National Geographicუცნაურიფლორა & ფაუნა

ანტარქტიდის სიახლოვეს მეცნიერებმა უცნაური არსებები აღმოაჩინეს

იეტი კიბორჩხალას აქამდე უცნობი სახეობის წარმომადგენლები იკრიბებიან ცხელ, მინერალებით მდიდარ ჰიდროთერმულ დინებებთან ანტარქტიდაში, ოკეანის წყლებში. მეცნიერების თქმით, ეს ადგილი ღრმა წყლებში მობინადრე უცნობი სახეობების “დაკარგული სამყაროა”.

კამერით აღჭურვილი რობოტი წყალქვეშ ჩავიდა და ფირზე აღბეჭდა ისეთი სახეობები, როგორიცაა კიბორჩხალები, ფრინტები, ანთროპოდები და რვაფეხაც კი. ყველა მათგანი თითქმის მთლიანად უფერულია და 2400 მეტრის სიღრმეში, აბსოლუტურ სიბნელეში ცხოვრობენ.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილიდან დაახლოებით 3200 კმ-ის მოშორებით “ზღვის სიღრმეებში მობინადრე ცხოველების სამყაროა. ეს თითქოს სრულიად ახალი კონტინენტია და იმ რეგიონში მდებარეობს, სადამდე მიღწევასაც დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით”, განაცხადა კვლევის მონაწილემ ჯონ კოპლიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მოღვაწე ზღვის ბიოლოგია.


მამრი იეტი კიბორჩხალები ზომით უფრო დიდები არიან და დინებებთან ყველაზე ახლოს ჩერდებიან, რათა მათ თმიან მუცელზე მობინადრე ბაქტერიების კოლონიები დაანაყრონ. მდედრები უფრო მოშორებით არიან, სადაც წყალი შედარებით გრილია და ამგვარად იცავენ მათთან მყოფ პატარებს.

“სხვა იეტი კიბორჩხალებისგან განსხვავებით, რომლებიც მარწუხებს იქნევენ და ცეკვის მსგავს მოძრაობებს ასრულებენ, ეს სახეობები თითქმის უძრავად არიან, მხოლოდ თბილ წყლებთან მიახლოებისას აქტიურობენ”, ამბობს კოპლი. “ამ ადგილებში წყლის დინების ტემპერატურა დაახლოებით უთანაბრდება თბილ ტროპიკებში არსებულს”.


გველის მსგავსი კიბოები შექუჩულნი არიან გრილ დინებაში ქვებთან, იეტი კიბორჩხალების თავშეყრის ადგილისგან მოშორებით. მათ ალმასის მსგავსი თავი აქვთ, რომელიც ორგანულ ნივთიერებებს ფილტრავს ღრმა წყლების ოაზისებში ტივტივისას.


დედამიწის ქერქთან არსებულ ამ ნაპრალებს შავ საკვამურებს უწოდებენ. მათგან ინთხევა მინერალებით მდიდარი წყალი, რომელიც საკმაოდ მხურვალეა – 382°C. მინერალები, რომლებშიც შედის გოგირდწყალბადიც (წყალბადის სულფიდი), წარმოადგენს საკვების წყაროს მზის გარეშე მყოფი ეკოსისტემისთვის.

გასაკვირია, მაგრამ მკვლევარებს არ უპოვნიათ კრევეტები, მიდიები, პოგონოფორები და სხვა არსებები, რომლებიც, როგორც წესი, ხშირად არიან ჰიდროთერმული დინებების სიახლოვეს.

“სიცოცხლის ახალი ფორმების აღმოჩენა ნათლად გვანახებს, როგორ ვრცელდებიან და ვითარდებიან ცხოველები ოკეანის სიღრმეებში”, განაცხადა კოპლიმ.


ეს ვარდისფერი ფრინტები ახალ სახეობას წარმოადგენენ და ზოგიერთი მათგანი ფრინტას კვალობაზე საკმაოდ დიდი ზომისაა – უხეშად ადამიანის ხელისგულს უტოლდება. სხვა თანამოძმეების მსგავსად, სავარაუდოდ ისინიც იკვებებიან იმ ნარჩენებით, რომლებიც წყლის დინებას მოაქვს.


გრძელი საცეცების მქონე ფრინტა თბილ დინებაში ნებივრობს. ანტარქტიდის სიახლოვეს წყლის დინებების საშუალო ტემპერატურაა -1.5°C.

“როცა საკვები იშვიათია და მისი მოპოვება ძნელია, ცხოველებს უვითარდებათ განსაკუთრებული უნარები, რათა მოახდინონ გარემოსთან ადაპტაცია და მსხვერპლის აღმოჩენა და დაჭერა გაუადვილდეთ. სწორედ ასეთი რამ მოხდა ამ ფრინტას შემთხვევაში – მას გრძელი საცეცები გამოეზარდა”, ამბობს ჯონ კოპლი.


ჰიდროთერმული დინების საკვამურის ნატეხი, რომელსაც პირიტის ლაქები აქვს. პირიტი ოქროსფერი მინერალია, რომელიც წარმოადგენს გოგირდისა და რკინის ნაერთს და მეორენაირად “სულელების ოქროს” ეძახიან. ის რკინის სულფიდის კრისტალური ფორმაა.

ღრმა წყლებში მობინადრე არსებების შესწავლის გარდა მკვლევარი მეცნიერები საკვამურების ნატეხებს იღებენ და შემდგომ ყურადღებით აკვირდებიან. “ბიოლოგებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ დინებებში არსებული საკვამურების ქიმიური შემადგენლობის ცოდნა, რადგან ეს დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რატომ ვხვდებით კონკრეტულ სახეობებს სპეციფიკურ არეებში და არა სხვაგან.”


ერთ-ერთი უიშვიათესი რამ, რასაც მკვლევართა ჯგუფი წააწყდა, იყო 60 სმ სიგრძის რვაფეხა. ჯერჯერობით უცნობია, რითი იკვებება ეს არსება. თუმცა კამერაზე აღიბეჭდა მისი გადაადგილება ოკეანის ფსკერზე, რაც უცნაური ფორმით ხდებოდა.

“უკანა 4 საცეცს რვაფეხა ტანკის მუხლუხივით მიათრევს, წინა 4 კი გაშვერილი აქვს. კარგად დაკვირვება ვერ მოვახერხეთ, რადგან მსგავსი სახეობა იშვიათია და ამავე დროს საკმაოდ სწრაფი. თუმცა დიდი ალბათობით, ისინი ახალი და აქამდე უცნობი სახეობის წარმომადგენლები არიან.”

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button