ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – კოსმოსი

5!… 4!… 3!… 2!… 1!… სტარტი! საფრენი აპარატი ოდნავ შეირყა, შეზანზარდა, ქვემოდან მიწოლა იგრძნო, საზურგეს გაეკრა. ეს არ იყო ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდი, ოც წამში სიჩქარის მაქსიმუმს რომ აღწევს და მერე უწონადო მდგომარეობაში გადასულები, კაპიტნიან-ეკიპაჟიანად ხომალდის სივრცეში დალივლივებენ. ეს ზესიჩქარის კოსმოსური ხომალდი იყო, რომელსაც სინათლის სიჩქარეზე ბევრად სწრფად უნდა ეფრინა და სიჩქარის მუდმივად ზრდის გამო, პილოტი, მთელი ფრენის განმავლობაში, საზურგეს იქნებოდა მიკრული.
ამ ბოლო დროს, რაც კოსმოსურ ხომალდებში ატომური საწვავის გამოყენებამ სიჩქარე მკვეთრად გაზარდა, მეცნიერებმა დაინახეს, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ სინათლის სიჩქარე ზღვრული იყო, მცდარი აღმოჩნდა და ზღვარი ბევრად მაღალი იყო, ვიდრე სინათლის სიჩქარე.
კომპიუტერის მონიტორს დახედა. კოსმოდრომი მოხვდა თვალში, ოღონდ ადამიანები შენელებულად გადაადგილდებოდნენ. უცბად კადრი გაჩერდა, გაიყინა, ხომალდის სიჩქარე სინათლის სიჩქარეს გატოლებოდა და კოსმოდრომიდან წამოსული გამოსახულება და ხომალდი ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდნენ.
მონიტორზე გამოსახულება ისევ გაცოცხლდა, ამოძრავდა, ოღონდ ახლა, კოსმოდრომთან ხალხმა უკან-უკან დაიწყო სიარული. ხომალდი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მიფრინავდა და დედამიწიდან ადრე წამოსულ გამოსახულებებს უსწრებდა. მონიტორზე ხომალდის აფრენის მომენტი გამოჩნდა, შემდეგ მზადება, აი, თვითონ – უკან მოძრაობით გამოვიდა ხომალდიდან, ჩაფხუტი მოიხსნა.
კომპიუტერი თავისი გამოსახულების ძებნის რეჟიმზე დააყენა. რატომღაც მოუნდა, წარსულისთვის ედევნებინა თვალი, მითუმეტეს, რომ ფარდობითობის ახალი თეორია, განვლილ ცხოვრებაში კორექტივების შეტანის საშუალებას აძლევდა.
აგერ, საცდელი გაფრენის ხელშეკრულებას აწერს ხელს. გაჭირვებამ მიიყვანა, თორემ რა უნოდა კოსმოსში?! სიდედრს ტელევიზორში უნახავს – კოსმოსში საცდელი გაფრენის სანაცლოდ ფულს იძლეოდნენ – ცოლი შეუჩნდა
– ხომ ხედავ, შიმშილით ვიხოცებით, შენს სიცოცხლეს რა ფასი აქვს, ამ ერთხელ მაინც გამოადექი ოჯახსო! არადა, ცოლი რომ მოიყვანა, მაშინ ხომ კარგი ბიჭი იყო, განყოფილების გამგედ რომ მუშაობდა და მეცნიერებათა კანდიდატის ხელფასს – 400 მანეთს იღებდა?! აირია ქვეყანა და დაიხურა ის ინსტიტუტი. მაშინ უკვე ორი შვილი ჰყავდა. ხან ჯიხურში ყიდდა სიგარეტებს და ხან ტაქსაობდა, მაგრამ ცოლი სახალხოდ მაინც დებილს და კრეტინს ეძახდა. აქამდე კი მის თვალში უნიჭიერესი და უჭკვიანესი იყო.
მონიტორზე მათი ქორწილი გამოჩნდა – ნეტავ არ მოეყვანა! – დააცქერდა – მეგობრის დაბადების დღე, მათი გაცნობა. კადრი გააჩერა, მონიშნა და ამოშალა – მათი გაცნობა არ მომხდარა, ე.ი. არც ქორწილი იქნება. ვაშაა! თავისუფალია – ცოლი არ უთხოვია – ამისთვის კი ღირდა კოსმოსში გაფრენა!
დისერტაციის დაცვა, მოსკოვში ასპირანტურა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომაროვი. ნეტავ რად უნდოდა ამდენი სწავლა, რაში გამოიყენა? ტყუილად დახარჯა სწავლაზე დრო. ჯიხურში სიგარეტის გაყიდვას და ტაქსაობას დიპლომის გარეშეც მოახერხებდა. “გუგლში” ქარხანა “ელექტროაპარატი” იპოვა, მოემზადა, თავისი მოსწავლეობის კადრი ამოჭრა და ქარხანაში გადაიტანა. მორჩა, მეცხრე კლასიდან პირდაპირ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.
სკოლის პერიოდი, კლასელებისგან ჩაგვრა, ყოველდღე დაცინვა და ცემა-ტყეპა – ფრიადოსანი და “დედიკოს ბიჭი” რატომ ხარო! საავადმყოფოებში გატარებული ბავშვობა, პიელონეფრიტი, შარდით “წუწაობა”. ფეხის ადგმა, გაჩაჩხულად გადახვეული, ამოვარდნილი მენჯები, დაბადება. იქნებ ჯობდა, საერთოდ არ დაბადებულიყო, ღირდა მისი ცხოვრება ამდენ ტანჯვად? ჭკუაში დაუჯდა. “გუგლში” შორეული ბრაზილია იპოვა, კადრი მოამზადა. აგერ, დედ-მამის გაცნობა უნივერსიტიტში. მამის გამოსახულება ამოჭრა და ბრაზილიაში გადასვა. დედ-მამა ვერასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, ესე იგი, არ დაიბადება.
მონიტორზე სულ უფრო და უფრო სწრაფად გარბიან წარსულის წიაღისკენ კადრები: – ომები სპარსეთთან, ოსმალეთთან, მონღოლების შემოსევა, დიდგორის ბრძოლა, ბიზანტია, რომის იმპერია, პირველი ცივილიზაციები, პირველყოფილი ადამიანები, დედამიწაზე დინოზავრების ბატონობა, ვულკანური ამოფრქვევები, ცეცხლოვანი ბურთი…
***
მისია შესრულებულია – სინათლის სიჩქარეზე ბევრად სწრაფად იფრინეს, “ირმის ნახტომიდან” გააღწიეს და ახლა უკან ბრუნდებიან. მონიტორზე კადრები სწორად გარბიან, ოღონდ დიდი სიჩქარით.
ეკრანს დააცქერდა, კადრი ეცნო – ბრაზილიიდან სტუდენტების გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა მამამისმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამისი გაიცნო…

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button