ლიტერატურაწიგნები

დიმიტრი გლუხოვსკის “მომავალი”

როდესაც ევგენი ზამიატინი „ჩვენ“-ს წერდა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნის პირველი დეკადის შემდეგაც, ადამიანთა უმეტესობა ჯერ კიდევ მის რომანში აღწერილი მოვლენების მოლოდინში იქნებოდა. თუმცა, მე-20 საუკუნის ფანტასტიკოსთა უმეტესობას სამეცნიერო პროგრესი ბევრად მარტივად მისაღწევი ეგონათ, ვიდრე ეს დღეს გვეჩვენება. გლუხოვსკიმ კი, ჭკუა იხმარა და ანტიუტოპიური მომავალი მთელი 500 წლით წინ გადაწია.

აწ უკვე ცნობილი „მეტრო 2033“-ისა და მისი სიქუელის ავტორმა, თავისი 2013 წლის რომანის მოქმედება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ სიბრტყეში გადაიტანა და შექმნა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიუტოპიური ნაშრომი – „FUTU.RE”.
წიგნის მოქმედება ვითარდება 25-ესაუკუნეში. შორეულ მომავალში. უკვე სამასი წელია გასული მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნეს სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც ებრძვის დაბერებას. ცვლილებების წყარობით მოხდ აადამიანის დნმ-ის ცვლილება, რამაც მთლიანად შეცვალა ადამიანთა ფსიქოლოგია,კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრების წესები.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში გარდაიქმნა მსოფლიო რუკის გეოპოლიტიკა. ცვლილებების შედეგად, მივიღეთ 4 მასშტაბური რეგიონი: პანამერიკა, ევროპა, ესპანოამერიკა და რუსეთი. ეს უკანასკნელი ხარბად ეწევა ბუნებრივი რესურსების უკანასკნელი მარაგის ექსპორტს და ცდილობს განყენებულად იდგეს დანარჩენი სახელმწიფოებისგან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გლუხოვსკის მომავლის რუსეთში აგერ უკვე 300 წელია ერთი პარტიაა ქვეყნის სათავეში. ქვეყანას მართავენ მსხვილი ოლიგარქები, ტყის მარაგი განადგურებულია და მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველწლიურად ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს, რუსეთში მაინც დიდი რაოდენობით დაუსახლებელი მიწაა. თუმცა,ვინ მოისურვებს უდაბნოში ცხოვრებას?!

წიგნის მთავარი გმირი – იანი, ევროპის კანონმორჩილი მოქალაქეა. მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის პირდაპირ მოვალეობაში შედის ყველა შესაძლო მეთოდით დაამყაროს ბალანსი დაბადებულ და გარდაცვლილ ევროპელებს შორის. მომავლის ევროპაში უკვე საშიშია ბავშვის გაჩენა. მშობლებს უწევთ რისკზე წასვლა. თითოეული ახალგაჩენილი ბავშვი ახალ დაღუპულ მშობელს ნიშნავს. მოსახლეობის რაოდენობა პიკს აღწევს. და მიუხედავად იმისა, რომ მომავლის არქიტექტურის წყალობით ცათამბრჯენების სიმაღლეები იმ ნიშნულებს აღწევს, რომ ბაბილონის ამბავი ზღაპრადაც კი აღარავის აინტრიგებს, ბავშვების გაჩენა მაინც მკაცრად კონტროლირდება ხელისუფლების, კერძოდ კი, “უკვდავების პარტიის” მიერ.

ჟანრის წესების დაცვით, აქვეა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სიცოცხლის პარტია”, რომელსაც “ვინმე” ხესუს როკამორუ ხელმძღვანელობს. იანს მასთანაც მოუწევს გარკვეული დროის გატარება და მისი სწავლებების ათვისება, თუმცა როგორც წესი, მისი პიროვნება მკითხველში ხშირად იწვევს ზიზღს. ის, რასაც იანი კანონის სახელით აკეთებს, ამაზრზენი და გულისამრევია. მაგრამ, რას იზამ… ასეთია “მომავლის” წესები.
წიგნის გმირებს უწევთ მთელი თავისი სისასტიკით იგრძნონ ის დილემა, რასაც შვილის ტირილის გაგონებასა და სიცოცხლით ტკბობას შორის არჩევნის გაკეთება ჰქვია.
გარდა ნახსენები თემებისა, წიგნი მთლიანობაში წარმოადგენს იდეალურ მხატვრულ ნამუშევარს. თითოეული დეტალი, რომელსაც ავტორი ეხება, მაქსიმალურად კარგად არის წარმოჩენილი. თქვენ გელით მოგზაურობა საშიშ სამყაროში, რომლის მკვიდრებიც, ალბათ დაუფიქრებლად დათანხმდებოდნენ 2033-ში, მოსკოვის მეტროს ნესტში ცხოვრებას.

როგორც თავად გლუხოვსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, კაცობრიობა უკვე ძალიან ახლოსაა უკვდავებასთან და ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ ის „მშვენიერება“, რასაც უკვდავება ჰქვია.
თუმცა, თუ გეყოფათ ნებისყოფა და “FUTU.RE”-ს ბოლომდე ჩაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ხანდახან ფანტასტი ავტორები ხელნაწერის მიღმაც ხშირად იტყუებიან.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button