ისტორიასურათებიფაქტები

ისტორიული მოვლენები 1 საუკუნის წინ და ახლა

ფოტოზე აღბეჭდილი ერთი და იგივე შემთხვევები, რომლებსაც ერთმანეთისგან 100 წელი აშორებთ. მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც მოხდა 1909 წელს, შედარებულია 1 საუკუნის შემდეგ გამეორებულ ანალოგიურ მოვლენასთან.


პირველი ადამიანები სამხრეთ პოლუსზე – 1909 წლის 16 იანვარი.
1907 წელს ცნობილმა ანგლო-ირლანდიელმა მკვლევარმა ჰენრი შეკლტონმა გადაიბირა ავსტრალიელი გეოლოგი დუგლას მოუსონი და 50 წლის ლეიტენანტი ეჯვორტ დევიდი სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი ექსპედიციისთვის. გეგმის მიხედვით, შეკლტონი სამ კაცთან ერთად ჩავიდოდა გეოგრაფიულ სამხრეთ პოლუსზე, დევიდი კი ორ თამხლებთან ერთად მაგნიტურ პოლუსამდე მივიდოდა. 2 კვირისა და 2000 კმ-ის შემდგომ მოხალისეებმა სამხრეთის მაგნიტურ პოლუსს მიაგნეს. შეკლტონის გუნდს მრისხანე ქარბუქები და ქარიშხლები შეხვდა დაბრკოლებად, ამიტომ უკან დაბრუნება მოუწიათ, თუმცა გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსამდე 150 კმ აშორებდათ. ფოტოზე შუაში დევიდია, მარცხნივ – ალისტერ მაკეი და მარჯვნივ – დუგლას მოუსონი.


100 წლის შემდეგ:
დღესდღეობით მეცნიერები და მათი გამოთვლები გვამცნობენ, რომ 1909 წელს მკვლევარები შეიძლება მიზანს აცდნენ. მაგნიტური სამხრეთ პოლუსი მუდმივად იცვლის მდებარეობას დედამიწის მაგნიტური ველის გამო. პირველი ექსპედიციის შემდეგ 1 საუკუნე გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. პონებისა და ძაღლებშებმული მარხილები თოვლმავლებმა ჩაანაცვლეს, პოლუსამდე მისაღწევად კი თვითმფრინავი გამოიყენება. ანტარქტიდას არ ჰყავს მუდმივი მაცხოვრებლები, თუმცა კვლევებს რამდენიმე ქვეყნის მთავრობა აწარმოებს. 2009 წელს პირველი ექსპედიციის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეს ფოტო გადაიღეს.


უილიამ ჰოვარდ ტაფტის ინაუგურაცია – 1909 წლის 4 მარტი.
ტაფტი აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი იყო და 1908 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რაშიც წვლილი წინა პრეზიდენტს, თეოდორ რუზველტს მიუძღოდა. ინაუგურაციის ცერემონიას მკაცრი და უჩვეულო ქარბუქი დაემთხვა. იმისათვის, რომ ქუჩა თოვლისგან გაეწმინდათ, 6000 მუშა და 500 ვაგონი დაიქირავეს. შედეგად, ნახევარ ღამეში 58 000 ტონა თოვლი და ტალახი გაიტანეს სააღლუმო გზიდან. ამინდის გამო ინაუგურაცია გაიმართა შენობაში, სენატის ოთახში. ჰელენ ჰერონ ტაფტი იყო პირველი პირველი ლედი, რომელიც ქმარს ახლდა უკანა გზაზე – კონგრესის შენობიდან თეთრ სახლამდე.


100 წლის შემდეგ:
2009 წლის 20 იანვარს ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი და პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. ცერემონიისას გამოყენებული ბიბლია იგივე იყო, რომელზეც 1861 წელს აბრაამ ლინკოლნმა დაიფიცა. დასწრების მხრივ ობამას ინაუგურაციამ სრული რეკორდი მოხსნა – მაყურებელი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მანამდე ვაშინგტონში გამართული ნებისმიერი ღონისძიების დროს. ასევე რეკორდი მოიხსნა ტელევიზიაშიც და ინტერნეტშიც (ინაუგურაციის ცერემონიალის მაყურებელთა რაოდენობის მხრივ). გლობალური მასშტაბით ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი მოვლენა.


ტიტანიკის აგება იწყება – 1909 წლის 31 მარტი.
ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი “ტიტანიკი” აშენდა გემთსაშენში “Harland and Wolff”, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში. 3000 მუშა სამი წლის განმავლობაში აგებდა ამ უზარმაზარ გემს, რომელსაც, ინჟინერთა ჩანაფიქრით, ზომაში რეკორდი უნდა მოეხსნა. მის მშენებლობაში 7.5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 1911 წლის 31 მარტს მზად იყო გემის კორპუსი ძრავის, ბოილერების, მექანიზმებისა და ავეჯის გარეშე. ზუსტად ერთ წელში – 1912 წლის 31 მარტს გასაშვებად მზად იყო. გემის სიგრძე შეადგენდა 269.1 მეტრს, სიგანე – 28 მეტრს, შეეძლო 3547 ადამიანის დატევა, მაქსიმალური სიჩქარე კი 43 კმ/სთ-ს აღწევდა. ფოტოზე ტიტანიკის პირველი ნაწილი, ხერხემალია.


100 წლის შემდეგ:
2009 წლის 31 მაისს ტიტანიკის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი მგზავრი, მილვინა დინი გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. მან 9 თვისამ იმგზავრა ლაინერზე და ყველაზე პატარა მგზავრი იყო. 1985 წელს ტიტანიკის ნარჩენებს წააწყდნენ და მას შემდეგ რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვების იმედით. გემის ნაწილებში აღმოჩენილი პირადი ნივთების ღირებულებამ ჯამში 110 მილიონი დოლარი შეადგინა. 2012 წელს დაგეგმილია ჩაძირვის 100 წლისთავთან დაკავშირებით ტიტანიკის მსგავსი გემის აგება და ოკეანეში გასვლა. ის 8 აპრილს დატოვებს ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონს წინამორბედის მსგავსად და 15 აპრილს კატასტროფის ადგილს მიაღწევს. კრუიზის შემდეგი დანიშნულება ქალაქი ჰალიფაქსი იქნება, სადაც ტიტანიკის მსხვერპლები დაკრძალეს.


პირველი ადამიანები ჩრდილოეთ პოლუსზე – 1909 წლის 6 აპრილი.
1909 წლის თებერვალში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინჟინერმა რობერტ პიერმა რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად შერიდანის კონცხი (კანადა) დატოვა. 800 კმ-ის გავლის შემდეგ მათ მიაღწიეს გეოგრაფიულ ჩრდილოეთ პოლუსს. პიერი წერდა: “როგორც იქნა, ჩრდილოეთ პოლუსი! 23 წლის განმავლობაში ჩემი უდიდესი ოცნება და ამბიცია ახდა! ჩრდილოეთ პოლუსი ჩემია!” ზემოთ ნაჩვენები სურათიც მისი გადაღებულია, მასზე ჯგუფის წევრები არიან. არქტიკიდან უკან დაბრუნებისას პიერი შეხვდა მოგზაურს ფრედერიკ კუკს, რომელიც ამბობდა, რომ მან უფრო ადრე, 1908 წლის 21 აპრილს მიაღწია პოლუსს. კუკმა ნათქვამის დამტკიცება ვერ შეძლო, ამიტომ ბევრი მხარდამჭერი არასდროს ჰყოლია.


100 წლის შემდეგ:
გასულ საუკუნეში პიერის განცხადება განხილვის საგნად იქცა. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პიერი მანძილის გამოთვლებში შეცდა და ჩრდილოეთ პოლუსს მაქსიმუმ 200 კმ-ით მიუახლოვდა. დღესდღეობით ჩრდილოეთ პოლუსზე ჩასვლა საჰაერო ან საზღვაო (ყინულმჭრელები) გზით ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სპეციალური ტურებიც კია ტურისტულ სააგენტოებში ამ მიმართულებით. 2007 წელს ჰოლანდიელმა გვიდო ვან დერ ვერვემ 24 საათი გაატარა ფეხზე მდგომმა და ნელ-ნელა ტრიალებდა ჩრდილის მიმართულებით. შესაბამისად, ერთი დღის განმავლობაში მას არ უმოძრავია დედამიწასთან ერთად.


თელ-ავივის დაარსება – 1909 წლის 11 აპრილი.
თელ-ავივს საფუძველი 1909 წელს, პასექის მეორე დღეს ჩაუყარეს. 66 ებრაული ოჯახი შეიკრიბა იმ მიზნით, რომ დასახლებულიყვნენ ამ ხრიოკ უდაბნოში, რომელსაც ამჟამად როტშილდის ბულვარი ჰქვია. მათი სურვილი იყო, სახელმწიფო კანონმდებლობასთან შეთანხმებით აეგოთ თანამედროვე ებრაული ქალაქური დასახლება ესთეტიკისა და ჰიგიენის მხრივ ჯანსაღ გარემოში, რასაც მიაღწიეს კიდეც. ტერიტორია ლატარიის პრინციპით გაინაწილეს – შეაგროვეს 60 თეთრი და 60 ნაცრისფერი ნიჟარა. თეთრზე დააწერეს ოჯახის გვარები და ნაცრისფერზე მიწის ნაკვეთების აღნიშვნები. შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით ნიჟარები ერთმანეთს მიუსადაგეს. მიწას უწოდეს აჰუზატ ბაიტი, რაც “კარ-მიდამოს” ნიშნავს. ერთ წელში კი თელ-ავივი დაერქვა, რაც ითარგმნება, როგორც “გაზაფხულის ბორცვი”.


100 წლის შემდეგ:
დღესდღეობით თელ-ავივი ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც 404 000 ადამიანს იტევს. ის უმნიშვნელოვანესი ქალაქია სამრეწველო, ბიზნესისა და ეკონომიკური მნიშვნელობით – აქ შეხვდებით უამრავ უმსხვილეს კოპანიას ისრაელის მასშტაბით. თელ-ავივს მეორენაირად “თეთრ ქალაქს” უწოდებენ. სწორედ ეს ფერი დომინირებს ქალაქის შენობებში, რომლებსაც 1930-იანი წლებიდან აშენებდნენ გერმანელი ებრაელი არქიტექტორები. ისინი ქალაქში ნაცისტების აღზევების შემდეგ ჩასახლდნენ. ქალაქში რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია, მათ შორის თელ-ავივის უნივერსიტეტი, რომელიც 1953 წელს გაიხსნა და წამყვანი უნივერსიტეტია ქვეყანაში.


პირველი გადაფრენა წყალზე ჰაერზე მძიმე აპარატით – 1909 წლის 25 ივლისი.
ისტორიულად პირველი გადაფრენა ლა-მანშის სრუტეზე ჰაერზე მძიმე საფრენი მოწყობილობით ფრანგ ავიატორს ლუი ბლერიოს დაუფინანსა ერთმა მადლიერმა ოჯახმა, რომლის შვილიც ლუის ცოლმა იხსნა სიკვდილისგან. მათ თითქმის გაკოტრებულ გამომგონებელს გამოუყვეს იმ დროისთვის დიდი თანხა – 25 000 ფრანკი, რითიც მან გააუმჯობესა თავისი თვითმფრინავი Blériot XI. იმ დღეს, როცა საფრანგეთიდან უნდა აფრენილიყო, ლუი ყავარჯნებით მივიდა, რადგან მანამდე ფრენის დროს ინციდენტი შეემთხვა. 20 წუთიანი ფრენის შემდეგ მან შენიშნა მარგარიტას ყურე, რამაც მიახვედრა, რომ კურსს გადაუხვია. გასწორების შემდეგ დაინახა მეგობარი, რომელიც ფრანგულ დროშას აფრიალებდა დაფრენის ადგილას, ქალაქ დოვერში. უხეში დაშვებისა და მექანიზმის დაზიანების შემდეგ ფრანგი ავიატორი მალევე გახდა სახელგანთქმული და მოიგო ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პრიზი ლონდონური გაზეთისგან.


100 წლის შემდეგ:
1909 წლის შემდეგ ინგლისის არხს კიდევ ბევრჯერ გადაუფრინეს. 1979 წელს ეს ადამიანზე მომუშავე თვითმფრინავით განხორციელდა, 2008 წელს კი შვეიცარიელმა პილოტმა და გამომგონებელმა ივეს როსმა შეძლო იგივე 10 წუთში ძრავიანი ფრთებითა და 160 კმ/სთ სიჩქარით. 2009 წლის 25 ივლისს, როცა ბლერის ავიარეისის 100 წლისთავს ზეიმობდნენ, ფრანგმა ედმონდ სალისმა წარმოადგინა საფრენი აპარატი, რომელიც Blériot XI-ის მოდიფიკაციაა. 500 ადამიანი ადევნებდა თვალს სალისის 40 წუთიან ფრენას, რაც უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე ბლერიოსი.


ინდიანაპოლისის სარბოლო ტრეკი – 1909 წლის 14 აგვისტო.
პირველი სარბოლო ტრეკი ინდოეთში მოტოციკლებისთვის უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე ავტომობილებისთვის. ის მოიცავდა 7 წრეს, რომლებიც ამერიკელი მძღოლების ფედერაციის მიერ იყო აღიარებული. ავტომობილების პირველი შეჯიბრი გაიმართა 1909 წლის 19-21 აგვისტოს და– სულ 16 რბოლა ჩატარდა. სურათზე ნაჩვენებია 480 კმ სიგრძის რბოლის დასაწყისი, სადაც მსოფლიოში 19-მა ყველაზე მძლავრმა ავტომობილმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ტრეკის პირობების გაუარესების გამო რბოლა დასრულდა 380 კმ-ზე. ავტომობილების პირველი რბოლისას უილიამ ბურკი და მისი მექანიკოსი ჰარი ჰოლკომბი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც ტრეკზე დაიღუპნენ ავარიის მიზეზით. მოგვიანებით გზაზე 3.2 მილიონი აგური დააგეს, რათა მსგავსი ინციდენტი აღარ გამეორებულიყო.


100 წლის შემდეგ:
დღესდღეობით მოედანი იტევს 257 000 ადამიანს. ფეხზე დამდგარსაც თუ მივამატებთ, ეს რიცხვი 400 000-მდე გაიზრდება. ის უდიდესი და ყველაზე დიდი მოცულობის სპორტული ნაგებობაა მსოფლიოში. 4 კმ-იანი ოვალური გზები 1909 წლის შემდეგ თითქმის არც შეცვლილა. 100 წლის განმავლობაში რბოლებში მონაწილე ავტომობილების საშუალო სიჩქარე 100 კმ/სთ-დან გაიზარდა 250 კმ/სთ-მდე. 2007 წელს ინდიანაპოლისის ტრეკის მფლობელებმა განაცხადეს, რომ უმასპინძლებდნენ Grand Prix-ის მოტორბოლას.


პარიზის პირველი საჰაერო შოუ – 1909 წლის 25 სექტემბერი.
პარიზის პირველი საჰაერო შოუ გაიმართა გრან პალეში. უამრავი ადამიანი მოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომ ენახათ საფრენი აპარატები და შეეძინათ კიდეც. იმდროინდელი ჩანაწერები გვამცნობს, რომ რაიტების თვითმფრინავი ღირდა 30 000 ფრანკი, ფრამენის ბიპლანი – 23 000 ფრანკი, ხოლო ბლერიოს აპარატის მსგავსი – სულ რაღაც 10 000. ერთ-ერთი ჟურნალისტი წერდა: “საავიაციო მექანიკურმა გადაადგილებამ თავისი იდუმალი პრობლემებითა და მომავლის რევოლუციებით უდიდესი ენთუზიაზმი გამოიწვია მნახველებში. ამდენი ადამიანი არასდროს ყოფილა გრან პალეში. ოფიცრებს კორდონის გაკეთება მოუწიათ, რომ სტუმრების ზღვისგან დაეცვათ ხის ნაწილები და აფრები, რომლითაც რაიტები დაფრინავდნენ.”


100 წლის შემდეგ:
პარიზის საჰაერო შოუ დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება მსოფლიოში. მას ესწრებიან უმსხვილესი საავიაციო კორპორაციებისა და რამდენიმე ქვეყნის სამხედრო ძალის წარმომადგენლები. 1973 წელს აქ უბედური შემთხვევა მოხდა – საბჭოთა თვითმფრინავი Туполев Ту-144 ჩამოვარდა და იმსხვერპლა ეკიპაჟის 6 წევრი და მიწაზე მყოფი 8 ადამიანი. 2009 წლის ივნისში 100 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში პილოტებმა მრავალი ილეთი შეასრულეს მე-20 საუკუნის აპარატებით, მათ შორის იყო ცნობილი “Bleriot XI”. ასევე გაიხსენეს საფრანგეთის საჰაერო რეის 447-ის მარცხი 2009 წლის 1-ლ ივნისს და პატივი მიაგეს დაღუპულ 228 ადამიანს (216 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი).


ჩერის მაღაროს კატასტროფა – 1909 წლის 13 ნოემბერი.
ილინოისის შტატის სოფელ ჩერიში მომხდარი უბედური შემთხვევა აშშ-ის სამრეწველო ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს კატასტროფად ითვლება. ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ელექტროობის სისტემა გაითიშა და მუშებს მოუწიათ დროებითი ჩირაღდნების გამოყენება. როცა ისინი მანქანას ცლიდნენ თივისგან, რათა მიწისქვეშა თავლაში მყოფი ჯორები გამოეკვებათ, შემთხვევით ჩირაღდნის ცეცხლი თივას მოედო და მაღარო კვამლით აივსო. იქ მყოფი 490 მამაკაციდან და ბიჭიდან 259 დაიღუპა მომწამლავი გაზით. მათგან 12 მუშა მაშინ გარდაიცვალა, როცა მეგობრების დახმარებას ცდილობდნენ. 21 მუშა გაიჭედა, თუმცა გადარჩენა მოახერხეს, რადგან წყალი მიეწოდებოდათ. მათი გამოყვანა მხოლოდ 8 დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაახლოებით 6 თვე დასჭირდა მაღაროდან გვამების გამოტანას, დაღუპული მემაღაროეების დაკრძალვა კი თითქმის ყოველდღე ხდებოდა.


100 წლის შემდეგ:
2009 წლის 14 ნოემბერს ილინოისის შტატის ხელმღვანელობამ ამ ადგილას მონუმენტი აღმართა და ხანძრის დროს გარდაცვლილი 259 მუშის სახელ-გვარები წააწერეს. ასევე გამოფენილი იყო სხვადასხვა ნივთები – სამუშაო არტეფაქტები და მაღაროს სამგანზომილებიანი მოდელი. ამ შემთხვევამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ბავშვების მუშაობის კანონებზე. წარმოდგენილი იყო მაღაროში მუშაობის დროს უსაფრთხოების მარეგულირებელი წესდებები, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება. გარდაცვლილთა მოსაგონრად აბრაამ ლინკოლნის სახელობის ბიბლიოთეკამ 2009 წლის 1-ლ ნოემბერს ილინოისის შტატის ქალაქ სპრინგფილდში გამართა გამოფენა სახელწოდებით “ალები ჩვენც მოგვწვდნენ”.


ყველაზე მაღალი შენობა – 1909 წლის ნოემბერი.
1907 წელს “დედაქალაქური სიცოცხლის დაზღვევის” პრეზიდენტმა დაიქირავა არქიტექტორი ნაპოლეონ ლებრუნი, რათა მანჰეტენში ყველაზე მაღალი შენობა აეგო. Metropolitan Life Tower-ის მშენებლობა 1909 წელს დასრულდა და მაშინვე გახდა მსოფლიოში უმაღლესი ცათამბჯენი. ის 213 მ სიმაღლის იყო და 50 სართულს მოიცავდა. აგებული იყო იმ დროის ცნობილი შენობის, კამპანილეს მიხედვით, რომელიც ვენეციაში მდებარეობდა. ცათამბჯენის თითოეულ მხარეს 8 მ დიამეტრის მქონე დიდი საათი იყო მიმაგრებული, ციფრების სიმაღლე კი 1.2 მ-ს აღწევდა. თითოეული ისარი ნახევარ ტონას იწონიდა. უმაღლესი კონსტრუქციის სტატუსი Met Life-ს 1913 წელს ჩამოერთვა, როცა დასრულდა Woolworth-ის მშენებლობა. ის 57 სართულიანია და სიმაღლეში 241 მეტრამდეა.


100 წლის შემდეგ:
2009 წლის 1-ლ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ ბურჯ ხალიფას (ყოფილი ბურჯ დუბაი) გარეთა ნაწილის (ექსტერიერის) მშენებლობა დასრულდა. ის ადამიანის ხელით აგებული უდიდესი სტრუქტურაა ისტორიაში – სიმაღლეში 818 მეტრია და 160 სართულიანი. მეტი ინტერესისთვის მშენებლობის პროცესში საიდუმლოდ დატოვეს შენობის საბოლოო სიმაღლე. პირველი 16 სართული და 19-39 სართულები სასტუმრო “არმანის” ეკუთვნის. დანარჩენ ნაწილს კორპორაციული ოფისები ინაწილებენ. ბურჯ ხალიფას პროექტის ბიუჯეტი მთლიანობაში 4.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შენობაშია უსწრაფესი ლიფტები – 64 კმ/სთ სიჩქარით. ყველაზე ძლიერი ქარის დროსაც კი შენობის უმაღლესი წერტილი მაქსიმუმ 1.5 მეტრით იხრება.


და ბოლოს ბონუსი – რამდენიმე საინტერესო ფაქტი 1909 წელზე:
● 1909 წელს არცერთი მათგანი არ იყო გამოგონებული: ელვა-შესაკრავი, სახვევი (ლეიკოპლასტირი), შუქნიშანი, საღეჭი რეზინი, პენიცილინი, მზის სათვალე, ბურთულიანი კალამი, საშოპინგე ურიკა, ნეილონის წინდები, ქვიშა კნუტისთვის და რძე მუყაოს პაკეტში.
● აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 47 წელს.
● საშუალო ბუღალტერი შოულობდა წელიწადში 2000 დოლარს, კბილის ექიმი კი – 2500 დოლარს. მუშის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 200-400 დოლარი იყო.
● შეიძლება ხელფასი დღევანდელი გადმოსახედიდან დაბალი ჩანს, თუმცა იმ პერიოდში ფასებიც დაბალი იყო – 1 ფუნტი (450 გრამი) შაქარი ღირდა 4 ცენტი, 10 კვერცხი კი – 12 ცენტი.
● ქალების უმეტესობა თავს თვეში ერთხელ იბანდა და ამ დროს შამპუნის ნაცვლად იყენებდნენ ბორაკს (ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი) ან კვერცხის გულს.
● სიკვდილის 6 ძირითადი მიზეზი იყო: პნევმონია (ფილტვის ანთება), გრიპი, ტუბერკულოზი (ჭლექი), დიარეა, გულის დაავადებები და დამბლა.
● 1909 წლიდან 2009 წლამდე მსოფლიო მოსახლეობა გაიზარდა 1.7 მილიარდიდან 6.4 მილიარდ ადამიანამდე.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button