National Geographicისტორიასურათები

ჰელოუინის კოსტუმები 1 საუკუნის წინ (National Geographic)

ჰელოუინისთვის გამოწყობილი ნიღბიანი ქალი, რომელიც გორგოლაჭებზეა შემდგარი, სურათისთვის პოზირებს 1910 წელს.

მასკარადის ტიპის წვეულებები აშშ-ში 100 წლის წინ უფრო ხშირი იყო, რადგან მაშინ ხალხი არამხოლოდ ჰელოუინისთვის, არამედ სხვა დღესასწაულებისთვისაც იცვამდა გამორჩეულად, მათ შორის წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე და ახალი წლის წინა დღეს.

კერძო საზოგადოებრივი კლუბები ხშირად მართავდნენ ჰელოუინის წვეულებებს მათი წევრებისთვის, რადგან ზაფხულის შესვენებიდან დაბრუნებული ადამიანებისთვის ის უმთავრეს დღესასწაულს წარმოადგენდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მოხალისეები ყველა სოციალური ფენიდან, როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა დასავლურ მთიან სოფლებში.


მოჩვენების კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი დგას ჰელოუინის დეკორაციებით მორთულ მაგიდასთან ამერიკული სოფლის სკოლის შენობაში 1905 წელს. ერთი საუკუნის წინ ჰალოუინისთვის გამოსაწყობად შთაგონების წყარო ხშირად იყო ბუნება, კოსტუმებში ფიგურირებდა მარცვლეულები, ბოსტნეული, ბუჩქები და ფოთლები.

ჰელოუინი თავიდან ითვლებოდა პერიფერიებში მცხოვრებ, უბრალო მოსახლეობაზე გათვლილ დღესასწაულად. განსაკუთრებით ვიქტორიანულ პერიოდში – 1840-1900 წლებში.


ჰელოუინის ძველი ამერიკული ტრადიცია: თვალახვეული ბავშვი სანთლის ჩაქრობას ცდილობს. ფოტო 1900-იანი წლებით თარიღდება. თამაში, რომელსაც სავარაუდოდ “სანთლის ჩაქრობა” ერქვა, ხშირადაა ნახსენები ჰელოუინის შესახებ დაწერილ ადრეულ წიგნებში.

აშშ-ში ჰელოუინი ძირითადად ბავშვების დღესასწაული იყო, ვიდრე 1978 წელს საშინელებათა ფილმის “Halloween”-ის პრემიერა არ გაიმართა. ამის შემდეგ ჰელოუნის სტილი შეიცვალა და ასოცირებულ იქნა შიშთან, სისხლთან, დემონებთან და ა.შ. ამას თავისთავად მოჰყვა კოსტუმებისა და დეკორაციების უფრო მეტად გამძაფრება, მონაწილეების ასაკობრივი სხვაობაც გაიზარდა და გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მოზრდილებიც ჩაერთვნენ, ჰელოუინი უფრო პოპულარული გახდა.


1910 წლის ჰელოუინში მონაწილე ქალი, რომელიც ბაძავს კუდიანს, ჯადოქარს ან კლოუნს. ვარსკვლავები და მთვარე შეიძლება გამოხატავდეს მიდრეკილებას მისტიციზმისა და მაგიისკენ, რაც ჰელოუინის “მოჩვენებისებურ” აურასთან იყო კავშირში საუკუნეების განმავლობაში.

ჰელოუინის კოსტუმები ხშირად გამოხატავდა ადამიანთა ინტერესს ეგზოტიკური რამეებისადმი, ძირითადად უცხო კულტურების მიმართ. მაგალითად, არც ისე იშვიათი იყო ეგვიპტური სტილის ტანისამოსები, რადგან ძველი ეგვიპტე ასოცირდება მისტიკასთან.

ამ კოსტუმის ციური სიმბოლოები შეიძლება ღამის გამომხატველი იყოს, ღამე კი თავის მხრივ ჰელოუნის დროა.


1910 წელს გადაღებულ ფოტოში ქალები გრძნეულებივით არიან გამოწყობილნი. კუდიანები და ჰელოუინი ხალხის წარმოდგენებში მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან მინიმუმ მე-16 საუკუნის შოტლანდიის შემდეგ. ამ პერიოდის ლექსებში, მაგალითად ალექსანდრ მონტგომერის “პოლვარტიდან გაქცევაში”, ჰელოუინის ღამეს კუდიანები წვეულებას აწყობენ.

დასაწყისში კოსტუმები ყოველთვის სახლში იკერებოდა. გამზადებულის შეძენა მხოლოდ გასული საუკუნის მეორე და მესამე ათწლეულებში დაიწყეს, როცა ზოგიერთმა კომპანიამ ჰელოუინის დეკორაციებითა და ტანსაცმლის გაყიდვით ხელის მოთბობა გადაწყვიტა.


კოსტუმირებული გოგონები, რომელთაგან ერთი სვასტიკებშია, გადამღებს უღიმიან 1918 წლის 25 ოქტომბერს. სანამ მეოცე საუკუნის პერიოდში ნაცისტების აღზევება დაიწყებოდა, სვასტიკას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, უძველეს ინდურ რელიგიებში ის სიცოცხლის სიმბოლოა.


სადღაც 1900-იანების დასაწყისში გადაღებულ ფოტოზე ამერიკელ გოგონას კბილებით ვაშლი უჭირავს.

ჰელოუინის წინამორბედი დღესასწაული სამჰეინი 2000 წლის წინ აღინიშნებოდა კელტურ ევროპაში. მისი (ჰელოუინის) პროვინციული ფესვების გამო მოსავლის აღების პერიოდში გამართული დღესასწაული ხშირად ასოცირდებოდა ვაშლებთან, თხილთან და კომბოსტოსთან.

დღესდღეობით ჰელოუინმა ეს იერსახე დაკარგა. ის არ უკავშირდება რომელიმე პიროვნებას, ერს, მოვლენას. 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ში ჩვეულებრივზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჰელოუინში, ბევრ მათგანს მეხანძრის კოსტუმი ეცვა. ჰელოუინის მეშვეობით მათ დაანახეს სხვებს, რომ არ ეშინოდათ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button