ისტორიამეცნიერებატექნოლოგია

როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანთა წინაპრები?

დრეზდენში გამართულ გამოფენაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს ადამიანის ევოლუციური ოჯახის ყველაზე შორეული წევრების გამოსახულებები, რომელთა მისაღებადაც სასამართლო მედიცინის ტექნოლოგია გამოიყენეს.

მკვლევარებმა მოახერხეს მილიონობით წლების წინ მცხოვრები წინაპრების სახის რეკონსტრუქცია ნამარხებში აღმოჩენილი თავის ქალების მეშვეობით. ბევრი მათგანი ცხოვრობდა იმ პერიოდში, როცა ჰომინიდები პირველად გამოჩნდნენ აფრიკის კონტინენტზე.


Sahelanthropus tchadensis ცხოვრობდა 7 მილიონი წლის წინ – იმ პერიოდში, როცა ადამიანისა და მასთან ყველაზე ახლო მყოფი ევოლუციური ნათესავის – შიმპანზეს – გაყოფა ჯერ არ მომხდარიყო.


Homo rudolfensis ცხოვრობდა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ. მისი ნარჩენები აღმოჩენილია კენიაში. თუმცა დღესდღეობით ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გარკვეული, სად უნდა ჩაჯდეს ეს არსება ადამიანის ევოლუციურ ხაზში.


Paranthropus boisei 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და აქტიური ღეჭვის გამო სპეციფიკური თავის ქალა ჰქონდა. ამ სახეობას მეტსახელად “მაკნატუნა” შეარქვეს, რადგან ჰომინიდებს შორის ყველაზე მსხვილი კბილები და ყველაზე სქელი მინანქარი ჰქონდა.

ანთროპოლოგებმა გამოიყენეს კომპიუტერული ტექნოლოგიები, რათა ნამარხებისა და თითქმის მთლიანი თავის ქალების მიხედვით გამოსახულებები აღედგინათ. შედეგი საკმაოდ ზუსტია და შეიძლება ითქვას, რომ მიესადაგება მათ რეალურ გარეგნობას.

“კრიმინალური ექსპერტიზის ანთროპოლოგიური მეთოდების დახმარებით მოხდა სხვადასხვა ჰომინიდების აღდგენა არა ზოგადი მახასიათებლების მიხედვით, არამედ კონკრეტულად მათი სპეფიციკური თვისებებით”, განაცხადეს მუზეუმში. “ყოველი მათგანი თავის ისტორიას გვიამბობს: სად ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ, მათი სიკვდილის სავარაუდო მიზეზი და ა.შ.”

გამოფენაზე ასევე იყო უძველესი შუბები, ზოგიერთი მათგანი 400 000 წლისაა.


Australopithecus Africanus 2 მილიონი წლით თარიღდება. ეს ჰომინიდი მიიჩნევა ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე უშუალო წინაპრად – თანამედროვეებისგან ის მოზრდილი ტვინით გამოირჩეოდა.


სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Australopithecus africanus-ის თავის ქალა, რომელიც 2 მილიონი წლით თარიღდება, გამოიყენეს სახის აღსადგენად.


Homo erectus ასევე 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ერთი ვერსიით, ეს სახეობა აფრიკაში წარმოიშვა და მოგვიანებით გადაინაცვლა ინდოეთში, ჩინეთსა და იავაში. სხვა თეორიით, ის აზიაში გაჩნდა და შემდგომ გადავიდა აფრიკაში.

“თითქმის აღარაა საეჭვო, რომ აფრიკა კაცობრიობის აკვანი იყო: ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე შორეულ წინაპართა ნარჩენებს ვაწყდებით. გამოფენაზე გაეცნობით აფრიკის იმ მონაკვეთებს, სადაც მეცნიერები ადამიანთა უძველეს ნაშთებს ეძებენ. მეცნიერული პროცესის ყოველი ნაბიჯი გარკვევით იქნება ახსნილი და გაიგებთ, როგორ მიდიან ისინი ამა თუ იმ დასკვნამდე.”


Homo ergaster 1.5 მილიონი წლით თარიღდება. ის ძალიან ჰგავს Home erectus-ს და სათავეს აფრიკაში იღებს. Ergaster მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც “მშრომელს” ნიშნავს.


Homo neanderthalensis 60 000 წლის წინ დააბიჯებდა დედამიწაზე და ჩვენს ყველაზე ახლო ნათესავებად ითვლებიან. ნეანდერტალელები ადამიანები იყვნენ, მაგრამ განსხვავებული სახეობის წარმომადგენლები. ისინი გაჩნდნენ ევროპასა და აზიაში იმ დროს, როცა Homo sapiens წარმოიშვა აფრიკაში.


სამი ნეანდერტალელის რეკონსტრუქცია დრეზდენის გამოფენაზე, რომელიც ნოემბერში გაიხსნა.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button