პოეზიარელიგია

ერეშ ქიგალი – სიცოცხლე არის მადლი, ვინც ნახა გემო სიკვდილის

შესავალი

1

უფალო,შენ თუ მიშველი,

ბალღი ვარ შენს წინ შიშველი,

საით მოსული სად მელი,

უშენოდ ვინ თქვა სათქმელი?

***

უფლის გარეშე იქნებ ვინმეს მართლა ჰგონია,

შეიქმნებოდა გამყარებული კოსმოგონია.

არსთაგამრგე ხოლო მიჰმადლებს წესრიგს კვლავ ხალხებს,

ათვინიერებს ცაში ღრუბლებს,ლოცავს ბალახებს.

ვინც წიაღგანვლო თიამათის წყვდიადი ვრცელი,

სამყაროს შექმნის ვინაც პირველი დადო ფურცელი,

ვინაც დაადო ყოველ საგანს თავისი ხელი

და ნამტვრევებში ვისიც არ ითქმის დღემდე სახელი,

ვადიდოთ იგი!

აამოქმედა ვინაც სიტყვები გახმოვანებით,

ვისაც არა აქვს ხნე და უსწრებს ცას ხნოვანებით,

ვინც დირიჟორის ჯოხით კოსმიურ ორკესტრს ედება,

ვისით იწყება სიმფონიური შემოქმედება.

ვადიდოთ იგი!

ვინაც სთქვა სიტყვა დაუსაბამო მდუმარებიდან,

გამოჰყო ბგერა ამღვრეული აპსუს წყლებიდან,

ვისგან ხსნას ვითხოვთ უჯამობის გაჭირვებიდან,

ვისგან მადლლს ველით სიუხვითა მოწყალებიდან.

ვადიდოთ იგი!

აახმაურა იდუმალება სიტყვებით ვინაც,

დანაწევრებულ სტყვაში ბგერას არგუნა ბინაც,

ვინაც დამუხტა სიტყვაში ნივთი აზრით და ნებით

და შეელევა გახმოვანებულს ვინც დანანებით

ვადიდოთ იგი!

გამოჰყო ვინაც წყლიდან ხმელეთი ყანა- ველებით,

პირით ამოსულს გასაქანი ვინც მეტყვეელბით

მისცა ენემით,ძალისხმევით დატვირთა ენა

და საკუთარი გაანივთა ნივთზე გავლენა

ვადიდოთ იგი!

დაგვაპურებდეს სიტყვით უფალი,სიტყვაა პური

და რაიც ითქვა მოჩუხჩუხეა წყალი ზეპური,

ზეციერ ხართნ სიტყვის ძალით შეუღლდეს ფური,

ნაყოფი იყოს ქვეყანაზედ სიტყვის დასტური.

ვინც სიტყვით მისცა საკუთარ თავს შრომით დაკვეთა,

ვინც თიამათი უპიროვნებო ბნელით განჰკვეთა.

ვინაც იხილა სიტყვის თესლიდან კვლავ მოსავალი

და უსასრულო ბნელეთიდან გამოსავალი

ვადიდოთ იგი!

ვინაც დასტოვა საყდარი იგი პირველყოფილი

და ცისგან მიწის განწვალებით ჯდა კმაყოფილი,

თესლის დატვირთვის ძალისხმევით დახუნძლა ენა,

სიტყვით მოაწყო კოსმიური ვინც გამოფენა

ვადიდოთ იგი!

ბგერა სიტყვაში სასიცოცხლო ეძიებს ბუდეს

და სიტყვის ძალით მთვარე წყალს აღძრავს,ან დააყუდებს.

არეგულირებს აღრეულ ტალღის მიდამო ქცევას

სინა,რომელიც აწესრიგებს წყლის მიმოქცევას.

სიტყვა ან მოჰკლავს,ან წაქცეულს ხელს მიაშველებს,

რამეთუ ყოველ ბედდასაზღვრულში ღმერთი მეტყველებს.

სიტყვის ქმედითი ძალა დროში არ დადუნდება

და რაიც ითქვა ბაგით, ბაგეში არ დაბრუნდება.

პირველ სიტყვას კი აქვს საწყისი და არ უჩანს ბოლო,

სიტყვაა ომის მიზეზი და ფიცის სიმბოლო,

ვინაც დაბადოს, იმისია ნება აღგვითა,

რაიც შეიქმნა ბაგით,მოისრას მხოლოდ ბაგითა.

***

საყოველთაო შთანთქმისაგან დაგვიხსნის ბელი

ქვეყნად სიცოცხლის აღმდგენი და მაუწყებელი.

ბევრმა უარჰყოს, ვით შთანთქავდაო ბელს თიამათი…

ბევრმა ბევრი სთქვას…. გაგრძელდება დროში კამათი.

გაზაფხულზე კი მკვდრეთით აღდგომის მიწყივ თვისება

შუბლმზიანისგან ბორკილთა მსხვრევას ესატყვისება,

თუმც მოშუშებას კუროს ფაშვში დრონი უნდება,

ვინც ერთხელ იშვა მზებუდობით მზით დაბრუნდება.

***

დედასთან დაბრუნებულა დაღამებული სივრცისა,

დედა ჰყავს თავად შამაშსაც მზის დედამ ესე იცისა

გამაყრუებელ მდუმარებიდან დედამ შვას შვილი,
რომ მდუმარების დაუბრუნდეს ხმებით შეშლილი.

2

ვინც თიამათის შავი ზღვებით იყო შთანთქმული

და ამარ-უთუს ყაიდაზე ჩვენშიც განთქმული,

ვინც გველეშაპი გაფატრა და მზე იხსნა გველით,

ვის გამოჩენას მოთმინებით გაზაფხულს ველით

ვადიდოთ იგი!

ვისაც მუცელში ვადის მოხდა ჯდომით მოსწყინდა

და გაზახულზე მზებუდობით ვინც გამობრწყინდა.

ვადიდოთ იგი!

არც ყველაფერი ესმოდეს უნდა სხვა ხალხში სხვა ერს,

იმის შესახებ, ვისი ხსენებაც ყველგან ვაშინერს.

ვადიდოთ ჩვენი უფალი იგი,ვადიდოთ ბელი,

ორმაცდაათი სახელი აქვს,სადიდებებელი.

იგი იგია,ვინც სიკვდილის სახლში თვით შედის

და თიამითის წიაღში აქვს მუცელი დედის.

იგია ღმერთებს შორის მთავარი უფალი -ბელი,

ხელის მომჭიდე დაცემულთა და შემწყნარებელი.

განა ყოველი რაიც მოხდა,იყო განთქმული…

იყო სიცოცხლე სიკვდილის მუცლით გინა შთანთქმული.

მანამდე,სანამ გათენდებოდა ბნელით ისანი

და დადგებოდა პირველი რთველი წელში-ნისანი.

სიცოცხლე არის მადლი, ვინც ნახა გემო სიკვდილის,

ვინაც ისანი წყვდიადისგან იპოვა დილის.

და იმ დროიდან ქვეყნიერება ზღვა იყო ოდენ,

მოზღვავებული გულისტკივილით ზღვები ბღაოდნენ.

ვინ მოთვლის ცრემლებს, ღვრიდნენ ზღვებში ზღვები რაოდენ…

ხომ არ ამლაშდა მაშინ ზღვაო,დღესაც დაობენ.

ღვთიური არსის ორი სხვადასხვა გამოვლინება

ზეგარდმო არსმა მათი ასპექტის შევცლით ინება,

ყველა დინებას ენაცვლება უკუდინება,

ქვესკნელს ჩასული მზე გულს როცა მოეფინება.

ესე გრძელდება დინება, დროში განუწყვეტელი,

რაშიც მოკვდება,იგი მისი დამბადებელი.

მზე და ნერგალი ერთმანეთით ერთმანეთს ცვლიან

სიკვდილ-სიცოცხლის როცა ბოლომდე სასმისს დაცლიან.

სიკვდლის ღმერთი სიცოცხლისად ყანას იქცევა,

მერე ნისაბას ერთხანს ისევ მიეძინება.

ერთი სიცოცხლე გარდაიქმნა სხვა სიცოცხლეში,

ამ გზით მოკვდავმა უკვდავყო ღმერთის დაკლული ლეში.

***

რომ გაემყარა მაღალ ღმერთს ძვლებად სისხლი თხევადი,

საქმეები ჰქმნა დედაუფალმა შრომატევადი.

დირიჯორობდა კაცის შექმნის მღერას ენლილი,

როგორც ღმერთებში მთავარ ღმერთად წარმოდგენილი.

სისხლით რომ ძვალი გაემყარა ღვთის იყო ნება,

ნიპურში მოხდა კაცის ხორცით აღმოცენება

ყოველი თიხა ,დალოცვილი და დაწყევლილი,

აპსუს წყლითაა გაჯერებული,თუ დანერწყვილიი.

დაკლული ღმერთის სისხლით არურუმ აზილა თიხა

ბოლოს ისევლე მიწად იქცევა,რაც იყო დიხა.

ძოღან მითებში ლეგენდად თქმულა,როგორც არაკი-

ღმერთი ყოფილა უფლისგან თურმე კაცის ზვარაკი.

სისხლი მეტია, ვიდრე სისხლი დაფის მტკიცებით,

ძვალიც კი მისი პროდუქტია სისხლშემტიცებით.

ამ აზრს ამყარებს მოღწეული დაფების ბირა,

მეხსიერება ზღვამაც რომ ვერ გადაიბირა.

იწვიმებს ხსოვნა, დაკიდებული როგორც ღრუბელი,

თუ თიამითის გამთლიანებას ისურვებს ბელი,

ოდეს მოსწავლე იტყვის-მე ვარ მასწავლებელი,

აიწყვეტს ოდეს ცოდვა როგორც ზღვა დასაბმელი.

ამბოხებული სული ვე-ილა ქვესკნელში,ველად,

სიკვდილის შემდეგ ატირდება სულის საშველად,

თუ ვერ იპოვა ხსნა, დაბრუნდება დემონი ავი,

ვითარცა ჭირი რევოლუციის და ბუნტისთავი.

3
ომის გარეშე მშვიდობა ქვეყნად ვინმემ იგუა,
თუ გაჩენილში შფოთის თავი სისხლით ქინგუა?
მისი სისხლით არს ძარღვი კაცთა გაჯერებული,
იგია იგი,გასცემდა ვისაც ღმერთთა კრებული.

ის ვინც სისხლისგან იცლება და სამსხვერპლოდ ხმება,
იმისი სისხლი ყოველ კაცში იგლისხმება.
რახან იგია ყოველი კაცის წინამორბედი,
მანვე განსაზღვრა ნაწილობრივ მოკვდავთა ბედი.

თუ ყოველ კაცში დამნაშავე ღმერთის სისხლია,
ვით დამნაშავე, გამოდის რომ ცოდვის ღირსია.
ქინგუა მთელი კაცობრიობის სისხლი მდინარი,
და ფხიზლობს ცოდვა მძინარეშიც დაუძინარი.

ცოდვა, ვით კრულვა, დაბადებული კაცის წინ არი
ჩასაფრებული.გვერდს რომ აუვლის, იგი ვინ არი?
თუმცა ყოველში ცოდვას თვალი დაუკარკლია,
ოღონდ უკაცოდ კოსმოსს მაინც რაღაც აკლია.
***

ვინც თიამათი აამხედრა,ის დაისაჯოს,
რომ ამბოხებით სხვა ღმერთი კვლავაც არ დაიხრჯოს.
რომ არ სცალოდა იგიგებთან შემქმნელს ომისთვის,
ადამიანი გაუჩენია შავი შრომისთვის.

***
და გადაწყვიტა ზეცაში ორმა,
რომ კაცს გამჩენის ჰქონოდა ფორმა.
მარდუქის გვერდით იდგა არურუ
და თიხა კაცად მან გააფორმა.

ბელით ფახარი,ვით ხელოვანი
თიხას ზელავდა.
თიხის მელამი
იდუმალების წყლებით ელავდა.

ასე რომ, კაცი ნახელავია გამოდს ორის,
იგია პირველგაჩენილი სულდგმულთა შორის.

შეაკოწიწეს ადამიანი დურგლობის სულით
და დაუსაზღვრეს მომავალი წარღვნის წარსულით,
წინამორბედი ღმერთის სისხლით ხორცი მართული.
და შექმნა-მოკლვლა,ვით არსებობის ერთი სართული.

ღმერთები ერთ ღმერთს -ქინგუს მსხვერპლად იმისთვის თმობდენ,
რომ კაცს ეკისრა,რასაც ღმერთობით უკადრისობდნენ
და რახან კაცის გაჩენას ღმერთი დასჭირდა მსხვერპლად,
კაცსაც ახსოვდეს, რომ იოლად ვერ მივა ღმერთთან.

თუ დამნაშავე ღმერთი მათთვის შეიქმნა მკვდარი,
მან ბარით ხელში აშენოს უნდა ღვთისთვის საყდარი.
რახან შრომისთვის კაცის გაჩენის ყოფილა ნება,
მიწამოქმედთა თქვეს მიწაზე მათ დაფუძნება

და კაცს, რომელიც მიწაზეა მიწათმოქმედი,
მარად ახსოვდეს, ვინ ჰყავს უფალი და შემოქმედი.

მან გაამყაროს დედამიწაზე ღმერთების ღვაწლი,
შეინარჩუნოს ყველა არხი ღვთით მონახაზი,
ყველა მდინარე,ყოველი რუ,ახაროს ვაზი,
არ გადათელოს უმიზეზოდ ბალახი ნაზი.

შრომით დახვეწოს ანუნაქების ველი და ყანა
ტაძრად ადიდოს იგი,ქვეყნად ვინც მოიყვნა.
არხთა საზღვრებში,როგორც ღვთის შვილმა,ისწავლოს ყოფა,
რაც ღმერთმა მოგვცა,აბა უღმერთოდ ვით გაიყოფა?

კაცის ვალია აზვირთოს შრომით ნისაბას ზვრები,
ოღონდ მდინარეს ხელი არ ახლოს და სცნოს საზღვრები,
არცა წაბილწოს ნამტირალევი უსაზღვრო ზღვები,
არ მოუშალს საზრდოდ მდინარე,ან ღელე სხვები.

შეინარჩუნონ ღვთის ნაქარგი, ხელი არ ახლონ,
ციდან ღმერთები ჩამოიყვანონ და შეასახლონ
კუთვნილ ტაძრებში,
სანამ ღვთის სისხლი
უჩქეფთ ძარღვებში.

კაცის ვალია ღვთის სადიდებლად იმღეროს ოდა,
კაცის გარეშე ღვთის კულტი ქვეყნად არ იქნებოდა.
ყოველ გაჩენილს ღვთის შიში რომ თან დაჰყოლოდა,
დაასკვნეს, თვალზე ცრემლით ქვეყანას მოვლინებოდა.

***
ასე დაიწყო თურმე კოსმოსში ახალი ერა,
თუ სარწმუნოა მოღწეული დაფის სიმღერა.
პირველი მეფეც განა დიაცსა მუცლითა ეშვა,
პირველი მეფე ერიდუში ციდან დაეშვა.

4-5
მინდა გიამბოთ ამბავი დაგუბებული გულისა
ამბავი ქვეყნის მიწაა,რომელიც ლერწმის უფლისა
და მოგიტანოთ ქვეყნიდან,რომელსაც ერქვა ქალამი
ქალამ-ნიანმა ზღვებითა მოზღვავებული სალამი.

ცალსახად ითქვა ამაზე
და განა აზრი ორია,
კაცობრიობის შუმერში
იწყება სვლის ისტორია.
***
შუმერი არის დედამიწაზე ყველაზე ძველი
ქვეყანა,სადაც ჩაეყარა ხალხს საფუძველი,
ნახევრადღმერთი მეფენი ჰყავდათ თურმე დღეგრძელი
და ერთ მათგანზე მოგიყვეთ მინდა ამბავი გრძელი.

ამბავი გითხრათ ძველთაძველი,დამიგდეთ ყური,
მეფისა, რომლის დინასტიას რქმევა ური.
ვისი ამბავიც მოსდებია სხვადასხვა ენებს,
მემატიანე გილგამეშად რომ მოიხსენებს.

ზღვაში შესულა,მთაზე ასულა,უხილავს სიღრმე
და სიბრძნის პოვნას შეალია მეფური სიყრმე.
ჭეშმარიტების ძიებაში დააგდო ველი,
საქმეები ჰქნა გაუგონარ და საკვირველი.

მოვაწესრიგო მსურს სათქმელი ენაზე ქართუ,
სახლში მოვსულვარ,განა ისევ ბალღი ვარ მართუ,
მეც შევიტანო ჩემი წვლილი ნამ-ლუ-ულუში,
ჩემი მდინარე გამოვყო სხვათა წყალთა ლუღლუღში.

მეც მოვისმინო, რაიც ძოღან ჩამესმის ყურში
და შევიჭვრიტო კაცობრიობის ჭიპის ჯურღმულში,
გადავიხადო გადასახადი- სამსხვერპლო წილი,
რომ მიმიძღოდეს თუნდაც პატარა და მაინც წვლილი.

მივაგო ვალი ყველა იმას,ვისაც ვუყვარდი
და ეს პოემა ხარკი იყოს ჩემგან ურვადი.
საშო ნაყოფით იცნობა და სივრცე ბოსელში,
კაცის აზრი კი სიტყვით,ანუ სხვა სამოსელში.

გითხრათ ამბავი, ვინც ნამტვრევებში იყო ნამყოფი
მარადიული სიჭაბუკის რომ ჰპოვა ნაყოფი.
ვინც დაიღალა ძებნით და ნახა სიმშვიდე სულის
და სურათები დაგვიხატა ვინაც წარსულის.

მოგიყვეთ მასზე ვინაც იხილა დასალიერი
ვინც მოჰკლა მხეცი,უძლეველზე უფრო ძლიერი,
ვინაც ყველა მთა, რაც წინ შეხვდა, გადაიარა,
ვინც უკვდავება ღმერთებთან ჯდომით გაიზიარა.

ვინც მეგობრობით იავარჰყო მიწისგან მტერი,
ცოდვის სუნთქვისგან გაანიავა ვინაც ეთერი.
ვინც საიდუმლო კარებს უმტვრია ძოღან კლიტენი,
უკიდეგანო სამყაროს ნახა ვინაც კიდენი.

ვინც სიღრმე ნახა აპსუს უფსკერო ოკეანეში,
ვინაც უძლეველს სძლია-ჩააგდო იგი შავ დღეში,
წყლით დაფარული საიდუმლო ვინაც გაიგო,
ვინც ხელთუქმნელი კვარცხლბეკი ყოველ დროში აიგო.

ვის საქმეებსაც ღაღადებენ თვით მუნჯი ქვები,
ხნით რომ უსწრებენ წარღვნას,ახსოვთ ანუნაქები.
კაცობრიობის ნახა უძირო, ვინაც წარსული,
იხილა,რასაც არც საწყისი აქვს,არც დასასრული.

ვინაც იხილა ენქის ბინა-სამკვიდრებელი,
ვინაც სახელი დატოვა მარად სადიდებელი.
ვინაც დაფდაფებს გაჰყვა,ესმოდა ხმები ბუკისა,
ნახა ბალახი მარადიული სიჭაბუკისა.

6
გავიგე ძველი ამბავი
წლებმა ვერ დამიმალა და
ძოღან რომ თქმულა დაფებად,
ძოღანაც,როგორც ბალადა.

სადაც კარი არ გამიღეს,
კლიტენი დავხსენ ძალადა,
ცნობის წადილი რამეთუ
ნამეტნად მომეძალადა.

რომ ჩემებურად მეც მეთქვა,
რაც ბედმა დამაბარადა,
ნერგი ვხარე, სადაც რომ
დარგული ვნახე სარადა.

ხელობად სიტყვა ვაქციე,
სადაც არ დამეზარადა
თუმცა თაკარა ზაფხულმა
გულიც კი გამიბზარადა.

სხვათა მოტანილს ველებზე
ქარი წაიღებს ქარადა,
ჩემი ვაკეთო,სხვისი კი
არამი იყოს არადა.

ჰოდა, იმასაც გეტყოდი
ჩემო სევდავ და ვარადა,
უფალს უყვარდე თუკი რომ
კაცმა ვერ შეგიყვარადა.

გახსოვდეს, კაცი პირველი,
შუმერთა ტომის გვარადა
თუ წარსულს არ ცნობ, მომავალს
ვითა იქმ, ან სხვაგვარადა?

ძოღან პირდაპირ გიამბოთ,
ძოღანაც გითხრათ შარადა,
ძოღანაც ტყეში ვიაროთ,
ძოღან სწორ ვნახოთ შარა და
გამომყეთ, გზა დიდი გველის,
განა შარზე ვარ,შარადა.
ამასობაში მზის შუბლით
ხბოც გადაიქცეს ხარადა,
ბოროტის მოსასპობად და
სიკეთის გასახარადა.

7
ზოგადი გასჭრა ნამ-თარმა, იგია ბედის გამრიგე
და აზრი გარდაცვალების მე დაბადებით გავიგე,
რომ “ბედმა”ვწერო შვილობით, რისთვისაც ვარ გან-წილ-ული,
ლექსად ვაქციო ამბავი,მუზებით თავგანწირული.

ნამ-თარმა მომცა ხილულად,ამბავი ბედშეკვეთილი,
მუზებმა ლექსის ფორმაში აქცია გამოკვეთილი,
აფქალმა მომცა ყალამი,სიბერემ სხვა გაკვეთილი:
რაც გეხერხება,იგია ყველა საქმეზე კეთილი.

სიტყვა ვთქვა,რაიც მითქმია,ყველას გვაქვს ჩვენი ელათი,
სიტყვის აგურით ვაშენო, ჩემი საშენი გელათი.
ლექსის მოხელემ, მითხარით,სხვა რა ვაკეთო,აბა რა?
იგი ვთქვა, ზღვათა ქარებმა სიზმრებში რაც დამაბარა.

ჩემი პირადი მოირა ზოგადმა მამცნოს ნამ-თარმა,
სანამდე შემოდგომაა,არ წამაქცია ზამთარმა
და თუ მეც დამდევს შვილობით ბედისგან ხვედრის ხვედრება,
უფალს მუხლით ვთხოვ მისმინოს,ყურთ იგდოს ჩემი ვედრება.

მივმართო იმას,ვინცაა შეკრულთა შემწყნარებელი,
კაცთა მოდგმისა შემქმნელი, თესლისა გამღვივებელი,
რომლის სახელის ხსენება ნამტვრევის ალაგს ვაშინერს
და ბრწყინვალება რომლისგან წყვდიადის უკუნს აშინებს.

ვადიდო დიდი ქებითა, უფლებად მქონდეს ხმა თქმისა,
სანამ არ ვთქვა ბოლომდე, მაცილოს ჟამი შთანთქმისა,
ხოლო შთანთქმული დამიხსნას საფლავის შავი სკნელიდან,
კვლავ გზა მიჩვენოს სავალი-გამოსავალი ბნელიდან.

სიკვდილით დაბადებულსა გვერდს მედგას ჭირისუფალი,
ატირებულსა ცოდვითა დამამშვიდდებდეს უფალი,
მისია სულის გრძელობა, მისგან ბნელია კლებითა,
ვინც სხივს ატარებს შიგანში და ხეთქავს წყვდიადს რქებითა.

არ დავიღლები მე იმის” ზეგარდმო არსის” ქებითა,
მისგან ვართ ხორცით მთიელი,მისგან ვართ სულისკვეთითა.
***
ბედის შვილისგან შეისმენდე,ღმერთო ,ვედრებას
და შიმთუ შამუმ დამისაზღვროს “ხვედრის ხვედრება”
აფქალთა მადლით გაფანტული სიტყვა -ენემი
გავხედნო,როგორც ბელმა უბელო ღრუბლის ცხენები.

ვიმღერო,სადაც ხმა გავიგო მუზის ბუკისა,
აპსუს სიღრმიდან წყალი შევსვა სიჭაბუკისა.
მეც ნაწილი ვარ რამეთუ მთელი რუსთაველისა,
ვინა თქვა თმენა,ანუ ულექსოდ გზა ქართველისა.

აქა ნათქვამით ჩავაბარო მოლექსემ ტესტი,
ჩემი ტაძარი სიტყვით ვაშენო,ლექსებად ტექსტი.
ვთხოვდე სიუხვეს, სიტყვათა სეტყვას,მიჭრიდეს ენა,
მწყალობდეს,ვინაც მივიწყებული კვლავ შემახსენა.
***
განა მუზებსაც საკუთარი ნებით შეუვლი
თუკი არ გეცა ბნედიანი მუზა შვეული
იტირებს ლექსი რითმის გარეშე თხრობად ქცეული,
ვერ იპოეტებს მემატიანედ გადაქცეული.

განა ყოველი შემოინახა ქვეყნად ერებმა
თუ არ დაწერე,რას გახდება მეხსიერება?
ქვაზე დაწერილს ვერას დააკლებს წარღვნა და ქარი,
ვადიდოთ წერას ატანილი თვით ენმერქარი.

გზას მინათებდეს სიტყვის საძებნად როგორც ლამპარი
ხელოვნებათა მეცენატი- შულგი ლამარი.
ვთხოვო მას,ვისაც თავად შეჰყრია ლექსების სენი
-ან მათქმევინე სათქმელი და ან დამეხსენი.

8
შენ ხარ უფალი ერთი,შეკრულთა შემწყნარებელი,
ტანშემოსილი ათი ღმერთის მელამით ბელი.
დაცემულს გვერდით დაუდგები,როგორც შემქმნელი,
როგორც მოძღვარი და მოძღვართა მასწავლებელი.

ადამიანებს ვერ ძალუძთ ცათა გზათა შეცნობა,
მხოლოდ მათ მოძღვარს ზეციერი გამოეცნობა
და რომ არ დარჩეს კაცის გონება კვლავ დანისლული,
სჭირდებათ ღმერთთან ვისი ნდობაც უფალს აქვს სრული.

კაცს”დიდი კაცი”,მწყემსი,აფქალი უნდა მოძღვრავდეს,
რომ მზის სხივები უკუნ ღამეშიც ხმით ამოძრავდეს.
***
მწყემსებთა შორის თავჩობანია ენლილი მწყემსი,
იგია მწყემსებს შორის უფროსი და უმაღლესი,
ის ჩააბარებს მოსამწყემსად კვერთხს თავის ნაცვალს,
მამა იფიცონ და არ ემონონ კვლავ მამინაცვალს.

ქვე მწყემსმა იხსნას ფარაში ცხვარი შეჭირვებიდან
და საკუთარი მაგალითით იხსნას ვნებიდან,
გამოიყვანოს გაჭირვებული გაჭირვებიდან,
და აღაღადონ დაფარული ხმები ქვებიდან.

გაუღუნავი ენლილის კვერთხის იყოს მპყრობელი,
ხალხს მოაშოროს მოშურნე მტერი და დამპყრობელი,
თუ საჭიროა, ომით მშვიდობის იყოს მყოფელი,
არ მისცეს სხვა ხალხს,თუა მამული განუყოფელი.

უპირველესად მწყემსია იგი და მერე მეფე,
ოღონდ ვარგიხარ მწყემსად,ხორცთან თუ სულიც კვებე,
მიწას ურჩევდე ხალხს, სადაც უფრო არს ნოყიერი,
რჩევა მიიღო,გარიგებდეს თუ რომ ხნიერი.

ყოველმა მწყემსმა საკუთარი სამწყემსო მართოს,
თავად ენლილმა ხელი საქმეში მას მოუმართოს,
რადგან უღმერთოდ რას შეძლებ კაცი,თუკი ხარ მარტო?
სხვას ვერ უშველი,თავსაც ბევრი ჭირი დამართო.

9
წესრიგით მართოს მწყემსმა ჯოგში ყრმა და ხნიერი
და თავად დარჩეს სამწყემსოში ხმა ღვთისნიერი,
რომ კვლავაც იყოს შავთავიანთა მეფე ძლიერი,
რამეთუ კვერთხი უჭირავს ხელში მწყემსს ზეციერი.

ფარაში ცხვარი წესების დაცვით კვლავაც ამრავლოს,
ითვლიდეს მათ და უსამართლობით არცარა ავნოს,
თორემ ცოდვათა სიმრავლეს წარღვნის მოჰყვება დრონი,
როდესაც წვიმა დაიწყება უფრო დიდრონი.

ქაოსში აღარ ეყოლება ქაოსს პატრონი.

ცხვარიც დასჯერდეს ცოდნას…არ არგებს ზეცაში ჭვრეტა,
ცუდი ფიქრია, ვისაც ზეცის კვლავ სურს გახვრეტა,
სტიქიურ პროცესს უკან მოსდევს ქაოსის დვრიტა,
კიბეს ვინც აგებს,იმან უკან ხიდი გაწყვიტა.

როცა უმიზნოდ შეიქმნება უაზრო დოღი
და დაამძიმებს ფეხის ბრაგუნით ქვეყანას ჯოგი,
თავად ვარ ღმერთი იტყვის ჯუჯებში კაცუნა ზოგი,
მაშინ გეკავოთ ხელში მარჯვედ სახრე და როზგი.
რომ არ წაგართვან თუ მამული გაქვთ დანაზოგი.

ოდეს განლაღდეს ურჯულოთა ზნე უკეთური,
ცოცხალი მკვდარზე შეიქმნება როს უბედური.
სკუთარ თავზე მწყემსმა და ცხვარმა სთქვას საყვედური
ოღონდ ვინც მოგცა,თუ დაჰკარგე, მას ნუ ემდური.

ხმაურს ხმაურით ჩამოწოლილი შეცვლის დუმილი,
ოღონდ წინაპრად ცრემლთა ცხელთა იყოს დუღილი
და თუ არ გვინდა უფსკრულის პირას უკნიდან წიხლი,
არ ავადუღოთ დამნაშავე ღმერთების სისხლი.

საბედისწერო აღმოჩნდება სისხლი ვენებში,
თავს იჩენს იგი უკურნებელ ჭირთა სენებში
და გამოჩნდება უკიდეგანო სამყაროს კიდე,
თუ ყალამს კაცმა საკონტრაქტოდ ხელი მოჰკიდე.
დაგავიწყდება მეხუთეს ძებნით ოთხივე ყუდე,
სადაც არა სჯობდა, თუ სიხარბით იქ დაეყუდე.

ან სხვა კონტრაქტით თუ დაარღვიე სულის სიმშვიდე,
რასაც დასთესავ მხოლოდ იმას ცხლად მოიმკიდე.
რაც ერთხელ იყო,დატრიალდება კიდევ და კიდევ…
ვინ გაგაჩერებს თავგამოდებით თუ ქვესკნელს მისდევ?

ვინ გაარიდოს ცხვარი, მწყემსმა თუ არ ერიდე?
იქნებ აჯობებს სანამ დროა, ღმერთს შეურიგდე?
ვეღარ უშველის თავში მცემელს ვაი და ვიში,
როცა სასწორზე გადაწყდება სხვა ანგარიში.

თუკი თავიდან დუმილს მოსდევდა ზომით ხმაური,
უზომო ხმაურს შესჭამს ქაოსის აურზაური.

ხმაური ისევ დაბრუნდება კუთვნილ საშოში
როცა დამლეწი დუმილი შევა თავის კალოში.
თუკი ხმაურით მოხდა წყვდიადში წყლების გაფანტვა
დუმილს მოუწევს ხმაურის მუცლის წელში გაფატრვა.

ნუთუ ეს გვინდა?
ესაა ნატვრა?

10
ხოლო კეთილი იქნების მიწყივ იგი მოძღვარი,
თუ დაცულია მის სამწყემსოში ცხვრის საძოვარი,
ანუ მშვიდობით ცხოვრობს ქალაქში ბერი და ერი,
მისი მეფობით კმაყოფილი და მადლიერი.

საძოვარი კი არის რძიანი და ნოყიერი,
ხალხი ტაძარში ჰყავს მლოცველი და ღვთისნიერი,
მათ პურს აძლევს და არავინ ჰყავდეს ერში მშიერი,
მოყმეც ერთგული ეგულება და ლოცავს ხნიერი..

და ეგულება ველები მეტად მწვანილოვანი,
შუბლზე მირონი აცხია, თუა ტიტულოვანი.
დაბათა მკვიდრთა უბინაოსთვის ცალკე აქვს ბინა,
ასეთი მეფე ვის არ აწყობს,გამაგებინა.

თუ გამჩენსა და გაჩენილს შორის ჯურღმული ღრმაა,
მოძღვართა სიტყვა მაშინ კაცისთვის უფლისგან ხმაა.
როგორც დინებას აწესრიგებს გზად კალაპოტი,
დაბნეულ ბატკანს გზას ასწავლის კეთილი ბოტი.
***
მიწყივ მეფეს აფქალივით ფართოთ ჰქონდეს ღვთისთვის ყური,
მისკენ იყოს მიქცეული თვალთა მზერა,გულისყური.
ენქი სიბრძნეს თავს ახვევდეს, წყალობითა მიჰმადლებდეს,
მზის სინათლე ერგოს ბნელში, მტერს სიბნელით არ დაჰნებდეს.

სარეველამ თუ იმრავლა, ამოთხაროს სრულად ძირში,
ხალხთან იყოს ლხინითა და არ სწუნობდეს გასაჭირში.
სიმართლის არ ეშინოდეს, ოდეს მოძმემ უთხრას პირში,
მირონცხებულს ღმერთისაგან მასთან ჰქონდეს ანგარიში.
***
სუყველა მადლში ერთი ჰქონდეს გამოკვეთილი
ბოროტებაზე უფრო უყვარდეს საქმე კეთილი.
***
ქაოსის მგზავრმა ვერ იპოვოს ბნელში საყდა.რი,
რასაც იქმოდეს აპრიორში იყოს წამხდარი
უმწყემსოდ ცხვართა ყველა კოშმარი ცხადში ახდება,
უგუთნისდედოდ ნისაბას ყანა გაპარტახდება.

რა უგზოუკვლოდ იხეტიალებს უმწყემსოდ ვერძი,
ქაოსი შთანთქავს,ანდა მგლების გახდება კერძი
ხოლო კეთილ ბოტს ფარაში ბატკნის ადარდებს წყლული,
იგია მათი ირიგატორი,დამშვრალთ მერწყული.

11

ჭექა-ქუხილით არვის ინდობს ღმერთი ადადი
და მას არ ესმის ნაგვიანები ხვეწნა-ღაღადი,
წარღვნამდელ ამბებს ვერ გვეტყოდა სველი ქაღალდი,
ქვა გადაურჩა წარღვნას,მან სთქვა საქმე მარადი..

ლაზულმა სიტყვის ზეიმი და მოგვცა პარადი.
***
შენ ხარ უფალი,
აბა უფალს ვინ შეგედრება?
ყური დამიგდო იქნებ,ისმინო ჩემი ვედრება,
სათხოვარი მაქვს,არც მიფიქრია მოკვდავს ყვედრება
რაც სათქმელი მაქვს,მათქმევინო იქნებ,ეგება?

წარღვნის ტალღებმაც კი ვერ წაშალეს ლაპის ლაზულის
სამარადისო დაფებში ხედვა კაცთა წარსულის.
თითო აგური მოგვითხრობს ამბავს გარდასულ დღეთა,
როგორც ცოცხალი მემატიანე შუმერელ ერთა…
მისმენდეთ ერთხანს…
ჩამოვჯდეთ ერთად.

***
გილგამეშ ასე შორეული და ახლობელი,
ყველა რომ იცნობს და რჩება დღემდე შეუცნობელი.
აკი დაფებმა წარღვნამდელი მოგვცა სოფელი,
ვინც მომავალს ჭვრეტს,აწმყოს ხიდიდან წარსულს მყოფელი.
იყო ნათელში ვინაც და ნახა ცოდნა ფარული
და მთათა გზებზე უღელტეხილით სვლა სიარული
მოუხდა არაერთგზის.თეთრ მთებზე იყო მთასვლელი,
გზას უნათებდა ვისაც შამაში, მზე და მფარველი.

ის შეიყვარა,ვით სრუყოფილი ხელმწიფე ერმა,
ვინც ღმერთმა შეჰქმნა,როგორც ყოველთა დიზაინერმა.
ის, ვინაც ნახა ყოველი და იცნო ყოველმა,
ვინც მეფე იყო, დაიძმობილა ვინაც ცხოველმა.

ჯერაც ვერვინ თქვა გილგამეშივით:”მე ვარ ხელმწიფე”,
ვერცერთ ბგერაში ვერ დაინახოთ იჭვით სიმყიფე.
ცოდნის გასაღებს ცის ხეივნიდან ანუ აწვდიდა
იმას,რომელსაც აგვისტოს ფური ნინსუნა ზრდიდა.

სიღრმე აფქალთა ნახა ვინც მზის მიმართულებით
და მარტივ ყოფას არჩია ბრძოლის გზა გართულებით,
ლუგალბანდის ძე იყო -აგვისტოს ფურის შობილი,
მეფეთა შორის იდეალური და სრულყოფილი.

ვინც სულიერი გზა განავრცო და გახდა ზრდასრული
და ოკეანის ჯურღმულებში ნახა წარსული,
ყოფნა-არყოფნის დილემის ღრღნიდა ვის სულაც ყოფა
და რაც მიიღო ხელდადებით რომ არ იმყოფა.

და გახმოვანდა თიხის სოლები ვით დაფდაფები
/ვერ გადაფარა წყალმა ქვათა ძველი დაფები/,
დიდ ძმად მონათლეს,მოუწონეს საქმით ქველობა,
მის გამო ეამაყებოდათ ურუქელობა.

სადაც სამხრეთით ჰქროდა უდაბნოს წითელი ქარი
იქ დამწერლობას ჰქმნიდა “მზის შვილი”თვით ენმერქარი,
ვინაც თიხაზე გამოიყვანა პირველი სიტყვა
და ვისი მადლით გილგამეშის ამბავიც ითქვა.

ვის ამბავს ვნებით მოვარდნილი ქარი სამუმი,
გაავრცელებდა, როგორც ლერწმის ხმას კვლავ სალამური.
თუმცა დაფებში ამბავია ბევრგან წყვეტილი
და არ დასმია ბოლო დაფას ჯერაც წერტილი.
****

დედასთან დაბრუნებულა დაღამებული სივრცისა,
დედა ჰყავს თავად შამაშსაც მზის დედამ ესე იცისა.
***
თავისუფლება წასვლის კი არა,
შინ დაბრუნების არის უფლება.
დამშვიდებული სულის ცხონება
და ერთი მიზნით ერთსულოვნება.
***
და გადიოდა გილგამეშის გზა ჰუმბაბას ტყეზე,
ვით მოკვლა -შექმნის განცხადება ყოფის სიბრტყეზე.

დაფა პირველი

1
ისტორიულად რგებია შუმერს
როლი წამყვანი,
აქ დარწეულა ხელოვნების
თურმე აკვანი.
აქ იყო კერა მწერლობის და
ლიტერატურის,
მას დინასტია უძველესი
მართავდა ურის.
შუმერი არის კაცობრიობის
კულტურის ბუდე,
გაიგებ ამას,ერთხანს დაფებში
თუ დაეყუდე.

აპსუა იგია ოკეანე,
იგი სადგური,
რომლის თიხიდან პირვეყოფილი
შეჰქმნეს აგური.
ურუქის კედელს სევდა-ნაღველი
მოეძალება,
როდესაც სიოს მაგიური
იდუმალება
მოაქვს.მატულობს
აპსუს წიაღში ჩქროლვანი
გულის,
ვითარცა ყოველ კაცში გრძნობა
დანაშაულის.
***
თურმე აპსუს წიაღიდან ამოყვინთა შვიდმა ბრძენმა
და ურუქი გააკვირვა კულტურულმა მათგან ძღვენმა:
ასწავლიდნენ ხელოვნებას,თესდნენ,სადაც ნახეს ველი,
და ურუქის გალავანსაც ჩაუყარეს საძირკველი

და ამოსულა ზღვიდან სიბრძნის შვიდი მაყარი,
შვიდი აფქალი,სიღრმის უფალთან წყალწილნაყარი,
როგორც თევზები.
ენქის სიბრძნით განსრულებლნი,
თითო მათგანი საკრალური “მე”-თი შემკული.

უხვად ელაგათ ტანშიშველთ სახეს ტალღა თმისანი,
შვიდივე იყო ხელოვანი და გულთმისანი.
შვიდი აფქალი აფრქვევდა სიბრძნეს
განა მალავდა,
თითოეული ცოდნით
ამოყურყუმალავდა.

ეხმარებოდა ქალაქს აგურის ღვთაება ქულა,
მან ურუქელებს თიხის ჩამოსხმის ჩვევა არგუნა,
კედლის შენებით დაუნჯებულან ურუქელები,
დაკავებული ჰქონდათ ხელობით მარჯვე ხელები.

ასხამდნენ აგურს მაგიური აპსუს თიხისგან,
რამეთუ მეტად მტკიცდებოდა კედელი მისგან,
აფქალთა ცოდნით იყვნენ ცნობით საქმის მოქმედი
და ამ კულტურას მართავდა ქულა,ვით შემოქმედი.

****
თუ დღემდე ისევ ბევრი აგურით დასაქმებულა,
ახსოვდეს, აგურს წინაპრად ჰყავს ღვთიური ქულა.
მის ყაიდაზე ჩამოისხმება დღესაც აგური,
ყოველ აგურში ფეთქავს ქულას მგზნებარე გული…

და გამომწვარი აგურით რომ ისწავლო წყობა,
ამას აფქალთა კეთილი ნების უნდა განწყობა,
აკი უცდიდნენ ურუქელებიც შვიდ ბრძენთა მოსვლას,
თავად შიშველნი, რომ ასწავლიდნენ ხალხებს შემოსვას.

დაფებშიც არაერთხელ იმის შესახებ თქმულა
აგურის ღმერთი რომ დაჰფოფინებს თავს აგურს-ქულა.
თითო აგური,ვით ემბრიონი, ღვთით ნაშობისა,
იმთავიდანვე ღვთაებრივია წარმოშობისა.
წმიდა გოდორში გაპოხილი წმიდა თაფლითა
გაემართება საგვირგვინოდ ცისკენ დათვლითა.

თითოეულ აფქალს ღვთაებრივი მოაქვს “მეობა”.
მათ გამოჩენას წყლიდან მოჰყვება ხალხის ზეობა,
რომ არა მათი შთაგონება და მათი ნება,
არ იქნებოდა არც დამწერლობა,არც ხელოვნება.

მათ მისცეს ხალხებს ცოდნა, ღვთისაგან განსხივებული,
და ხელოვნების ვნებით გახადეს ბევრი ვნებული.
და რომ გაეგოთ იგი, რაც ღმერთმა ცოდნითა დართო,
ყურები ჰქონდათ მომარჯვებული ზომაზე ფართო.

ერთი აფქალის შეგონებით ყანას მარგლავდნენ,
მეორეს მადლით დედა-ქალაქს შემოფარგლავდნენ.
ხალხს ასწავლიდნენნ შრომას, სიმღერას,სიტყვებით თამაშს
და აქეზბდნენ პოეტებს,ლექსს თუ უძღვნიოდნენ შამაშს:
***
ძეო მზისავ!
ძეო ცისავ!
სიცოცხლეო საწყისისავ!

მარ, შამში,შამშე შა,შამე!
მარ, შამში,შამშე შა,შამე!!
მარ ,შამში,შამშე შა,შამე!!!

იგია ყველა ბოროტის
ხერხემლის სხივით მხერხავი,
გაქვავებულზე სიცოცხლის
ბალახით ამომტეხავი.

მოიხსენებდნენ მათ “ბედისწერის დაფათა”მცველად
მათი ხელობით ლაპის ლაზული ჩანს მომხიბვლელად.
***
თუმცა აფქალთა ღვაწლმა წარსული
აწმყოს ფესვებით დააკავშირა,
მათ ხელოვნებამ წარღვნას გაუძლო
და ცეცხლმაც კი ვერ ვერ დაანახშირა.

2

და როგორც ცისგან მიწას მიჯნავდა თავის დროს ბელი,
ისე გამოჰყო აგურით მეფემ საბრძანებელი
უდაბნოსაგან,ანუ ურუქი მინდორისაგან.
ვითარცა მთვარე დასახლებულა ცალკე მზისაგან

გალავნიანი ურუქი ,
იდგა ვით სვეტი ძლიერი,
სამხრეთით ეკრა უდაბნო –
სამუმით უკაცრიელი.
აქ არ სწყალობდნენ გუთიელს,
არც მოთარაშეს სხვა ჯურის,
ვინც არ ხარშავდა ხორცეულს,
გემოს არ სცნობდა და პურის.

***
ურუქის მკვიდრი ყოფილა, ღმერთკაცი თვით ლუგალბანდა,
ვისი გმირობაც ბებერმა ქარმაც რომ ვერ მიმოფანტა.
გილგამეში და შულგი ძმა განა ყოფილან ობლები-
ლუგალბანდა და ნინსუნა -ღმერთები ჰყავდათ მშობლები.

მესქიაგაშერი ყოფილა ქალაქის ქვის ჩამგდებელი
და დინასტიის ურუქის პირველი ფუძემდებელი.
ენმერქარი ჰყვა მას შვილად, მასავით ისიც უთუს-ძე
ყვითელი ფური დედად ჰყვა და უსმევია მისი რძე.

მან მოგვცა დამწერლობა და ხალხი კულტურით ამდიდრა,
ურუქის ზიქურათებში ინანა მან დაამკვიდრა.
ციდან მოიხმო იშთარი- ქალაქის დედის როლისთვის,
რამეთუ ფლობდა ქარიზმას ურუქის წინამძღოლისთვის.

ამ ენმერქარმა თიხაზე სიტყვას უჩვენა ადგილი,
ზეპირობიდან მწერლობა არ იყო მაშინ ადვილი.
რაც იყო, რაც არ გვინახავს, საკუთრივ თვალით ვინ ნახა?
რასაც ჭურჭელი ვერ იტევს,მწერლობამ შემოგვინახა.

მაცნე ვერ შეძლებს გიამბოს ყოველთა ნაკარნახევი,
რასაც ვერ დაიზეპირებ,ქაღალდის გეტყვის ნახევი.
ძნელია შემოსანახად ნათქვამი საზეპირონი,
თუ არ დაწერე, ვინა თქვას, საქმენი სხვა საგმირონი?
ენმერქარს უნდა ვუმადლოთ,სიტყვა მან მოგვცა სოლებად,
ზღვამ ვერ ჩყლაპა ნათქვამი -ლაზულს აჩნია ზოლებად.

3

ურუქი ფორმით მრგვალობდა – პირველ წრედ ქალაქის გული
იყო შეკრული,მეორე წრეს კრავდა სხვა სავარგული.
გალავნის გარეთ სახნავი,სათესი იყო ალაგი,
ნაკლებად დასახლებული,სადაც სოფლობდა ქალაქი.

პირველ წრეს გალავანი აქვს
იცავს აგური ძველია
გალავნის გარეთ მეორე
წრე ამ მხრივ დაუცველია.

ქალაქის მესამე წრე კი
საძოვრად იყო სხვა ველი,
უდაბნოს პირი ალაგი ,
მცენარით მწირსაფარველი.
ალაგი, სადაც რომ მწყემსი
მოლზე წევს,განა ლოგინობს,
მსგავსი მწყემსური კულტურა
მთაში ჯერ კიდევ ბოგინობს.

ქალაქის მეოთხე წრეში
მოსახლეობდა სხვა ჯარი-
აქ იყო უხვად ნადირი,
ძოვდა ქურციკი, კანჯარი.

განსაკუთრებით ისმოდა
ჩიტთა მრავალთა ჰანგები
აქ ნადირობდა კაცი და
ეყარა აქ ხაფანგები.

ქალაქის მეხუთე წრე კი
ედენ-უდაბნო ზონაა,
სადაც ბინადრობს დემონი
და ბევრი მისი მონაა.

მათ მოაქვთ ჭირი კაცთათვის
და მოაქვთ ავადმყოფობა-
მსხვერპლს უხლართავენ სავალ გზას,
ქსელს ქსოვენ,როგორც ობობა.

აქ უნაყოფო ზონაა,
აქ სხვაგვარია დარია
აქ არ გალობენ ჩიტები,
სიცოცხლე აქ ჩამკვდარია.

ქალაქის მცხორებს აქედან
ელის ხიფათი,წვალება-
ან მხეცი დაგლეჯს, ან კიდევ
ხორშაკის ქარმხურვალება.
ავი სულები ამ წრიდან
სტიქიას წინ მიუძღვიან,
ხან წყალდიდობას მართავენ
ხან გრიგალს ურუქს უძღვნიან.

ამ წრეში ვარდი არ ხარობს,
ფრინველნი ცაში წყდებიან-
უსულოდ გაქვავებულნი
გუნდურად მიწას წვდებიან.

ავი სულების გზავნილი
გზად დაიხელთებს ეულებს,
ან მოჰკლავს,ან სულს ამოჰხდის,
ან სულაც დაასნეულებს.

და ნუღა გიკვირს მარტოსულს,
თუ დიდხანს რჩები ეულად,
რომ შეეფეთო ავ სულებს,
ვითომდა ანაზდეულად.

თუმცა ყოვე წრეს ცენტრი აქვს
ურუქს ცენტრობდა ტაძარი,
მეც ყურადღება იქეთკენ
მკითველთან ერთად დავძარი.

4

ყველა ქალაქის მფარველს ზოგადად უძღვის ენლილი,
მდედრული სახით თითო ქალაქში წარმოდგენილი.
როგორც დედასთან,მასთან ბრუნდება გარეთ შთენილი,
რაგინდა მისგან იყოს შორით მიმოფენილი
და ქალაქგარეთ რაც უნდა ბევრი ჰქონდეს სარქენი,
ბოლოს ქალაქში ბრუნდებიან მო-ქალაქენი.
***
ამა-დუმუ-დუმუ-ნე და ნანა, ანუნიტ, ინანა,
თავისუფალი დაბრუნდეს დედასთან შვილი შინანა.
რაგინდა იყო ტყვეობას,ან სხვა მხარეში ლტოლვილი,
დაბრუნდეს ბოლოს ქალაქში,ქვეყნიერებამოვლილი,
ადგილის დედამ ჩაიკრას -მოუვლელიც და მოვლილიც,
დედის კალთაში ატირდეს უცოდველიც და ცოდვილიც.

ურუქელისთვის უკუგზა სხვა გზებზე უფროა კარგი,
ის დაგაბრუნებს დედასთან,იყტოდნენ ვით ამა-არ-გი.
სამშობლოს უპირველობას შინ მოსვლით ვინც აღიარებს,
დედის კალთაში იშთარი მას მოუშუშებს იარებს,

ვითარცა დედა მრავალთა, ურუქში დაბადებულთა,
განსაკუთრებით ეფეროს უცხო მხარეში გდებულთა.
თვის მოქალაქეს ქალაქი თავის კალთაში იფარებს,
დათვლით წასულებს ქუდზე კაცს,უკანაც დათვლით იბარებს.

რა მოგაბეზროთ თავები საუბრით,ან ლაქლაქითა,
დედა შვილით ხამს კალთაში,ქალაქი მოქალაქითა.

ურუქის მოქალაქე კი, იყო მოსახლე ძირძველი,
რომელთა პაპას ბაბუას ქალაქის ქვა-საძირკვლი
ჰქონდა ჩაყრილი პირადად,ზიქურათებიც აშენა,
ვისი ნაგრამიც იშთარმა მადლით არ გადააშენა.

ღირსება იყო ხალხისთვის ურუქში ურუქელობა,
კვლავ ჰკლავდა გადახვეწილებს შინ დაბრუნების მცდელობა,
მათ ქალაქელის სტატუსი მემკვიდრეობით ებედათ,
არ ახსოვს ქალაქს, მფარველთან ჩივილი რომ გაებედათ.
ქალაქის მკვიდრი არ ერქვა მონას,მოხარკეს და ხიზანს-
ურუქელობის სტატუსი წარმოადგენდა მათ მიზანს.
**
შუმერის ყოველ ალაგს ქალღმერთი,ადგილს ჰყვა დედა,
მის ტრადიციებს დედა-ქალაქი მტკიცედ მისდევდა.
იშთარი იყო ურუქის დედა, შვილთა მრავალთა
ის იყო საშო დაბრუნებულთა-შინ წარმავალთა.

ის მფარველობდა ურუქელებს,ვითარცა დედა,
ის იყო მათი განმკურნავი,როდესაც სევდა
მოაწვებოდა კაცობაში შეტოპილ ბიჭებს,
სიჭაბუკიდან როცა დგამდნენ პირველ ნაბიჯებს.

ის ტაძრის მხევალს-იშხარას მაჭარს ჩააბარებდა
და დაღვინებას ადუღებულის დააბარებდა:
-იზრუნე მასზე,შემოსე და ასწავლე ქცევა,
თუ წესისამებრ მოექეცი,სად გაგექცევა?

ან ინანაზე ამაზე მეტი რა უნდა ვწერო?
მას ხელთ ებარა სიყვარული საბედისწერო,
ის იყო ტრფობის ქალღმერთი და ქალღმერთი ომის,
ის იყო კაცის ქალისაგან ჭკუიდან ცდომის
მიზეზი,როცა მამრზე ძალობდა სურვილი ქალთა,
როცა ილტვოდნენ ვნებით,რასაც ჰფარავთა კალთა.

5
მტკიცე აგურის ქალაქ ურუქს ერტყა კედელი
და ქორწინების პირველი ღამის იყო მჭედელი
დიდი ხელმწიფე-ნახევრად ღმერთი,თვით გილგამეში,
ახალ პატარძლებს ჰყვარობდა თურმე ის გრილ ღამეში

და ქორწინების ღამეს ყოველ ქალს ერქვა იშხარა,
მათ მუხლზე როკვით გილგამეშმა ბევრჯერ იხარა
და არც არასდროს სხვის ცოლთან წოლა მან არ ინანა,
რადგან რიტუალს თავდებში ედგა თავად ინანა-

ფუძემდებელი რიტუალის და განმსაზღვრელი,
იგივ იშთარი,ურუქის დედა,მეძავთ მფარველი,
ცის დედოფალმა,მეფე ცით რომ ჩამოიყვანა,
უფლება მისცა, ნებისმიერი ენახა ყანა.
***
როცა ბრწყინვალე მწუხრის ვარსკვლავი ამობრწყინდება
ახალ სასძლოსთან როკვა მეფეს არ მოსწყინდება.
ქალღმერთით გაგულისებული გულღია ქალი
დაელოდება,თუ საწოლის ქვეშ წევს ღრიანკალი.

უკმაყოფილო გახლდათ ურუქში ამით მამრები:
-სად გაგონილა ჩინჩლავდეს დედალს სხვისი მამლები?
ჩვენი ქორწილის ჩვენიაო პირველი ღამე
და შეევედრენ ქალღმერთ არურუს:
-გვიშველე რამე!

-განა საქმეა,ჩვენო ქალღმერთო, მარტო ძალაში?
დაუკრეფავში გადადის მეფე სხვათა ყანაში,
პირველი ღამის წაგვართვაო მან ფუფუნება
და გაგვიფუჭა ურუქელებს ამით გუნება.

-ქალი ქალია…ადვილია მისი ცდუნება,
მოგეხსენებათ,მერყევია მისი ბუნება.

-ის იქეთ მიდის, სადაც მეტია წყალში დინება,
ან ვით აღუდგეს მეფეს,რომელმაც იგი ინება?
რა დაგვრჩენია კაცებს,თუ არა მეფის გინება,
ოდეს ჩვენს ცოლებს სანთიობოში დაეფინება.

-თუკი ჩვენა ვართ ურუქელი ქალების ქმარი,
ჩვენც გვეხერხება სიმებზე დაკვრა,თუ მღერის ქნარი.
სადაც დაჭიმონ ზომაზე მეტად,სიმი გაწყდება
პატრონს მიუგდონ ასეთი ჩანგი,გული დასწყდება.

-არაა ქვეყნად,მის წინააღმდეგ ვინც გაილაშქრებს,
მასთან ჭიდილში დაბადებული კაცად ივარგებს?
ნუთუ ღმერთებთან ჩივილიც კი ვერაფერს გვარგებს,

-უბრალო კაცის ნათქვამი როდის აღწევდა გამგებს?

-იქნება, დროა ჩვენც მივმართოთ სიბრაზით სხვა გზებს?

-და თუ სიმართლე,მიწყივ,ძლიერთან ნიადაგ აგებს,
იმედის კოშკებს,გამოდის,კაცი ტყუილად აგებს,
უიმედოდ კი ცხოვრება,აბა რომელ კაცს არგებს?
თუ საოცნებო სიზმრებს ხვალისთვის ვერ დაალაგებს?

-თუ ჩვენ არ ვიცით, ვინ აგრძელებს ჩვენს შემდეგ გვარებს,
საშვილიშვილო საქმეს აბა ვინ მოგვიგვარებს?
ანდა გვითხარი,ამიერიდან რატომ უზადოდ
ჩვენ გილგამეშის ნაბიჭვრები კვლავ გამოვზარდოთ?

-ასეთი წესით ცხოვრება არ გვსურს, გვეყოფა,კმარა!
არ გვინდა ჩვენი ცოლები ისევ გახდეს იშხარა.
უწესო წესი რომ არ დავიცვათ მოგვეცი ნება,
თუ ღმერთები ხართ,შეგეცვალათ წესი იქნება?

აჯანყდა ხალხი:
-მის დიდებაში არ ვერჩით რამეს,
ოღონდ ნუ გვართმევს
ქორწილის ღამეს.
ჩვენი ბალახის თუა მძოველი,
დროა, შეუქმნათ
მეფეს ცხოველი,
მისი ძალის და
სისხლის მწოველი.

-იგი მწყემსია,
ჩვენ მისი ცხვერები
და მწყემსს ბატკნები ვით დავაცხრებით,
სჯობს,ამოგვიდგეთ ღმერთები მხრებით,
თორემ ჯანყისკენ გადავიხრებით.

6

ასეთი საგანგებო სიტუაციის გამო შეიკრიბა ურუქში უხუცესთა საბჭო,რამეთუ რიტუალის დარღვევა მოასწავებდა იშთარის აღშფოთებას, რაც თავის მხრივ,ქალაქს და ქალაქელებს არაფერ კარგს არ უქადდა

-თუ სიძულვილით სიყვარულის ღმერთი ამბოხდა,
თუ დედოფალი ტახტიდან ბრაზით ზეზე წამოხტა,
თუ მის ბაგეებს ურუქელების წყევლა აღმოხდა,
იქნება ჩვენგან ნაგვიანები კითხვა:”რა მოხდა”?

-თუ ტრადიციებს არ დავიცავთ,ცუდი დღე გველის,
გააფთრებულმა დალეწოს კარი ნანამ ქვესკნელის.
საკრალურია რიტუალი ურუქის ვალი,
მის გაუქმებას წყევლა მოსდევს გარდაუვალი

-და თუ რიტუალს უყურებენ ურუქში ეჭვით,
მათ ეჭვს იშთარი უპასუხებს ქვე კარის ლეწვით-
გაცოფებულმა გაამწაროს მიწად ყოველი:
კაცი, ბალახი, ცაში ჩიტი, ტყეში ცხოველი.

-იშთარს თავისი ულტიმატუმი და აქვს პირობა,
არ აპატიოს კაცს ქალღმერთმა დეზერტირობა

-ქვესკნელს ჩასულმა იშთარმა უკან ყაროს ცოფები,
მკვდრები აცოცხლოს და მიუსიოს ცოცხლებს ზომბები,
დადგება დრო,როს თავში ირტყამდეს ცოცხალი უროს,
როს შვიდწლიანმა უნაყოფობამ დაისადგუროს.

ფლოქვით გათელავს ყოველთა ნაყოფს ხარი ციური,
რომლის ცეცხლოვან სუნთქვას მოჰყვება ხვნა სტიქიური,
მოზვერი-გვალვა,რომელსაც პირი მინოტავრს უგავს,
მიწას პირს უყოფს .. რაც მორჩება, მას გადაბუგავს .

-პრინციპში თავად დედამიწა დარჩეს ევნუხი,
იშთარის მამამ-ანუმ, თუ ხარი მოგზავნა ჯმუხი,
ვერ გამოჩეკავს კვერცხებიდან წიწილებს კრუხი
და მოვარდისფრო მაჯენტას შეცვლის ფერებში რუხი.

-ვერ გააღვიძებს მძინარე ყვავილს წყაროს ჩუხჩუხი,
წიქარა ხარის ნაკვალევზე მტვერს შეცვლის ბუღი.

-გაქრება ფლორა და ფაუნა ერთხმად შეკრული.
საშოდახშული,ვერ გამრავლდეს იშთარით კრული.
ვნებასთან ერთად აილაგმება თვით სიყვარული
და ვერ უშველის ბერწს ექიმბაშთან სვლა-სიარული…

უნაყოფობით შვილი დედას მუცლით მოსწყდება,
რაც არ მრავლდება, ადრე თუ გვიან,თვით ამოწყდება.
თუ არ შეჩერდა პოპულისტური, ქმართა აქცია,
ვაითუ,შეწყდეს ადამიანთა პოპულაცია.

-და იმას,რასაც არ ემატება, წესით აკლდება
და რაც მრავლდება,სამომავლოდ იგი არ კვდება,
სანამ ამბოხი უკმაყოფილო კაცთა მზადდება,
იქნებ ისიც თქვათ,გადაშენება ვის დაბრალდება?

საჭურისობამ დედამიწას ცრემლი ადინოს,
თუ ქალაქს დედა ქვესკნელს გაექცა,ვინ აღადგინოს?
ვეღარ მოუხმობს სწორფერს ვნებით ბაგძოწეული
და უკაკლებოდ ვერ დაბრაწავს თვალს ბროწეული.

თუ გამრავლების ღმერთმა დაგვტოვა,ჩვენ დავისჯებით
უნაყოფოფა გადაგვაშენებს ბიძგნაბიჯებით,
ვერ გამოიღოს დედამიწაზე იმან ნაყოფი,
ზეცის შვილია ვინც და ქვესკნელში არის ნამყოფი.

-ქალი ქალია შარით შავდღეს ის დაგვათენებს,
მის გაბზარულ გულს ადვილად ვერვინ ვერ გაამთელებს,
ქალმა არ იცის კომპრომისების კაცთან ძიება,
შეურაცხყოფილს ერთი გზა აქვს-შურისძიება.

-ის სიყვარულის სიძულვილით მომართავს მშვილდებს
და მოფერებით ცრემლმორეულს არ დაამშვიდებს.

ის სიყვარულზე მეტი სიმძფრით სიძულვილს აფრქვევს
და ვინც უყვარდა,მოღალატე საზიზღარს არქმევს.
სიცოცხლის დედა სიკვდილს გაუღებს ურუქში კარებს,
ქვესკნელს ჩასული სიყვარულს გვერდით არ გაიკარებს.

-და დედოფალთა დედოფალი-ქალი და დედა,
სუყველა მტერზე საშიშია,თუ აგიმხედრდა.
თუ ხელს ჰკრავს მამრი,ვისაც ტრფობით ის პატივს სცემდა,
გაბოროტებით შეეცვლება უძირო სევდა.

-ქალმა მედალის მეორე მხარე თუკი გიჩვენა,
იარაღებში ყველაზე ბასრი-მოგწამლავს ენა,
თუკი დაჰკარგა საყვარელ კაცში ნდობა და რწმენა,
არ დაივიწყოს მიყენებული არასდროს წყენა.

თუ მძვინვარებით ამხედრდება ბრაზით ძუ ლომი,
შეგახსენებს რომ უცხოა არ არის ტრფობაში ომი-
სადაც არა სჯობს სტრატეგიით უკან დაიხევს,
ბოლოს ნაწლავებს ერთი ნახტომით ხელზე დაიხვევს.

-ანდა ტაძრები გამაგებინეთ ვისთვის შენდება,
თუკი მლოცველი სამომავლოდ გადაშენდება?
ზიქურათები წმინდა მეძავით თუ არ მშვენდება,
სიკვდილის პირას მისულს ვიღა გაგახსენდება?

-შენ ქმარი, მე კი შენი ცოლი, მეფევ ,ვიქნები
ეს საკრალური სიტყვები სასძლომ უნდა თქვას ნებით,
შენ ქმარი,მე კი შენი ამაღამ ვიქნები ცოლი,
სანთიობოში იშხარად მოვალ,შენს გვერდით მწოლი.

-ეს უფრო მეფის ვალია, ვიდრე პრივილეგია,
თუმც არ მგონია,ყოფილიყო წინაღმდეგია.
თუკი სურს მეფედ ურუქში კვლავაც დიდხანს დარჩენა,
იმ გზაზე იდგეს,რაც იშთარმა წესით აჩვენა.

-ხოლო ნაყოფით მაშინ ვიქნებთ კვლავ სულმოთქმული,
თუ გილგამეში რიტუალით გარშემორტყმული,
იქნება კვლავაც წმინდა მეძავით,ანუ შამჰათით,
თუ არ გვსურს ხუთშაბათს რომ მოჰყვეს,უცებ შაბათი.

ვეღარ იქნება კვირა კვირობით ერთი დღის გარდა,
კალენდარიდან პარასკევი თუ ამოვარდა,
იშთარი არის ერთპიროვნული მისი პატრონი,
გაიყოლიებს რა პარასკევს, მოვა სხვა დრონი.

მას პარასკევზე უფლება აქვს ექსკლუზიური,
მისი წართმევით შეუმოკლდება დღე კაცს მზიური,
კვლავ ძველებურად უნდა გაგრძელდეს წესი და ყოფა,
ვაშინერსია საკრალურ წესთა მთლად უარყოფა.

ურუქი უნდა დარჩეს ქალაქად სიზმრის ზმანების,
თავად იშთარი მფარველია კურტიზანების.
ხოლო მას, ვისაც მისი ზმანება სიზმრადაც აზის,
სწყალობდეს ძილშიც ღმერთი ტრფობის და სილამაზის.

7

მაგრამ ურუქელი მამრები ასეთ ტრადიციას ამორალურს უწოდებდნენ, ხოლო საკრალურ ქორწინებას ბარბაროსულ გადმონაშთად თვლიდნენ,რაც ქალაქელი ურუქელისთვის,მათი აზრით,მიუღებელი იყო…რამეთუ იმას, რასაც ქური და მართუ შეეგუებოდა,კულტურული ქალაქელი ვერ შეეპუებოდა.მათ,როგორც რიგით ურუქელს ჰქონდათ უფლება წინ აღდგომოდნენ მათთვის შეურაცხმყოფელ და მიუღებელ ,თუნდაც იმთავითვე ღვთაებრივ,კურთხეულ ტრადიციას….და რომ ცვლილებების დრო მოვიდა ,რამეთუ ახალ სიოს ახალი წესები მოაქვს:

არ გვაკავშირებს ამ რიტუალთან კაცებს ფიცია,
შესაცვლელია ამორალური ეს ტრადიცია.
***
თუ მეამბოხე თვლემს მოკვდავთა დაფარულ სულში,
ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ სისხლის წარსულში.
ამბოხს მოითხოვს სისხლხორცთიხაში ჩაღვრილი თესლი,
ყოველ კეთილში, ადრე თუ გვიან,ინთხევა გესლი.

ქაოსის ძალთა წინამძღოლის სული ყიოდა
ყოველ მათგანში.დასჯილი ღმერთი ბედს უჩიოდა
ბევრმა ბინძურ სისხლს საკუთარ თავში უმღერა ოდა,
რევოლუციის იდეით ბევრმა ხალხში აბოდა.

ლიდერი ვარო -ზოგში ქინგუ ასე ამბობდა,
ქეციანივით ზოგიც წინ-დაუკან დარბოდა
ძოღან ტაძრებში რევოლუციის ჰიმნი ისმოდა,
ზოგს კი, რა ექნა ამ ქაოსში აღარ იცოდა.

8

ვინც ღრუბლებზე ზის,მას აცვია თეთრი ხალათი,
ხოლო ყოველ კაცს ცოდვის ჭია ღრღნის, როგორც ჯალათი.
ნახევარღმერთი სანახევროდ რახან კაცია,
ცოდვებს ახარებს, ცოდვიანი კაბა აცვია
და თავს ვერ ართმევს სიძვას და ვნებას-
ცოდვით გზას უთმობს ამპარტავნებას,
ან ვინ დაუშლის რამეს თავნებას?
***
არად ჩააგდო აყალმაყალი,
სანთიობოს ჰყვა სასძლო ახალი,
უკვე რამდენის გახდა მძახალი
ნინსუნა- ბრძენი და ქედმაღალი.

ცოლების გამო ქმრების ვაება
ცამდე აღწევდა. შეცბა ღვთაება.
შუბლს იჭმუხნიდა ბრაზით ენლილი,
როს ვითარება ნახა შექმნილი.

უთხრეს: შევქმენით საჩივრით რიგი,
ვითხოვთ ღირსების აღსდგეს წესრიგი.
ვისაც ცა მიწით გაგიკვეთია,
გარყვნილება ვერ აღგიკვეთია.
***
ენლილს ეჭირა მეფეთ სადავე ხელში ციური,
ანუ მეფობა ყოვლად შუმერთა, პოტენციური.
აწესრიგებდა ქაოსში ყოფას ადამიანთა
და მას ებარა საუკეთესო “შავთავიანთა”.

არ გაიფანტოს რამეთუ ცხვრები ქაოსის ზვრებში,,
ხამს მოაქციოს შემოსაზღვრული ბედის საზღვრებში,
ყოველ მეფეს კი საზღვრებში ერგოს თავისი ველი
და განსაზღვრულმა არ ისურვოს განუსაზღვრელი.

მწყემსის ვალია მრავლობდეს ფარა მის დროებაში,
ყოველი ცხვარი ფარაში ჰყავდეს მყუდროებაში.
ცხვარს უპატრონოს, მორჩილს ხელი მოჰხვიოს ძმურად,
შეჰქმნას ქალაქსა შიგან ცხოვრება რომ საამურად.

არ ჰყავდეს ცხვარი უკმაყოფილო და უმადური,
არც საჩივრები იყოს ბევრი,არც საყვედური.

9

ენლილი იყო, ვინც გაჰკვეთა ერთი სხეული
ცისა და მიწის, ერთმანეთზე გადახვეული.
მან შეჰქმნა ზეცა, დედამიწისგან თავისუფალი
და თავად ბელი ღმერთებში მეტი იყო უფალი.

ქაოსისაგან გახადა ნივთი მან გარკვეული
და ყოველ მათგანს მისცა სახელი თითოეული.
ის მიულხენდა შეჭირვებულში სულს ჭირსა შიდა,
ქარების პატრონს ქროლვა ოთხივ კუთხით არ ღლიდა.

განავრცო მიწა,ადამიანთა სავალი სფერო
და ფაქტიურად სასუნთქი მისცა ხალხს ატმოსფერო.
მისია სუნთქვა, სიცოცხლის ძალით ცეცხლის აღგზნება,
ფართოდ მავალი ქარების ქროლვა კვლავ ნება-ნება,
ოღონდ გრიგალად ქცეულს არავინ არ ენანება,
წელში გადატეხს, რასაც ძალით წაეტანება.

ენლილმა,ვინაც ქაოსი ცად და მიწად გაწყვიტა,
ურუქის მეფის დასჯა ითხოვა და გადაწყვიტა,
რომ მოეწვია ცის თავანზე ღმერთთა პარტია,
რახან თავგასულ მეფეს ვნებები ვერ აპატია
და ჩვევისამებრ ნაოჭით ძლიერ შეიკრა შუბლი,
მოაგვარეთო,უთხრა სპიკერს უაზრო შუღლი.

-რის მაქნისია ნამ-ლუ-გალი,ანუ მეფობა,
არ ჩამოვარდა თუ ხალხთა შორის მშვიდი ერთობა,
ნახევრადღმერთი სხვისი ცოლით როცა ერთობა,
რომ უფლებაზე მეტი ვალია, ახსოვს, ღმერთობა?

არ ეგებოდა ასეთ საჩივარს რახან უარი,
თუ მომჩივანი იყო მართალი და უტყუარი,
ენლილის რისხვას არ დაადეს ზედ საფუარი.
ქალაქ ურუქის მფარველი თავად ანუ თუ არი,
მაშინ ამ საქმის იგი დღემდე მიწყივ შუა არი.
***
ვეღარ დაუდგა კვლავაც თავდებში
გილგამეშს ღმერთი- ანი, ციური,
თუმც იყო იგი მეფის ფანი და
ამ მხრივ,ზომაზე ტენდენციური.

ვერც დარჩა თუმცა განაჩენში ერთგვარად მყარი,
დედა ღვთაებას არურუს უთხრა:
-შენ მიაპყარი
შენი მზერა და
მოიფიქრე,რა მოუხერხო,
თუ სხვა ქალწულებს გილგამეში
კვლავაც შეეხო.

თუ საჩივრებზე საჩივრების შემოდის ექო,
იქნებ ხელმწიფე, თავგასული, კვლავაც არ გვექო,
რადგან მის გამო ენლილის ქარი ქარიშხლად გვერგო,
ის აჯობებდა, მომავალში აღარ გაგვეგო,
როგორ აცდუნებს საკუთარი გილგამეშს ეგო
და სხვისი ცოლი პირველ ღამეს როგორ შეერგო.

10

ღვთის ნებიერას, იყო რომელიც მათგან ნაქები,
ვეღარ დაუდგნენ თურმე თავდებად ანუნაქები,
რახან საქმენი იყო მისგან ქალთა მაცდური
“იყვნენ”მათ უთხრეს ენლილს,
ანუ მისცეს დასტური.
***
ენლილმა დიდ მთად წოდებულმა /იყო ქურ-გალი/
უთხრა არურუს შენ იქნებიო მხეცის დურგალი:

-ჩემო არურუ, მთავარი ღმერთის,ენლილის დაო!
გილგამეში რომ მტყუანია თავად ხედაო,
სხეულით სულის თუ არჩია მან წაწყმედაო,
მიხედე საქმეს,განაჩენში არ შეგედაო.
***
რა მოგაწყინოთ,ან გაგიგრძელოთ რად ლაპარაკი?
შეკრბა ღმერთების სამინისტრო ცას, ანუნაკი,
ვერ დაეტია თავის კანში ღმერთკაცი რაკი,
უთამაშებდა სხვისი ცოლისთვის რამეთუ .რაკი.

სთქუა ენლილმა :
-რომ არ იყოს ყრილობა უქმე,
განსახილველი სხვა საჩივრები მე გავაუქმე.
ქარის პატრონმა ყველა თქვენგანს იმად მოვუხმე,
თუ შეცდით ერთხელ,ახლა მაინც ჭკუას მოუხმეთ.

მეომრის შვილთან სარეცელი მითხრეს გაეყო,
გილგამეშს. თურმე ქალწულები ისევ არ ეყო,
თუკი არ უნდათ ჩემებურად რისხვით გავრეკო,
დააშოშმინეთ, ჩემი ქარებით რომ არ წავლეკო.

რახან გილგამეშს ურუქელებმა ისევ აგინეს,
მოითათბირეს ღმერთებმა თურმე და დაადგინეს:

-თუ გილგამეში არის მართლაც ასე ჯიქური,
იქნება ალბათ უპრიანი და ლოგიკური,
დედამიწაზე უძლიერესი თუა ღმერთკაცი,
ხამს შეჰქმნან მისი თანასწორი, ოღონდ მხეცკაცი
და რახან წყალი ყველა დროში არ მოაქვს კოკას,
იგი იქნება,ვინც გილგამეშს ძალით მოთოკავს.
რამეთუ კაცთა თხოვნა-მუდარა მას არ უდგება,
უხეში მხეცი ვნებათაღელვებს წინ აღუდგება.

11

ზოგჯერ ღმერთებსაც უფროსისაგან ვალად ედება,
გამოიჩინონ მხატვრობა და შემოქმედება.
თვით “მეკეცეთა დედოფალმა”ენქიდუ შეჰქმნა
მდუმარებაში
და დაავალა ნადირთა დევნა.
***
ყურად მიიღო არურუმ კაცთა რა საჩივარი,
მოჰკიდა საქმეს ხელი,ვერ ჰკდრა ენლილს უარი.
რაკი არ დარჩა არავისთვის რამ გასამხელი,
გადაიბანა დედაუფალმა პირწმინდად ხელი,
წყალში დაალბო თიხა, მანამ თუ იყო ხმელი,
რომ ჩამოესხა მხეცკაცი, ჯერაც ჩამოუსხმელი.

არურუ,ანუ იგივე თესლის მზა შემწირველი
იგია,ვისი თანადგომით შეჰქმნა პირველი
მარდუქმა კაცთა მოდგმა ღვთიური შემოქმედებით,
განა დაბადა საშომ,შობდა განა დედები.

ახლაც შეკვეთით გახდა მხეცის დიზაინერი,
თიხას და აპსუს წყალს ითხოვდა,ვით ინჯინერი.
პირველი კაცი გვერდში დგომით თუ შექმნა ორმა,
ახლა არურუმ უნდა იმარჯვოს,როგორც სკულპტორმა
სანამ არ იქნა ჯანყი,
სანამ არ ატყდა ომი,
აპსუს თიხიდან კაცის საცხობი მოზილოს ცომი.

არ ჰყავდა გვერდით მარდუქი,ანუ სხვა თანამდგომი,
განვითარება ნახელავის ვნახოთ შემდგომი.
***
ვით ხელოვანი, ენქიდუს იგი ისე ძერწავდა,
“დაამსგავსეო გილგამეშს”-ენლილს ასე ეწდა.
ჩქარობდა საქმეს,დრო არ ჰქონდა დიდხანს ეცადა,
რაც დაავალეს, ღვთიური ნიჭით იმას ეცადა.

და “მეკეცეთა დედაუფალი, ვით ხელოვანი,
ფორმას აძლევდა მატერიას, ჰქმნა ძალოვანი
და რაიც ხალხში ითქმოდა მანამ, როგორც ზღაპარი,
გაცოცხლდა კაცთა მოდგმის თავიდან კვლავ წინაპარი

და გაამყარა არურუმ აზრი ანუსეული,
ხელგანბანილმა პირველყოფილი შეჰქმნა სხეული,
როგორც უხსოვარ დროში კაცი შეჰქმნა პირველი,
იყო რომელიც მთესველი და გოდრის მზიდველი.

მიწად იქცევა, ადრე თუ გვიან, რახან ყოველი,
ადამიანი და სულდგმულობს თუკი ცხოველი,
შეჰქმნა არურუმ მიწისგან, როგორც ადამიანი,
მხეცი ძლიერი ნადირივით,მისებრ თმიანი.

რა ენქიდუ და ბანჯგვლიანი ნადირი რაღა,
მხეცს სუმუკანის- ჯოგის პატრონის ჩააცვეს აღა.

სულ სხვაა მისი ზნე და მხეცური მისი ბუნება,
როგორც სუმუკანს,თმები ეზრდება ხოდაბუნებად.
ქურციკებთან ძოვს ბალახს,თუმცა ორ ფეხზე მდგარი,
არც მხეცია და არცა ჩვენებრ კაცად შემდგარი.

თითქოს კაცს ჰგავდა, იყო სრულიად რამეთუ მთელი,
მაგრამ კაცური ცხოვრებისთვის გამოუთლელი.
მის დაბადებას არ უძღოდა წინ სიძვით წყვილი-
მასალა იყო მტვერი და თიხა ღვთით დანერწყვილი.

მას შეურჩიეს უდაბნოში ვრცელი ალაგი,
შორს იყო მისგან ხალხი,რჩებოდა გარეთ ქალაქი,
არ მუშაობდა უდაბნოში რახან დალაქი,
მოედო თმები,ვით გაზაფხულზე მიწას ბალახი.

ენლილმა “თესლის მიმღებს”შეუქო ქმნით საქციელი,
თესლს მიუჩინა ალაგი ერთი,უკაცრიელი.
არა ნაშობი, არურუსაგან თესლშემწირველი
ჰფლობდა უდაბნოს,იყო რომელიც განუძარცველი.

არურუმ კი არ შობა,ხელით შეჰქმნა ქნილება,
ევალებოდა -უფროსმა ღმერთმა ასე ინება:
ხვედრით უბედო მიჰყევიო, უთხრა დინებას,
იგი გადაწყვეტს შენს სიცოცხლეს და მოკვდინებას.

უთხრეს:
-იცხოვრე ცხოველებთან და ითარეშე,
სვამდე და ჭამდე მათან ერთად ჭურჭლის გარეშე.
ჩაცმულობით კი ჩამოჰგავდა იგი მთის მეფეს,
დედიშობილას არაერთხელ გზად შეეფეთენ.

ბალახი იყო საკვები მისგან მოსაპოვარი.
თუმცა მტაცებლებს წინ უძღოდა შეუპოვარი
და თუკი ვინმე მიადგებოდა უცხო მსტოვარი,
შეექმნებოდა მყის უდაბნო დასატოვარი.

მან არ იცოდა ადამიანთა წესი და ყოფა,
რაც უდაბნოში ღმერთმა არგუნა,იგი იმყოფა,
მას მფარველობდა მთათა მეუფე- თავად შაქანი,
თვალსაწიერზე ყველგან ჰქონდა მხეცს გასაქანი.

მას არ აკლებდა საძოვარ ბალახს თავად აშნანი,
ერთი შეხედვით,არ ჰქონდა თითქოს რამ დასანანი .
არ ეხებოდა ადამიანთა მის სულს ცოდვები
და არ ჰქონია გამოტენილი თავი ცოდნებით,
რომლითაც ხალხი ჭრიდა იმ ტოტებს, რომელზეც იჯდა,
რად უნდა ცოდნა კაცს,იმისგან თუკი გაგიჟდა?

ვნახე ეს ცოდნა კაცობრიობას, თუ რა დაგვიჯდა.
****

ასე შეიქმნა ,ნახევრად კაცი, ნახევრად მხეცი.
ტყე დაულოცეს:ნადირებსო პატივი ეცი!
-და კიდევ ერთსაც დაგავალებთო,რაც არი, არი:
გახსოვდეს,გილგამეში შენთვის არის მთავარი:

-თავს გასულია, ღმერთკაცს ლამის ჰგონია თავი,
რომ არის ღმერთი,ლამის ერთი….
დაჰვიწიყებია,რომ მესამედი სისხლით კაცია,
მიწაზე დადის,ადამიანის კაბა აცვია.

12

იყო ენქიდუ ქური, ბედით დაუსაზღვრელი,
სცნობდა ნადირებს, ქვეწარმავალთა იცოდა ხვრელი,
თუმც არ იცოდა, დაფქვეული რა იყო ფქვილი
და არ უსმია დოქიდან წყალი პირჩამოღვრილი.
მან არ იცოდა სიყვარული და ძახილი ქალის,
არ შეჰხებია მასწავლებლობით ხელი აფქალის.

მან ველურობით არ იცოდა,რა იყო ბრალი,
არ სვამდა ღვინოს,არც სიყვარულით არ იყო მთვრალი,
არ ჰქონდა კერა , არ მოუხარშავს ქვაბში ხორბალი,
ატრიალებდა განა უბედოს ბედის ბორბალი.

როგორც დემონი დაბალი რანგის,გახლდათ უბედო,
ბედდაუსაზრვრელს ყბები ჰქონდა და იყო უყბედო.
საზრდოს ეძებდა ნადირივით წელში მოხრილი.
ორმოს ავსებდა,სადაც კაცისგან იყო მოთხრილი.

არა უწყოდა არაფერი მან წესრიგისა,
რაიც არგუნეს ღმერთებმა, მხოლოდ იგი იღირსა.
არც ლაპარაკი იცოდა კაცებრ,მუნჯობდა უტყვი,
რადგან ველური თავად იყო ერთი პირუტყვი.

ვით გუთიელი,ანუ მთის კაცი,იყო ველური
და არ ეთქმოდა ამის გამო მას საყვედური.
არ ჰყავდა დედა , არ იცოდა სითბო დედური,
არ აწუხებდა ამპარტავნება,მაღლაქედური.

მხეცი იყო და არ გააჩნდა კაცებრ მეობა,
არც უზნეობა იცოდა და არცა ზნეობა,
იყო ველებზე მორბენალი ქურციკი ქური,
არ აწუხებდა უნარ-ჩვევები მას ქალაქური.

იყო ცხოველი,არ იცოდა კაცებრ ქირქილი,
გულს არ უღრღნიდა ხვალინდელ დღეზე იჭვების ჩრჩილი.
თავისი ხვედრით კმაყოფილი იყო მორჩილი,
რბოდა ველ-ური შიშველი ველად,ბალღივით ჩვილი.

მან არ იცოდა ოჯახური წესი და ყოფა,
არც პურის ჭამა, არც მითუმეტეს მისი გაყოფა.
არც სიყვარულით იცოდა სწორთან თანაგაყოფა
და არც გრძნობებმა მოჭარბებულმა ავად ამყოფა.

მან არ იცოდა, რა იყო შური,სიხარბე,მტრობა,
არც მარჩბივობა ედო ვალად,არც მეგობრობა.
უცხო ყოფილა მისთვის კაცური ყოველი გრძნობა-
მათ შორის კაცის სიბრალული და თანაგრძნობა.

პრობლემებისგან თავისუფალი და უზრუნველი,
არ სცნობდა ცოდვებს,არ ჰგავდა ამ მხრივ კაცს უცოდველი.
ბალახი იყო მისი პური და სამშობლო ველი,
ძუძუს აწოვდა, როგორც ირმისას, ველური შველი.

როგორც შვლის ნუკრი, ლაღად უდაბნოს ველზე დარბოდა,
ხვალინდელ დღეზე არც ფიქრობდა , არც ბევრს დარდობდა.
ქალაქის შფოთვის მხეცობით არა გაეგებოდა,
არც გამოჭრილ თარგს წესის დაცვით არ ერგებოდა.

ველზე გაზრდილი,ველის მკვიდრი იყო ველ-ური,
ბანლებით ჰქონდა გამოტენილი,ველურს ყელ-ყური
ცხოველთა ჯოგის თავად მფარველი იყო ბელადი,
მიჰყავდა ფარა,ერჩია ველი მწვანედ ფერადი.

ნისაბასავით ეხვეოდა სხეულზე თმები,
ზურგს უმაგრებდა მიუვალი ამაყი მთები.
ის ქურციკებთან ძოვდა ბალახს,როცა შიოდა,
არ წუწუნებდა კაცივთ ბედზე და არ ჩიოდა.

სარწყულებელდ კი გარეულ ჯოგთან წყალს აწყდებოდა,
ალღოთი ბალახს სამკურნალოდ წააწვდებოდა.
უისტორიოს გული წარსულზე არა წყდებოდა,
არც ნოსტალგია ტანჯავდა, როს წამოწვებოდა.

არცარას გამჩენს მუხლზე ლოცვით ეხვეწებოდა,
არც სინანულის ცრემლით თვალები არ ვსებოდა.
თუმცა ღმერთისგან როგორ იყოს იგი ქებული,
ვინც არ ყოფილა თუნდაც ერთხელ შეყვარებული?
***

ცხოვრობდა ასე თურმე ენქიდუ ველურ -თმიანი:
სისხლით ნადირი,უსურვილო ადამიანი.
ოღონდ ბოლო დროს ჩიტებს უნახავს ტყეს ანატირი-
უსიყვარულოდ დარდობდა თურმე, ღმერთი- ნადირი…

ჰქონდა ენქუდუს უჩვეულო კაცთათვის სმენა,
იცოდა თურმე ფრინველთა და ცხოველთა ენა,
მაგრამ ხანდახან დაეტყობოდა სახეზე წყენა,
უსიყვარულოდ ეძნლებოდა ვნებათა თმენა.

მის მარტოობას ვერ შველოდა ძერა და შველი,
უქალოდ შელი, როგორც ნერვი, იყო შიშველი.
და არსად ჩანდა ღმერთისათვის ქალი-საშველი,
შემოხვეოდა ვნებამორეულს,ვითარცა გველი.

ყველა ცხოველს და ყველა ჩიტს ჰქონდა ბუდე- ბუნაგი,
მხოლოდ ენქიდუ სიყვარულის იყო მსუნაგი.
დაერეოდა ცხელ გულზე მწყემსებს ის ნამეტნავად
მოიხსენებდნენ გილგამეშთან ისინი ავად.
***
მას აუხირდნენ ხელცარიელი მონადირენი,
შინ მისულები უნადავლოდ, ხმით მომტირენი.

ცხელ გულზე ერთხელ უდაბნოდან განდევნა მწყემსი.
გაცოფდა მწყემსი- რა იცისო მხეცებმა წესი?
ხელცარიელმა მონადირემ შესჩივლა მამას,
სთხოვდა ენქიდუს მოსარჯულებლად რაიმე წამალს,
მამამ ურჩია-:
-გილგამეშთან იტყოდე ამას,
დაგარიგებდეს,ვით უწამლო ზედმეტად თამამს.

13

-ვფიქრობ,რომ ურუქისაკენ აქამდე უნდა გამეშვი,
გირჩევდა რამეს,უთუოდ, ღმერთკაცი, თვით გილგამეში..
***
მონადირემ ყურად იღო მამის რჩევა.
არ ეურჩა,არ ჰქონია უშნო ჩვევა.
-არას მარგებს შეყოვნება,შინ დარჩენა:
ნადირობით თუ მინდაო თავის რჩენა.
***
და გილგამეშთან იხილეს თურმე
იგი მისული
-ჩემო ხელმწიფევ! მხეცია ზღვარზე
თავგადასული.
***
აავსო თხრილი, ჩემი დათხრილი,
ვდგავარ რის გამოც აქ თავდახრლი,
ხელიდან მაცლის უდაბნოს ნადირს,
ხელცარიელი ვერ ვმართავ ნადიმს

არცარა ნანადირევი,არცარა მომაქვს სხვა ლეში,
სადაც მივედი,გავები მისგან დაგებულ მახეში,
განა საქმეა, ნადირმა კაცს რომ მაფურთხოს სახეში,
სანამდე უნდა ვითმინო,ნახევრადღმერთის თარეში?

მეც მინდა რამე ხეირი, ვნახო იმ არემარეში,
მამამაც მომცა ნუგეში,განა შეცდება რამეში?
მითხრა, გიშველის ხელმწიფე ,მონადირესო საქმეში,
კვალს მოგცემს ჩვენი პატრონი -ღმერთკაცი , თვით გილგამეში.

რა მოგახსენო, ჩემო ხელმწიფევ, რაი ვთქვა ანუ?
მხეცკაცს მფარველობს სამოთხის და ცის ღმერთი ანუ.
იცი, იგია უძლიერესი უსაზღვრო ცაზე,
მხეცის მომრევი დღემდე არ ჩანს დედამიწაზე.

აღნაგობით თითქოს კაცს ჰგავს,
თუმც მეტყველებს,როგორც მგელი
არც კაცია,არც ცხოველი
უდაბნოთა გამგებელი.

სასმელი კი ხშირად მისთვის
ბალახზეა დილის ცვარი,
ცეცხლს არ ხმარობს და საჭმელი
უმი აქვს და შეუმწვარი.

მასთან მტრობით რას გახდები,
მოყვრობა კი არის ძნელი,
როგორ უნდა მოვიშოროთ
ეს ვეგეტარიანელი?

მან არ იცის ქვეყნის ბედი,
არ აწუხებს შიმთი მათი,
არ გაგივა მასთან ხვეწნა,
არც ვედრება,არც კამათი.
***
დაეხეტება უდაბნოში მართუ ველური,
ფეხზე ჰკიდია ჩვენი წუწუნი და საყვედური.
არაა იგი ქალაქური ქცევით მართული,
თუმც ცხოველია განსხვავებული,წელგამართული.

ნახევრადღმერთი მეტია მხეცზე,კაცზე ნაკლული
და როგორც კაცში მასშიც ღაღადებს ღმერთი დაკლული.
ადამიანი,აბა,ნადირს,ვით ვეომები?
ბედდაუსაზღვრელს განსაზღვრული ჰყავს დემონები.

აგურით არის შემოსაზღვრული შენი ქალაქი,
მხეცის უსაზღვრო ტრამალებში არის ალაგი.
დასდევს ფრინველებს,ემორჩილება ნადირთა ჯოგი.
ვერას გახდები მასთან ძალით,ვერ გშველის ჭოკი.

განუყრელია ტყის ბინადრთან,წყალს ერთად სვამენ
და უკანალზე ხელცარიელს მწყემსებს დასვამენ.
გულთმისანია,როგორც ღმერთი ნადირთაგანი
და თავად არის ნადირი ერთი იმათთაგანი.

ყველა ჩემს ხაფანგს,რაც დამიგია,უჩვენა განი,
ვერ ვნახე ვერსად, რომ ვერ მიაგნო ისეთი ბანი,
ცაში მზვერავად ჩიტები ჰყავს, მათია ბანი,
ვბრუნდები სახლში ხელცარიელი და დასაბანი.

სად გამითხრია, ამოავსო სუყველგან ორმო,
გადავიღალე,არ ვიცი კაცმა მხეცს ვით ვეომო?
სადაც ხაფანგი მოვაწყვე და მახე დავაგე,
სუყველა შრომა წყალს გავატანე და დროც დავკარგე.

მან ამოავსო თხრილი, რომელიც მე ამოვთხარე,
მისმა შემყურე მონადირემ ვერ გავიხარე.
მას ნიშანს აძლევს მზვერავთა გუნდის სტვენა-ჰანგები,
მან დამიშალა გამიბავს სადაც კაცს ხაფანგები.

დღეს ჩემს დაგებულ მახეს დაშლის და ფეხით წააქცევს,
ხვალ შეტევაზეც გადმოვა,ქალაქს უდაბნოდ აქცევს.
აგურის კედელს მოშლის,გათელავს ქური კულტურას.
შეაჭმევინებს, რაც გვიშრომია, მოროდიორ ტურას.

მოვიგერიოთ კარს მოსული ნადირი ძნელად,
იგი ჯოგითურთ საძოვრებისკენ მოულოდნელად
მოიწევს,გზად შლის, თუ ნახა კაცთა ნამოქმედარი ,
მალე ურუქსაც უდაბნოდ აქცევს ეს სახედარი.

ვაითუ, მოვა ჯოგით,არ იცის ვინც ქალამანი,
აგურს დაამტვრევს,მოგვიშალოს გარს გალავანი.
ვიღონოთ რამე!გვეყოს იქნებ ცრუ შეშფოთება,
თორემ ჩემს ტირილს შეცვლის ხვალე ბევრის გოდება.
დავკარგავთ ქალაქს,განა მხეცი გზად დაყოვნდება,
ჩვენი ქალაქი მხოლოდ სიზმარში მოგვაგონდება.

კენჭით იწყება, რაიც ზვავად გზად აგორდება,
განა თავისით წავა,რაც იპყრობს,ან დაგვშორდება?
დღეს ქალაქისკენ არღვევს საზღვრებს ქვიშის ბატონი.
ვისთან ვუჩივლო?
მაგ უპატრონოს არ ჰყავს პატრონი.

სადაც მოშარდა,მხეცის გაგებით მისია ველი,
მალე თავზედაც დაგვაჯდება მაგ გაუზრდელი.
სად მოისაქმა ,ყველა მისი თუკია ყანა,
არ გაგიკვირდეთ,კვალმა ურუქშიც თუ მოიყვანა.
***
აღარც ნანადირევი და
აღარც სხვა რამ სარგებელი.
არ დაგვრჩება მალე მისგან
მიწა მოსასაქმებელი.
-აღარც მიწის სარგებელი,
არცა სხვა ნანადირევი,
შენ გვირჩევდე, სანამ ბრაზით
გავხელდე, გადავირევი.

წინ მოიწევს მორბენალი
ველური და მტაცებელი.
ვის მივმართოთ, შენ ხარ ჩვენი
პატრონი და გამგებელი.
***
სადაც მოშარდავს,იქ უნდა ველურს ცხვირის შეყოფა
ასეთი ტემპით მალე ურუქიც აღარ ეყოფა.
ვიღონოთ რამე,არ გვტაკებია სანამდე კეფას,
თორემ გავიგებთ ცოფიანის ურუქში ყეფას.

კვლავ წინ მოიწევს ჩვენს სანახებში ნადირთ ბატონი
და უდაბნოში ჩემს ხმას კვლავაც არ ჰყავს პატრონი.
თუკი ვიღლები შრომით ,ვწვალობ მახის დაგებით,
ვერ მოვეკიდო ქურდულ გაგებას, მეფევ ,გაგებით.

სადაც მისულა კულტურის კვალი ყველგან ქრებოდა,
ყველას ქურდული მენტალიტეტით ემუქრებოდა.

14

დადუმდა თურმე გილგამეში და ფიქრმა მოიცვა:
მოვიფიქრებო რამეს უთუოდ ,ოღონდ მოიცა.
თუ ყველა გზაზე კაცის არის ფეხით სავალი,
არ შეიძლება არ იყოს სადმე გამოსავალი.

-უსიყვარულდ დაძრწის ენქიდუ ჟინ-ბნედიანი,
მისი წამალი არის ქალი ტან-ვნებიანი.
ქალღმერთ იშთარის ქურუმია ერთი ლამაზი,
შემოეხვევა მამრს გველივით,ვითარცა ვაზი.

რახან მიიღო პრობლემამ სახე დიდი ამდენად,
სჯობს ეს მხევალი წაიყვანო მის შესაცდენად
ჰქვია შამჰათი,არის მოქნილი, როგორც გავაზი,
იმან ასწავლოს მხეცს პატივი და სხვა თავაზი.

არის ტურფა და სიყვარულისთვის ღრმად განსწავლული,
მის ხელში არის ვნებათაღეკლვის ზღვა სასწაული.
დაუცხრობს მხეცკაცს ყველა ვნებას,თუ აქვს მალული,
გახდება მხეცთა ენა მისთვის მალე ფარული
და ვერ გაიგებს,თუა საფრთხე შემოპარული,
როს აბჯარს აჰყრის შიშველ ტანზე ბრმა სიყვარული.

ამ მიზნით უნდა შემოახიო შამჰათს სამოსი,
დედიშობილა ქალი წყაროსთან ახლოს ჩამოსვი
და შეატოვე ამძუვნებულ მხეცს იგი ხელში,
არ ამოუვა სანამდე ქალის ალერსი ყელში.

ყველა ხაფანგზე უპრიანია ქალის ხაფანგი,
თუ მითუმეტეს არ ეცმევა ტანზე პერანგი.
მოქმედებს იგი ჩვენს გონებაზე, ვითარცა ბანგი,
იქნება იგი მამაკაცისთვის სასმენად ჰანგი,
თუ ქალმა იცის სიმებზე დაკვრა,კაცია ჩანგი.

შამჰათი, როგორც მონადირე
მსხვერპლს ახვევს ქსელში,
ვერვინ გაუძლოს პირველყოფილ
ქალს სამოსელში.
***
თუ არ ეცმევა ქალს ტანსაცმელი,
ამ ხაფანგს ვერსად წაუვა მცველი
და მასპინძელი.
მიეპარება ქალი ველურს,როგორც მელია,
ეს წყარო მისთვის უცხოა და ჯერ უსმელია.
ტყის მცველობაზე მაშინ ვფიქრობ ის ხელს აიღებს,
ქარი გაფანტავს ნადირს მისგან და შირს წაიღებს.

იშთარ-ინანას კულტის მსახური ქალი ცბიერი,
ვნების ქარ-ცეცხლის აღჭურვილობით ნაყოფიერი,
როსკიპი ქალი სახელგანთქმული როგორც შამჰათი,
გავგზავნოთ.ვფიქრობ, გაუსწოროს მხეცს ხასიათი.

მხოლოდ ქალს ძალუძს მოთოკოს მხეცი და ბარბაროსი,
უმართავ მართუს ჩააცვას შიშველ ტანზე სამოსი.
მხეცთათვის უცხო, კაცად იქცეს ადამიანი…
ახლა იჩქარე, არ დაგირჩეს საქმე გვიანი.

ვით შეწირულმა ძღვენმა იშთარის დედა ტაძრისა,
დრო დააჩქაროს საძოვრებიდან მხეცის დაძვრისა
სიტყვა ასწავლოს და სხვა ქცევა მხეცს რიგიანი
ასწავლოს ყოფა უწესრიგოს წესრიგიანი.

და როცა მხეცი დაუწყებს ღრენას ტყედ შთენილს მარტოს
მაშინ შამჰათმა ხელი მისცეს და მოუმართოს.

***
თუკი სანდოა დაფებში თქმული ქვათა თქმულება,
მომზადებლა ურუქ ქალაქში ეს შეთქმულება.
ეანას ტაძრად იშთარმა იხმო მხევალი ქალი,
გვერდზე მოისხა,როგორც სწორი,როგორც დაქალი.

გვერდზე მოისხა იშთარმა ქალი, მოიხმო ის რა
და როგორც ჯაშუშს,მხეცის შეცდენა თავს დააკისრა:
-“ციური სახლი”თუა შენთვის კვლავ სათაყვანო,
შემოტყუებით ენქიდუ ქალაქს ხამს მოიყვანო.

როგორც ქალს,გმართებს ურუქისათვის საქმე გმირული,
ალბათ გახსოვს,რომ ეანასთვის ხარ შეწირული
რამეთუ ქალაქს გამოუჩნდა მტერი ხილული,
დროა, უმღერო უძინარ მტერს ძილისპირული.

დღეს ამ მისიით და ამ ფუნქციით ხარ დატვირთული,
არა მგონია,გამოცდილისთვის რომ იყოს რთული.
მამრთან მზვერავად ქალი უფრო მეტ ხეირს ნახავს,
შიშველი კაცი საიდუმლოს ვერ შეინახავს.

ჩემს ქალაქს-ანუ-დედა-ქალაქს საფრთხე თუ ელის,
მხოლოდ ხრიკებით და მხოლოდ ქალი მას თუ უშველის.
შენ გეკისრება ახლა საქვეყნო, დიდი მისია
თავად ხვდები რომ კაცი ამისთვი უვარგისია.

15
შამჰათს უნდა დაეგულვა,თუ სად იყო მხეცის ბინა,
სიყვარულით დაემხო და მოეთვინიერებინა.

***

უნდა მოგიყვეთ, აქამდე თუ არ მომიყოლია,
მონადირემ თან მეძავი-ქალი გაიყოლია.
თუ დაიხვეწა ალმასი,მიწყივ იგია ბროლი,
და შეითანხმა კახპამ მეფის მზვერავის როლი.

თუმცა გავლილით გალახული ორივე იყო,
შეახსენებდა როგორ უნდა მოქცეულიყო
ქალს მონადირე:

-უჩვენე ყიურს,თუ რას ნიშნავს ქალთან თამაში,
წვავდეს სურვილი შენი,როგორც ბალახს შამაში.
დაგეხმარება თავად იშთარი,იცი ამაში.
გახვიე მხეცი,შენებრ ქალურ ხათაბალაში.

როცა საღამოს ჩამოჰკრავს ბინდი,დაჰბერავს სიო,
გაღვივებული ვნება ძაღლივით ხამს მიუსიო,
იქნება ღირსი, ეგ ველური,მხეცი ყიური,
დაუბანელი,ბანჯგვლიანი,ღმერთი ტყიური.

გააძღო ძოღან სურვილებით,ხან დაამშიო,
გამოურიე მასაც ჩვენებრ თეთრი თმაშიო.
ვნახავ,თუ როგორ გაკვინტრიშდება მაშინ მთაშიო,
განდევნო თუნდაც და უძახო აქში …აქშიო.

ოდეს ვიხილო ძირს დამხობილი,ხვეწნით ხმაშიო,
დამონებული შენგან უკვე,ცრემლით თვალშიო,
აღარ იქნება ძველებურად ჩემთან ვალშიო.
ვიქნები მაშინ უბედურთან ბარი-ბარშიო.

მონადირეთა დევნა თუ რომ მოაშლევინო
დაბრუნებულზე ფინიკის ღვინო დაგალევინო.

ვერ იკავებდა ცბიერ ღიმილს ქალი შამჰათი,
არ დაუწყია მონადირესთან თუმცა კამათი,
ახედა ზეცაას-მე ვიციო ჯიში ამათი,
კაცია ძაფი,მაშინ როცა ქალი მახათი:
-ვნებით დავაწვენ კაცს და არა უქმე ძალათი.

მხოლოდ მესამე დღეს მივიდნენ დანიშნულ ადგილს,
ბოლო მოუღეს უკანასკნელ გახვეულ სადილს
და ჩაუსაფრდნენ ენქიდუს,როგორც გულის რამ წადილს,
არად აგდებდა,რამეთუ მხეცი შორიდან ქადილს.

მალე იხილავს იგი მიწყივ ქალს კაბაგახდილს,
ნახავს სიცოცხლის წყაროს ახლოდან და ფარდაახდილს,
დაეკონება შამჰათის კაბას,დაკოცნის მანდილს
და მის მკლავებში გაიგებს ძალას დიაცის მადლის.

ჯერ კი დამალულ მონადირეს ჰქონდა ჟიმჟიმი,
გადაიღალა და მოსწყინდა მოცდის რეჟიმი.

გარს ერტყათ მთები ველური და თვალუწვდენელი.
მათ დაიკავეს ალაგი უფრო შეუმჩნეველი,
იყო უდაბნო ვერანი და უკაცრიელი,
ჩასაფრებულთა გულისცემა მეტად ძლიერი.

ადრე თუ გვიან, ყველა სულდგმულს წყალი სწყურია,
წყაროსკენ ჰქონდათ ორთავ თვალი,ორთავ ყურია.
-სიკვდილის წინაც სანატრელი თუკია წყალი,
ბოლოს აქ მოვა,სად წაგვივა მხეცი საწყალი?
ჩვენი აქ ყოფნა ჯერ მხეცებმა არც კი იციან,
წყაროს ბუჩქებთან დავიკავოთ, სჯობს, პოზიცია.

16
წყლის სილამაზე არაერთხელ მიწყივ მიქია,
სანამ ლივლივებს,ულმაზესი არის სტიქია,
თუ ყალყზე შედგა,თუ წამოვიდა რქებით,ჯიქია.
წალეკავს ყველას ტალღებზე მძრომი ტალღის რიგია…
მე გამიგია…

მოჰყვება ყველა მისი მკლავების მიწყივ ხვევნაში,
გადაირევა დუჟმორეული კაცის დევნაში,
პირდაღებული,გრანდიოზულ მრისხანებაში
ხელს მოჰხვევს ურჩს და ვინც ცხოვრობდა მოთმინებაში.

ყველაფერია უფლის წინ და მის სრულ ნებაში-
მორჩილიცა და ვინც ცხოვრობდა სულის ვნებაში.

წყალია ბოლო სურვილი და წყალია თავი.
ჰკლავს წყლის წყურვილი,თუ ლოგინში წევს მომაკვდავი.
მისთვის იქნება, ადრე თუ გვიან, ყველას ღადავი,
ვისაც ცეცხლისგან თავი ექნება ქვაზე სახლავი.

ვემუდარებით წვიმას უფალს,როცაა გვალვა,
როცა წარღვნაა,მის გამოა რბენა და მალვა.
დიდია მისი მადლი,მეტი მსახვრელი ძალა,
ფაფარაშლილმა ცოდვებისთვის თუ მოიცალა.

ვაითუ,ჩვენზე ხელი აიღეს… და თქვეს უარი,
სარქველი მოხსნან ცას,გაუშვან რეზერვუარი,
თუ შეუყენონ კაცობრიობას ბოლომდე წირვა,
ამაო იყოს ვაჟკაცობა და თავგანწირვა.

ვაითუ, ზეცა-ოკეანის ერთი მდინარე
საშოს ეძებდეს,ცოდვებიდან გამომდინარე.
იპოვოს ბინა თიამათის კვლავ იღლიაში-
წყლიდან შობილი უკან დაბრუნდეს-თავის წიაღში.

ძნელია დღენი, რაც ადვილად მოსჩანს სათქმელად,
წყლის საშო რასაც ბადებს,ეძებს კვლავ ჩასანთქმელად
და ნუ იფიქრებთ, სიცრუეა ოდენ ზღაპრებში
და არ ბუდობდნენ ამირანები გველაშაპებში.

ოდეს ქვეყანას გველეშაპი გარს მოედება,
რაიც ყოფილა ერთხელ,ისევ განმეორდება.

კვლავ გაუსკდება მიწის ნაგლეჯზე ბევრს შიშით გული,
მასაც, ვინც გმობდა და მას, ვინც ღვთის იყო ერთგული.
აფართხალდება უმწეოდ წყალში ყველა სულდგმული,
ცაზე ჩიტიც კი ვერ დარჩება ფრთებით მიბმული.

როდესაც ფეხით ცა ჩამოვა, ჩამოიქცევა,
ორი მდინარე როცა ერთად გადაიქცევა,
კოლექტიურად არ ღირდეს ,იქნებ, სუყველას დასჯა,
ვინ ცოდვილია,ვინ უცოდველი, სჭირდება განსჯა.

შეუშინდება ასეთ წარღვნას ღმერთები თავად,
თუ არ ილოცენ ღმერთზე, ღმერთიც გახდება ავად.
განმეორდება ძველი სცენარი,ენლილო, ნუთუ?
გადაურჩება ნუთუ წარღვნას კვლავ ამე-ლუ-თუ?

განა ღირსია შენი რისხვის მიწაზე ყველა,
განა ღირსია ერთნაირად ხალხს ერგოს წყევლა?
მრავალთა შორის ზოგს ხომ აცდა ბოროტთა ბოდვა,
მას დამნაშავის ბედი ერგოს,ხომ არის ცოდვა?

იქნებ, არ ღირდეს წყევლა ყველაზე განაზოგადო,
განუზომელი რისხვა ყველას თავს რომ მოადო.
ან ცოდვილ შვილზე რატომ პასუხობს კანონით მამა,
თუ სიყვარულმა სიძულვილი გაათამამა?

კაცობრიობა ორგანიზმია თუკი მთლიანი,
მის სიმრავლეშიც კაცად რჩება ადამიანი.
განა შვილებზე ვრცელდება მამის უკეთურება,
მლოცველს ხედავდე!
არ გეკადრება, ღმერთს წაყრუება.
რომ აპატიო,ვინც მოგაყენა ცოდვებით ვნება,
ღმერთო, იქნება ამაშია დიდბუნოვნება?!

***
შუბლს შეიჭმუხნის ნუთუ ზეცაში ისევ ენლილი,
ოდეს იხილოს ცოდვებით ყანა მიმოფენილი,
ისევ დარჩება ნუთუ წყლებით ხალხი დევნილი,
უცოდველიც და ცოდვებითაც გამოჩენილი?

მკვდარს შენატროდეს ცოცხალი კაცი,ღვთის გაჩენილი,
წყალდიდობისგან გარიყული,გადარჩენილი.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იტყვის ჭკუათმყოფელი:
-რაისთვის გავჩნდი,სად წავედი,რად ღირს სოფელი?
სად არის ხიდი აწმყოსა და მარადის შორის,
რა არის ნაღდი,რაა სიცრუე,რა სხვთაშორის?
***
ჩვენც გადმოცემით ვიცით წყლის ძალა,ყოფილა წარღვნა,
დაატრიალა უკუ ყოველი, რაც იდგა წაღმა,
ოდეს განიხვნა საქანელანი წყლის ნაყვით ცათა
და იყო რწყევა მოთმინების ფიალის ჯამთა.

მაშინ წაშლილა საზღვარი ცასა და მიწას შორის
და კვლავ ერთ სუნთქვად გახლეჩილი შეიკრა ორის-
ცაი და მიწა,ანუ ან-ქი როს აითქვიფა,
ყოფილა ესე ისე ადრე,არც მახსოვს ვინ თქვა.
***
ყურს არ უგდებდა ენქის თხოვნას მაშინ ენლილი:
-ნუ იავარჰყოფ იმას, რაც არი შენი შექმნილი,
მოიცა ცოტა და თუ უკვე დასვი წერტილი,
დაუმატებდე ერთს…გაგრძელდება ხაზი წყვეტილი.
შენია ნება, გააუქმო გადაწყვეტილი,
რამეთუ ვეღარ ილოცებს ხალხი ამოწყვეტილი.
თუკი სიჭარბით იქნება მიწა წყალდაქცეული,
ვით დაემხობა კაცი თიხად გადაქცეული?

ესეც არ იყოს, მოკვდავი მხოლოდ თითო კაცია,
კაცობრიობას უკვდავების კაბა აცვია,
რამეთუ ღმერთის სისხლის შემცველი კაცი თუ კვდება,
კაცობრიობა უკვდავის სისხლით ალიონს ხვდება.

მხოლოდ სიცოცხლით ღვთის მონას ძალუძს უფლის დიდება
და ვინც არ ახსოვთ,ისიც კოსმოსს განერიდება.
სჯობს,გაუფრთხილდეს უფალიც მლოცველ თითოეულ მონას
და ყური უგდოს წყალწაღებულთა საშველად თხოვნას.

ვერ დაიჭიროს ხმა უდაბნომ მღაღადებელი,
თუ დაბადებულს არ ამოუდგა დამბადებელი.
ზიქურათებში თუ არ დარჩა ღამის მთეველი,
არც ღმერთი იყოს,გაუქმდება საკურთხეველი.
***
ღმერთებში ენქი, სხვებზე შორს რომ იხედებოდა,
უწყოდა, კაცთა განადგურებით ღმერთიც კვდებოდა.
ლოცვის მოშლა ხომ შეუყენებს თვით ღმერთებს წირვას
და ვინც არ იყოს, როგორ იზამს მსხვრპლის შეწირვას?

ადამიანის გარეშე ღმერთიც დარჩეს ეული,
ვითარცა მწყემსი ცხვრების გარეშე ცრემლმორეული…
და ვინ თქვას მაშინ, რომელია უფრო წყეული,
მკვდარი კაცი, თუ მარადიული სულდამშეული?

ვინც ვერ იყნოსოს ხარბად საკმევლის ზეცაში კვამლი,
თანდათანობით წაიშალოს იმისი კვალი.
უკვდავებასაც გაუვა ბალა,გაცვთება ვადა
და ვინც არ ახხსოვთ,განწირულია მოსაკლავადა?

იქნება, სჯობდეს ზოგჯერ სასჯელის ხნით დაყოვნება,
ვაითუ, თავად მოგვიტანოს სიბრაზემ ვნება.

იქნებ, წალეკო იგი, ვინც ცოდვით უფრო კრულ იყო,
შენს სადიდებლად ყველა რომ არ დაკარგულიყო,
იქნებ, არ ღირდეს წყევლა ყველაზე განაზოგადო,
იქნებ, მოზომო რისხვა, ყველას თავს არ მოადო?

აჯობებს, იმას მაინც ჩამოხსნა ცოდვის ლოდები,
საიდუმლო რომ შემოინახა გულში კოდები:
-ღმერთთან მივდივარ!-იყოს პასუხი,როგორც პაროლი,
იმის კითხვაზე,ვისი ბაგით კაცს აქვს სხვა როლი:

-საით მიემგზავრებიო,
ჩამოიხსენ ზარებიო,
-ღმერთთან მივალ, დამეხსენი,
ხომალდში მყავს მგზავრებიო.
სიკეთეს ვთხოვ ხალხებისთვის,
მის სამსახურს მივცე მოდგმა,
ახლა მთისკენ მეჩქარება,
წყლისგან მინდა სულის მოთქმა.
თუ გაგვიხსნის დანა პირებს,
ლოცვით ვიზამთ დანაპირებს.

საკურთხევლის კვამლით გვიცნობს
წყლიდან უწყლოდ ამომავლებს,
მადლი თუ ვქნა,დაეწევა
ხმელზე შთენილ შთამომავლებს.
______________
უდაბნოში კი ბალახს მიაწვდის ირემი ირემს,
ახლა კი დროა, დავუბრუნდეთ უკან ჩვენს გმირებს.

17
ორი დღე იჯდნენ წყაროს პირისპირ ჩასაფრებულნი,
მახეს უგებდნენ ველურს,ველად გადაგებულნი.
ოღონდ წყაროსთან სულ სხვა ნადირთა იყო კუნტრუში,
ორი დღის უქმე მოლოდინმა მოქანცა მრუში.

ორი დღე მხოლოდ მხეცთა ღრიალი ესმოდა ყურში,
მესამე დღეს კი მწარე იჭვები დალაგდა გულში:
ხვალეც ტრამალებს განუსაზღრვრელად მტერმა უყურა,
ამდენ ლოდინში იმედი უკვე გადამეწურა.

ქალაქელ ქალმა რა ვაკეთო ამ ქვიშის ტყეში,
იქნებ ნადირმა ისქესა რამე,აიღო გეში?
ჩვენ კი ჩაგვაგდო მცხუნვრებით მზემან შავ დღეში.
მალე ჩვენ თავად შევიქმნებით შემწვარი ლეში,
ამ ჯოჯოხეთში…

თურმე ვცხოვრობდი ქალი აქამდე სრულ სამოთხეში
და ოქროს ჩიტი თურმე ურუქს მჭერია ხელში,
ვნატრობ დროს,როცა ვნებივრობდი საძინებელში,
ვითომ ვმზვერავობ პატივსაცემი მეძავი ბნელში.

მესამე დღეს კი მონადირე, როგორც შეშლილი,
წამოხტა ფეხზე,დაინახა უდაბნოს შვილი:
-ის არის შამჰათ,შენც ხომ ხედავ,ის არის, მხეცი!
აბა,შენ იცი,შენებურად პატივი ეცი.

ახლა იწყება შენი ქალობის მძიმე მისია,
პირუტყვს ჰგონია,ეს უდაბნო მხოლოდ მისია,
აჩვენე ქალის ძალა,რომელიც გასაძლისია,
გახადე ტყისთვის მზერით და სმენით უვარგისია,
თუკი ღირსია!
თუკი ღირსია!!
თუკი ღირსია!!!

აჩვენე შენი მკერდი შიშველი,ქათქათა თეთრი,
აჩვენე,როგორ იმარჯვებს ვნებით მამრებზე მდედრი,
მანაც გაიგოს ბოლოსდაბოლოს
კაცების ხვედრი.
მანაც გაიგოს, რასია ან ვისია ძალა,
თუ დაგაცალა,
თუ დაგაცალა,
თუ დაგაცალა.
****

რამეთუ უწყლოდ ყველა ხილული იქნება ბეცი,
ადრე თუ გვიან,უწყლობით ყველას ეტეკოს ქეცი,
წყალი გიშველის დამაშვრალს,გზაში თუ წაიქეცი.
მიდგა ენქიდუც ცივ წყაროსთან,ოთხზე დგა მხეცი,

არ ჭირდებოდა წყლის სახვრეპად ცხოველს ჭურჭელი,
თუ ენა იყო მისთვის წყლის და ბალახის მჭრელი.
წყურვილს იკლავდა მხეცი,შამაშით სახეზე ჭრელი,
სამუმით ხახაგამომშრალი,სიცხით პირმჩენი.
***
სიყვარულისთვის მოვლენილი და განაჩენი.
უცდიდა ქალი,მსჯავრდადებულს ვით განაჩენი.
ვინძლო სხეული იყო მისი პური-სარჩენი,
რასაც სხვა ჰმალავს,გამოეჩინა გამოსაჩენი.
ამა საქმისთვის არაერთხელ უქეს გამჩენი
ხელობისათვის ბევრი ახსოვს გამოსარჩენი…
***
ევალებოდა განა საქმე სხვა დანარჩენი?

18

გააპობს წყვდიადს ბნელ ღამეში შუქი მთვარისა,
განუსაზღვრელი თუა ძალა მამრზე ქალისა,
ვითარცა ხეზე მოდებული ცეცხლი ალისა,
ვითარცა წყალი,როცა გახრჩობს სიცხე გვალვისა.

სული თუ მღერის,გადახდა უნდა ტანსაც ვალისა,
ესეა წესი ყოველ სულდგმულთა,წარმავალისა.
ხვალემ იზრუნოს,თუ დადგება კვლავაც ხვალისა,
რაა სიცოცხლე,კაცმა თუ არ გაახალისა?

დარდი ექნება თუმც დაკარგული ხვალე თავისა,
თუ ქალმა კაცი ჩაიგდო ხელში,გაითავისა.
ვეღარ უშველის მოყმეს კუნთები გამობრექილი,
რამეთუ გონი დადუმდება გამოქექილი.

ქალის წინაშე შიშველს, უშველის განა ვექილი?

რამეთუ ცოდვა სჯობს გამხელილი და გატეხილი,
თუ კაცზე ქალის სურვილია თავდატეხილი,
კაცისგან თოკი შეგრჩება ხელში გადაგრეხილი,
ტკბილს აკრძალული სჯობს რატომღაც დღემდე ხეხილი.
მისგან ვნებათა ზვავი ვინც ნახა ჩამორეკილი,
დადგება მიწყივ ქალის წინაშე მუხლმოდრეკილი.

მეტი რა გითხრა,ანუ აზრი რით გავამყარო?
ქალის ხელშია საკაცეთი და მთელი სამყარო.
დროა,ენქიდუ,შენც დაეცე მის წინ, საპყარო!
დროა,ფარხმალი უბრძოლველად შენც რომ დაყარო,
პირველი ცოდვის,პირველი კოცნის უკვე მაყარო.
რომ დაგავიწყდეს, საიდან საით,ანუ სად ხარო.
დროა,სურვილებს გუდა მოხსნა…გული ახარო,
თავი მორჩილად შამჰათის წინ შენც რომ დახარო
და დაიჩოქო,თუ აქამდე ფეხზე დგახარო.
—-
თუ ქალმა იცის სუსტი წერტილი,რას გარგებს თხოვნა?
დაგავიწყდება მისგან წარსული,გიმტყუნებს ხსოვნა.
თუ კაცმა თავი დაჰკარგა ერთხელ,ძნელია პოვნა,
ვერას გიშველის ვერც ძალა და ვერც სიბრძნის კონა…

თუ შენს ბაგეებს შეწვდა ქალი და დაეკონა.

თუკი მამრია სასიყვარულოდ მზა,ატეხილი,
ვერ შეაშინებს მდედრს მანძილი და ქარტეხილი
იშთარისაგან ვინც მიიღო სძვის დასტური,
ბასრობდეს მასზე მისი მზერა,ერთობ მაცდური.
***
მხეცმა დაუწყო კანკალით მეძავს ხელის ფათური
და გაჰყვა ინსტიქტს,საქმენი ჰქმნა ბოლოს კაცური.
ვნების მორევში ჩათრევას რახან სჯობნის ჩაყოლა
მყის გადავიდა შეტევაზე…არ დააყოვნა.

ექვს დღეს, შვიდ ღამეს შეუწყვეტლად შამჰათს ნერბავდა,
ქალის სხეულში მოუთმენლად თვისას ნერგავდა,
ლოკავდა მხეცი გამწარებით დიაცის ყელ-ყურს-
ვინ ასწავლიდა, ანკი ამბორს ტრამალზე, ველურს.

იყო მეძავი ვნებით გაშლილი და აწყვეტილი.
მალე უპოვნა მხეცს დასაცემი სუსტი წერტილი.
იწვა ენქიდუ ქალის ხელში გადატეხილი
და იყო უკან ვნებათაღელვის ცხრა ქარტეხილი.

***
მეძავმა ქალმა აღარ აცხელა და არც აცია,
ნახევრად მხეცი სიყვარულით კაცად აქცია.
რა გავაგრძელო, რა მოვაყოლო ამას სხვა ლექსი?
მხეცს კაცად აქცევს,მოგეხსენებათ, ქალის ალერსი
და შეეცვალა ენქიდუს თურმე მხეცის იერი,
ქალის მკლავებში გახდა მორჩილი და თვინიერი.
***
რა გავაგრძელო, საჭიროა ან აქ ახსნა კი?
ჩამოიტოვა კაცად ქცეულმა ბავშვის ასაკი.
დაეცა მხეცი, სილამაზით გაოგნებული,
მართავდა მის აზრს ქალი,იშთარით შთაგონებული…

და არც ამაო იყო შამჰათის გზა- სიარული:
გამხარებელმა დაასრულა გზა მხიარული.
თუ დავუჯერებთ დღემდე მოღწეულ დაფის თქმულებას,
სუყველგან ქალი ახორციელებს მზა შეთქმელებას.

რასაც ვერ იზამს მონადირე ცივი გონებით,
ქალი გაართმევს თავს დავალებას ვნების ქონებით.
მან დაიგულა ველური მოყმე სხეულით სრულად,
და რაც იკისრა,ის მისია მან აღასრულა.

სუყველა ძმობას, წინ რომ მიიწევს ძმობით მავალი,
წინ უძღვის ქალი- მარჩბივობის შუამავალი.
სანამ საქმეებს მოვყვებით, რაიც იყო გმირული,
ვნახოთ შამჰათის ვნების მელამით ყმა განგმირული.
***
მხოლოდ ქალისათვის თუ იქნება საქმე ადვილი,
მხეცს დაავიწყოს მიჩენილი ძველი ადგილი.
არურუმ თუკი შეჰქმნა ენქიდუ,როგორც არსება,
განკაცდეს იგი,თუკი ქალი ეალერსება…

და იგი, ვისაც ებარა ყველა ნადირი ველად,
ქალმა დაამხო კოცნა-ხვევნით და უბრძოლველად.
თუ გზას დიაცთან მიჰყავდა მამრი ველური, ხელი.
შამჰათმა ცოდნით განაწვალა”დაასხა ხელი”.

19

ნახევრად ველურს ადამიანად აქცევს შამჰათი.

მეშვიდე დილა სიყვარულის იყო შაბათი.
ბოლომდე შესვა მხეცმა ქალი,როგორც შარბათი.
შამჰათს სიშიშვლეს ვერ უფრავდა ჩრდილი ხალვათი-
მთვარე ჩავიდა,ვარსკვლავებმაც მოხსნეს ხალათი.

ცხენი ჭენებით გაოფლილი ძალას ჰკარგავდა
და დაოსეულს აღვირით ხელში ქალი მართავდა.
როცა ინანას სამოსს იცმევს ქალი მხევალი,
ყოველი კაცი მის ტყვეობაში ხდება მძევალი.

ქალმა ნადირი ექვს ღამეში კაცად აქცია,
ოღონდ ნადირმა ადამიანს ზურგი აქცია:
აღარ ესმოდა ენქიდუს უკვე ფრინველთა ენა,
კაცთა მოდგმის კი არ ჰქონდა რიდი,
უჭირდა რწმენა….

ატირდა იგი:
რომ დასტოვოს უდაბნოს რიგი,
ვით დაიჭიროს ადამიანთან მან თადარიგი?

ტიროდა მხეცი,დღეს იწყევლიდა თავის გაჩენის
თუმც ვერ ხედავდა პერსპექტივას ველზე დარჩენის.
დაწყვილებული შამჰათან, ველად დარჩა ეული,
ფრინველთა, მხეცთა,ყვავილთაგან ზურგშექცეული.

მხეცებისთვის დაყრუებულს გულს ეცა ელდა,
და შოკისაგან მხეცი კაცებრ მყის ამეტყველდა.

ამოიდგა რა პირუტყვმა კეცებრ მეტყველი ენა,
კაცივით მოჰყვა წუწუნს, დასწყევლა ქვეყნად გაჩენა.
როგორ იცხოვროს,თუ არ ესმის ნადირთა ენა,
გაუცხოებულს დაუწყონ იქნებ კიდევაც კბენა.

შამჰათს კი მისი დაეუფლა სხვა სიბრალული,
ფერებ-ფერებით მოუშუშა მხეცს გულის წყლული,
გაანდო კაცთა წესი, მხეცისთვის მანამ მალული,
რახან ნადირთა ენა შეიქმნა სრულად ფარული.

დეპრესიიდან გამოიყვანა და მოარჩინა,
და ვინც ღიმილიც არ იცოდა,ხმით გააცინა….
გაღიმებულმა მხეცმა კბილები გამოაჩინა,
ქალის უბეში ნახა ნუგეში , იპოვა ბინა.

20

-სანამდე უნდა იყო ირმის ძუძუს მწოვარი?
დროა, რომ კაცად ქცეულმა ნახო სხვა საძოვარიბ
***
შენ ხომ არა ხარ მთლად ცხოველი?
მაშინ რად არის ასე ძლიერი,ანუ ცხოველი,
რბოდე უდაბნოდ და არ გედოს ქვე საგებელი,
ვერ მოუტანო შენი სიცოცხლით სხვას სარგებელი,
თუ მითუმეტეს, დაკარგე სმენა და გამგებელი
ვერ ხარ უდაბნოს,კაცად ქცეული.
ვერ დაიჭირო აწ გაქცეული
შენგან ნადირი,ანუ ფრინველი.
აღარ გაქვს მათზე უფლება ძველი….
არც ძველებურად ხარ მასპინძელი,
თუკი ვეღარ გცნობს მინდორში გველი,
დარჩენის არ გაქვს აქ საფუძველი.

დროა,ჩაჰყარო სხვა საძირკველი,
იყო მეორე,
გილგამეშია სადაც პირველი.
საქმეები ჰქმნა სჯობს საკვირველი,
ვინემ დარბოდე ტყეში შიშველი.

არ გეყოლება კაცს მხეცისგან ტყეში მფარველი,
არც მეგობარი,არც ამხანაგი,არც საყვარელი.
გაფანტე ნისლი გონებიდან,იჭვის მომგვრელი
და ამ ტრამალებს ამჯობინე წუთისოფელი.

ამას იქმოდა შენს ადგილაზე ჭკუამყოფელი.

დროა, სხვა ნახო სასუფეველი,
დე,გული იყოს შენი მრჩეველი,
მეგობარი კი,ყმა უძლეველი…..
თუ დაეყუდე,უკან ნუ მელი,
შენს პასუხს ველი,
მე ვთქვი სათქმელი.
მე პასუხს ველი….
მე პასუხს ველი.!
***
წავიდეთ ურუქს,სადაც წმიდაა სალოცავები,
სადაც მკლავძლიერს დაგიწვებიან სხვა მეძვები,
სადაც ხალხია,ადგილი შენიც სწორედ ის არი,
შემოაბრუნე შენი მზერის მათკენ ისარი.

ნუ წამიწყდება ანუს ღმერთი, ანდა იშთარი,
ფართოდ გაგიღოს ურუქ ქალაქის მეფემ ჭიშკარი.
გაიხსნას შენთვის სიბნელიდან დილის ცისკარი.
ასე რომ, დროა…
გუდა-ნაბადი გადაიკარი.
***
გილგამეშია კაცთაშორის სრულადყოფილი,
მისი გაცნობით იქნები მეტად თვითკმაყოფილი,
იქნება გიძმოს,ანუ გახდეს მხეცის ძმობილი
და აღარ იყო გარიყული და გაყოფილი
კაცთაგან მხეცი.
პატივი ეცი,
ვისგან ხალხია თვინიერი,ვითარცა ხარი,
შენთვის აჯობებს წავიდეთ ხალხთან,
აკი გითხარი.

იქ შენს ცხოვრებას მიეცემა უფრო სხვა აზრი.
თუკი სავსეა თაფლით, გახსენ ცხოვრების კასრი.
ალაგ თუ ხალათს სიბუნძურით აქა-იქ დასვრი-
კაცი ხარ ,ცოდვას გზა მიეცი,სასმელი ასვი.

იქ გამუდმებით ისმის დოლის ხმა და ლირა უკრავს,
სიამის ზღვაში მოწყურებულს თავს უმალ უკრავს.

დროა, შიშველ ტანს შენც მოარგო ძვირფასი კაბა
და სურვილები ტუსაღივით აღარ დააბა.
აბა, ამ ტყეში ვის არგია ღონე და ძალა,
სად წახვალ,თუკი სიყვარული კვლავ მოგეძალა?

სანამ სიცოცხლე წვეთწვეთობით არ დაგაცალა
გამრიგემ არსთა,
წამოდი ურუქს,
ნახე, რა ხდება.
რაც ბედს სურს, მაინც ის გადაგხდება,
მაინც თუ კვდება,რაც იბადება,
რა ბედენაა ამ ტყეში გდება?
თუ გზა ახალი იქნება ძნელი,
გზა მარტოობის არს საშინელი.

მარტო კაცია ჭამაშიც ბრალი
და გული მისი სხვისთვის ჩამქრალი,
სჯობს, გააღვივო გულს ნაკვერჩხალი-
სხვა ბილიკები ნახო, ახალი

შენ ჯერ არ იცი, რაა ცხოვრება და და მისგან ვნება,
ჯერაც აც არ იცი,სანთელივით თუ როგორ დნება
ახალგაზრდობა,რაიც დროში განსაზღვრულია,
ვინც იბადება, სიკვდილის ნიშნით დაღდასმულია.

განა თუ რომ ძგერს,არ გაჩერდება მჩქეფარე გული?
დაბადებული სასიკვდილოდ არს განწირული.

***
ნუთუ ტყეშია თავიუფლება?
წამოდი ხალხში!
დაგეტყობა სილაღე ხმაში
და შეიქმნები სხვა განცხრომაში.
ნახო მეუფე,კაცთა შორის აღმატებული,
მის სიახლოვეს შენც იქნები წარმატებული

შენ ხარ ღმერთივით ლამაზი და მისებრ ძლიერი,
მინდა რამ გთხოვო,
შევიქმნები თავკადნიერი.
მარტოობაში ტყეში რად გსურს გახდე ხნიერი,
თუ დაყრუებულს არ გესმის სტვენა გულისხმიერი?
არც მხეცებს ესმის შენი,სხვა გაქვს უკვე იერი
აქ ძველებურად ვერ დარჩები კვლავ ბედნიერი.

მენდე…წამომყე ვნებათა ტყეში,
იქ შეიცვლება ყველაფერი შენთვის ერთ დღეში
და გაიხარებ ურუქ ქალაქის შენც სამოთხეში,
დღეს კი სამოთხის ერთი ჩიტი გიჭირავს ხელში.
ნუღა დარჩები დაბნეული უდაბნოს ბნელში,
იჭვებით სავსე მოარული მხეცი და ლეში.

გიცდის ურუქი,ხელმწიფე ჩვენი,თვით გილგამეში,
შენთან ვიქნები,თუ დაგჭირდე უცხოს რამეში.
***
ურუქ-ქალაქზე უკეთესი ვინ სად ეძია?
ურუქში არის სალოცავები,რეზიდენცია
ანუს,იშთარის.
თავშესაფარი სულით დაღლილი
მხოლოდ იქ არის.

დათმე ალაგი პირველყოფილი,
და აილაგმე,რომ სრულყოფილი
ნახო ღმერთკაცი მრავალთა შორის-
შენი ორანი ძმა,სხვათაშორის.

შეცვალე რამე შენს ცხოვრებაში
და გაერიე კაცთა კრებაში.
სიცოცხლე არის მოქმედებაში
და ბრძოლით სისხლის შედედაბაში.
***
ნუ ხარ უდაბნოს კვლავ მიჯაჭვული,
არც მოყვარე გყავს აქ,არც მსაჯული.
ვიცი, ჩვევაზე თუკი ხტის რჯული,
შენც მორგებული რჯული ქაჯური-
შეისისხლხორცე, ვით სამაჯური.

ტრადიციების ტყისა ხარ მცველი
და გზა გაშინებს უცხო და გრძელი,
მაგრამ ურუქში კაცია ბრძენი,
არ დაგჭირდება ზედმეტი ძღვენი,
თავად იქნები ძმა შენაძენი.

იქნებ ერთსულად იქცეთ მარტონი
და აღარ იყოთ ობოლი სული,
იგი ურუქში და შენ მისული.
სანამ არაა ჯერ მზე ჩასული,
დატოვე უკან შენი წარსული.
იქნებ უშველო ძმობით გილგამეშს,
თუ ზომაზეა თავგადასული.
ბრძენია,თუმცა ვერაა მწიფე,
გილგამეში და ჩვენი ხელმწიფე.
ძნელია იყო კვლავ ერთადერთი
მიწაზე ერთი-კაცი და ღმერთი.

შენც მარტოობის გტანჯავს ნაღველი,
შფოთია შენი სულის მძარცველი.
აქ ვერ გიშველის უდაბნოს ველი,
სადაც ყველაა შენი მძრახველი,
სულში იჭვების სრიალებს გველი,
ვერ ნახა გზა და ვერ ნახა ხვრელი,
ვერ ნახა ჯერაც გამოსასვლელი…
მე ისევ გელი!!!

თუმცა ბრძენია ჩვენი მმართველი,
მაგრამ მის სულშიც გამოსახვრელი
მონახა ავმა, ხელით მსახვრელით
იჭვების ზელით.

თქვენ ორივე ხართ ნახევრად ღმერთი,
ამიტომ წესით ერთად ჯობს თქვენთვის,
როს ერთ მდინარეს მეორე ერთვის,
უფრო მეტია წყლის ძალა ჩემთვის.

მეც შენთან უფრო ახლოს ვიქნები-
მეძავი ცოლად გარდავიქმნები.
***
ქალაქელი ვარ,ტყეში სირბილის არ შემწევს ძალი,
სიყვარულისთვის გავჩნდი,განა ვარ ამორძალი.,
არ გავაგრძელო სანთიობოში კვლავაც წანწალი,
არც ცოლი ვიყო სხვისი და არც ხვევნით წაწალი.
შეუღლებული ხართან ფური ვიქნები ცალი-
შენი მეუღლე,შენი ცოლი და პატარაძალი.

არ გეყოლება ჩემზე ერთგული,
მე მხოლოდ შენთვის მიცემდეს გული.
არც შენ იქნები გდაკარგული
უსიყვარულოდ გულდადაგული.

რად გინდა მთები,რად გინდა ბარი?
სიცოცხლე გადის და მეგობარი
არა გყავს გვერდით,ვერც შეგხვდა გზაზე,
ან ვის რას ეტყვი გულის ვარამზე,
სანამ ჩაქრა მზე,
სანამ ჩავა მზე,
იქნება ღირდეს ფიქრი ამაზე?
****
გილგამეშისთვის დროსტარებაა
მარტოობიდან გაქცევის ცდები,
ნუ გეგონებაა ქარაფშუტაა…
თუ გეგონება,მიწყივ შეცდები.
***
თუკი ღმერთი ხარ… და ბოლოს მაინც კაცივით კვდები
და თუ სიკდილის ღმერთს კაცივით გდევენ გედები,
ან იქეიფებ უსასრულოდ,ან გაგიჟდები….
წამო,თვით ნახავ ყველაფერს,აქ ხომ არ დაგიჯდები.
***
ცხოვრება განა მარტო ველია,
მოზღვავებული ზღვის მორევია,
ღმერთკაცს ჯერ ვერვინ ვერ მორევია,
რომ დაეჭიდო,შენი ჯერია.
***
იქნებ იმიტომ გილგამეში თვგასულია,
რომ კაცის ტყავში ნახევრადღმერთი მარტოსულია,
ისევლე ერთი-
კაცი და ღმერთი.
ვის ხელშიცაა უსასრულო ძალაუფლება,
ყველაზე მეტად კაეშანი მას ეუფლება,
მატულობს რაიც და არა აქვს არსითგან კლება,
სულს კი სწყურია თანასწორი და შეწყალება.
კაცს ჩააბაროს ანგარიში
არ ევალება.
***
ყველაზე ხშირად სევდა იმის არის სტუმარი,
ვისაც სათქმელი აწუხებს და არის მდუმარი.

21
-დავტოვო უნდა ძველი გზები,ჩემო შამჰათი!
დავკარგე სმენა მხეცთა,არ მესმის ენა ამათი,
უკან მოგყვები,არას მარგებს შენთან კამათი,
დროა,მოვირგო შიშველ ტანზე მხეცმა ხალათი,
.
მეც უნდა ვნახო ჩემი გზები უკუნ ღამეში,
წინ მელოდება,ჩემი ორანი ძმა – გილგამეში!

***
ალბათ მოყმისთვის ბოძებული დიდია ნიჭი,
თავად გადადგას საკრალური ერთი ნაბიჯი.
თუნდაც ნაბიჯი იყოს ძნელი,როგორც პირველი,
თუმცა ჯერ ისევ მექაჩება ადგილი ძველი.
გზაზე ვდგავარ და რა დაგიმალო,სასწაულს ველი,
ვინც არ მინახავს მასთან ვიყო მსურს განუყრელი..

ვტოვებ მთებს,მხეცებს,ფრინველებს და უდაბნოს ამას,
ერთადერთი ვარ,ვინც ცხოველის შეიცვლის კარმას.
იქნება, დედა შევიძინო,თუ არ ვცნობ მამას.
იქნებ ,ვუშველო ჩემი ძმობით ზომაზე თამამს

ვეტყვი გილგამეშს:
შევცვალე ბედი
უძლიერესი უძლეველთან სახლში მოვედი…
და გამოვიწვევ ორთაბრძოლაში,
/თუმც ვკარგავ ღონეს შენთან წოლაში.
***
გამოიხურა უდაბნოს კარი…ცრემლებით სველი,
თუმც აშინებდა დაკეტილი- წინ შესასვლელი.

-მაშ გამიძეხი წინ და ცოტა ჩქარა იარე,
თქვენი ცხოვრების წესები გზაში გამიზიარე,
თორემ გავიდა ეს ცხოვრება, თორემ გავა დრო,
სხვა სურნელებით ,დროა, აზრები მეც რომ დავათრო.
დაგედევნები,ჩემო შამჰათ,როგორც ფინია,
რა დაგიმალო,თუმც ძველებურად კვლავ მეშინია.

აქ,უდაბნოში სულს ყოველთვის აკლდა რაღაცა,
თუმცა მწყალობდნენ ღმერთები,ვჭამდი ბალახს აქაცა.
მწვანობდა მოლი და ლურჯობდა ჩემთვის აქა ცა…
საჭმელი მქონდა უხვად,მერჩოდა ფეხში ძალაცა…
ასე უბრალოდ, როგორ დავტოვო ველი…დამაცა,
მსურს,გადავხედო საბოლოოდ ჩემს სამფლობელოს-
ირმებს,შროშანებს,ჩემს ველებს და ჩემს მწვანე მდელოს.

აქ უმიზეზოდ ზოგჯერ უხმოდ ტოროდა სული,
ზოგჯერ მზე იყო ამის მიზეზი, ადრე ჩასული.
ახლა კი ჩემს სულს მახვილი სერავს მძიმე და ბასრი,
თითქოს მდუღარე გადამავლეს ცხელ ტანზე კასრი.

-ამას ლოცვებით თუ უშველი,მომეცი ხელი,
რომ დაგამშვიდო ნახევრად მხეცი,ნადირი,ხელი.
მაშინ, როდესაც მზე არ გათბობს,თუმცაა ცხელი,
სალოცავს ეტყვი,თუ გექნება რამ გასამხელი.

-ოღონდ არ ვიცი,რა სიტყვებით უნდა ვილოცო,
ვინ დავარწმუნო გულწრფელობით,ვინ გავაოცო.
გულს კაეშანი შემომაწვება და სევდა როცა,
მასწავლე ლოცვა!
მასწავლე ლოცვა!!
მასწავლე ლოცვა!!
***
მეც მინდა ვიყო ერთი მლოცველი ადამიანი,
სანამ არ არის ჩემი სულისთვის ჯერაც გვიანი,
იქნებ მესტუმროს სხვა აზრები გზაში, ჭკვიანი,
რახან მიმუხთლეს ცხოველებმა და ეჭიანი
გავხდი ეული, მიმართებაში სულდგმულებისა,
ეჭვი გამიჩნდა,რამეთუ უკვე ერთგულებისა,
არც ტრამალებზე ძველებურად მჯერა მგლებისა,
აღარც ხეებზე შეყვითლებული კვლავ ფოთლებისა,
აღარც ქარების და არც მბრუნავი ქარბორბლებისა
და არც გავლილი მარტოობით უქმე წლებისა
და არც წამსვლელი,ქვიშისაგან ველზე წყლებისა…

მხოლოდ ღმერთების იმედი მაქვს მოწყალებისა.

-თუ მთვარე ძველი გაიპარა…ჩუმად გადადგა,
ახალ მთვარეზე დროა ნაბიჯი შენც რომ გადადგა.
-მეც მინდა ვნახო ურუქს იშთარის რეზიდენცია,
იქნებ მეშველოს ბედდაუსაზღვრელ და სულქეციანს.

გულს კაეშანი შემომაწვება და სევდა როცა,
მასწავლე ლოცვა!
მასწავლე ლოცვა!!
მასწავლე ლოცვა!!
22

აქა გილგამეშის სიზმრები,რაიც მოუყვა გზაში ენქიდუს შამჰათმა
***
-გამოღვიძებულს, მომეძალა გულში სევდაო.
მითხარ, რას ნიშნავს რიმათ-ნინსუნა,ჩემო დედაო,
სიზმრები,ძილში გაღვიძებამდე თან რომ მდევდაო
და თუ სიზმრებში ფეხზე მოხვეულ ნაჯახს ვხედაო.

რას ნიშნავს ნინსუნ,გულთმისანო, ჩემო დედაო!
ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი ურუქს გამომზევდაო?-
და რქუა ნინსუნამ, ვისაც მეფე თხონით ევედრა:
-შენი სიზმარი საკრალურია,შვილო, შეხვედრა.
***
-ჩემი სიზმრები,ჩემო დედი,მინიშნებებით არის მოცული,
იქნებ შენ მითხრა,რას მოასწავებს,ან ვარსკვლავი და ან მძიმე ცული,
ან რად ვიყავი ვარსკვლავის მიმართ ხელმწიფე მეტად გულისხმიერი,
ან თვით ვარსკლავი,მიწას განრთხმული,რად იყო თბილი და თვინიერი?
***
-წუხელის სიზმარი ვნახე.
-ნეტავ, დედავ რაო?
-ცას ვარსკლავი მოსწყვეტოდა,
ფეხზე მომეკრაო!
მაფრთხილებდი :
-შვილო ფრთხილად ფეხი არა ჰკრაო.
დავიხარე,იყო მძიმე,
შენთვის მინდოდაო
სინანულის თვალზე უხვად
ცრემლი მდიოდაო.
იმ ვარსკვლავის ელვარებით
შევიქმენი ბრმაო,
პირს ვაღებდი,
და მიჭირდა
სიზმრად სიტყვის თქმაო.
***
რიმათ- ნინსუნამ,იყო რომელიც მეტად გრძნეული,
მოისვა გვერდით დაბნეული,შვილი ეული,
ფეხზე რომ იდგა ჯერაც დამფრთხალი და ზეზეული,
შთაბეჭდილების ქვეშ რომ უთრთოდა კვლავაც სხეული.

გვერდზე მოისხა მეფე, დაუწყო სიზმრების ახსნა
და ძილის კოდებს საიდუმლო კლიტენი დახსნა:
-ვიმოგზაუროთ შენს სიზმარში,შენც ჩემთან შემო,
თუ ეხვეოდა დავარდნილ ვარსკვლავს ხალხი გარშემო,
ეს იმას ნიშნავს,რომ მოვა მალე,
ის,ვინც სიზმრებში ვეღარ დამალე .

შენს მარტოობას მოეღება, გილგამეშ, ბოლო,
ბედის ვარსკვლავი შენი ძმობის არის სიმბოლო.
რაინდს გვერდს უნდა უმშვენებდეს ძმა -მეგობარი,
მას რომ გაანდოს დამალული და გასანდობარი.

შენთან იქნება ძმადნაფიცი გიჭირდეს ოდეს,
არ მიგატოვებს გასაჭირში ის არასოდეს.
ძმადნაფიცობას ჩაეყრება აქ საფუძველი,
ვერ შეგაშინებთ ორ ნახევარღმერთს სიკვდილის ცელი.

სასურველია..ნუ გეშინინ,სიზმარი შენი,
ძმა მარჩბივობის შენთან ერთად იქნება მშენი,
ძმას ძმადნაფიცი გეყოლება ყოველთვის გვერდში,
ხოლო მე შვილი ჩავიხუტო მეორე მკერდში.

ძვრა ვერ უყავი ვარსკვლავს,რომელიც იყო მიწისა
და იყო მძიმე გადმოგდებული მნათობი ცისა,
ნიშნავს,გფარავდეს ძალა ყველგან ძმადნაფიცისა,
დანარჩენი კი შამაშს ვკითხოთ…იმან იცისა.
*** ******
-დედი სხვა სიზმარიც ვნახე…
-ნეტავ, დედა, რაო?
ნუთუ სიზმრის უფლისწულმა
ერთ არ გაკმარაო??
– საძინებელი პალატის წინ რომ
ეკიდა ცული,
ურუქელებით იყო რატომღაც გარემოცული.
მე კი ეს ცული შენს ფეხთან დავდე,
სქმე ხვალისთვის აღარ გადავდე.

-ეს ცული შენი ძმადნაფიცის იქნება ფეხი,
თავსდატეხილი სიკეთე რისხვად,ვითარცა მეხი,
თუმცა ღმერთკაცთან შედარებით იგია გლეხი,
მაგრამ მან უნდა განკურნოს შენში სიკეთე ლეხი.
უმისოდ ძლიერ გაგიჭირდება ავის ქელეხი .
იგია შენი ველური კლონი და ორეული,
მალე მოვიდეს უდაბნოელი ძმა შორეული.
***
კვლავ ერთობაში ძალა თუ არი,
მასთან ძმობაზე არ თქვა უარი.

ცული ხიდია, იქნება სადაც უფსკრული-ხევი,
მის მატარებელს მალე ძმურად გადაეხვევი,
ოღონდ ის ჩემიც იქნება შვილი,
მივიკრა მკერდზე,ვითარცა ჩვილი.

გულუბრყვილოა მხეცი,შორსაა მისგან ერესი,
თუმცა იქნება კაცთა შორის უძლიერესი.
მორბენალია, ვითარცა ბალღი და ულაღესი,
ღონიერია იგი, შენ კი ულამაზესი.

-მეც მეყოლება ბოლოსდაბოლოს ძმა და მრჩეველი,
მასთან ვარჩიო საქმეები განურჩეველი.
თუნდ იყოს მხეცი და თუნდ ხვიარა მოვიდეს გველი…
ძმის გამოჩენას მოუთმენლად ურუქში ველი.
***
ცისარტყელამაც კაბა ჩაიცვა შვიდივე ფერის:
მოყმეს ერთგული მეგობარიო,მიწყივ,შეჰფერის.

მეორე დაფა
1
-წავიდეთ ურუქს,ჩემო ენქიდუ,ჩამკიდე ხელი,
ბევრი მაქვს შენთვის სათქმელი და გზად გასამხელი-
ნუ შეგაშინებს შემოვლებული ურუქს კედელი,
ყოველ კედელში წერტილს მონახავს, სუსტს, შორსმხედველი.

სუყველა კედელს მოეძებნება პატარა ხვრელი,
ბრინჯაოს ბოქლომს გასაღები -შიგ გასაყრელი,
ყველა წაგებას საქმე უდევს წინ მოსაგები,
სიტუაციას თუ ვერ შეცვლი, სჯობს მოსარგები.

გაგიჭირდება ადამიანთა თუმცა გაგება,
ზოგჯერ მტყუანთან მოგიწევს ცამდე მართალს წაგება,
მაგრამ თუ უკან სავალი გზაა ყველა მოჭრილი,
სჯობს წინ სავალი გზების იყო მონა-მორჩილი.
***
იყო ენქიდუ დამუნჯებული, არას ამბობდა-
ქაოსის ძალთა სისხლი პირუტყვში ჯერაც სჭარბობდა.
***
წინ ეჯდა ქალი, ჰქონდა ვისი რიდი და ვალი
და მოიკვეთა რახან უკან მხეცმა სავალი,
ისმენდა ქალის დარიგებას,მიიღო რჩევა,
თუმცა უჭირდა ნადირთა თმობა და გადაჩვევა
მხეცური ქცევის.
რახან ქარმა მხარი უქცია,
ახალი ქცევის მოისმინა მან ინსტრუქცია.

გააცნო ქალმა კაცთა ცხოვრების წესი და ყოფა,
სუფრასთან ჯდომა,ღვინის სმა და პურის გაყოფა.
გზადაგზა ცხოველს სხვა ცხოვრებისთვის თვალებს უხელდა
და სიყვრაულის საიდუმლოს უხვად უმხელდა.

ქალს ეკუთვნოდა ენქიდუს აზრი და მისი გული,
მისგან ველური მონუსხული და დაბანგული,
იყო, რამეთუ ბოლომდე შესვა მისი შარბათი-
ახალი გზების კომპასად იქცა ქალი შამჰათი.

ალაგ იჭვების ჭია ღრღრნიდა, გულში მძრომელი,
თავს ამოჰყოფდა უნებურად კაცში ცხოველი.
წინ ქალს მიჰყავდა,უკან არ დარჩა დასადგომელი
და არ უწყოდა, სწორი იყო გზებში რომელი.

ქალმა თავისი სამოსელი ორად გახია,
ერთი ჩაიცვა, მეორე მხეცს შემოახვია,
ვერ უფარავდა თუმცა სიშიშვლეს მხეცს ტანსაცმელი
და ვერც ბალნებმა დაიჭირეს პირველი ცრემლი.

მან ქვეყნის ხვედრი მოირგო კაცებრ სიმთი-მათისა,
მაშინ როდესაც ბაგე ჰპოვა ქალ- შამჰათისა.
გაუფართოვდა აზროვნება ხაფაშ ხასისა
და ლომის წილი ამ პროცესში იყო ხასისა.

ნისლდაბინდული გახსნა პირუტყვმა ძაბვით გონება
და მოისმინა ქალისაგან სხვა შეგონება
(თუმცა წარსულის გამო გულს აწვა კვლავ შეღონება
და არ იცოდა, საით იყო სულის ცხონება):

-ვინც განკაცდება,შეიძინოს თვისი “მე”-ობა
და ამ მეობის გენით შეჰქმნას მემკვიდრეობა,
აშენოს სახლი საკუთარი,ფუძემაგარი,
დურგლობის ნიჭით ნამ-ნაგარი,ნაამაგარი.

ფესვი გაიდგას, გაამყაროს ძირს საძირკველი,
მეობის მადლით საქმენი ჰქნას გასაკვირველი.
თუმც განკაცებულს ჩაუსახლდება ცოდვა,ვით მდგმური,
მუდმივი შიშის საბუდარი და მისი სადგური.

სიკვდილის შიში კაცს,როგორც წყევლა, ფეხდაფეხ დასდევს,
ვერ მორევია საკუთარ თავში ვერავინ ამ დევს.
თუმცა, კაცივით თითქოს ორ ფეხზე მყარად ხარ მდგარი,
მაგრამ ჯერ არ ხარ ადამიანი,კაცად შემდგარი.

ქალმა შამჰათმა,სახელი რომლის არს მხიარული,
დარდიმანდული ასწავლა ცხოველს სვლა-სიარული.
შეუდგა მხეცის განკაცებას,განა ახვეწა,
უნარ-ჩვევებით დატვირთა და ქცევით დახვეწა:

-ძველ ცხოვრებაზე ხელი უნდა აგაღებინო
და სხვა ცხოვრების მუღამი ღამით გაგაგებინო,
როგორც ქალაქელს, სასმელი ჭურჭლით დაგალევინო,
და განცხრომაში ცხოვრება გასვა,გაგალევინო.
***
ცოლს გულში ტკბილად ვინც არ ჩაიკრავს
და სანატრელ შვილს ვინც ვერ აკოცებს,
ასეთ გუთიელს რა უნდა ქვეყნად,
ან ვისთვის ცოცხლობს,მეტად მაოცებს?
***
თავჩაღუნული ენქიდუ შამჰათს უკან მისდევდა,
მან სიყვარულთან ერთად უცხო იგემა სევდა.
შიშიც ჩაუდგა გულში-უცნობი გრძნობა დასჩემდა.
შეჩერდებოდა უმიზეზოდ და ბოლთას სცემდა.
შიშებში უფრო გამოიკვეთა სიკვდილის შიში,
ვაითუ, როგორც ბალახიო ,მომცელონ ძირში.

მისდევდა შამჰათს,(რამეთუ ქალმა აღარ იცადა),
მხეცმა კაცივით დაღლილობაც კი განიცადა,
წამოწვა ერთგან,სადაც თბილი ნახა მიწა და
თვალდახუჭულმა ნადირებთან ყოფნა იწადა.
***
ვით პატარა ბავშვს, ქალმა ენქიდუს ხელი ჩასჭიდა,
მწყემსებს გააცნო მხეცი, ხვეწნა აღარ დასჭირდა.
შეცბა ცხოველი,დაავიწყდა ქცევის წესები.
პირდაღებული უთვალთვალებდნენ ცხოველს მწყემსები.

ახედ-დახედეს და ერთმანეთში შეჰქმნეს ჩურჩული:
-როგორ ჩამოჰგავს ხელმწიფეს ეს ჩამოჩაჩული,
ოღონდ ეს მხეცი გილგამეშზეა უფრო დაბალი,
თუმცა ძალღონით მისი სწორი და მოსჩანს ბადალი.

-ძვალმაგარი ჩანს გუთიელი და უფრო ალალი,
თუცა ხელმწიფე ლამაზია და უფრო მაღალი.
ან ვით ედრების ეს მათხოვარი ყველაზე მდიდარს,
პირმშვენიერს და უფლებებში ღვთის სწორს და ღვთისდარს.

-მართლაც, ჩამოჰგავს,თუმც, რათქმა უნდა, იგი არ არი,
-ეს ტრამალებზე ნარბენია და ფეხმაგარი,
-ველად გაზრდილი,ალბათ, ირმების ძუძუსაც წოვდა,
როგორც ირმისა, პურს არ ჭამდა,ბალახებს ძოვდა.

-ვინ შეედრება ღმერთკაცს,გილგამეშს,სიჩაუქეში?
იგია ჩვენი იმედი და ჩვენი ნუგეში.
-ვით შეედრება მანერიანს მხეცი უხეში,
ხელმწიფეს,ვისაც მთელი ურუქი უჭირავს ხელში.

-დასტურ,ჩამოჰგავს ჩვენს ხელმწიფეს სიყმაწვილეში,
თუმც ის მეფეა,ეს კი მხეცი-უბრალო ლეში.
არ აგერიოთ უვიცობით სასმისი მთხლეში,
ურუქის მეფე როგორ ამსგავსეთ ქურს, გაზრდილს მთებში??

-მხეცის სადგური ადგილია უფრო მთიანი,
ვერ ხედავთ, როგორ გაბანჯგვლულია სახეთმიანი,
შეხედეთ ქუსლებს:სარბენი ჰქონდა,ალბათ, ქვიანი,
მხეცად დარჩება ქური,სწავლა იყოს გვიანი.

-ტყეში გაზრდილი,თუნდაც ურქო, არის რქიანი,
რა იცის მხეცმა,რაა ცხოვრება ბარაქიანი,
ცეკვა-სიმღერა,შემოძახილი ომახიანი,
როგორ იკაცებს უშობელი ადამიანი?

-მისი ხელები ძლიერია,როგორც სალი ქვა,
ეს ბანჯგვლიანი ადამიანად როგორ აღვიქვა?
-რაო, შამჰათმა,ვინ არისო, რა გვითხრა,რა თქვა?
-მგონი,არურუმ ენქიდუ, თუ არ ვცდები, დაარქვა.
***
პურს დაუდებდნენ წინ ენქიდუს უცხო მწყემსები
და ჩხვლეტდა ცხოველს მზერა მათი,როგორც ნემსები.

2
წინ ედგა დამფრთხალ ენქიდუს სარჩო და კათხა ლუდი:
-თუ გსურს კაცობა,მოირგეო შენც ჩვენებრ ქუდი,
არ ხარ მთლად მხეცი,არ გაბია შენ მათებრ კუდი,
ერთად ვლაღობდეთ,განცხრომაში რა ნახე ცუდი?

ზედ დაჰყურებდა საზრდოს ენქიდუ,ერთობ შემცბარი:
-სხვის ბუნაგში ვარ,მოკვეთილი მხეცი, შემცდარი.
ჩემი მთებია,აქ კი ალაგი უფროა ბარი,
ჩემი ლოგინი მიწაა, ირმის ბეწვით გამთბარი.

მიხვდა მეძავი მის გასაჭირს…გააღო ბაგე:
-როგორც გასწავლე, პური ჭამე და შიმშილსაც არგე.
საზრდო მიირთვი, კაცთა ცხოვრება გაიზიარე,
განა ტყუილად გაგივლია,რაც გზა იარე?

მარტო ჭამაში იქნები უცხო,ისევ ეული,
აჩვენე მწყემსებს,რომ შენც კაცი ხარ, ბედით რჩეული,
ღვინის სმას ყველა ქალაქელი თუა ჩვეული,
დათვერი მათებრ, სევდა გაფანტე,შემოჩვეული

და რა მიიღო შამჰათისგან მხეცმა დასტური,
დაჯდა სუფრასთან,ჭამა მწყემსებთან ძღომამდე პური.
რა გამოსცალა შვიდი დოქი, ლუდი სასმელი,
სადღეგრძელოც თქვა-გამოუჩნდა შემთვრალს სათქმელი.

“განკაცდა” შეზარხოშებული ქური და ხელი,
ხოშზე მოსულმა მწყემსს გადაჰხვია მარჯვენა ხელი…
მხეცი არ არის,რომ ყოფილიყო, ვით დათვრებოდა?
ძველი სადგომი გალეშილს არ ენატრებოდა.

გულმა იხარა,სულმა მოითქვა, სახე გაბრწყინდა,
ნაბახუსევზე მწყემსთა ქილიკი უკვე არ სწყინდა.
სუფრის წევრების მსგავსად ყელსაც მოიღერებდა,
ვინ იფიქრებდა, ცხოველი კაცთან თუ იმღერებდა?

არ ყოფილაო ჩემთვის ვნება ჯერაც გვიანი
და მოიქექა ტანი უხეში მან ბანჯგვლიანი.
მთაში გაზრდილმა აუწყო მწყემსებს ხმა ბანიანი,
მეინახეებს უთათუნებდა ხელბალნიანი.

ღვინო დალია ენქიდუმ და აჩქარდა პულსი,
სიცოცხლის ძარღვში აჩქროლდა სისხლის სულ სხვა იმპულსი.
ევოლუციამ დაიწყო სისხლში ფერიცვალება,
დრო შეიკუმშა-ერთ დღეში მოხდა ეს განწვალება.

დადგა დრო, კაცთან ფეხაწყობით მანაც იაროს
და მისი ცოდვა უცოდველმა გაიზაროს.
ვნებათა თასის ბოლომდე შესმა მას არ ასცდება,
ვითარცა კაცი,ერთთაგანი-“მე”თ განკაცდება.

მასაც მოუნდა კაცებრ ფინიკის ღვინო რომ ესვა,
მით გაემყარა კაცთა მოდგმაში “მე”-თი ჩაფესვა.
ეწვეთებოდა კაცად ქცეულს ღვინო და ქონი…
არ ადარდებდა, რომ ეცვა კაბა,ქალის ნაქონი.

აუვარდა რა, თავში ენქიდუს კაცთა სასმელი,
ტანზე მოირგო მონადირის მან მოსასხმელი,
აღარ ახსოვდა გამზრდელები,არც იალაღი
და გადაიგდო მხეცთა საჟლეტად მხარს იარაღი.

და ასე გახდა ერთ დროს ნადირი ნადირთა მჟლეტი,
თავი ეგონა დაყრუებულს ცხოველზე მეტი,
ან თუ სასმელი აუვარდა თავში ზედმეტი,
მოგეხსენებათ,ღვინისგან ბრძენიც ხდება ცერცეტი.

მუსრავდა ნადირს, ჰქმნა საქმენი გულდასაწყვეტი,
ვინც რძეს აძლევდა,რატომ იყო ის გასაწყვეტი?
მას,ველად გაჭრილს, ვერ იჭერდა ლაგამი,ღვედი,
რაა სამშობლო დაკარგულისთვის,შორს თუ წახვედი?

მან არ დაინდო მორბენალი ძმა და ნადირი,
იმათი ხორცით გვიანობამდე ჰქონდა ნადიმი,
მართალს გიამბობთ,არ მჭირდება ფუჭი ფიცია,
ნადირს ტანს ეცვა მონადირის ამუნიცია.

და თუკი გვარზე დახტის გაზრდილი ცხენის კვიცია,
კვინტების ყრა და ძოღან წიხლები თურმე იციან….
დასდევდა ლომებს,დაუნდობლად მგლებს მუსრს ავლებდა,
თუმც ,ცხოველყოფილს, ამას არვინ არ ავალებდა.

ნადირობიდან დაბრუნებული ლუდს მიეძალა,
ოთხზეც დაეცა-ძალა მუხლში გამოეცალა.
რას დაეძებდა,ან რა ჰქონდა მხეცს საპოვნელი,
თუკი ფორთხავდა განკაცებული,ვით საქონელი.

როდესაც მამრის კომპასია მყვირალა სქესი,
უმადურება გამზრდელის მიმართ ყოფილა წესი.
ეძინათ როცა მწყემსებს,ფხიზლობდნენ ძაღლები მათი,
საკუთარ თავთან უკვე არ ჰქონდა ველურს კამათი.

3

ენქიდუ და შამჰათი ტოვებენ მწყემსების კარავს და მიდიან ურუქში

-ფინიკის ხეთა რიგი და პალმის ვრცელი ბაღები
ამშვებნებს ურუქს,რომელსაც მოსდევს იალაღები,
იქ დაგხვდებიან ქურუმები გულით ლაღები,
ჭიშკრის ბრინჯაოს ბოქლომს მოვარგოთ ჩვენც გასაღები.
ახლა,ვიჩქაროთ… დამხევია სანამ წაღები
დამდევნებია სანამ სამუმი, გულისწამღები.
***
იხილა მხეცმა ურუქ ქალაქი, გალავნიანი,
სადაც ცხოვრობდა ხალხი,ფეხზე ქალამნიანი;

***
უდაბნოდან ურუქამდე
უჯიკავა ქალმა ნადირს,
ურუქში კი საქორწილო
უსხდა ხალხი თურმე ნადიმს.
რიტუალის წესის დაცვით
სანთიობოს იწვა რძალი,
ხორცი მეფეს ეკუთვნოდა,
საქმროს იყო როცა ძვალი.
***
ელოდებოდა სანთიობოში გილგამეშს ქალი,
სარეცელის ქვეშ ვნების სიმბოლო წვა- ღრიანკალი.
იყო ქორწილი,იღვრებოდა ფინიკის ღვინო,
მაშინ როდესაც სარეცელზე ქალი საჩინო
წესების დაცვით ურუქის მეფეს ელოდებოდა,
ეჭვიანობით იშხარას ქმარი ჯავრით კვდებოდა.

***

ოღონდ ცერემონიაზე მათ ჭაბუკი გადაეღობა და აუკრძალა ქორწილზე დასწრება.

ხელი გამოსდო ჭაბუკს შამჰათმა,უთხრა: ნუ ცხრები,
არა ხარ,კარგო ,ჩვენი მწყემსი,არც ჩვენ ვართ ცხვრები,
ხამს, სტუმარს კაცი პატივს სცემდეს,ნუ იძაბები,
სჯობს მოგვიყევი ქალაქური ცხელი ამბები.

ზოგჯერ ცხოველსაც უნდა მოსმენა,უნდა გაგება,
სტუმრად მოსულს კი ფიანდაზად კართან დაგება.
ახალგაზრდა ხარ,უხეშობა არ გეკადრება,
სჯობდა,ნერვები მოგეთოკა,სახლში დაგება.
თუ ღონეს იხმარ,მოგიწევს მხეცთან თავის წაგება,
ხარის ღონე აქვს,მოგკლავს,თუკი დაგეტაკება.

-ძალას არ ვიხმარ,სჯობს მიგვიშვა ქორწილში ნებით
და თუ რაიმე გაქვს სათქმელი,ჩვენ მოთმინებით
მოგისმენთ.იქნებ გვითხრა, რატომ გაცხარდი ასე,
ან ჩვენ რას გვერჩი,სტუმრები რატომ არ დაგვაფასე?

-რა ცეცხლებსა ჰყრი,ან შეგიდგა რა აგონია?
რა ვქნა,ჩვენ ვიყოთ ამის მიზეზი, არა მგონია,
რაღაც სხვა ბრაზი დამალული გულში გქონია,
გვითხარ, რა იცი,ან რაც სხისგან გაგიგონია.

-თავად არ ვიცი, რით დავიწყო,ანუ გითხრა რა,
ყოველი ჩვენს სასძლოს ქორწილის დღეს ჰქვია იშხარა.
ქორწილის ღამეს შვიდი დემონის იქცევა დედად,
ამ რიტუალით ურუქელები დავდივართ სევდად.

ყოველი სასძლო იშთარისაა ტრფობის დესპანი,
ოღონდ რატომღაც მეფეს ეკუთვნის მისი ვნებანი
ამ აქტის მოწმე ლოგინის ქვეშ წევს მორიელი,
როგორც სიმბოლო გამრავლების, ნაყოფიერი.

გვექცევა მეფე, თითქოც ვიყოთ მისი ნახირი,
ფარდაგის მიღმა ისევ სხვის ცოლთან სურს შეჰყოს ცხვირი ,
საქმროს რომ მწყინდეს,რა იქნება აქ გასაკვირი,
ან თქვენ რად გიკვირთ, თუ წამიხდა, ვით საქმროს ნირი?

კაი ყმის სასძლო და მეომრის ტურფა ასული
სანთიობოში გილგამეშს ჰყავს ხარჭად დასმული,
ჩვენ გოდრებს ვზიდავთ,ის ერთობა ჩვენს ცოლთან წოლით,
სტრესის ქვეშა ვართ ადმინრესურსის წნეხის ზეწოლით.

მოგეხსენებათ,მისია ნება, მასია ძალი
და ფარდაგს იქეთ წესით ეკუთვნის კვლავ პატარძალი:
ყველა სასმისში ჩემიაო პირველი ყლუპი,
გავიხარებო,გეყოლებათო თუ ჩემგან ტყუპი.

წინ ვერ აღუდგა დღესაც ხალხი და ჯამაათი,
მოგეხსენებათ, ურუქის წესი, ჩვევა-ადათი.
ან კი , ვინ შესძლოს თავგასულთან სჯა და კამათი.
ხამს გავიყაროთ ერთ ადგილას ჯავრით მახათი.

მეტი რა გითხრა,ან ტყუილად რად მოგაცდინო,
მტევანს ის წურავს, ჩვენი ჭაჭაა,მისი კი ღვინო.

***
მოისმინა რა,ეს ამბავი,მხეცი გაცოფდა,
ნუთუ ასეთი ცხოვრებისთვის იგი კაცობდა?
სახეწითელი მრისხანების ცოფებს აფრქვევდა
და მხეცი მეფეს საქონელს და პირუტყვს არქმევდა.
დაპირებული ნუთუ ესაა სხვა ვითარება,
ნუთუ, აქ ელის მხეცს კაცობით განვითარება?

ის წინ გარბოდა, შამჰათი კი უკან მისდევდა,
წინ აღსდგომოდა გააფთრებულს,ვეღარ გაბედა
ამ ამბის შემსწრე იყო ნინსუნა,ხელმწიფის დედა,
მიხვდა,ასრულდა შვილის სიზმარი,ძმა დაებედა.

4
იშთარის მკერდზე მზე სხივებზე სხივებს აჯენდა
და სხვა ფერებზე კიაფობდა უფრო მაჯენტა.
ვეღარ მოთოკა გილგამეშმა ისევლე ეგო,
კვლავ მოინდომა ქალი,რომელიც წესით ქმარს ერგო.

არად ჩააგდო გადახდილი უკვე ქორწილი,
ვით ეგებოდა,მოითხოვა თავისი წილი:
პირველი ღამის ჩემიაო პირველი კოცნა,
ვხედავ,ამაღამ არ მექნება დილამდე მოცლა…

გადაეღობა ხელმწიფეს მხეცის ფეხი ძლიერი,
შემცბარ გილგამეშს შეეცვალა სახის იერი,
დაუმახინჯა ცოფმა სახე პირმშვენიერი,
მზად იყო, შუაზე გაეგლიჯა ყმა უდიერი.

მან მრისხანებით თვალში თვალი მხეცს გაუყარა :
-ჩამომეცალე,გაბანჯგვლულო,გზიდან თუ არა
რაიც მოგივა,შენს უტვინო თავს დააბრალე.
გამეცა მეთქი- თვალი სხვაგან დააბრიალე.

როგორ მიბედავ, მეფეს ურჩობას ველური არა,
რაიც იხუმრე,ჩაგეთვალა.შე აბეზარა,
თუ შეგეშალა,
მე იგი ვარ,ვის ჰმონებს ერი
და ჩემს ქალაქში გადამეღობოს მეფეს მოზვერი,
სასაცილოა …არ დაგაცალე სანამ თხის წვერი,
დროა,იქ გაძვრე,საიდანაც აქ შემოძვერი.

-გილგამეშ, უნდა მოიშალო სხვის ცოლთან წოლა,
თუკი არ იშლი,ღმერთკაცს მხეცთან მოგიწევს ბრძოლა.
(ენქიდუმ,მხეცმა, იყო რომელიც უდაბნოს შვილი,
წამით მოჰგვარა მეფეს უცხო გრძნობა – სირცხვილი).

უპასუხებდა გილგამეში, გაკვირვებული:
-როგორ იქნება საქმრო ჩემგან დაკნინებული,
თუ რუტუალი იშთარითაა სანქცირებული
და უხვი ძღვენით მიდის ჩემგან დაწყვილებული.

ეს რიტუალი წლობით დამკვიდრდა,არს საკრალური,
მეფეს უხდება ახალი სისხლით ვნება ქალური.
რაიც იშთარს სურს,როგორ შეცვლის ხეპრე ველური,
უპატრონო და ძუძუმწოვარა ნუკრი შველური.

-თუ შენმა გულმა ისევ სხვისი ქალი ინება,
მეც მომისმინო, კაცთა ხელმწიფევ, ერთხელ,იქნება?
არც დაგანებო,არც დაგიწყო უქმე გინება.
ვფიცავ,ამაღამ მარტოს მოგიწევს კაცს დაძინება.
-მე მეცინება.
-ან სხვა მამრები შენზე ნაკლები ვითომ ვით არი?
-ჩემია ნება,სარეცელთან მიხმობს იშთარი.
მიამიტი ხარ,ჩემო ენქიდუ და გულუბრყვილო,
მონებისათვის დროზე ადრე რად გსურს იყივლო?
მოგეხსენება, როცა უდროოდ ყივის მამალი,
ნაჯახი არის უებერი მისი წამალი.

-ან მე რა მიყოს, ან შენ რა გიყოს,სიტყვით გინებამ,
დაე, მართალი გამოამჟღავნოს დღეს შერკინებამ.

ენქიდუ და გილგამეში მართავენ ორთაბრძოლას

მთელი ურუქი სანახაობას ზედ აწყდებოდა,
არვინ იცოდა, ბრძოლა როგორ გადაწყდებოდა.
ერთში ურუქის მამრები იყვნენ ერთსულოვანნი:
-გვეღირსა მეფის საკადრისი ძალგულოვანი.

****
ენქიდუ იყო მამაცი და მეფე ძლიერი
და არ უჩანდა ამ ორთაბრძოლას დასალიერი.
ცხოველ ენქიდუს აქეზებდნენ თურმე კაცები,
რომელთა ცოლი ერთი ღამით მონატაცები
ჰყავდა გილგამეშს
სხვადასხვა ღამეს.
მაგრამ ბრძოლას ეს ვერ შველოდა,
ბრძოლის დასასრულს ამაოდ დიდხანს
ყველა ელოდა.
უკვე ბნელოდა,
ოდეს მოყმენი
გახდნენ მომთმენი,
გამოიჩინეს მათ ვაჟკაცობა,
გადაეხვიენ ერთმანეთს და შეჰფიცეს ძმობა:
აღარ გვარგებსო უსასრულო ქიშპი და მტრობა.
***
იმ დღეს გილგამეშს გამოეცხადა ძმა, ძმობის ღირსი,
მან დაუწუნა საქციელი მეფეს უღირსი
და არ შეუშვა ქალთან მეფე და ორეული,
ხარობდა საქმრო ,სიხარულით ცრემლმორეული.

მოლბა მეფე და საკუთარ თავში მოთოკა ბრაზი,
აღარ ახსოვდა არც სანთიობო და არც დარბაზი,
გაკვირვებისგან ტუჩის კუთხე ოდნავ გაეღო
და შეჭოჭმანდა სურვილში- სხვისი ცოლი გაეყო.

მეფე ამაყი, ღმერთებისგან მირონცხებული,
იყო სიმართლით მოკაკული და დამარცხებული.
დაცხრა ხელმწიფე,
მყარმა გულმა დაიწყო ლბობა,
პირველად უცხო დაეუფლა სირცხვილის გრძნობა.
მოუნდა ძმობა:
-შენი წყალობით გავხდი, ენქიდუ, კეთილშობილი,
მიძმე,იყავი ჩემთან ახლოს,
ჩემი ძმობილი
და დაივიწყე წყენა ჩემგან, პირველყოფილი.

მე-მარტოსული სწორფერ მეგობარს ვუცდი და ველი,
მო, დავძმობილდეთ,როგორ მთაში არწივთან გველი.
შამაში იყოს მეგობრობის სულისჩამდგმელი,
კარგი გამგონი ვიყო,სადაც მართლობდეს მთქმელი.
***
თავმდაბლობა და სიბრალული დიდია ძალა,
სიკეთემ გულში ბოროტებაზე თუკი იძალა.
გადმოანთხია მეფემ სიკეთე-ვეღარ დამალა,
გაოცდა ყველა-მოყმენი და მეფის ამალა

და ენქიდუმაც არ გააგრძელა ძველი ქადილი,
დაუძმობილდა ურუქის მფლობელს გულის წადილით.

გულთმისან დედას(რიმათ- ნინსუნად ურუქს ხმობილი)
სიზმრად უნახავს გილგამეშის თურმე ძმობილი
და შეიყვარა ნახევრად მხეცი,ვითრცა შვილი.
ჩაიკრა გულში:შენთვის მაქვსო სუფრა გაშლილი.
***
-ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ
ენქიდუ უკვე არ არის მხეცი,
მეც ვიძმობილე დედაჩემო და
როგორც შვილობილს პატივი ეცი.

შეექმნათ ფიცვერცხლნაჭამ ძმობილებს ურუქს სადილი
და მტრობისაგან იცავდა გმირებს დედის მანდილი.

მეტი რა გითხრათ,გამიგრძელდა ისედაც თხრობა,
ზოგჯერ მტრობიდან იბადება ღვთით მეგობრობა.
მოპირისპირე განა ყოველთვის კაცის მტერია,
ზოგ მეგობრობას წინ უძღვის სულის ხსნის მისტერია.

5

იგი,ვინც იყო უპატრონო მონა და არა
მეგობრად იქცა და კაცად ქცევის გზა გაიმყარა.
ძმადნაფიცობით და ერთი მიზნით შეიკრა ორი,
უთანასწორო მეფემ იპოვა ძმა თანასწორი.

უდაბნოს შვილი,ველური და ყმა შორეული
ნინსუნამ გულში ჩაიკრა შვილის ვით ორეული,
მკერდზე მიიკრა, მკლავით მხრებზე შემოხვეული,
ძუძუ აწოვა,გაუზიარა ველურს სხეული.
***
ძმადნაფიცობა საფეხურია კიბის ძირძველი,
ზღურბლია სულის მოძრაობის თავდაპირველი.
და გილგამეშმაც ენქიდუ, ველზე ბალახნაძოვი,
ძმად აღიარა,როგორც დედის ძუძუნაწოვი.
***
მარჩბივმა ძმობით ნახა ყოფის სხვა ვითარება
და მოკლე დროში განვლო კაცთა განვითარება.
***
მან,ვინც დარბოდა ველად, როგორ ყიური ქური,
თმა დაიმოკლა,ქუდი მოირგო თავს ქალაქური.
ერთფეროვნება შეცვალა სოფლის ხიბლით,გართობით,
სიკეთითა და ურბანული უკუღმართობით.

თითქოს განკაცდა ნახევარი, კაცად ზრდასრული,
უდაბნოს მკვიდრი,უდაბნოსთვის ვადაგასული.
კაცობრიობის გზის გავრცობის აზრის შემცველი
ნადირთ დარაჯი, უფუნქციოდ შთენილი მცველი.

6

გამოხდა ხანი.ერთხელ ენქიდუმ მეფე მეტად დაღვრემილი იხილა:

-რადა ხარ, მეფევ, მოწყენილი და დაღრეჯილი.
განა,არ ხარობს შენთვის ნისაბას ქორფა ჯეჯილი?
მოგიწყენია ანუ რაისთვის,მეფევ და ძმაო,
ნუთუ, არ არის ხელმწიფეობა შენთვის საკმაო,

ანუ, რად არის სოფლის სიკეთე შენთვის ამაო.
ან რა გაკლია, უფალმა რა ვერ შეგიხამაო?
ენქიდუს ხმაზე გილგამეშმა აწია თავი,
-უიმედობის დამჩხავის, ძმაო,ყორანი შავი

და სულს მიკორტნის ნაღველი და იჭვების სვავი.
ვერ მოვიშორე დარდის ხურჯინი-ეს ჩასაქვავი….
ვხედავ,შენც სევდის დ ჩაგაფრინდა კლანჭებით ყვავი.
კაცივით დარდობ ის , ვინც გუშინ მხეცი იყავი.
***
რომ შეკრას მეფემ ერთ სხეულად დედა-ქალაქი,
უნდა მართავდეს ქალაქს მამრი ნათა-ქალაგი
კანდიდატებს კი ღმერთი ირჩევს ზეცაში თავად,
ნახევარღმერთებს ანდობს ქალაქს წარსამართავად.

მე,როგორც მეფე,მფლობელი ვარ ღვთიური “მე”-სი
ჩემი შიში და თუ დაჰკარგეს რიდი უღრმესი,
ტიტულს დავკარგავ,ვერ იტყვიან -სიპაა-მწყემსი.
არვინ დაიცვას ქალაქური ქცევის კოდექსი.

უთხრა ენქიდუმ
-გახსენ ცრემლით მლაშე ბაგენი:
მე ძმად მინდოდი, გეძებდი და ძლივს მოგაგენი,
ღონე მაქვს,ოღონდ ჯერ არ ვიცი, რას მოვახმარო,
იქნებ, შენ მითხრა რა ვქნა, ანუ რით დაგეხმარო.

-ყველა სიკეთეს წინ უძღვის პირობა, ანდა აკრძალვა,
ყველა “კის”მოსდევს’ოღონდაც”და დაბადებას დაკრძალვა.
იშთარის მშვიდობის ფასი მისი კაპრიზის დაცვაა,
უარს თუ ეტყვი, ეს მისთვის სახეში სილის გაწნაა.
***
გვეტიროს მალე ურუქელებს დედა და ყოფა,
არ გვაპატიოს ქალაქის დედამ შეურაცხყოფა.
თუ კვერცხის ნაჭუჭს გატეხ,დაირღვეს მფარველი გარსი
და შეიცვალოს მრგვალი კვერცხის ფორმა და არსი.

გარსის დარღვევით ვერ დავიჭერთ ჩამოღვრილ ცილებს,
სამუმის ქარი ურუქ ქალაქს ჩამოგვაცილებს.
გზა შეგვიმოკლებს უდაბნომდე სავალ მანძილებს,
პირველი წრიდან ედენის წრეში როს გაგვაცილებს.

თუ ვერ მოირგებს იშთარი სასძლო იშხარას როლებს,
ის ურუქიდან უდაბნოში გადაგვისროლებს,
გულღია ქალაქს გულში მოხვდება ცოდვის ისრები
და მელამაყრილ ქალაქთან ერთად მეც მოვისრები.

ვაჲთუ,ურუქი ურუქელისგან დაცარიელდეს,
იშთარის წყევლა, ვაჲთუ, დროში ხნით გაგვიგრძელდეს.
ვაჲთუ, ქალაქი დაიკავოს ავმა სულებმა,
მეხუთე წრიდან პირველ წეში გადმოსულებმა.

თუ მეხუთე წრის ბინადარი ქალაქს ეკვეთა,
ჩვეულებრივი მდგომარეობა სასოწარკვეთა
გახდება ჩვენთვის…ნგრევა შეცვლის ყველგან შენებას,
მეგობრის ნაცვლად ხელს ჩამოვართმევთ მის მოჩვენებას.

ავადმყოფობამ გაუშალოს ჯანმრთელს ლოგინი,
როს გუთიელთა უპრაგონო რბევა-ბოგინი
მოჰყვება ველის,ანუ მფარველი სხივის გარღვევას.
აი, “მორალის” სიკეთე ,როცა ღალატობ ჩვევას.

გაბრაზებული შემოვიდეს ჩვილთა სახადი,
ვერ გაარჩიოს ავადმყოფმა სიზმრისგან ცხადი.
ძვირი დაგვიჯდეს სიამაყით ძველგანაცხადი,
ბნელ ღამეში ვერ გამო-მზე-ვდეს შამაშის ხატი…

და ბატონები,დიდი დედის -ნანას შვილები,
გაწითლდებიან,ვით დობილები-ღვთის ნაწილები
და ოდეს ქალაქს მოაკლდება ფერ-უმარილი,
ჩამოარიგონ ყივანახველა,ქუნთრუშ-ყვავილი .

როცა ურუქის დასუსტებას წამოჰკრან ყური,
დილა-საღამოს დობილებისგან აგვყვეს უჟმური.
ვერ გავაცილებთ თავხედ სტუმრებს სახლში იოლად,
და ჩემს მაგივრად მოირგებენ ჩვენს ქალებს ცოლად.

ბევრსაც მოცელავს ციებ-ცხელების ტემპერატურა,
მგლების დარჩენილ მძორს შეესევა ძერა და ტურა,
და როცა პეტელს დაიწყებენ ვამპირი თხები,
როგორ აღვკვეთო მათი კუნტრუში, შენ გეკითხები?

პირაკრულ რუხ მგლებს პირს გაუხსნის ტყეში მამბერი,
ხაკი იმძლავრებს, დაიმალება ბნელში სხვა ფერი.
ნადირით მოვა ნადირთმფარველი ქალაქში ბოჩი
და მონადირის სახლს დაიპყრობს ტყის ოჩოკოჩი….

ანგელოზებმა თუ გაგვიშალეს შავი აფრები,
თავს შეგვახსენბს მივიწყებული ძველი ზღაპრები
საყოლს მოაშთობს სისხლისმწოველი ჩუპაკაბრები,
თუ მზე ჩაყლაპეს,შეაჩერებს ბნელეთს ლამპრები?

ღობემორღვეულ ქალაქში უცხოს ვიხილავთ მდგმურებს,
წერას ატანილ ურუქში ავი დაისადგურებს..
იმედის ტახტზე დაჯდება კვერთხით სევდა-ნაღველი,
დაავწყდება ბევრს საკუთარი მამის სახელი.

დაისადგურებს როცა მასპინძლის ტანში სტუმარი,
შიშით დატენოს მან მისი აზრი და სასთუმალი.
ყველა კოშმარი დასიზმრებული ცხადში ახდება,
როს თითოეულს ქაჯი ტანში შეუსახლდება.

ვნახოთ ბოროტი უნიღბო და კაბაგახდილი,
იჩაგრებოდეს პატიოსანი და გულახდილი.

უმრავლესობით თუ მოგვაყარა ავმა ტლინკები,
თუ ქალაქს ხელში აიღებენ ჯუჯა-ჭინკები,
მე ძველებური გოლიათი ვეღარ ვიქნები…
დარდით გაუშრეს მოყვითალო ძროხას ჯიქნები.

7

ჩვენი ქალაქი ორგანიზმია მთლიანი, მრგვალი,
წრე თუ გაირღვა,ვერ მონახოს ცენტრმა ცარგვალი.
თუ სულამოხდილ ურუქს ეცვლება ქცევა და კარმა,
ვაჲთუ, თავად ქალაქი მოსრას ცვლილების ქარმა.

ადგილის დედა, ღმერთი მფარველი, ნაყოფიერი
ზურგშექცეული დაბერდეს, გახდეს ბერწი ხნიერი.
ქალი ქალია, უსიყვარულოდ სხვა აქვს იერი,
ქალღმერთიც დაჭკნეს, როგორც ქალი ნებისმიერი

და დედაბრობდეს იგი,ვისაც არ ჰქონდა ხინჯი,
როცა არ უყვართ,უსიყვარულო ხდება მახინჯი.
მამაკაცების მოდგმის გახდეს იგი მგმობელი,
ვინც სიყვარულით მისი შვილის იყო მშობელი.

თუ ძველებურად იშთარს მუხლზე ვერ ვეაჯები,
უდედო ქალაქს მოედებიან ალი- ქაჯები
და ქვესკნელიდან ნაპრალს მონახავს ავი სულები,
მანამ იშთარის პატივისცემით გაყურსულები.

თუ უარი ვთქვით, რაც რიტუალის წესით ინება,
ვაჲთუ,ძმაო, დაეკარგოს ქალს მოთმინება,
ვაჲთუ, ბრაზმა ნაპრალიდან იწყოს დინება,
ვაჲთუ, ურუქმა დაჰკარგოს მზე და ზეწარჩინება.

ვაჲთუ,ავმა მოიგო დროში ძველი ნიზლავი,
ვაითუ,ცდუნებით ავირჩიეთ კვლავ მომხიბლავი,
ვაჲთუ,დაირღვეს ჩამოგდებული მშვიდობის ზავი.
ვაითუ, ურუქში მეხუთე წრის ჩამოწვეს ზვავი.

ვაჲთუ,სულზე მონადირე,სულთამხუთავი
ცელით დაგვადგეს გაგვიმიჯნოს ტანისგან თავი,
ვაჲთუ, ურუქი ურუქელისგან თავისუფალი
დარჩეს. განუდგეს ჭირისა და ლხინისუფალი.

სახლი დაინგრეს, გადაძვრება თუ სახურავი.
კერას დააგდებს გაციებულს ხმელთმოურავი.
ვინ დაითვალოს უთვალავი ავის ზიანი,
კარავს დატოვებს როცა კვირია კარავიანი.

კედელმოშლილი ჩემი ურუქი ვეღარ მრგვალობდეს,
ჩიტი, კუთხეში მიმწყვდეული ხმით ვერ გალობდეს.
უმრავლესობით თუ შემოვა ავის მზრახველი,
მე ჩემს ქალაქში სასიკეთო ქარებს არ ველი.

მოგვიწევს ხელის ურუქელებს თავპირში ცემა,
ტრადიციების რღვევას ქალაქის მოჰყვეს დაცემა,
თუ დავივიწყებთ დედას, ვიფიცებთ თუ დედინაცვლებს,
კულტურის ცენტრი ურუქიდან გადაინაცვლებს.

კედარის ტყეში მოეხსნება ცოდვას სარქველი,
შემოუღობავ ქალაქს დაიჭერს ვეშაპი- გველი.
არ უფრთხილდება ვინც ძირჩაყრილ დახუნძლულ ვაზებს,
დედინაცალი მას ხვიარა ხეს შესთავაზებს.

დედა-ქალაქი დაჰკარგავს ძველი სიმრგვალით ფორმას,
ქაოსი მოსდევს ყველა დროში ყველა რეფორმას.
მიღწეული კი არასდროსაა გულსაკმარისი,
ცვლილებების დროს ცხოვრებაა გაუსაძლისი.

ვეღარ იძოვებს მშვიდობიანად მგელი და კრავი,
ომის ქალღმერთად თუ მოგვევლინა კაცხელნაკრავი
იშთარი. ბრძოლის აადაფდაფოს დოლი- საკრავი,
თუ მივატოვეთ კიბორჩხალი,როგორც საკრალი.

ვაჲთუ, ქალაქი უგალავნოდ ვნახოთ მოშლილი,
ვაჲთუ,დაკარგოს უდაბნოში მამებმა შვილი.
ვნახოთ შედეგი უკომპრომისო კაცთა ნებისა-
ხალხი ვიხილოთ შეშლილი,ანდა სხვა შეგნებისა.

დილა დაღამდეს,მამალმა თქვას: ძილინებისა,
გაუტანლობა დაჯდეს ტახტზე მოთმინბისა
და იგი, ვინაც ბუნტის მიზეზად საბაბს იყენებს,
ერთს თუ დაუთმობ, სხვა პირობას წამოგიყენებს.

თავისუფლების გემოს თუკი აიღებს არა,
იტყვის, რაც მოგვცეს გვეკუთვნოდა,ოღონდ არ კმარა.
მეფის სასმელი თუ გამოცალა არამ სასწმისი,
ნიშნავდეს,დადგეს დასასრულის დრო დასაწყისი.

ვეღარ დავაწყობთ ქაოსს გვიანი ვაით და ვიშით,
გაცხარებული ცხვრები მწყემსს სწვდეს ყელს იერიშით.
ტახტსაც მოითხოვს ულტიმატუმით ბრიყვი ტეტია,
არ გაგიკვირდეს, კანში თუკი ვერ დაეტია.

დაგუბებული გამჟღავნებულზე ავი მეტია,
თავგანწირვის გზა ავისგან ხსნა ერთადერთია.
გამოსავალი თამაშიდან,(თუ ვარ ჩართული),
თამაშგარეშე მდგომარეობის არის სართული.

თუ მიცემული დავარღვიეთ სიტყვა- პირობა,
ცოდვის სიმრავლეს შეაჩერებს მხოლოდ გმირობა.
მხოლოდ გმირობით უკვდავების დავცალო თასი,
რომ არ მოედოს ცოდვის კერიდან მზა მეტასთაზი

ურუქს.კეთილი კიბორჩხალის ავი თვისება
სანთიობოში ფეხადგმული ბრაზით ივსება
და ერთ ადგილზე ვერ გაჩერდეს, თუკი ღირსება
შელახეს მისი და ორგია არ ეღირსება.

იგი მოედოს სამეზობლოს ზარების რეკვით,
ჯანმრთელ სხეულში კეთილის ნაცვლად, ავის ჩანერგით.

8
ვინ აკონტროლოს ტრამალები ენლილის ქარში,
ცვლილების სიო გადაგვისვრის სხვა ეპოქაში.
უკონტროლებელ სინათლეს ბნელი მოაქვს დარაბა
და ბრმა სირულს მოჰყვება ბვერი დავიდარაბა.

ვიხილოთ სახეადუღებული შამაშის,მკაცრის-
ის ძველებურად საცერში თავის სხივებს არ გაცრის
და სიძულვილის ნაკვალევზე, ვაჲთუ ,დილით
გაცეცხლებულმა, ცეცხლის ისრით გვდიოს სიკვდილით.

გახდეს ქალაქი ცოდვებისგან სულკეთროვანი,
თუ არ გავკაფეთ ბოროტის კერა-ტყე კედროვანი,
იქ არის ცოდვის წყაროს ულევი რეზერვუარი,
თუ მხეცს არ მოვკლავთ,ნებით ცოდვაზე ვინ თქვა უარი?

ჩემო ენქიდუ,არის ერთგან ლიბიის მთები,
მე სოჭის ტყენი მიდგას თვალწინ, როდესაც ვწვები.
იმ ტყეში ცხოვრობს ბაყბაყი და ავი ჰუმბაბა,
ის დავამარცხოთ,სხვამხრივ ძალა გვინდა რად აბა?

თუ ბოროტია, მოვაშოროთ მიწას და ყანას,
კვლავ შევუყენოთ წაქცეული ბოძი ქვეყანას,
მე და შენ მოვკლათ ბოროტება,მოვაჭრათ თავი,
რამეთუ მასთან ვერ ივარგებს მშვიდობის ზავი.

მას პასუხობდეს კვლავ ენქიდუ შეცბუნებული:
-გინახავს ვინმე იმ ტყიდან უკან დაბრუნებული?
როგორ წავიდეთ,თუკი ტყეში ჩვენ ვერ შევაღწევთ,
ტყის განაპირა ბოდიალით,თქვი რას მივაღწევთ?

თუ კვალს ვერ ვნახავთ სოჭის ტყეში შავდაბურულში,
როგორ მივაგნოთ მხეც ჰუმბაბას მის შუაგულში?
ადუმ ცოდვათა მომრავლება მას დააბარა,
და შიშის ზარი თავად ენლილმა დევს ჩააბარა.

ყოველ სულდგმულთა იგი შიშს და ცოდვას ატარებს,
მისი სახელით აშინებენ დიდს და პატარებს
და თუ შიშია ადამიანთა წყევლა და კრულვა,
ექსკლუზიური უფლება შიშზე მან დაიგულვა.

-ნუთუ შეშინდი,ჩემო ენქიდუ,რა გემართება,
სად არის შენი გამბედაობა და შემართება?
-შიში ყველას აქვს და დასდევს უფრო ის კაცთა მოდგმას,
შენც გეშინია მოკვდე საწოლში და სულის მოთქმას

არ მაცლი,ისე გინდა დაგთანხმდე ძებნაში მხეცის,
სიკვდილს დაეძებ ,თუმც უკვდავების სურვილი გერჩის.
-ძმად გაღიარე,მაშ, შენც ჩემთან იარე,წამო,
რომ ბოროტების შევაჩეროთ ტყეში საწარმო.

თუკი სიკეთის სამსახურში ძმები ვიქნებით,
სიკვდილის ხსნარით უკვდავებაში ჩვენ გავიხსნებით.
ანუ, გმირობა არის სიკეთით სულების ხსნაში,
რომ შემოქმედში გავიხსნათ შერწყმით ღრუბელთა ხსნარში.

-არ გსურს სიბერე,ახალგაზრდობით რადგან ვერ ძღები,
არ გსურს მოხუცმა მზეზე გაითბო ბებერი ძვლები.
და სიკვდილისკენ მიმავალი გაცდუნებს გზები…
თუმცა შენთან ვარ, გასაჭირში შემოგევლები.

ვიცი, ჰუმბაბას ულევი აქვს ძალა და ღონე,
თავდადება კი ადუმ რომ მისცა შენც გაიგონე,
ღონით რას იზამ ,თუ სხვა რამე იქ არ იღონე
და მეც ვიფიქრებ,დროზე ადრე ნუ დაიღონე.

-ნახევარღმერთი ცხოველის სულში მეც ვარ მძევალი,
მეც ერთხელ მგრებრებს მომიგზავნის ბედის მწერალი.
და მეც გამძვრება, ადრეთუ გვიან, კაცივით სული,
როს ამ ქვეყნისთვის შევიქნები ბალაგასული.

თანასწორი ვართ მეფე და არა,რატომღაც ერთში-
ნახევარღმერთი არასავით ჩავალ სულეთში.

ნახევარღმერთი, როგორც რიგითი ური, ველ-ური,
სურვილს ვმონებ რა,მახრჩონს წყურვილი და მშია პური.
როგორც ცხოველი ვნებების ვარ მონა-მორჩილი
და სრულყოფილი მეფე ღმერთის რანგში ვარ ჩვილი.

ნახევარვღმერთობ და ცხოველივით წამძლევდეს სული,
ნახევარრმერთი ვერ ვარ ღმერთი ჯერაც ზრდასრული.
როგორ იქნება უწმინდური ზრახვებში წმინდა,
რომელიც დღეში ასჯერ იტყვის “მე მსურს”,ან “მინდა”?

9
-გეტყვი, ენქიდუ,რადგან შენი დიდი მაქვს ნდობა,
იძულებითი საშიშია,ძმაო, მშვიდობა,
ვით მოვიპოვო ვულკანზე დგომით თმენა და შვება
წუთისოფელი ნუთუ ღმერთკაცს ამას მიშვება?

გულს შხამიანი კაეშანი მეხვევა გველი,
ამის მიზეზი ჰუმბაბაა შიშისმომგვერლი.
სულ სხვა მწყურია მინდორი და საბრძოლო ველი.
მრჩეველს არ ვეძებ, ძმა მჭირდება თანამძრახველი.

****
ჰუმბაბა თავის თავში ითავსებს
სამი ვეშაპის ბოროტ ფუნქციას,
ეს ვეშაპები მზეს შთანთქავენ და
ჭას ქალაქელებს წყლისგან უცლიან.

როცა მეფეთა გაქრება სია,
არ ეყოლება ქალაქს პატრონი,
კოკა წყალს გაცვლის მზეთუნახავში
გველისებური უზურპატორი.
ვერ დაგვაწყურებს წყლით ბურანუნა
იშხარამ მეფე თუ არ აცდუნა.

თეთრი, წითელი და შავი სახით
უზურპატორი მოგვევლინება.
შეწყდეს უფასოდ, ანუ უმსხვერპლოდ
ევფრატის წყალთა უხვი დინება.
იქნება ჩვენზე ბევრისთვის ახი,
თუკი წავაგეთ თავი,ვით კვახი.
***
თუ შენ მასწავლე, ვიყო მომთმენი,ვიყო კეთილი,
სიკეთისათვის რატომ ვიყო გამოკეტილი?
სინათლე ბნელში მაშინ ვნახო გამოკვეთილი,
როცა ჰუმბაბა იქნება ძირში თავმოკვეთილი.

ნუთუ სიკეთე ბოროტების არკეთებაა?
სიკეთე,ძმაო, სულის სულ სხვა …სხვა კვეთებაა .
სიკეთე ცოცხალ ბოროტებასთან ორთაბრძოლაა
და თუ სდუმს, მაშინ ბოროტების ის ბიცოლაა,
ანუ გველებთან ერთ ლოგინში მიწყივ წოლაა,
ან ერთ ადგილზე უნაყოფო სვლა და რბოლაა.

უნდა აღმოვფხვრათ ტყიდან ტირანი და ჰეგემონი,
ხალხს მოვაშროთ შიშისმფრქვეველი წყარო- დემონი.
ამით სიკეთეს კარს გავუხსნით სულში მე მგონი,
ამ აზრითა მაქვს გაჟღენთილი მეფეს დღეს გონი?

ვფიქრობ,ჩემს ნათქვამს ძმა გაიგებს,თუა გამგონი,

რაღა აზრი აქვს ჩვენს ღონეს,ანდა ჩვენს ძალას აბა,
ვერ დავამარცხეთ ტყის დემონი თუკი ჰუმბაბა?
წავიდეთ ერთად, ბოროტებას შენც შემოჰკარი,
კედარის ხისგან გამოვთალოთ სინათლის კარი,

ჩავდგათ კედელში …ჩვენს და ღმერთს შორის რომ ავაშენეთ,
იქნებ გვეშველოს ,იქნებ ცოდვით არ გადავშენდეთ.

ვაითუ, ბოროტმა ფეხადგმულმა მოგვიწყოს ტური,
გახდეს სიმრავლლით სიკეთეზე დომინანტური.
ვინც გვემალება ტყეში,გახდება ჩვენი ლიდერი
და მას ხმას მისცემს არჩევნის გზით, ხიბლით, თვით ერი.

ტყუილით,ზიზღით, ბილწსიტყვაობით,ცეცხლის ენებით
და მტრების ნაცვლად შინა-მოყვრების გამოყენებით,
მოვიდეს თეთრი,წითელი და შავი ცხენებით
დაცემული და ამბოხეული, უკუჩვენებით.

გამოთაყვანდეს დაპირებებით, თუ რომ სულ ერი,
ქალაქს მოიგებს თაღლითობით ქოსა შულერი.

-ბოროტებასაც თავისი აქვს მზის ქვეშ ადგილი,
არც უფლება გვაქვს და არც არის, ძმაო, ადვილი,
სახლში ვესტუმროთ ბოროტს,როცა არ გვერჩის აქეთ,
ან რა აზრი აქვს,თუკი ერთხელ თავში ვუთაქეთ?

-შენში ნახევრად ღაღადებს ისევ უდაბნოს მხეცი,
ტყის სიყვარული და ძველებური ჩვევა და ქეცი.
ნუ გავიწყდება, რომ ჩემი ძმა ხარ,კაცად იქეცი
და შენს ბუხარშიც გიზგიზებს ცეცხლი,ცხელია კეცი.
თუ მეკეცეთა დედაუფალმა მსგავსებით შეგქმნა,
ვისაც გამსგავსა,სჯობს მასთან ერთად სიკეთე გექნა?
***
ჰუმბაბას ტყეა ყველა ბოროტის ადგილის დედა,
ორივეს ერთად მისი დაძლევა თუ დაგვებედა,
მივუვარდეთ და დავმართოთ კრუნჩხვა, მოვგვაროთ ბნედა,
სანამდე სხივი გზას გვიჩვენებს და არ ჩამობნელდა.

დიდებულია,ძმადნაფიცო, ჩემი მიზანი
და არ სჭირდება ამას მკითხავი და არც მისანი.
იქნებ იმიტომ მე ვარ ძლიერი და შენ მამაცი,
სიკეთე სულში,ავამოქმედოთ,თუ ზის ზარმაცი.

თუმცა ჰუმბაბა დემონია გადარეული.
თანაც ამბობენ,ადუს წყალობით მეტად გრძნეული.
ვერც მე მარტო და ვერც შენ იქმ რამეს,მარტო-ეული,
უშენოდ ტყეში დავრდომილს ვგავდე მეფე სნეული.

ნახევრად კაცმა ვიცი ხერხი -ადამის ენა.
ნახევრად მხეცს კი მოგეხსენება ჰუმბაბას ჩვევა.
მხოლოდ ორივეს ერთად გვექნება ჩვენ იმის ძალა,
ბოროტს ვებრძოლოთ,სიკეთეზე რახან იძალა.

თუ არ ხარ ჩემთან,მე მაინც წავალ,თუმც დავმარცხდები,
ამას შენც ხედავ მხეცის ალღოთი. ვიცი, არ ცდები,
ინტუიციით დამიცავ და სიკვდილს ავცდები,
თავდადებისთვის ძმისთვის ,ძმაო,შენც განკაცდები.
თუ არ წავედი ,უაზრო ყოფით ავად გავხდები,
თუმც რას გავხდები?
ჩემი გითხარი და პასუხის შენია ჯერი,
-ვშიშობ,დაბალი გეჩვენება ურუქის ჭერი,
რაა კაცობა,ისევ ველად თუ გავიჭერი,
ან შენ რატომ გსურს,უპატრონოდ დატოვო ერი?
მხეცს ზურგს უმაგრებს ადუს დამქაში, თვით ღმერთი ვერი:
ცოდვა ამრავლე,ბოროტების აცხვეო კვერი.
თავად ადუმაც შავ საქმეში დაუკრა კვერი.

10
უპასუხებდა მეფე-სათქმელად გააღო პირი:
რაა სიცოცხლე,თუ სიკვდილია მისი ნაპირი?
რაში ვიხმარო ღმერთების ძღვენი,ან დანაპირი,
თუკი ენლილის მეც მირტყამს ქარი ცხვირში, ორპირი.

კაცის ნაბიჯი ყოველი ღვთისგან არის გათვლილი,
დღე კი მოკლეა,ანუ წინასწარ ყველა დათვლილი.
ენლილის ქარით ბოლოს ვიქნებით ყველა ბათილი,
როგორც ხეები, შემოდგომაზე ფოთოლგათლილი.

რაში მარგია მზიანი დღე, ან სხა ამინდი,
როგორც მოკვდავი,თუ უსახელოდ მოვკვდი რაინდი?
თუ სულის ხორცი სადგურია და შიგა წევს ბინდი,
დაიხურება ჩემი სიცოცხლის თუკი საითი.

უკვდავი მხოლოდ ღმერთებია და ცაში შამაში,
მე კი არ მყოფნის ერთი როლის-მეფის- თამაში.
ბრძოლაში მქონდეს მინდა მეგობრის იმედი,ნდობა,
გამოვიჩინო მსურს თავდადება და რაინდობა.
კეთილი მიზნით გავამყარო გულის ზვაობა,
რომ მომავალი ალაპარაკდეს ჩემზე თაობა.

წინ გაგიძღვები, ომახიანი მდევდე კიჯინით
და მამხნევებდე წინ მიმავალს საბრძოლო ჟინით,
თუ უკვდავი მზე დაგვყურებს მარად და კვლავ ანათებს,
სიკვდილის შემდეგ მეც დავუტოვებ ხალხს ამანათებს.

შიშისგან იხსნა კაცთა მოდგმა, იტყვიან ჩემზე
ჩემს გმირობაზე მოჰყვებიან სხვადასხვა ხმებზე:
გილგამეშია შემზარავი ჰუმბაბას მკვლელი
და სოჭის ტყეში გაუკვალავი გზების გამკვლევი.

ნურავის გიკვირთ, რატომ გახდა უკვდავი იგი:
შეცვალა შიშით გამეფებული წესი და რიგი.
ჩემს შვილს კი ძმურად აუხსენი,აბა შენ იცი,
(არ დაგჭირდება ამაზე ხვეწნა და ბევრი ფიცი),
როგორი ვიყავ მებრძოლი და ან ძმადნაფიცი…

უამბე, ჩვენი თავგანწირვა კედარის ტყეში,
ამოუვიდა უთხარი მამას ბოროტი ყელში,
აღარ ინდომა დღენიადაგ ზეიმი ბნელში,
და ნივთტმტკიცება-სატევარი -გექნება ხელში.

ვიცი, გაჩერებს ვაჟკაცს იჭვი,სიკვდილის შიში,
ის მაინც მოვა,ადრე თუ გვიან,არ გვარგებს ვიში.
ნახევრად ღმერთებს თუ გვერჩის ძალა და გვწყალობს ჯიში,
ვალად გვედება, ამოვდოთ ბოროტს ლაგამი პირში?

ღონე მაშინ ხამს,გამოიყენებ თუ მას საქმეში,
თუ გამოაჩენ ამომავალ მზეს კურმუხ ღამეში.

ჩვენც ღმერთები ვართ,ოღონდ მიწაზე.არა ვართ ცაში,
თუმცა კაცივით მოვკვდებით და ჩაგვფლან მიწაში.
უკვდავებისკენ მხოლოდ ერთი გზა ბრწყინდება ჩვენთვის-
კეთილი საქმე,უკვდავებას რომელიც ერთვის.

ბარდს გაგიკაფავ ტყეში და წინ მხოლოდ მე ვიარ,
თუ დავეცემი,ამაყენებ,ძმურად მომიარ,
გამამხნევებდე:ნუ გეშინინ,მეტყოდე გზაში,
ძმაო,შენთან ვარ…ცოტაც …და მივალთ ამასობაში.

რაა მეფობა,თუ რაინდობა ვერ მოვიხმარე?
რაა სიბერე,თუ უსახელოდ ძირს დავიხარე?
რა სოფელი,თუ მტრის ჯავრის ჭმით ვერ ვიხარე?
რაა სიცოცხლე,ღმერთს საფლავი თუ გამითხარე?

თუ მოვკვდი, ჩმი შვილი ჩემი საქმით ახარე,
უამბე, ურჩხულს სამარე როგორ გამოვუთხარე.
ცხოვრების წიგნი კაცურად ღმერთმა როგორ დავხურე,
ანუ სიკვდილით უკვდავება ვით დავიმსახურე.

დაწერენ ჩემზე -საქმეს ჩვევია აღიარება:
მას ვუმადლოდეთ,ჰუმბამბა რომ არ იარება.
გავრეკავთ ღრუბელს, დანისლული თუა გონება,
მაშინ სიცოცხლე ჯოჯოხეთი არ გვეგონება.

ფრთებს გამოისხამს მადლი,სიკეთე,პატიოსნება
და სარგებელში არ აგვერევა ლოცვა და ცნება.
არც სამართალი არ იქნება ფუჭი ოცნება,
ვერ გაამტყუნებს უქონელ მართალს ურცხვი ქონება.

11
რაა სიცოცხლე,თუ ვერ დააგდო მოყმემ სახელი,
რა არი ცოდნა, მეცნიერმა თუ გასამხელი
დამალა.მხოლოდ სახელის ხვეჭას სდევს უკვდავება…
მემატიანე ამაში არ შემედავება.

ყოველი მეფე კეთროვანივით არის ეული,
ვერვინ განკურნოს,მარტოობას ჰყავს თუ შემჩნეული.
განუსაზღვრელი ძალაუფლებით მე ვარ წყეული,
თუმცა, დღეს მეფე უფლებებშიც ვარ შერყეული.

ჩემო ენქიდუ,გილგამეშს განა სასმისი ათრობს?
უაზრო ყოფა აშინებს და სიმშვიდე აფრთხობს.
ერთფეროვნება,დღეთა მსგავსება აღიზიანებს,
ძმადნაფიცს ეძებს,ვინც მის აზრებს გაიზიარებს.

ნახევრად ღმერთი მოკვდავი ვარ,არ ვარ მთლად ღმერთი,
გარეული ვარ კაცებში,როგორც ყვავებში თეთრი.
ნახევრად ღმერთი ვკვდები კაცივით,არ ვარ უკვდავი,
თუ მაინც ვკვდები,სჯობს ბრძოლაში წავაგო თავი.

ჰუმბაბა არის ბოროტების კერა და ბუდე,
რაა სიცოცხლე,ბუხართან ჯდომით თუ დავეყუდე?
რაა მშვიდობა, უჰაერობით თუ გავიგუდე
და ბოროტებას სასთუმალი თუ ამოვუდე.

იქნებ,სიბრმავით მუნჯთან ამაოდ ვდაობ და ვყვირი?
ფეხღონიერი იქნებ არა ხარ კაი ყმა,გმირი?
არ გაგეგება, იქნებ, სახედარს ხურმა და ჩირი
და ამ მიზეზით ფეხზე გკიდია კაცთ გასაჭირი.

-ძმაო, გმირობა გეშლება ზოგჯერ თვითმკვლელობაში,
თუმც, შენს გვერდით ვარ,არ დამინდო არსად ძმობაში.
მარშრუტის ბოლო ჰუმბაბას ტყეა თუ გაჩერება,
მოვდივარ,თუნდაც კრახით დასრულდეს ეს აჩემება.

მხეცი ჰუმბაბა სათამაშოა განა ახალი?
ნუ გეგონება პატარძალი,ანდა მძახალი.
განა გმირობად ჩაითვლება უგუნურება,
რაც კაცს მოუნდეს,მოეპრიანოს,ჰქონდეს გუნება.

სოჭის ტყეები, განა ,მარტო არის ბუნება,
შიშის წყაროა, ჩასაფრებული უბედურება.
ვიცი,სიმართლეს თვალს ვერ უსწორებ,გიჭირს ყურება,
რადგან მე მაინც ვრჩები შენთვის ვირი,ყურება…

თუმცა შენთან ვარ,არ უხდება ძმას დამდურება.
ძმადნაფიცობას საქმით უხდება დამსახურება,
შენთან ვარ ლხინში,ოღონდ უფრო მიგულვე ჭირში
და გამოვავალოთ ჩალა ერთობით ჰუმბაბას პირში.

შენთან მოვდივარ და ლაპარაკი აქ მოვათავე,
ადამიანთა შიშის და წყევლის თუა სათავე,
ჩამოვაშოროთ სოჭის ტყეებს მხეცი ურჩხული,
გამოვაცალოთ შიშს სადგომი ,ცოდვას -სარჩული.
იქნებ, მოვითქვათ ბოროტებისგან სუყველამ სული,
ამღერდეს მადლი, თუა შიშით ხმაგასუსული.

12

-თუ ჩემთნა ხარ,ადექი მაშინ,რაღას ზიხარო,
წინ, ჰუმბაბასკენ! გზაში არსად გადაიხარო.
მხეცთან ბრძოლაში ძმადნაფიცი ძმად მინდიხარო,
დაფდაფების ხმა მესმის,დროა,ბრძოლით ვიხარო.

წავიდეთ, ჩემო მეგობარო,ჩვენ იმ მჭედელთან,
ვისი ხმლის ძალით მივამწყვდევთ ურჩხულს შიშით კედელთან.
ძმადნაფიცებმა ერთმანეთს მხარზე ხელი გადადეს
და ოსტატისკენ გასწიეს,საქმე აღარ გადადეს.

შეკრბენ მჭედლები და დაიწყეს თურმე კამათი:
-იქნება ძნელი, შევასრულოთ თხოვნა ამათი,
ჩვენ უნდა შევქმნათ ჯადოქრობით ისეთი ცული,
მოჰკლას მტერი და იყოს მისგან ძმები დაცული.

-ერთი მხრივ,ბასრი იყოს,მოჰქონდეს მტრისთვის ზიანი,
მხეცს დაუბნელოს დღე შამაშის, თუა მზიანი,
-ძმებისთვის ჯავშანით,მორეს მხრივ, მომგებიანი.
წვეტიანი და ფარით მფარველი სჯობს ორფხიანი.

-გამოვუჭედოთ უნდა ისეთი მებრძოლებს ხმალი,
დააყრევინოს ურჩხულს რომელმაც დროზე ფარ-ხმალი.
-ხელობით შევქმნათ სასწაულის ხმალი მოქმედი.
დე,იყოს ჩვენთან ამ საქმეში თვით შემოქმედი.

-მისი წყალობით ჯადოსნური ძალით მოცული
ჯერ არნახული გამოვჭედოთ უნდა ჩვენ ცული,
რომ სამუდამოდ შეწყდეს ჰუმბაბას ტყეში ცუნცული.
დაბრუნდეს ძმები უფლის მადლით მზით დახუნძლული.

წინამორბედი გმირობის არის ხელოვნის ნიჭი,
პირველი ჩვენი საქმეა,საქმეს მოსდევს ნაბიჯი.
ჯერ ჩვენ ვთქვათ სიტყვა,მერე გმირებმა,პოეტმა ბოლოს-
ეს თადარიგი ნაყოფს მოგვცემს ბოლოსდაბოლოს.

როგორც პოეტი,ოსტატიც საქმით არს ხელოვანი
და თუ ჩვენ არა,ვინ ჰქნას საქმე სახელოვანი?
ნახელავი კი ძირში შიშის წყაროს თავს მოჰკვეთს,
ბოროტს დააგდებს, სიკეთეს მზით ბნელში გამოჰკვეთს.

-უკვდავება კი ერგება მეფეს, ამის გამო ერთს?
-რას იზამ, იგი ჰყვარებია ანგელოზს და ღმერთს.

-მის გმირობაზე დაიწერება ლექსი ათასი,
დაცალოს ხსოვნით უკვდავების დროში მან თასი,
ვერ დააკნინოს საკუნეთა ცვლამ მისი ფასი,
-გაახსენდება ვინმეს ოსტატის ნიჭი ხალასი?
ვფიქრობ, რომ ამის,მეგობარო,ცოტა გვაქცს შანსი.

-არავინ იტყვის, მათ დიდებაში ვისია ხელი,
გაახსენდება ვინმეს,განა, ჩვენი სახელი?
გმირს უკვდავჰყოფენ, დაავიწყდება ყველს ოსტატი,
-განა, ყოველი მოხელეა,ძმავ,დიდოსტატი.

არ უყვარს საქმეს ბევრი ბჭობა, დავა-ჯანჯღალი.
დროა, გამოვწრთოთ მაგიური ნიჭით ხანჯალი,
ღონით ძლიერი ჰუმბაბა თუა გონებით ჩლუნგი,
მას მოუხდება საკადრისი თავში ჩუგლუგი.

13
-აჰა, საბრძოლო იარაღი,ხანჯალი- ყამა,
ბევრმა მჭედლებმა ცოდნას ლოცვაც შიგ შეუხამა,
ფოთლისებურად სატევარი შევქმენით ბრტყელი,
ჰუმბაბას თავის დასაგდებად/სქელი აქვს ყელი/.

-ეს სატევარი,სინატიფით გამორჩეული,
არის საბრძოლო იარაღი მხოლოდ რჩეულის.

სიმართლის გზაზე სიკეთის ხართ თუკი მდევარი,
მიიღე ჩვენგან ცული,ხანჯალი და სატევარი./სატევარი, ყელე, ხანჯალი, ყამა .
-აბა შენ იცი,როგორ მიმართლებ, ჩემო ნაჯახო,
ოდეს ბასრი მხრით მხეცის ბანჯგვლიან კისერს გაჯახო.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button