გამორჩეული ადამიანებიისტორია

მეკობრე შავწვერა

ედვარდ ტიჩი (1680 – 1718), ცნობილი როგორც შავწვერა, ცნობილი ინგლისელი მეკობრე იყო, რომელიც მოქმედებდა ამერიკული კოლონიების აღმოსავლეთ სანაპიროზე და ე.წ. ვესტ-ინდოეთის, იგივე კარიბების ტერიტორიაზე. გამჭრიახი და წინდახედული მეკობრე ხშირად უარს ამბობდა ძალის გამოყენებაზე, სასურველი გამოსასყიდის მისაღებად ის უმეტესწილად თავის შემზარავ გარეგნობას იყენებდა. დღევანდელი წარმოდგენებისგან განსხვავებით, სადაც შავწვერა ტირანადაა გამოყვანილი, რეალური მეკობრე ტყვეობაში აყვანილებს არასდროს უშავებდა რამეს და მითუმეტეს, არც ხოცავდა. სიკვდილის შემდეგ შავწვერა კიდევ უფრო ცნობილი გახდა და უამრავი ავტორისთვის იქცა შთაგონებად მეკობრეების შესახებ ნაშრომების წერისას.

ადრეული წლები

არც ისე ბევრია ცნობილი ედვარდ ტიჩის ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. გარდაცვალებისას ის 35-დან 40 წლამდე იყო, ამიტომ მიიჩნევა, რომ დაახლოებით 1680 წელს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. მისი პერიოდის ჩანაწერებში ედვარდს ასევე იხსენიებენ, როგორც შავწვერას ან ედვარდ ტეჩს. მისი გვარის რამდენიმე ვერსია არსებობს – ტეჩი, ტაჩი, ტეიჩი, ტეკი და ტაკი – ყველაზე გავრცელებული კი ტიჩია. ერთ-ერთი ადრეული წყარო ირწმუნება, რომ ის გვარად დრუმონდი იყო, მაგრამ მხარდამჭერი არგუმენტების ნაკლებობის გამო ეს ვერსია არც ისე პოპულარულია. გარდა ამისა, მეკობრები ხშირად იცვლიდნენ და იგონებდნენ ახალ სახელებს, რათა ძნელად ხელმისაწვდომი გამხდარიყვნენ. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ შავწვერას რეალური გვარი ზუსტად არასდროს იქნება ცნობილი.

მე-17 საუკუნეში სწრაფად იზრდებოდა ბრიტანეთის კონტროლირებაში მყოფი კოლონიები ამერიკის ტერიტორიაზე, მე-18 საუკუნეში კი მზარდი ტემპით მიიწევდა წინ მონებით ვაჭრობის საქმე ატლანტის ოკეანეში, რამაც ბრისტოლი მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო პორტად აქცია. სწორედ ასეთ პირობებში იზრდებოდა ტიჩი, ინგლისის სიდიდით მეორე ქალაქში. მას თითქმის უშეცდომოდ შეეძლო წერა-კითხვა, ურთიერთობა ჰქონდა ვაჭრებთან. როცა დაიღუპა, უპოვეს წერილი, რომელიც გამოგზავნილი იყო მთავარი მოსამართლისა და კაროლინის პროვინციის მინისტრისგან, ტობიას ნაიტისგან. ამის გამო მწერალი რობერტ ლი ვარაუდობს, რომ ედვარდი პატივსაცემ და მდიდარ ოჯახში დაიბადა. კარიბში ის სავარაუდოდ მე-17 საუკუნის ბოლოს მოხვდა სავაჭრო გემის მეშვეობით, რომელსაც მონები გადაჰყავდა. მე-18 საუკუნის მწერალი ჩარლზ ჯონსონი გვამცნობს, რომ ტიჩი მეზღვაური იყო და იამაიკის ტერიტორიაზე დაცურავდა, დედოფალ ანას ომის (1702-1713) დროს კი უჩვეულო გამბედაობითა და მამაცობით გახდა ცნობილი.

ნიუ-პროვიდენსი

თავისი კოლონიალისტური, ვაჭრული და მეკობრული ისტორიით ცნობილი კარიბების რეგიონი მე-17 და მე-18 საუკუნეების საზღვაო ინციდენტების ეპიცენტრი იყო. კაპერად (კაპერი – მე-19 ს. შუა წლებამდე: კერძო გემი, რომელიც თავისი მთავრობის ნებართვით ნადირობდა კონტრაბანდით დატვირთული მტრისა და ნეიტრალური ქვეყნების გემებზე. კაპერი ერქვა ასევე ასეთი გემის პატრონსაც) ქცეულ მეკობრე ჰენრი ჯენინგსსა და მის თანამოაზრეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, გამოეყენებინათ ფლორიდის სრუტესთან მდებარე, მაშინ ჯერ კიდევ დაუსახლებელი კუნძული ნიუ-პროვიდენსი ოპერაციების ბაზად. ნიუ-პროვიდენსზე საზღვაო მარშრუტები გადიოდა და მუდამ სავსე იყო ევროპული გემებით, რომლებიც ატლანტის ოკეანეს კვეთდნენ. კუნძულის ნავსადგურში თავისუფლად ეტეოდა ასობით ხომალდი, თუმცა სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მასიურ გემებს შედარებით უჭირდათ აქ მოძრაობა. იმ პერიოდში ნიუ-პროვიდენსი არ იყო ტურისტებში ისეთი პოპულარული, როგორიც ამჟამადაა. მწერალი ჯორჯ ვუდბერი მას შემდეგნაირად აღწერდა: “ქალაქში სახლები არაა, ის წარმოადგენს დროებით საბინადროსა და ძალების აღმდგენს მოხეტიალე ხალხისთვის. მუდმივად აქ მხოლოდ მეკობრეები, ვაჭრები და მუქთახორები ცხოვრობენ. სხვა ყველა დროებითაა.” კუნძულზე არ მოქმედებდა კანონი და წესრიგი, ამიტომაც მეკობრეებისთვის ნამდვილი სამოთხე გახლდათ.

ტიჩი ერთ-ერთი იყო, რომელმაც კუნძულით სარგებლობა გადაწყვიტა. უტრეხტის ზავიდან (ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამთავრდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, ზავი დაიდო 1713 წელს უტრეხტში და მას ხელი მოაწერეს ერთის მხრივ საფრანგეთმა და ესპანეთმა, მეორეს მხრივ – დიდმა ბრიტანეთმა, ჰოლანდიის რესპუბლიკამ, საღვთო რომის იმპერიამ, პორტუგალიამ და სავოიამ) მალევე მან იამაიკიდან ნიუ-პროვიდენსში გადაინაცვლა და წარსულში ომის მონაწილე კაპერების მსგავსად, ისიც მეკობრეობის ბადეში გაეხვია. დაახლოებით 1716 წელს ის შეუამხანაგდა კაპიტან ბენჯამინ ჰორნიგოლდს, სახელგანთქმულ მეკობრეს, რომელიც კუნძულს მეთვალყურეობდა. 1717 წლის დასაწყისში თანაკაპიტნები ჰორნიგოლდი და ტიჩი ერთ-ერთი გემით გაემგზავრნენ მატერიკისკენ. ჰავანასთან მათ პატარა სავაჭრო გემი შეიპყრეს, რომელსაც 120 ბარელი (14 000 ლ) ფქვილი გადაჰქონდა, შემდეგ კი ბერმუდის სიახლოვეს იგივე მეთოდით 100 ბარელი (12 000 ლ) ღვინო მიისაკუთრეს. რამდენიმე დღის შემდეგ მადეირადან (პორტუგალია) ჩარლსტონისკენ (სამხ. კაროლინა) მიმავალი ხომალდი შეაჩერეს და მადეირული ღვინო დააგემოვნეს. 29 სექტემბერს კეიპ ჩარლზთან (ვირჯინია) ვირჯინიული გემი “ბეტი” შეიპყრეს, ტვირთი თავისთან გადმოიტანეს და შემდეგ ჩაძირეს.

სტიდ ბონეტი სტუმრად ედვარდ ტიჩის გემზე

სწორედ ჰორნიგოლდთან ერთად ყოფნისას გაჩნდა ტიჩზე პირველი ჩანაწერები, სადაც მას აღწერენ, როგორც თვითნებურ მეკობრეს, რომელიც დიდ ეკიპაჟს ხელმძღვანელობს. ჩრდილოეთ კაროლინის ანტიმეკობრული პატრულირების გუნდის კაპიტანი მეთიუ მანტი მოხსენებაში წერდა, რომ «ედვარდ “ტეჩი” მოგზაურობს გემით, რომელზეც ჰყავს 70 კაციანი ეკიპაჟი და აღჭურვილია 6 ზარბაზნით». სექტემბერში ტიჩი და ჰორნიგოლდი შეხვდნენ სტიდ ბონეტს, მიწების მფლობელსა და სამხედრო ოფიცერს მდიდარი ოჯახიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეკობრეობაზე გადასულიყო. ბონეტის 70 მხლებელი უკმაყოფილო იყო მისი მეთაურობით, ამიტომ ამ უკანასკნელის თხოვნით, გემ “შურისძიების” ხელმძღვანელიც ტიჩი გახდა. მეკობრეთა ფლოტილია ახლა უკვე სამი გემისგან შედგებოდა – “შურისძიება”, ტიჩის ძველი გემი და ჰორნიგოლდის “მაწანწალა”. ოქტომბერში ფლოტს კიდევ ერთი პატარა გემი მიუმატეს. 1717 წლის 22 ოქტომბერს ფილადელფიური “რობერტი” და დუბლინური “ოქროს მიზანი” დააყაჩაღეს.

როგორც ყოფილი ბრიტანელი კაპერი, ჰორნიგოლდი მხოლოდ თავის ძველ მტრებს ესხმოდა თავს, მაგრამ მისი ეკიპაჟისთვის დიდი ცდუნება იყო ბრიტანული ხომალდების დანახვა, რომლებიც სხვადასხვა სახის საქონლით იყო სავსე და ფაქტობრივად დაუცველნი იყვნენ. ამიტომ 1917 წლის ბოლოსთვის ბენჯამინი ჩამოაქვეითეს. უცნობია, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე იქონია თუ არა გავლენა ტიჩმა, მაგრამ ჰორნიგოლდი სწრაფად გადადგა მეკობრეობიდან. მან წაიყვანა “მაწანწალა” და კიდევ ერთი გემი, ტიჩს კი დანარჩენი ორი დაუტოვა. ეს ორი პიროვნება ერთმანეთს მეტჯერ აღარასდროს შეხვედრია. მომდევნო წლის ივნისში ჰორნიგოლდმა მეფისგან შეწყალება მიიღო წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე.

შავწვერა

28 ნოემბერს ტიჩის ორი გემი თავს დაესხა ფრანგულ სავაჭრო ხომალდს სენტ-ვინსენტის კუნძულთან, დახოცა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და კაპიტანს დანებება აიძულა. გემს სახელად “La Concorde” ერქვა და მონები გადაჰყავდა. ტიჩის გუნდმა გემს გეზი მისცა სენტ-ვინსენტისა და გრენადინებისგან კუნძულ ბექისკენ, სადაც ჩამოსხეს ეკიპაჟის წევრები, გადმოიტანეს ტვირთი და გემი მიისაკუთრეს. “La Concorde”-ის ეკიპაჟს ტიჩის მფლობელობაში არსებული გემებიდან ყველაზე პატარა გამოუყვეს, რომელსაც ფრანგებმა შეარქვეს “Mauvaise Rencontre” (ცუდი შეხვედრა) და მარტინიკისკენ გაცურეს. მონების ნაწილი ტიჩმა გადაიბირა, დანარჩენი კი კუნძულზე დატოვა და ისინი მოგვიანებით უკან მობრუნებულმა “Mauvaise Rencontre”-ს ეკიპაჟმა წაიყვანა.

ტიჩმა დაუყოვნებლივ გადაარქვა სახელი “La Concorde”-ს და უწოდა “დედოფალ ანას შურისძიება”, აღჭურვა 40 ზარბაზნით. ნოემბრის მიწურულს სენტ-ვინსენტის სიახლოვეს თავს დაესხა “დიდ ალენს”. ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ტიჩმა შეძლო და სავაჭრო გემის დამორჩილება მოახერხა. ამჯერადაც ნაპირთან მიიყვანა ხომალდი, გადასხა ეკიპაჟი, დააცარიელა ტვირთის შემნახავი განყოფილებები, შემდეგ დაწვა და ჩაძირა. ეს ამბავი გაშუქდა ბრიტანულ გაზეთში “Boston News Letter”. ტიჩი აღწერეს, როგორც მმართველი “32 ზარბაზნიანი ფრანგული გემისა, 10 ზარბაზნიანი ბრიგანტინისა და 12 ზარბაზნიანი პატარა გემისა”. სად მოიპოვა ტიჩმა ბრიგანტინი (ორანძიანი მსუბუქი ხომალდი), უცნობია, მაგრამ ამ პერიოდში ის მბრძანებლობდა 150 კაციან ეკიპაჟს, რომლებიც სამ გემზე იყვნენ განაწილებულნი.

გემი “დედოფალ ანას შურისძიება”

“დედოფალ ანას შურისძიების” 1400 კგ-იანი ღუზა

1717 წლის 5 დეკემბერს ტიჩმა შეაჩერა სავაჭრო გემი “მარგარიტა” ანგილიასთან ახლოს. მისი კაპიტანი ჰენრი ბოსტოკი და ეკიპაჟი მეკობრის ტყვეობაში იყვნენ 8 საათის განმავლობაში და საკუთარი თვალით უყურებდნენ გემის ძარცვას. ბოსტოკი “დედოფალ ანას შურისძიებაზე” იმყოფებოდა, შემდეგ უვნებლად დააბრუნეს თავის გემზე და წასვლის ნება მისცეს. კაპიტანი სენტ კრისტოფერის კუნძულისკენ გაეშურა და მომხდარზე წერილობითი ჩვენება მისცა მმართველ უოლტერ ჰამილტონს. ბოსტოკი აღწერდა ტიჩის ორ ხომალდს – პატარას და დიდ ფრანგულს, ჰოლანდიაში აგებულს, რომელსაც 36 ზარბაზანი ჰქონდა და 300 კაციანი ეკიპაჟი ჰყავდა. კაპიტანი მიიჩნევდა, რომ დიდ გემზე ინახებოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე “დიდი ალენიდან” წამოღებული ძვირფასეულობა. ტიჩის ჯგუფისგან ბოსტოკმა შეიტყო, რომ მათ რამდენიმე ხომალდი გაანადგურეს და აპირებდნენ გამგზავრებულიყვნენ ისპანიოლაზე (ჰაიტი), სადაც ესპანურ არმადას დაელოდებოდნენ და მათგან დიდძალს ფულს ამოიღებდნენ. ბოსტოკი ირწმუნებოდა, რომ ტიჩმა ადგილობრივი გემების მოძრაობის შესახებაც გამოჰკითხა და გაოცება არ შეტყობია, როცა გაიგო, რომ ლონდონმა სამეფო შეწყალება გაავრცელა ყველა მოქმედ მეკობრეზე.

ბოსტოკის ჩვენება ტიჩის გარეგნობაზეც ამბობს ორიოდ სიტყვას. მეკობრე იყო “მაღალი და გამხდარი ძალიან მუქი შავი წვერით, რომელსაც მოშვებულს ატარებდა”. ესაა პირველი ჩანაწერი ტიჩის გარეგნობაზე და სწორედ მის მიხედვით ეწოდა მეკობრეს მეტსახელი “შავწვერა”. უფრო გვიანდელი ცნობების მიხედვით, ედვარდის წვერი ნაწნავებად იყო დაყოფილი, ზოგჯერ კი პატარა ფერადი ლენტებით ჰქონდა შეკრული. მწერალი ჩარლზ ჯონსონი (1724 წ.) აღწერდა მას, როგორც “ისეთ ფიგურას, რომლის მზერიდანაც წამოსულ მძვინვარებაზე უარეს რამეს ადამიანის წარმოსახვა ვერ შექმნის”. აქედან ნათელია, რომ შავწვერას კარგად მოეხსენებოდა გარეგნული იერის მნიშვნელობა, ამიტომ მუქარის ნაცვლას შიშის აღმძვრელ მზერას იყენებდა.

იან მაკშეინი შავწვერას როლში ფილმში “კარიბის ზღვის მეკობრეები 4”

ედვარდ ტიჩი მაღალი და მხარბეჭიანი მამაკაცი იყო. ატარებდა მუხლებამდე ჩექმებსა და მუქ ტანისამოსს, რომელსაც ფართო ქუდი აგვირგვინებდა. ზოგჯერ აბრეშუმის ან ხავერდისგან შეკერილი ნათელი ფერის გრძელი პალტოც ეცვა. ჯონსონი გვიამბობს, რომ ომის დროს შავწვერა მხრებზე მოსასხამს ატარებდა და პისტოლეტის სამი ბუდე ჰქონდა. ქუდთან კი ანთებულ ასანთებსა და პატრუქებს იმაგრებდა, რათა მტრებში შიში გამოეწვია. ასეთი რეპუტაციის მიუხედავად, დაუცველ ადამიანებზე არასდროს სწევდა ხელს და ტყვეებსაც არასდროს ვნებდა. შავწვერა ცნობილი იყო სხვა მეტსახელებითაც: 30 ნოემბერს გემი “Monserrat Merchant” შემოხვდა ორ დიდ და ერთ პატარა გემს, რომელსაც, მათი თქმით, მართავდნენ კაპიტანი კენტიში და კაპიტანი ედვარდსი (ეს უკანასკნელი სტიდ ბონეტის მეტსახელი გახლავთ).

შემდგომი პერიოდი

1718 წლის მაისში ტიჩმა საკუთარ თავს კომოდორის წოდება მიანიჭა. ამ დროს ის ძალაუფლების ზენიტში იყო, ფლოტილია რამდენიმე გემით გაზარდა და შესაბამისად მოემატა ხალხიც ეკიპაჟში. მაისის ბოლოს მან ჩარლსტონის პორტის (სამხ. კაროლინა) ბლოკირება მოახდინა და გამომდინარე იქიდან, რომ ახლომახლო დამცავი გემები არ მოძრაობდნენ, პორტთან მოახლოებულ ყველა ხომალდს აჩერებდა. ერთ-ერთი ასეთი გემი იყო ლონდონისკენ მიმავალი “Crowley”, რომელსაც ჩარსლტონის ცნობილი მოქალაქეები გადაჰყავდა, მაგალითად სამუელ რეგი. ტიჩმა ტყვეებს ამცნო, რომ სამედიცინო საშუალებები სჭირდებოდა კაროლინის მთავრობისგან და თუკი არ მოაწვდიდნენ, ყველას დახოცავდა, თავებს კაროლინაში გააგზავნიდა და გემს დაწვავდა. რეგი დაემორჩილა შავწვერას მოთხოვნებს და მის თანმხლებ პირთან ერთად ორი მეკობრე გაუშვა, რომლებიც 4 დღის შემდეგ დაბრუნდნენ წამლებით, თუმცა ამბავი სწრაფად მოედო ქალაქს და პანიკა ატყდა.

ჩარლსტონში ყოფნისას ტიჩმა შეიტყო, რომ კაპიტანი ვუდს როჯერსი ინგლისიდან მოემართებოდა რამდენიმე საბრძოლო გემით, რათა კარიბები მეკობრეებისგან გაეწმინდა. შავწვერას ფლოტილია ჩრდილოეთ სანაპიროს გაუყვა და ღრმად ზღვაში არ შედიოდნენ, თუმცა “დედოფალ ანას შურისძიება” ქვიშიან მეჩეჩზე გაირიყა, რის გამოც მთავარი ანძა გადატყდა და ხის ნაწილების უმეტესობა დაზიანდა. იგივე ბედი გაიზიარა გემმა “თავგადასავალი”, რომელსაც მართავდა შავწვერას მეგობარი მეკობრე ისრაელ ჰენდსი. ორივე ხომალდს ცუდი ბედი ეწია – მათი შეკეთება შეუძლებელი იყო.

შავწვერას მეკობრულ დროშაზე გამოსახული იყო ეშმაკის რქებიანი ჩონჩხი,
რომელსაც ერთ ხელში შუბი უჭირავს და გულს გმირავს, მეორეში კი ქვიშის საათი უპყრია

მალევე ტიჩმა შეიტყო სამეფო შეწყალების შესახებ. შეწყალება ეხებოდა ყველა მეკობრეს, რომლებიც 1718 წლის სექტემბრამდე ჩაბარდებოდნენ. მან დაარწმუნა სტიდ ბონეტი, წასულიყო და მეფის თხოვნას დამორჩილებოდა. იმ დანაშაულებისთვის, რაც ამ ორ კაპიტანს ჰქონდა ჩადენილი, სასჯელი ჩამოხრჩობა იყო, თუმცა შავწვერამ იცოდა, რომ ჩრდილო კაროლინის მმართველი ჩარლზ ედენი სანდო კაცი იყო და შესაბამისად, ბონეტიც გადაურჩა დასჯას. ამის შემდეგ ბონეტი ბოფორტისკენ გაეშურა, რათა თავისი გემი და ეკიპაჟი ეპოვნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შავწვერას პირწმინდად გაესუფთავებინა ხომალდი ძვირფასეულობისა და საკვებისგან, მეზღვაურები კი უკაცრიელ კუნძულზე გადაესვა. ბონეტი შურისძიების წყურვილით აივსო, მაგრამ ტიჩს ვერსად მიაგნო. სტიდმა ისევ მეკობრეობას მიჰყო ხელი ძველ მეგობრებთან ერთად, რასაც შედეგად ის მოყვა, რომ 1718 წლის 27 სექტემბერს შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს.

ტიჩი შეუამხანაგდა მეკობრე ჩარლზ ვეინს, რომელმაც ასევე უარი თქვა შეწყალებაზე. მათ ერთად დაიწყეს მოქმედება და თან ახლდათ ისეთი სახელგანთქმული კოლეგები, როგორებიც იყვნენ ისრაელ ჰენდსი, რობერტ დილი და კალიკო ჯეკი. ამ სიახლემ ააწრიალა ახლომდებარე კოლონიების მთავრობები. პენსილვანიის ხელმძღვანელობამ მათ შესაპყრობად გემები გაგზავნა, მაგრამ ხელი მოეცარათ. მალე შავწვერამ ვირჯინიის მმართველის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სპოტსვუდის ყურადღებაც მიიპყრო. სპოტსვუდი ფიქრობდა, რომ მეკობრეები ჩრდილო კაროლინაში იმალებოდნენ. ამის გამო მან გაავრცელა მოწოდება, სადაც იმ პერიოდის მოქმედ მეკობრეებს ჩაბარებისკენ მოუწოდა.

ალექსანდრ სპოტსვუდი

სპოტსვუდმა დააპატიმრა “დედოფალ ანას შურისძიების” ყოფილი მესაჭე უილიამ ჰოვარდი და გარკვეული სახის ინფორმაცია გამოსძალა ტიჩის ადგილმდებარეობის შესახებ. სპოტსვუდმა მისი შეპყრობა გადაწყვიტა და დაუკავშირდა საჭირო პირებს – ჩრდილო კაროლინის მმართველს ედვარდ მოსლის, პოლკოვნიკ მორის მურსა და ვაჭრობის კომიტეტის წევრებს – და დაარწმუნა, რომ ტიჩის დაჭერა ყველასთვის სახეირო იქნებოდა. სპოტსვუდი მიიჩნევდა, რომ ტიჩი განძს მალავდა, ამიტომ ოპერაციის დაფინანსება თავის თავზე აიღო. მან გემ “მარგალიტის” კაპიტან გორდონსა და “ლაიმის” კაპიტან ბრენდს ქალაქ ბათისკენ (ჩრდილო კაროლინა) გამგზავრება უბრძანა. “მარგალიტის” ლეიტენანტმა რობერტ მაინარდმა მიიღო მითითება, ორი გემით მიახლოებოდა ქალაქს ზღვის მხრიდან.

მაინარმა ბრძანება 17 ნოემბერს მიიღო. მას ჩააბარეს 57 კაცი – 33 “მარგალიტიდან” და 24 “ლაიმიდან”. მაინარდის რაზმმა ორი გემიდან უფრო მოზრდილი აარჩია და “ჯეინი” უწოდა. დანარჩენებმა აიღეს “მაწანწალა”, რომელსაც მაინარდის ერთ-ერთი ოფიცერი, გვარად ჰაიდი, ჩაუდგა სათავეში.

საბოლოო შეტაკება

მაინარდმა მეკობრეებს 21 ნოემბრის საღამოს მიაგნო, მათ ოკრაკოკის კუნძულთან ჰქონდათ ღუზა ჩაშვებული. მაინარდი იქაურობას ცუდად იცნობდა, ამიტომ მომდევნო დილამდე გადაწყვიტა მოცდა და გემებზე თვალთვალი დააწესა. ტიჩი ამ დროს სტუმრებს ართობდა და გარშემო არეალის სამეთვალყურეოდ არ ეცალა. ამ პერიოდში მას თან ახლდა ისრაელ ჰენდსი და 24 მეზღვაური გემ “თავგადასავლიდან”.

ოკრაკოკის ყურის რუკა, 1775 წელი

განთიადისას მაინარდის ორი გემი არხში შევიდა. პირველი და პატარა გემი მალევე შენიშნეს ისრაელ ჰენდსის ხომალდ “თავგადასავლიდან” და ცეცხლი გაუხსნეს. მან უკან დაიხია “ჯეინისკენ”, ტიჩმა კი “თავგადასავლის” ღუზის კაბელი გადაჭრა. ეკიპაჟმა იალქნები აღმართა და გემი მაინარდის ხომალდებს გაუსწორეს. ჰაიდმა “მაწანწალას” გეზი “ჯეინისკენ” აიღო და ყველა გემზე იუნიონ ჯეკის დროშა გაშალეს. “თავგადასავალმა” ოკრაკოკის კუნძულის პლაჟიკენ გაუხვია და ვიწრო არხისკენ გაემართა. გაურკვეველია, რა მოხდა ამის შემდეგ. ჯონსონის თქმით, დაიწყო ზარბაზნებიდან ცეცხლის გახსნა, რასაც “თავგადასავლის” მეჩეჩზე გარიყვა მოჰყვა, მაინარდმა კი ღუზა ჩაუშვა. მეორე ვერსიით, “ჯეინი” და “მაწანწალა” გაირიყნენ, თუმცა მაინარდს მოხსენებაში ამაზე არაფერი უწერია.

რაც დაზუსტებითაა ცნობილი, ისაა, რომ “თავგადასავალმა” იარაღი მიმართა და ორ გემთან ერთად შეუტია დაუპატიჟებელ სტუმრებს. გემს ზარბაზნების განლაგების ადგილი დაუზიანდა. სანაცვლოდ მაინარდმა თავისი ძალების მესამედი დაკარგა. “ჯეინზე” 20-მდე მეზღვაური დაჭრილი ან მკვდარი იყო, “მაწანწალაზე” კი – 9. დაიღუპა ჰაიდი, ასევე მისი ოფიცრების ნაწილიც, დანარჩენები კი სერიოზულად დაშავდნენ. ჰაიდის გემმა იმხელა დაზიანება მიიღო, რომ სრულიად გამოუსადეგარი გახდა. ისევ განსხვავებული ცნობებია შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. სავარაუდოდ “ჯეინისგან” გახსნილმა ცეცხლმა “თავგადასავლის” აფრის ფურცლები გახია, რამაც მისი კონტროლის დაკარგვა და საბოლოოდ ნაპირზე გარიყვა გამოიწვია. ამას მოჰყვა ტიჩის საპასუხო შეტაკება, რის შემდეგაც “ჯეინსა” და “მაწანწალას” იგივე ბედი ეწიათ და ქვიშაზე აღმოჩნდნენ.

ლეიტენანტს თავისი რაზმის დიდი ნაწილი ქვემოთ ჰყავდა დამალული და როცა მასზე ძლიერი შეტევა განხორციელდა, მზადყოფნა უბრძანა. ტიჩი ხედავდა, როგორ უახლოვდებოდნენ გემები ერთმანეთს და თავის ხალხს გამხნევებისკენ მოუწოდა. “თავგადასავლიდან” კაუჭები ისროლეს და მეორე ხომალდის კიდეს მოეჭიდნენ, ამას მოყვა ცეცხლმოკიდებული დენთიანი ბოთლების სროლა, რამაც იქაურობა კვამლით აავსო. ცეცხლი რომ შეწყდა, ტიჩი თავისი ხალხით გემზე გადავიდა, რომელიც თითქმის დაცარიელებული იყო და კიჩოზე მყოფ მაინარდის ხალხს შეუტიეს.

ამ დროს ქვედა მხრიდან ყვირილითა და სროლით ამოვარდა მთავარი რაზმი და მათმა გეგმამ, განეცვიფრებინათ და დაებნიათ მოწინააღმდეგეები, იმუშავა. ამჯერად მეკობრეები აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ტიჩმა შემოიკრიბა თავისი ერთგული ხალხი და ბრძოლა დაიწყეს გემბანზე, რომელიც დახოცილთა სისხლით იყო გაჟღენთილი. ტიჩი და მაინარდი კაჟიანი იარაღით ებრძოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ხმლებზე გადავიდნენ, რომლის დროსაც ლეიტენანტის ხმალი გატყდა.

კარგად გაწვრთნილ და რიცხვობრივადაც უპირატეს არმიას მეკობრეებმა დიდხანს ვერ გაუძლეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. ამის გამო “ჯეინის” ეკიპაჟი მაინარდისა და ტიჩის წყვილს შემოეხვია გარშემო, რამაც შავწვერას სრული იზოლირება გამოიწვია. მან მაინარდზე თავდასასხმელად გაიწია, მაგრამ ერთ-ერთმა მეზღვაურმა ხმალი მოუქნია და კისრის მიდამოში დაჭრა. შემდეგ დანარჩენები დაესხნენ თავს და ერთდროულად შეუტიეს, რამაც შავწვერა ნელ-ნელა დაასუსტა და საბოლოოდ სიცოცხლეს გამოასალმა. დარჩენილი მეკობრეები სწრაფად დანებდნენ. “თავგადასავალზე” დარჩენილები “მაწანწალას” ეკიპაჟმა შეიპყრო. შეპყრობილებს შორის იყო ერთ-ერთი მეკობრე, რომელიც დენთის ოთახისთვის ცეცხლის მოკიდებასა და ამგვარად გემის აფეთქებას აპირებდა. განსხვავებული მონაცემებია შეტაკების საბოლოო შედეგსა და ცოცხალი ძალის დანაკარგებზე. მაინარდი ცნობაში წერდა, რომ დაიღუპა მისი 8 მეზღვაური და 12 მეკობრე. კაპიტან ბრანდის ვერსიით, 10 მეკობრე და მაინარდის 11 მეზღვაური იყო გარდაცვლილი. სპოტსვუდი კი 10 მეკობრესა და 10 მეზღვაურს ასახელებდა.

მოგვიანებით მაინარდმა ტიჩის სხეული გაჩხრიკა. მეკობრეს სხეულზე მრავალი ჭრილობა ჰქონდა – მინიმუმ 5 ტყვიებისგან და მინიმუმ 20 ხმლებისგან. ლეიტენანტმა რამდენიმე წერილსაც მიაგნო, მათ შორის ტობიას ნაიტისადმი მიწერილს. შავწვერას სხეული ყურეში მოისროლეს, მანამდე კი თავი მოაჭრეს და ყველას დასანახად მაინარდის გემის ბუშპრიტზე (ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი, რომელიც გემის ცხვირიდან წინ არის გამოწეული) ჩამოკიდეს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button