განხილვაესე

მეფეთა სახეები ვეფხისტყაოსანში

– „რუსთაველს ასეთი მშვენიერი სიმბოლური სახელი რომ არ დაერქმია თავისი პოემისთვის – „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც მთავარი სამიჯნურო წყვილის: ნესტანისა („ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“) და ტარიელის („მას ტანსა კაბა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავისა“) სახეებია გაერთიანებული, შეეძლო პოემისათვის „მეფეთა წიგნი“ ეწოდებინა. აქ თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი, გარდა ვაჭრებისა და მსახურებისა, მეფეები არიან. დიახ, ეს წიგნი, მართლაც, მოგვითხრობს, როგორც თავად გვიმხელს ავტორი ეპილოგში: უცხო ხელმწიფეთა ამბებს, მას ზედმიწევნით ზუსტად აქვს გადმოცემული „პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი.“ რაც მთავარია, რუსთაველი ძალიან კარგად იცნობს მეფეთა „ზნესა და საქმეებს“, მათ ეტიკეტს, „ჭრელად“ საუბრის მანერას, ღრმად წვდება მათი გრაციოზული რევერანსების ნამდვილ არსში. ასე რომ, შეიძლება დავუჯეროთ იმ მეცნიერთა მოსაზრებებს, რომლებიც თვლიან, რომ თვითონ რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლეს არისტოკრატიულ ფენას, უფრო მეტი, ის ბაგრატიონთა სამეფო გვარის ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი იყო. ამიტომაც აცვია მას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის პორტრეტზე სწორედ შუა საუკუნეების წარჩინებული ქართველის მოსასხამი, ხოლო ზედწოდება „რუსთაველი“, შესაძლოა, რუსთავის მფლობელს ნიშნავდეს. დიახ, „ვეფხისტყაოსანი“ მეფეთა წიგნია და გენიალური შემოქმედიც იგავმიუწვდენელი ხელოვნებით ხატავს დიდ თუ მცირე სახელმწიფოთა მეფეების პორტრეტებს. ამ გალერეაში თითოეულ ნახატს განუმეორებელი, ინდივიდუალური იერი აქვს, რაც მთავარია, ისინი ცოცხალი, კონკრეტული სახეებია, თავიანთი ღირსებებითა თუ ადამიანური სისუსტეებით. უფრო მეტი, პოემის დამკვეთებიც: „მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“ და ადრესატებიც მეფეები არიან: მზე-თამარი: „ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერი“ და მისი მძლეთამძლე მეუღლე, ლომი – დავით სოსლანი, ვისაც ასე უხდება საბრძოლო იარაღის ტარება. ასე მოკლედ, სხარტად, მოხდენილად და სრულყოფილად ხატავს რუსთაველი ორიოდ სტროფში მათ პორტრეტებს, ასე ახორციელებს პრაქტიკაში თავისი შაირობის თეორიის ერთ-ერთ უმთავრეს მცნებას: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“ ეს პროლოგი იყო, რაც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ნაწილს, აქ მეფეთა გალერეას ხსნის იდეალური მეფის, როსტევანის დიდოსტატურად შესრულებული პორტრეტი: „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“ როგორც ვხედავთ, პოემა როსტევან მეფის დახასიათებით იწყება. როცა დავუკვირდებით, როგორი ეპითეტებით ამკობს მას შოთა რუსთაველი, მივხვდებით, რომ პოეტს სურს იდეალური მმართველის სახის დახატვა. როგორია ის? უპირველესად, რა თქმა უნდა, ღვთისაგან დალოცვილი. ღვთის, განგების კეთილი ნების გარეშე ხომ პოემაში არაფერი არ ხდება; დიდბუნებოვანი, თავმდაბალი, გულუხვი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარის სარდალი, თავადაც დიდებული მეომარი, გამარჯვებული, ბევრი მოყმის მფლობელი, სამართლიანი, გაჭირვებულთა, ქვრივ-ობოლთა შემწყალებელი, მჭევრმეტყველი – აი, ასეთია როსტევანი. მაგრამ ეს ავტორისეული დახასიათებაა და, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ მასში მწერლის სურვილი უფროა ასახული, ვიდრე – რეალობა. ამაში რომ გავერკვეთ, უნდა ვნახოთ, შეესაბამება თუ არა პოემაში დახატული როსტევანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი ხასიათის თვისებები, მისი ქცევის მოდელი იდეალური მეფის სახეს? როგორია თავის მეფურ ყოველდღიურობაში არაბეთის მბრძანებელი? პირველი ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ როსტევან მეფეს ვხედავთ, არის ვაზირებთან თათბირის სცენა. როსტევანი აქ ჭეშმარიტად მეფურ დიდებულებასა და სიბრძნეს იჩენს: ჯერ ერთი, ვაზირთა და წარჩინებულთა მხრიდან რომ მომავალში შესაძლო წინააღმდეგობა ააცილოს ერთადერთ ქალ მემკვიდრეს, ჯერ კიდევ ჭარმაგი ხელმწიფე თავის სიცოცხლეშივე ამეფებს მას. ვაზირებმა კი შეჰბედეს: „მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობაო?“ საკმაო არგუმენტებიც მოიყვანეს იმის დასტურად, რომ მისთვის ჯერ ტახტის დათმობა ადრე იყო: „თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია“, მაგრამ სხვა ვეღარაფერი გაუბედეს და იძულებულნი იყვნენ, დათანხმებოდნენ. მეორე, როსტევანი გვხიბლავს თავისი ბრძნული მჭევრმეტყველებით. ის ვაზირებს დინჯად, აუჩქარებლად, თავისუფლად, სასიამოვნოდ, გულში ჩამწვდომად ჯერ ზოგადად ესაუბრა სიცოცხლის სწრაფწარმავლობაზე, ჭირთა უფრო ძნელ ჭირზე – სიბერეზე და მხოლოდ შემდეგ შესთავაზა: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“ ფაქტობრივად, თვითონ ვაზირებს ჩამოაყალიბებინა ფორმულად ქალის გამეფების კანონიერების დამადასტურებელი მცნება: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ამ ეპიზოდის მიხედვით, როსტევანი ბრძენიცაა, მჭევრმეტყველიც და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსიც. შემდეგი ეპიზოდი უკვე თინათინის გამეფების სცენაა. მასში კარგად ჩანს როსტევანის ისევ და ისევ სიბრძნე და გულუხვობა. ის თავის ქალიშვილს არიგებს, სთხოვს იყოს დინჯი, გონიერი. იმასაც უხსნის, რომ თაობათა ცვლა კანონზომიერი მოვლენაა და მისი დაწყებული საქმე მემკვიდრემ ღირსეულად უნდა განაგრძოს: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!“ ასწავლის, რომ ხელმწიფე გულუხვი უნდა იყოს, რადგან „რასაცა გასცემ შენია; რასც არა, დაკარგულია!“ ამასთან, სამართლიანმა და მოწყალე მეფემ ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს წყალობა, არ უნდა დაავიწყდეს, რომ უხვი ადამიანი მოღალატესაც კი ერთგულად აქცევს: „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.“ როსტევანის აზრით, სიუხვე ქვეშევრდომთა გულის მოგების შესანიშნავი საშუალებაა. ამავე ეპიზოდში კარგად ჩანს როსტევანის თავმდაბლობა, მისი დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი, ადამიანური ურთიერთობის მაღალი კულტურა. გავიხსენოთ, როცა მოწყენილ მეფესთან მივლენ ავთანდილი და ვაზირი სოგრატი. ეს უკანასკნელი მის ნაღვლიანობას თინათინის მიერ საგანძურის გაცემას დაუკავშირებს, თან ეტყვის: „ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ მართალია, როსტევანს გაუკვირდება, როგორ მაკადრესო, მაგრამ მხოლოდ დინჯად მიუგებს: „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.“ ასეთივე თავშეკავებული და კეთილგანწყობილია როსტევანი ახალგაზრდა სპასპეტის მიმართ, რომელიც გაკადნიერდა და შეჯიბრებაში გამოიწვია მბრძანებელი. უფრო მეტი, მას ნამდვილად უხარია თავისი გაზრდილის გამარჯვება: „მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა.“ ამ შემთხვევაში ძნელია ეჭვი შეიტანო მეფის გულწრფელობაში, თუმცა, შემდეგ, როცა სამი წლით გაურკვეველი მიმართულებით ვიღაც უცხო მოყმის საძებნელად (რომელიც არც იციან, ადამიანია, მოჩვენება თუ ეშმაკი) გზავნის თინათინი არაბეთის სპასპეტს, აი, აქ კი შეიძლება ურწმუნო ადამიანს გაუჩნდეს ეჭვი: ასე ხომ არ დასაჯეს ზედმეტი სითამამისთვის, უფრო მეტი, ნადირობისას მბრძანებლის შერცხვენისათვის თავისთავში ზედმეტად დაჯერებული ამაყი სპასპეტი?! ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, გავიხსენოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ავთანდილი უკვე თავისი ნებით მიდის ტარიელის დასახმარებლად, როსტევანი ამის წინააღმდეგია და როცა სპასპეტის გაპარვის ამბავს გაიგებს, მის მრისხანებას საზღვარი არ აქვს. მთელი პოემის მანძილზე დინჯი, თავშეკავებული მეფე წონასწორობას კარგავს, ვაზირ სოგრატს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და სკამსაც კი ესვრის: „დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა.“ აქედან კარგად ჩანს, რომ როსტევანსაც გააჩნია ადამიანური სისუსტეები და ეს კიდევ უფრო ნამდვილს, ცოცხალს და დამაჯერებელს ხდის მის მხატვრულ სახეს. არც ის უნდა დავუკარგოთ როსტევან მეფეს, რომ, ფარსადან მეფისაგან განსხვავებით, ის იდეალური მამაა. მას გვერდიდან არ მოუშორებია ქალიშვილი, იმთავითვე სამეფოდ წვრთნიდა. მის ბრძნულ რჩევებსაც ითვალისწინებდა. სწორედ თინათინმა შეჰკადრა უცხო მოყმის ნახვის შემდეგ დამწუხრებულ მეფეს: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“ როსტევანს, ფარსადანის მსგავსად, არც გადამთიელი სიძე უძებნია. ის უფრო ბრძენი პოლიტიკოსია, პირდაპირ ეუბნება საშუამავლოდ მისულ ტარიელს, რომ ავთანდილზე უკეთეს სიძეს ის ვერსად იპოვის, ხოლო თინათინმაც: „სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!“ ასე რომ, როსტევანი, მართლაც, იდეალური ხელისუფალია: თავისი ქვეყნის გონიერი მმართველი, სამართლიანი და შორსმჭვრეტელი, ლმობიერი და გულუხვი, კარგი ვაჟკაცი და მეომარი. რაც შეეხება, მის პატარ-პატარა ადამიანურ სისუსტეებს, ის უფრო მეტ ხიბლს სძენს და ინდივიდუალურ, განუმეორებელ იერს ანიჭებს რუსთაველის მიერ ასე დიდოსტატურად გამოძერწილი მეფის მხატვრულ სახეს ინდოეთიც, არაბეთის მსგავსად, ცენტრალიზებული, ძლიერი სახელმწიფოა, მას ვასალი, მოხარკე ქვეყნებიც ჰყავს. მაგრამ მისი ძლიერება მაინც საკმაოდ მერყევია, ამის მაჩვენებელია ხატაელთა არაერთგზის აჯანყება. მართალია, ფარსადან მეფეც, ტარიელის დახასიათებით, იყო: „უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედან მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი“, მაგრამ, თუ ამ დახასიათებას შევადარებთ არაბეთის მეფისას, ორი რამ მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას: ჯერ ერთი ეპითეტი „უკადრი“ ანუ ამპარტავანი, განსხვავებით როსტევანის თავმდაბლობისაგან და, მეორე, ფარსადანი შვიდი სამეფოს ხელმწიფეა. გარდა ტარიელის მამის შემთხვევისა, რომელიც თვითონ „შეეწყნარა“ ფარსადანს, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩაიგდო მან ხელთ ის ექვსი სამეფო. სასიძოს მოკვლის შემდეგ ტარიელი მას ეუბნება: „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, – ყველაი თქვენ მოგხვდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!“ ფარსადანი არ არის როსტევანის მსგავსად მოყვარული მამა. ის არსად ამბობს არაბეთის მეფესავით ქალიშვილის შესახებ: „ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო“; არც მოალერსე მამასავით მიმართავს ტკბილად: „შენ, მამისა სიცოცხლეო“, არც გვერდით არ ამოიყენებს და ასწავლის სახელმწიფო საქმეებს, პირიქით, მას იმთავითვე აღიქვამს როგორც თავისი მიზნების განხორციელების საშუალებას. სასახლიდან მოშორებით აუგებს ციხე-კოშკს და დავარ ქაჯს აზრდევინებს შვილს. არც მას და, სამწუხაროდ, არც დედოფალს, არანაირი სულიერი კონტაქტი არ აქვთ ქალიშვილთან. ამის მაჩვენებელია ნესტანის დაუკითხავად მისი ბედის გადაწყვეტა. ეს ეპიზოდი გვიჩვენებს ფარსადან მეფის პოლიტიკურ სიბეცეს. მას ქვეყნის მმართველად, ფაქტობრივად, უცხო ძალა, ხვარაზმელები შემოჰყავს. სწორედ ამან აღაშფოთა ნესტანი უპირველესად: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“. მეორე, მას ჰყავდა სამეფო გვარის წარმომადგენელი, მისივე გაზრდილი, სამეფოდ გაწვრთნილი, სწორუპოვარი ამირბარი ტარიელი, ტახტის რეალური კანონიერი მემკვიდრე: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.“ ნესტანის აზრითაც, სასიძოს მოკვლა ამიტომაც იყო „მართალი სამართალი.“ თუ ამას დავუმატებთ, რომ ფარსადანს ეჭვი ჰქონდა – ტარიელსა და ნესტანს ერთმანეთი უყვარდათ: „მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.“ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ასე რამ დააბრმავა და რამ გადაადგმევინა ყოველმხრივ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი ფარსადანს? ამაზე პირდაპირი პასუხი არ არის პოემაში, მაგრამ, ფარსადანის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ: ძალაუფლებისმოყვარეობამ, დიქტატურისადმი მიდრეკილებამ. ბუნებრივია, ტარიელის გამეფების შემთხვევაში ის ერთპიროვნულ მმართველად ვეღარ დარჩებოდა. ტარიელს რომ ქადილის ძალა შესწევდა, ეს ამირბარის მიერ ხატაეთში მოპოვებულმა უდიდესმა გამარჯვებამაც აჩვენა. შესაძლებელია, ფარსადანს ამიტომაც აძლევდა ხელს უცხოტომელი, რომელსაც რეალურ ხელისუფლად არასოდეს მიიღებდა ინდოელი ხალხი. ასეა თუ ისე, ფარსადანის ქმედებამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და უმემკვიდროდ დატოვა ერთ დროს ძლიერი იმპერია. თავისი შეცდომა მან სიკვდილით ზღო. როგორც ვხედავთ, ფარსადანი ერთ-ერთი საინტერესო, უაღრესად გამოკვეთილი სახეა ერთმმართველი ხელისუფლისა, რომლის პოლიტიკურ შეცდომებს, გაუთვლელ ნაბიჯებს სახელმწიფო დაღუპვის პირამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებს ის დედოფალთან შეთანხმებით დგამს. ისინი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს და ყველა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებასაც ერთად იღებენ. ამის დასტურად გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ფარსადანმა ვაზირები, მათ შორის – ტარიელიც, დაიბარა ვითომ სათათბიროდ ნესტანისთვის სასიძოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ტარიელი შენიშნავს: „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.“ დედოფალი უყოყმანოდ დაეთანხმა ფარსადანს, აღნიშნა, რომ ხვარაზმშას შვილზე უკეთეს სასიძოს ისინი ნესტანისთვის ვერ ნახავდნენ. სავარაუდოა, რომ ის ამასთან დაკავშირებით ქალიშვილის აზრით არც დაინტერესებულა. იქნებ, ამიტომაც არ აქვს დედოფალს სახელი, ის თითქოს უპიროვნოა, მხოლოდ მისი სტატუსი განსაზღვრავს მის არსებობას. საინტერესო მხატვრული სახეა სარიდანი, ტარიელის მამა, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელი. ჭკვიანი მმართველი, მტრებისთვის შიშის ზარის დამცემი, ვისაც ვერავინ უბედავდა წყენინებას. აი, როგორ ახასიათებს მამას ტარიელი: „მამა-ჩემი ჯდა მეშვიდედ, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.“ სარიდანი კი ნამდვილად გამჭრიახი პოლიტიკოსია. მან იცოდა, რომ ფარსადანს შვილი არ ჰყავდა და ტარიელი, მემკვიდრეობის წესის მიხედვით, შვიდივე სამეფოს ხელმწიფე გახდებოდა. ამასთან ერთად, ერთიანი ქვეყანა უფრო ძლიერი და მტკიცე იქნებოდა, ამიტომაც მან თავისი სამეფო ფარსადანისას შეუერთა. ძალაუფლებაც შეინარჩუნა: გაერთიანებული ლაშქრის სახმელეთო და საზღვაო ჯარების მთავარსარდალიც გახდა: „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა.“ თავისი სამეფოც განსაკარგავად ანუ სამართავად მასვე დარჩა, ასე რომ, „სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.“ ამას ისიც დაემატა, რომ მისი ვაჟი ფარსადანმა იშვილა და სამეფოდ ზრდიდა, სანამ ნესტანი გაუჩნდებოდა. როგორც ვხედავთ, სარიდანი ბრძენი პოლიტიკოსის შესანიშნავად დახატული სახეა. „ვეფხისტყაოსანში“ დახატულ მეფეთა სახეებიდან ერთ-ერთი საყურადღებო, გამორჩეული და წინააღმდეგობრივი მხატვრული სახეა რამაზ მეფე – ხატაელთა დაუშოშმინებელი ლიდერი, დაჩაგრული, ვასალი ქვეყნის მეფე, რომელიც ყველა საშუალებას იყენებდა, რათა მის ქვეყანას თავი დაეღწია ინდოელთა უღლისაგან, გათავისუფლებულიყო. ის ამისათვის არ ერიდებოდა ეშმაკობას, ღალატს, ამბოხებას, სამხედრო ექსპანსიას. რამაზ მეფე ვაჟკაციცაა, ბედავს იმპერიის უმაღლეს სამხედრო პირს თავხედურად შეუთვალოს სიტყვები – „ლაღნი და უკადრონია“: „არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?“ უფრო მეტი, ის არ ემორჩილება ინდოეთის ამირბარის ბრძანებას და აფრთხილებს, რომ ამის შემდეგ აღარ გაბედოს მრავალი ერის პატრონის, რამაზ მეფისთვის მსგავსი წერილის მიწერა. როცა ძალა არ ჭრის, რამაზი ხერხს მიმართავს, ემლიქვნელება ინდოელებს: „ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია,“ დროს იგებს, ცდილობს, მცირე რაზმით მიიტყუოს ტარიელი და გაანადგუროს, თუმცა თავადაც შინაურთა გამცემლობის მსხვერპლი ხდება. გავიხსენოთ რამაზის გამოგზავნილი მესამე მოციქული, რომელმაც შეატყობინა ტარიელს, რომ ხატაელები ღალატობდნენ, გაუმხილა მათი გეგმა. რამაზი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის ქვეყანასა და ხალხს კატასტროფა ააცილოს: გამარჯვებულ ტარიელს ციხე-სიმაგრეთა გასაღებებს უომრად აბარებს. მაგრამ, როგორც კი ინდოეთი უმემკვიდროდ დარჩა, დასუსტდა, რამაზმა დიდი ლაშქრით შემოარტყა ალყა ინდოეთის სატახტო ქალაქს, აიღო ციხე-სიმაგრეები და ტარიელს რომ არ მოესწრო, შესაძლოა, დაეპყრო კიდეც ქვეყანა. სხვათა შორის, ხატაეთის მეფის კეთილშობილ ბუნებაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ მზადაა, მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს, თვითონ და მისი ხუთასი ვაზირი დაიღუპონ, ოღონდ უდანაშაულო მეომრები გადაარჩინოს სიკვდილით დასჯას: „სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!“ ალბათ, ამიტომაც იწვევს თანამედროვე მკითხველში რამაზ მეფე სიმპათიასა და თანაგრძნობას. თუმცა რუსთაველს ის აშკარად უარყოფით პერსონაჟად ჰყავს დახატული. ამის მიზეზი ერთია: შემოქმედი თავისი დროის შვილია, თამარის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე. ეს ხომ ის დროა, როცა, თუ მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის სტრიქონებს გავიხსენებთ: „ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ განვმზადებულვართ ახალ ბიზანტიად!“ ამ „ახალი ბიზანტიის“ იდეოლოგია შოთა რუსთაველი და არაა გასაკვირი, რომ მოხარკე, ვასალი ქვეყნების ამბოხებისაკენ მიდრეკილებას ის არ მიესალმებოდა და მუხანათობად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვლიდა. სხვათა შორის, მწერლის ეს პოზიციაც იმის დასტურია, რომ პოემა თამარის მეფობის „ოქროს ხანაშია“ შექმნილი, თორემ შემდეგ ეპოქებში, ჩვენდა საუბედუროდ, ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით, საქართველო თავადაა ხატაეთის დღეში: უზარმაზარ სახელმწიფოთა იმპერიული ზრახვების ობიექტი. აი, შემდეგ საუკუნეებში რომ დაწერილიყო „ვეფხისტყაოსანი“, დარწმუნებული ვარ, რამაზ მეფე ქვეყნის პატრიოტ, სწორუპოვარ გმირად დაიხატებოდა. „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე ახალგაზრდა მეფეა ფრიდონი – მულღაზანზარის მბრძანებელი. გარეგნულად მშვენიერი, ახოვანი, ლომივით ვაჟკაცი. მას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ის, რომ ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცია, მესამე გმირია, ვინც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაში, ქაჯეთის ციხის დამხობასა და მზე-ნესტანის გამოხსნაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ფრიდონს თავისი ქვეშევრდომები ასე ახასიათებენ: „მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნავ მშვენისა.“ მართალია, ფრიდონის სამფლობელო პატარაა, მაგრამ „ყოველგნით სიკეთე-მიუწვდომელი.“ მისი ქალაქი-სახელმწიფო მდიდარი და აყვავებულია, „ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.“ ესეც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის კარგი მმართველია, ხალხს უყვარს, ქვეშევრდომები მისი ერთგულნი არიან. ფრიდონი სახელგანთქმული მებრძოლია. მან ტარიელის მოწონებაც დაიმსახურა: „მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიმკვირცხლენია; იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.“ ფრიდონი საუკეთესო მასპინძელია, გულუხვი, ყურადღებიანი. ის ყველანაირად ცდილობს, ასიამოვნოს სტუმრებს, საუკეთესო სასმელ-საჭმელი და ძვირფასი საჩუქრები მიართვას. აი, როგორ მასპინძლობს ფრიდონი ავთანდილს: „მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკანის ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.“ ფრიდონი ერთგული მეგობარია. მისი და მულღაზანზარელი მეომრების თავდადებამ ბევრად განაპირობა გმირთა გამარჯვება გადამწყვეტ ბრძოლაში. ამასთან ერთად, ფრიდონი თავდადებულია ძმადნაფიცისთვის. ამის მაჩვენებელია მისი რჩევა ქაჯეთის ციხის აღებისას, ის ხიფათს არ ერიდება, აპირებს თოკზე გაიაროს, ჩახტეს ციხეში და შიგნიდან გააღოს კარები. ეს მის უშიშარ, შეუპოვარ ხასიათსაც გვიჩვენებს. ფრიდონი ბოლომდე ერთგულად უდგას გვერდში ძმადნაფიცებს და მუდამ მზადაა, თავის რჩეულ მოყმეებთან ერთად თავი დადოს მეგობრების დასახმარებლად. და კიდევ ერთი სამეფო და, შესაბამისად, ხელმწიფეა დახატული „ვეფხისტყაოსანში“. ესაა ქაჯთა მბრძანებელი, რომელიც, მართალია, ქალია, მაგრამ კლდესავით მაგარია: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია.“ დულარდუხტი ზრდის ადრე დაობლებულ ძმისშვილებს: როსანსა და როდიას. ის ამაყი და შეუბრალებელი დედოფალია, ამას მეკობრე როშაქის მოკრძალებითა და რიდით ნათქვამი სიტყვებიც გვიჩვენებს: „თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია.“ ის, რომ დულარდუხტი ძლიერი ხელმწიფეა, მისი გამაგრებული ციხე-ქალაქი, საუკეთესო მეომრები და ქაჯთა სახელი, რომელიც შიშის ზარს სცემს მტრებს, გვიჩვენებს. მისმა არყოფნამ (ზღვის გაღმა დის ტირილში იყო წასული) ბევრად განსაზღვრა და გაუადვილა სამ ძმადნაფიცს ქაჯეთის ციხის აღება და ნესტანის განთავისუფლება. ესაა ოღონდ, დულარდუხტს წილად ხვდა ბოროტების სიმბოლოდ ქცეული სამეფოს მბრძანებლობა, რაც მის მიმართ, ბუნებრივია, უარყოფითად განგვაწყობს. არაბეთისა და ინდოეთისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროსა და, შესაბამისად, სამეფოს ხატავს რუსთაველი გულანშაროს სახით. ის ვაჭართა ქალაქი-სახელმწიფოა, სადაც „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.“ ის, რომ მელიქ-სურხავი ბრძენი მმართველია, ჩანს იქიდან, რომ მისი ქალაქი უმდიდრესია, აყვავებულია, განვითარებულია ვაჭრობა. აქ მოსვლით მოხუციც კი გაახალგაზრდავდება, მტერიცა და მოყვარეც მის მცხოვრებთ შენატრიან: „აქა მოსვლითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები; ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.“ მელიქ-სურხავს კარგი ურთიერთობა აქვს ქვეშევრდომებთან. რა თქმა უნდა, ვაჭართა სამეფოში აბსოლუტურად განსხვავებული ეთიკური ღირებულებებია. აქ მთავარი ფასეულობა ქონებაა, ფულია. სწორედ ამ ნიშნით მეგობრობს მეფე ვაჭართა უხუცეს უსენთან, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა ღირსება არ გააჩნია: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ სამეფო კარისა და ვაჭრების ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სარგებლობას: მეფე და მისი მეომრები იცავდნენ ვაჭრებსა და მათ ქონებას, ხოლო ვაჭრები, სამაგიეროდ, ძვირფას საჩუქრებს მიართმევდნენ მათ. მელიქ-სურხავის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მას შესანიშნავი ვაჟი-მემკვიდრე ჰყავდა: ვაჟკაცი, უშიშარი, კარგი მეომარი. ფატმანი მას ახასიათებს, როგორც „უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა.“ გულანშაროს მეფეს მშვენიერების დანახვა-დაფასების ნიჭიც აღმოაჩნდა, გამჭრიახობაც, რომ ნესტანში განსაკუთრებული ქალი დაენახა არა მარტო გარეგნულად, არამედ – სულიერადაც. აი, რა ზუსტად დაახასიათა მან უცხო ასული: „ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების… ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი.“ მელიქ-სურხავი გულუხვი და კეთილგანწყობილი მეფეა. ამაზე მეტყველებს მის მიერ ქაჯეთიდან მომავალი მეგობრების დიდებული დახვედრა და ტარიელ-ნესტანის შვიდდღიანი ქორწილი. ვაჭართა სახელმწიფოს, მელიქ-სურხავის სახით, ნამდვილად ღირსეული მეფე ჰყავს, რომელიც გამუდმებით ზრუნავს მოქალაქეთა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. როგორც ვნახეთ, სრულიად განსხვავებული ხასიათის, ბუნების, ზნეობის მეფეთა ინდივიდუალური სახეები დახატა რუსთაველმა დიდოსტატურად: გაგვაცნო ბრძენი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი როსტევანი, ერთპიროვნული მმართველობისაკენ მიდრეკილი ფარსადანი, რომლისთვისაც უცხოა კომპრომისებზე წასვლა, ქვეყნის ერთიანობისათვის მოღვაწე სარიდანი, ხატაეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ცბიერი რამაზ მეფე, მულღაზანზარის ღირსეული და კეთილშობილი მეფე – ფრიდონი, ვაჭართა ქვეყნის შესანიშნავი მმართველი – მელიქ-სურხავი და ძლიერი ქალი-მეფე, ქაჯთა მბრძანებელი დულარდუხტი. სწორედ რუსთაველის სწორუპოვარი ხელოვნების შედეგია, რომ თითოეული ეს მხატვრული სახე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და არასოდეს ავიწყდება.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button