ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ჩვენი წარმომავლობა

ინანიშვილები ძირძველი ხაშმელები არა ვართ. პაპაჩემის მამას რევაზს უთხოვია აქაური ოქრუაშვილების ქალი ბაბალე. ჩვენ, ჩვენა და ბიძაჩემის ოჯახს, დღესაც ოქრუაანი გვქვია.

წარმომავლობით ინანიშვილები შიგნით კახელები უნდა ვიყვნეთ, უფრო ქიზიყიდან. რევაზის მამა სასულიერო პირი ყოფილა, სამი ვაჟი ჰყოლია – რევაზი და კიდევ ორნი – კონსტანტინე და ვლადიმერი. კონსტანტინე ოფიცერი გამხდარა, ყირიმის ომში მიუღია მონაწილეობა (გვქონდა ორი იმდროინდელი მედალი), ძალიან ვიწრო ჩექმები ჰყვარებია, კორძები გასჩენია, მოუჭრია, განგრენა დამართვნია და ვეღარ უშველიათ. ამ კონსტანტინეს რუსეთიდან ერთი ნათესავისათვის სამოვარი და ჩაი გამოუგზავნია, ნათესავს უფიქრია, სამოვარი თურქული ყალიონია, ჩაი კიდევ თუთუნიაო და მოუწევიათ…

მეორე ძმა, ვლადიმერი, ერთ-ერთ პირველ ქართველ აგრონომად ჩანს. წამიკითხავს მისი რუსულად დაწერილი წიგნი. ვფიქრობ, რომ ვლადიმერი მშვენიერ ცოდნას ამჟღავნებს საქმისას. ცოლი ჰყოლია, ვგონებ, გერმანელი. ვლადიმერი ადრე გარდაცვლილა. ცოლი საქართველოდან წასულა და თან წაუყვანია შვიდი წლის ერთადერთი ბიჭი. მას მერე მათი არაფერი გაუგონია არავის.

რევაზს არ უსწავლია. იმას საბაყლოები ჰქონია თბილისში, ზედ „დვარცოვზე“, დახლებში დახლიდრები ეყენა, თვითონ კიდევ ერთი „ბოიდაღი“ (ტანადი) კაცი, – კრაველის მაღალი ბოხოხით, ყურთმაჯიანი ჩოხით, – შემოიდგამდა დოინჯს და იდგა. მეტსახელად კონუა რქმევია. ათგირვანქიანი მუშტი ჰქონებია, კრივში ღრიალით ჰყვარებია ჩასვლა და ბანებზე გადმომდგარი ქალები დასძახოდნენ თურმე: ხმის ჩაწყვეტა, კონო! ცოტა ჩუმად, გულები უსკდებათ ყმაწვილებსო. მისი ცოლის დისწული, ცნობილი ქალაქელი კალატოზი ესტატე (ომის შემდეგ იძახდა, ას ოცი წლისა ვარო) ამრეზით გვიყურებდა ყველას, – ვისა ჰგავხართ თქვენა, ბიძაჩემს ყურებზე ჰქონდა გადაწყობილი ულვაშებიო.

ერთხელ ამ კონუას საბაყლოდან ვორონცოვის ლაქიას (იქნებ სხვა მეფისნაცვლის ან მთავარმართებლის ლაქიაც იყო, მაგრამ მაშინ თბილისელები ყველას „ვარანცოვს“ ეძახდნენ) ერთი დიდი საზამთრო წაუღია. საზამთრო ლაყე გამომდგარა, ლაქიას უკან მოუტანია და „დოსტებში“ მდგარ კონუასათვის მიუხეთქებია. კონუა სასაცილოდ გაწუწულა, ერთი ამოუღმუვლია, ერთი დაუკრავს იმ ლაქიისათვის და „თავის ქვეყანაში სულად გაუმგზავრებია“. ესაც ესტატეს სიტყვებია.

რაღა თქმა უნდა, რევაზი გაუციმბირებიათ. დიდხანს ყოფილა კატორღაში, ხოლო, იქიდან რომ დაბრუნებულა, თბილისში აღარც საბაყლოები ჰქონია, აღარც სახლი. მის ცოლს, ბაბალეს, ოთხი ბავშვი, სამი ვაჟი და ერთი ქალი, თავის სამშობლოში, ხაშმში წაეყვანა, იქ ეწეოდა, თურმე, კატორღელის მეუღლის ჭაპანს. ბოღმით გაგუდული რევაზი ვენახებს მისდგომია, მუშაობდაო, სანახავად უვლია ხალხს. თან სვამდა თურმე. წლისთავზე გაციებულა ნასვამი, ოფლიანი, არ დაწოლილა, ვენახში ამოსვლია სული. საწყალი ბაბალე ახლა ქვრივის ჭაპანში შებმულა. ქმრის დაკრძალვისათვის ნათლია მღვდლისაგან უსესხნია 30 მანეთი. ჩემს ახალგაზრდობაში მინახავს ეს ქაღალდები. მეორე წელიწადს 30 მანეთი უკვე სამასია. ამ ვალის მარტო სარგებელში ყოველწლიურად სამი-ოთხი საპალნე ღვინო მიჰქონებია მღვდელს ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, სანამ საბჭოთა ხელისუფლება არ დამყარებულა საქართველოშიც. შემორჩენილი გვაქვს ბაბალეს ჩანაწერები დათარიღებული ჩყპც – 1888 წლით, რა როგორ იყო და რაში რამდენი გადაუხდია. აი, ორი პატარა ადგილი: 1. „მაისში რომ ქალაქ წავედი, ოთხი აბაზი გვარიძეს მივეცი, ორი აბაზი წყალში რომ გამიყვანეს, იმათ მივეცი, ერთი აბაზით გზაში პური ვაჭამევი, იქიდან რომ წამოვედი, ექვსი აბაზი უჯარმელ კაცს მივეცი“. 2. „თორმეტ თვეს სულ რაზბორი იყო. თვეში ორჯერ მივდიოდი ქალაქშია, მთელი სოფელი მხედამდა: ზოგჯერ თუ ფული მეხარჯებოდა, ბევრჯერ ჩემ ჯანსა ვხარჯამდი და ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი“. სულ იგრძნობა, რა ცრემლის ზღვაც მდგარა ამ ჩანაწერების უკან.

პაპაჩემი ივანე ადრე დაუქორწინებიათ ჩვენუბნელსავე ქალზე, ხატიაშვილ ნინოზე (აი, ამ ხატიაშვილებსაც ჰქონიათ პრეტენზია კაწარეთელთა შთამომავლობაზე). ყოფილან ესენი მესაქონლენი და პურის მომყვანნი. საოცრებას წარმოადგენდა მათი ვეება მარნის მუხის დედაბოძი და თავზე – შემკული ჩუქურთმებით. ინანიშვილები და ოქრუაშვილები, თურმე, მაინც ცხვირს უბზუებდნენ ბებიაჩემ ნინოს, გარეგნულადაც, ალბათ, დიდად თვალმახარას არა (შავგვრემანი იყო, ტანმომცრო), მაგრამ ბებიაჩემი ამაყად იტყოდა ხოლმე, – ამათ წიგნი იცოდნენ ყველამა, სამაგიეროდ, მე ორმოცი თუმანი მარტო ქრთამი მქონდა, მზითებში კიდევ სხვაო. „წიგნი“ ბებიაჩემმაც იცოდა და კარგადაც, ბუნებით ხომ, ახლა რომ ვფიქრობ, გამორჩეული იყო ყველასაგან. ოცდასამი წლისა დაქვრივებულა, ოთხი შვილი დარჩენია. მაგრამ ერთხელ, ცამეტი წლის რომ ვიყავი, ეშმაკად ასეთი რამე წამცდა, – რა გული გაგისკდა-მეთქი, – და მთელ დღეს იტირა, ეგ როგორა მკადრეო. თავისთვის ჰქონდა რვეულები, ბლოკნოტები, შიგ ეწერა რევოლუციური სიმღერები, ლექსები. იქნებ საკუთარი ლექსებიც? ვაი, რომ ახლა მთლიანად დაკარგულია ჩვენი ძველი ქაღალდები! არადა, თვითონ როგორ უფრთხილდებოდა…

ერთი ეს მახსოვს მის მეუღლეზე თქმული: მთელი დესეტინა ყარაბულახის ვენახს რომ გვიყიდიდნენ „ტორგში“, ის იჯდა და „დავითიანს“ კითხულობდაო.

ცალკე თავი, ცალკე თავი ბებიაზე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button