გამორჩეული ადამიანებიესესაკითხავი

ჭავჭავაძე ილია “ცხოვრება და კანონი”

 რაც უნდა მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღწვოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას. თუ არ თვითმართველობის მინიჭებითა.სხვას რაღა ეთქმის… ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა.

კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, რომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი  იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე  სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ატრულობს და არა სწამს ხვალე.

ერთი  სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე  სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის «ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო», უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა,  ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია,  ეგ ჩემი უფლებაა. უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, აიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე, თითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით; ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისი მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა.

ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება… ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია,  ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არის პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგანგანიგებოდეს. ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

 ერთი მწერალი ამბობს: «ისტორია ამტკიცებს, რომ ვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცაუნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა.

ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილო-ამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში». თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო  საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამ გამოვაო. როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: «ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო.

ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი». თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის… ყოველი სახელმწიფო, თუნდ გვარტომობით ერთისა და იგივე ხალხით იყოს შემდგარი, მაინც, ადგილობრივის სხვადასხვაობისა გამო, ბევრს სხვადასხვა თვისების მხარესა და მხარეს წარმოგვიდგენს.

ყოველს მხარეს, ყოველს ნაწილს ერთისა და იგივე სახელმწიფოსას, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი აქვს, თავისი საკუთარი გაჭირვება ადგია, თავისი საკუთარი მზრუნველობა და ფიქრი უმძიმებს გულსა, თავისი საკუთარი ნეტარება აფხიზლებს და იბირებს. უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, ირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა. ცხადია, რომ მან უნდა იყოლიოს ამისათვის ანუ საკუთარი მოხელენი, ყოველგან მოფანტულნი და მორიგებულნი, ანუ ეგ მოხელეობა თვით ადგილობრივ მცხოვრებთა უნდა ჩააბაროს, მიანდოს. პირველმა საშუალებამ თავი ვერსად ვერ გაიმართლა, იმიტომ რომ სხვის ხელით საქმის გაკეთება არსად და არასფერში არც თავს მოსულა და არც მოვა. სხვას, ტყუილია, ჩემთვის ისე გული არ შესტკივა, როგორც მე თითონ; სხვა ჩემს ავკარგიანობას ჩემსავით ვერ შეტყობს, ჩემს ტკივილს ჩემსავით ვერ მოუვლის, ჩემს ჩივილს ჩემსავით ვერ იტყვის; რაც მე ვიცი ჩემი, სხვას თავის-დღეში არ ეცოდინება.

ეს ყველგან ესე სცნეს და ამიტომაც ეგ საშუალება თითქმის ყველგან დაწუნებულ იქმნა და უარყოფილი. სულ სხვა არის, როცა უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით  უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი. აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია. მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა.

ესე ყოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვითმმართველობა ხელქვეითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი. რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის განმაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა.ამ სახით, იგი ერთსა და იმავე დროს ადგილობრივის საზოგადოების ორღანოც არის უმაღლესის მთავრობის წინაშე, და უმაღლესის მთავრობის ორღანოცა წინაშე ადგილობრივის საზოგადოებისა.

ცხადია, რომ როგორიც უნდა იყოს უმაღლესი მთავრობა  თვითმპყრობელობითი, მონარქიული წარმომადგენლობითი, თუ რესპუბლიკის სახისა,  ერთშიაც, მეორეშიაც და მესამეშიაც თვითმმართველობა მშვიდობიანად მოეწყობა, საზოგადო წყობილებას არამც თუ ხელს შეუშლის, არამედ ხელს მოუმართავს, რადგანაც თვით ადგილობრივის საზოგადოების მოჭირნახულეა და ამასთანავე უმაღლესის მთავრობის უკეთესი თვალი და ხელია, ყოველ კუთხემდე მიწვდენილი.

 თვითმმართველობამ რომ თავისი ჩვეულებრივი ნაყოფი მოიტანოს და თავის თავს არ უმტყუნოს, მისდა შესაფერად უნდა იყოს მოწყობილი და დარგული. ამ მოწყობაში არც ერთი მისი არსებითი კუთვნილება დავიწყებული არ უნდა იქმნას, არც ერთი ძირეული აზრი არ უნდა დაირღვეს. თუ ეს სიფრთხილე არ იხმარა ადამიანმა, თვითმმართველობა უფრო უქმი სიტყვა იქნება, უფრო სახელი იქნება, ვიდრე სახრავი.

Via
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button