილის გამოკითხვის დროს უნდა გვცოდნოდა მწერლის ბიოგრაფია, მისი ნაწერების გარჩევა, აგრეთვე ზეპირად უნდა გვეთქვა ადგილები. უფროს კლასებში ვსწავლობდით ჩვენი გენიოსი პოეტის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“; ვეცნობოდით რუსთველოლოგების აზრებსა და შეხედულებებს შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ; ვკითხულობდით „ვეფხისტყაოსანს“, კომენტარს ვუკეთებდით და ვარჩევდით ტექსტს, ვზეპირობდით „ვეფხისტყაოსნის“ ბრძნულ აფორიზმებს.
ქართულ ლიტერატურასთან ერთად სილოვანი გვასწავლიდა ქართული ენის გრამატიკას. გრამატიკაში გვქონდა თვითონ სილოვანის მიერ შედგენილი, უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელო. მაშინ ეს იყო ქართული გრამატიკის ერთადერთი სახელმძღვანელო. სილოვანს თავისი საკუთარი შეხედულებები ჰქონდა გრამატიკისა და მართლწერის წესებზე. ამ წესების დაცვას მოსწავლეებისაგან ის მკაცრად მოითხოვდა.
სკოლაში მას ბევრი სამუშაო ჰქონდა: იყო დირექტორის მოადგილე, განაგებდა სკოლის ბიბლიოთეკას და ამავე დროს უფროს კლასებში ასწავლიდა ქართულ ენას. ადვილად წარმოსადგენია, რამდენი შრომა დასჭირდებოდა მას, ამ წმინდა მოვალეობის თავდადებულად და პირნათლად შემსრულებელს. ავიღოთ, მაგალითად, საკლასო რვეულების გასწორება. საკლასო წერას ის ხშირად აწყობდა, ხშირად მოჰქონდა გულდასმით გასწორებული წერითი ნაშრომები და კლასში ბაასობდა ტიპური შეცდომების შესახებ.
ხშირად დილით ადრე, როცა სკოლაში მივდიოდით, დაგვინახავს სილოვანი რვეულებით ხელში ქუჩაში, ჩქარი ნაბიჯით სკოლაში მიმავალი. ეს სურათი ჩაგვრჩა გულში და მუდამ გვახსენებს ამ დიდსულოვანი კაცის შრომისმოყვარეობასა და უბრალოებას. იმ პირობებში, როცა ის ასე თავდადებულად შრომობდა და იღვწოდა სკოლაში ჩვენი ახალგაზრდობის პატრიოტულად და ღირსეულად აღზრდისათვის, მას ჰყოფნიდა ენერგია სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობისათვის, თავდადებულად იბრძოდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ის დრო იყო, როცა ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკა დაპყრობილ ერთა მშობლიურ ენას დევნიდა. სკოლებში ყველა საგანს რუსულ ენაზე ასწავლიდნენ და ასეთ სკოლაში ნასწავლი ახალგაზრდობა ეროვნული გადაგვარების გზას ადგებოდა. ზოგიერთი არისტოკრატული ოჯახის შვილები მშობლიურ ენას ივიწყებდნენ, რუსულ ენაზე ლაპარაკით ამაყობდნენ და განათლებულობას თითქოს ამით ამტკიცებდნენ. ამ მახინჯი მოვლენის წინააღმდეგ სილოვანი ყოველთვის იბრძოდა სიტყვით და კალმით.
ჩვენს სკოლაში კი ჩაუქრობლად ენთო ეროვნული ლამპარი; სილოვან ხუნდაძე მზრუნველობით თავს დაგვტრიალებდა და ჩვენში მშობლიური ენის სიყვარულს, კაცთმოყვარეობას და პატრიოტულ გრძნობებს გვიღვივებდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სილოვანი განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდისათვის. სწავლა-აღზრდის საფუძვლად ის თვლიდა სულიერ და ზნეობრივ, ნამდვილ ადამიანურ თვისებათა ჩანერგვას მომავალ თაობაში და ამ მიზნის განხორციელებისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მას ძალ-ღონე არ დაუშურებია.
სილოვანი და მისთანა ადამიანები თავიანთი მუშაობითა და მოღვაწეობით ხელს უწყობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებასა და პროგრესს, იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საქვეყნო საქმეს, აახლოებდნენ ხალხის ბედნიერებას.
ამ დიად მიზანს ემსახურებოდა სილოვანი მთელი თავისი არსებით, მას სურდა სამშობლოსათვის აღეზარდა მომავალი თაობა, რომელიც არ უღალატებდა ქართველი ერის კეთილშობილურ ისტორიულ ტრადიციებს და განაგრძობდა გმირულ ბრძოლას ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ.
სილოვანის ღვაწლი დაუვიწყარია არა მარტო მისი აღზრდილებისათვის, რომელთა შორის ბევრნი საქართველოს სასახელო შვილები არიან, არამედ მთელი ქართველი ხალხისათვის, რომლის სიყვარულს მან შესწირა თავისი უანგარო შრომა და ენერგია, ნიჭი და უნარი.

გრ. ქაჯაია
პლ. კვირკველია

ქართული სკოლის დიდი მოამაგე

ჩვენი რესპუბლიკის სამეცნიერო-პედაგოგიურმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა ცნობილი ქართველი პედაგოგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სილოვან თომას ძე ხუნდაძის დაბადების 110-ე წლისთავი. ამ თარიღს მიეძღვნა ამას წინათ ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლის (ყოფილი ქართული გიმნაზიის) ეზოში სილოვან ხუნდაძის ძეგლის გახსნა და სილოვან ხუნდაძის ნეშტის საფიჩხიის სასაფლაოდან გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ქუთაისის პანთეონში გადასვენება, რომელსაც ქ. ქუთაისის მშრომელებთან ერთად ქართველი საბჭოთა ინტელიგენციის მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენელი დაესწრო როგორც ქ. თბილისიდან, ისე რესპუბლიკის სხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან.
ამავე თარიღის აღსანიშნავად საქართველოს სსრ განათლების სამინისტრომ, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობამ და საქართველოს სსრ პედაგოგიური საზოგადოების პრეზიდიუმმა თბილისის განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლში გამართეს სილოვან ხუნდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სსრ განათლების მინისტრმა თამარ ლაშქარაშვილმა. სილოვან ხუნდაძის ცხოვრებისა და სამწერლო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სსრ განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, პროფ. უ. ობოლაძე. სიტყვებითა და მოგონებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები – გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, კონსტანტინე ერისთავი, გიორგი ჯიბლაძე, არნოლდ ჩიქობავა, მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი ბესარიონ ჟღენტი და სილოვან ხუნდაძის ქალიშვილი, დოც. ფატი ხუნდაძე.
სილოვან ხუნდაძის ხსოვნისადმია მიძღვნილი უ. ობოლაძის აქვე გამოქვეყნებული სტატია და ს. ხუნდაძის ყოფილი მოწაფეების გრ. ქაჯაიასა და პლ. კვირკველიას მოგონება.

იმ მოწინავე ადამიანთა შორის, რომლებსაც სახალხო განათლების ასპარაზზე უხდებოდათ მუშაობა გასული საუკუნის ბოლოსა და ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში, სილოვან ხუნდაძეს ფრიად საპატიო ადგილი უჭირავს. მან ჭეშმარიტად ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეს, პირველყოვლისა სწორედ ამით არის გაპირობებული მისი ეს საპატიო ადგილი ჩვენი სახალხო განათლების განვითარების ისტორიაში.
სილოვანმა პედაგოგიური მოღვაწეობის პირველ წლებიდანვე დაიმსახურა პატივისცემა მოსწავლეთა და პედაგოგთა შორის. მომდევნო წლებში, ჭარმაგობის წლებში კი იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში, მას თავიანთ ნუგეშად და საიმედო კაცად თვლიდნენ სახალხო მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობელთა ფართო საზოგადოება. ამაში, ცხადია, დიდი როლი მიუძღვის იმას, რომ სილოვანს საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული – ღრმად განსწავლული ფილოლოგი და საერთოდ დიდად ერუდირებული პიროვნება იყო. მაგრამ ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. რაც მთავარია, მისთვის სამშობლო სალოცავი ხატი იყო, დედაენისა და თავისი ხალხის სიყვარული, მისი უკეთესი მომავლისადმი რწმენა მას შინაგანად განსაკუთრებული ძალით ჰქონდა მომადლებული და თავის მამულს კალმით და საქმით სიკვდილამდე გულმხურვალედ ემსახურებოდა.
სილოვანი დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. კოლაგანში (ამჟამად ჩოხატაურის რაიონი) მრავალშვილიან თომა ხუნდაძის ოჯახში 1860 წლის 16 აპრილს. იგი ყველაზე უმცროსი, მეშვიდე შვილი იყო ამ ოჯახისა. სილოვანი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მკვირცხლი გონებით, სწრაფი მოსაზრებულობით და ბეჯითობით, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი წარმატება სწავლის გზაზე. პირველდაწყებითი განათლება მან მარტვილისა და შემდეგ კი ოზურგეთის სასწავლებლებში მიიღო. როგორც ბეჯითი და კარგად მომზადებული ყმაწვილი, იგი 1871 წელს ჩარიცხეს სახელმწიფო ხარჯზე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1880 წელს, სილოვანი სწავლას განაგრძობს პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომლის აღმოსავლური ენების ფაკულტეტს ამთავრებს 1884 წელს და მაშინვე სამშობლოში ბრუნდება.
პირველ ხანებში სილოვანი ძველი სენაკის სკოლაში მოღვაწეობს მასწავლებლად; მალე იგი ქუთაისის ქართულ სკოლაში გადმოჰყავთ ქართული და ფრანგული ენების მასწავლებლად. ამ სკოლის გიმნაზიად გადაკეთების შემდეგ სილოვანი ინსპექტორად მუშაობს. 1914 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის გულცივ მოხელეებთან მწვავე კონფლიქტის გამო, რაზედაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით გვექნება საუბარი, სილოვანს სამსახურიდან ხსნიან და თავის საყვარელ სკოლას იგი უბრუნდება მხოლოდ თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ. სიცოცხლის ბოლო წლებში სილოვანი პენსიაზე გადის. იგი გარდაიცვალა 1928 წლის 12 მაისს.
სილოვან ხუნდაძე ფართო ინტერესებისა და მასშტაბის პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო: წერდა და მოწაფეობის წლებშივე ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებსა და ფელეტონებს ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე; ამასთან ერთად საერთოდ აქტიურად იყო ჩაბმული იმდროინდელი ცხოვრების ფერხულში და ამით საგრძნობი წვლილი შეჰქონდა ჩვენი საზოგადოების მოქალაქეობრივი და კულტურული მაჯისცემის გაცხოველებაში, რასაც თავისი დროისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, თანადროულობის წარსულთან გენეტიკური კავშირის თვალსაზრისით, სწორედ სილოვანის პედაგოგიური საქმიანობა, მისი პედაგოგიური მემკვიდრეობა წარმოდგება ჩვენ წინაშე განსაკუთრებული ფერადოვნებით. ამ სფეროში სილოვანის კვალი ნამდვილად წარუშლელია და ეს იმიტომ, რომ მისმა ნაშრომებმა ქართული ენის გრამატიკის დარგში, მისმა სასკოლო სახელმძღვანელომ „ქართულმა გრამატიკამ“, მისმა ნარკვევებმა გამოჩენილი ქართველი მწერლების შესახებ, და ბოლოს, სილოვანის, როგორც უბადლო პედაგოგის შემოქმედებითმა მოღვაწეობამ ღრმა ხნული დატოვა ჩვენი სკოლის ისტორიაში.
სილოვან ხუნდაძეს, როგორც სწავლულ პედაგოგს, მთელი თავისი პრაქტიკული და მწიგნობრული პედაგოგიური საქმიანობა თეორიულად ღრმად ჰქონდა გააზრებული და დაქვემდებარებული გარკვეული მსოფლმხედველობრივი კრედოსადმი. ამ მხრივ იგი ჭეშმარიტად ღირსეული მიმდევარი იყო სამოციანელებისა და მთლიანად იზიარებდა სოციალური და ეროვნული მონობისაგან ჩვენი ხალხის ხსნის შესახებ მათ საბრძოლო პროგრამას. თუ მის სამწერლო მოღვაწეობასა და პრაქტიკულ საქმიანობაში წინა პლანზეა წამოწეული ბრძოლა დედაენისათვის, დედაენაზე სწავლების უფლებისათვის. აქედან სრულებითაც არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სილოვანი გვერდს უვლიდა მწვავე სოციალურ პრობლემებს. თავის მრავალ ლექსსა და ნარკვევში ქვეყნის კეთილდღეობის საძირკვლად და საწინდრად იგი საერთო შრომის ნიადაგზე დაფუძნებულ, შრომით გამსჭვალულ საზოგადოებას თვლიდა, მაგრამ თუ ეს თემა სილოვანის შემოქმედებაში ხაზგასმულად და მკაფიოდ არ ჩანს, ეს იმით აიხსნება, რომ საცხოვრებო გამოცდილებით სილოვანი აღმზრდელი, მასწავლებელი იყო, განათლების სფერო იყო მისი სამოქმედო სარბიელი და სწორედ სკოლისაკენ იყო მიმართული მისი გონება და გული. ამ საქმეს, დედაენის ნიადაგზე სკოლის აღორძინების საქმეს, შეალია მან საკუთარი ნიჭი და ბობოქარი, მჩქეფარე ენერგია. „განათლდით, ყრმანო, განათლდით, გამრავლდით ქვეყნის მფლობელად!“ – აი ამ მცნებას მიჰყვებოდა იგი გულდაგულ მთელი სიცოცხლის მანძილზე.
ახალგაზრდობის განათლება, სასკოლო საქმე სილოვანს წარმოდგენილი ჰქონდა როგორც უცილობლად დედაენასა და ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული საქმე და ამისათვის იგი თავდადებულად იბრძოდა. საქმე რომ უფრო სრულად გავითვალისწინოთ, საჭიროა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაენისათვის ბრძოლა თვითმპყრობელობის პირობებში კულტურული რიგის ვიწრო ეროვნული მოვლენა როდი იყო. დედაენა იყო სოციალური და ეკონომიური პრობლემების გზაჯვარედინი, მათი თავშესაყარი, კვანძი. დედაენის შევიწროება მნიშვნელოვნად განაპირობებდა ხალხის შევიწროებას ნივთიერად და პოლიტიკურად, ესწრაფოდა მისი სასიცოცხლო ძალების პარალიზებას. ენის შევიწროება და ერის ღირსების წინააღმდეგ მიმართული სხვა რეპრესიები პირველ რიგში სწორედ უბრალო ხალხს აწვებოდა მძიმე ტვირთად, რადგან ისინი აფერხებდნენ, ახშობდნენ მისი სულიერი ძალების განვითარებას. აქედან გამომდინარე, ხალხის ბრძოლას ეროვნული უფლებებისათვის, თავისი ენის, სკოლისა, კულტურისა, და ბოლოს, სახელმწიფოებრიობისათვის, შეხამებულს სოციალურ ინტერესებთან, დიდი რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა. აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ ჩვენი სამოციანელების კვალდაკვალ სილოვან ხუნდაძე საკუთარი ენისათვის ბრძოლას ერთა შორის ფართო საკაცობრიო სოლიდარობისა და თანამშრომლობის პოზიციებიდან განიხილავდა და მკაცრად იბრძოდა ეროვნული კარჩაკეტილობის წინააღმდეგ.
სილოვან ხუნდაძის მრწამსი დედაენის, მისი ღირსებისა და უფლებათა შესახებ ამომწურავად არის დახასიათებული 1918 წელს გამოქვეყნებულ მისსავე წიგნაკში, რომელიც აკაკი წერეთლის შემოქმედების განხილვისადმია მიძღვნილი. ერთი ერისაგან მეორე ერის ენისა და საზოგადოდ ეროვნული თავისუფლების შეზღუდვა, წერს სილოვანი, ყოველთვის ყოფილა და იქნება დაჩაგრული ერის გონიერთა და გრძნობიერ შვილთა გულისა და სულის ამაშფოთებელ საგნად და ჩვენს მგოსნებსაც ძლიერად აღელვებდათ სამშობლოს ამგვარი უბედურება. გრ. ორბელიანმა „სადღეგრძელოში“, ნ. ბარათაშვილმა „ბედი ქართლისაში“, ვ. ორბელიანმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, რაფ. ერისთავმა და სხვ. მრავალ ლექსსა პოემაში სამშობლოსადმი სიყვარული უწრფელესი გრძნობიერებით დაგვიხატეს, მონობაში მყოფი ქართველი ერის ტანჯვა-წამება ძლიერად გვაგრძნობინეს. ზოგიერთს ჰგონია, განაგრძობს ავტორი, რომ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა დროებითი მოვლენააო, და, საზოგადოდ, ცალკე ეროვნება, როგორც საკუთრების ერთ-ერთი სახე, ოდესმე უნდა მოისპოსო. ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შესაძლებელია, კაცობრიობის ცხოვრების ბოლოუჩინარ გზაზე მრავალი ერი აღიგაოს პირისაგან მიწისა, ან გადაგვარდეს, ფერი იცვალოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა, მაგრამ, სანამ, საზოგადოდ, ადამიანთა ცხოვრება არ მოსპობილა, მანამდი კაცობრიობა აუცილებლად სხვადასხვა ერის სახით იარსებებს. ბრძოლა სხვადასხვანაირი საკუთრების ნიადაგზე, განსაკუთრებით ეკონომიურ ფარგალში, ეჭვი არ არის, მომავალში მოისპობა და უნდა მოისპოს კიდევაც, როგორც ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმომშობი წყარო და კეთილშობილური თავისუფლების შემბოჭველი, მაგრამ განვითარებულ ადამიანთა შორის კულტურული შეჯიბრება, კაცობრიობის გამშვენიერებისა და გამდიდრებისათვის ბრძოლა ყოველთვის იქნება.
ამგვარად, სილოვანი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ადამიანთა შორის სოციალური უთანასწორობა უნდა მოისპოს, მაგრამ მას ამავე დროს უნაყოფო ოცნებად მიაჩნდა იმის წარმოდგენა, რომ ოდესმე სხვადასხვა ერი მოისპობა. „განა შესაძლებელიც რომ იყოს, სასურველი კი არის, რომ ეს ოცნება განხორციელდეს! ბუნება მრავალფეროვანობით არის მშვენიერი: თვალსა და გულს ის ართობს და ატკბობს, რომ ერთმანეთში ჰარმონიულად გადაკვანძულია მთა და ბარი, ბორცვი და კორდი, ხე და ტყე, და ათასნაირი მცენარეულობა, აგრეთვე ზღვა, მდინარე და მოჩუხჩუხე წყაროები. როგორც ცას ღამით სხვადასხვა მნათობი ამშვენებს, რომელთა შორისაც ზოგი კაშკაშობს, ზოგი კი ძლივს ბჟუტავს, ისე ამშვენებენ კაცობრიობასაც სხვადასხვა ზნე-ჩვეულების მქონე, სხვადასხვა ენით მოლაპარაკე ერები“. ცალკე ერების დამოუკიდებლობის შეზღუდვას თუ გაუქმებას სილოვანი ხილულ სამყაროში თავიდანვე დამყარებული ბუნებრივი განრიგის ხელყოფად თვლიდა. კაცობრიობა, წერდა იგი, ადამიანის სხეულსა ჰგავს; მოკვეთეთ სხეულს მისი ნაწილები და ჰარმონია დაირღვევა, სხეული დამახინჯდება, თანაც დასუსტდება და დაუძლურდება. მეორე მხრივ, ერთა დამოუკიდებლობის აუცილებლობას სილოვანი იმით ასაბუთებდა, რომ ეს დამოუკიდებლობა მას ერთა შორის ჰარმონიის აუცილებელ პირობად მიაჩნდა. ყოველ ერს, მისი აზრით, უთუოდ რაიმე თავისებური განძი შეაქვს კაცობრიობის სალაროში: „ან განსხვავებული მუსიკა, სიმღერა, გალობა, ან განსხვავებული ლიტერატურული ნაწარმოებები, თავისებური კულტურა და ნუთუ სასურველია, რომ კაცობრიობას ყველა ეს მოაკლდეს! ეს ხომ მისი გაღარიბება იქნება?!“
ენებისა და ერების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ აქ წარმოდგენილი სილოვანისეული დასაბუთებანი უპირატესად გრძნობადი ბუნებისაა, მაგრამ იგი ცალმხრივად არ ავითარებს ამ გრძნობად საწყისს და გონების, აზრის კარნახს უქვემდებარებს მას. სილოვანის აზრით, სამშობლოს სიყვარულის იმგვარი მწვავე გრძნობა, როგორიც ჩვენი მგოსნების ნაწერებში მოისმის, მართლაც წარმავალია და დროებითი ხასიათისაა და ამგვარ გრძნობას მხოლოდ იმ დრომდე აქვს ადგილი, სანამ ერი თვითარსებობის საფუძველს მოკლებულია, სანამ მისი ენა და საკუთარი კულტურული ზრდა შებოჭილი და შეფერხებულია, მაგრამ, მისი აზრით, ეროვნული თავმოყვარეობა და ეროვნული თვითარსებობის გრძნობა ზომიერი მასშტაბით სავსებით კანონზომიერი გრძნობაა. ამ სახით ეროვნული გრძნობა, გრძნობა სამშობლოს სიყვარულისა საკაცობრიო გრძნობაა, რომელიც მეტნაკლებად პატარა ერების ცხოვრებაშიც იჩენს თავს და დიდი ერებისაშიც. მაშასადამე, სილოვანისათვის აღტყინებულ რომანტიკულ პატრიოტიზმს ერის დუხჭირი ცხოვრება, მისი ენის, ეროვნული უფლებების ხელყოფა წარმოშობს, მაგრამ საერთოდ ეროვნული თვითშეგნება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა არის კანონზომიერი საკაცობრიო გრძნობა; საკაცობრიო იმიტომ, რომ იგი ხელს კი არ უშლის, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს ერთა მშვიდობიან თანაარსებობას.
საქმეში კარგად ჩახედული მკითხველი ალბათ შენიშნავს, რომ სილოვანის მიერ გამოთქმული აზრები მისი უფროსი თანამედროვეების, სამოციანელების შემოქმედების, მათი პუბლიცისტიკის და პრაქტიკული მოღვაწეობის გულსა და ძირითად ძარღვს წარმოადგენს. ეს გარემოება, რასაკვირველია, სრულებითაც არ ამცირებს სილოვანის როლს დედაენის აღორძინებისათვის ბრძოლის საქმეში, რადგან ეს მებრძოლი აზრები მას ორგანულად აქვს შესისხლხორცებული, შინაგანი აზრის ქურაში გამოტარებული და მათ იგი თავისებური კოლორიტით მოსავს. სილოვანი წერს, რომ ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს სატრფიალო ლექსები ცოტა აქვთ და ამას იმით ხსნის, რომ მათი ფიქრი და გონება ერთ სატრფოს მოუტაცია, ეს სატრფოა მათი საერთო სამშობლო, „ბედკრული“ საქართველო. „მას აქეთ რაკი შენდამი ვსცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვებაო“ – ამბობს ილია. სამშობლოსადმი აკაკის სამიჯნურო ცეცხლის ნიმუშად ავტორი მკითხველს აცნობს რამდენიმე დამახასიათებელ სტრიქონს ცნობილი ლექსიდან „ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე…“ „მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არის? ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი, ფეხშიშველი, თავზე ლეჩაქმოხდილი!.. უგრძნობლად ხდის საწყალს საღათას ძილი!“ სილოვანი დაასკვნის: „მებატონე სახელმწიფოს ხელში მონური ცხოვრება, დამპყრობელთაგან სამშობლო ენის დაჩაგვრა და ეროვნული თავისუფლების მოსპობა – აი ჩვენი მგოსან-მწერლების გოდებისა და დრტვინვის საგულისხმო საგანი“.
სამოციანელთა გზას მიჰყვება სილოვანი პოეზიაშიც. მისი მრწამსი სამშობლოსა და დედაენის შესახებ შემდეგი სახით აქვს გადმოცემული თვითონვე სილოვანს ლექსში:
„შეხედეთ ცასა: მას რა ამშვენებს?
არა მარტო მზე გაბრწყინებული,
არამედ მთვარეც და ვარსკვლავები,
აქ-იქ გუნდ-გუნდათ ჩამწკრივებული!
ზოგი კაშკაშობს, ზოგი ძლივს ბჟუტავს,
ხან მიიმალვის, ხან გამოჩნდება…
და ყველა ერთად ახარებს სულსა; –
თვალი ერთობა და გული სტკბება!
და დედამიწა რით ხიბლავს თვალს, გულს?
რით არის სულის გამხარებელი?
მით, რომ ერთმანეთს მისდევს ბორცვ-კორდი,
მინდორი, ჭალა, ტყე, მთა და ველი…
აი მწვერვალი, ცაში ასული,
კლდიან-თოვლიან-ყინულიანი!
ძირს ყვავილები ფერად-ფერადი,
ტურფად გაშლილნი, ვარდნი, იანი…
ეგერ გიჟმაჟი მოქუხს მდინარე,
მობღავის მთებში, ლოდებს აგორებს!..
აქ მოჩუხჩუხობს, მოცელქობს წყარო,
მოწამლულ გულსა შავ ფიქრს აშორებს?..
დიახ, ბუნება მრავალფერობით
არის დიადი და მშვენიერი!
ესევ ადიდებს კაცობრიობას,
სხვადასხვა ენა, სხვადასხვა ერი!
მაშ გაუმარჯოს კაცობრიობას,
თან ყველა ერის სამშობლო ენას!
და თქვენც, მოძმენო, ნუ დაივიწყებთ
თქვენს ენას, თქვენს ერს! ნუ, ნუ, თქვენს ლხენას“.
მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ეს ლექსი დედაენის შესახებ სამოციანელთა იდეებით არის შთაგონებული.
თუმცა ეს ცალკე თემაა და ჩვენი წერილის გეგმას სცილდება, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და არ იქნება უადგილო აქ რამდენიმე მოსაზრება გამოითქვას სილოვანის ლექსების შესახებ.
თავის პოეზიას სილოვანი საკუთარი მოქალაქეობრივი და პატრიოტული მრწამსის გამოხატულებად თვლიდა და მის მიჩქმალვას მტკივნეულად განიცდიდა. სილოვანის პოეზია ეს არსებითად პატრიოტულ-მოქალაქეობრივი სულისკვეთებით გამსჭვალული პუბლიცისტური პოეზიაა ამ ცნების პირდაპირი გაგებით, თავისი ლექსებით სილოვანი დაუფარავად ამხელს და მკაცრად აძაგებს და ებრძვის უსამართლობას, სიძუნწეს, სიხარბეს, ქვეყნის ორგულთ და საერთოდ ყველა იმათ, ვინც ხალხისა და ქვეყნის ხარჯზე პირადი კეთილდღეობისაკენ მიისწრაფვის. ამავე დროს სილოვანის ლექსების მთელი ციკლი მიძღვნილია ქვეყნისა და ხალხისათვის თავდადებული ადამიანების – დიმიტრი ყიფიანისა, ნიკოლოზ ბარათაშვილისა, ილია ჭავჭავაძისა, აკაკი წერეთლისა, გრიგოლ ორბელიანისა, რაფიელ ერისთავისა, არჩილ ჯორჯაძისა, ილია წინამძღვრიშვილისა, დავით ჩუბინაშვილისა, ეკატერინე გაბაშვილისა, მამია გურიელისა და სხვათა მიმართ. ამ ლექსებში იგი გვიხატავს ხალხის წინაშე მათ დამსახურებასა და ამაგს. არა იშვიათად სილოვანი თავისი ლექსებით ეხმაურება საერთაშორისო რეზონანსის მოვლენებსაც, ამხელს ძალადობასა და იცავს და ექომაგება სიმართლისა და სამართლიანობას. ასეთია, მაგალითად, ინგლისური იმპერიალიზმის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი ბურებისადმი მიძღვნილი ლექსი, ლექსები ტ. შევჩენკოსა და უკრაინისადმი, ფინეთისადმი, ემილ ზოლასადმი, რომელმაც ვაჟკაცური ქომაგობა გაუწია უდანაშაულო დრეიფუსს და სხვ. ამ ლექსების მამოძრავებელ მოტივს ხალხთა შორის ძმური ურთიერთგაგება, ინტერნაციონალური მეგობრობა წარმოადგენს. იგივე მოტივი მძლავრ გამოხატულებას პოულობს სილოვანის დიდაქტიკური ხასიათის ლექსებშიც. ერთი მათგანი, სახელდობრ, „მოსწავლეებს“, მაგალითად, შემდეგი სტრიქონებით მთავრდება:
„და თუ შეგხვდეთ ცხოვრებაში
უცხო ლეკი, გინდ სპარსელი,
დაჩაგრულს და გაჭირვებულს
გაუწოდეთ ძმურად ხელი…
ამ მოძღვრებით გაიმსჭვალოს
დე ყოველი ცალკე ერი,
და ქვეყანა მაშინ მთელათ
შეიქნება ბედნიერი“.
ვერც შინაგანი შთაგონების სიღრმისა და ვერც გარეგანი პოეტური სამკაულების ბრწყინვალებით სილოვანის პოეზია, ცხადია, გვერდით ვერ ამოუდგება XIX საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩვენს კლასიკურ პოეტურ მემკვიდრეობას. მაგრამ იმის გამო, რომ მისი ლექსები მამხილებლურ-პოლემისტური ხასიათისა იყო და მტკივნეულად ეხმაურებოდა მწვავე საზოგადოებრივ პრობლემებს, თავის დროზე მათ ჰყავდათ არცთუ მცირერიცხოვანი მკითხველი. მათ ახლაც გარკვეული მნიშვნელობა აქვთ – სილოვან ხუნდაძის მოღვაწეობის პერიოდის საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის მკვლევარი მის ლექსებში მრავალ საინტერესო მასალას იპოვის.
ჩვენი ხალხის წინაშე სილოვან ხუნდაძის ისტორიული დამსახურების განსაზღვრისათვის მთავარია მისი მწიგნობრული და მრავალწახნაგოვანი პრაქტიკულ-პედაგოგიური მოღვაწეობა, მისი ნაყოფიერი საქმიანობა სასკოლო დარგში, განათლების დარგში. თუ უფრო ზუსტად ვიტყოდით, სილოვან ხუნდაძე ერთ-ერთი უნარიანი მესაჭეა ეპოქალური მნიშვნელობის ისეთი დიდი საქმისა, როგორიც იყო სკოლის, სახალხო განათლების გაეროვნულება, რაც საქართველოში უმაგალითოდ მცირე დროის განმავლობაში, ოციანი წლების პირველსავე ნახევარში იქნა მთლიანად განხორციელებული. ამ სფეროში სილოვან ხუნდაძის დამსახურება და ღვაწლი ნამდვილად პირველხარისხოვანია და რომ იგი, ასე თუ ისე, თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ, საჭირო იქნება ზოგი რამ (მთავარი მაინც) გავიხსენოთ ამ საქმის ისტორიიდან.
როგორც აღვნიშნეთ, სოციალურ და ეროვნულ ინტერესებთან შეხამებული დედაენაზე მოქმედი სკოლის შექმნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ძირითად საბრძოლო მუხლს წარმოადგენდა. აქ ის უნდა დავუმატოთ, რომ 1905 წლის რევოლუციისათვის მზადების პერიოდში, რევოლუციის მიმდინარეობისას და მის მომდევნო წლებში, ვიდრე თვითმპყრობელობის დამხობამდე, სკოლის გაეროვნებულებისათვის ბრძოლა ახალი სისხლით შეივსო, მან ახალი ხორცი შეისხა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ბრძოლა დედაენისათვის, ეროვნული კულტურისათვის, ეროვნული სკოლისათვის მტკიცედ დაუკავშირდა საერთო სახალხო ბრძოლას სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ. რევოლუციური მოძრაობის აღმავლობამ მძლავრად გააღვივა იმედის თესლი, ხალხის უფართოესი ფენები მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ თვითმპყრობელობის საძირკვლები დამპალია და მასზე დაფუძნებული ჩაგვრაც უახლოეს ხანში უნდა მოისპოს. ამ შეგნებითა და ამ რწმენით გამსჭვალული და გამხნევებული ჩვენი მოწინავე ინტელიგენცია განსაკუთრებული გულმოდგინებით იღვწოდა საიმისოდ, რომ ასე სანატრელი ქართული სკოლის დაარსებას მომზადებული შეხვედროდა.
თვითმპყრობელობა დაემხო. ოქტომბრის რევოლუციამ ფართო გზა გაუხსნა რუსეთის ყოფილ იმპერიაში შემავალ ხალხებს ეროვნული კულტურის აღორძინებისა და განვითარებისათვის. ქართველი ხალხი ამ საქმეს მომზადებული შეხვდა. მდიდარი საუკუნეობრივი ტრადიციების მქონე ქართული კულტურა, დამწერლობა, ლიტერატურა, ის დიდი აღორძინება, რაც სამოციანი წლებიდან განიცადა ჩვენმა სიტყვაკაზმულმა მწერლობამ, პუბლიცისტიკამ, პრესამ, თეატრმა, პედაგოგიკამ, პოტენციურად უკვე ქმნიდა საიმისო წანამძღვრებს, რომ სკოლის გაეროვნულების საშვილიშვილი საქმეს გვირგვინი დადგმოდა. მაგრამ ეს წანამძღვრები რომ საქმედ ქცეულიყო, კიდევ ბევრი და ბევრი რამ იყო აუცილებელი.
ახალი ქართული პედაგოგიკის პატრიარქის იაკობ გოგებაშვილის და მისი თანამებრძოლების მადლითა და ღონით სკოლის გაეროვნულებისათვის პრაქტიკულად თვითმპყრობელობის დამხობამდეც ბევრი რამ იყო გაკეთებული. „დედაენა“, „ბუნების კარი“, „რუსკოე სლოვო“, რამდენიმე სახელმძღვანელო არითმეტიკისა, სხვადასხვა საკითხავი წიგნები სახალხო სკოლებისათვის დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა რევოლუციამდეც, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსათვის. „დედაენამ“ და „ბუნების კარმა“ და პირველდაწყებითი სკოლისათვის განკუთვნილმა სხვა წიგნებმა მტკიცე ხიდი გადეს ფართო ფენებსა და სოციალური და ეროვნული მონობიდან განთავისუფლებისათვის მებრძოლ ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობას შორის; მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ერის გათვითცნობიერებაში, მისი ეროვნული შეგნების ამაღლებაში… უბრალო ადამიანები ხალხის წრიდან არა მარტო ზეპირად იყვნენ დაუფლებული ილიას, აკაკის, ვაჟას ცეცხლოვან ლექსებს, არამედ მათში სიმღერით აქსოვდნენ თავიანთ ჭირსა და ლხინს, სურვილებსა და გულისნადებს. მოკლედ რომ ითქვას, საქართველოში რევოლუციამდე ბევრად უფრო ადრე, XIX საუკუნის ბოლოსათვის ჩვენი მწიგნობარი პედაგოგებისა და სახალხო მასწავლებლების გულმოდგინების შედეგად უკვე მთლიანად შემზადდა პირობები საამისოდ, რათა პირველდაწყებითი სწავლება – დაწყებითი განათლება – მკვიდრად დაფუძნებოდა დედაენას.
მაგრამ იგივე როდი ითქმის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროსი საფეხურის შესახებ, იმ საფეხურის შესახებ, რომელიც წყვეტს პუმანიტარული, ფიზიკა-მათემატიკური და ბუნებათმეცნიერული სასკოლო საგნების კურსის სისტემატური წესით შესწავლის ამოცანას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები რევოლუციამდეც ზრუნავდნენ სკოლის უფროსი საფეხურის ბედზეც. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 1898 წელს ქუთაისის ქართული პროგიმნაზიის (იგი გიმნაზიად 1905 წლის შემდეგ გადაკეთდა) მაშინდელმა გამგემ ყიფიანმა შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა 900-გვერდიანი სახელმძღვანელო წიგნი სასკოლო მათემატიკური დისციპლინებისა, ხოლო ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორმა ლ. ლორთქიფანიძემ ქართულ ენაზევე დიდტანიანი ალგებრის სახელმძღვანელო გამოაქვეყნა 1907 წელს. რევოლუციამდელ პერიოდში შემუშავდა და დაისტაბმა ზოგადი გეოგრაფიის, საქართველის ისტორიის სახელმძღვანელო წიგნები, ქართული ლიტერატურის ქრესტომათიული კრებულები და სხვ. მაგრამ ეს სკოლის უფროსი საფეხურის გაეროვნულებისათვის, არც თვისებრივი და არც რაოდენობრივი თვალსაზრისით, სრულიადაც არ იყო საკმარისი და აი რატომ:
ყოველი ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის შუბლი და სინდისი არის დედაენისა და ლიტერატურის სისტემატიკური კურსი. ასეთი კურსის გარეშე სკოლა საკუთარი ფილტვებით თავისუფლად სუნთქვას მოკლებულია. მაგრამ ესეც მხოლოდ ერთი მხარეა საქმისა. გარდა ამისა, ყოველ ეროვნულ საშუალო სკოლას აუცილებელია ჰქონდეს დედაენაზე მეცნიერებათა განვითარების დონესთან შეფარდებული სახელმძღვანელოები სხვადასხვა სასწავლო საგნებში. მათ შექმნას კი ურთულესი დაბრკოლებანი ეღობებოდა წინ. ეს დაბრკოლებანი რომ თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ, საჭიროა მათ შესახებ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ – უამისოდ შეუძლებელი იქნება სათანადოდ გავერკვეთ სკოლის გაეროვნულების მიმართულებით პრაქტიკულად წარმოებული საქმიანობის სიღრმეში.
რევოლუციამდელ საქართველოს თავისი დროისათვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სათნადოდ განსწავლული უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლობა ჰყავდა. ამ მასწავლებლობის ძირითადი ბირთვი მაშინდელი საგუბერნიო ცენტრების, თბილისისა და ქუთაისის სკოლებში მოღვაწეობდა. ეს მასწავლებლობა მაღალი ეროვნული შეგნებით იყო გამსჭვალული და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ისეთი საშვილიშვილო საქმისათვის, როგორიც იყო სკოლის გაეროვნულება. მაგრამ მათ როგორც საშუალო, ასევე უმაღლეს სკოლებში სასწავლო საგნები რუსულ ენაზე ჰქონდათ შესწავლილი, რაც, რასაკვირველია, მძიმე დაბრკოლებად ეღობებოდა დედაენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. მეორე მხრივ, მდგომარეობას მნიშვნელოვნად ართულებდა ის გარემოებაც, რომ სწავლების გაეროვნულების ფრონტი ძალიან ვრცელი იყო. საქმე გადადებას არ ითმენდა და როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების დაფუძნება დედაენაზე ერთდროულად წარმოებდა, რაც ძალების დაქსაქსვას იწვევდა, მით უმეტეს, რომ თბილისისა და ქუთაისის საშუალო სკოლებიდან მოწინავე მასწავლებლობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა და ამით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფრონტი კადრების მხრივ ერთგვარად შესუსტდა. მიუხედავად ამისა, ნამდვილი სასწაული მოხდა. დიახ, ეს იყო სასწაული. ორივე ეს ზემოდასახელებული ამოცანა ერთდროულად და პარალელურად გადაიჭრა. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ სულ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლებაც თითქმის მთლიანად დედაენის ნიადაგზე აღორძინდა.
რაც შეეხება კერძოდ ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას, მას ოციანი წლების დასაწყისიდან უკვე ჰქონდა თავისი დროისათვის საკმარისად ვრცელი და სოლიდური, მეცნიერების იმდროინდელ დონესთან შეფარდებული სასწავლო ლიტერატურა ყველა ძირითად საგანში. 1924-1925 წლებისათვის იგი მრავალ საგანში – ფიზიკაში, მათემატიკურ დისციპლინებში, რუსულ ენაში, უცხოურ ენებში, სამოქალაქო ისტორიაში, გეოგრაფიაში მთლიანად იყო უზრუნველყოფილი ორიგინალური სახელმძღვანელოებით, ან კიდევ საუკეთესო სახელმძღვანელოების თარგმანებით. მას ჰქონდა გასაღები ეროვნული სკოლისა – სილოვან ხუნდაძის „ქართული გრამატიკა“, ს. გორგაძისა და ივ. გომელაურის მიერ შედგენილი ლიტერატურული ქრესტომათიები, რაც ასე აუცილებელი იყო სკოლის გაეროვნულებისათვის.
სილოვან ხუნდაძის „ქართული გრამატიკა“ დიდად პოპულარული სახელმძღვანელო იყო თავისი დროისათვის. მისი ავტორი თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საერთოდ ქართული ენის ბუნების შესწავლისადმი და მას ამ თემებზე მრავალი გამოკვლევა ჰქონდა დაწერილი და გამოქვეყნებული. მისი ენათმეცნიერული მემკვიდრეობის შემდგომი შესწავლა და შეფასება საჭირო საქმეა, რაც, ცხადია, ამ დარგის სპეციალისტების კომპეტენციას განეკუთვნება; დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საენათმეცნიერო ფრონტი ამას მხედველობაში მიიღებს და სილოვანი ქართული გრამატიკული აზროვნების განვითარების ისტორიაში თავის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს. ჩვენი მხრივ, აქ მკითხველის ყურადღება გვინდა შევაჩეროთ მხოლოდ რევოლუციის მომდევნო წლებში შევსებულსა და გამოცემულ სილოვან ხუნდაძის „ქართულ გრამატიკაზე“, იმ სახელმძღვანელოზე, რომლის მეშვეობით სკოლის გაეროვნულების პერიოდში, ოციანი წლების პირველ ნახევარში, ქართველი ახალგაზრდობის მრავალი თაობა პრაქტიკულად ეუფლებოდა ქართულ გრამატიკულ კანონმდებლობას, ქართული ენის აგებულების თავისებურებებს, მის ლექსიკურ შედგენილობას.
ს. ხუნდაძის „ქართული გრამატიკის“ შესწავლა გათვალისწინებული იყო ოთხი წლის განმავლობაში, სწავლების დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ – V-VIII კლასებში. გრამატიკის კურსი წიგნში კონცენტრულად იყო დალაგებული. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩვენი საშუალო სკოლა ოციანი წლების პირველ ნახევარში 12-წლიანი იყო შემდეგი სტრუქტურული სქემით: დაწყებითი საფეხური – 4 წელი (I წელი მოსამზადებელ კლასად ითვლებოდა); მეორე, საშუალო საფეხური – 4 წელი (V-VIII კლასები); დამამთავრებელი საფეხური – 4 წელი. პირველი წლის კურსში (V კლასი) მთავარი ადგილი ჰქონდა დათმობილი სახელებსა და მათ ბრუნებას, უფრო მცირე – ზმნებს, კიდევ უფრო მცირე – სინტაქსს – წინადადებას. კურსი მთავრდებოდა ზოგიერთი ძირითადი ფონეტიკური მოვლენის განხილვით. მეორე წლის კურსი (VI კლასი) ფონეტიკური მოვლენების აღწერით იწყებოდა, საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ზედსართავ სახელებს, ნაცვალსახელებს, თანდებულებს, კიდევ უფრო მეტი ადგილი – ზმნებს (გვარი, სახე, კილო); კურსი მთავრდებოდა სინტაქსის შესწავლით უფრო ვრცლად და ღრმად, ვიდრე წინა კლასში. მესამე წლის კურსი (VII კლასი) ზმნების შესწავლით იწყებოდა, ეს იყო წამყვანი ამ კლასში. მას მიჰყვებოდა საკმაოდ მოზრდილი სინტაქსური მიმოხილვა. მეოთხე წლის კურსში (VIII კლასი) გაღმავებული სახით იყო წარმოდგენილი სინტაქსური მოვლენები. გარდა ამისა, მასში გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი ფონეტიკურ კანონებს; კურსში ჩართული იყო ზოგიერთი საკითხი პოეტიკიდან; ბოლოს სახელმძღვანელო გვაწვდიდა რამდენიმე მითითებას ძველი ქართული ენის ფორმებისა და ქართული ენის „კილოკავების“ (მეგრული, სვანური) შესახებ. ქართული გრამატიკის შესწავლა მთავრდებოდა VIII კლასში.
ამასთანავე, სილოვანმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, მოსწავლეთათვის შეადგინა და ცალკე წიგნაკებად გამოსცა XIX საუკუნის ქართული მწერლობის დიდი წარმომადგენლების – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და სხვ. შესახებ კრიტიკული ნარკვევები. ამ ნარკვევებში დასახელებული მწერლების შემოქმედების დახასიათება მჭიდროდ იყო დაკავშირებული სოციალურ მოვლენებსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან; თითოეული მწერლის დამსახურება და ღვაწლი ამ ასპექტით იყო შეფასებული. მათში ამასთან მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა დასახელებული მწერლების შემოქმედების მხატვრული მხარის განხილვა-შეფასებას.
მაგრამ ამით ყველაფერი როდია ნათქვამი სკოლის გაეროვნულების საქმეში სილოვან ხუნდაძის როლის შესახებ. სილოვანი მხურვალე, ენერგიულ მონაწილეობას იღებდა იმ გაცხოველებულ საქმიანობაშიც, რაც ათიანი წლების ბოლოსა და ოციანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა ქ. ქუთაისში სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში საშუალო სკოლისათვის დედაენაზე სასწავლო ლიტერატურის შექმნის მიზნით. სილოვან ხუნდაძე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი გამომცემლობა „მერანისა“, რომელმაც ათიანი წლების ბოლოსა და ოციანი წლების დასაწყისში, სანამ გამომცემლობა „სახელგამი“ ჩამოყალიბდებოდა, მრავალი სახელმძღვანელო წიგნი გამოსცა ქართულ ენაზე როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში. სილოვანი იყო ამ სახელმძღვანელოების ავტორთა მთავარი მრჩეველი, მისი მეშვეობით მიმდინარეობდა ქართულ ენაზე ამ სახელმძღვანელოების სტილისტურად ჩამოყალიბება და გამართვა. სილოვანის შრომასა და ამაგს ამ მხრივ დიდი მადლიერების გრძნობით იგონებდნენ სიმონ ოცხელი, გედევან წერეთელი, სიმონ შარაძენიძე, ლაზარე ხმალაძე, კონსტანტინე კანდელაკი, ნიკო ჯაფარიძე და სხვა ავტორები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ იმ დროს საშუალო სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შედგენა-თარგმნის საქმეში.
საშუალო სკოლისათვის გათვალისწინებული „ქართული გრამატიკა“ მცირეტანიანი წიგნი იყო. ამ წიგნის 1921 წლის გამოცემა, მაგალითად, სულ 5,5-6 სასტამბო თაბახს მოიცავდა; მასში გრამატიკული მოვლენების განხილვა, როგორც მივუთითეთ, კონცენტრული წესით იყო მოცემული. ცხადია, გრამატიკის სასკოლო პროპედევტიკულ კურსს ეს წიგნი ვერ დაიტევდა და მის ავტორის საამისო პრეტენზია არც უნდა წავუყენოთ. სკოლის გაეროვნულების პირველ საფეხურზე, ოციანი წლების პირველ ნახევარში, სრული კურსი სასკოლო გრამატიკისა ვერც დაიწერებოდა, და მარტო იმიტომ კი არა, რომ საამისოდ სათანადო მეცნიერული წანამძღვრები არ იყო შექმნილი. დედაენაზე ახლად ფეხადგმულ სკოლას მუხლის გამაგრებისათვის, გზის გაკვლევისათვის პრაქტიკული ხასიათის სწორედ სილოვანისეული გრამატიკა სჭირდებოდა და მისმა ავტორმა თავისი ვალი ჩვენი სკოლის გაეროვნულების საქმეში კეთილსინდისიერად აღასრულა.
ოცდაათიანი წლების დასაწყისიდან ჩვენი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სკოლის წინაშე მტკიცედ დაისახა მეცნიერებათა სისტემატიკური წესით და ღრმად დაუფლების ამოცანა. ამავე დროს ჩვენი ენათმეცნიერული ფრონტი ფართო სარბიელზე გამოვიდა. ქართული ენის ისტორიისა და ახალი ქართული ენის მრავალასპექტოვანი და ღრმად შესწავლის კვალდაკვალ დედაენისა და მისი გრამატიკის სწავლება სკოლაში უახლეს მეცნიერულ საწყისებს დაეფუძნა და ამ საქმის მეურვეობას მტკიცედ მოჰკიდა ხელი ჯერ თბილისის უნივერსიტეტმა და შემდეგ მასთან ერთად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა. მეორე მხრივ, არსებითი ცვლილებები მოხდა ლიტერატურული კრიტიკის სფეროშიც. მას მტკიცედ დაედო საფუძვლად წარსულის კულტურული მემკვიდრეობის ათვისების მეცნიერული პრინციპები და ბევრი რამ იმ შეხედულებებიდან, რაც გატარებულია სილოვან ხუნდაძის კრიტიკულ ეტიუდებში XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კორიფეების შესახებ, აშკარად მოძველდა. მაგრამ ზემოთ თქმული სრულებითაც არ ამცირებს სილოვანის დამსახურებასა და როლს ჩვენი სკოლის განვითარების საქმეში, არ ამცირებს იმიტომ, რომ იმ ურთულეს მოსახვევში, რასაც სკოლის გაეროვნულების წლები წარმოადგენდა და რაც ასე კეთილად დაგვირგვინდა მოკლე დროში, სილოვან ხუნდაძის როლი პირველხარისხოვანია.
აუცილებელია აქ რამდენიმე სიტყვა ვთქვათ სილოვან ხუნდაძის პიროვნული, მოქალაქეობრივი ღირსებების შესახებ.
სილოვან ხუნდაძე გამოკვეთილი ინდივიდუალური ზნეობრივი თვისებების მქონე პიროვნება იყო. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა მებრძოლი მოქალაქეობრივი შეგნებითა და მაღალი პრინციპულობით, რასაც ავლენდა არა მარტო სიტყვითა და კალმით, არამედ მგზნებარე რწმენითა და ცოცხალი საქმით. პირმოთნეობასა და პირფერობას იგი ვერ იტანდა, მისი საბრძოლო იარაღი იყო პირდაპირობა და გულდაგულობა. იაკობ გოგებაშვილისადმი მიწერილ ერთ-ერთ ბარათში იგი აღნიშნავდა: „მეგობრებს რათ უნდა დავემალოთ, და მტერსაც არ უნდა შევუშინდეთ!.. უარესს რასღა გვიზამენ“. ეს იყო სილოვანის სამოქმედო დევიზი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
აი, ერთი საინტერესო მაგალითი ზემოთქმულის დასტურად. ისე როგორც თბილისის ქართული გიმნაზია, ქუთაისის გიმნაზიაც კერძო სასწავლებლად ითვლებოდა. იმ დროს მოქმედი სასკოლო კანონმდებლობით მათ უფლება არ ჰქონდათ თვითვე ჩაეტარებინათ გამოცდები და მოსწავლეთათვის ატესტატები მიენიჭებინათ. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდა საშუალო განათლების საქმე ოლქში, კერძო გიმნაზიებში ყოველწლიურად გზავნიდა თავის წარმომადგენლებს. არსებითად სწორედ ამ წარმომადგენლების ხელში იყო გამოცდების ჩატარებაც და ატესტატების მინიჭების უფლებაც. სასწავლო ოლქი, გასაგები მოსაზრებით, როგორც წესი, წარმომადგენლებად არჩევდა ისეთ პირებს, რომლებსაც პედაგოგიური სინდისი და ჰუმანურობა თავისუფლად მიჰქონდათ თვითმპყრობელობის საგანმანათლებლო პოლიტიკის სამსხვერპლოზე. ამ წარმომადგენელთაგან, როგორც იტყვიან ხოლმე, არც ერთი არ იყო წაღმართი, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული უკუღმართობით გამოირჩეოდა ოლქის მიერ 1914 წელს ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გამოცდების მეუფედ მოვლენილი რევიზორი, გულცივი მოხელე – პედაგოგი კორიცკი.
კორიცკიმ ქუთაისში ჩასვლისთანავე ყოველივე იღონა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტი მოსწავლე გამოეთიშა გამოცდებისაგან და ატესტატები „დაეზოგა“. მან იმით დაიწყო, რომ პირველ გამოცდებზევე მრავალი მოსწავლე ჩაჭრა. გიმნაზიის პედაგოგთა მთელი კოლექტივი, მოსწავლენი, მათი მშობლები, მოწინავე საზოგადოებრიობა ერთიანად აღუდგა წინ კორიცკის თავგასულობას. სილოვან ხუნდაძემ კი ამ საქმისათვის გასწირა თავისი თავიცა და ოჯახიც. გიმნაზიის დირექტორთან ი. ოცხელსა და მასწავლებლებთან შეთანხმებით გადაწყდა, მორიგ გამოცდაზე რომ მოვიდოდა კორიცკი, მისთვის ხელი არ ჩამოერთმიათ და ამით აეძულებინათ იგი უკანვე გაბრუნებულიყო. მეორე დღეს, გამოცდის დაწყების წინ, როცა სამასწავლებლო დარბაზში შემოვიდა, კორიცკის ზურგზე ხელდაწყობილი სილოვანი შეხვდა. სილოვანისათვის ჩამოსართმევად გაწეული ხელი მოძალადე სტუმარს ჰაერში შერჩა. სილოვანმა მკაცრი კილოთი წარმოთქმული შემდეგი სიტყვებით მიმართა მას: „აღვირახსნილი თავი მეტად მაღლა აგიწევიათ, თქვენ დიდი ადგილი გინდათ მიიღოთ, მაგრამ მსხვერპლად მოწაფეებს ვერ შემოგწირავთ, არ ვსაჭიროებთ თქვენს დიპლომებს და შეგიძლიათ მომვლინებელთან მიბრძანდეთ!“
ამ ინციდენტს თან მოჰყვა სილოვან ხუნდაძის დათხოვნა გიმნაზიიდან. საკმარისი იყო ბოდიში მოეხადა, მას სამუშაოზე აღადგენდნენ, მაგრამ ამ საგანზე საუბარი სილოვანს ვერავინ გაუბედა და ისიც თვითმპრობელობის დამხობამდე უსამსახუროდ დარჩა. რევოლუციის პირველი დღეებიდანვე სილოვანი თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, რასაც მოსწავლენი, მასწავლებლები და მთელი ხალხი აღფრთოვანებით შეხვდა. კავკასიის სასწავლო ოლქი ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული, სილოვანმა მის მზრუნველ რუდოლფს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა: „მე თქვენ დამითხოვეთ სამსახურიდან, ხალხმა, რომელსაც მე ვემსახურები, კვლავაც ჩემს სამუშაოზე დამაბრუნა, დარწმუნებული ვარ, იგივე ხალხი თქვენ თქვენს ტახტზე აღარ დაგტოვებთ!“ მართლაც ასე მოხდა… აი ამ სახით აქვს გადმოცემული კორიცკისთან სილოვანის ურთიერთობის ეს ამაღელვებელი ისტორია ისეთ სანდო მოწმეს, როგორიც იყო სილოვანის ყოფილი მოსწავლე, შემდგომში ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აქ განსვენებული ვუკ. ბერიძე. კორიცკისთან სილოვანის ამ უთანხმოების შესახებ სხვა უფრო მკაცრი ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ვერსიები ვერსიებად დარჩეს. მთავარი აქ ისაა, რომ სილოვან ხუნდაძე იყო თანმიმდევრულად და მკაცრად პრინციპული მოღვაწე ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
საკმარისად არის ცნობილი, რომ ისე როგორც ქველმოქმედება, პრინციპულობაც ორსახოვანია. ზოგიერთის ქველმოქმედებას სარჩულად თავის გამოჩენა უძევს, ზოგიერთის პრინციპულობას კიდევ – თვითკმაყოფილება და თავმოწონება. შეურიგებელი ბრძოლა ახალგაზრდობის განათლების ინტერესებისათვის სილოვანს შინაგანად ჰქონდა მომადლებული და ეს მას წმინდა მოვალეობად მიაჩნდა. აბა, თვითონ განსაჯეთ, სილოვანი ექვსი შვილის მამა იყო და ხელფასს გარდა სხვა შემოსავალი არა გააჩნდა რა. მართალია, იგი ბეჭდავდა წერილებს, ლექსებს, წიგნებსაც კი, მაგრამ იმ დროს ბეჭდვის ხარჯები თვით ავტორს აწვებოდა კისრად. და თუ სილოვანი ასეთ ნაბიჯს დგამდა, ეს იმიტომ, რომ საერთო ინტერესებისათვის თავგანწირვის მაგალითი ეჩვენებინა სხვებისათვის, თავის მოსწავლეებში, ახალგაზრდობაში, ხალხში მოქალაქეობრივი მოვალეობის გრძნობა აემაღლებინა. სილოვანის ამგვარ შეურიგებელ პრინციპულობას ჩვენი დედაენის, ჩვენი მომავლის ღრმა სიყვარული, ქვეყნის უკეთესი მერმისის რწმენა აცისკროვნებდა; ამიტომ იყო იგი ასე ღრმად იდეური. – იცით, ვინ არის სილოვანი? ეს ის კაცია, რომელიც საკუთარ თავს და თავის ოჯახს შეგნებულად ანაცვალებს ჩვენი შვილების სწავლის, ჩვენი სკოლის აღორძინების, დედაენის, ხალხის განათლების, მისი წინსვლის ინტერესებს. – ასე ახასიათებდნენ სილოვანს არა მარტო ისინი, ვინც ახლოს იცნობდა მის საქმიანობას, არამედ ასეთად ჰყავდათ იგი წარმოდგენილი იმათაც, ვისაც მხოლოდ გაეგონა მისი სახელი.
ყოველივე ზემოთქმულს დავუმატოთ ისიც, რომ როგორც მისი ყოფილი მოწაფეები ადასტურებენ, სილოვანი იყო ბრწყინვალე პედაგოგი, თითოეული მისი გაკვეთილი ქართულ ენასა და ქართულ ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში მოიცავდა ათასგზის აწონილსა და საღი პედაგოგიური მეთოდებით დამუშავებულ მასალას. უმეტესი ნაწილი მოსწავლეებისა გულმოდგინედ იწერდა მის გაკვეთილებს და ერთგვარი შეჯიბრებაც კი იმართებოდა, თუ ვის ჰქონდა უფრო სწორად და ზუსტად ჩაწერილი ეს გაკვეთილები. ამგვარი ჩანაწერების წარმოება სავსებით გამართლებული იყო, რადგან იმ დროის სახელმძღვანელოები დასახელებულ საგნებში არ არსებობდა. სწორედ ასეთ ჩანაწერთა გადამუშავების საფუძველზე დასტამბა სილოვანმა სკოლებისათვის თემატიკური სახელმძღვანელოები გამოჩენილ ქართველ მწერლებზე.
სილოვან ხუნდაძე სიცოცხლეშივე დიდად დაფასებული კაცი იყო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ გარკვეულ პერიოდში მისი სახელი თითქოსდა აღარ ჩანდა. ქუთაისმა დაარღვია სიჩუმე, აღადგინა ხანგრძლივი კულტურული ტრადიციები და ღირსეული პატივით წარმოაჩინა დღის სინათლეზე ქართული საერო საშუალო სკოლისა და საერთოდ ქართული კულტურის აღორძინებისათვის ესოდენ ჭირნახული და ნაამაგარი ქუთაისის ქართული გიმნაზია, მისი ბურჯების – გიმნაზიის დირექტორის იოსებ ოცხელისა და ინსპექტორის სილოვან ხუნდაძის შუბლი და სახე, დამსახურება და ნამოღვაწარი. ამ საქმისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქალაქის პარტიულმა და საბჭოთა ორგანოებმა. მათი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილებით დასრულდა, მოწესრიგდა და დამშვენდა ქუთაისის ყოფილი ქართული გიმნაზიის ეზო და კარ-მიდამო; სკოლაში მოეწყო გიმნაზიის მოღვაწეობის ამსახველი მუზეუმი; იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის ნეშტი ქართველ მოღვაწეთა ქუთაისის პანთეონში იქნა გადასვენებული; ქალაქის ქუჩებს ეწოდა ოცხელისა და ხუნდაძის სახელები; ბოლოს სკოლის ეზო გიმნაზიის მესვეურების იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის ძეგლებით დამშვენდა.
საქმე დაიწყო იმით, რომ ჯერ კიდევ 50-იან წლებში II საშუალო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ნაყოფიერი მუშაობა გასწია მათი წინაპრის – ქუთაისის ქართული გიმნაზიისა და მისი მასწავლებლების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლის მიზნით. მდიდარი მასალები შეიკრიბა, დაიწერა მოგონებები, დადგინდა ქართული გიმნაზიის განვითარების ძირითადი ეტაპები და ა. შ., რასაც თან მოჰყვა შექმნა სასკოლო მუზეუმისა, რომელშიც თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები გიმნაზიის ღვაწლი ქართული სკოლისა და კულტურის განვითარების საქმეში. პარალელურად პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა წერილები ამ გიმნაზიის როლისა და დამსახურების შესახებ ქართულ ენაზე, დედაენაზე სწავლა-აღზრდის დაფუძნების, ჩვენი ხალხის განათლების საქმეში. 1967 წელს II სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად ქ. ქუთაისის განათლების განყოფილების გამგემ ილია გენძეხაძემ მოამზადა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქუთაისის ქართული გიმნაზია“. ქუთაისის II სკოლის დირექცია და მისი პედაგოგიური კოლექტივი ამჟამადაც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა კვლავაც ამდიდროს და სათუთად დაიცვას ქუთაისის ქართული გიმნაზიის სასახელო ისტორიის ამსახველი მასალები.
სილოვან ხუნდაძის ლიტერატურულ-მეცნიერული მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში ცალკე აღნიშვნის ღირსია ცნობილი მასწავლებლის გრ. შანიძის საქმიანობა. ჯერ კიდევ ოციანი წლების მეორე ნახევრის დასაწყისიდან, ეს იმ დროს, როცა სილოვანი ცოცხალი იყო, დაიწყო მან მისი უფროსი კოლეგისა და მეგობრის სილოვან ხუნდაძის საენათმეცნიერო ნაშრომების შესწავლა-განხილვა, კლასიფიცირება და დახასიათება. ამ მუშაობას იგი წლების განმავლობაში ეწეოდა და ახლაც ნაყოფიერად ეწევა.
აქ აუცილებელია რამდენიმე სიტყვა ითქვას იმ დიდი გულმოდგინების შესახებ, რაც ქუთაისის ქართული გიმნაზიის სწორუპოვარი დირექტორის იოსებ ოცხელისა და გიმნაზიის ინსპექტორის მგზნებარე სილოვან ხუნდაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიჩინეს საქვეყნოდ სახელმოხვეჭილმა მწერლებმა, მეცნიერებმა, სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მუშაკებმა, ქუთაისის ქართული გიმნაზიის ყოფილმა მოწაფეებმა, აკადემიკოსებმა კონსტანტინე ერისთავმა, პეტრე ქავთარაძემ, გიორგი ახვლედიანმა, გიორგი წერეთელმა, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, ირაკლი მიქელაძემ, დავით ლორთქიფანიძემ, ბესარიონ ჟღენტმა, დიმიტრი მჭედლიძემ; პროფესორებმა ვარლამ დონდუამ, პლატონ შუშანიამ, ტროფიმე ხუნდაძემ; დოცენტებმა დ. ღვინეფაძემ, გიორგი ჩოგოვაძემ, ბორის ფურცხვანიძემ, გრიგოლ ფხალაძემ, დავით რონდელმა, დ. წერეთელმა, ნიკოლოზ გვენეტაძემ, შ. ლეჟავამ და სხვ.
მათ საკუთარი სახსრებით დადგეს ქუთაისის ყოფილი ქართული გიმნაზიის ეზოში ჯერ იოსებ ოცხელის, ხოლო შემდეგ სილოვან ხუნდაძის ძეგლები. მთავარი აქ, რასაკვირველია, სრულებითაც არაა საქმის ნივთიერი მხარე. ქუთაისის ქართული გიმნაზიის მიერ აღზრდილი ამ მოწინავე ადამიანების ასეთი კეთილშობილური ზრუნვა მათი სკოლის, მათი მასწავლებლების მიმართ ღრმა აღმზრდელობითი აზრის მქონე მისაბაძი მაგალითია. ეს მაგალითი იმას გვასწავლის, თუ როგორ უნდა აფასებდეს და უნახავდეს შთამომავლობას თითოეული ჩვენგანი წარსულის კულტურულ მემკვიდრეობას, მამების, პაპების ნაამაგარს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მაგალითი მკაფიო გამოძახილს პოვებს ფართო საზოგადოებაში, რითაც დიდად მოიგებს ჩვენი შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების აღზრდის საქმე, წარსულისა და აწმყოს შორის ხიდის განმტკიცების საქმე, რაც ასე საჭიროა ჩვენი მომავლისათვის.
ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს აქ კეთილი სიტყვითა და სურვილებით მოვიხსენიოთ ქუთაისის გიმნაზიის და მისი აღმზრდელების იოსებ ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის დამსახურების წარმოჩენისათვის ასე რიგად თავდადებული კაცის, ამ გიმნაზიის ყოფილი მოსწავლის, ძეგლის ამგები კომისიის მდივნის ნიკოლოზ გვეტაძის დაუცხრომელი საქმიანობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისმა ყოველდღიურმა ენერგიულმა ზრუნვამ ეს საქმე დიდად წასწია წინ.
ქართველი ხალხის წინაშე ქუთაისის ქართული გიმნაზიის დამსახურების უკვდავყოფისათვის, დიახაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩვენი სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოებრიობა ჯერ კიდევ მაინც ვალშია, კერძოდ, სილოვან ხუნდაძის წინაშე, ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, დედაენაზე მოქმედი ჩვენი საშუალო სკოლის ამ ერთ-ერთი დიდი მოჭირნახულის წინაშე. ეჭვი არაა, რომ ეს ნაკლი გამოსწორდება და მალე ვიხილავთ დღის სინათლეზე სრულფასოვან მონოგრაფიას სილოვან ხუნდაძის დამსახურების შესახებ. სილოვანი ნამდვილად არის ამის ღირსი! რაც მთავარია, ასეთი მონოგრაფია დიდი ისტორიული, შემეცნებითი და აღმზრდელობითი ღირებულების მქონე ძეგლი იქნება.

სილოვან ხუნდაძის გარდაცვალების გამო

ქართულმა საენათმეცნიერო საზოგადოებამ ა/წ. 29 მაისს თავისი საჯარო სხდომა მიუძღვნა სალიტერატურო ქართულის საგუშაგოზე 40 წლის განმავლობაში შეუდრეკელად მდგომის, სილოვან ხუნდაძის ხსოვნას. მომხსენებელმა მოკლედ აღნუსხა განსვენებულის დამსახურებანი, როგორც პედაგოგისა, მოქალაქისა, მწერლისა, კრიტიკოსისა და ვრცლად შეეხო მის მოღვაწეობას, როგორც გრამატიკოსისას. მომხსენებელმა თქვა დაახლოებით შემდეგი:
ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ წარსულ საუკუნეში და დღემდე არც ერთ გრამატიკოსს არ მოუპოვებია სილოვან ხუნდაძისოდენა პოპულარობა და სალიტერატურო ქართულის ნორმებზე მის ოდენა გავლენა. ს. ხუნდაძე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ოთხი ათეული წლის განმავლობაში; აქ ის სასტიკად ატარებდა სალიტერატურო ქართულის განსაზღვრულ ნორმებს. მისი ძლიერი ნებისყოფა იყო იმის მიზეზი, რომ ქართულ გიმნაზიაში და მის გარშემო თითქმის უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მის მიერ დამყარებულ წესებს ქართული მეტყველებისა და წერისას. იშვიათი იყო ისეთი მასწავლებელი ამ გიმნაზიაში (ქართული ენისა და შემდეგ, როცა გაერთიანება მოხდა, სხვა საგნებისაც), რომელიც არ დამორჩილებია მის წესებს. ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია ქუთაისის ქართულ გიმნაზიასთან, ყველა მოკრძალებით ეპყრობოდა სილოვან ხუნდაძეს. ამ გიმნაზიიდან მრავლად გამოსულ მოწაფეებს გაჰქონდათ ფართო მასებში ქართული ენის ფრთხილად ხმარება და სილოვანის ავტორიტეტი. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, სოფლის სკოლაში; ჩემი უფროსი ძმები ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლობდნენ. ზაფხულობით ხშირად მესმოდა მათგან სილოვან ხუნდაძე, განსაკუთრებით კამათის სახით. ხშირად გამიგონია მათგან: არაფერი მინდა – ერთი ს. ხუნდაძეს გააგონა შენი ლაპარაკი, მოგვხვდება რიგზეო… საარაკოდ გახდა ქუთაისში და თითქმის მთელს იმერეთშიც სილოვანის სისასტიკე ქართული ენის სისწორის დაცვაში. ცნობილია, რომ ქართული გიმნაზია (ქუთაისსა და ტფილისში) კარგა ხანს წარმოადგენდა ერთდაერთ სკოლას, სადაც ქართული ენა და ლიტერატურა სერიოზულად ისწავლებოდა, ქუთაისში – უმთავრესად სილოვანის წყალობით. ამიტომ იქ მიღებული მართლწერა და მართლმეტყველება მრავალმხრივ ითვლებოდა სანიმუშოდ. ცნობილია აგრეთვე, რომ ქართულ ენაზე სხვადასხვა საგნებისათვის დაწერილ სახელმძღვანელოთა შექმნაში ქუთაისის ქართულმა გიმნაზიამ დიდი როლი ითამაშა განსვენებული ი. ოცხელის, დ. უზნაძის, ა. ჯანელიძის და სხვათა თაოსნობით და მონაწილეობით. სკოლის გაეროვნებამდეც და, განსაკუთრებით, მის შემდეგ ეს სახელმძღვანელოები მოეფინა მთელს საქართველოს სკოლებს, მათი უმეტესობა კი იწერებოდა სილოვანის ენით, ან უკეთ – მის მიერ დაწესებული ნორმების მიხედვით. თუ ამას დავუმატებთ, რომ სილოვანი პოეტია, კრიტიკოსია, ჟურნალისტია, საჯარო სხდომებზე მჭერმეტყველურად მოლაპარაკეა – ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ რატომ მოახდინა მან სალიტერატურო ქართულზე ასეთი დიდი გავლენა. სილოვანმა შეადგინა პირველი ქართული საგრამატიკო ტერმინოლოგია, მან დაწერა სხვადასხვა სახისა და მოცულობის გრამატიკა (სრული და მოკლე, სისტემატიური და კონცენტრული). იგი ცდილობდა თეორიულადაც დაესაბუთებინა თავისი მოსაზრებანი („ქართული ზმნები“, „სალიტერატურო ქართული“, „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“ და სხვ.). დაუღალავი იყო სილოვანი თავის სალიტერატურო ქართულის სწავლებაში, გავრცელებაში, დაცვაში, დაუზოგავი იყო, როგორც მოკამათე; ებრძოდა მწერლებს – დიდს (ილიას, აკაკის და სხვებს) და პატარებს, ებრძოდა მეცნიერებს – გამოჩენილს (ნ. მარს, ა. შანიძეს) და ნაკლებ ცნობილს. სილოვანი თითქმის პირად შეურაცხყოფად მიიჩნევდა როგორც ცუდი ქართულით მასთან საუბარს, აგრეთვე მისი ნორმების მოწინააღმდეგეს, რა დამსახურებისაც უნდა ყოფილიყო იგი. ამიტომ სილოვანს ხუნდაძე ტიპიური და კლასიკური ნიმუშია სალიტერატურო ენის დამცველისა; იგი ფანატიკოსია – ამ სიტყვის საუკეთესი მნიშვნელობით. მან გვასწავლა, თუ როგორ უნდა დგომა სალიტერატურო ენის საგუშაგოზე.
სხვა საკითხია, თუ რამდენად შეიძლება გამართლდეს ქართული ენათმეცნიერების თვალსაზრისით მისი დებულებანი. ზოგი მათგანი გამართლებულიცაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა სილოვანის საბუთებით… სილოვანი არ იყო ენათმეცნიერი, ის იყო გრამატიკოსი. სილოვანი არაა ბოტანიკოსი, იგია კულტურულ მცენარეთა შემქმნელი და მომვლელი, არ აწარმოებდა ლინგისტურ გამოკვლევებს, მაგრამ მან დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა წინ ქართული ენის კულტურას – მეტი, ვიდრე ვინმე სხვა გრამატიკოსმა. დღეს, როდესაც ქართული ენათმეცნიერება ასე მძლავრად ვითარდება (შანიძე, ჩიქობავა, თოფურია და სხვ.), როდესაც საოპერაციო მასალა ასე მდიდრდება (ძველ ხელნაწერთა აღმოჩენა და გამოცემა, დიალექტების კვლევა) და ქართული ენის საკვლევო ასპარეზი ასე ფართოვდება ჩვენში და ჩვენ გარეთაც, რა თქმა უნდა, ქართული ენის კულტურაზე მომუშავემაც ყური უნდა უგდოს წმიდა ენათმეცნიერულ ნაკვლევებს… მაგრამ როგორც არ უნდა გაეგო ეს გარემოება ეს სილოვანს, მისი უდიდესი ღვაწლი სათანადოდ უნდა დაფასდეს; მას ვერავინ წაართმევს იმ დამსახურებას, რომელზედაც მოგახსენეთ.
სილოვანს მწვავე კილო აქვს კამათში, ის დაუზოგავი კრიტიკოსია, ზოგჯერ გადაჭარბებულად დაუზოგველი. გარდა იმისა, რაც მოგახსენეთ ამის შესახებ. მისი კილოს ასეთი ხასიათი გამომდინარეობს იმ დარგის რაობიდან, რომელშიც ის მუშაობდა: ეს დარგია ქართული გრამატიკა, სალიტერატურო ქართულის ნორმები. ამ დარგის ხასიათი კი თავისებურია მრავალმხრივ (ეს მხედველობაში უნდა იქონიოს სილოვანის მომავალმა ბიოგრაფმა: 1) „სალიტერატურო ენა კონსერვატიულია“ (ნაკლებ ცვალებადია) თავის არსებით; ამის მეოხებითაა, რომ იგი (სალიტერატურო ენა) აერთიანებს ძველსა და ახალს, წინა საუკუნეებს და თაობებს მომდევნოებთან და ამყარებს მათ შორის უწყვეტ კავშირს ურთიერთგაგების მხრივ (სხვათა შორის, ქართული ენა კონსერვატიულია მრავალ სხვა ენასთან შედარებით; ეს უცილობელია, ყოველ შემთხვევაში, სალიტერატურო ხაზით. მით უკეთესი ეპოქათა ურთიერთკავშირისათვის. მაგალითად, მე-12 საუკუნის შოთა დღეს გაცილებით უფრო ადვილად გვესმის, ვიდრე მე-14 საუკუნის ჩოსერი ინგლისელებს ან მე-15-16 საუკუნის არიოსტო იტალიელებს (დანტეზე ლაპარაკიც ზედმეტია). 2) სალიტერატურო ენა „არისტოკრატია“, რომელიც დაცინვით და, თუ გნებავთ, ოდნავი ზიზღითაც მაღლიდან დაჰყურებს ხალხურ კილოებს. სალიტერატურო ენა წარმოადგენს ხელოვნურად მორთულ ორანჟერეას, რომელშიც აფუფუნებენ ლამაზ მცენარეებს, ხოლო ხალხური კილოები – მინდვრის ველურ მცენარეებს, რომელნიც იზრდებიან ბუნებრივად, ღვთის ანაბარად. ენის კულტურაზე მომუშავე, ენის გრამატიკოსი – ორანჟერეას შემქმნელი და მომვლელი მადლიანი ხელია. მინდვრის მცენარეს – ხალხურ კილოს – მომვლელი არა ჰყავს, მას ჰყავს მხოლოდ მკვლევარი, რომელიც იკვლევს მას ისე, როგორც მოცემულია. 3) სალიტერატურო ენა შეპყრობილია რეფლექსიით, მუდამ შინაგანი დაკვირვებისადმი მიდრეკილებით, იჭვიანობით, ადვილად აგზნებადობით… სალიტერატურო ენით მოსაუბრე ხარჯავს გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე სკოლაგაუვლელი, ხალხური ენით მოსაუბრე, რადგანაც პირველი ფიქრობს იმაზედაც, თუ როგორ ლაპარაკობს, ხოლო მეორე – მხოლოდ იმაზე, თუ რას ლაპარაკობს იგი. ამდენადვე პირველს გაალმასებული აქვს ყურადღება სხვისი შეცდომებისადმი. 4) ამიტომ სალიტერატურო ენა ინტოლერანტია, ე. ი. ის ვერ ითმენს ახალს, განსხვავებულს თავისაგან; ებრძვის ერთნაირად ხალხური კილოების გავლენას და არსებული ნორმების გადახვევას… ესაა სალიტერატური ენის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშნები; ასეთია ყოველი კულტურიანი ენის თავისებურებანი. კონსერვატიულობა, არისტოკრატობა, რეფლექსია და ინტოლერანტობა – ამ სიტყვათა ენობრივ-კულტურული გაგებით – ახასიათებს სალიტერატურო ენაზე მომუშავესაც. აი, რატომ ნერვიულობს სილოვანი, როცა მას ესმის მისი ნორმების საწინააღმდეგო რამ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის იწვევს ჩვენში დიდ პატივისცემას, ვინაიდან მისი დაუზოგველი კილო შეეფერება თვით საგნის ხასიათს.
ენათმეცნიერება გამიჯნულია გრამატიკისაგან, რამდენადაც ეს მეორე ემსახურება სალიტერატურო ენის ნორმებს. ენათმეცნიერება: ენის მოვლენათა კვლევა სხვადასხვა ეპოქების მიხედვით, წერილობითი ძეგლების ზედმიწევნითი შესწავლა და მათზე დაყრდნობით ენის განვითარების სხვადასხვა საფეხურის დადგენა, ესაა ენის ისტორია. ისტორიული ენათმეცნიერება: მონათესავე ენათა შორის შესატყვისობათა კანონების დამყარება. ესაა შედარებითი ენათმეცნიერება: ენის კილო-ქცევათა შესწავლა. ესაა ენის დიალექტოლოგია, რომელიც წარმოადგენს დამხმარე დარგს ისტორიულსა და შედარებითი ენათმეცნიერებისათვის. გრამატიკა: განსაზღვრულ დროს მოქმედი სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა. მისი მიზანია ერთიანი სამწერლო და სამეტყველო ენის შექმნა სკოლისა და მწერლობის გზით – ისეთი ენისა, რომელიც, მართალია, იმთავითვე აღმოცენებულია რომლისამე დიალექტის ნიადაგზე, მაგრამ არ წარმოადგენს მთლიანად არც ერთს დიალექტს ამ ენისას. ასეთი ენის ნორმები, განსაკუთრებით მართლწერისა, ზოგიერთი მხრით ინდივიდუალური შემოქმედების საქმეა, შემოქმედის ავტორიტეტისა და შეთანხმების; მაშასადამე, ამდენადვე იგი ხელოვნურია. ამიტომ მასში საკმაო ფართო გასაქანი ეძლევა გრამატიკოსის გემოვნებას: როდესაც სალიტერატურო ენაში ჩნდება რაიმე მერყეობა რაიმე ფორმის მხრივ, ენის კულტურაზე მომუშავე აირჩევს არსებულ ფორმათა შორის საუკეთესოს (მისი შეხედულებით) და იცავს მას საყოველთაო სავალდებულოდ… სილოვან ხუნდაძე ამ დარგში მომუშავეა. მან კარგად იცის, რომ სალიტერატურო ენის ფორმები ერთიანი უნდა იყოს, ურყევი და ყველასათვის სავალდებულო. დამახასიათებელია ამ მხრივ სილოვანის მოთხოვნილება გამოთქმის კილოს ერთიანობის შესახებ: სალიტერატურო გამოთქმას არ შეშვენის არც ერთი არსებული (გურული, იმერული, ქართლული, კახური) გამოთქმა. გამოთქმა „უნდა იყოს სწორი, გადაჭრილი, მოშორებული ყოველგვარ ხასიათს“ („ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“, გვ. 78). აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფორმების დამყარებისას გრამატიკოსი ირჩევს არსებულ ფორმებში, ხოლო გამოთქმის კილოს ქმნის ახალს. მართლაც, სალიტერატურო კულტურიან ენას არ შეშვენის ისეთი მრავალფეროვნება ინტონაციისა, როგორც აქვს ბავშვის ან უკულტურო ენას… გრამატიკოსს აქ მხედველობაში აქვს ლინგვისტური ინტონაცია (დასაძრახი სალიტერატურო ენისათვის) და არა ლოღიკური ან ემოციური…
სალიტერატურო ენის მქონე ყველა ერმა განვლო თავისი სალიტერატურო ენის განვითარების ის საფეხური, რომელსაც ასეთი ღრმა კვალი დაამჩნია სილოვან ხუნდაძემ. ქართულმაც განვლო ეს საფეხური არა ნაკლების სახელოვნობით, ვიდრე რომელიმე სხვა სალიტერატურო ენამ, და ეს მოხდა უმთავრესად სილოვან ხუნდაძის წყალობით.

აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი

სილოვან ხუნდაძე
(„ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“)

XIX საუკუნის ბოლო ათეული წლებისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი საზოგადოებრიობისათვის კარგად იყო ცნობილი გრამატიკოს-ფილოლოგის, კრიტიკოსის, პოეტის, პუბლიცისტისა და პედაგოგის სილოვან თომას ძე ხუნდაძის (1860-1928) სახელი. ქუთაისის ქართული გიმნაზიის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი, მისი პედაგოგი სამი ათეული წლის მანძილზე და ერთხანს დირექტორიც; ქართული გიმნაზიის ღირსების დამცველი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აქტიური მუშაკი, პერიოდული გამოცემების: „დროების“, „ივერიის“, „კვალის“, „ცნობის ფურცლის“, „შრომისა“ და „განათლების“ მუდმივი კორესპონდენტი; ქართული სალიტერატურო ენის კანონებისა და ნორმების ერთ-ერთი პირველ დამდგენთაგანი; ავტორი შრომებისა: „ქართული ზმნები“, „სალიტერატურო ქართული“, „ქართული გრამატიკა“, „ქართული მართლწერა“, „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“ და სხვ.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა 1928 წლის 12 მაისს. სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის ყოველთვიურ ლიტერატურულ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ (№6-7) დაიბეჭდა ორი წერილი სილოვან ხუნდაძის გარდაცვალების გამო. ერთი წერილი ეკუთვნოდა პროფ. გ. ახვლედიანს („სილოვან ხუნდაძის გარდაცვალების გამო“), მეორე – ამ ჟურნალის აქტიურ კორესპონდენტს გრიგოლ რობაქიძეს („სილოვან ხუნდაძე“). გრ. რობაქიძის წერილს, ვფიქრობთ, მკითხველი ინტერესით გაეცნობა.

თამილა გოგოლაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

ორი თვის წინად მწერალთა კავშირის სახელზე წერილი მოვიდა სილოვან ხუნდაძის. ეს წერილი ანდერძია და თან „ადამიანის დოკუმენტი“. წერილში წინასწარ ნაგზნობია სიკვდილის მოახლოება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჯეროდა და ავტორს ვერ ვუპასუხეთ. წერილი თავის დროზე გამოქვეყნდება ალბად.
სილოვა ხუნდაძის სახელთან დაკავშირებულია ბრძოლა ქართულისა და მისი სიწმინდისათვის. ბრძოლა – მუდმივი, დაუღალავი. ქართული ენის ისტორია ღირსეულად მოიხსენიებს მის სახელს. ეს მერმისის საქმეა. აქ კი – მოკლე შეხება.
ქართული ენა მართლაც რომ საცნაურია. ყოველი ენა იმთავითვე მსოფლიო-ჭვრეტაა თუ ხედვა… ქართული ენა ამ მხრით საოცარია. „სიცოცხლისა“ და „ცეცხლის“ ძირი ერთია (ჰერაკლეიტოს). „არსებულის“ და „არარსებულის“ ძირიც ერთია: „არის“, „არ“ (პლატონი და ჰეგელი) და მრავალი სხვა. ქართული ზმნა ხომ სწორუპოვარია. „წამძინებოდა“ – ეს დრო ძნელი გადმოსაცემია სხვა ენაზე (оказалось, что я заснул) ეს არ არის თუ გინდ ისეთი „მოხერხებული“ თქმა, როგორიცაა „გავაკეთებინე“, მაგრამ „დროს“ ნიუანსის გადმოცემისათვის ეს უფრო გულისხმიერია. ან კიდევ: „უთქვამს“, ანდა „ეთქვას“, ან კიდევ: „ვსწერდე“. აქ თითქმის აბსოლუტურად არის დრო მოცემული. ქართულ ზმნაში არის ფორმა, საცა აწმყო მომავალში გადადის. არის ისეთიც, საცა წარსულში მომავლის ფორმაა მოცემული (თითქმის გადატანილია). საერთოდ: ქართული ზმნა ელის ფილოსოფიურ კვლევას – თუ როგორ წარმოადგენს დროს ქართველი თავის ზმნებით.
ენის ისტორიის მხრით მეტად მნიშვნელოვანია ძველისა და ახალი ქართულის დაპირისპირება. მაგალითად: „უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო და შუენიერებაი სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა“. ეს ნაწყვეტი ეკუთვნის მეხუთე საუკუნეს. ახლა აიღეთ მეჩვიდმეტე, თუ გინდ მეთვრამეტე საუკუნის ქართული. იქ არა თუ ვერ იპოვით ასეთ ჭვირვალ და მკვეთრ გამოთქმას, იქ ვერც კი გაიგებთ ნათქვამს (გამონაკლისი – სულხან-საბა ორბელიანი). ეს მოვლენა ორი მხრით არის გულისხმიერი. პირველი: ქართული ენა მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნიდან დაკნინებისა და გადაგვარების გზას დაადგა. მეორე: არც ისე ძნელია – ეზიარო ძველ ქართულს (არა ბაძვით თუ გადმოღებით, არამედ ქმედითი განახლებით).
როცა სილოვან ხუნდაძის ქართულს ვეხებით, წინ გვიდგას „ამერის“ და „იმერის“ ბრძოლა. ეს „ბრძოლა“ ეხლაც გრძელდება. რომელი მხარეა მართალი?
ქართული ენა „ქართის“ ტომისაა და, ცხადია, მისი ნამდვილობა უფრო „ამერს“ უნდა ეკითხოს, მაგრამ ბევრი რამ, სწორი და ნამდვილი, „იმერში“ (განსაკუთრებით ზემო იმერეთში) უფროა დარჩენილი. „ხემი“, მაგალითად, (Смычок), ან კიდევ: „ტრელი“. ეს სიტყვა პროვინციალური ჰგონიათ (სულხან-საბას კი აქვს). „ნიგოზი“ რომ თქვა ამერეთში, დაგცინებენ: „კაკალი“ უნდაო. მაშინ, როდესაც „კაკალი“ სხვა რამესაც შეიძლება ეწოდოს და „ნიგოზი“ კლასიკურ მწერლობაშიც გვხვდება. „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“. რუსთაველის ამ ტაეპში „ნეხვი“ ეხლაც ნაკელი ჰგონიათ. გურიაში კი მითხრეს: „ნეხვი“ მყრალ ყვავილსაც ჰქვიაო. თუ ეს ასეა, მაშინ რუსთაველის პოეტური პარალელიზმიც იქნება უფრო მეტად და უფრო მძაფრად გამართლებული, და მრავალი სხვა.
ერთი რამ კიდევ. მაგალითი. დღეს ქართველი დეპეშებს რუსულად უფრო ჰგებულობს, ვიდრე ქართულად. ეს არა იმის გამო, რომ ქართველმა ვითომ რუსული უფრო იცის, არც იმის გამო, ვითომ დეპეში ქართულად გრამატიკულ არა-სწორ ფორმით იყოს გადმოღებული. მიზეზი სხვაა. ქართული ენის ბუნება არ არის „პერიოდი“. გრძელი წინადადება ქართულში კანცელარულ ნაწერამდე მიგვიყვანს. როცა დეპეშს თარგმნიან, გადმოაქვთ პერიოდული ფორმაც (მაშინ, როდესაც უკეთესი იქნებოდა დატეხილი ფორმით გადმოცემა). ქართულის მახასიათებელი სიმოკლეა და სიმარტივე.
აი აქაც „იმერს“ შეაქვს თავისი წვლილი. მართალია, „ქართული“, როგორც აღვნიშნე, „ამერის“ უფროა. მაგრამ ვინ იცის. შესაძლოა, დროთა სვლაში აქ იგი დამძიმდა, დაიკორძა, დაიხერგა. ამას დახვეწა სჭირდება და დაკაფვა. „იმერის“ თქმა, მარტივი და სხარტი, აქ ხშირად გამოგვადგება.
სილოვან ხუნდაძის უდიდესი საქმე ისაა, რომ მან ქართული ენა გაამარტივა. წინ მიდევს მისი წიგნი: „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“. მე განზე ვტოვებ პოლემიკას და მის კილოს. წიგნი კარგია და მარჯვე. მაგალითები უთვალავია მოყვანილი. კითხულობ და გიკვირს: რამდენი უმუშავია, რამდენი უკვლევია, რამდენი უკრებია! არის მერე იგი ყველგან მართალი? რასაკვირველია, არა. მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ათ შემთხვევაში სიმართლე შვიდის მხარეზეა. მინდოდა მაგალითები ამომეწერა, მაგრამ ეს მოუხერხებელია, წიგნი ნახევრად უნდა ამომეწერა. აღსანიშნავია „თანდებულებში“ მეშვიდე განაკვეთი. ზმნებში: მეხუთე, მეექვსე, მეცხრე, მეთორმეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეოცე; აგრეთვე: „ვიყო“, „გავიხაროთ“, „ვნახეთ“, „ვიჯდომები“, „ვდგავარ“, „დასდვა“, „მინახავხარ“, „მივედი“, „ვიძახოდი“, „ვარგვარ“ და „ვარგან“, „მოვიმკი“, „ყიდვა-გასაყიდი“, „ვშოულობ“, „მწამს“, „გავატან“ და სხვა. ბევრი რამ არის საგულისხმო „კეთილხმოვანების“ განყოფილებაში. ყურადსაღებია „შესმენილის შეთანხმება ქვემდებარესთან“, განსაკუთრებით, პირველი, მეორე და მესამე განაკვეთი. „დროთა შეთანხმებაში“ მწერლობისათვის ძალიან საინტერესოა ბოლო აბზაცები (სამი). საინტერესოა კავშირის („რა“) ხმარება. შემდეგ: „მთის უმაღლესი“ და „ჩემზე უკეთესი“. „თურმე“ და „თუარას“ ხმარება, „სანამ-მანამ“ და მრავალი, მრავალი სხვა.
დღევანდელი ქართული ენა უთუოდ გამარტივებისაკენ იხრება. სილოვან ხუნდაძის ღვაწლი ამ მხრით დიდია. ქართული ენის აკადემიურ ფორმებში ჩამოყალიბებისას სილოვან ხუნდაძის წიგნი – „ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები“ – ბევრს რამეში უთუოდ თავისას გაიტანს.
გრიგოლ რობაქიძე

სილოვან ხუნდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა
ანოტაცია

წიგნი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი პედაგოგის და ქართული ენის სიწმინდის თავგამოდებული და უშიშარი დამცველის სილოვან ხუნდაძის (1860-1928) ცხოვრებასა და მოღვაწეობას. საყურადღებოა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გრძელდებოდა გარუსების უხეში პოლიტიკა. მაგალითად, სახელმწიფო სკოლებში ყველა საგანი ისწავლებოდა რუსულ ენაზე, ქართული ენა კი ისწავლებოდა მხოლოდ კერძო სკოლებში, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ქუთაისის მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზია, რომლის პედაგოგი იყო სილოვან ხუნდაძე. ქართული ენის სიწმინდის დაცვა მასწავლებლისაგან დიდ გამბედაობას მოითხოვდა, რადგან ამის გამო შესაძლებელი იყო, მას დაეკარგა სამსახური, როგორც ეს მოხდა სილოვანის შემთხვევაში. ექვსი შვილის მამა, სილოვანი, რომლის ოჯახის შემოსავალს მხოლოდ მისი ხელფასი შეადგენდა, 1914 წელს დაუპირისპირდა გარუსების პოლიტიკის ერთ-ერთ ოფიციალურ გამტარებელს. ამის გამო მას სამსახური დაატოვებინეს.
სილოვანის მოღვაწეობის ცნობილი ფაქტების გარდა, წიგნის ავტორმა ლევან ურუშაძემ წარმოაჩინა სახელოვანი პედაგოგის მოღვაწეობის ფართო საზოგადოებისათვის თითქმის უცნობი მხარე, მისი აქტიური ეროვნულ-პოლიტიკური საქმიანობა.
წიგნში მოხმობილი საარქივო მასალა ადასტურებს სილოვანის მონაწილეობას 1890-იანი და 1910-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (კავშირი „საქართველოს თავისუფლების ლიგასთან“, აქტიური მუშაობა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში, რომელიც ღრმადეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა). 1921 წელს რუსი ბოლშევიკების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია-ოკუპაციის შემდეგ ამ პარტიის ძირითადმა ბირთვმა ჩამოაყალიბა მემარჯვენე ფედერალისტთა არალეგალური ორგანიზაცია და დაუპირისპირდა საოკუპაციო რეჟიმს.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის რედაქტორია სილოვან ხუნდაძის ქალიშვილის, ფატის, მეუღლე, ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი ნესტორ გაბილაია (1896-1985), რომლის მოგონებებმა გაამდიდრა წიგნი.
წიგნი დაგვიანებით გამოვიდა. ეს არცაა გასაკვირი. საქართველომ ეს ოცდაათი წელი მძიმე, გაუსაძლისი და აფორიაქებული ცხოვრებით იცხოვრა. დღეს რუსეთი ისევ მაგრად ზის ჩვენს ტერიტორიებზე, საქართველო ისევ იბრძვის ორთავიანი არწივის ბრჭყალებიდან თავის დასახსნელად, ისევ იფრქვევა ჟურნალ-გაზეთებიდან და ტელევიზიიდან ჩიქორთული ქართული… ამიტომ სილოვან ხუნდაძე დღესაც ძალზე აქტუალური და საჭიროა.
ამ წიგნის ავტორი საზარელი მოვლენების შუაგულში ტრიალებდა, მას არ დაკლებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური ანგარიშსწორება… ამ გაუსაძლის ვითარებაში სკოლა და უმაღლესი წარჩინებით დაამთავრა, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
2013 წლის 22 ოქტომბერს გაუბედურებული წავიდა ამ ქვეყნიდან.

The Life and Activity of Silovan Khundadze (1860-1928)
Summary

The book deals with the life and activity of Silovan Khundadze – the distinguished Georgian teacher and bold fighter for the purity if Georgian language. It should be remembered that all Russian authorities always continued in Georgia the rough policy of russianize. For example, in the state schools all subjects were teached in Russian, but Georgian language was teached only in the private schools, as it was it Kutaisi N2 noble secondary school, where Silovan teached Georgian language.
Except of known facts, author informed us about Silovan’s almost unknown national-political activity (connection with „the League of Georgia’s Freedom“, the active parlicipotion on „the Georgian Party of the National-federalists“, that was the deeply national-political organization).
Although the book’s publication considerably belated (more than on 30 years) it remains very actual – today we must especially fight for the purity of the Georgian language and remember the past.

ლიტერატურა

1. ი. გოგებაშვილი. თხზ. ტ. I, IV, თბ. 1953, 1954.
2. ი. ჭავჭავაძე. თხზ. ტ. V, თბ. 1956.
3. ტრ. ხუნდაძე. ნარკვევები სახალხო განათლების ისტორიიდან საქართველოში. თბ. 1951.
4. აკ. თოფურია. ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია. წ. I, თსუ-ის გამოც., თბ. 1969.
5. ი. მანსვეტაშვილი. მოგონებანი. თბ. 1936.
6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. VI, თბ. 1979.
7. რ. მეტრეველი. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. თბ. 1982.
8. უშ. ობოლაძე. ქართული სკოლის დიდი მოამაგე. ჟ. „სკოლა და ცხოვრება“, №10, თბ. 1970.
9. სილ. ხუნდაძე. ქართული გრამატიკა. თბ. 1921.
10. სილ. ხუნდაძე. ქართული მართლწერისა და სწორენის ძირითადი საფუძვლები. ქუთაისი, 1927.
11. სილ. ხუნდაძე. ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები. ნაკვ. I-VII, ქუთაისი, 1914-1921.
12. სილ. ხუნდაძე. ვაჟა-ფშაველას პოეზია. კრებულში „კრებული“, №1, ნ. ლორთქიფანიძის რედაქციით, ქუთაისი, 1921.
13. სილ. ხუნდაძე. ნიკოლოზ ბარათაშვილი (საკითხავი წიგნი ქართული ლიტერატურის შესასწავლად), ქუთაისი, 1925.
14. სილ. ხუნდაძე. თხზულებანი. ტ. I, ქუთაისი, 1914.
15. სილ. ხუნდაძე. თხზულებანი. ტ. II, ქუთაისი, 1926.
16. სილ. ხუნდაძე. ქართული გრამატიკა პირველდაწყებითი შკოლებისათვის. მე-2 გამოც., ქუთაისი, 1913.
17. სილ. ხუნდაძე. ილია ჭავჭავაძის სახსოვრად, ქუთაისი, 1907.
18. სილ. ხუნდაძე. მკვლელები და მცველები, ქუთაისი, 1907.
19. სილოვანი. ისტორიული კილო თ. გრ. ორბელიანის ლექსებში. ჟ. „ივერია“, 1882, №12.
20. სილ. ხუნდაძე. ქართული ზმნები. ქუთაისი, 1891.
21. სილ. ხუნდაძე. ქართული მართლწერა. ქუთაისი, 1913.
22. სილ. ხუნდაძე. პასუხის პასუხი (დ. ბაქრაძეს და აკაკის). ჟ. „მოამბე“, 1900, №1.
23. ბაირონი. ჩაილდ-ჰაროლდი. თარგმანი სილოვანისა. ქუთაისი, 1925.
24. ს. ბარათაშვილი. საქართველოს ისტორია. ნათარგმნი სილ. ხუნდაძის მიერ. ნაკვ. I-III. ქუთაისი, 1895-1913.
25. გ. ტაბიძე. თხზულებანი. ტ. XII, თბ. 1975.
26. ვ. გაგუა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. თბ. 1979.
27. „რჩეული რუსთველოლოგიური ლიტერატურა“, ნაწ. III. ი. მეგრელიძის რედაქციით. თბ. 1982.
28. „ქართული პოეზია“, ტ. XI, თბ. 1979.
29. ა. მინდაძე. პეტრე ქავთარაძე. თბ. 1967.
30. ი. ჭავჭავაძე. რამოდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ. ქუთაისი, 1908.
31. კრ. „ბესო ჟღენტი“. თბ. 1985.
32. ვ. ქაჯაია. ქართველი პედაგოგები. თბ. 1955.
33. „სახალხო განათლების სახალხო მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“. ტ. I, თბ. 1953 (ვ. ქაჯაიას წერილი).
34. ტრ. ხუნდაძე. ქუთაისის ქართული გიმნაზიის ისტორიიდან. თბ. 1976.
35. ი. ჭავჭავაძე. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. V, თბ. 1955.
36. გაზ. „დროება“, 1880, №196, 254, 262.
37. ლ. გოდერიძე. მასალები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიისათვის (1901-1920). საისტორიო მოამბე, №41-42. თბ. 1980.
38. ანგარიში ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა 1913-1915 წლებში. ქუთაისი, 1916.
39. ვ. გაგუა. სახალხო განათლება მე-19 საუკუნის რეფორმის შემდგომ საქართველოში. თბ. 1974.
40. ს. სიგუა. სახალხო განათლება რევოლუციამდელ საქართველოში. თბ. 1969.
41. გაზ. „ტრიბუნა“, №578, 1923.
42. ჟ. „კავკასიონი“, XII, პარიზი, 1967.
43. საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 157, აღწ. 1, საქმე 430 (1895-1896).
44. საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 13, აღწ. 27, საქმე 3167 (1915).
45. დანიელ ხახანაშვილი. აკაკი წერეთლის ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ. ჟ. „განთიადი“, №3, ქუთაისი, 1990.
46. მ. სიორიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (1914-1918). ბათუმი, 1998.
47. დ. შველიძე. პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ეროვნულ-დემოკრატები. გაზ. „ერი“, 1991 წლის 31 ივლისი.
48. ზ. შველიძე. რევოლუციური ორგანიზაცია „თავისუფლების ლიგა“. თბ. 1969.
49. გრ. ჯიქია, პლ. კვირკველია. სახელოვანი ქართველი პედაგოგი. ჟ. „სკოლა და ცხოვრება“, №10, თბ. 1970.
50. უშ. ობოლაძე. ქართული სკოლის დიდი მოამაგე. ჟ. „სკოლა და ცხოვრება“, №10, თბ. 1970.
51. აკად. გიორგი ახვლედიანი. სილოვან ხუნდაძის გარდაცვალების გამო. ჟ. „ქართული მწერლობა“, №6-7, ტფილისი, 1928.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button