ბუნება & სამყაროგართობაკოსმოსიმეცნიერებასურათები

“ჰაბლის” გადაღებული საუკეთესო სურათები

გალაქტიკა Messier 82. ეს გალაქტიკა გამორჩეულია გავარვარებული წყალბადის ნაკადის ნათებით. მასში ვარსკვლავები 10-ჯერ უფრო სწრაფად იბადებიან, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში.


ორმაგი კლასტერი. მდებარეობს მაგელანის დიდ ღრუბლებში, რომელიც წარმოადგენს ჩვენს მეზობელ ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკას. ცენტრში უფრო ხნიერი ვარსკვლავებია მოქცეული, შედარებით ახალგაზრდები – მარჯვნივ.


გალაქტიკა NGC 1672. მის სპირალურ არეებში მოსჩანს ახალგაზრდა ლურჯი ვარსკვლავები და წყალბადის მოწითალო აირის გროვა. მტვრის ნაკადები კი მათ ნათებას ცოტათი აფერმკრთალებს.


სატურნი. პლანეტის გარშემო მოძრავი რგოლები შედგება ყინულის ნატეხებისა და მტვრისაგან. თავად სატურნი კი ამიაკის ყინულისა და მეთანის ნაზავია. პატარა შავი წერტილი შუაში თანამგზავრისგან წამოსული ჩრდილია.


სომბრეროს გალაქტიკა. მისი განმასხვავებელი ნიშანი მოკაშკაშე თეთრი ფერია. გარშემო აკრავს მტვრის სქელი ფენა. სახელი იმის გამო უწოდეს, რომ ფორმით მექსიკურ ქუდს ჩამოჰგავს.


გალაქტიკა NGC 1300. ჰაბლმა საკმაოდ მკაფიო სურათი გადაუღო ამ გალაქტიკას, სადაც ნათლად მოსჩანს ვარსკვლავების ნათება, გავარვარებული აირი და ვარსკვლავთშორისი მტვრის გამოკვეთილი მუქი ღრუბლები.


გალაქტიკა NGC 1275. მისი ბოჭკოები ცივია, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულია 55 მილიონ გრადუსზე გახურებული აირის გროვით.


გალაქტიკა NGC 2841. ვარსკვლავების ჩამოყალიბება, რაც ამ სურათზეა ასახული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სამყაროს განვითარებაში, თამაშობს მთავარ როლს გალაქტიკების ევოლუციაში.


ბუმერანგის ნისლეული. წარმოადგენს ახალგაზრდა პლანეტარულ ნისლეულს და სამყაროს ამჟამად ცნობილი ნაწილიდან ყველაზე ცივი ადგილია. ტემპერატურა ცელსიუსის შკალით -272 გრადუსია, რაც აბსოლუტურ ნულზე ერთი გრადუსით მეტია. დედამიწიდან აშორებს 5000 სინათლის წელიწადი.


გალაქტიკების შეჯახება. ზოგჯერ ორი გალაქტიკის გრავიტაციული ველების ურთიერთქმედების შედეგად არეულობა იწყება და ისინი ერთიანდებიან ხოლმე. სურათზე ანტენის გალაქტიკებია, ისინი ეჯახებიან ერთმანეთს, მალე კი იბადება მილიარდობით ვარსკვლავი.


კიბორჩხალას ნისლეული. ის ასტრონომებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტია შესწავლისთვის. ამ სურათზე კი ყველაზე მკაფიოდაა გამოსახული, რაც აქამდე გადაუღიათ.


კლასტერი NGC 3603. ირმის ნახტომის ამ კლასტერში, ანუ ვარსკვლავების გროვაში ნათლად ჩანს, როგორ იბადებიან და ფორმირდებიან ვარსკვლავები.


გალაქტიკათა გროვა. ჰაბლის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა ასაკის, ფერის, ფორმისა და ზომის 10 000-მდე გალაქტიკა ერთ ფოტოში. სურათზე გამოსახული არეალის რეალური სიგრძე მილიარდობით სინათლის წელიწადია.


მისტიკური მთა. აირისა და მტვრის ნაზავი, რომელიც სიგრძეში 3 სინათლის წელიწადია და კლდოვან ამონაზარდებს წააგავს. მასში უამრავი ახალშობილი სუპერცხელი ვარსკვლავია, რომელთა მხურვალება აირს აკაშკაშებს.


გალაქტიკა NGC 5866. დისკოს ფორმის გალაქტიკა, რომელსაც ცენტრში მოწითალო ამოზნექილობა აქვს და გაშემორტყმულია მანათობელი წრის ფორმის ლურჯი ვარსკვლავების გროვით.


ორიონის ნისლეული. ხედი ნისლეულის შიგნიდან, მტვრისა და აირის გამოქვაბულში, სადაც ვარსკვლავები იბადებიან და ფორმას იცვლიან. ნისლეულის ამ მონაკვეთში 3000-ზე მეტი ვარსკვლავი მოსჩანს. ორიონის ნისლეული ჩვენგან 1500 სინათლის წლითაა დაშორებული.


ნისლეული NGC 6302. პლანეტარული ნისლეულის ფოტო, სადაც ის პეპელას ჩამოჰგავს. ის, რასაც ფრთების ფორმა აქვს, სინამდვილეში 20 000 გრადუსზე გახურებული აირის გროვებია. მისი მოძრაობის სიჩქარე საათში 950 000 კმ-ია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწიდან მთვარემდე მანძილი 24 წუთში დაიფაროს.


ტარანტულის ნისლეული. ვარსკვლავების უამრავი თაობა ნისლეულში. ზოგიერთი უკვე აფეთქდა და სუპერნოვად გარდაიქმნა. ზედა მარცხენა კუთხეში ბოჭკოები სწორედ ამ ვარსკვლავების აფეთქებით გაჩნდა. დანარჩენ ადგილებში ახლები იბადებიან.


აირების უზარმაზარი რეგიონი. ეს რეგიონი მდებარეობს პატარა მაგელანის ღრუბლებში, რომელიც ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკაა და 210 000 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. ამ რეგიონში იბადებიან ვარსკვლავები.


არწივის ნისლეული. გარეგნობით კვარცხლბეკზე შემდგარ ზღაპრულ ფრთებიან პერსონაჟს მიაგავს. ის ცივი აირების ტალღოვან სვეტს წარმოადგენს. სიმაღლე 9.5 სინათლის წელიწადს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მანძილი მზიდან უახლოეს ვარსკვლავამდე.

წყარო:  ჩრდილოეთის ციალი

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button