ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – ალია საქართველოდან

“ვინც, თუნდაც ერთი
ადამიანი გადაარჩინა,
მან გადაარჩინა
მთელი სამყარო!”
ციტატა თალმუდიდან

მაშინ მე-10 კლასში ვიყავი, ცოლ-ქმარი, გივი და ნათელა ჯინჯიხაშვილები ჩვენი სახლის პირველ სართულზე რომ გადმოვიდნენ. ჩემზე ცოტა უფროსები იყვნენ, მაგრამ უკვე ორი შვილი ჰყავდათ – ქალ-ვაჟი. გივი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. ნათელას, მცირეწლოვანი ბავშვების გამო, მეორე კურსზე აკადემიური ჰქონდა აღებული. მალევე დავმეგობრდით, განსაკუთრებით, ნათელასთან მიყვარდა ურთიერთობა. გივი თუ დინჯი და გაწონასწორებული იყო, ნათელა ხალისიანი და ქარაფშუტა გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტანად დაბალი იყო, თხელი, პატარა, კოხტა გოგოს რომ იტყვიან, ისეთი. ოვალურ სახეზე დიდი, თაფლისფერი თვალბით, ჩამოქნილი, კლასიკური ნაკვთებით, თეთრი კანის ფერით და კეფაზე სავარცხლით შეკრული ხუჭუჭა, წითური თმით, ანტიკური პერიოდის მხატვრის
მიერ შესრულებულ ქალღმერთს მოგაგონებდათ.
თითქმის ყოველდღე, საღამოს ჩაიზე, მათთან ვიყავი. ჩაის ვსვამდით და თან, ათას რამეზე ვლაპარაკობდით. არ ვიცი, რამდენად აინტერესებდათ ჩემი სკოლის ამბები, თუმცა ყურადღებით მისმენდნენ და ხშირად, ჭკუასაც მარიგებდნენ. პარასკევ საღამოს სანთელს ანთებდნენ, შაბათ დილით კი, ბავშვებიანად სალოცავად სინაგოგაში მიდიოდნენ.
ერთხელ, ორი დღით სოფელში ვიყავით წასულები. მაშინ, ეზოში, მეზობლები ბინას არ ვკეტავდით, ან, თუ ვკეტავდით, ყველამ იცოდა, რომ გასაღები კარის წინ გაფენილი ფეხის საწმენდი ტილოს ქვეშ ინახებოდა. სოფლიდან დაბრუნებულებს, ეზოში ნათელა დაგვხვდა
– ნუგზარი ძია, წასულები რომ იყავით, კაბელი გასკდა. გივიმ მეზობლიდან გადმოიყვანა დენი. გამორთულ მაცივარში პროდუქტი რომ არ გაგფუჭებოდათ, ჩვენს მაცივარში გადმოვიტანეო! – უთხრა მამაჩემს.
– გაგიჟდი გოგო, მაცივარში ღორის ხორცი იდოო!
– ვიცი, მაგრამ თქვენი ოჯახი ისე გვიყვარს, ეგ რა სალაპარაკოაო! – უპასუხა ნათელამ და თაფლისფერი თვალები შეანათა.
– ახალი მაცივარი ექნებათ საყიდელიო! – თქვა მამაჩემმა, ბინაში რომ ავედით.
***
ნათელას მამა, სიმონ ფიჩხაძე, მთელი საქართველო სიმონა ურიას რომ ეძახდა, ჩია ტანის, წყნარი, არაფრით გამორჩეული კაცი იყო. სხვებივით ვაჭრობდა და ოჯახს იმით არჩენდა. ეს ის დრო იყო, უცხოური ტანსაცმელი მხოლოდ დახლსქვემოდან რომ იყიდებოდა და ცეცხლის ფასი ედო. ახლა, უცხოური ტანსაცმლის შემომტანებს ბიზნესმენებს და კომერსანტებს რომ ვეძახით, ადრე ამ საქმით სურამელი ებრაელები იყვნენ დაკავებულები და მათ ქორვაჭრებს და სპეკულანტებს ეძახდნენ. მათგან მიჰქონდათ “საქონელი” მაღაზიებს და წვრილ მოვაჭრეებს მთელს საქართველოს ტერიტორიაზე. რადგან გადამყიდველობა აკრძალული იყო, სურამში, წელიწადში ერთხელ, შემოწმება ტარდებოდა, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებული ებრაელები “საქონელს” გადამალავდნენ და შემოწმებაზე თბილისიდან ჩასული “ობხსსის” თანამშრომლები “ვერაფერს პოულობდნენ”. ერთხელაც, შევარდნაძეს დაუბარებია “ობხსსის” უფროსობა:
– თუ წინასწარ გააფრთხილებთ და კიდევ ხელცარიელები დაბრუნდებით, ყველას გაგაციმბირებთო! – შეპირებია. მოულოდნელად დაეცნენ სურამს და დიდი ოდენობით გადანახული “საქონელი” უპოვეს. სასწრაფოდ შეიკრიბნენ “საქმის” მოთავეები, რომ რაღაც მოეფიქრებინათ, ვინმეს აეღო თავის თავზე, თორემ ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში, ყველას დაიჭერდნენ, უმრავლესობას დახვრეტას მიუსჯიდნენ, კავშირები გაწყდებოდა და “საქმე” გაჩერდებოდა. იმ დღეს ვერაფერი მოიფიქრეს და მეორე დღისთვის დათქვეს შეხვედრა. იმ ღამით, სიმონა ფიჩხაძემ თავი მოიკლა და ამით მთელი მოდგმა გადაარჩინა. თვითმკვლელობის იარაღი რომ ნახეს, პირველი ტყვია არ გავარდნილა და მეორედ გადაუტენია რევოლვერი.
– საიდან, ამ ჩია კაცში ამხელა სულიერი ძალაო?! – უკვირდა ყველას.
***
მთელი ქუჩის სიგრძეზე, ტროტუარზე ჩალაგებული ხის კონტეინერები, ზედ ფანქრით მიწერილი პატრონის სახელებით: ისააკი, შალომი, ისრაელი, მოშე, იოსები, აბონი, გივი… ეს ალიაა საქართველოდან – წმინდა მიწაზე ასვლა, დაბრუნება, რასაც წინ უსწრებდა 18 ქართველი ებრაელის მიერ გაეროს ადამიანთა უფლებების კომისიისადმი მიწერილი მიმართვა. თუმცა, გული საქართველოში რჩებათ, არ ემეტებათ 26 საუკუნოვანი ძმობა, პირს გარიდებენ, რომ ცრემლიანი თვალები არ შეამჩნიო, მაგრამ უნდა დაბრუნდნენ, აღთქმული მიწა უხმობს, ელის…
– მე აქედან არსად არ წავალ, მამაჩემის გვერდით უნდა დავიმარხოო! – ისმის ნათელას აწეული ხმა. სადღაა ხალისიანი, თვინიერი და ქარაფშუტა გოგო, – კისრის ძარღვები დასჭიმია, თაფლისფერი თვალებიდან ცეცხლს აკვესებს, მოკუმული ტუჩებიდან სისინივით ისმის
– შენ წადი, მე აქ ვრჩებიო! ბავშვები ტირიან, გივი სავარძელში მოკუნტული ლუღლუღებს:
– განა მე არ მიჭირს? მაგრამ ყველა მიდის, ჩვენც უნდა წავიდეთო! – ვხვდები, რომ გივი მართალია. მეც ვთხოვ ნათელას წასვლას. როგორც იქნა, ვიყოლიებთ…
***
გივი და ნათელა აშდოდში ჩავიდნენ, შემდეგ თელ-ავივში გადავიდნენ და იქ დასახლდნენ. ნათელამ, ქართველ ებრაელთა ხელშეწყობით, “საქართველოს დახმარების ფონდი” დაარსა. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ბევრი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფონდმა საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.
იმ ავბედით 90-იან წლებში, როცა არც დენი იყო, არც გაზი, არც გათბობა და არც მედიკამენტები, საავადმყოფოებიდან კი, ძვირადღირებული აპარატურა ჯართის ფასად იყო თურქეთში გაზიდული, “საქართველოს დახმარების ფონდს”, ყოველ კვირა, თბილისიდან თელ-ავივში, თვითმფრინავით გადაჰყავდა ავადმყოფები ისრაელის სხვადასხვა კლინიკებში სამკურნალოდ.
***
2007-ში, ანდერძის თანახმად, ნათელას ცხედარი ისრაელიდან საქართველოში გადმოასვენეს და სურამში, მამამისის გვერდით დაკრძალეს.
ამ სასმისით, სიმონა და ნათელა ფიჩხაძეები მოვიგონოთო! – ფეხზე უდგებიან მამა-შვილს მადლიერი ქართველები და ქართველი ებრაელები.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button