ლიტერატურასაკითხავიწიგნები

ბნელი კოშკი – რა? სად? როდის?

ინტერნეტ სივრცეში გადავაწყდი ამ წიგნის 2 სიტყვით დახასიათებას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა – ,,მომაკვდინებელი ფენტეზი“ და მაშინვე ჩემში გაჩნდა ამ ნაწარმოების წაკითხვის დაუოკებელი სურვილი. ბუნებრივია, თავიდან შეიძლება შეჭოჭმანდეს მკითხველი იმ ფაქტის გამო, რომ წიგნი მოიცავს 7 ტომს, რომელიც ჯამში 4000 გვერდს(შესაძლოა მეტსაც) შეადგენს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ადამიანი ამ შედევრის კითხვას დაიწყებს, იგი იძულებული გახდება ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული მოგზაურობა.

პირველ რიგში, რაც აღსანიშნავად შეიძლება ჩაითვალოს, ეს წიგნი ეკუთვნის თანამედროვე მისტიკა, ტრილერი, ფენტეზის უბადლო ოსტატს, სტივენ კინგს, რომელიც მხატვრული სიტყვის მართლაც ვირტუოზია. ამას ემატება ის ფაქტი, რომ კინგს როდესაც დაუსვეს კითხვა რომელ ნაწარმოებს გამოარჩევდა იგი თავისი შემოქმედებებიდან, მან არჩევანი დაუყოვნებლივ ,,ბნელ კოშკზე” გააკეთა და დასძინა, რომ ეს არის მისი წიგნების დასაწყისიც და დასასრულიც, ბნელ კოშკს უწოდა მან თავისი შემოქმედების პიკი. მართლაც უდავოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მწერლის ეს შემოქმედება თავის ჟანრში ერთ-ერთი ყველა საუკეთესოა და არაფრით ჩამოუვარდება სხვა ბესტსელერ, გრანდიოზულ ნაწარმოებებს, რომლებმაც ფენტეზის ჟანრის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. თუმცა აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბნელი კოშკი არ არის 
ერთი ჟანრის წარმომადგენელი, იგი აერთიანებს ფენტეზის, მძლავრ ექშენს, ვესტერნს(გარკვეულწილად), ფსიქოლოგიური დრამისა და ზოგადფილოსოფიური ჟანრის ელემენტებს, რომლებიც უხვადაა გაბნეული მთელ წიგნში. ზოგადად როდესაც ადამიანს არ აქვს რამე წიგნი წაკითხული , მას ეუბნებიან რომ წინ პირველად წაკითხვის მთელი სიამოვნება გელისო(დოჩანაშვილისეული ვერსია), თუმცა ამ წიგნში ცოტა სხვანაირადაა. დიდი სიამოვნებასთან ერთად ძალიან დიდი უსიამოვნების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მკითხველი, ვგულისხმობ იმ სიუჟეტურ ფსიქოლოგიურ წნეხებს, რომელთა თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგანაც ნაწარმოები მკითხველს მთლიანად ითრევს მის უძირო მორევში.

სანამ წიგნის მახასაითებლებზე და გავლენებზე გავაგრძელებდე საუბარს, მანამდე აჯობებს მოკლე სიუჟეტური ხაზი წარმოგიგინოთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ რასთან გვაქვს შეხება. კინგის ,,ბნელ კოშკისეულ“ რეალობაში არსებობს უამრავი სამყარო, რომელთა ჰარმონიულ თანაარსებობას განაგებს ყოვლადამოუცნობი მატერია, რომელსაც ბნელი კოშკი ეწოდება. ნაწარმოების მთავარი გმირი კი თვლის რომ მისი ცხოვრების ერთადერთი ამოცანა, რისი ამოხსნისთვისაც ის დაიბადა(შეიქმნა) , არის ამ კოშკის აღმოჩენა, იგი წარმოადგენს მისი ცხოვრების საზრისს , იდეას, კრედოს , დაუოკებელ სურვილს , რომლისთვისაც იგი მზადაა გასწიროს ყველაფერი. დათმობს საკუთარი ვნებები და სურვილები ანუ მეტაფორულად რომ ვთქვათ, შეპყრობილია ცნობისმოყვარეობის დემონით, რაც მოსვენებას არ აძლევს. პირველი ტომი კი სწორედ ნაწარმოების მთავარ გმირზე, როლანდ დისქეინზე მოგვითხრობს . გაიცნობთ მის მასწავლებელს , რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი როლანდის ფრომირებაში. აქ გაიგებთ, როცა სასწორის ერთ პინაზე კოშკის აღმოჩენა დევს , მეორე მხარეს საპირწონედ გაცილებით უფრო დიდი რამის დადება უწევს ადამიანს, გაცილებით დიდი რამის გაწირვა ხდება აუცილებელი ვიდრე წარმოგიდგენიათ. დანარჩენს კი როცა წაიკითხავთ თავად გაიგებთ.

ბუნებრივია ყველა ადამიანი საცოდავია მარტოდმარტო, მეგობრის გარეშე და ეს კარგად იცოდა კინგმა, სწორედ ამიტომ მეორე ტომში როლანდს ეძლევა ის სიხარული, რასაც მეგობრის(მეგობრების) ყოლა ჰქვია, თუმცა აქვე მინდა გითხრათ , რომ ამ ნაწარმოებში , როგორც რეალობაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ამ მეგობრების აღმოჩენაც გარკვეული მისია იყო როლანდისთვის, გარკვეული გასაღები ბნელი კოშკისთვის(რომლებიც საკმაოდ ბლომადაა ). ის თუ რას გადაიტანს და როგორ შეასრულებს ამ მისიას , თავად გაიგებთ მეორე ტომის წაკითხვისას. აქ მინდა იცოდეთ რამდენიმე ტერმინის შესახებ, რომელიც დაგჭირდებად ამ წიგნის გასაგებად. ,,კა“ – ბედი, იღბალი, დანიშნულება(თეოლოგიაში ღმერთი შეიძლება ეწოდოს). ,,კა-მაი“- კას სულელი, ანუ ბედს, იღბალს , რაღაც დანიშნულებას დაქვემდებარებული ადამიანი. ,,კა-თეტი“- გუნდი, რომელთანაც კამ ერთად ყოფნა გარგუნა , რომლებიც გეხმარებიან სიძნელეების დათრგუნვაში. ჯერჯერობით ეს საკმარისია.

რა თქმა უნდა , მეგობრების აღმოჩენა მხოლოდ მცირედი სიხარული იყო, რომლის საზღაური მხოლოდ საშინელი ტანჯვა-წამების მიღებაა, რისი გადატანაც როლანდის კა-თეტს უწევს მესამე ტომში. ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში მოგზაურობაც ერთგგვარი გასაღებია კოშკისკენ მიმავალი, ტანჯვით აღსავსე გზის, თუმცა ,,თვით ჯოჯოხეთშიც არის ნათელი“, აქედან გამომდინარე იქაც ხდება(თუმცა იშვიათად) ისეთი მომენტები, რომელიც მკითხველს იმედის ნაკვერჩხალს გაუღვივებს, რომელიც კოშკისკენ მიმავალი ჯოჯოხეთური გზის გავლაში აუცილებელი საგზალია. დანარჩენს თავად გაიგებთ. აქ მინდა გითხრათ, რომ მე არანაირ სპოილერს არ დავწერ აქ, ვინმე თუ კვდება, ან რამე მნიშნველოვანი მომენტი თუ ხდება, მე უბრალოდ წარმოდგენას შეგიქმნით წიგნზე, დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული. აქ იძენს როლანდი ერთ მეგობარს, ძალზედ უცნაურს, რომლიც კა-თეტში წარმოდგენა ერთობ რთული საქმეა, თან აკუთნებენ, თან არა, მაგრამ ბოლოში ამის ზუსტი პასუხია. ასე რომ ესეც სპოილერი იქნება თუ დავწერე. მესამე წიგნი მართლა ძალიან უცნაური და ამასთანავე დაუვიწყარი მოვლენებით არის აღსავსე.

სიყვარულის გარეშე ძნელია რამე ფონს გახვიდე ცხოვრებაში, ასევე კინგისეულ სამყაროშიც. მწერალს აუცილებლად უნდა შემოეტანა სიყვარულის ცნება წიგნში, ამიტომაც მეოთხე ტომი მთლიანად როლანდის სასიყვარულო ისტორიებს დაუთმო, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა . როლანდის პირველი და უკანასკნელი სიყვარული(შეიძლება შემედავოს მკითხველი რომ სხვა ქალიც უყვარდა როლანდს სიუზანის შემდეგ, მაგრამ ეს სიყვარული არ იყო, ეს უბრალოდ ინსტიქტების დაკმაყოფილება გახლდათ, მე ასე მიმაჩნია), სიუზანი-Susan(არ აგერიოთ Sussanah-ში, რომელიც როლანდით კა-თეტის წევრია). როლანდის განუყრელი ძმაკაცები, პირველი კა-თეტი, რომლებთანაც როლანდს დაუვიწყარი დრო აქვს გატარებული. საკმაოდ კარგად არის გააზრებული თითოეული მისი მეგობრის მახასიათებლები, ვგულისხმობ ხასიათს, შესაძლებლობებს და ა.შ. ეს წიგნი ალბათ ყველაზე ჰუმანური ტომია მთელ შვიდტომეულში, თუმცა ვისაც კინგის ნაწარმოები წაგიკითხავთ, მხივდებით რომ სტივენი ელვის სისწრაფით, რამე უბედურებას, ტრაგიზმს აუცილებლად ,,დაანარცხებს ‘’ და ნაწარმოების კურსს მთლიანად შეცვლის. ასე რომ წინასწარ გულში რომანტიკულ გრძნობებს ნუ აინთებთ. შესაძლოა მეოთხე წიგნი მოსაწყენად მოგეჩვენოთ სხვა ტომებთან შედარებით(როგორც მე), მაგრამ ნამდვილად საინტერესოა რომ დაუფიქრდები.

როგორც ყველაფერს , ამ სასიყვარულო ისტორიასაც აქვს დასასრული(როლანდი ამთავრებს თავის სასიყვარულო ამბის მოყოლას) და მკითხველი უბრუნდება სასტიკ რეალობას, სადაც სრული წყვდიადია(მცირედი გამონათებებით) გამეფებული და კა-თეტი იძულებულია ერთმანეთი ხიდებად გამოიყენონ და ასე გადალახონ გაჭირვებით ყველა ის დაბრკოლება და გასაჭირი , რასაც კოშკის გზა უმზადებს. ამ ნაწილში ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, კალაჰანი, რომელსაც საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს. სწორედ ამ გმირზე(და არა მარტო ამ გმირზე) კინგმა დაწერა დამოუკიდებელი ნაწარმოები ,,The Salem’s Lot”, რომლის დაწერის მიზეზი იყო სწორედ ბნელი კოშკის მეხუტე ტომის არსებობა. როლანდის გუნდს(კა-თეტს) კი უჩნდება სრულიად ახალი მისია, სოფლის დაცვა, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ე.წ. მგლები უტევენ, ბავშვები მიჰყავთ და სრულიად ურეცხავენ საზრისს, გონებას და მანქანებად აკეთებენ. აქ მძლავრად იგრძნობა კინგის შემოქმედებაზე კომიქსების და ჰარი პოტერის გავლენა, რომელსაც თავად ინტერვიუშიც ამბობს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. საინტერესო კი ისაა, რომ მართლა კარგად აქვს ეს გავლენა გამოყენებული. აგრეთვე სერიოზული გავლენა იგრძნობა ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიიდან, რამდენიმე ნიუანსს სახეშეცვლილად იმეორებს.(მაგალითად ,,ლოტროს“ სამყაროში არსებობს შვიდი ბეჭედი, რომლებსაც სხვადასხვა ძალა გააჩნია, ხოლო კოშკისეულ სამყაროში არსებობს 13 სფერო, ანალოგიური ძალების განაწილებით. ამ სფეროდან მხოლოდ ერთის შესახებ არის მოთხრობილი მეხუთე ტომში. ესაა ,,Black Thirteen” ). მეხუთე წიგნის ბოლოს კი ხდება ისეთი მომენტი, რომლის ,,გამოსწორებაზეა“ აწყობილი მეექვსე წიგნი. თუმცა სანამ უშუალოდ მექქვსეზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ერთი მნიშნველოვანი საკითხი მოგახსენოთ. კინგის ,,ბნელ კოშკისეულ სამყაროში“ ძალიან საკრარული და ნიშანდობლივი რიცხვია 19. რიცხვი 19 ბევრ რამეს განსაზღვრავს პერსონაჟთა ცხოვრებაში, ესაა რიცხვი ფენომენი, რომელიც ზოგჯერ უბედურების მომტანია, ზოგჯერ გარკვეული წინასწარმეტყველება, ზოგჯერ ჭეშმარიტებისა და კოშკისკენ მიმავალი გზის გასაღები. არ ვიცი რატომ აიღო ეს ციფრი, მაგრამ იგი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ,,კა“-ს ცნება. ,,კა“ საკამოდ უცნაური მოვლენაა. კინგს ის განმარტებული აქვს როგორც ,,ბორბალი“, რომელიც შეცდომების შემთხვევაში ადამიანს უკან აბრუნებს და ხელახლა აძლევს საშუალებას გამოასწოროს რაღაც, წარმატების შემთხვევაში კი ფართოვდება, რაც კარგია. თუმცა კა მომენტებში სასტიკიცაა. სწორედ მის სისასტიკეზეა აწყობილი მეექვსე წიგნი. ერთ ერთი პერსონაჟი(არ დავასახელებ რომელი, თუმცა სათაურის მიხედვით ადვილი მისახვედრია) დემონის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, უფრო სწორად დემონი შედის მასში და პარალელურ სამყაროში მიაქანებს, რისთვის და რა იყო მიზეზი, ეს თქვენთვითონ ნახეთ. როლანდის დარჩენილი კა-თეტი კი მის მოსაძებნად ახალ თავგადასავალს იწყებენ(რომელიც თავის თავში კოშკისკენ მიმავალ გზას გულისხმობ) . მეექვსე თავიდან იწყება სერიოზული ტრაგიზმი. ხდება მნიშნველოვანი მომენტები, რაც სერიოზულ ემოციებში დატოვებს მკითხველს. ეს არის თავი სადაც როლანდის გუნდი ბევრ რამეს მიხვდება. კიდევ ერთხელ მიხვდებიან, რომ ერთმანეთი ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს და სწორედ ერთმანეთის ხარჯზე შეძლებენ მისიის შესრულებას. აქ შევჩერდები მეექვსე ტომის შინაარსზე, თორემ შეიძლება სპოილერი დამეწეროს.

,,გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა
გარდახდეს, გავლეს სოფელი- ნახეს სიმუხთლე ჟამისა“
ეს უფრო შეესაბამება მეშვიდე ტომს, თუმცა რაოდენ დამთავრდა ამბავი, ეს ცალკე თემაა, რომელის ცალკე განხილვისთვის მრავალი გვერდი იქნება საჭირო. მეშვიდე ტომში როცა გარკვეულ ადგილამდე მიხვალთ, კინგი ასეთ რამეს წერს , რომ ამიერიდან, პატივცემული მკითხველო, ამბები ელვის სისწრაფით წარიმართება, ისეთი ფაქტები მოხდება, რომ ყველა უზომო გაოცების მორვში აღმოჩნდებითო(აქ აკონკრეტებს რა ხდება, თუმცა მე თავს შევიკავებ). კინგს მართლა არ ცოდნია ტყული. თუმცა იმ დონის მოქმედების განვითარებას ვერ წარმოიდგენდა კაცი, რა დონის ცვლილებებიც იქ მოხდა. არ გეტყვით პოულობს თუ არა საბოლოოდ როლანდი თავის კოშკს, თუმცა ერთი რამე კი ცხადი გახდება. როლანდი ამ ნაწარმოებში , ფაქტობრივად, ყველაზე ტრაგიკული პიროვნებაა. ბოლო რამდენიმე გვერდის წინ მწერალი ასეთ რამეს წერს, ურჩევს მკითხველს რომ აღარ წაიკითხოს ბოლო გვერდები, თორემ იმ დონის იმედგაცრუება , იმ დონის ტკივილი იქნება რომ სერიოზულ შოკს მიიღებს ადამიანი. კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი იმას, რომ ბნელი კოშკისკენ მიმავალ გზას რომ დაადგები, მისი ბოლომდე მიყვანა მოგიწევს აუცილებელად, ან დაიღუპები ან მიაგნებ, სხვა გამოსავალი არ არსებობს ცა და დედამიწაც რომ შეერთდეს. აი რა წერია ბოლო გვერდებზე, კი ეს უდიდესი სპოილერი იქნება რომ დავწერო, წიგნის მუღამი დაეკარგება ყველა ადამიანს. ჯობია თქვენთითონ მიხვიდეთ აქამდე ან შეგიძლიათ გაჩერდეთ იქ , სადაც ავტორი რეკომენდაციას გაძლევთ.
ამრიგად სტივენ კინგის ბნელი კოშკი არის ეპიკური ჟანრის , ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები , რა თქმა უნდა , თავის ჟანრში(დეტექტივს ვერ შეადარებ აბა). ნაწარმოებიდან ერთი რამ ცხადად ირკვევა, კოშკისკენ მიმავალი გზა სერიოზული გამოცდებით, ტანჯვით, სიმწარით და მწუხარებით სავსეა. სადაც იმედი ფაქტობირივად არ არსებობს, თუმცა იმედის სწორედ ის მცირედი ნაწილი , რომელიც სიტყვა ,,ფაქტობრივად”-მა დატოვა, აძლებინებს მკითხველსაც და იმ მთავარ პერსონაჟებსაც, რომელთა კისერზეცაა მთელი ის გაჭირვება და ტკივილი, რაც კოშკის გზას ახლავს თან.

წიგნების ჩამონათვალი თანმიმდევრობით:
• The Gunslinger
• The Drawing Of The Three
• The Waste Lands
• The Wizard And Glass
• The Wolves Of Calla
• The Song OF Sussanah
• The Dark Tower
• The Wind Through The Keyhole(ეს უშუალოდ სიუჟეტური არ არის, უბრალოდ დამატებაა 2012 წელს გამოსული) უნდა იყოს Wizard And Glass-ის შემდეგ შინაარსობრივად.)
არსებობს კომიქსებიც ამ წიგნზე. საკმაოდ საინტერესო. მინდა აღვნიშნო რომ ქართულადაც დაიწყეს ამის თარგმნა, ნათარმგნია პირველი ნაწილი, მეორე გამოვა წელს, ხოლო შემდეგ 2, ანუ მესამე და მეოთხე ტომი კი მომავალ წელს. მადლობა დიოგენეს.

მეხუთე ტომში წაიკითხავთ ერთ სიმღერას, რომელიც შემდეგ თავებს ფონად მისდევს , რეალობაში შეგიძლია მოისმინოთ შემდეგ ლინკზე:http://www.youtube.com/watch?v=RN0TxDa-SX8 სასიამოვნო მოსასმენია. თუმცა სერიზული აზრი და ნამიოკები დევს შიგნით, არ არის ჩვეულებირივი ინგლისური, გამოყენებულია ე.წ. High Speech `, ანუ ფაქტობრივად მწერლის გამოგონებული ენა, უშუალოდ სიუჟეტურად კი უძველესი ენა შუა სამყაროსი, სადაც ძირითადი მოვლენები ხდება. ეს იყო ენა რიტუალების და მაგიის. უბრალო მოკვდავმა ეს არ იცოდა. ხოლო მსროლერებს(Gunslinger)-ებს კი ჰქონდათ ამის სწავლის შესაძლებლობა. ნაწარმოებში ვხვდებით მეტყველების სამ ფორმას:
1. ჩვეულებრივი ენა
2. Low speech
3. High speech
1-ჩვეულებრივი ენაში იგულისხმება სალაპარაკო ინგლისური.
2-Low speech- ეს არის შუა სამყაროს ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა, ოდნავ განსხვავებული გრამატიკული წყობით. თუმცა აღსანიშნავია ის , რომ ამ ენის დამახასიათებელია უნიკალური ფრაზები და გამოთქმები. მაგალითად: ,, I have forgotten the face of my father“ , საკმაოდ საინტერესო გამოთქმაა, ბნელ კოშკში მამის კულტი ძალიან ძლიერია. მამა არის სინდისის და მორალის მიწიერი განსახიერება, რომელზეც დაფიცება უმტკიცესია და მისი გატეხვა სიკვდილის ტოლფასია. აგრეთვე გამოთქმა ,, I cry your pardon“ ეს ბოდიშის ვარიანტია. აგრეთვე ,,Thankee Sai” რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, უმეტეს წილად კი მადლობის აღმნიშვნელია.
3-High speech-ზე უკვე ვისაუბრეთ.
ნაწარმოების ბოლოს ნახავთ პოემას: CHILDE ROLAND TO THE DARK TOWER CAME, რომელიც იყო კინგისთვის ამ ნაწარმოების დაწერის უმნიშნველოვანესი ბიძგი. ლინკი აგერ არის დაინტერესების შემთხვევაში : http://www.bartleby.com/246/654.html
აქ კი მინდა დავდო ერთი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ სპოილერი, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მაინც ნახვა, თუმცა არ შემიძლია არ დავდო:
http://www.youtube.com/watch?v=dn9MiXZ7x-o თუმცა გამოთქმა და სიტვყებს შორის პაუზები უფრო სხვანაირი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით.
მოკლედ ესაა ის მცირედი ინფორმაცია რაც ამ წიგნზე შეიძლება დაწერილი ყოფილიყო. ფაქტობრივად სპოილერი არ არის არსად, თუ არ ჩავთვლით ზემოთ დადებულ იუთუბის ლინკს. ვფიქრობ საკმარისად დავაინტერესე მკითხველი ამ ინფორმაციით. დანარჩენი კი მათი განსჯის საგანია.

ავტორი: გიორგი წერეთელი

Via
celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button