პოეზია

ბესარიონ სოლოღაშვილი ფიქრნი სულისა

                                   ფიქრნი სულისა

ბესო

     რატომ ვწერ ლექსებს მართლა არ ვიცი

    სიმართლეს ვამბობ, ღმერთსა ვფიცავარ.

    ზოგჯერ შემიპყრობს მტანჯველი იჭვი, _

    სხვა ვინმე ვარ, თუ ის ვარ, ვინცა ვარ.

    ეგებ პოეტის მინდა სახელი,

    ან ლექსს რომ შერჩეს ამ სულის სუნთქვა?!

    ჩემს წიგნს აიღებს ვინმე მნახველი

    და ასე იტყვის: კაცურად უთქვამს.

    არ მინდა ვიყო გამონაკლისი,

    საქართველოში ყველა პოეტობს.

    მაინც უნდა ვთქვა სიტყვა საწყისი

    ეს გატაცება მეც მეპატიოს.

    ჩემს შემდეგ არ თქვან: რას გავსო ესო,

    როგორ გაუხმა სიცოცხლის ფესვი,

    ისე ჩავიდა საფლავში ბესო,

    რომ ვერ დაწერა ვერც ერთი ლექსი.

    სხვისი ცოლები

    სხვისი ცოლები სხვის ქმრებთან წვანან,

    ფართო შარა-გზას აძლევენ ვნებებს,                  

     ანთებულები კელაპტრებს ჰგვანან.                  

     ო, ღალატობენ სიწმინდის მცნებებს.

    გადეშვებიან მორევში ტრფობის,                   

     სიპატიოსნე უღირთ არარად,                     

     ითვლიან წამებს ლამაზი თრობის

     სანამ დაათოვთ თმებზე ჭაღარა.

    ქალნი ლამაზნი, ქალნი მეძავნი,

    ნარნარი რხევით კაბებს იხდიან,

    ღმერთო შეუნდე, არა ეძრახვით, 

    მათ არ იციან თუ რას იქმნიან.

    და თუ იციან, და თუ იციან, _

    უაზროდ კაცებს რატომ იცვლიან?! 

ჭინკები

    ჭინკები ხტიან,

    ჭინკები რბიან,

    ადამიანებს

    ცუდ აზრებს 

    სჩრიან.

    ჭინკები დარბიან, ჭინკები დახტიან,

    აბრჭყვიალებენ ოქროს და ფულებს.

    ადამიანებს ფულებს უთვლიან

    და ყიდულობენ მათ მარტივ სულებს.

     მერე აქებენ სულ  გაყიდულებს,

    კაცი ხარ, კაცი, არა გაქვს წუნი,

    უკეთ იქნები, თუ დამიჯერებ,

    აჰა, ფული და მომეცი გული.

    აი, ხომ ცხოვრობ სრა-სასახლეში,

    ასე დიდძალი  რომ გაქვს ქონება.

    ახლა, შენ ჭკუა სულ არ გჭირდება,

    აჰა, ფული და მომეც გონება.

    სული არა გაქვს, არა გაქვს გრძნობა,

    გული არა გაქვს, არ იცი ტრფობა,

    გონება არ გაქვს, სხვისი ხარ მონა

    ვითომა ცხოვრობ,  რაღაცას ბოდავ.

    ძალაუფლებაც ფულით იყიდე 

    შენა გმორჩილებს კაცი ყოველი,

    მაგრამ ეს არის, მაგრამ ეს არის

    იყავ კაცი და გახდი ცხოველი!

    და რაც მე მიკვირს, 

    იმასაც გეტყვი,

    რადგან კაცი ვარ

    ნებაც მაქვს სიტყვის:

    ევამ ხომ ერთი ვაშლი იკმარა

    სულ არ გააჩნდა მადა ველურის.

    შენ რომ სიხარბე ვერ დაიოკე,

    ეს შედეგია ცივილურობის?!

    ჭინკები ხტიან,

    ჭინკები რბიან,

    ადამიანებს

    ცუდ აზრებს 

    სჩრიან.

    ქარი

    ქარი ტოტებს ათამაშებს, ტოტებს ებღლარძუნება,

    არშიყს ერთი სურვილი აქვს: ხის ყვავილთა ცდუნება.

    მოიტაცებს ატმის ყვავილს, მარგალიტებს ჩააწნავს,

    მობრუნდება, ქალის მდევრებს ერთ ალიყურს გააწნავს.

    მინდვრად პეპლებს ედევნება, ლაღობით და ანცობით,

    სათითაოდ დაიჭერს და სათითაოდ  დაკოცნის,

    მერე ტყეებს აუქოჩრავს კოკროჭინა საქოჩრეს, 

    ხევ-ხუვებში ჩაჩუმდება, თითქოს თოკით გაკოჭეს.

    შემდეგ ქალებს ეძგერება, როგორც წუწკი მელია,

    კაბებს აუფრიალებს და სულაც არა სცხვენია.

    ლამაზმანებს ხუჭუჭ თმებში გაუსწორებს ნაკეცებს,

    ფოთლებს მაღლა აიტაცებს,  “სამაიას “ აცეკვებს. 

     მოცარტის რა გაეგება, უკრავს კაკაფონიას!

    ატმის ყვავილს ვინა ჩივის, საყვარლებიც ჰყოლია.

    მერე ღრუბლებს დაერევა, ციცქნასა და გოლიათს,

    მაღალ ცაში მშვიდად მწოლებს აწყებინებს ბორიალს.

    სადაც მივა, არევს, დარევს, აბა, ამას ჰყოლია!.. 

    თავი თვისი, მაგ ონავარს, დაუღლელი ჰგონია. 

    ბოლოს  მაინც ეძინება, დაწყნარდება ამინდი,

    ხმა არ გასცეთ, დე, ეძინოს, ჩვენი მაინც რა მიდის?

            ომარ ხაიამ

    ღვინოს რად უწერ ლექსებს, ხაიამ,

    რიცხვებისა და რითმების ჯინო,

    ქვეყანა ასე დაანაწილეს:

    თქვენ ბევრი ცოლი, ჩვენ ბევრი ღვინო!..

    კაცი კაცია, აქაც და მანდაც,

    ქართველი იყოს ან თუნდაც სპარსი,

    კარგი კარგია, აქაც და მანდაც

    მანდაც და აქაც თარსია – თარსი.

    აქაც და მანდაც ლექსია ლექსი,

    აქაც და მანდაც ხარობს იები,

    აქაც და მანდაც ისევ ლოთობენ

    შენგან ნათქვამი რობაიები.

    მახარე

    მახარე, ცხოვრება ხარხარებს.

    მახარე, სულს წვდება ზამთარი

    მახარე, არაფერს დახარბდე

    შენ თავთან იყავი მართალი.

    იკმარე, რაც ბედმა გარგუნა

    გაუძელ ცხოვრების Fფარსს

    ქრისტემ სიკვდილი სიკვდილით დათრგუნა

    მახარე, სიცოცხლეს  საზრისი აქვს.

      ფილოსოფოსები

    მათ აქვთ ძლიერი ლოგიკა,

    ბრძნულ აზრებს ეჭიდებიან

    და პრობლემები მათ ფერხთით

    როგორც ლეკვები  წვებიან.

    მათი  ბევრს სულაც  არ ესმის

    გენიოსთ შვენის კენტობა,

    აზრების ნათელყოფისთვის

    შემოაქვთ ტრანსცენდენტობა.

    დაუღალავად იარეს

    ცნობიერების საზღვრამდე,

    ბევრი რამ მართლაც შეიცნეს

    და ბევრიც  ვეღარ განსაზღვრეს.

    მიუწვდომობის საწვდენზე

    მათ დახვდათ უფლის კედელი.

    კედლის დალაშქვრას ლამობენ,

    სულ გააფრინეს მტრედები.

    ჩაჰკირკიტებენ აზრებსა 

    თავისთვის ვეღარ იცლიან,

    ბოლოს კი, ისღა იციან,

    რომ არაფერი იციან.

   ქობულეთი

     შავი ზღვა და ზღვის სიღრმიდან  ატყორცნილი მთვარე

    და ამ მთვარით შუა ზღვაში აფრა მოელვარე.

    ცაზე ციმციმ ვარსკვლავები, ვერცხლისფერი ღილები,

    ზღვის ნაპირზე მოსეირნე შემთხვევითი წყვილები.

    ოლეანდრის ბუჩქის ძირში გათელილი ბალახი,

    დამერწმუნეთ, ამ შეხვედრებს ასდით სუნი ღალატის

    სხვისი ცოლი სხვის ქმარს კოცნის, სხვისი ქმარი სხვის ცოლსა,                    

    აბა,  ამის შემხედვარე, ღმერთი მაგათ  დალოცავს?!

    რის ფიცი, რის ერთგულება და ეს მართლაც ასეა,

    ცოდვის ტკბილი წამი უდგათ, გული ლხენით სავსე აქვთ.

    პარტნიორს ქმარს  ადარებენ, ფუ, ეშმაკმა დალახვროს,

    ისე როგორ უნდა მოვკვდე, ერთხელ სხვაც რომ არ ვნახო.

    ამრეზილი ზღვა კი ბორგვით ლოკავს ლამაზ ნაპირებს:L

    უჰ, რამდენი რამე ვიცი, მაგათ ჭკუაც ვატირე!

    მაგრამ ერთი ვერ გავიგე, ვარ მაგათი მგმობელი,

    რატომ არის სიყვარული სიძვის წარმომშობელი?!…

    და დილამდე  ნაპირისკენ, გზავნის ანათემას

    ნაპირზე კი სირცხვილისგან იწვის ქრიზანთემა.

     ცუგა

    პატრონმა მაგრად მიბეგვა,

    ძაღლი არისო, რა უშავს?!

    ძველ ტომარაში ჩასვა და

    სადღაც, შორს ტყეში გაუშვა.

    სამი დღის შემდეგ ნაცემი

    სახლში დაბრუნდა ცუგა

    პატრონსვე მიეალერსა:

    შენ მიყვარხარო მუდამ. 

    თუ გაგვიწყრება უფალი 

    ნუ გადვიქცევით კერპად,

    ვით ძაღლი მიდის პატრონთან, 

    ისე მივიდეთ ღმერთთან.

     ხიზნები

    ქართველთა სისხლი, ქართველთა გენი

    მუხლზე დაეცა ხიზანთ  წინაშე

    ვინ შეივრდომე, ვინ შეიხიზნე

    შენ, საქართველოვ, რომ არ ინანე?!

    ვინ იცის, კიდევ ჯერ რა მოგველის,

    მწუხრის ლოდინით რეკს დედო-ზარი.

    რით ვერ ისწავლე, ერთხელ ხომ გითხრეს: 

    გუგულის ბარტყი შენი არ  არის.

    ვით დაივიწყე კრწანისის ბრძოლა,

    ნაღალატები ბრძოლა გარნისის.

    მათ უღალატეს თამარის ლაშქარს,

    მათ დააკნინეს სისხლი დავითის.

    შენმა სახელის გამოდევნება

    კეთილი იყო მუდამ სხვის თვალში, 

    არ გაამართლა, როგორ ვერ ხედავ 

    ქვა გვაცემინეს საკუთარ თავში.

    ხომ არ დაგინდეს, შენც არ დაინდო,

    ოცდაათ ვერცხლად გაგვყიდეს ხალხი.

    მაგათი კარგიც, მაგათი დედაც,

    ხელი მოუსვი და გარეთ გასხი!…

            ვაჟა

    ვაჟამ ფშავლების ნათქვამი

    სულ პოეზიად დაწერა

    და კაცთა მოდგმის კანონებს 

    ლექსებად გადააწერა. 

   მცირე რამა ხარ, სიცოცხლევ

   მცირე რამა ხარ, სიცოცხლევ,

    დახამხამების ხნისაო,         

    სანამ რას მოვიფიქრებდეთ

    უკვე ვაგდივართ ძირსაო.

    თან ნატვრა მიგვაქვს უშოვნი

    სახელის კაი ყმისაო,

    გაუძღომელი სურვილი 

    ცქერის კამკამა ცისაო,

    მარადიული კითხვები

    ევა-ადამის ხნისაო:

    ასეთი მოკლე სიცოცხლე,

    ნეტავი, რადა გვჭირსაო.

    გამაგებინე, უფალო,

    თავ ვერ გავართვი ფიქრსაო:

    ამქვეყნად ჩვენი სიცოცხლე

    ღირსა თუ არა ღირსაო? 

        მე გითხარით და …

    ასე ყოფილა ქალების სჯული,  

    სდომნიათ ბევრი ფული

    და თუ შეირთე ქალი,

    არ მოგცილდება ვალი.

    და თუ არ გინდა გდიოდეს

    ცხვირიდან მუდამ ძმარი.

    ქალი ცქერას რომ დაგიწყებს

    შენ აარიდე თვალი.

     ისევა ცოცხლობს

    ისევა ცოცხლობს,

    ისევა სცივა,  

     ქართულ სისხლს

     ისევ ჭრილობა სტკივა.

    ისევა სტკივა

    ოშკი და ტაო.

     ხომ მართალს ვამბობ

    ლაჟვარდო ცაო?!

    ისევე ახსოვს

    გაი და გაციც

    და დაცემული 

    ყველა ვაჟკაცი.

    მოედინება,

    როგორცა მტკვარი,

    მაინც სისხლია

    და არა წყალი.

    ისევა ბორგავს

    და არს მქუხარი

    არ გარდაცვლილა,

    არ არს მდუმარი.

    გარჯით და ნიჭით

    შეჰქმნა ანბანი,

    არ ჩაუცვია

    ქალთა კაბანი.

    ისევე სტკივა

    ბრძოლა მარაბდის,

    არ დაუდრიკა

    თავი არავის.

    მაგრამ სადამდის

    მაგრამ სადამდის

    ზიდოს დარდი და

    ზიდოს ვარამი?!

    როგორ გაუძლოს 

    ტკივილებს ერთმა?!

    როგორ გაუძლოს

    ტკივილებს ერთმა?!

    ერთხელ ხომ უნდა

    უშველოს ღმერთმა?

    ნათქვამი ესე იღე

    ვედრებად

    და ნუ ჩამითვლი

    ღმერთო, ყვედრებად.

    აღარ ვიქნებით

    გამტეხნი პირის,

    გადაარჩინე 

    ქართველნი ტკივილს.

        უფლისციხე

    ხეთა ჩრდილები აქ დიდი შვებაა,

    სიცხე ადუღებს დახეთქილ კლდეებს,

    ქამელეონი ცხელ ქვაზე წვება,

    თავის სიცოცხლის  დაითვლის დღეებს.

    ზმანებასავით დგას ისევ მღვიმე

    დაშიგ ანთია სანთელი სამი.

    აქ იწმინდები, არა ხარ მღვრიე,

    ღმერთთან კავშირის გიდგება წამი 

    ჭრიჭინობელა ჭრიჭინებს ფსალმუნს,

    აქ შეიძლება იესოც ნახო.

    აქ ყველაფერი უპყრია ალმურს

    და შენ რწმუნდები – ღმერთთან ხარ ახლოს.

    ხელის ჩაქნევა

    არ მომბეზრდება ამ ქვეყნად

    თუნდაც უსაქმოდ ყიალი,

    რადგან ასეთი მოკლეა

    სიცოცხლე ოხერ-ტიალი.

    ციხე-სიმაგრე ვერ ვნახე

    არ ემჩნეოდეს ბზარი,

    ეფემერაა ყოველი,

    არაფერია მყარი.

    მას, რაც იცვლება, მოძრაობს,

    აქვს სულ პატარა ხანი.

    რაც არ მოძრაობს – არც ცოცხლობს,

    არის დიდი ხნის მკვდარი.

    “სხვას რა უშავსო, ძმობილო,

    მძიმეა ჩემი ჯვარი” _

    ასე ამბობენ კაცნი და 

    ბედზე არიან მწყრალი.

    ბევრი ვეძიე, ვერ ვპოვე

    ასეთი ყოფის ბრალი, 

    ჰოდა, დავდივარ ამქვეყნად

    მუდამ დარდისგან მთვრალი.

    და მაინც უნდა გამოვტყდე

    არ მომწყინდება ყიალი,

    რადგან ასეთი მოკლეა

    სიცოცხლე ოხერ-ტიალი.

 ბრმა

    ბედმა ცუდად გამიმეტა

    და წამართვა სინათლე.

    ო, რამდენჯერ, ო, რამდენჯერ

    თვალის ჩინი ვინატრე.

    ვეღარ ვხედავ ულურჯეს ცას,

    ვარსკვლავსა და  მთვარეს,

    სხვა რა არის, სხვა რა არის

    ო, ამაზე მწარე!

    სიყვარული ბრმა არისო,

    ამტკიცებენ ერთნი.

    ბევრჯერ, ბევრჯერ მიფიქრია:

    რად გამიწყრა ღმერთი.

    მერე უცებ ამას მივხვდი,

    თითქოს ვინმეს ეთქვას,

    ღმერთმა მიტომ დამაბრმავა

    სიყვარული მერქვას.

         დამწყებ პოეტს

    თუ აზრს ჩააცვი კარგი სამოსი

    და სამშვენისად დაკიდე რითმა,

    თუ ვაჟკაცი ხარ სუფთა ნამუსის

    და ზუსტად ამბობ, რაც უნდა ითქვას.

    თუ ნათქვამს ქარგავ  მუსიკით არფის

    ან ზე ჰანგებით იოჰან ბახის,

    თუ იმეორებს ვინმე შენს ნათქვამს

    და თუ შეიგრძენ ტკივილი ხალხის,

    თუ აიჭერი ზე შვიდთა ცათა

    და თუ დაფარულს ახადე ფარდა

    თუკი სულს ჩაწვდი ქალთა და კაცთა

    ძმაო, პოეტი ყოფილხარ მართლაც.

    ძეგვი

    გაზაფხულის მზე, ველი გაშლილი ყაყაჩოები,

    მწვანით მოსილი ქართლის მთები თრიალეთისა,

    დამზრალი გული, ნაზი ტრფობით ანაჩუყები, _

    ეს ყველაფერი წყალობაა, ძმაო, ღმერთისა.

    აქ ბარის დარტყმას   ამოჰყვება სამარხი ძველი,

    ქართლის ცხოვრებას მოგიყვება კენჭი ყოველი.          

    აქ არსაკიძეს შეუსვია წყალი ხეკორძის,

    უფლის დიდებად აუგია სვეტიცხოველი.

    ათას წლის დოქით მე აქ ღვინო დამილევია,

    დამიჩოქია, ძველ ქართველთა მითქვამს დიდება!…

    თიბათვის ხვატში ანგელოსი ჩამოფრენილა

    და ყურში უთქვამს: საქართველო მარად იქნება!

    ციხედიდიდან გადასულა დიდგორს დავითი,

    აქ სეფე ქალებს ტაიჭები უჭენებიათ.

    აქ დაბუგულან ვაჟკაცები სერაფიტათი

    და მიუწვდომლის ვერ მიწვდენას დასჯერებიან.

    ღამის ნაღვინევს გაგაღვიძებს თორთა  ჟღრიალი,   

    იბერთ ხარხარი, ხმლების ქნევა ავსებს ბაგინეთს.

    აქ, სარკინეთში  იბერები ვერ დააჩოქეს,

    აქ, სარკინეთში  მაკედონელს დედა აგინეს.

    უფლითა სუნთქავს აქ ყველაფერი, 

    შიშველ კლდეების შემხედვარეს ამაკანკალებს.

    აქ ხალხი ცხოვრობს წმინდა შიოს სხივით ფენილი,

    და ნასტაკისთან დედა მტკვარი ცისფრად კამკამებს.

    აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ უნდა მოვკვდე

    და კარგად  ვიცი, რომ მჭირს მისნობა

    პირველად ქრისტე აქ ჩამოვა დედამიწაზე

    ჰოდა, დავხვდებით მე და დროის მარადისობა.

       შიომღვიმე

    აქ სასოების მზე არის,

    და სხვანაირი ჩრდილია.

    კლდეში კვეთილი ქვაბი და მღვიმე

    გარდასულ სევდის ცრემლით ტირიან.

    აქ კრუალებენ ჭრიჭინობლები

    მზით ავსებული თრიმლი ვარვარებს.

    მონასტრის ჩრდილში სხედან ბერები

    ჰაერი სიცხით თრთის და კანკალებს.

    აქ გადმოსულა შიო ზედაზნით,

    უძირო ჭაში დაყუდებულა

    აქა ცხოვრობდნენ კაცნი ზედა ზნის

    აქ ისტორია გარინდებულა.

    და სიწყნარეა ეფემერული,

    ქრისტე ზემოდან დაგყურებს მარტოს.

    სული სავსეა წმინდა ფერებით 

    და ფრთები გინდა, გაფრენას ნატრობ. 

    ჯვრის მონასტერი

    დრო დასცინის ჯვრის მონასტერს,

    მონასტერი დროსა

    ერთმანეთში ცილობა აქვთ,

    თუ რომელი სჯობსა,

    ორივ ძლიერ ჯიუტია

    არცერთი არ თმობსა. 

    კითხვი ამსმელი

    ნეტავი, გამაგებინა

    კაცთა ბუნება რა არის,

    კეთილია თუ ბოროტი,

    ეგებ, არც ერთი არ არის.

    საიდან ჩნდება ოცნება,

    აუხდენელი სურვილი?!

    ზოგი რომ წყალში დამხრჩვალა,

    ზოგი დამხრჩვალა წყურვილით. 

    ან რატომ არის გონება  

    ლოგიკით შემორაგული: _

    ხვართქლა თავისით ხარობს და 

    ვერ ხარობს ვარდი დარგული!

    ბედი თუ მართლა არსებობს,

    მოწყალეა თუ მჩაგვრელი,

    კეთილ კაცისთვის რად არის

    ცხოვრება მუდამ მტანჯველი?!

    სიმართლისათვის მებრძოლნი

    რატომ კვდებიან ტანჯვაში?

    ილია რატომ მოგვიკლეს,

    ტატო რად მოკვდა განჯაში?

    უკვდავება თუ არსებობს

    რატომ არ სჯერა გუნებას?!

    კეთილი ღმერთის დაშვებით

    რად ხდება უბედურება?!

    თუკი სიცოცხლე მაჩუქეს

    ეს მეტად გასაკვირველი, 

    მე რომ სიკვდილი არ მინდა,

    რად მომისაჯეს სიკვდილი?

    ეგებ, სულ არაფერია

    და “არაფერიც” არ არის,

    მაშინ ცხოვრების მიზანი

    გამაგებინა, რა არის?

    ნეტავი ბრძენი მაჩვენა

    კითხვებზე პასუხგამცემი

    მე პასუხები არა მაქვს,

    ვარ მხოლოდ კითხვის დამსმელი.

    ტაო

    „ხვატი იდგა ლაზისტანის ულამაზეს მთებში,

     ჩქერალების  სიკამკამე გაგბნეოდა თმებში.

      ჩემი სული შენთან წყვილობს, წყვილობს, როგორც  მტრედი,

      ტატნობს წერო გაჰკრობია, ვით იესოს ბედი.

       წარსულს ბინა მოუნახავს ჩუქურთმიან ქვებში…

       საქართველო დაწყებულა ტაოს ხეობებში.      

  ჩემო ქვეყანავ

    ჩემო ქვეყანავ, ჩემო ჯავარო,

    ჩემო წამებავ და ჩემო ჯვარო,

    ზოგჯერ მერყევო, ზოგჯერ კი მყარო

    დედამიწაზე მაინცა მდგარო.

    ზოგჯერ მწარევ და ხანაც დამტკბარო,

    ქართველთ გულებში ფესვად გამდგარო,

    ედემის ნერგო, ნერგო ნაყარო

    შენ შემოგევლოს მთელი სამყარო.

              ნიკალა  

    სუფთა იყო და სუფთად იცხოვრა,

    მიმოაბნია  კახური ფერი,

    კაცი იყო და ლეგენდად იქცა, 

    ვერ მიეკარა მის სახელს  მტვერი

    სიყვარულისთვის თავს ვინ დაისჯის?!

    მარტო ნიკალა ყოფილა ნაღდი.

    მთელი ქონება უცბად გაყიდა 

    და ქალს მიართვა ათასი ვარდი.

    ვინ იცის, საწყალს, როგორ უჭირდა,

    არ მიუწვდიათ მხატვრისთვის წყალი,

    მის კუბოს ცრემლი არ დასდენია, 

    გინახავთ სადმე უცრემლო მკვდარი?!

    მოვიდა, გაქრა, როგორც ქრებიან,

    ახლაც ეძებენ, კაცი რა იქნა?

    მე შემიძლია მხოლოდ ეს გითხრათ:

    იყო კაცი და ღმერთთან წავიდა.

    მარტო ის კმარა, რომ  ტილოები

    დაფერა მკვეთრად და არა ბაცად,

    ნიკალამ გვითხრა თავის ცხოვრებით

    როგორ იცხოვრო და დარჩე კაცად.

საღამო ეგრისში                      

    ვინცხა, რაცხა

    რაცხა, ვინცხა,

    ავსებულა ბოლით ფაცხა,

    თვითონ სულგუნს მიირთმევენ

    კატას ეძახიან: _ აცხა.

    სული                    

   რომეო გვერდწითელს

    სულია, სულო, სული

    რაც ქრის, რაც წვიმს და  თოვს

    სულია, ნაზი განცდების

    ორნამენტებს რომ ქსოვს.

    სულია ბოლო ფოთოლი

    ფეხს რომ ლეკვივით გილოკავს, 

    სულია “სოს”-ს რომ აგზავნის

    შენ მისდევ, ის კი მიროკავს.

    ქართლში ისევ დგას თბილი მაისი,

    იასამნებიც ისევ მღერიან,

    რადგან სულია ჩვენთვის მთავარი,

    მაშ, დასანანიც არაფერია.

           კახეთი

    აქ გაიარა ჩემმა ბავშვობამ,

    უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა

    აქ მე ვისწავლე ქართლის ცხოვრება,

    ცხოვრება რანთა, ცხოვრება კახთა.

    აქ შევიგრძენი მე სილამაზე

    კავკასის მთათა, თეთრთა საყდართა,

    აქ მე გავიგე რა უნდა იყოს

    ცხოვრება ქალთა, ცხოვრება კაცთა.

    ლხინში და ჭირში, ტკბილო კახეთო,

    დაე, მეფაროს მე შენი კალთა.

     ქრისტეს

                             მამას      

        ოცდათორმეტი ლექსი დავწერე,

    ხოლო შემდეგი შენ უნდა გიძღვნა.

    ხალხის ზნეობა არ შეიცვალა,

    ისევ გელიან, შენ უნდა  იხსნა.

    ისევ ზეობენ ფარისეველნი,

    იმათ მიჰყვება უვიცი ხალხი,

    კაცი ვერ ვნახე, კაცი ვერ ვნახე

    პირჯვარს იწერდეს და იყოს ნაღდი.

    კარგად იციან და მაგრამ მაინც

    ჯერა სცოდავენ, მერე  “ნანობენ”

    წმინდა ხატის წინ ცრემლმდინარენი 

     გარეთ გავლენ და კაცსაც მოკლავენ.

    ოცდაათ ვერცხლად ისევ ჰყიდიან,

    არ მოგისმინეს, დაყრუვდნენ ეგებ,

    ისევ ჰყვირიან, ისევ ჰყვირიან:

    ჯვარს აცუი ეგე, ჯვარს აცუი ეგე!@

    შენ კარგად იცი, წესი არს ესე:

    ყველა თორმეტში არის გამცემი!..

    აი მიზეზი, აი, მიზეზი

    კაცთა ზნეობის დაბლა დაცემის.

    მე მათ ვერ განვსჯი, რა უფლება მაქვს, 

    არ მიცხოვრია ათივე მცნებით.

    მაგრამ კაცური სახელი მქონდა,

    არ მისროლია სხვებისთვის ქვები

    აჰა, წარმოვდეგ მე შენს წინაშე

    თუნდა გამწირე, თუნდ დამარჩინე

    მაგრამ ერთსა გთხოვ, უფალო ჩემო, 

    სამშობლო ჩემი გადამირჩინე.

მიდებ-მოდება

    თუ კი გიცემს ნაღდი გული,

    ცხოვრებაა შენთვის რთული.

    ერთი ნული,კიდევ ნული,

    ორივ ერთადარის ნული.

    შეისმინე ძველთა თქმული

    არ მიჰყიდო ეშმაკს სული,

    და თუ გინდა, გქონდეს პური, _

    შენც გაავლე ერთი ხნული.

    არავის არ უგდო ყური,

    იცხოვრე, ვით უფლისწული.

    და თუ გინდა იყო სრული,

    არ დაიკლო სიყვარული.

    კარგი არის, როცა გული

    არს ვინმესთან გადაწნული.

    ისევ ნული, ისევ ნული,

    ვერ გავხადე ლექსი ბმული.

    აქეთ ვეცი, იქით ვეცი,

    ვერარა ვთქვი რამე ბრძნული.

    შარას მარტო მივყვები და

    რაცხას მივედ-მოვედები.

    არ ჩაიდო ვინმეს შური, 

    ასეთია დასასრული.

    მარტო შენ შემრჩი

    ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა,

    ქარაშოტებში გაქრნენ ვნებანი,

    სულ ყველაფერი გაქრა, განქარდა

    მე აღარ მახსოვს სხვისგან წყენანი.

    აღარ მაღელვებს მე არაფერი,

    ტკივილით მოდის თეთრი სიწყნარე.

    აღარც დღე არის მზით დანაფერი,

    რისთვის ვიშრომე, რისთვის ვიწვალე.

    ზამთრის ქარებმა სევდა მორეკა,

    ეს არაფერი არაფრად ღირდა. 

    რად მიხაროდა, რად მიხაროდა,

    წვიმდა თუ თოვდა, თოვდა თუ წვიმდა.

    ახლა კი ვდგავარ ხე ტანშიშველი,

    ყველა წავიდა და მიმატოვა

    და კარგად ვიცი, ვერვინ მიშველის,

    ცოლმა კი არა, შვილმაც  დამტოვა.

    მე ყველაფერი დავკარგე ისე,

    როგორც ცა ჰკარგავს გაფრენილ წეროს.

    სიკვდილის პირას, სიცოცხლის ბოლოს,

    მარტო შენ შემრჩი,  ქრისტეო, ჩემო.

     ილია

    მე შენნაირი კაცი არ ვიცი,

    ასე ჯიუტი და ასე კერპი,

    ამ ქვეყანაზე არავინ გწამდა

    სამშობლოს მეტი, მამულის მეტი.

    შენ დასტაქრობა გასწავლა ღმერთმა,

    სალბუნს ადებდი ქართლის იარებს.

    ქრისტემ გოლგოთის გზებით იარა,

    შენ წიწამურის გზა გაიარე.

     არვინ მომიკლავს, არავის მოვკლავ

    არა კაც ვკლათო, _ ქრისტეს აღუთქვეს.

    მაგრამ  შენს მკვლელებს, შენს დაბლა დამცემს 

    ჩემი მარჯვენით შუბლსაც გავუხვრეტ.

    ან ეს რა ცოლი მოგცა განგებამ,

    შენი ფარდი და შენი სადარი.

     მკვლელები შენი  ვით შეივრდომა

    ტანით გონჯნი და სულით საპყარნი.

    რა ჭკუა გქონდა, ან რა ნერვები,

    სამშობლოს როცა დაუდექ მამად,

    შენ საქართველო კალთით ატარე,

    მართლაც სიცოცხლე ხომ ღირდა ამად!..

    შენ ივერიას აჩრდილად დასდევ

    მარად და ყველგან,

    ყველგან და მარად!

  აი, ეს მესმის!

  აი, ეს მესმის!

  იყავი კაცი და იქეც ხატად!

    როცა ტაძარში შევალ დაღლილი

    სად დაივანე სიცოცხლის ბოლოს

    საქართველოზე სანთლით  მლოცველი

    შენი ხატის წინ ვემხობი მხოლოდ.

              მარიამობისთვე

    მარიამობის თაკარა ხვატში

    ხალხი ტყის პირას ჩრდილებს დაეძებს.

    შემწირველები ხატში მიდიან,

    ბატკანი უნდა შესწირონ ღმერთებს.

    საყდარში შევლენ ჩუმად და კრძალვით,

    მუხლზე ჩოქილნი დიდხანს არიან: _

    “მაღალო  ღმერთო, შენ დაგვიფარე,

    შენ შეგვეწიე, წმინდა მარიამ.” 

    ეზოში, ჩრდილში სუფრას გაშლიან,

    ფიჩხს აგროვებენ, კოცონთან ყრიან,

    მერე ბატკანსაც წამოაქცევენ,

    მწვანე ბალახზე წითელ სისხლს ღვრიან.

    … და შეჰყურებენ ამას ბავშვებიც,

    აყურადებენ, დიდებმა რა თქვეს,

    რა დააშავა ციცქნა “ბეკეკომ”

    სიცოცხლე ასე რომ მოუსწრაფეს?!

    შემდეგ ამბობენ სადღეგრძელოებს

    ღმერთო, მიიღე ჩვენი საკლავი,

    შვილო, შეჭამე  “ბეკეკოს” ჩიჩი

    აი, ნეკნი და აი, ბარკალი.

    წითელი ღვინო და ხორცის ორთქლი

    მოქეიფეებს ტვინებს უკეტავს

    უმანკო კრავის ასე დაკვლისთვის,

    აუსრულდებათ სურვილი, ნეტავ?

არცოდნა

    ყველა სულელმა 

    ეს კარგად იცის, 

    რასაც ვერ წვდება

    არ შეაწყდება,

    მაგრამ არ სჯერათ 

    ვითომ ჭკვიანებს,

    რასაც ვერ წყვეტენ,

    თავს შეაწყვეტენ. . .

    ახლა გაიგე, ვინ არს რომელი?

    ვინ ბანძელია და ვინ გომელი,

    ამის შესახებ ვიმსჯელე ბევრთან,

    პასუხისათვის გამგზავნეს ღმერთთან.

    ტარა

    დიმტიტარა,

    დამტიტარა,

    ეს ცხოვრება გარბის ჩქარა.

    საუკუნედ რაც მეგონა,

    ღირებულა თურმე წამად.

    დიმტიტარა,

    დამტიტარა

    დრომ გოლები გამიტანა.

    ვეღარაფერს ვეღარ ვხედავ,

    მზე ღრუბლებმა დამიფარა.

    მე მგონია, უკვე კმარა,

    რადგან სხვისთვის გავხდი ტარა.

    ვერ შევრჩები მიწას ძალად,

    ავდგები და წყნარად წავალ.

    დამტიტარა,

    დიმტიტარა,

    ჭიაყელამ გაიხარა.

    მე მგონია, ასე მიჯობს:

    ვიყო “არა”, ვიდრე ტარა.

                 მცხეთა

    შიშველ კლდეებში ხარ ჩაჭედილი

    წარმომშობელო დიდ ძველთა ბრძენთა, 

    ქართლის ქალაქთა მთავარ ქალაქო,

    პატარა ქალაქო მცხეთა.

    მეფეთა სამკვიდრებელო,

    სამკვიდრებელო ღმერთთა.

    ვერა ძლეულო, ამაყად მდგარო,

    ბებერო ქალაქო მცხეთა.        

    სვეტიცხოველი… ჯვრის მონასტერი

    საბუდარია მზეთა

    ვარდებით ფენილო, იებით ფენილო

    ნანატრო ქალაქო მცხეთა.

    ვერ გეკარება  ამაოება,

    ამიტომ გაგიბედავ: _

    სიყვარულს აგიხსნი, სიყვარულს აგიხსნი 

    ლამაზო ქალაქო მცხეთა.

       ძმაო  

    ძმაო, არა ხარ ვარგისი

    თუ გახდი შესაბრალისი.

    სიკეთის დადგი კარავი

    აი, ეს არის მთავარი.

    ღვინო დალიე მალ-მალე

    დარდები შორ-შორ გალალე,

    მოისვი შვილი თალალე

    იმღერე ჰარი-ჰარალე.

            ხალხი

    ამბობენ, ხალხი ბრძენია, 

    მართალი არის, ნეტავი?

    მე იმ დასკვნამდე მივედი

    ხალხია გაუბედავი.

    ძლიერს ფეხებქვეშ უწვება

    და ეძახიან მამასა

    არავის ფიქრად არ მოსდის

    შუბი ჰკარიო მაგასა.

    ჩვენ რომ შუბი ვკრათ მაგასა,

    ვინ დაგვირიგებს კაკასა?

    ვერ ხედავ, კაცი გვპატრონობს,

    დანახვა უნდა ამასა.

    დათვიც რომ მოგვერეოდეს,

    მასაც ვუძახით ბაბასა.

    ანდაზა ასე გვასწავლის 

    ძალა რომა ხნავს აღმართსა.

    თუ რამე სხვაგვარადა თქვი:

    შენ რა, სამშობლოს ყიდიო?

    რისი ჰეგელი, რის კანტი,

    ბონაპარტეა დიდიო.

     ხალხი ისეთი ჭრელია,

    ვერ დაანახვებ სიკეთეს.

    სისხლისმსმელს ძეგლსაც დაუდგამს

    სწავლულს ფეხებზე იკიდებს.

    ჰოდა, ვიარე ჩემი გზით,

    ხალხს არ ვკითხავდი  ჭკუასა

    ისეთ რამეებს მირჩევდნენ

    მასხამდა  ტარაბუასა.

    ჭკუა და იღბალი

    ჭკუა სჯობნის თუ იღბალი,

    შენ რაის მეტყვი, თორღვა?

    სხვას სხვისი ბედნიერების

    რატომ აწუხებს ბოღმა?

    ზოგჯერ მეფურად ვცხოვრობდი,

     ზოგჯერ არ მეცვა ხიფთანი.

    შენ რაის მეტყვი, თორღვაი,

    ჭკუა სჯობნის თუ იღბალი?

     ხანაც ცხოვრებას ვეჭიდე,

    მიწაზე ბეჭით გამშოტა,

    რა მოჭიდავე მე ვიყავ,

    ხერხეულიძე აშოთან.

    ზოგჯერ მეც სარმა გამოვდე

    და ჩამოვგლიჯე ნიღაბი

    ახლა რას მეტყვი, თორღვაი,

    ჭკუა სჯობნის თუ იღბალი?

    ხანდახან ძალზე ცუდად ვარ,

    ხან მცირე რამე მიხარის.

    ვერც ახლა მეტყვი, თორღვაი,

    ჭკუა სჯობნის თუ იღბალი?

    მთავარი არის იღბალი

    რაი არ გესმის, გოიმ ხარ?

    ხან დროის ჭკუაც კი გასჭრის,

    ჭკუას თუ ჭკუით მოიხმარ.

        ქალმა თქვა

    ქალმა თქვა: თვალებს ვაცეცებ,

     სიცივეა თუ ხურვაა: _

    ნამდვილ მამაკაცს დავეძებ

    სულ ყველა ხარახურაა.

           თავიდან

     ნეტავი, ღმერთო, ცხოვრება

    დამაწყებინა თავიდან.

    სულ სხვანაირად ვიცხოვრებ,

    ცხოვრების ლელოს გავიტან.

    დროს არ გავფლანგავ უმიზნოდ,

     გზის მანათობლად გავიხდი სიბრძნეს,

     ბრძნულად  რომ უნდა ცხოვრება,

    სიცოცხლის ბოლოს ვიგრძენ. 

    ბუჩქებში მჯდარი ეშმაკი

    გზას  არ მიტოვებს მეორეს

    რა ცხოვრებითაც იცხოვრე,

    იგივეს გაიმეორებ.

  სოლოღაშვილებს

    სად გაქრით, სად დაიკარგეთ

     თავადნო, მორჭმულ-სვიანნო?!

    თქვენს აზეულას ციხესა

    ქოროღლის ციხე ჰქვიაო.

    გამქრალა გმირი სოლოღა

    კოჯრის მიწაში გდიაო,

    მისი ბადიში ვწუწუნებ:

    მე რატომ გავჩნდი გვიანო.

    ასე უციხოდ ყოფნაში,

    ნეტავი, რაღა ყრიაო?

    დაუნდობელი რამა ხარ

    ჟამის უკუღმა ტრიალო!

           * * *

    რა ამბავია ამდენი კითხვა?

    რამე ხომ უნდა ვიცოდე,

    მაგრამ არ ვიცი, თუ რომელი სჯობს: 

    ვიცოდე, თუ არ ვიცოდე.

    ფილოსოფიას აქვს ეს თვისება

    ხან გამახარებს და ხან მადარდებს,

    მუდმივ კითხვებით როს ვიტანჯები,

    სული ბრწყინდება და ეს მახარებს.

           საქართველო

    თუ აღარ მოკლავ ტყვიით ილიას,

    თუ აღარ ათრევ წვერებით საბას,

    თუ კი გაარჩევ მტყუანს და მართალს,

    ჩუმად იშრომებ, მოუკლებ ტრაბახს,

    აღარ დაკარგავ შოთაის საფლავს!

    აღარ დაკარგავ თამარის საფლავს!

    მაღალი ღმერთი შენ გადმოგხედავს,

    ღვთისმშობლის კალთა შენ დაგიფარავს.

            ჩეჩენი    

                                ხალხური მოტივებიL               

    შემომეყარა ჩეჩენი ბოლოსა ავლაბრისასა,

    პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ბატონისასა.

    ხორცი მთხოვა და ვახმიე, ვურჩევდი სოსისისასა,

    ღვინო მთხოვა და .. . ლუდ ვასვი, ვურჩევდი  “ყაზბეგისასა “!

    სხვა არაფერი არ მთხოვა, ჩქამ არ გაიღო ხმისასა

    ჩეჩენო, ცოლი არ მთხოვე? როგორც არს ძველი თქმისასა?!

    – მე შენი ცოლი რად მინდა, მირჩევნის რუსებისასა.

    იმათი ჯავრი მაწუხებს, ჯავრს არ შევირჩენ მტრისასა.

    მე თუ ვერ მოვკალ, შვილ მაჰკლავს, ვართ მაგარ ჯილაგისასა.

    მე დიდუბეში წამოველ, ის წავიდ პანკისისასა.

    ეჰ, ძმობას მაინც იტყვიან მე და იმ ჩეჩენისასა.

    მე მივხვდი, ისიც მიმხვდარა: _ ძმობა სჯობია მტრობასა.  

                პოეტი

    როგორ დამკორტნეს მე ამ კითხვებმა,

    პასუხთა ძებნამ ამ დაჟინებით,

    ამდენი ფიქრით, ამდენი ჭმუნვით,

    უეჭველია, რომ გავგიჟდები.

    გაიხლიჩება  “მე“ ორ ნაწილად,

    როგორც კახური ვაზის აკიდო.

    ჩემი მეობა არ არს ფართალი,

    რომ სარეცხივით თოკზე გავკიდო.

    და დამამწყვდევენ მე საგიჟეთში,

    როგორც მოექცნენ გრანელ ტერენტის,

    ეს ხომ ცხადია, მე კარგად მესმის, _

    ასეთი არის ბედი პოეტის.

    ეგება, ჯობდეს, ვიყო უბირი, 

    როგორც რომ, ვინმე ერთი მეწაღე,

    მქონდეს ოჯახი და ამ ოჯახში 

    პატარა ბავშვი მამას მეძახდეს.

    მე კი მინდოდა ჩემი ლექსებით

     “მუდმივ “ კითხვებზე პასუხი მეთქვა,

    როგორ ძნელია, როგორ ძნელია, _

    იყო ჭკვიანი და გიჟი გერქვას!…

                          *  *  *

    ყველა წერს ლექსებს და მეც დავწერე

    არა თქვას ხალხმა:ბესო მუნჯია

    საქართველოში  ლექსის წერისთვის

    ჯერ ხომ არავინ არ დაუსჯიათ.

  მთავარი

    კაცთ არსებობის საზრისი

    ბრძენთ შეაგროვეს რჩევებად

    და მერე ესე რჩევები

    კაცთ გადაექცათ ჩვევებად:

    ეძიებდე და ჰპოვებდე,

    თუგინდა დაგრჩეს ნავალი,

    მაგრამ რა უნდა ვეძიოთ,

    ეს არ უთქვიათ მთავარი.

    ამიტომ ხელის ცეცებით,

    ყველა გზას მისდევს ულევს,

    სდომნიათ მუდამ სიცოცხლე

    ესა ყოფილა  მთავარი თურმე.

    მაგრამ ეს არის შეუძლებელი,

    თუმცა ეძებდა ყველა მავანი,

    დაისევ ცაზე ჰკიდია კითხვად:

    ნეტავ, რა არის მთავარი?

საათი

    საათი ერებს არ ინდობს

    პირისგან მიწისა აღგვის

    ციხე-ქალაქებს გადაასწორებს

    და მერე დაგვის.

    საათი არის

    ეშმაკის გზავნილი

    მტერი გვყავს, 

    მტერი შემოგზავნილი.

    სანამ სიცოცხლე

    იმედად ანთია,

    არავის არ კითხო

    რომელი საათია.

             ტანგო

    ხემი ვიოლინოს კოცნის,

    ჩქერებად იღვრება ტანგო.

    ლოყა ლოყას რომ ეკვრის,

    ცაში ორნი ხართო მარტო!. .

    ტუჩები ყურთან ჩურჩულებენ,

    ყველა გავიწყდება ამ დროს.

    ტანში ჟრუანტელად გივლის

    ფაქიზი მუსიკა – ტანგო.

    დრო, ალბათ, გაიტანს თავისას,

    ვიცი, დავშორდებით, კარგო,

     მუდმივ მოგონებად დამრჩება

    შენთან ნაცეკვი ტანგო.

               ყვავი

    _ ასეთი გონჯი რამ გაგაჩინა?

    ყველა შენ გესვრის ქვას,

    ქვეყნად რომ ასე არვის ვუყვარდე,

    ალბათ, მოვიკლავ თავს.

    სამას წელს ცოცხლობ, არა  გრცხვენია,

    ნამუსი აღარ გაქვს? 

    წადი, მოშორდი ქვეყნიერებას,

    თავს ნუ აბეზრებ ხალხს.

     _ რაებსა  როშავ შე უბედურო,

     ნუ აუწიე ხმას!

     შენსავით მონად არ გავჩენილვარ,

     სხვას არ ვუდგევარ ყმად.

     დედას ვუყვარვარ ძალიან,

     ლამაზი ცოლიც მყავს

     ზანგიც ჩემსავით შავია,

     რატომ არ იკლავს თავს?!

    * * *

    შენ შეგიქმნია ანი და ბანი 

    მკვიდრად და ბრძნულად, და არა ისე,

    როგორც გიხვნია, ისევე ხანი

    როგორც გითესავს, კვლავ თესე ისე.

    შენ სხვა ერებზე არ ხარ ნაკლები

    მოშურნეებმა რომ არ გაწყინონ

    უნდა იშრომო, უნდა იღვაწო, 

    რომ ივერია გამოაბრწყინო.

           ყაყაჩო

    როგორ გიხდება წითელი ფერი,

    მაგრამ ეგ შავი ფერი რაღაა,

    ეგებ, ეს არის ლამაზთა ხვედრი,

    შენი ბედი და შენი დამღაა!..

    ვინ იცის, ამით სხვა რამეს გვამცნობ,

    რომ წითელ ფერებს შავიც თან ახლავს

    მე შენი ტრფობა თან წამიყოლებს

    და სიყვარული, ვიცი, დამდაგავს.

    სანამ დადგება მზე შემოდგომის,

    წითელ ფერებში დაგხატო უნდა,

    რათა შენს შემდეგ ეს სიყვარული

    ჩემთან, კედელზე ეკიდოს მუდამ.

    და მარად ასე ჩემთან იქნები,

    წუთისოფლიდან გავიდე, თუნდაც,

    შენი სურათი საფლავს დამადონ,

    შენი სიწითლე მეყაროს ბღუჯად.

              უსინათლო

     ამ ქვეყანაზე მე  რისთვის გავჩნდი,

    რომ მარტოოდენ სხვები ვაწუხო?

    რა დავაშავე, უფალო ჩემო,

    რა დაგიშავე, ცრუო საწუთრო?

    მეც მინდა ვიყო ადამიანი

    ტომარასავით რომ არ მათრიონ,

    მეც მინდა მყავდეს ლამაზი ქალი

    და სიყვარულში ღამე ვათიო.

    ბედმა მარგუნა მე ის მისია, 

    რომ მათხოვრობით თავი ვირჩინო,

    ადამის ძენი გახდნენ კეთილნი

    სხვისთვის  სიკეთე გამოიჩინონ.

    უფლისციხე

    ეს უფლისციხე ნეტავ

    ვინ გააშავა მურით,

    ვინ იყო მისი დამქცევი,

    დრო თუ კაენის შური, 

    იქნება სიყვარულისგან

    გაციებული გული?

    ჰოდა, ამიტომ დარბიან

    ხვლიკნი და ტარანტულნი.

 * * *

    “ფილოსოფოსო სპინოზა,

    რატომ არა სვამ ღვინოსა?” 

    ღვინოსთან ასეთ მოქცევას 

    არ შეგარჩენენ, შვილოსა.

    აქ, ღვინოს ისე ლოცავენ,

    როგორც ჯვარს წმინდა ნინოსას.

    ეს კახეთია, ძმობილო,

    არავინ შეგაგინოსა.

    აქ ყველამ უნდა დალიოს,

    არავინ მოიწყინოსა!..

    მსჯელობის ასეთ კილოსა

    ვერსად გაიგებ, სპინოზა

    ასეთი ბრძნული ბაასი

    ვერავინ დაიკვეხნოსა.

    ჰოდა, დალიე, ბარუხო,

    რომ ტკბილად დაგეძინოსა.

    მაინც ვერასდროს გაიგებ,

    ქვეყნის თავსა და ბოლოსა.

              * * *

      ანი, ბანი,

    ანი, ბანი,

    აქეთ მთა და

    იქით ბარი.

    მთა და ბარი

    თუ ვასწორეთ,

    ეს იქნება

    სამართალი?

       ლოცვა

    მამაო ჩვენო, რომელი ხარ შენ ცათა შინა,

    შენ დაიფარე სული ქართველთა, რომელიც გმინავს,

    ჩემი სამშობლო მოქანავე უფსკრულის პირას,

    საუკუნეებს რომ გემსახურა, ქროდა თუ წვიმდა.

    და აპატიე უნებლიე შეცოდებანი,

    ტანჯვის ძნელ გზაზე მავალს რამე თუ შეცდებოდა.

    მხოლოდ შენ სწამდი, შენი რწმენის ჯვარი ატარა

    სანთელს გინთებდა ფეხზე იდგა თუ ეცემოდა.

    სისხლში განბანილს, ვაზის ჯვარით ერთხელ მონათლულს,

    არ  მოუშლია კელაპტარი, ლოცვა და წირვა

    ამ ქვეყანაზე, ღმერთო ჩემო,  არსებობს ერი

    ასი ათასი კაცი ერთ დღეს რომ შემოგწირა?

    არა ყვედრებით, ისე გეტყვი, კეთილო ჩემო,

    ასე ტანჯული ქვეყანაზე,  არ არის ერი.

    მაინც არ დაგთმო, არ მიგატოვა ძნელბედობისას

     რწმენით და ხმალით შენ გემსახურა ერი და ბერი. 

    ახლა ერთსა გთხოვ, პატარა ხანს მისცე მშვიდობა,

    მთლად გაითანგა და  წაერთვა ძალი და ღონე. 

    კვლავ, მომავალში, შენ  ერთგულად რომ გემსახუროს

    დაზარდოს შვილნი, ხნას და თესოს, აანთოს თონე.

   მამაო ჩვენო, რომელი ხარშენ ცათა შინა. . . 

  რჩევა ფილოსოფოსს

     ძმაო, სულ ყველგან აზრს რომ დაეძებ,

    ამ ძიებაში გეცვალა მხარი,

    შენც კარგად იცი, სისტემებია

    და იმ სისტემებს ჰქვია “თვითკმარი”. 

     ღმერთმა როდესაც სამყარო შექმნა, 

    გამოიმეტა ღვთიური მადლი,

    დახედა თავის ნამოქმედარს და 

    მხოლოდ ესა თქვა, რომ არის კარგი.

    ბევრს ნუღარ ფიქრობ და ნუ ეძიებ

    ღმერთმა გასწავლა ეს ბრძნული აზრი,

    ჯერ შენ ისწავლე, მერე სხვას  უთხარ: 

    “ეს ცუდია და ეს არის კარგი”.

      ახალგაზრდობა

    ქართველი ხუანი, ქართველი მარიო?!

    ვინ ვისი ცოლია, ვინ ვისი ქმარიო?!

    ამდენ “ცისფერებს” არ უნდა ატანა?

    ამ ქალ-ვაჟებით სამშობლოს გატანა?

    ვეფხვების შთამომავალნი

    რად ემსგავსებით კატასა?

    თურაშაულის პატრონი

    ტყეში რად ეძებთ პანტასა.

  ქალები

    ზოგი ისე გესვრის ბადეს,

    ბევრს ცდილობ და თავს ვერ აღწევ.

    მუდამ ერთ ქალს შეჰყურებ და

    სწყევლი ბედს  და ბადის დამწვნელს.

    ზოგსაც სწრაფად დაუსხლტები,

    მიჰკრავ, მოჰკრავ, ბადეს გახევ

    რა სჯობია ასეთ ყოფას,

    გახიე და სხვაგან წახველ. 

    ზოგიც კიდევ ისეთია 

      ჯერ დაგიჭერს, მერე გიშვებს

    გაუმარჯოს ასეთ ქალებს

    ალერსის და კოცნის გიჟებს.

    ისევ პირველს უბრუნდები,

    ქალია და მაინც რა ჭირს

    თანაც სხვები ჩაგძახიან:

    სიკვდილის წინ წყალს მოგაწვდის.

    ჰოდა, მაინც ერთს შეჰყურებ,

    მზე ამოდის თუ ბინდდება,

    სიკვდილის წინ მწარედ ოხრავ:

    წყალი რატომ არ მინდება?

  ეჭვი

    მთელი სიცოცხლე ვეძებდი Mმთავარს,

    მსურდა, გამეგო ცხოვრების აზრი,

    ხის ფოთლებივით დამცვივდა წლები,

    ვერ განვასხვავე ცუდი და კარგი.

    მაშინ მივმართე კაცთა წინაპრებს

    მათ ათი მცნება დამიდეს თვალწინ

    აი, ეს არის  სიბრძნე უფლისა,

    გარჯით და რწმენით ვიშოვეთ რაც კი.

    აჰა, წესები, ასე იცხოვრე,

    შენი ცხოვრების ეს იყოს ხატი.

    მაღალი ღმერთი შენ დაგიფარავს,

    აღარ გექნება ჭმუნვა და დარდი.

    ამ დროს ჩამესმის ეშმას ჩურჩული:

    კარგად დაფიქრდი, სიბრძნეა თითქოს,

    შენ რომ იცხოვრო, სხვა არ იცხოვრებს,

    ამითი რამე გამოვა, ვითომ?

    ეს ათი მცნება სულ ყველამ იცის,

    მაინც სუყველა თავისას ითხოვს,

    სუყველას თავის “მე” გააჩნია,

    სუყველა მხოლოდ თავისთვის ფიქრობს.

მონღოლები

    რა ხალხი იყო, რა ჯიშის,

    თვალნი ჭრუტ, სახით გვრემანი.

    ცხვრის დუმით გაქონილები

    და ძაღლებივით მყეფარნი.

    თქარუნით გადაიარეს 

    მილეწ-მოლეწეს, ანგრიეს,

    ჭკუა არ ჰქონდათ, რაც ჰქონდათ

    ისიც გზადაგზა აბნიეს.

    ძალა ჰქონდათ და სხვა რამ არ,

    ხმალი ამ ძალით არყიეს. 

    გაცამტვერდნენ და ჩანაცრდნენ,

    აბა, ამითი რა ჰგიეს?!

    დაპყრობა იყო ამ ქვეყნად

    მონღოლთ გაჩენის მისია,

    თუმცა აჩვენეს: დიდება

    მირაჟია და ნისლია.

    არ მეგულება სხვა ერი

    მონღოლს რომ არა ჰყვედრიდეს, 

    ხომ არ ვარგოდნენ და მაინც

    ეს ლექსი დამაწერინეს.

            პაპა თევდორე

       კაკლის ხის ჩრდილში ჩამომჯდარი პაპა თევდორე

       ხელს მოიჩრდილავს და გახედავს მტვრიან გზის ბოლოს:

    _ არა ჩანს, შვილო?- გადასძახებს პაპა შვილიშვილს.

    _ არა ჩანს, პაპავ,  ვეღარ გაიგე ბოლოს და ბოლოს?

    თავს დაბლა დახრის მწარე ოხვრით სათნო მოხუცი 

    თავის შვილიშვილს გვერდით მოისვამს, სახელად პაატას,

    თევდორე უკვე გადათეთრდა მამულზე ფიქრით

    ამ უსასრულო მოლოდინის სასრული არ ჩანს. 

    _ პაპავ, ხომ იყვნენ ღირსეულნი მამულიშვილნი: _

    თუნდაც ილია, ანდა ბრძენი თეთრწვერა საბა.

    დემეტრე მეფე, მეფე ბრწყინვალე, თავდადებული,

    მღვდელი თევდორე, რომლის სახელიც დაგარქვა მამამ.

    ჰოდა, იცოდე, საქართველო მუდამ იცოცხლებს,

    ამას არ უნდა ვარსკვლავთ მჩხიბი ან გულთმისანი,

    სამშობლოს დარდი ღრუბელივით გაიფანტება,

    როს დაჩნდებიან თრიალეთზე ლეკვნი მგლისანი.

    _ შვილო, ეგ ვიცი, ბევრი გვყავდა მამულიშვილნი

    და უფლისათვის მადლი მითქვამს მათ გაჩენისთვის,

    ბედი არ ჰქონდათ, სულ სხვა დროში იმოღვაწევეს,

    სისხლი დაღვარეს ერის მხოლოდ გადარჩენისთვის.

    _ მე სხვას მოველი, მე სხვა მინდა, სხვა უნდა გაჩნდეს.

    ხოლო იმ სხვებზე კარგის მეტი აბა რა მეთქმის,

    ის ერთადერთი, ის ერთადერთი უნდა გამოჩნდეს,

    იმ ერთადერთის სახელია, შვილო, დავითი.

    აი, მაშინ კი, საქართველოს მზე გაბრწყინდება!..

    რვა საუკუნე დავიღალე დღეთა დათვლაში.

    აღმაშენებელს დავუჩოქებ, მუხლზე ვაკოცებ

    და ჩემდა თავად წყნარად, მშვიდად ჩავალ საფლავში.

       ჟანა ებიუტერნი

    როცა ვკითხულობ  აპოლეუსს ანდა ბოკაჩოს,

    ჟინიან ქალთა სახეები დამირბის თვალწინ.

    მოდი, გაშალე შენი ფრთები, ლამაზო ქალო 

    და დაიფარე სიყვარული,  ეხლა რომ აწვიმს.

    შენ დაანგრიე წარმოდგენა ფრანგთა ქცევაზე,

    წინ აღუდექი სულელურ მითს ქვეყნად არსებულს.

    შენი სიკვდილით, ერთგულო ჟანა, შენ დაამტკიცე,

    რომ საფრანგეთში სიყვარული მუდამ არსებობს.

 * * *

    გედი ორია:

    შავი და თეთრი

    ბედიც ორია:

    შავი და თეთრი.

    ზოგს შავი ხვდება

    და ზოგსაც – თეთრი,

    ასეთი არის

    წუთისოფელი.. 

    ვისაც თეთრი ხვდა,

    მისთვის დღე არის,

    ვისაც შავი ხვდა

    ღამეა ბნელი.

    თეთრბედიანი 

    ლაღობს და ანცობს,

    შავბედიანი

    სიკვდილსა ნატრობს..

    ერთისთვის არის 

    სიცოცხლე _ ლხინი,

    მეორესათვის _ 

    მუდმივი ჭირი.

    რადგან გვპატრონობს 

    უფალი ღმერთი 

    რატომ არა ვართ 

    ყველანი ერთნი?

    ბედი ორია: 

    შავი და თეთრი.

  ხეკორძულა

    ხეკორძიდან გამომავალს

    ხომ დაგარქვეს ხეკორძულა,

    მტკვარსაც იქვე უერთდები

    რაღა ბევრი გეძუნძულა.

    არსაკიძე შენ გაზარდე,

    შენი წმინდა წყალი ასვი,

    მცხეთა ორმა ააშენეთ, _

    ეს ყოფილა შენი აზრი.

    ლუკა

    კაციც ასეთი უნდა

    რაზიკაშვილო ლუკა,

    სულით ზეცაში ცხოვრობდე,

    მიწით კი ჭამო ლუკმა.

            წვიმა

    უფალი მასთან ბინადრობს

    მზეცა და მთვარეც ჰყავს.

    საკვირველია და მიკვირს:

    რაღა ატირებს ცას?! 

             ყინწვისის ანგელოსი

    შენს სიყვარულში დავიფერფლები,

    შენზე უკეთესს ვისღა ვინატრებ?!

    ქართული გენის მშვენიერებავ,

    შენ ჩემო ორთავ თვალის სინათლევ.

    რის მონა ლიზა, რა მონა ლიზა,

    გვირგვინო წნულო შენ მზის სხივებად,

    პეპელასავით ნაზო, ლამაზო

    და სიყვარულის გამობბრწყინებავ.

    მაღალ ღმერთს შევთხოვ, რომ მაპატიოს

    მე უმეცარი სიტყვის წაცდენა,

    მიყვარხარ ნაზო, ცის ანგელოსო,

    ვერ შევძელ შენი ისრის აცდენა.

    ტერენტის

    წუხელი ღამით შენზე ვფიქრობდი,

    მე თან დამყვება ავი ზმანება, 

    ნუთუ, სიცოცხლე ლამაზი ესე,

    სამარის ცივი მიწით თავდება?

    მე მუდამ მახსოვს მომენტო მორი, 

    გული დაწეწეს ზამთრის ქარებმა.

    უკვდავი არის მხოლოდ ლექსები,

    სიცოცხლე ერთხელ მაინც თავდება.

    ღმერთმა ლექსები დაგაწერინა, 

    რომელთა კითხვით სული ქვავდება,

    მაშ, ნუღარ დარდობ, ჩვენი სიცოცხლე 

    ისე გათავდეს როგორც თავდება.

    კვიცი

    მე რაც მაწუხებს, იმაზე ვდარდობ,

    სხვამ კი იდარდოს თვისი.

    მე ჩემი დარდი, ჭირ_ლხინ მეყოფა

    და რად ვიდარდო სხვისი?

    ამას რას ამბობ, თორღვაი,

    კაც არ ყოფილხარ, იცი?

    – რაებსა ბოდავ, “ზაკონი” არის

    ყველას თავ უყვარს თვისი.

    – თორღვა, ვეღარა გცნობილობ,

    კაცურ გატეხე ფიცი.

    – ფილოსოფიის დარდი არა მაქვს

    კვიცი დავკარგე, კვიცი.

    *  *   *

    ცვალებადობა არის მუდმივი,

    სხვა ყოველივე არს წარმავალი, 

    ასეთი არის კაცთა მოდგმის გზა,

    ასეთი არის მისი სავალი.

    მაშ, გაუმარჯოს ასეთ სიცოცხლეს,

    ისეთს როგორიც შექმნა ოსტატმა,

    სულია მხოლოდ მარად უკვდავი,

    ჩვენი სიცოცხლის აზრის კონსტანტა. 

    *  *   *

    წუთ-წუთით და საათ-საათ

    გარბის ჩემი ცხოვრება,

    რაც ვიყავი, აღარა ვარ,

    გულში დარდი გროვდება.

    გზადაგზა და მარცვალ-მარცვალ

    მეფანტება გონება,

    შენი სახე სიკვდილის წინ

    ნეტავ, მომაგონდება?

    ხმა არაცნობიერიდან       

    ნუ გადაჰყვები ამ ქვეყნად ყველას,

    ეს უცილობლად მოგიტანს ვნებას.

    თანაც მერწმუნე, ვერ იგრძნობ შვებას,

    ნუ გადაჰყვები, მაგათი დედაც…

    *  *  *

    ფორმაა თუ შინაარსი

    რეალობის ზღაპარი?

    ვერ გავიგე რომელია

    ცხოვრებაში მთავარი.

    ფორმა ანუ სილამაზე,

    უფლის ხელით ნაქარგი,

    სიბერემ ზედ შემაყინა,

    როგორც მინას ზამთარი.

    შინაარსი, თვით ცხოვრება,

    მარადისის ამქარი,

    ისე მიმათრ_მომათრევდა, 

    როგორც ნადავლს აფთარი.

    უმთავრესი სულიაო,

    უკვდავების სადარი.

    იმის შემდეგ მას დავეძებ,

    მაპოვნინეთ, სად არის?

        *  *  *

    ღმერთო ჩემო, ვერ გავიგე,

    ცხოვრება რად ამიშარდა?

    მებრძოლა და მეჭიდავა,

    თვალის ჩინი ჩამიშავა.

    მიტომაც ვერ გავიკვლიე 

    ამ ცხოვრების გზა და შარა,

    აგებული ოცნებები

    ქვის ლოდებად დამეშალა.

    *   *   *

    წადი მზევ და მოდი მთვარე,ვ

    წადი მთვარევ, მოდი მზეო.

    ასე მცირე რატომა ხარ

    წუთისოფლის დღეო?

    ქიტესა

    როცა ქიტესა კამეჩებს უძღვის,

    და იმ კამეჩებს სანთლები ადგათ,

    როცა ქართველის ოფლი და ცრემლი,

    ხნულში ეცემა უმძიმეს დარდად,

    როცა მეხრენი ურმულს მღერიან

    და ის ურმული გაისმის კვნესად,

    მაშინ, ქიტესავ, ღმერთთან ხარ ახლოს

    და ქართველობას უდგახარ ფესვად.

           ვალი

    ვალები გაწევს, ხევსურო,

    სამშობლოს, მამის, შვილისა,

    უხდელი ვალი შვილს მისდევს,

    ამომგდებია ძირისა.

    ვალი უნდ გადაიხადო,

    მაღლა რომ დაგრჩეს მქებარი,

    შენზე თქვან: კაცურ კაც იყო,

    დალიონ შესანდობარი.

    შემოდგომა არმაზში

    უძირო ზეცა ავსებულა წმინდა ლაჟვარდით,

    თრიმლი ფიროსმანს ფერებსა პარავს,

    ქვებსა და კლდეებს დასდებიათ ფერი აქატის

    და შემოდგომა თრიალეთის ტყეებსა ხატავს. 

    წითელ-ყვითელით ავსებულა მარადისობა,

    მარადისობის დამძლევი კი, აბა, სად არის,  

    მაგრამ დროთა ცვლით, მას არ უნდა ჩემი მისნობა

    აქ მალე, ალბათ, ჩამოდგება ცივი ზამთარი.

    ქართლის მიწაში ჩაიშლება ფერთ სიმფონია,

    ამ ბებერ არმაზს, ღმერთო ჩემო, სხვას რას აგულებ?!

    ამ შემოდგომის კვალსაც, ალბათ, ვერ იპოვნიან,

    გაძარცულ ტყეში ოჩოპინტრე დაისადგურებს.GGY 

         კაცმა თქვა

    კაცი როს კვდება, ზეცაში უნდა,

    რომ დაჰყურებდეს ხმელეთს ზემოდან,

    რა ზრდილობაა,  მიწაში იწვეს

    ამოსცქეროდეს ქალებს ქვემოდან.

        *   *   *

    შემიყვარდება ლამაზი,

    ვანაცვლებ ქვეყნიერებას,

    ჩემი სულის ამ მონობას,

    რად ჰქვია ბედნიერება?

       სინაზე

    ვარდებს მოგიტან, ლამაზო,

    აგავსებ წმინდა სინაზით,

    არ მიღალატო ვარსკვლავთან,

    სხივებს ღამით რომ გიგზავნის.

    შენი სიმორცხვე ვადარე,

    ლურჯი იების სინაზეს,

    თუ მოგიტაცებ, ქალაუ,  

    გამიბრაზდები ამაზე?!

     გამომყევ, ჩემო ერთაო,

    იმ  ასპიროზის ჯინაზე,

    არც ისე უშნო ვინმე ვარ,

    მეცა მჭირს სულის სინაზე.

    *   *   *

    ეს ცხოვრება ბადრაგია,

    მე კი პატიმარი,

    რატომ არის ჩემი დღენი,

    მუდამ ნაწვიმარი?

    დეკემბერი

    წყნარად, წყნარად,

    წყნარად, წყნარად,

    წყნარად, წყნარად Yთოვს.

    ღვთისმშობელი მიუდგება 

    და მაცხოვარს შობს.

    კვირის შემდეგ მთვარე წვება,

    ის ახალ წელს შობს.

    წყნარად, წყნარად,

    წყნარად, წყნარად,

    წყნარად, წყნარად თოვს.

         თებრონე

    სილამაზით რომ ამაყობ,

    ღმერთმა მოგცა ნისიად.

    მაღლა ღრუბლებს ნუ უყურებ,

    ის ღრუბლები სხვისია.

    თვალებს ააჟუჟუნებ და

    ეცემიან ბიჭები,

    დაცემულებს დასცინიან

    ტანმაღალი ფიჭვები.

    დედოფლობას რომ აპირებ,

    ეს კი მეტისმეტია,

    თაყვანისმცემს კონად ითვლი:

    ლუწია თუ კენტია?

    მაგრამ მგონი შენც დაგატყდა

    სიყვარულის მეხია,

    გუშინ წყალზე ყოფილხარ და

    კოკა გაგიტეხია.

    *   *   *

    ო, როგორ ძლიერ მიყვარდი,

    ვერ გამოგიტყდი მაშინ. . .

    მე თეთრი წერო მეგონე,

    მიუწდომელი ცაში.

    ცხოვრებამ წლები გაფანტა,

    ვით ყვავილები ქარში.

    ვერ გაგიბედე ალერსი,

    ვერ ჩაგიჯექი ნავში.

    გიორგობისთვე დამდგარა,

    გაქრა გიჟმაჟი მარტი.

    წუთისოფელი კვლავ გარბის,

    გარბის და თეთრად ბარდნის.

    მე ისეთივე მგონიხარ,

    ისევ წინანდლის ვარდი.

    მარტში უთქმელი სიტყვების

    დეკემბერშიც მკლავს დარდი.

       *  *  *

    დღეს მზე  არის,

    ხვალ ღრუბელი,

    ზეგ იქნება თოვა 

    ნუ, მოიწყენ, ჩემო კარგო,

    სიყვარული მოვა.

    *   *   *

    უკვდავებას რომ ესწრაფი,

    თორღვა, ხომ იცი ვინცა ხარ?!

    შენ ღმერთი როგორ გახდები

    არ დაგავიწყდეს _ მიწა ხარ.

   ტირიფი

    ხე უცოდველი რამ არის,

    ის უნდა იყოს მცინარი.

    ადამიანთ არ გვეყოფა,

    ხეც რომ არ გვყავდეს მტირალი?

     ბერიკაცები

    ძმობილს მუჭმიწა მიაყარეს ბერიკაცებმა,

    მერე კუკიის დაღმართებით დაეშვნენ დაბლა.

    როგორც ძაღლებმა, სველ ამინდში ჯოხით ნაცემმა,

    ღრენით ჩავიდნენ დუქანში და გაშალეს აფრა.

    მწნილი, მწვანილი, თონის პური, ბოთლით კახური

    და საყვედური: ეს ცხოვრება რა მალე გაქრა,

    ხელები შეგვრჩა დროჟამისგან ვაგლახ დახრული

    და ეს ხელები დღეს ავსებდნენ ძმაკაცის საფლავს.

    მერე წამოდგნენ, ავლეს კიბე, წავიდნენ სახლში,

    თან წაიყოლეს მძიმე დარდი გულის ლოდებად,

    ბერიკაცები არმომლოდინე არაფერ ახლის

    სახლში წავიდნენ თავის რიგის დასალოდებლად.

                 *  *  *

    კდემამოსილნი ნათლის შუქით ყვავილნი  ხეთა,

    ცაში გაფრინდა სევდა ზამთრის გარდასულ დღეთა,

    ხვევნა-ალერსი ერთმანეთის ფერიის ფერთა,

    ასეთი არის საქართველო გუშინ და  დღესაც.

     *   *   *

    არსოო არსთა,

    მიზეზთ მიზეზო,

    სულოო სულთა,

    ქართულო მზეო.

    კაროო კართა,

    დღეთაო დღეო,

    შენ, სალოცავო,

    ქართულო მზეო.

    მე რომ გავქრები,

    მწეთაო მწეო,

    შენ ხომ დარჩები

    ქართულო მზეო?

 დავითი

    კაცი იყო,

    კაცად გაჩნდა,

    იცხოვრა და

    კაცად დარჩა.

               *   *   *

    ბარათს გატან ლამაზმანთან,

    ქარო, ქარო, მინანქარო,

    როცა ნახავ იმ ჩემს წაწალს,

    არაფერი არ მიჰქარო!. .

        ჭრიჭინობელა

    დახტი, დახტი აქეთ-იქით,

    მწვანე მწვანით ბალახობ,

    არემარეს რომ აყრუებ,

    ნეტავ რაზე ტრაბახობ?

    ეგებ ასე სულ არ არის

    და დაეძებ გულის სწორს,

    უპატრონოს ქვეყანაზე

    მოფერება შენცა გსურს.

    შენი გულიც ისრით დაჭრა

    სიყვარულის იარამ…

    შენმა სატრფომ იხტუნა და

    ცხრა მთა გადაიარა.

    რადგან ასე მოკლეა და

    ცვლადი ქვეყნიერება,

    მართალი ხარ შენი წილი 

    გინდა ბედნიერება.

    მოდი, ჩემთან პაწაწინავ,

    მოდი ერთად ვიტიროთ,

    ერთად ვიყოთ ამ ცხოვრებამ

    დედა რომ არ გვიტიროს.,

          *   *   *

    შენი სადარი სად არის,

    დაგეწაწლები მზესაო,

    ასე კარგი რომ დაგხატა,

    ქალავ, უყვარხარ ღმერთსაო.

     XX საუკუნე

    ზოგი გმინავს, ზოგი კვნესის,

    ზოგიც ცაში ნავარდობს.

    ბრძენი კასრში ჩარჩენილა,

    ქარაფშუტა თავადობს.

    ნამუსს ხავსი დასდებია,

    სულ ყველაფრით ვაჭრობენ 

    და უვიცი ქართველები

    ქრისტეს სამსჭვალს არჭობენ.

    მართალ კაცის ჯავრ-ვარამი

    სასაცილოდ გამხდარა

    და სამშობლოს დაკნინება

    ავ სიზმარად ამხდარა.

    მარტო ერთი მიზანი აქვთ,

    დაუკარგავთ გონება,

    ვაი, მაგათ სიცოცხლეს და

    ფუი, მაგათ ქონებას.

    კაცურ სახელს დაიგდებენ

    მაგათ მამის ცხონებას.

             მურვანი

    ზეობის წლებში ვფიქრობდი

    ლეილს, აიგულს, გულსარას

    ჩაჩანაკი და ბებერი

    ვენდომებოდი თუ არა. . . 

    ცხოვრების ბოლოს კი მივხვდი

    ბრძენ უნდა იყო, ყრუ არა,

    მუდამ იფიქრო იმაზე

    სიკეთე ვთესე თუ არა.

    ადრე ეს მე არ ვიცოდი,

    თუმც კი ვმართავდი ბუხარას,

    სიცოცხლის ბოლოს ქალები

    მომინდებოდა თუ არა.

    სე ლა ვი

    ვინც იშავდღევა, იშრომა,

    მან ვერაფერი იშოვნა.

    კალო ვინც ლეწა კევრით

    არც იმას შეხვდა ბევრი.

    ვინც იყო ენამჭევრი

    მან ვერ გაივსო ქვევრი.

    ვინცა ყვიროდა სიმართლეს,

    თვალში ჩაუქრეს სინათლე.

    ვინც მიწას ოფლი აწვიმა

    მერე ამბობდა: რა მრჯიდა?!

    მაინც იცხოვრეს რიგით და წესით,

    უფალს ჩაბარდნენ ოხვრით და კვნესით.

    და ვინც ცხოვრება წველა,

    იმათ მიეცათ შველა.

    ვინც დაიბადა ჩარჩად,

    მას ბლომად ფული დარჩა.

    ვინც იყო მუდამ შტერი,

    მას არა ჰყავდა მტერი.

    ვინც იყო სულით პატარა,

    იმან კარგი დრო ატარა.

    ვინც ქვეყნად ბევრი იღორა,

    სხვას ძმად რომ ჰყავდა ნიკორა.

    ისიც მომკვდარა, ისიცა, 

    იყო და არა იყო რა.

         ევა

    ევა ადამს ჩასჩურჩულებს

    ღმერთისაგან კუთვნილს,

    გულში ნაზად ეხუტება,

    ნეკნებს ჩუმად უთვლის.

    ქალია და არა სჯერა,

    არა სჯერა ღმერთის.

    ჩემს მეუღლეს ნეტავ მხოლოდ

    აკლდეს ერთი ნეკნი! . .

    ჰოდა ევამ, კაცთა დედამ,

    დიაცური ნიჭით,

    სანამ ბიჭი გააჩინა

    გააჩინა – იჭვი.

 ლხინი კახეთში

    ჩამოიარა ხაშლამამ,

    ორთქლმა ვნებები აშალა,

    ჭკუას ჩაუქრო მაშხალა,

    სუფრაზე დადგა მარშალად.

              წერო

    დაღლილი წერო მიფრინავს,

    მაგრამ არ იცის სად.

    ჩემი ცხოვრება ნეტავი,

    რატომ გამიხდა მტრად.

    დიდხანს გეძებე, ვერ გპოვე,

    რად არ მოდიხარ, რად,

    ოღონდ მოდიო, სულოო 

    და გაგიხდები ყმად!

    მოდი მალეო, მოდი,

    აღარ დამჭირდეს თქმა

    თორემ გაფრინდა სიცოცხლე

    გაქრა და იქცა მტვრად.

   ოცნება

    ჭრიჭინებს ჭრიჭინობელა

    და ხვატს მოუცავს სივრცე.

    ნეტავი, მუდამ მზე იყოს,

    ტაძრის ქვეშ  ჩრდილში ვიწვე.

    ასე შევყურო მაღალ ცას

    ფიქრი გონებას თენთავს,

    სრული სიწყნარე იდგეს

    და ვსაუბრობდე ღმერთთან.

    * * *

    ადამიანი მუდამ იქნება

    კეთილისა და ავის ერთობა.

    ხან ღმერთი უშვებს ჩვენზე განსაცდელს.

    ხან კი ეშმაკი ჩვენით ერთობა.

    ასე არის და ასე იქნება,

    ვერ გაასწორებ ამას ოცნებით.

    თუ არა გჯერათ, წადით, მიჩივლეთ,

    ნუღარ იფიქრებთ და ნუ მოსცდებით.

      მეგობრებს

                       ავთო წერეთელს

    ძმა-ბიჭებო, მოდით კიდევ 

    გავიხსენოთ დუქნები, 

    ქუდი ჭერში ვკრათ და  ისევ

    ვჭამოთ მოხრაკულები.

    კიდევ ერთხელ იწვებოდეს

    ჩვენს ტაფაზე კუპატი,

    ვადღეგრძელოთ დავით მეფე

    და ვაგინოთ ნუქარდინს.

    კიდევ ერთხელ ამ მიკიტანს

    გავუსწოროთ ვალები 

    და ჩუმ-ჩუმად ქალებისკენ

    გავაპაროთ თვალები.

    კიდევ ერთხელ ჩავსხდეთ, ძმებო,

    თორემ, ხედავთ, რა დროა?

    ამ ცხოვრებამ, უნდობარმა

    რა ცოტა დრო გვადროვა.

    კიდევ ერთხელ ვაჭახუნოთ

    ღვინით სავსე ჭიქები,

    თორემ მალე  ქვეყანაზე

    აღარც ერთი ვიქნებით.

    მოდით, სანამ სხვა სუფრიდან

    სადღეგრძელოს გვეტყვიან,

    გაუმარჯოს სიცოცხლეს და

    გაგვიმარჯოს ერთიან.

    მოდით, მაინც ნუ ვიქნებით

    ამ ცხოვრების მგმობელი,

    ყველა ფეხზე წამოვდგეთ და

    ვუთხრათ სამადლობელი.

    სიბერე ნუ მოგვერევა,

     გავიხუროთ კარები

    და დავბრუნდეთ ოჯახებში

    კიდევ ერთხელ მთვრალები.

       *  *  *

    ქარი ღმუის მავთულებში

    და გველივით სისინებს,

    დამეკარგე სართულებში,

    დამცინი და კისკისებ.

    მალე მოვა გაზაფხული,

    კორდებს ააბიბინებს.

    ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებს:

     “მოტყუებას გიპირებს “.

    გენაცვალე, რომ მიყვარხარ,

    უხმოდ ვიტან კაპრიზებს,

    სანამ შენთან ვიქნები და

    ვიდრე გამინაპირებ.

      ბოროტი და კეთილი

    ბოროტი სძლევს თუ კეთილი? _

    ეს კითხვა მართლაც ძნელია.

     “ბოროტსა სძლია კეთილმან,

    არსება მისი გრძელია “.

    ბევრჯერ სხვაგვარად მომხდარა,

    მართალი ჭამდა ბოლოკსა

    კეთილი დამარცხებულა,

    გაუმარჯვია ბოროტსა.

    მე კი ის მაინტერესებს

    თუ რა იქნება ბოლოსა

    რომელი გაიმარჯვებს და 

    რომელი შეჭამს ღოლოსა.

    საწუთროს უსასრულობა

    ვერ გამოარჩევს მარჯვესა,

    იჭიდავებენ მუდმივად, _

    ვერც ერთი გაიმარჯვებსა.

            * * *

   დღეს ღამე ცვლიდა, ღამეს დღე,

    ცხოვრება გაქრა, წავიდა.

    კითხვა – შემდეგ რა იქნება

    ვერ მოვიშორე თავიდან.

    ამ ფიქრით ბევრი გიჟდება,

    ზოგი ვარდება ნავიდან

    ვიცი, პასუხს ვერ ვიპოვი,

    ფიქრს მაინც ვიწყებ თავიდან.

    ამ ერთი კითხვის გარშემო

    ამდენი დარდი იქნება?

    მაგისი დედაც ვატირე,

    რაც იქნება და იქნება.

    სიხარულის მარცვლები

    სიხარული შეაგროვე მარცვლებად,

    სანამ სულის სიხალისე გაცვდება.

    დრო გავა და თმაში თეთრი გაჩნდება,

    მოგონება ლამაზ ზღაპრად  დარჩება. 

    წელთა რიცხვი გაგახსენებს: იცვლები!

    გაფრენილან სიხარულის განცდები.

    სიბერეში სანამ გარდაიცვლები,

    ითამაშე შეგროვილი მარცვლებით!.. 

     ბარათაშვილი

    პოლკა, მაზურკა

    ყურს რომ აყრუებს, 

    ტატო შეჰყურებს

    კატოს საყურეს.

    შუქთა თამაშში,

    ჩრდილთა რიალში,

    საყურის იქით 

    სივრცის წრიალში,

    დარბაზის ბოლოს

    ჭინკა ანცი ზის,

    ჭინკა ანცი ზის, 

    მგოსანს დასცინის.

            ერეკლე                       

    ოჰ, როგორ ვენდე მე რუსთა სიტყვას,

    ძმობის ტკბილ სიტყვას, მშვიდობის ფიცილს.

    მე სამშობლოზე ვფიქრობდი  დიდხანს,

    ღმერთმა ხომ იცის, ღმერთმა ხომ იცის.

    ზურგში მახვილი დამარტყეს ურცხვად,

    ფეხქვეშ გათელეს სიტყვა მეფური.

    უნდა მცოდნოდა,არ არის ერი

    რუსნი იმათგან იყოს ქებული

    ნანობს ერეკლე, მოტრიალდება,

    ბრაზით დაუწყებს მყინვარწვერს ცქერას,

    უკვდავებაში გაქვავებული

    ბოღმით ჩაყლაპავს რუსთაგან წყენას.

       დავით გარეჯი

    ოი, შენ ჩვენო, გარეჯო,

    დრო-ჟამისაგან ნარეცხო,

    ვინ დაგიხოცა შვილები,

    სად გაქრნენ შენი ჩრდილები?

    რატომ არ რეკენ ზარები,

    დროისგან განაბზარები

    სად გაქრნენ საძოვარები,

    მეფეთა ნაბოძარები?

    შენც კი გაგვიხდი სადავოდ,

    ვაი, ჩვენ, სულხან-საბაო.

      ზამთარი ივრის ხეობაში

    ძირს ეშვება ღრუბელ-ღრუბელ

    დაჩეხილი სივრცე,

    ტანთ გახდილმა ტყის ხეებმა

    ერთურთი ვერ იცნეს.

    უხვმა თოვლმა გაათეთრა

    ირგვლივ არემარე,

    ღამით ჭალებს თავს ადგიათ

    ვერცხლისფერი მთვარე.

    თეთრი მუდამ წმინდა არის,

    სიწმინდე კი მკაცრი,

    სიმკაცრეს კი ძნელად უძლებს

    გამძლეობა კაცის,

    ვიცი, სული გადურჩება

    ამ უმკაცრეს ზამთარს,

    რადგან სული მუდმივია, 

    არც იძენს, არც კარგავს.

          ადამიანი

    სული, გული და გონება

    ესაა კაცის ქონება.

    სული ღმერთს მიაქვს, გული _ ქალს,

    გონება რჩება მხოლოდ კაცს.

    თუ ვინმემ გონიც წაგართვა:

    იყავი ჩემი ყმაო,

    იცოდე, კაცი აღარ ხარ,

    გაძარცული ხარ, ძმაო.

        *   *    *

    კარგი რამა ხარ, მთვარეო,

    გამნათებელო გზისაო,

    ქვესკნელისავით უკუნში

    მშველელო კაი ყმისაო.

    კარგი რამა ხარ, შენ, მზეო, 

    მანათებელო ცისაო,

    დამმარცხებელო ღამისა,

    მეგზურო ლამაზ დღისაო.

    კარგი რამა ხარ სიცოცხლევ,

    შენ, საჩუქარო ღმრთისაო,

    რაიც რომ გახლავს სიმწარე

    ყვედრებად არა ღირსაო.

შენც კარგი რამ ხარ, ქალაუ,

    თუმცა გული გაქვს ქვისაო,

    შენა ხარ საწყის-მიზეზი

    ამ ლექსის დაწერისაო.

         *    *     *

    წარსულს ჩაბარდა

    წელი დრაკონის

    და წელი ძაღლის

    მაშინაც ასე 

    მომლოდინე ვიყავით

    კარგის.

    ეხლა მოგვადგა

    ახალი წელი და

    თანაც თაგვის,

    დედამიწაზე ბოროტებას  

    ის მაინც აღგვის?

           *   *   *

    რთული რამ არის ცხოვრება,

    იგი არ არის მარტივი.

    აპრილი გეოცნებება,

    ის გათამაშებს მარტივით.

    ჩანაფიქრსა და სურვილებს

    გაგიჭრის ყვავის კარტივით,

    მიტომ ამოდის ცაზე მზე

    ყვითელი ვარდის დარდივით.

              ჭიამაია

    ერთი მქონდა სათხოვნელი,

    პასუხი მწადდა ძალიან:

    ნეტავ საით გავთხოვდები,

    ლამაზო, ჭიამაია.

    ცისკარმა მთვარე აწამა

    ასეთი ჩემი ბედ იყო,  

    სატრფო ვერ ვპოვე, პაწაწავ,

    შენ თუ იპოვე დედიკო?

               *  *   *

        რა კარგი იყო, ლამაზო,

    ერთად ყოფნა და ოცნება,

    ოცნების გარდა ამ ქვეყნად

    არაფერზე ღირს მოცდენა.   

               *  *  *

    ღრუბლებს მთვარე  ეფარება,

    მზის დაჭერის ლოდინში.

    ბიჭი გოგოს ეპარება,

    ჩაუგორდა ლოგინში.

    შემდეგ? ვეღარ გავაგრძელებ,

    თქვენთან დიდი ბოდიში.

           *   *   *

    ქვები ათასგვარი არის,

    შარაგზის და რიყის,

    ჭკვიანს თავის სავალი აქვს,

    ბრიყვს კი გზა აქვს ბრიყვის.

    თუკი ცდილობ, თავს არ ზოგავ

    და ვერ აღწევ მიზანს,

    შენც ხომ შენი სავალი გაქვს,

    ბედია, რას იზამ.

          მიხო

    მიხო, იმათ რას ედრები,

    მოცარტია თუ გუნოა.

    იმღერე მრავალჟამიერ

    დაჯექ და წრუპე ნუნუა.

          ფიფქები

    თეთრი, წმინდა სუმბული,

    ანგელოზთა ბუმბული,

    როგორც უფლის ფიქრები,

    ციდან ცვივა ფიფქები.

  ამ დედამიწას ცოდვიანს

    ნაზი ამბორით კოცნიან,

    არსად მიდიან, იცდიან,

    რომ დადნებიან, იციან? 

           სადღეგრძელო

    რატომ ჭმუჭნიდი, თორღვაი,

    შენი კალენდრის ფურცლებსა,

    რატომ ბრძნულად არ იცხოვრე,

    რად გადაჰყევი მუცელსა.

    მოხუცს ცხვირ ჩამოგიშვია,

    დარდი გაწუხებს მოცდენის

    და მაინც ისევ სასმისს სვამ

    აუხდენელი ოცნების.

        ციყვი ბორბალში

    მარტოა და დარბის, დარბის,

    თანაც არ ჰყავს ამქარი,

    კრიალოსნად იმარცვლება

    ზაფხული თუ ზამთარი.

    ციყვია და ტყეში უნდა

    ლაღობდეს და ნატრობდეს,

    მაგრამ ბედმა გადუწყვიტა

    ცირკში ბავშვებს ართობდეს.

    ამ საწუთრომ უნდობარმა,

    მეც მარგუნა ბორბალი,

    ვირბინე, ვერ გამოვხსენი

    ბედისწერის გორგალი.

    ამ ცხოვრების დღენი ჩემთვის

    ხან მუქია, ხან ბაცი,

    აბა, რაა განსხვავება

    ის ციყვია, მე კაცი.

    გამოსავალიც ერთია,

     ან რას ველოდი აქამდე,

    მეც ცირკში უნდა წავიდე,

    ციყვს უნდა შევუამქარდე.

          *  *  *

    საამურია მოგება,

    სული მეცხრე ცას ადის.

    დასანანია წაგება,

    სული დარდობს და ბარდნის.

    ბედისწერაა მთავარი

    წაგებ-მოგება კაცის,

    იგია ბედხელთმპყრობელი,

    დამრიგებელი კარტის.

            *  *  *

    პასუხუცემი კითხვები

    თავს მოაბეზრებს კაცს.

    ჰოდა, დავიჭერ ტილივით

    ფრჩხილს დავაჭერ და. . . ტკაც!

          ჩიტი

    ჩიტი თავისუფალია

    ზაფხულსა და ზამთარში,

    ამ ბაღში რომ მოსწყინდება,

    გაფრინდება სხვა ბაღში.

                          დაკვირვება

    ცეცხლმოდებულ გრძნობების, მე მგონია, არ ვცდები,

    საბოლოო ხვედრია დაფერფვლა და ნაცრები.

    და თუ ცხოვრობ გრძნობებით და განცდებით,

    წუთისოფლის ჭეშმარიტ გზას ასცდები.

    ცხოვრებაში მთავარია აზრები,

    როცა მსჯელობ, მშვიდდები, არ ბრაზდები.

    უკან რჩება სადგური და ვაგზლები,

    თუ საწუთროს მიუყვები ამ გზებით.

       ბევრჯერ ნათქვამი მცირე შეგონება

    ბედის ძალით თუ მმართველად აღზევდი,

    იმავ ძალით თუკი მეფეც გახდები,

    ეს იფიქრე, მე მგონია არ ვცდები,

    კვარცხლბეკიდან უკან როგორ ჩახტები.

          გასაუბრება ფარაონთან

    დროის და სივრცის დამძლევს,

    დღეთა მშობელს და გამზრდელს,

    ახლა შევყურებ ამ მზეს,

    შენ რომ უცქერდი რამზეს.

    მეც გავუყვები ამ გზებს,

    შენ რომ გაჰყევი რამზეს

    საუკუნეთა დამმზერს,

    წამოვიყოლებ თან მზეს.

       *  *  *

    ძმაო, ნუ ვიზამთ გმობასა,

    ძმობა სჯობია მტრობასა,

    ეს ისეთივე ცხადია,

    ვით სილაღე სჯობს ყმობასა. 

           *  *  *

     ამ ქვეყანაზე ხომ უნდა იყოს 

    რამე სუფთა და წმინდა,

    ამდენ ღალატს და არგატანაში        

    კაცს რამე წმინდა გინდა.

    ბევრი ვეძებე და ვილასლასე,

    ვერ მივაგენი ჯერაც,

    მაგრამ რომ არის და რომ არსებობს

    ვიცი, ვეძებ და მჯერა.

    წმინდის გარეშე რაა სიცოცხლე?!

    მარტო შრომა და ტანჯვა,

    ვითომ დადიხარ, ვითომა ცხოვრობ

    და დროს უაზროდ ხარჯავ.

    არ მინდა იყოს მარტო ვაება

    აზრი რომ ჰქონდეს ამ ჩემს ცხოვრებას

    ისე დავეძებ  წმინდათაწმინდას,

    როგორც ღმერთსა და როგორც ღვთაებას.

           *  *  *

    ვერაფერი ვუშველე, 

    შენი ფანჯრის ფარდებს, 

    წავალ, კიდევ დავლევ და 

    გავიქარვებ დარდებს.

    ეს ამდენი ლოთობა

    ჩვენს სიყვარულს არგებს?

     ისტორიის ქარი

    პირამიდების სუნთქვასავით

    მოვარდა ქარი,

    ეგვიპტეს ნამყოფს,

    ივერიას, ნეტავ, რა უნდა?

    ბაბილონის და ასურეთის

    წამშლელი კვალის,

    კავკასიონს რომ დაეჯახა 

    ნირი წაუხდა.

    ბედისწერა კი კუთხეებში 

    ზოგჯერ მიმქრალი,

    არ ისვენებს და 

    ის დიდება უკვე გახუნდა,

    ნილოსის პირას დაბადებულს

    ცუდი სიზმარი,

    ბედად გაუხდა და არაგვთან

    მწარედ აუხდა. 

    რა არის კარგი, რა არის ცუდი

    არ შემეკითხო: ამ ქვეყანაზე რა არის კარგი,

    ან ცუდი რაა, კაცი იმისგან შორს რომ გაცურდეს.

    ზოგჯერ ყოფილა _ ცუდი უცბად  გაკარგებულა,

    სხვა Dშემთხვევაში, შეიძლება კარგი გაცუდდეს.

    კარგი და ცუდი ერთმანეთში მიდი-მოდიან,

    და ეს მიმოსვლა ერთმა უწყის უფალმა მხოლოდ,

    მიტომ არა აქვს ჩვენ სიცოცხლეს საზრისი მყარი

    მიტომ არ გვესმის ამ ცხოვრების თავი და ბოლო.

    გრიგოლ ორბელიანი

    შენ. ღენერალო, გრიგოლი,

    რუსებთან რატომ მიგორდი.

    მათთვის ხმალი რად აქნიე,

    ამით, ნეტავ, რა აქნიე?

    ხატი არ გქონდა სადარი?

     “სხვა საქართველო სად არის? “

    რად არ დასჯერდი შენს წერას,

    მარტო ლექსები გეწერა.

    ილიასთან რად დაობდი,

    გრიგოლო, რატომ გაორდი?

       *  *  *

    ხან ასე ვწერ, ხანაც ისე,

    ცხოვრებაა ასე-ისე.

     ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი

    ცოდნას ჰქონია თავის სამანი,

    მას იქით ვანებს ცოდვის არცოდნა.

    ფუჭი ყოფილა ყველა სწავლანი,

    საფლავში მიმაქვს არცოდნის ცოდნა.

    ეპიტაფია

    ნეტავი, რადა ვტანჯულობ,

     ვის უნდა ჩემი ფიქრები.

    დრო მერცხალივით ჩამიფრენს,

    წავალ და აღარ ვიქნები.

    ქელეხში მოსაგონებლად

    აიწევიან ჭიქები. . .

    საფლავის გათლილ ქვაზედა

    დარჩება მხოლოდ ციფრები.

    წერტილი

    უკვდავებისთვის არავინ გვწირა,

    ჩვენი სიცოცხლე არის წყვეტილი.

    რადგანაც ბედმა ასე გაგვწირა,

    თორღვა, კაცური დავსვათ წერტილი.

    1. ბესო

    2. სხვისი ცოლები

    3. ჭინკები

    4. ქარი

    5. ომარ ხაიამ

    6. მახარე

    7. ფილოსოფოსები

    8. ქობულეთი

    9. ცუგა

    10. ვაჟა

    11.მცირე რამა ხარ, სიცოცხლევ     

    12. ჭეშმარიტება

    13. უფლისციხე 

    14. ხელის ჩაქნევა

    15. ბრმა

    16. დამწყებ პოეტს

    17. ძეგვი

    18. შიომღვიმე

    19. კითხვის დამსმელი

    20. ტაო

    21. ჩემო ქვეყანავ

    22. ნიკალა 

    23. საღამო ეგრისში

    24. სული

    25. კახეთი

    26. ქრისტეს

    27. მიდებ-მოდება

    28. ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა

    29. ილია

    30. მარიამობისთვე

    31. არცოდნა 

    32. ტარა

    33. მცხეთა

    34. ძმაო

    35. ხალხი

    36. ჭკუა და იღბალი

    37. ქალმა თქვა

    38. თავიდან

    39. სოლოღაშვილებს

    40. რა ამბავია ამდენი კითხვა?

    41. საქართველო

    42. ჩეჩენი

    43. პოეტი

    44. ყველა წერს ლექსებს 

    45. საათი

    46. ტანგო

    47. ყვავი

    48. შენ შეგიქმნია ანი და ბანი 

    49. ყაყაჩო

    50. უსინათლო

    51. უფლისციხე

    52. ფილოსოფოსო სპინოზა

    53. ანი, ბანი

    54. ლოცვა

    55. რჩევა ფილოსოფოსს

    56. ახალგაზრდობა

    57. ქალები

    58. იჭვი

    59. მონღოლები

    60. პაპა

    61. ჟანა ებიუტერნი

    62. გედი ორია

    63. მე ღმერთი მაწერინებდა

    64. ხეკორძულა

    65. ლუკა

    66. წვიმა

    67. ყინწვისის ანგელოსი

    68. ტერენტი

    69. კვიცი

    70. ცვალებადობა 

    71. წუთ_წუთით და საათ_საათ

    72. ხმა არაცნობიერიდან

    73. ფორმაა თუ შინაარსი

    74. უმთავრესი ვერ გავიგე

    75. წადი მზე და მოდი მთვარე

    76. ქიტესა

    77. ვალი

    78. შემოდგომა არმაზში

    79. კაცმა თქვა

    80. შემიყვარდება ლამაზი

    81. სინაზე

    82. ეს ცხოვრება ბადრაგია

    83. დეკემბერი

    84. თებრონე

    85. ო, როგორ ძლიერ მიყვარდი

    86. დღეს მზე  არის

    87. უკვდავებას რომ ესწრაფი

    88. ტირიფი

    89. ბერიკაცები

    90. აპრილი … 

    91. არსოო არსთა

    92. დავითი

    93. ბარათს გატან

    94. ჭრიჭინობელა

    95. შენი სადარი სად არის

    96. XX საუკუნე

    97. მურვანი

    98. სე ლა ვი

    99. აპრილი

    100. ევა

    101. ლხინი კახეთში

    102. წერო

    103. ოცნება

    104. ადამიანი მუდამ იქნება

    105. მეგობრებს

    106. არი ღმუის მავთულებში

    107. ბოროტი და კეთილი

    108. დღეს ღამე ცვლიდა, ღამეს დღე

    109. სიხარულის მარცვლები

    110. ბარათაშვილი

    111. ერეკლე

    112. დავით გარეჯი

    113. ზამთარი ივრის ხეობაში

    114. ადამიანი

    115,. კარგი რამა ხარ, მთვარეო

    116. ახალი წელი

    117. რთული რამ არის ცხოვრება

    118. ჭიამაია

    119. რა კარგი იყო, ლამაზო

    120. ღრუბლებს მთვარე  ეფარება

    121. ქვები ათასგვარი არის

    122. მიხო

    123. ფიფქები

    124. სადღეგრძელო

    125. ციყვი ბორბალში

    126. საამურია მოგება

    127. პასუხუცემი კითხვები

    128. ჩიტი

    129. დაკვირვება

    130. ბევრჯერ ნათქვამი მცირე შეგონება

    131. გასაუბრება ფარაონთან

    132. ძმაო, ნუ ვიზამთ  გმობასა

    133. ამ ქვეყანაზე

    134. ვერაფერი ვუშველე

    135. ისტორიის ქარი

    136. რა არის კარგი, რა არის ცუდი

    137. გრიგოლ ორბელიანი

    138 ასე-ისე

    139. ეპიტაფია

    140. წერტილი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button