უცნაურიფლორა & ფაუნა

მფრინავი თევზები

მფრინავი თევზის ნახვა ოკეანეების თბილ წყლებშია შესაძლებელი მსოფლიოს მრავალ ადგილას, განსაკუთრებით ტროპიკულ და სუბტროპიკულ არეებში. ტორპედოს ფორმის სწორი სხეული ეხმარება თევზს, განავითაროს საკმარისი სიჩქარე, რათა გაარღვიოს წყლის ზედაპირი, ხოლო დიდი, ფრთების მსგავსი მკერდის ფარფლების მეშვეობით ჰაერში განავარდებას ახერხებს.

მეცნიერთა ვარაუდით, ამ არსებებს ეს უჩვეულო უნარი გამოუმუშავდათ იმისთვის, რომ ადვილად დაეძვრინათ თავი მტაცებლებისგან, რომელთა სიმცირესაც ნამდვილად არ უჩივიან. მათ მტრებში შედიან სკუმბრია, თინუსი, შიმშერი, მარლინი და სხვა მსხვილი სახეობები. საკვებად მფრინავი თევზები იყენებენ მრავალგვარ წვრილ-წვრილ არსებებს, მათ შორის პლანქტონებს.

დღესდღეობით მფრინავი თევზების 40-მდე სახეობაა ცნობილი. საჭირო და მოხერხებული მკერდის ფარფლების უკან მათ ორად გაყოფილი კუდი აქვთ, რომლის ქვემოთა ნაწილიც ზემოთაზე გრძელია. ბევრ სახეობას აქვს გაფართოებული მენჯის ფარფლები და ამის გამო მათ უწოდებენ ოთხფრთიან მფრინავ თევზებს.


მფრინავი თევზები სიგრძეში ზოგჯერ 45 სმ-მდე აღწევენ. მათ იმდენად მაღლა შეუძლიათ განავარდება, რომ შესაბამის ადგილებში გავლისას მეზღვაურები ხშირად პოულობენ ამ არსებებს გემბანზე. აფრენის, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, სრიალის პროცესი, იწყება წყალქვეშ ძალის მოკრებითა და მაქსიმალურად დიდი სიჩქარის განვითარებით – დაახლოებით 70 კმ/სთ-ის მაჩვენებლამდე. შემდეგ მიმართულებას იცვლიან ზემოთკენ, აპობენ წყლის ზედაპირს და ჰაერში იწყებენ ‘ფრენას’ კუდის სწრაფი მოძრაობით, სანამ ის (კუდი) ისევ წყალქვეშაა. ამის შემდეგ თანდათან სცილდებიან წყალს და მთლიანად ჰაერში გადაინაცვლებენ ხოლმე, რომლის დროსაც სიმაღლეში ზოგჯერ 6 მეტრამდე აღწევენ. სასრიალო მანძილმა შეიძლება 200 მეტრი შეადგინოს, თუმცა ტიპიური მაჩვენებელი 50 მეტრამდეა.

მას შემდეგ, რაც ისევ მიუახლოვდება წყლის ზედაპირს, მფრინავი თევზი იწყებს კუდის ქნევას და ჯერ კიდევ აგრძელებს ნავარდს წყალში მთლიანად ჩახტომამდე. თუმცა ამის შემდეგ მფრინავ თევზს დაბრუნების მაგივრად შეუძლია ისევ ჰაერში ახტეს და ამგვარად რამდენიმე ჯერი გადააბას ერთმანეთს. დაფიქსირებულია შემთხვევა, რომ მფრინავმა თევზმა წყლიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ 400 მეტრი გაატარა ჰაერში. იმისთვის, რომ არ ჩამოვარდეს, მფრინავი თევზი წამში 70-ჯერ იქნევს კუდს.

მფრინავ თევზებს იზიდავთ სინათლე, ისევე როგორც ზღვებისა და ოკეანეების მრავალ მობინადრეს. ამ ხრიკის მეშვეობით გამოცდილი მეთევზეებისთვის პრობლემა არაა დიდი რაოდენობით მფრინავი თევზების დაჭერა. ისინი ავსებენ კანოეს წყლით იმ დონეზე, რომ თევზები ჩაეტიონ, მაგრამ საკმარისი არაა იმისთვის, რომ უკან გადახტომა შეძლონ. შემდეგ ნავს უმაგრებენ მანათობელ სატყუარას და მალე ათობით მფრინავი თევზი გროვდება კანოესთან. თუმცა თევზაობის დროს მთვარე არ უნდა ანათებდეს.

კომერციული მიზნით მფრინავ თევზებს იჭერენ იაპონიაში, ვიეტნამსა და ბარბადოსში, ასევე ინდონეზიასა და ინდოეთში. იაპონურ სამზარეულოში ამ თევზებს ხშირად აშრობენ და ისე ინახავენ. იაპონური მფრინავი თევზის (Cheilopogon agoo) ქვირითი გამოიყენება გარკვეული ტიპის სუშის დასამზადებლად, რომელსაც ტობიკო ეწოდება. მფრინავ თევზებს აქტიურად აგემოვნებენ ორქიდეის კუნძულზე (ტაივანი) მცხოვრები აბორიგენები, ცნობილები, როგორც ტაოს ხალხი. მფრინავი თევზი ბარბადოსის ეროვნული კერძის, კოუ-კოუს შემადგენელი ნაწილია. სოლომონის კუნძულებზე მათ ჰაერშივე იჭერენ კანოედან ბადის მოქნევით.

2008 წელს იაპონელმა მეთევზეებმა გადაიღეს მფრინავი თევზის 45 წამიანი ნავარდი, რაც რეკორდული მაჩვენებელია – მანამდე გადაღებული ვიდეოებიდან ყველაზე ხანგრძლივი 42 წამი იყო.

ამ მომენტისთვის მფრინავ თევზებს არ გააჩნიათ საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსი.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button