National Geographicბუნება & სამყაროფაქტები

10 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ადგილი მსოფლიოში

გრენლანდია. ლომვეშაპებზე სანადირო ადგილობრივი ბანაკი მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილას ჯერ კიდევ არის სიცოცხლის ნიშნები. თვითმმართველი დანიური კუნძული შედის დედამიწის ყველაზე მეჩხრად დასახლებული ტერიტორიების სიაში.

ტეხასზე სამჯერ დიდი გრენლანდია დაფარულია მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ფართო ყინულით. მისი 58 000 მოსახლე დაყოფილია სანაპირო თემებად. ტურისტების გარკვეული ნაწილისთვის სწორედ უკაცრიელობის გამოა გრენლანდია მიმზიდველი. კუნძულს მოგზაურები ძირითადად ორი გზით სტუმრობენ: საექსპედიციო კრუიზის გემითა და თვითმფრინავით გარკვეულ წერტილებში. გრენლანდიაზე გზები თითქმის არაა, ამიტომ გადაადგილება წყლის ან საჰაერო გზით უნდა მოხდეს.


ფოლკლენდის კუნძულები. ალბატროსი ფრთებს შლის ფოლკლენდში, სამხრეთ ამერიკასთან მდებარე და დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძულის ტერიტორიაზე, რომელიც ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო გარნიზონის თავშესაფარი იყო 1833 წლიდან. კონექტიკუტზე ცოტათი პატარა მიწა 3000 ადამიანის სამშობლოა.

ფოლკლენდში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე ათჯერ მეტი ადამიანი სტუმრობს ამ არქიპელაგს ყოველწლიურად, შესაბამისად ის ეკოტურიზმის პოპულარული წერტილია, განსაკუთრებით ანტარქტიდისკენ მიმავალი კრუიზების გამო. გარდა ამისა, ფოლკლენდი საინტერესო ადგილია მრავალფეროვანი ველური ბუნებითა და მიმზიდველი ლანდშაფტებით, ასევე პატარა და ცოტა არ იყოს უცნაური ბრიტანული დასახლებით.


მონღოლეთი. გაეროს მონაცემებით, ალასკას ზომის ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც 1 კვადრატულ კმ-ზე 2 ადამიანსაც არ უდრის. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალაქურ დასახლებაშია, რადგან მონღოლეთის ვრცელი უდაბნოებისა და მოტიტვლებული მიწების დამუშავებას ხელს უშლის გვალვა და მტვრის ქარიშხლები. ამის გამო ეს ტერიტორიები დღეს ისევე ცარიელია, როგორც ჩინგიზ-ყაენის დროს.

მონღოლეთი საკმაოდ პოპულარული ტურისტული ადგილია. აქ აქტიურად ეწევიან სამთამადნო საქმეს, სანახავად კი საკმაოდ ბევრია ულამაზესი ლანდშაფტები და ადგილები, რომლებსაც დიდი არქეოლოგიური ღირებულება გააჩნიათ.


დასავლეთ საჰარა. ასეთი მწვანე ველები, როგორიც ელ-აიუნშია, დასავლეთ საჰარის რეგიონში იშვიათობას წარმოადგენს. მხოლოდ 0.02%-ია სახნავად ვარგისი ამ ტერიტორიაზე, რომელიც წარსულში ესპანეთს ეკუთვნოდა და 1970 წლიდან კამათის საგანია. დღესდღეობით მას ინაწილებენ მოროკოს მთავრობა და პოლისარიოს ფრონტი.

კოლორადოს ზომის დასავლეთ საჰარა ნახევარი მილიონი ადამიანის საცხოვრებელი ადგილია. მათი აბსოლუტური უმეტესობა მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.

თავგადასავლების მოყვარულებს მოსწონთ საჰარაში 4×4 ავტომობილით სეირნობა, ასევე ქარის სერფინგი სანაპიროზე. თუმცა დიდი ხნის კონფლიქტის შედეგებმა – განსაკუთრებით დანაღმულმა მიწებმა და ტერორიზმის საშიშროებამ – ბევრი ტურისტი დააფრთხო.


საფრანგეთის გვიანა. ციყვისებრი მაიმუნების რიცხვი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე საფრანგეთის გვიანის მოსახლეობაა. საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია სამხრეთ კაროლინას ზომისაა, თუმცა აქ მხოლოდ 200 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რაც 1 კვ. კმ-ზე 2.5 სულს უდრის.

საფრანგეთის გვიანაში დიდი ადგილი უკავია ტროპიკულ ტყეებს. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობს აბორიგენი ხალხი, რომლებიც ყველაზე შორეულ და მიუვალ ტერიტორიებზე სახლობენ. სპეციფიკური ლანდშაფტის გამო გვიანის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება არც ისეთი ადვილი საქმეა.


ნამიბია. უდაბნოს ქვიშები ავსებს შენობებს კოლმანსკოპში, ნამიბიურ ქალაქ-მოჩვენებაში, რომელიც ერთ დროს ალმასის მაღაროების სამშობლო იყო.

ნამიბიის ზომა უტოლდება ტეხასისა და ლუიზიანას ჯამურ ფართობს. აქ 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მისი მშრალი ფართო ლანდშაფტები უმეტესად დაუსახლებელია. ნამიბია ძირითადად უდაბნოს ტიპის ქვეყანაა, თუმცა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გარემოს დაცვა კონსტიტუციაში შეიტანა. მდგრადი ტურიზმის, ეკოტურიზმისა და კულტურული ტურიზმის საკითხში ნამიბიას საუცხოო რეპუტაცია აქვს.


ავსტრალია. ავსტრალია ფართობით აშშ-ის 48 შტატს უტოლდება და მოსახლეობის დეფიციტი ჯერჯერობით არ აქვს – აქ 22 მილიონი მაცხოვრებელია. მაგრამ ავსტრალიელთა უმეტესობა ცხოვრობს სანაპირო დასახლებებში, რის გამოც ვრცელი მონაკვეთები დაუსახლებელია. კონტინენტზე ხალხის განლაგება ემთხვევა წყლის რესურსების მდებარეობას. შესაბამისად გასაგებიცაა, რატომაა ქვეყნის შიდა ნაწილი ძირითადად უკაცრიელი.

თუმცა ავსტრალიას ბევრი რამ აქვს, რითიც უცხოელ ტურისტებს იზიდავს – ცხვრის ფერმები, რანჩოების კულტურა, უდაბნოს ეკოლოგია, ასევე აბორიგენების ტრადიციები და კულტურა.


ისლანდია. გარშემო ყინული არსად ჩანს, მოცურავეები ერთობიან მივატნის ბუნებრივ აბაზანებში, რომელსაც ვულკანური მიწისქვეშეთი ათბობს. კუნძულოვანი ქვეყანა კენტუკის ზომისაა 300 000 ადამიანით. მათი სიმცირის მიზეზი ისაა, რომ მყინვარები ისლანდიაში უფრო მეტ ტერიტორიას ფარავენ, ვიდრე მთელ დანარჩენ ევროპაში.

ისლანდია სამშობლოა შედარებით ერთგვაროვანი მოსახლეობისა, რომელშიც მცირეოდენი მასშტაბების მიგრაცია ხდება. ბოლო ათწლეულებში ისლანდია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ხალხი ღრმა სიბერემდე აღწევს.

მოსახლეობის განაწილება 1 კვ. კმ-ზე 3 ადამიანია. ისლანდიის ცენტრი აუთვისებელი და დაუსახლებელია, თუმცა ზაფხულში იქ უამრავი მოხეტიალე და ავტომობილით მოგზაური შეგხვდებათ. მრავალი ევროპელისთვის ზაფხულის გატარების საუკეთესო საშუალება ველურ ისლანდიაში ხეტიალია.


სურინამი. გიგანტური წავები მხოლოდ მცირე ნაწილია სამხრეთ ამერიკაში მდებარე ამ ქვეყნის ტროპიკული ტყეების მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნისა. უმეტესად ტყეები ფარავს ჰოლანდიის ყოფილ კოლონიას, რომელიც ჯორჯიას შტატის ზომისაა და ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანის სამშობლოა.

სურინამის მთავარი სიამაყე ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებია, ეკოტურიზმის სექტორში გამორჩეული ადგილი ტროპიკულ ტყეებს უკავიათ. თუმცა ინდუსტრიის განვითარება მათ შემცირებას იწვევს ხე-ტყის დამამზადებელი და სამთამადნო სამუშაოების გამო.


მავრიტანია. აქლემები ნაყრდებიან ყოფილ ოაზისში, ამჟამად კი უდაბნოს ჩვეულებრივ ნაწილში. წყლის სიმცირის პრობლემის მქონე ქვეყანაში 3.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი ქალაქებში ან სენეგალის მდინარის ნაპირას არიან დასახლებულნი. თუმცა მოსახლეობის ნაწილი უდაბნოში მომთაბარეებისგან შედგება.

მავრიტანიაში ცხოვრება ყოველთვის რთული იყო და დღემდე ასეა, მიუხედავად კვებისა და ჯანმრთელობის საკითხებში პროგრესისა. მოგზაურებზე ტერორისტული თავდასხმების გამო მავრიტანიის ტურისტულ ადგილებს – ქვიშის ვრცელ ზღვებს, უძველეს ქალაქებსა და ცარიელ სანაპიროებს – ბოლო წლებში მნახველები შეუმცირდათ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button