ლიტერატურანოველასაკითხავი

არდაშელ თაქთირიძე – დედის გული

ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ეზოდან ასასვლელი კიბის პირდაპირ მდებარე კარის მარჯვნივ, შეთეთრებულ კედელზე შენიშნავდით წითელი ფანქით გაფერადებულ მოზრდილ გულს, შუაში შავი წარწერით – “ციალა, სერგო”.
***
რაც თავი მახსოვს, დიდი პაპის აშენებული სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ოლა ბაბოს მეზობლად. ერთი ტიხარი გვყოფდა შუაში ჩადგმული გაუქმებული კარით, რომლის გასაღების ჭუჭრუტანაში თუ შეიჭყიტებოდი, დაინახავდი ოლა ბაბოს საცხოვრისის მორთულობას მთელი თავისი სიდიადით.
***
მნაცაკა და ქნარიკა ტერ-პეტროსიანებმა, თავისი ქალ-ვაჟით – ოლიათი და პოღოსათი, ერთი ნაბიჯით გამოასწრეს თურქებს ყარსიდან. პირველი მსოფლიო ომის დროს, მნაცაკას რკინიგზაზე უმუშავია მეისრედ. ღამით, მორიგეობიდან სახლში დაბრუნებულს, რკინიგზელის ფარნის შუქზე, თავისი სახლის კარზე ცარცით მიხატული ჯვარი შეუნიშნავს. ეუცნაურა, ქუჩა მოათვალიერა. ჯვრები მარტო იმ ჭიშკრებზე იყო მიხატული, სადაც სომხები ცხოვრობდნენ. უგრძვნია მნაცაკას საფრთხე, მეზობლები გაუფრთხილებია, თვითონ მოუკიდია ხელი ცოლ-შვილისთვის და მთებით საქართველოში გადმოსულა. იმ ღამით, აღმოსავლეთ თურქეთის ვილაიეთებში, მილიონზე მეტი სომეხი დაუხოცავთ.
მშივრები და დაღლილ-დაქანცულები, ჯავახეთში შეუფარებია ერთ ოჯახს. ცოტა ხნით იქ დარჩენილან, მერე კი, თბილისში ჩამოსულან, ჩემი დიდი პაპისგან ერთი ოთახი უქირავებიათ და აქ დასახლებულან.
1920 წლის სომხეთ-ოსმალეთის ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ, თურქებმა სომხებზე ნადირობა დაიწყეს.
– დიმიტრი, მიშველე, რა ვქნაო?! – შეშინებული მნაცაკა ჩემს დიდ პაპასთან მისულა.
– მნაცაკ, ნუ გეშინია, ჩემი იმედი გქონდესო! – უთქვამს დიდ პაპას და რაღაც დროით, ბორჯომში, თავის სოფელში გადაუმალავს მთელი ოჯახი.
***
პაწაწინა ოთახს აივანზე გამომავალი ერთი ფანჯარა და ოთხი კარი ჰქონდა – ერთი აივნიდან შესასვლელი და სამი გაუქმებული – რომელთაგან ერთზე უკვე მოგახსენეთ – საიდანაც ვიჭყიტებოდით, მეორე ბიძაჩემის საძინებელში გამავალი, ხოლო მესამე – კოლესოვებთან გადიოდა.
***
პაპაჩემი, სიმონი, 1924 წელს კონტრრევოლუციურ მოძრაობას შეუერთდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმში იბრძოდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რაზმის წევრებს ემიგრაციაში არ გაჰყვა. მალე დააპატიმრეს. იცოდა ოჯახმა, რომ დახვრეტა არ ასცდებოდა.
– პროკურატურაში შენი ბიჭის საქმე ჩემს პოღოსასთან მოხვდა, დიმიტრი, ნუ გეშინია, ჩემი იმედი გქონდესო! – უთხრა დიდ პაპას მნაცაკამ. მართლაც, პირველმა ტალღამ გადაიარა და პაპაჩემი სიმონი ციხიდან გაათავისუფლეს.
***
ოთახის სიღრმეში, ერთ მხარეს ძველებური ნიკელის რკალებიანი საწოლი იდგა, ხოლო მეორე მხარეს – ცალკარჩამოვარდნილი კარადა. შესასვლელი კარიდან მარცხნივ, ორი დაჭედებული ლურსმანი – ტანსაცმლის საკიდის, კუთხეში მდგარი, შუაში ამოჭრილი სკამი კი, ქვეშ შედგმული ღამის ქოთნით, “უნიტაზის” როლს ასრულებდა.
***
ოლია, უნივერსიტეტის რუსული ენის ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, ტანგილამ რომ მოიტაცა. სწავლას თავი დაანება და კახეთში, ქმრის ოჯახში გადავიდა. ორი შვილი შეეძინა – უფროსი სერგო და უმცროსი – ციალა. ბედნიერი იყო, ტკბილი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ დაიწყო კოლექტივიზაცია და სოფელში დაიწყო შიმშილობაც. ხალხს ლუკმაპური ენატრებოდა. ერთ დღეს, ტანგილა ტყეში წავიდა და იქიდან ტომრით კარტოფილი ჩამოიტანა. მეორე დღესაც, მესამე დღესაც. მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებს ორმოში შეუნახავთ კარტოფილი, რომ ჩამორთმევისგან გადაერჩინათ. იმ ორმოსთვის მიუგნია ტანგილას და ეზიდებოდა სახლში. ერთ დღესაც აღარ დაბრუნდა ტყიდან, ეძებეს და ტყეში იპოვეს ქვით თავგახეთქილი.
გადმოვიდა ოლია თბილისში, მშობლებთან და ძმასთან. მალე მნაცაკა გარდაიცვალა, ცოტა ხანში, ქნარიკაც მიჰყვა. პოღოსას ცოლი არ მოუყვანია, დისშვილებს პატრონობდა. 37-ში, ისიც “შინსახკომში” გამოიძახეს და სახლში აღარ დაბრუნებულა.
***
მაღალი იყო, ტანსრული. მუდამ შავები ეცვა. თეთრი თმები ყურს ქვემოთ ჰქონდა შეჭრლი. მთელი დღე აივანზე, კუთხეში იჯდა და ეზოს გადაჰყურებდა. მე და ჩემი ძმა მის ხელში გავიზარდეთ, ისევე, როგორც მამაჩემი და ბიძაჩემი.
***
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სერგო ომში გაიწვიეს. ვლასოვის არმიაში მოხვდა. 42-ში არმია ტყვედ ჩავარდა. გერმანელებმა ვლასოვი და მასთან ერთად, არმიის ჯარისკაცები გადაიბირეს და რუსეთის გამათავისუფლებელი არმია შექმნეს. სერგო ომში დაიღუპა, მაგრამ რადგან ვლასოვის არმიაში იბრძოდა, არც საფლავი აჩვენეს დედამისს და არც ომში დაღუპულის დედის პენსია დაუნიშნეს. თავისი კარის მარჯვნივ, შეთეთრებულ კედელზე, წითელი გული დახატა და შუაში შავი ფანქრით დაწერა – “სერგო”, ცოტა ქვემოთ, წვეროსკენ კი – “გულმკვდარი დედა”.
დედა-შვილს ძალიან გაუჭირდა. შიმშილის ზღვარზე იყვნენ. ციალამ პურის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხშირად ცივდებოდა და თითქმის გამუდმებით ახველებდა. ოლიამ გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, რომ შვილი გადაერჩინა, მაგრამ ვერაფერი უშველა. კედელზე მიხატულ გულში, სერგოს ზემოთ დაემატა წარწერა – “ციალა”.
***
შეწუხება არ უყვარდა. საჭმელს რომ მივაწვდიდით, ათას მადლობად დაიღვრებოდა. სტუმრად მხოლდ მაშინ შემოდიოდა, ტელევიზორში ომზე კინო თუ გადიოდა. იტირებდა, იტირებდა, წამოდგებოდა, მადლობას გვეტყოდა და გავიდოდა.
კეთილი ქალი იყო, მოსიყვარულე. ბავშვებს გვეფერებოდა და “მომპასს” გვირიგებდა. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენთვის რამე დაეშალოს, ეჩხუბოს ან ეყვიროს, ერთი შემთხვევის გარდა, როცა კედელზე მიხატული გული პლასტილინით დავუსვარეთ.
– ეს ჩემი გულიაო! – გაგვიბრაზდა.
***
ზაფხულის არდადეგებზე, მთელი ოჯახი სოფელში ვისვენებდით, მეზობლისგან დეპეშა რომ მივიღეთ – “ოლა დეიდა ორი დღეა გარეთ არ გამოსულა და ჩამოდით, მოხედეთო!” იმავე დღეს ჩამოვედით თბილისში. სუნთქვაშეკრულმა ავირბინე კიბეები და მეორე სართულზე მის ოთახში შევვარდი. შავ კაბაში გამოწყობილ, ლოგინში მწოლიარე, გულზე ხელებდაკრეფილ ოლა ბაბოს, მუჭში, პატარა ტომარაში გამოკრული, კედლიდან ანაფხეკი თავისი “გული” ეჭირა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button