ბიოგრაფია

წმინდა ნინო

 IV საუკუნე

ქართლისა და კახეთის გამაქრისტიანებელი, მოციქულთა სწორი.

და ნეტარი ნინო ასწავებდა მეფესა და ყოველსა ერსა

დღე და ღამე ჭეშმარიტსა მას გაზასა.

მოქცევი  ქართლისაი

კაბადოკიელი ქალწული ნინო წმინდა გიორგის ახლო ნათესავად ერგებოდა და სახელგანთქმული და პატიოსანი მშობლების შვილი იყო. რომის მხედართმთავრ ზაბულონს და იერუსალიმის პატრიარქის დას, სოსანას, ეს ერთადერთი ასული ჰყავდათ. როდესაც ნინოს თორმეტი  წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმინდა ქალაქში ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და უდაბნოს მიაშურა. იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა ნინო აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. სარა ქრისტიანულად ზრდიდა ქალწულს და უამბო, როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში დ საქართველოში.

ამ დღიდან ნინო მხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და ქრისტეს პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა. მარიამმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე სახარება უფლისა იესო ქრისტესი და მე ვიქნები შენი მფარველი. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს? ღვთისმშობელმა ხილული და უხილავი მტრისგან დასაცავად ვაზის ჯვარი მისცა. გამოღვიძებულ ნინოს ხელში ჯვარი ჰქონდა. ნინომ ბიძას გაუმჟღავნა საქართველოში საქადაგებლად წასვლის სურვილი. იუბენალმა გზა დაულოცა.

ნინო ეფესოში შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს, მის გამზრდელ გაიანეს და ქრისტეს რჯულზე მოაქცია ისინი. ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლეტიანემ გადაწყვიტა, ცოლად შეერთო რიფსიმე. ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხითში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მდევარი დაადევნა და სომეხთა მეფეს უბრძანა: რიფსიმე მე გამომიგზავნე, დანარჩენები კი დახოცეო. მეფე თრდატმა იპოვა ქალები, აწამა რიფსიმე, გაიანე და ის ორმოცდაათი ქალწული. ვარდის ბუჩქებში დამალული ნინო გადარჩა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს.

წმინდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. ქალწულმა იქ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა არმაზში ნინოს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა – გაცისა და გაის წინაშე. შეწუხდა ქალწული და იესო ქრისტეს შესთხოვა, მოხედოს ამ ერს და ჭეშმარიტების გზაზე დააყენოს. ამ დროს დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და კერპები დაამსხვრია. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმინდა ნინო სამეფო ბაღში, მაყვლოვნში დასახლდა. ექვსი წელი აქ გაატარა, დღე და ღამე ლოცულობდა, ხალხს კურნავდა. მისი ლოცვით უშვილო ოჯახს ღმერთმა  შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა ქრისტე აღიარა  და წმინდანს დაემოწაფა. თანდათან ნინოს ირგვლივ  ქრისტეს რჯულის თაყვანისმცემელნი შეიკრიბნენ. ამ დროს ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა. დედოფლის სასოწარკვეთილი მსახურნი ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. ნინო არ გაჰყვა და დედოფალი დაიბარა თავისთან. ნანა დედოფალი დამორჩილდა მის ნებას და ეახლა. წმინდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ ქრისტე იწამა.

ქრისტიანთა მომრავლებით გაბრაზებული მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე გასწორებოდა ყველას.  ნადირობისას მოულოდნელად თხოთის მთაზე მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიანი დიდხანს ამაოდ სთხოვდა კერპებს შველას. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოისაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმინდა ნინო და მოინათლა. ეს მოხდა 326 წელს.

პირველი ტაძარი აშენდა იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი იყო დაკრძალული და ეწოდა სვეტიცხოველი, მის პირდაპირ კლდეზე კი აღიმართა დიდი ჯვარი. შემდეგ ნინო სხვა კუთხეებში წავიდა საქადაგებლად და ბევრი გააქრისტიანა. ბოლოს კი ბოდბეს დამკვიდრდა, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალეს. მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო. მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმინდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა. ეს თხზულება დაცულია  წიგნში  „მოქცევაი ქართლისაი“.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button