განხილვაესე

შუშანიკის წამების“ ეპიზოდური პერსონაჟები

– „იაკობ ცურტაველის დიდოსტატობა, მხატვრული თხრობისა და ხატვის განსაცვიფრებელი უნარი ჩანს არა მხოლოდ „შუშანიკის წამების მთავარი ანტაგონისტური წყვილის – ქრისტიანობისათვის წამებული შუშანიკ დედოფლისა და რწმენისა და სამშობლოს გამყიდველი ერისმთავრის, ვარსქენის მხატვრული სახეების გამოკვეთაში, არამედ ე.წ. ეპიზოდური პერსონაჟების ხატვისას. ამიტომაც აღაფრთოვანებს თანამედროვე მკითხველსაც იაკობ ხუცესის მხატვრული ოსტატობა, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნება, სიტყვის ფლობის უნარი. აგიოგრაფი ხომ ჩვენც გვხდის მონაწილედ იმ ფარული თუ აშკარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ვახტანგ გორგასალსა და მოღალატე სეპარატისტ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა. ამ ბრძოლაში კი მთელი ქვეყანა და ქართველი ხალხი იყო ჩართული. სწორედ ქართველი ხალხი, „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კრებითი პერსონაჟია. პიტიახშის მიერ პროვოცირებული პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი კონფლიქტის შემყურე ქართლის მოსახლეობა გაერთიანდა შუშანიკის, როგორც სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის სიმბოლოს, გარშემო. ისინი თანაუგრძნობდნენ დედოფალს. მართალია, პიტიახშის შიშით, რომელიც ცხენზე ამხედრებული მათრახით ფანტავდა შუშანიკის მხარდასაჭერად შეკრებილ ადამიანებს: და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათაი და დედათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი, მხედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა – ისინი ხმამაღალ პროტესტს ვერ გამოხატავდნენ, მაგრამ მოღალატისადმი სიძულვილით გამსჭვალული ეს დუმილი თუ უხმო მოთქმაც ბევრისმთქმელი, ფარული მუქარის მანიშნებელი იყო და წონასწორობას აკარგვინებდა პიტიახშს. სამწუხაროდ, პიტიახშის სასახლის კარზე იყვნენ ვარსქენის მომხრე სასულიერო პირებიც. მათ შორისაა აფოცი, რომელიც მოციქულად დაუდგა პიტიახშს და არწმუნებდა შუშანიკს, რომ დაბრუნებულიყო სასახლეში რჯულგამოცვლილ მეუღლესთან. ქრისტიანი ეპისკოპოსის ასეთი საქციელი აკვირვებს შუშანიკსაც: ვითარ მეტყვი მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?! – და, რა თქმა უნდა, – მკითხველსაც. სპარსოფილი, გამყიდველი პიტიახშის წინააღმდეგ ფარულად იბრძოდნენ იოანე და სამოელ ეპისკოპოსები. ისინი ციხეში მყოფ შუშანიკს საჭმელს უგზავნიდნენ, გარდაცვალების შემდეგ კი გააპატიოსნეს მისი ცხედარი. უღირსი საქციელის გამო ვარსქენის შერცხვენასა და დედოფლის დაცვას ცდილობს კიდევ ერთი ხუცესი, მაგრამ პიტიახშის მათრახის სიმწვავე მასაც დაადუმებს: ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად. უაღრესად კოლორიტულად, შეფარული ირონიითაა დახატული შუშანიკის მომხრე ვინმე დიაკონის სახე, რომელსაც სურდა დედოფლის გამხნევება, მაგრამ 1 პიტიახშისგან შეშინებულმა მტკიცედ დეგ-ის ნაცვლად მხოლოდ მტკი-ს თქმაღა მოახერხა და გაიპარა. ძალიან საინტერესოა ჯოჯიკისა და მისი ცოლის მხატვრული სახეები. ისინი თანაუგრძნობენ მათთან ერთად დასავით გაზრდილ დედოფალს, ხშირად სთხოვენ პიტიახშს მისი ხვედრის შემსუბუქებას, ბორკილებისგან განთავისუფლებას. ჯოჯიკმა გადაარჩინა შუშანიკი უეჭველ სიკვდილს „პურის ჭამის“ ეპიზოდში, როცა წინ აღუდგა გამხეცებულ ძმას, რომელმაც არც მას დააკლო ცემა, ტანსაცმელიც შემოახია, მაგრამ ჯოჯიკმა მოახერხა და „მგელ“ ვარსქენს შუშანიკი, როგორც კრავი, გამოგლიჯა. კიდევ არაერთხელ დაიცვა შუშანიკი ჯოჯიკმა, თუმცა მისმა გულწრფელმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, ალბათ, ამიტომაც ასე გულმდუღრად ევედრება ის მომაკვდავ წმინდანს, რომ შეუნდოს მას – „საწუთროს მოყვარე კაცსა“ და მის ოჯახს ცოდვები. უაღრესად დასამახსოვრებელი ეპიზოდური პერსონაჟია „ვინმე სპარსი“, რომელიც, სავარაუდოდ, პეროზ მეფის წარმომადგენელი თუ მსტოვარი, მეთვალყურეა პიტიახშის კარზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მაზდეანი სპარსელი ცდილობს, შეუმსუბუქოს ხვედრი ქრისტიანობისათვის წამებულ დედოფალს. ბუნებრივია, მას გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, არ სურს სპარსეთის შაჰის მომხრე პიტიახშის სასახლეში არეულობა. ის ჭკვიანი, ეშმაკი დიპლომატია და წინასწარ ხედავს, რა შედეგებამდე მიიყვანს ვარსქენს ეს შიდა დაპირისპირება, რა ფართო გამოძახილი ექნება დედოფლის წამებას საზოგადოებაში, ამიტომაც ცდილობს, ყალბი თანაგრძნობითა და ტკბილი სიტყვებით, შუშანიკის გადაბირებას, კონფლიქტის თავიდან აცილებას. შუშანიკ დედოფალი მიუხვდა მას, დაინახა, რა იმალებოდა თვალთმაქცური ზრუნვის მიღმა დამოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.; როგორც უკვე ვთქვით, იაკობ ცურტაველის მწერლური ოსტატობა ჩანს არა მარტო მთავარი გმირების მხატვრული სახეების გამოკვეთისას, არამედ ეპიზოდური პერსონაჟების ხატვისას. თითოეული მათგანისთვის პოულობს აგიოგრაფი დამახასიათებელ შედარებას, ეპითეტს, ერთი წინადადებით ლაკონიურად გამოკვეთს ამ ადამიანის სახეს, ისინი იმდენად ცოცხლადაა დახატული, რომ ამახსოვრდება მკითხველს, იქნება ეს: გველაძუა „ვინმე სპარსი“, მშიშარა დიაკვანი, ამ წუთისოფლის მოყვარე ჯოჯიკი თუ სხვები.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button