ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

მარკ ტვენი – ამბავი ერთი ძაღლისა

I თავი
მამაჩემი სენბერნარია, მამა-კოლი, მე კი პრესვიტირიანელი ვარ.რა ვიცი, დედამ ასე მითხრა, მე კი მსგავს საკითხებში ვერ ვერკვევი. ჩემთვის ყველა ეს ლამაზი, გრძელი სიტყვებია, თანაც ყოველგვარ აზრს მოკლებული. დედა გიჟდებოდა ასეთ სიტყვებზე, სიამოვნებით წარმოთქვამდა ყველა მათგანს და დიდად ხარობდა როცა მისი განსწავლულობით გაოცებული სხვა ძაღლები რიდითა და შურით შეჰყურებდნენ. მაგრამ, აქ, მგონი განათლება არაფერ შუაში იყო, დედას უფრო თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა: ასეთ სიტყვებს სასადილო და სასტუმრო ოთახებში კრებდა, და კიდევ საკვირაო სკოლაში, როდესაც თან ახლდა ჩვენი პატრონის შვილებს. ყოველთვის, როცა მორიგ გრძელ სიტყვას მოკრავდა ყურს, სულ ერთთავად იმეორებდა გულში, რათა ჩვენი უბნის ძაღლების „კონფერენციამდე“ თავიდან არ ამოფრენოდა.
დააგდებდა ხოლმე ასეთ სიტყვას და, პაწია ამუნიათი დაწყებული უზარმაზარი მასტიფით დამთვარებული, ყველა გაოცებას მოდიოდა. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.თუ ჩვენს შორის ვინმე უცხო, ანუ დამსწრე სტუმარი აღმოჩნდებოდა, ის უთუოდ დაეჭვდებოდა; პირველი შთაბეჭდილებით გაოგნებული მაშინვე მოითხოვდა, აეხსნათ მისთვის რთული სიტყვის მნიშვნელობა, და დედაჩემიც დაუფიქრებლად აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. ის კირკიტა არსება ამას ნამდვილად არ მოელოდა: დარწმუნებული იყო, რომ უვიცობში გამოიჭერდა, მაგრამ ბოლოს თავად რჩებოდა შერცხვენილი. სხვებსაც ეს უნდოდათ. მათ წინდაწინვე იცოდნენ, რაც მოხდებოდა; ამის გამოცდილება კი ჰქონდათ! ყველას ისე აღაფრთოვანებდა დედაჩემის პასუხი, რომ მასში ეჭვის შეტანა აზრადაც არ მოსდიოდათ. ამაში არაფერია გასაკვირი: ჯერ ერთი, დედა ისე დარწმუნებით პასუხობდა, თითქოს ძაღლი კი არა მოლაპარაკე ლექსიკონიაო, და მეორეც- აბა საიდან უნდა სცოდნოდათ საბრალოებს, სიმართლეს ეუბნებოდნენ, თუ ტყუილს! დედაჩემი ხომ ერთადერთი განსწავლული ძაღლი იყო ჩვენს შორის!
ერთხელაც, როცა ცოტა წამოვიზარდე, დედამ საიდაღაც ახალი სიტყვა მოათრია- „არაინტელექტუალური“- და მისით იწონებდა თავს ყველა შეკრებასა თუ სხდომაზე და ძაღლებსაც თავსატეხს უჩენდა. შევნიშნე, რომ ერთი კვირის მანძილზე მას რვა სხვადასხვა შეკრებაზე ჰკითხეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, და მან რვაჯერვე განსხვავებულად განუმარტა ცნობისმოყვარეთ.
მაშინ დავრწმუნდი, რომ დედაჩემი უფრო საზრიანობით გამოირჩეოდა, ვიდრე სწავლა-განათლებით, მაგრამ ამაზე კრინტიც არ დამიძრავს. ისე კი მუდამ ჰქონდა მომარჯვებული ერთი სიტყვა, რომელსაც კრიტიკული მდგომარეობიდან გამოჰყავდა.
ის თითქოს მისი სამაშველო რგოლი იყო, ხელს რომ სტაცებენ ხოლმე განსაცდელისას. ეს სიტყვა გახლდათ „სინონიმი“. ზოგჯერ ყურით მოათრევდა რაღაც გრძელ სიტყვას, რომლითაც რამდენიმე კვირის წინათაც კეკლუცობდა და რომლის ადრინდელი ახსნა-განმარტებაც ისტორიას ჩაბარდებოდა, მაგრამ უცხო სტუმრის გაკვირვებას მაინც ახერხებდა. ვიდრე ის უცხო სტუმარი გონს მოეგებოდა, დედას ყველაფერი ავიწყდებოდა და სულ სხვა რაღაცას ბოდავდა. თუ დაუყოვნებელ პასუხს მოსთხოვდნენ, კუდს ამოიძუებდა- თითქოს ფარხმალს ყრიდა (მე ეს ჩემი თვალით მინახავს-მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც ვერ გააცურებდა), მაგრამ სულ ერთი წამით… მერე კვლავ გაილაღებდა და ზაფხულის დღესავით მშვიდი და ნეტარი, პასუხობდა: „ეს ხომ ტრანსცენდენტალურის სინონიმია“, ანდა სხვა რაღაც გველივით გრძელსა და წყეულ სიტყვას იშველიებდა.
მერე ისე გადათქვამდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა. კითხვის ავტორი კი შერცხვენილი რჩებოდა და აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო. სხვა ძაღლები, რომელთაც უწყოდნენ, თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენები კუდს იქნევდნენ და სიფათზეც არნახული ნეტარება ეწერათ.
სიტყვებს კიდევ რა უშავს, დედაჩემი ზოგჯერ მთელ ფრაზას წარმოთქვამდა, ცხადია, მრავლისმეტყველს, და მისით, სულ ცოტა, საღამოს ექვს და დილის ორ რაუტზე კეკლუცობდა. თქმა აღარ უნდა, რომ ამ ფრაზასაც თავისებურად განმარტავდა: დედას ხომ ძირითადად ნათქვამის ჟღერადობა-კეთილხმოვანება იტაცებდა, და არა აზრი და მნიშვნელობა. თანაც მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ვერავინ გამოიჭერდა; ამდენის მოფიქრების თავი არც ერთ ძაღლს არ ჰქონდა. დიახ, დედა განუმეორებელი გახლდათ! იმდენად გათავხედდა, რომ არაფრის ეშინოდა- ღრმად იყო დარწმუნებული დანარჩენთა უვიცობაში. ზოგჯერ იმ ანეგდოტების გამეორებასაც ბედავდა, რომლებიც სასადილო ოთახში შეკრებილი სტუმარ-მასპინძლის ხორხოცს იწვევდა.
მაგრამ, როგორც წესი, ერთი ანეგდოტის მარილით მეორეს კაზმავდა, და ეს კი საქმეს საგრძნობლად ართულებდა. ანეგდოტს რომ გააცნობდა საზოგადოებას, მყისვე გორაობას მოჰყვებოდა, გახელებული ყეფდა და ხარხარებდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, თავად რომ იყო შეცბუნებული, ნეტავ რატომ აღარ არის ეს ჩემი ანეგდოტი სასაცილოო. ისე კი, მსმენელებიც გორაობდნენ და ყეფდნენ, თან გულში სცხვენოდათ, ასე რამ გადაგვიკეტა ჭკუა, რატომ ვერაფერს ვხვდებითო. საცოდავებმა რა იცოდნენ, ბრალი არაფერში არ მიუძღვოდათ: თავად ანეგდოტი გახლდათ ფრიად უაზრო!
ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტი ცხადყოფს, დედაჩემი ერთი თავქარიანი და ტუტრუცანა ვინმე რომ იყო, მაგრამ მაინც ბევრი კარგი თვისებით დაიკვეხნიდა- თვისებებით, პატიოსნად რომ გადაწონიდნენ მის ცოდვებს. კეთილი იყო, მიმტევებელი. არ მახსოვს, წყენა გულში ჩაეტოვებინა. ჩვენც, მის შვილებს, მემკვიდრეობით გადმოგვცა ყველა ეს სიკეთე.
მისგან ვისწავლეთ, განსაცდელისას სიმამაცე და შეუპოვრობა რომ გვმართებდა.დედა გვარიგებდა, საკუთარ ტყავზე კი ნუ იფიქრებთ, არამედ შეერკინეთ საფრთზე, ვისაც არ უნდა ემუქრებოდეს ის- მტერსა თუ მოყვარეს, მუდამ მზად იყავით სხვათა დასახმარებლად, თქვენ მეტი არაფერი მოგეკითხებათო. თანაც მარტო სიტყვით კი არა, პირადი მაგალითითაც გვმოძღვრავდა, და ეს კი, მოგეხსენებათ საუკეთესო მეთოდია ყმაწვილის განსასწავლად! ნეტავ გაცოდინათ, რამდენი გმირობა ჩაუდენია! ნამდვილი მებრძოლი იყო! და თანაც როგორი მოკრძალებული! შეუძლებელი იყო არ აღფრთოვანებულიყავით მისით, არ დაგბადებოდათ მისი მიბაძვის სურვილი. მისი თანდასწრებით ოთახის სპანიელიც კი ცდილობდა ღირსეულად დაეჭირა თავი. აი, ხომ ხედავთ დედაჩემი მხოლოდ განათლებით არ გამოირჩეოდა სხვებისგან!
II თავი
წამოვიზარდე თუ არა, გამყიდეს და მას შემდეგ დედა აღარ მინახავს. განშორებისას ორივეს გული გვეფლითებოდა და ცხარედ ვტიროდით. დედა მაინც მანუგეშებდა შეძლებისდაგვარად. მეუბნებოდა: „ჩვენ ყველანი ამქვეყნად კეთილი მიზნისთვის მოვსულვართ, ჩვენი ვალი უდრტვინველად უნდა აღვასრულოთ, ცხოვრება, როგორიც არის, ზუსტად ისეთი უნდა მივიღოთ, მოყვასისთვის თავის გადადება გვმართებს და არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რა გველის მომავალში, რამეთუ ამას ჩვენ არავინ გვეკითხება.
ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, დიდ სასყიდელს იღებენ სხვა, უკეთეს სამყაროში. მართალია, დანარჩენ ქმნილებათათვის იმ სამყაროს კარი დახურულია, მაგრამ თუ პატიოსნად გავლევთ წუთისოფელს არ იფიქროთ საზღაურზე, ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე აზრს შეიძენს და ეს უკვე ჯილდოს ტოლფასია“. მსგავს შეგონებებს დედა საკვირაო სკოლაში კრებდა: ის ხომ ხშირად ახლდა იქ ჩვენი პატრონის შვილებს. მან ეს მოძღვრება უკეთ აითვისა, ვიდრე სასტუმრო ოთახში ყურმოკრული მეცნიერული სიტყვები და ფრაზები. საკუთარი და ჩვენი სიკეთისათვის ბევრს ფიქრობდა ამ სწავლებაზე, ეს კი მოწმობს, რომ მიუხედავად თავქარიანობისა და სიყოყოჩისა, დედა საზრიანი არსება გახლდათ.
ერთი სიტყვით, დამშვიდობებისას უკანასკნელად მივაჩერდით ერთმანეთს ცრემლიანი თვალებით. მისი გამოსათხოვარი სიტყვები( ვფიქრობ, საგანგებოდ შემოინახა იმ დღისთვის, რომ უკეთ დამეხსომებინა) ასეთი გახლდათ: „როდესაც ვინმეს საფრთხე ემუქრება, საკუთარ თავზე ნუ იფიქრებ; დედაშენი გაიხსენე და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც ის მოიქცეოდა“.
აბა, ამ სიტყვებს რა დამავიწყებდა!
III თავი
ო, რა ბედნიერი ვიყავი ახალი პატრონების ხელში! დიდი, მშვენრიერი, კეთილმოწყობილი სახლი, უამრავი სურათი და ძვირფასი ავეჯი…. და არცერთი ჩაბნელებული კუთხე! მზის სხივებით აელვარებული თვალწარმტაცი ფერები მთელს სამყოფელოში! და სახლის ირგვლივ ვრცელი მამულები, უშველებელი ბაღი, ამწვანებული მდელოები, ტანაზიდული ხეები, უთვალავი ყვავილი! მე იმ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახლდით.მეფერებოდნენ, უყვარდი და, რაც მთავარია , ადრინდელ სახელს მეძახდნენ .
ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ის სახლი – ეილინ მეივორნინი: ის ხომ დედამ დამარქვა! რომელიღაც სიმღერიდან დაუმახსოვრებია.ახალმა პატრონებმაც იცოდნენ ის სიმღერა და ძალიანაც მოსწონდათ ჩემი სახელი.
დიასახლისი, მისის გრეი, სულ რაღაც ოცდაათი წლის იყო…. ენა ვერ აღწერს მის სიტურფესა და მშვენიერებას! პატარა სედის ათი წელი შესრულებოდა და საბედნიეროდ, ზედგამოჭრილი დედამისი გახლდათ. მოკლე კაბებს იცვამდა და ზურგზე ორი წითური ნაწნავი სცემდა. პაწია კი მხოლოდ ერთი წლის იყო, პუტკუნა, ფუნთუშასავით ფუმფულა… მერე როგორ ვუყვარდი! გამუდმებით კუდით მათრევდა, მეხუტებოდა და თანაც მიამიტურად კისკისებდა. მისტერ გრეი ოცდათვრამეტი წლის ჯეელი იყო. წარმოსადეგი, თვალადი, შუბლთან ოდნავ შემელოტებული; ენერგიული, თავდაჯერებული …
მისთვის უცხო იყო ყოველგვარი სენტიმენტალურობა და მისი მკაცრი, თითქოსდა გამოქანდაკებული სახე, სულ ერთთავად ინტელექტს ასხივებდა. მისტერ გრეის გამოჩენილ „მეცნიერ-მკვლევარს“ ეძახდნენ. ამ სიტყვას ვერაფერი გავუგე. აი, დედაჩემი კი მაშინვე აიტაცებდა, რათა სათანადო შთაბეჭდილება მოეხდინა მსმენელზე: დიდგულობას მოაშლევინებდა ნებისმიერ ტერიერს, რომ არაფერი ვთქვათ ოთახის უბადრუკ ყეფიაზე: იმას ხომ სულ გაჩენის დღეს აწყევლინებდა! თუმცა, ამაზე უკეთესი სიტყვებიც არსებობს, მაგალითად „ლაბორატორია“! დედა ამ სიტყვით ნამდვილად სენსაციას გამოიწვევდა, ყველას გააოგნებდა . „ლაბორატორია“ არც წიგნია და არც სურათი, არც ის ადგილი, სადაც , კოლეჯის რექტორის ძაღლის სიტყვებით, ხელებს იბანენ (იმას საპირფარეშო თუ სააბაზანო ჰქვია). ლაბორტორია განსაკუთრებული რამაა: იქ უამრავი ქილა და ბოთლია, ელექტრო ხელსაწყოები, კიდევ ათასნაირი მართული და უცნაური აპარატები. იქ ყოველ კვირა იკრიბებოდნენ მეცნიერები, მიუსხდებოდნენ „ ინსტრუმენტს“ და იწყებოდა მსჯელობა .
თან რაღაც ექსპერიმენტებს ატარებდნენ და „ აღმოჩენებს“ აკეთებდნენ. მე ხშირად შევდიოდი იმ ოთახში, ვიდექი და ვცდილობდი გამეგო, რაზე მსჯელობდნენ. ამას საყვარელი დედის ხსოვნის პატივსაცემად ვაკეთებდი, თან გული მტკიოდა იმის წარმოდგენაზე , თუ რამდენს კარგავდა იქ რომ არ იყო… მე რა, ჩემ თავში მაინც არაფერი შედიოდა! ვერა და ვერ გავიგე, რა ხდებოდა ლაბორატორიაში.
ზოგჯერ მისის გრეის ოთახში შევდიოდი და იატაკზე ვიძინებდი, მისის გრეი კი ზედ ფეხებს მაწყობდა , თითქოს ტაბურეტი ვყოფილიყავი. დიასახლისმა იცოდა ეს რომ მსიამოვნებდა – რაღაც ალერსის მსგავსი იყო და იმიტომ. ბავშვების ოთახშიც ძალიან მიყვარდა ყოფნა: უნდა გენახათ როგორ მწეწავდნენ და მაწვალებდნენ! როდესაც ძიძა რაღაც საქმეზე ოთახიდან გავიდოდა , აკვანს ვდარაჯობდი. ხანდახან მე და სედი სახლის გარშემო დავქროდით, ქანცის გაწყეტამდე დავნავარდობდით.
მერე მე ხის ძირში ვთვლემდი, სედი კი წიგნს კითხულობდა. სტუმრადაც დავდიოდით მეზობლებთან. ჩვენი სახლის სიახლოვეს ძალიან კარგი, ზრდილი ძაღლები ცხოვრობდნენ. მათში ერთი ირლანდიური სეტერი გამოირჩეოდა: ხუჭუჭა, ლამაზი , თავაზიანი. რობინ ეიდერი ერქვა და ჩემი არ იყოს, ისიც პრესვიტერიანელი იყო – მისი პატრონი შოტლანდიელი მღვდელი გახლდათ.
მოკლედ, ბედნიერი ვიყავი. მსახურები კარგად მეპყრობოდნენ, ყველას ვუყვარდი და მეც მეტი რაღა მინდოდა! ვეჭვობ, ჩემსავით იღბლიანი და ბედის მადლიერი ძაღლი კიდევ ყოფილიყო ქვეყანად. მერწმუნეთ, ყველანაირად ვცდილობდი, რიგიანად მოვქცეულიყავი.
დედის შეგონებას არ ვივიწყებდი, მსურდა ღირსი ვყოფილიყავი ჩემი წილხვედრი ბედნიერების.
მალე პაწია ლეკვიც მეყოლა და ჩემის ბედნიერებაც უკვე უსაზღვრო ეთქმოდა. ჩემი ბიჭუნა – სანატრელი, ხავერდოვანი არსება, ერთობ საყვარლად დაბაჯბაჯებდა უმწეო თითებზე. ო, რა ნაზი გამოხედვა ჰქონდა, რა ცხვირ-პირი! სიამაყით მევსებოდა გული, ისე ძალიან უყვარდათ იგი მისის გრეისა და ბავშვებს! ეფერებოდნენ, ხმამაღლა გამოთქვამდნენ აღტაცებას მის ყოველ ოინზე. ეჰ, რა ცხოვრება იყო, რა ნეტარება!
მაგრამ, დადგა ზამთარი… და ერთხელაც იმათ პაწიას ვდარაჯობოდი, ანუ აკვნის გვერდით საწოლზე ვთვლემდი. ბუხართან ახლოს დაედგათ ის აკვანი და ზედ გამჭირვალე ფარდა ჩამოეფარებინათ… მარმაშის ნამდვილი კარავი აღემართათ…
ძიძა ოთახში არ იყო, მე და პატარას მშვიდად გვეძინა . როგორც ჩანს, მარმაშის კარავს ნაპერწკალი დაეცა. ბავშვის წივილმა გამარვიძა. მთელი მარმაშა ცეცხლში იყო გახვეული, ჭერამდე აჭრილი ალი… თავზარდაცემული ჩამოვხტი საწოლიდან და კარს მივაწყდი, მაგრამ მაშინვე დედაჩემის გამოსათხოვარი სიტყვები ჩამესმა ყურში და კვლავ საწოლზე აღმოვჩნდი. თავი ალის სვეტში გავყავი, კბილებით მოვეჭიდე პაწიას ქამარზე, რის ვაი-ვაგლახით გამოვათრიე და ორივემ, მთლად ბოლში გახვეულებმა, იატაკზე გავადინეთ ზღართანი. მერე ისევ დავითრიე პაწია აკივლებული არსება, ოთახიდან გავაღწიე და დერეფანში გავვარდი ერთობ აღელვებული, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი ქმედებით აღტაცებული.
უცებ პატრონის ხმა გაისმა:
„რას სჩადი წყეულო ოთხფეხავ!“ განზე გავხტი და ის იყო იქიდან უნდა მომეცოცხა, რომ ჩემი მარჯვე პატრონი წამომეწია და ხელჯოხი დამიშინა. შეშინებული ვაწყდებოდი კედლებს, მაგრან თავი ვერა და ვერ დავაღწიე გავეშებულს. მერე ხელჯოხი ჩემს მარცხენა წინა თითზე დაეშვა და აღავღავებული გავეკარი იატაკს… პატრონმა კვლავ აღმართა ჯოხი… ამასობაში მთელ სახლში გაისმა ძიძის წივილ-კივილი „ბავშვის ოთახი იწვის“! მისტერ გრეი იქითკენ გაქანდა და ამრიგად ძვალ-რბილის შემდგომ გაერთიანებას გადავურჩი.
ფეხი საშინლად მტკიოდა, მიუხედავად ამისა, უნდა მემარჯვა: რა ვიცოდი, როდის მოეპრიანებოდა პატრონს დაბრუნება! სამ ფეხზე ხტუნვა-ხტუნვით მივაღწიე ვიწრო კიბემდე, რომელსაც სხვენში აჰყავდა ადამიანები. გამეგონა, რომ იქ ძველი ყუთები და რაღაც ხარახურა ეყარადა თანაც იშვიათად თუ ვინმე ასულიყო. როგორც იქნა, იქამდე მივჩაქჩაკდი და სხვენის სიღრმეში ჩავიმალე.
იმ ბნელ კუთხეში საშიში თითქოს აღარაფერი იყო, მაგრამ მე მაინც ვცახცახებდი. ისე ვიყავი თავზარდაცებული, რომ წკავწკავიც ვერ გამებედა. არადა, ხომ იცით, ეს როგორი შვებაა, როცა რაიმე გტკივა. კიდევ კარგი, ფეხის გალოკვა შეიძლებოდა… და მეც ცოტა მოვითქვი სული.
მთელი ნახევარი საათის მანძილზე სახლში ერთი ორომტრიალი იყო, ისმოდა ყვირილი და ფეხების ბრაგა-ბრუგი. მერე ყველაფერი მიწყნარდა.სიჩუმემ რამდენსამე წუთს გასტანა და ამან საგრძნობლად დამამშვიდა; ის იყო შიშმა გადამიარა და თქვენც იცით, შიში ტკივილზე უარესი როა, და გულისგამყინავი ხმაც გაისმა: მე მეძახდნენ. მეძებდნენ.
ჩემ სახელს გაჰკიოდნენ.
ცხოვრებაში არ გამიგონია ისეთი ამაზრზენი ხმა . მართალია, შორიდან ჩამესმოდა , მაგრამ მაინც! მას აევსო მთელი სახლი – შემოსასვლელი, დერეფანი. ყველა ოთახი, სარდაფი … მერე სახლს გარეთაც გაისმა და სულ უფრო და უფრო დამშორდა… მაგრამ ცოტა ხანში კვლავ ყურში ჩამესმა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აღარასოდეს შეწყდებოდა, თუმცა ბოლოს მაინც მიჩუმდა; მიჩუმდა, როცა ისედაც ჩაბნელებული სხვენი სულ მტლად ჩაბნელდა.
თანდათანობით დავმშვიდდი, შიშიც დავძლიე და ჩამეძინა . ღრმა ძილით მეძინა, მაგრამ დილაუთენია გამეღვიძა.
სხვენში ჯერ კიდევ ბნელოდა. თავს კარგად ვგრძნობდი, ფეხის ტკივილმაც მიკლო და მეც დავსახე: ხოხვა-ხოხვით გავაღწიე სხვენიდან, როგორმე კიბეს ჩავივლიდი და სარდაფის კართან გავირინდებოდი. დილით როცა მეყინულე მოვიდოდა, ვიდრე ის მაცივარს ყინულით აავსებდა, გარეთ გავიძურწებოდი და სადმე დავიმალებოდი. ღამით კი გავიპარებოდი. სად ? სად და სადაც გამეხარდებოდა ; იქ, სადაც არავინ მიცნობდა და შესაბამისად, პატრონთნაც ვერავინ დამაბრუნებდა. გაგეცინებათ და ცოტა გავმხიარულდი კიდეც, მაგრამ უეცრად ჩემი ლეკვი გამახსენდა. როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე?
სასო წარმეკვეთა.
გამოსავალი არ ჩანდა. იქ უნდა დავრჩენილიყავი და ბედს დავვმორჩილებოდი ! რას იზამ, ასეთია ცხოვრება! აკი დედაჩემიც სულ ამას მიმეორებდა. და უეცრად კიდევ არ გაისმა ჩემი სახელი?! კვლავ დავიზაფრე. ვიცოდი, პატრონი არასდროს მაპატიებდა. ვერაფრით გამეგო, რა დავაშავე, რით განვარისხე მისტერ გრეი. ალბათ აქ ისეთი რაღაც მოხდა , რაც ადამიანს ესმის, რაც ადამიანს მიაჩნია ცოდვად, ძაღლს კი ამისი არაფერი გაეგება მეთქი, გავიფიქრე.
ისინი კი სულ მეძახდნენ და მეძახდნენ. მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღე-ღამის მანძილზე გრძელდებოდა.
შიმშილმაც შემომიტია და წყურვილმაც , ერთაინად მივსუსტდი. როცა ძალა გეცლება, სულ გძინავს და გძინავს… და მეც მეძინა. ერთხელაც შეშინებულს გამომეღვიძა : მომეჩვენა, რომ ხმა ძალიან ახლოდან ისმოდა. ასეც იყო. თურმე სედი მეძახდა; მეძახდა და ტიროდა. აქვითინებული ძლივს წარმოთქვამდა ჩემს სახელს …
და მერე სიხარულისგან ვერ დავიჯერე, რაც გავიგონე! სედი ყვიროდა :
„დაგვიბრუნდი, დაგვიბრუნდი! გვაპატიე… უშენოდ მოვიწყინეთ, გვენატრები!“
მაშინვე მისკენ გავექანე და თან სიხარულისგან ვწმუკუნებდი. მერე სედი ჩაბნელებულ სხვენში მოიკვლევდა გზას და თავმოძულებით ყვიროდა: „ვიპოვე, ვიპოვე, ვიპოვე, აი სად ყოფილა!“
ო, რა ცხოვრება წამოვიდა მერე! მისის გრეი, სედი და მსახურები სულ თვალებში შემომციცინებდნენ. აღარ იცოდნენ, რით ეამებინათ ჩემთვის. რბილი ქვეშაგები, დიდებული სასმელ- საჭმელი,..ფრინველის ხორცი და ათასნაირი „დელიკატესი“, ისეთი ზამთარში შოვნა რომ ჭირს,…ყოველდღე სტუმრები მოდიოდნენ….ოჯახის მეგობრები და მეზობლები. მოდიოდნენ და ჩემი გმირობის ამბავს ისმენდნენ. „გმირობა“-ასე ნათლავდნენ ჩემს საქციელს (მახსოვს ერთ-ერთ ჩვენს ადრინდელ შეკრებაზე დედამ განმარტა „გმირობა“, ეს იგივეა რაც „აგრონომიაო“, ის კი აღარ დაუკონკრეტებია „აგრონომია“ რაღა ჯანდაბა იყო; მხოლოდ იმის თქმას დასჯერდა, ეს სიტყვა „კაუზალურის“ სინონიმიაო.) მისის გრეი და სედი დღეში ათასჯერ მაინც უყვებოდნენ ყოველ ახალ სტუმარს ხანძარზე, იმაზე, თუ როგორ არად ჩავაგდე საკუთარი სიცოცხლე პაწიას გადასარჩენად, და თავიანთი მონაყოლის დასტურად ჩემს დამწვრობებს უჩვენებდნენ .
სტუმრებიც რიგრიგობით მიხმობდნენ, მეფერებოდნენ და თან გულიანად ოხრავდნენ… უნდა გენახათ როგორი სიამაყით უბრწინავდათ თვალები სედის და დედამისს! თუ ვინმე იკითხავდა, ეს ძაღლი რატომ კოჭლობსო , იწურებოდნენ და სტუმარს სიტყვას ბანზე უგდებდნენ, მაგრამ როცა რომელიმე აბეზარი კითხვას კითხავზე დააყრიდა , დედაშვილის ატირებას აღარაფერი უკლდა.
ჩემი განდიდება ამით არ დასრულებულა: პატრონს ოცი უგანათლებულესი და უცნობილესი სწავლული ეწვია. მე ლაბორატორიაში შემიყვანეს და იქ განიხილავდნენ მომხდარს, ჩემზეც ბევრს მსჯელობდნენ და კამათობდნენ, თითქოს რაღაც მეცნიერული აღმოჩენა ვყოფილიყავი. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, მართლაც საოცარია, ამ უტყვი არსების საქციელი…. აი ინსტიქტის გამოვლენის საუკეთესო მაგალითიო. ჩემი პატრონი კი მათ არ ეთანხმებოდა და გაიძახოდა: „ეს ინსტიქტზე მეტია. აქ საქმე აზროვნებასთან გვაქვს და ბევრი არსება, რომლესაც ადამიანს ვუწოდებთ და ჩვენთან ერთად სასუფეველში განსვევების „პრივილეგიით“ სარგებლობს, გონებრივად გაცილებით ჩამორჩება ამ საცოდავ, საუკუნო სიცოცხლეს მოკლებულ ოთხფეხას“.
შემდეგ გაიცინა და დასძინა: “აბა შემომხედეთ! პარადოქსი და სარკაზმი თუ გინდათ, ეს არის! ჩემი მაღალი ინტელექტის მიუხედავად, პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ძაღლი გადაირია და ბავშვის დაგლეჯას აპირებდა, მაშინც როდესაც, რომ არა ამ ოთხფეხას გონიერება, ჩემ პაწია დაიღუპებოდა, დიახ გონიერება!“
ისინი გაუთავებლად კამათობდნენ და მათი მსჯელობის თემა მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი.
ეჰ, ნეტავ დედაჩემს ენახა ეხლა ჩემი თავი-მეთქი, გავიფიქრე. ო, როგორ იამაყებდა ჩემით!
მერე სწავლულები სხვა საკითხზე გადავიდნენ, რაღაც „ოპტიკას“ ახსენებდნენ და იმის გარკვევას ცდილობდნენ, გამოიწვევდა თუ არა სიბრმავეს ტვინის დაზიანება, მაგრამ ვერა და ვერ შეთანხმდნენ და ერთთავად იმას გაიძახოდნენ, რომ „ექსპერიმენტის“ გარეშე ფონს ვერ გავიდოდნენ. მალე საუბარი მცენარეებზე გადაიტანეს და მეც გამოვცოცხლდი. ზაფხულში მე და სედიმ თესლები ჩავყარეთ ორმოებში(მათ გათხრაში მე ვეხმარებოდი) და მერე, ხანი რომ გამოხდა, თითო ორმოდან თითო საოცრება ამოიზარდა. ზოგიდან-ყვავილი, ზოგიდან-ბუჩქი! როგორ და რანაირად მოხდა ეს ჩემთვის დღემდე გამოცანაა, მართლა ვინანე, ლაპარაკი რომ არ შემეძლო, თორემ ერთი-ორ ჭკვიანურ სიტყვას მეც შევაწევდი იმ სწავლულ სტუმრებს. აი, „ოპტიკა“ კი სულაც არ მაინტერესებდა – ჩემთვის ჩინური იყო.
როდესაც კვლავ ამ თემას მიუბრუნდნენ, საშინლად მოვიწყინე და ჩამეძინა.
მალე გაზაფხულიც დადგა; მზემ გული გამინათა, გამახალისა. ჩემი საყვარელი მისის გრეი და პატარები ნათესავ-მოკეთეების მოსანახულებლად გაემგზავრნენ. გამოთხოვებისას მე და ჩემ ლეკვს ნაზად გადაგვისვეს ზურგზე ხელი. შეიძელბა ითქვას, რომ დედა-შვილი მარტო დავრჩით: პატრონი გინდ ყოფილიყო გინდა არა, მაგრამ დროს მაინც მხიარულად ვატარებდით, მსახურებიც მეგობრულად გვეპყრობოდნენ. ერთი სიყვით, ბედს არ ვემდუროდით და ოჯახის დანარჩენი წევრების დაბრუნებას ველოდით მოუთმენლად!
ერთხელაც ის სწავლულები კიდევ მოლაგდნენ…ამჯერად ცდის ჩასატარებლად. არც ვიცი, ასე თქვეს, ცდაო… ჩემი ლეკვი ლაბორატორიაში წაიყვანეს.
სამ ფეხზე ხტუნვით გამოვეკიდე, ძალიან მიხაროდა: ჩემი ლეკვი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული! ის სწავლულები კი კიდევ კამათობდნენ, რაღაც ცდებს ატარებდნენ….უეცრად ჩემმა პატარამ გულსაკლავად დაიწკავწავა და იმათაც ძირს ჩამოსვეს. ლეკვი ბორძიკობდა, თავი სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ჩვენმა პატრონმა ტაში შემოჰკრა და წამოიძახა: „აჰა, ახლა ხომ დარწმუნდით? განა მართალი არ ვიყავი? აბა, შეხედეთ, თხუნელასავით ბრმაა.“
დანარჩენებიც აყვირდნენ:
„დიახ, დიახ, ცდამ დაადასტურა თქვენი თეორია. ამიერიდან ტანჯული კაცობრიობა თქვენგან დიდად არის დავალებული!“ ყველა მისტერ გრეის შემოეხვია… მაგრად ართმევდნენ ხელს, მადლობას უხდიდნენ, აქებდნენ.
მაგრამ ყველაფერ ამას ბუნდოვნად ვხედავდი და თითქმის არაფერი მესმოდა. მაშნვე ჩემს პაწიასთან მივირბინე (როგორც შემეძლო), მთელი თანით მივეკარი და სისხლიანი თავი ავულოკე. ისიც მომეკრო, თან საწყალობლად კრუსუნებდა.
მივხვდი, რომ ვერ მხედავდა, მაგრამ გრძნობდა ჩემს სხეულს და ამიტომ აღარც ეშინოდა და ტკივილიც უამდებოდა. მის გვერდით ხომ დედა იყო! უეცრად თავი ჩამოუვარდა, ხავერდოვანი დრუნჩი იატაკს დაჰკრა და აღაც განძრეულა.
მისტერ გრეიმ მსახურს უხმო და უბრძანა, გაიტანეთ ბაღში და სადმე მოშორებით ჩაფლეთო. მერე ისევ სწავლულებს მიუბრუნდა. მე ხტუნვა-ხტუნვით გავეკიდე მსახურს. ძალიან მიხაროდა, რომ პაწიას ჩაეძინა და აღარაფერი სტკიოდა. ბაღის ბოლოში გავედით, იქ სადაც ყველა- ბავშვები, ძიძა, მე და ჩემი ლეკვი- მაღალი თელის ჩრდილში ვთამაშობდით ხოლმე. მსახურმა ორმო ამოთხარა.
მივხვდი, რომ იქ ჩემი ლეკვი უნდა დაერგო, და სიხარული გამიორკეცდა; ახლა ჩემი ლეკვი გაიზრდება, რობინე ეიდენივით თვალადი ძაღლი დადგება და ეს ხომ ნამდვილი სიურპრიზი იქნება მისის გრეისა და ბავშვებისათვის – მეთქი, გავიფიქრე. ამიტომაც, მონდომებით ვეხმარებოდი მსახურს ორმოს ამოთხრაში. მაგრამ ჩემი დაშავებული ფეხით ბევრს ვერაფერს გავხდი. ვერაფრით მოვრუნე, და ხომ იცით, მიწის ამოთხრისას წინა ორი თათი გვჭირდება, სხვანაირად არაფერი გამოვა. ერთი სიტყვით მსახურმა ორმო ამოთხარა, ჩემი პატარა რობინი შიგ ჩააწვინა, მერე მე თავზე გადამისვა ხელი და ცრემლმორეულმა ჩიაბუტბუტა: ‘შენ კი მისი შვილი გაარჩინე… ვაი, შე საბრალო…“
აი, უკვე ორი კვირაა ორმოსთან ვზივარ, ჩემი პატარა კი არა და არ ჩანს. ამ ბოლო ხანებში შიში დამჩემდა; მეჩვენება, რომ რაღაც საშინელება მოხდა.
ზუსტად არ ვიცი- რა, მაგრამ შიშმა დამაავადა. ვერაფერს ვჭამ, თუმცა მსახურები სულ ნუგბარ-ნუგბარს მიზიდავენ და ცდილობენ დამამშვიდონ. ზოგჯერ ღამითაც მოდიან, დამტირიან და მოთქვამენ: „საბრალო ამუნია, დაწყნარდი, დაივიწყე, სახლში დაბრუნდი…გულს ნუ გვიფლეთ..“ მე ეს უფრო მაშინებს და ვხვდები, რომ საზარელი რაღაც მოხდა. უკვე ისე დავსუსტდი, რომ გუშინდელს აქეთ ფეხზე დადგომა მიჭირს. აი ახლაც, ამ ცოტა ხნის წინ, მსახურებმა ჩამავალ მზეს შეხედეს-ის სწორედ მაშინ ჩადიოდა და უკვე ღამის სიგრილეც იგრძნობოდა- და ისეთი რამე თქვეს, რაც ვერ გავიგე, მაგრამ მათმა სიტყვებმა სისხლი გამიყინა:
„ საწყლებმა არაფერი იციან. დილით დაბრუნდებიან და მაშინვე იმას იკითხავენ, სად არის ჩვენი ძაღლი, სად არის ჩვენი გმირიო. ..და რომელი ჩვენგანი გაუბედავს უთხრას: „თქვენი ერთგული მეგობარი წავიდა იქ, სადაც მიდის ყველა უტყვი ქმნილება!“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button