ლიტერატურასაკითხავი

ადა ნემსაძე “იმპერიის სივრცული მოდელები ოთარ ჭილაძისა და გივი მარგველაშვილის რომანებში”

XX საუკუნის II ნახევრიდან ქართულმა ლიტერატურამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დროისა და სივრცის პრობლემებს. სწორედ აქედან იწყება მითოსური, ბიბლიური თუ ანტიკური მოდელების აღორძინება და მათი გამოყენება სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვით, რასაც თან ახლავს დრო-სივრცული პრობლემების ახლებური გააზრება. როგორც ნოდარ კაკაბაძე შენიშნავს, `ერთი მხრივ, თანამედროვე პროზა და რომანი ინტენსიური, ინტრასპექტრული გახდა, ამისდა შესაბამისად, შემცირდა, დავიწროვდა დრო და სივრცე. მაგრამ, მეორე მხრივ, ფანტასტიკისა და წარმოსახვის, წარმოდგენების, ვიზიონების მომძლავრების გამო უსაზღვროდ გაფართოვდა და გაიშალა, მაგრამ არა ემპირიული, რეალური დრო და სივრცე, არამედ წარმოსახული, ადამიანის ფსიქიკაში ტრანსფორმირებული. პერსონაჟის ცნობიერებას მკითხველი გადაჰყავს უშორეს წარსულსა თუ მომავალში, ისტორიასა თუ მითოსში, მაგრამ ეს დროისა და სივრცის მხოლოდ ფიქციური, მხოლოდ ცნობიერების გაფართოება-განვრცობაა” (კაკაბაძე 1988: 84-85). ოთარ ჭილაძე და გივი მარგველაშვილი თავიანთ რომანებში განსხვავებულ სივრცულ მოდელებს ქმნიან, რომელთაგან ამჯერად ყურადღებს გავამახვილებთ იმპერიული, დეფორმირებული სივრცის ამსახველ მოდელებზე.

რომანში `ყოველმან ჩემმან მპოვნელმან~ სივრცის რამდენიმე განსხვავებული მოდელი გვხვდება, რომლებიც ერთმანეთს არამხოლოდ გეოგრაფიულად უკავშირდებიან. ესენია: მაკაბელების კარმიდამო _ ურუქი _ კახეთი (რომლის ზოგად სახესაც წარმოადგენს თელავი) _ საქართველო (თბილისი) _ რუსეთის იმპერია (კატორღა, ტიუმენი). ამ მხატვრული მოდელებიდან თითოეული ატარებს (ზოგან შეფარვით, ზოგან კი აშკარად), იმპერიის ზოგად ტიპოლოგიურ ნიშნებს, რადგან ყოველი მათგანი მისი შემადგენელი ნაწილია.

მაკაბელების ეზო უარყოფითად ფორმირებული სივრცეა, აქ ბოროტება, სიძულვილი და უნდობლობა ნორმაა. ამავე დროს, ამ სივრცეში არსებობს კეთილი საწყისიც (ანას, გიორგას, ბაბუცასა და აღათიას სახით), რომელიც ჯერ კიდევ სუსტი და გაუბედავია და ატმოსფეროს ვერ ცვლის. მაკაბელების ვიწრო სოციალური სივრცე იმდენად წინააღმდეგობრივი და არამყარია, რომ სიკეთე-ბოროტების ჭიდილი საბოლოოდ მას ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსად ყოფს: ქაიხოსროს ორსართულიანი სახლი უარყოფითი იდენტიფიკაციის სიმბოლოა, სახედრის გომური კი _ დადებითისა. მაკაბელთა ქვითკირის სახლის საპირისპიროდ სიკეთე ბატონობს გომურში, რომელსაც მადლს ფენს გიორგას ცხოვრება. იგი ანასა და ქაიხოსროს ქორწილის დღიდანვე იწყებს იმ საქციელის მონანიებას, რითაც მაიორი გადაკიდა დედამისს და საკუთარი სიკვდილით ამთავრებს მას.

მაკაბელთა სულიერი აღორძინება გომურიდან იწყება და ნელ-ნელა ფართოვდება. ანასა და გიორგას სიკეთე გადადის მომავალ თაობაში, ნიკოში, ალექსანდრეში და ანეტაში. სამივე მათგანი სახლიდან გარბის, ასე გადის ანასა და გიორგას მადლი ოჯახიდან და ეფინება მომავალს. მაკაბელთა ოჯახის ძალადობითა და უზნეობით გაჯერებული სივრცე არის სწორედ იმპერიის ზოგადი სახე-მოდელი. ირმა რატიანი თავის მონოგრაფიაში `ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში: ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის~ წერს: `ესქატოლოგიური ანტიუტოპიის მთავარი ცენტრალური პრობლემა არის არა მხოლოდ გროტესკული პროტესტი არსებული რეჟიმის მიმართ, არამედ `იდეალური წესრიგის~, `კოლექტიური~ პათოსისა და `მასობრივი~ იდეოლოგიის წიაღში ჩაკარგული პიროვნების გამოღვიძება, ინდივიდუალური `მეს~ საბედისწერო ჯანყი რეალობის წინააღმდეგ, არსებულ დრო-სივრცულ გარემოსთან მისი სრული შეუთავსებლობისა და სხვა ალტერნატიული დრო-სივრცული განფენილობისაკენ ლტოლვის დემონსტრირება~ (რატიანი 2005: 158). ანას ჩუმი პროტესტი (გომურში გადასახლება და დარიგება – `თუ გინდა მოისვენო, ძმას ჩააკითხე~) არის სწორედ ის ფესვი, რაზეც ჯერ ნიკოს, შემდეგ კი ალექსანდრესა და ანეტას ჯანყი ამოიზრდება და ამარცხებს ბოროტებას. ქაიხოსროს მენტალური ხაზის დამარცხებით მწერალი ქმნის იმპერიული იდეოლოგიის დროებითობის კონცეფციას.

`რკინის თეატრში~ მოქმედება ხდება ბათუმში. მწერალი მეტად საინტერესო პერიოდს ირჩევს სიუჟეტის განვითარებისთვის. ესაა რუსეთის იმპერიის ბოლო წლების (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა) ცხოვრების მხატვრული ასახვა, ნაწარმოების სიღრმეში ილანდება I მსოფლიო ომის სურათებიც, მაგრამ ყველაფერ ამის მიღმა ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება იმალება _ მეფის რუსეთისა და კომუნისტური რუსეთის იმპერიათა გაიგივება. ცალკეული პიროვნებების ფსიქოლოგიური ხასიათების გახსნით მწერალი ხატავს ზოგადად ადამიანის ცხოვრების ტრაგედიას იმპერიული მმართველობის პერიოდში.

მისთვის ჩვეული ხელწერით – სიმბოლოებითა და კოდებით – ჭილაძე ახდენს არა მარტო გეოგრაფიული, არამედ საზოგადოებრივი სივრცის ასახვასაც. ეროვნული სული, მართალია, ცხოვრებაში აღარ ჩანს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია (`ნატო გაბუნიას პირიდან ია-ვარდი სცვიოდა~… `ყაზბეგი ხანჯლებით ცეკვავდა~…); ცხოვრებას არც ბოროტი საწყისი აკლია (`მარინეს პროსპექტზე ეტლი შეჩერდებოდა და ბეჭდიანი თითი ფოსტის წინ ატუზულ მეძავს მოიხმობდა~… `დილით ყელგამოჭრილ კაცს პოულობდა პოლიცია ქუჩაში~…); ხელოვნება და კულტურა ბორკილებშია მოქცეული (`ცენზორებს კალამი მომარჯვებული ჰქონდათ, სიტყვა `საქართველო~ რომ არ გაჰპარვოდათ~…); იმპერიულმა მმართველობამ ადამიანებსაც უცვალა სახე (`პოლკოვნიკი ვეზირიშვილი აცეკვებულ ცხენზე იჯდა, ცხენივით აქნევდა თავს და ხვიხვინებდა: მაქვს პატივი, მაქვს პატივიო~…) იმპერიული მმართველობის მიერ მოტანილ გახრწნილებაზე, რწმენის დაკარგვასა და მორალურ გადაგვარებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გაუქმებულ ეკლესია-მონასტრებში ჯარი დგას და ჯარისკაცები მთვრალ მონაზონს აცეკვებენ. დაბოლოს, რეფრენი – `ცხოვრება კი დუღდა და გადმოდუღდა, როგორც შამპანური ტანწერწეტა ჭიქებში~ – სწორედ სივრცის ამსახველი უმოკლესი ფორმულაა.

გახრწნილი ზნეობა, გაბატონებული უსამართლობა და დაუნდობლობა, დაკარგული ეროვნული თვითშეგნება იმპერიული მმართველობისთვის დამახასიათებელი ტიპოლოგიური ნიშნებია. ამიტომაც ასეთ სივრცეში გელას ბრძოლა სიმართლისათვის `დანაშაულია~, ხოლო ნატოს გულწრფელი და დიდი სიყვარული _ `უზნეობა~. გამოსავალი აქაც ერთია: ჯანყი, რომლის წამომწყებიც და დამამთავრებელიც არის სწორედ გელა და არა მამამისი. ნატოს სიყვარულით დაწყებულ ამბოხებას საზოგადოებაში გაბატონებული პიროვნების დამთრგუნველი ნორმების წინააღმდეგ `უგზოობის ქვეყნიდან~ გამოქცევითა და პიროვნული თავისუფლების მოპოვებით ამთავრებს გელა. სწორედ ესაა სივრცის რღვევისთვის უმთავრესი ფაქტორი. მასობრივ იდეოლოგიას დაპირისპირებული გელა გაძლიერებული უბრუნდება კოლექტივს, რომლის გამოსაღვიძებლად ახლა მას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი აქვს – შვილი: `მარტო შვილი კი არ იყო ვიღაცისა, არამედ ვიღაცის მამაც. ძე წარსულისა და მამა მომავლისა! მოდიოდა…~ (ჭილაძე 1987: 394).

ყველაზე შეხუთული, ვიწრო და არაჯანსაღია სივრცე `აველუმ-ში~, ყველაფრისთვის გამოუსადეგარი და ხელისშემშლელი. მას ქმნის ერთმორწმუნე მეზობელი, რომელიც `ხან `გუბერნიას~ ეძახდა მოფერებით, ხან `რესპუბლიკას~. ამასობაში კი დღითი-დღე ებზარებო-და და ერღვეოდა საუკუნეობით ნაგები ციხე-გალავანი ზნეობისა, პატი-ოსნებისა, კდემამოსილებისა~ (ჭილაძე 2007: 297). ერთმორწმუნე მე-ზობლის მიერ სამყაროში შემოსაზღვრული სივრცე შეუძლებელია, საკმარისი აღმოჩნდეს ერისთვის, რაც უნდა დიდი იყოს იგი. რადგან თავისუფლება თვითონ აწესებს საკუთარ საზღვრებს და ვინმეს მიერ დადებული საზღვარი უკვე თავისუფლების შეზღუდვაა.

რომანში იმპერიული მოდელის წარმოსახვას ემსახურება საბჭო-თა სივრცის წარმოდგენა საკნად, რომლის პატიმრებადაც თვლიან თავს აველუმი და ფრანსუაზა. შემოსაზღვრული სივრცის მხატვრული ხატია რომანში მინოსის ლაბირინთიც _ ეს უზარმაზარი და თან საოცრად შეზღუდული გარემო, სადაც თავს ვერასოდეს გრძნობ ბედნიერად, სა-დაც სულ ვიღაც გითვალთვალებს, საიდან გამოსასვლელადაც აუცი-ლებლად გჭირდება არიადნეს ძაფის გორგალი, რადგან მარტო ამას ვერ მოახერხებ და ბუნებრივია, ასეთ სივრცეში ვერც ვერასოდეს მი-აღწევ იმ ნეტარ განცდას, თავისუფლება და საკუთარი მე-ს პოვნა რომ ჰქვია. როგორც მ. ჯალიაშვილი აღნიშნავს, მინოსის ლაბირინთი იგივე რუსეთია, რომელსაც ერის სასიცოცხლო ენერგია ეწირება, რაც ორი დიდი ინკვიზიციით (1956 წლის 9 მარტითა და 1989 წლის 9 აპრილით) არის წარმოდგენილი (ჯალიაშვილი 1997: 102). იმპერიული მმართველობა ადამიანს უკარგავს ზნეობრივ სახეს და მაღალი სულიერი ღირებულებების მქონე პიროვნებებისათვის ამგვარ გარემოში ცხოვრება მეტისმეტად მძიმე ხდება. სწორედ ამიტომ შეგუებისა და დამონებისათვის საბჭოთა იმპერიამ ახალი მეთოდი – მასობრივი შიშის გაბატონება შემოიტანა არსენალში, ამის განხორციელება კი 9 მარტის სისხლიანი აგნარიშსწორებით შეძლო. თავისუფლებას კარგა ხნით შეეკვეცა ფრთები. შიში ღრმად იდგამს ფესვებს ერის კოლექტიურ არაცნობიერში, რაც იჩენს კიდეც თავს აველუმის სიზმარში. ფსიქოლოგიაში სიზმარი აუხდენელი ოცნებებისა და განუხორციელებელი სურვილების გამოვლენის ასპარეზად არის მიჩნეული. ამ სიზმარში აველუმს არც ფრანსუაზას უარი, არც მისი მშობლების უცნაურობა, არც თავის ოფიციანტობა არ აკვირვებს. მას მხოლოდ ფრანსუაზას სიტყვები აშფოთებს: `ჩემი წიგნი თუ არ მოგწონს, შენ თვითონ დაწერე უკეთესიო~ (ჭილაძე 2007: 124). ეს სიტყვები აველუმს აუხდენელ ოცნებას ახსენებს, მას ხომ დიდი ხანია, უნდა მარადიული სიმბოლოების მოშველიებით დაწეროს წიგნი, სადაც იმპერიის სივერაგე და სისასტიკე იქნება მხილებული, დავუშვათ, მინოსისა და დედალუსის ურთიერთობის ფონზე. მითის რესტავრაციას აქ ერთი მიზანი აქვს: იმპერიული სისასტიკისა და დაუნდობლობის, აზრდაკარგული, თამაშადქცეული ცხოვრების დახატვა, სადაც ადამიანები მხოლოდ იმ როლებს ასრულებენ, რასაც იმპერია აძლევს მათ. იმპერიული სივრცის რღვევა მანამ არ დაიწყება, სანამ უშიშარი თაობა არ მოვა და ბრძოლას არ დაიწყებს. ეს კი აველუმის თაობას არ ძალუძს. `შენ, ალბათ, შეშინებულთა სამეულს ამთავრებ _ პაპაშენი რომ ცოცხალი იყოს, სამალავის ძებნაში იქნებოდა უკვე… მამაც ენაჩაყლაპული, გულხელდაკრეფილი იწვებოდა ისევ. მაგრამ, მეორე მხრივ, უშიშარი სამეულის დამწყებიცა ხარ, რამდენადაც ამ სამეულის ორი მესამედი ახალგაზრდობაზე მოდის (შვილი, შვილიშვილი). შენი ქალიშვილი თავის ოთახში, ალბათ, ისევ სამფეროვან დროშას კერავს და მომავალი მიტინგისთვის ემზადება~ (ჭილაძე 2007: 29-30). `იდეალური წესრიგის~ დამრღვევად და მეამბოხედ `აველუმში~ ეკაეკატერინეკატოს თაობა გვევლინება, იგი ამსხვრევს კიდეც ყველაზე სისტიკი და დაუნდობელი `ბოროტების იმპერიის~ უარყოფით სივრცეს.

ამრიგად, ოთარ ჭილაძის მხატვრული სისტემის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ: თუკი სივრცე მოახერხებს თვითიდენტიფიკაციას და პერსონაჟებიც დაძლევენ გაუცხოებას სივრ-ცის მეშვეობით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომავლის კონცეფცია, გა-რეგნულად მაინც, ამოხსნილია. მისი პერსონაჟები ამ რწმენით ცოცხლობენ და ამ რწმენისთვის იბრძვიან. გაუბედავი მამების გაბედული შვილები ახერხებენ სწორედ იმპერიული სივრცის რღვევას და თავისუფლების სურნელის შემოტანას.

საბჭოთა სივრცის სრულიად განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს გივი მარგველაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში `კაპიტანი ვაკუში~. ესაა რომანების ციკლი, რომელიც 7 დასრულებული წიგნისაგან შედგება (ამჟამად ავტორი მერვე ნაწილზე მუშაობს) და დღეისათვის ქართულად ნათარგმნია მხოლოდ I წიგნი – `კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში~. მასში ასახულია 20-40-იანი წლების გერმანიაში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ყოფა. რომანში მოცემული იმპერიული სივრცის მოდელი სრულიად უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ავტორი ხატავს იმას, რაც არასოდეს უნახავს თვალით, ესაა 20-30-იანი წლების საბჭოთა სახელმწიფო (იგი 1927 წელს დაიბადა ბერლინში და საბჭოთა კავშირში პირველად 1946 წელს მოხვდა). ამიტომ მისი ცოდნა საბჭოეთზე გადმოცემებითა და ნაამბობებით შემოიფარგლება მხოლოდ.

ეს პოსტმოდერნისტული ელემენტებით სავსე ტექსტი დაშიფრული სახით გვთავაზობს იმპერიული სივრცის მოდელს. საინტერესოა, რომ გივი მარგველაშვილთან უამრავი საერთო ნიშანი აქვს საბჭოთა სივრცესა და ნაცისტურ გერმანიას. ამიტომაცაა, რომ მწერალი მათ ერთი სიმბოლოთი აღნიშნავს – ესაა გოგლიმოგლი, ხოლო გასარჩევად წლებს ამატებს: მაგალითად, გოგლიმოგლი 17 არის ოქტომბრის რევოლუცია, გოგლიმოგლი 39 – გერმანული ნაციზმი, ხოლო ახალი გოგლიმოგლი – საბჭოთა ეპოქა. ამით მწერალი ნაცისტური გერმანიისა და საბჭოური მთავრობის საერთო იდეოლოგიურ საფუძველს გახაზავს: პიროვნების ბედი ორივეგან მეორეხარისხოვანია, მთავარი მახასიათებელი ნიშანი კი – თავისუფლების შეზღუდვაა.

როგორია საბჭოთა გოგლიმოგლის სივრცე? `იქაურები (განსაკუთრებით კი ისინი, ვინც 1917 წლიდან მოევლინენ ქვეყანას) ერთი სიტყვით, უმრავლესობა, ამ მამასახლისისა და მისი გოგლიმოგლის მომხრენი იყვნენ, ანდა, შედარებით ნაკლები რაოდენობით, მომხრენი, მაგრამ მამასახლისის მოწინააღმდეგენი, ან კიდევ (რასაც კიდევ უფრო იშვიათად შეხვდებოდით), მამასახლისის მომხრენი, მაგრამ გოგლიმოგლის მოწინააღმდეგენი. ყველაზე ცოტანი და ლამის უკვე გადაშენებამდე მისულნი ექსმამასახლისის მომხრენი იყვნენ, ხოლო სულ ცოტაზე ცოტა (მაგრამ მაინც რაღაც მინიმალური რაოდენობით რომ არსებობდნენ) ისეთები, რომლებიც არც მამასახლისს ემხრობოდნენ და არც ექსმამასახლისს~ (მარგველაშვილი 2005: 123). მოცემული ფრაგმენტიდან ჩანს, რომ ტექსტში მთლიანადაა კოდირებული სივრცის შემადგენელი ელემენტები, იმის მიუხედავად, თუ ვინ იგულისხმება მათში: კონკრეტული პიროვნება, ადამიანთა ჯგუფები თუ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები. რომანში მოცემულ მოდელში ცვლილებები მხოლოდ სივრცის შიგნით ხდება, მხოლოდ შიდა რაგვარობა იცვლება. ეს ცვალებადობა კი თავისუფლების მომხრეთა თანდათანობითი კლებითა და იმპერიული სისტემის მომხრეთა – `წითელი მამასახლიზმის ფანატიკური წარმომადგენლების~ – რაოდენობის ზრდით ხასიათდება. ეს იმპერიული მმართველობის ტიპური ნიშანია.

გივი მარგველაშვილთან ხაზგასმულია სივრცის არა მხოლოდ ფიზიკური (გეოგრაფიული) საზღვარი, აქ გაცილებით მნიშვნელოვანია სულიერი შემოსაზღვრულობა, საზღვარი გონებაში, რაც ინდივიდის მიერ საკუთარი თავის მკაცრ კონტროლს გულისხმობს. ეს საბჭოური მოდელის მახასიათებელია, ამ `რკინის ფარდის~ მიღმა, ოცნებასა და სურვილშიც კი არ უნდა გადადიოდეს საბჭოთა მოქალაქე. შიშის დასანერგავად კი ბევრი საშუალება აქვს `წარმოშობით კოლხ მამასახლისიმუსს~. მწერალი შენიშნავს, რომ განსაკუთრებული სიმკაცრე იყო 1953 წლამდე და სასტიკად ისჯებოდა თავისუფლების სულ მცირედი გამოვლინებაც კი, მაგალითად ისეთი, როგორიცაა წერილის დაწერა საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრის თუ ნათესავისთვის გასაგზავნად: `ამგვარი ცდები მუდამ ამ კაპიტნების შუა აზიის უდაბნოს ტრამალებში დეპორტაციით მთავრდებოდა. თანახმად მამასახლისის ბრძანებისა, რომელსაც უცხოეთში მიმოწერით გართულები არ ეპიტნავებოდა და იმწამსვე მოთმინების ფიალა ევსებოდა~ (მარგველაშვილი 2005: 286).

გივი მარგველაშვილის მიერ დახატულ იმპერიულ სივრცეს აქვს კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი – გარედან იგი საკმაოდ მიმზიდველია, კარგადაა შენიღბული მისი ჭეშმარიტი სახე. ამიტომაც, ჯერაც უცნობ სამშობლოში მოხვედრილ ვაკუშს ეგზოტიკური სურათები სტაცებს თვალს: `პირველი შთაბეჭდილება წარმტაცი გახლდათ… მაგრამ კურორტებს შემდეგ დასახლებული პუნქტები მოჰყვა, სადაც მათ ახალი გოგლიმოგლი დახვდათ უხვად _ მემარცხენეთა რეჟიმი მაშინ ჯერ კიდევ მკაცრზე მკაცრი იყო და ამათ სულ მალე ნაობახტებიც იხილეს ექსმამასახლისებისათვის~ (მარგველაშვილი 2005: 282). საბჭოთა სივრცის ჭეშმარიტი სახე მხოლოდ სივრცის შიგნით მოხვედრილი ადამიანებისთვის ხდება ცხადი, აქ თავისუფლების ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებაც კი უმკაცრესად ისჯება.

`კაპიტან ვაკუშში~ გოგლიმოგლს უპირისპირდება დიქსილენდი, რაც ჯაზური მუსიკითა და თავისუფალი სექსითაა ნომინირებული. დიქსილენდური ციხე-კოშკი გერმანიაში ასრულებს თავის მოვალეობას: აღვიძებს იდეოლოგიაში ჩაკარგულ ინდივიდუალურ მე-ს და ქმნის ახალ ალტერნატიულ დრო-სივრცულ განფენილობას, რომლის მთავარი ნიშანიც თავისუფლებაა. ესაა ზოგადად ყოველგვარი ტოტალიტარიზმისაგან თავის დასაღწევი გზა. რაც შეეხება საბჭოთა იმპერიული მოდელის რღვევას, ეს პროცესი რომანის ამ წიგნში ასახული არ არის ჩვენ მიერ უკვე დასახელებული ობიექტური მიზეზის გამო.

ლიტერატურა

კაკაბაძე 1988: კაკაბაძე ნ. თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები. დასავლეთ ევროპის ლიტერატურა (XX საუკუნე). თბ.: თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 1988.

მარგველაშვილი 2005: მარგველაშვილი გ. კაპიტანი ვაკუში, წიგნი I, თარგმანი კ. ჯორჯანელისა. თბ.: `კავკასიური სახლი~, 2005.

რატიანი 2005: რატიანი ი. ქრონოტოპი ანტიუტოპიურ რომანში: ესქატოლოგიური ანტიუტოპიის ინტერპრეტაციისათვის. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2005.

ჭილაძე 1987: ჭილაძე ო. თხზულებანი 3 ტომად, ტომი 3. თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.

ჭილაძე 2007: ჭილაძე ო. აველუმი. თბ.: არეტე, 2007.

ჯალიაშვილი 1997: ჯალიაშვილი მ. წიგნი – საუკუნის ხატი //

ჟურნალი `ცისკარი~, #8, თბ., 1997.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button