ისტორიაუცნაური

1500 წლის წინ რომაელი წყვილი სიკვდილს ხელჩაკიდებული შეხვდა

იტალიაში არქეოლოგებმა გათხრებისას უჩვეულო რამ აღმოაჩინეს – რომაელ წყვილს ხელები ჩაკიდებული ჰქონდათ და მათი ჩონჩხები მთელი 1500 წელი ამ პოზაში იყო. მათი სხეულები ქალაქ მოდენას სასახლის კედლებში იყო დამარხული საერთო საფლავში, რომის იმპერიის დაცემის პერიოდში.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ქალის ჩონჩხის პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, სიკვდილის წინ ის სიყვარულით უცქერდა თავის პარტნიორს, რომელთანაც სავარაუდოდ ვნებიანი ურთიერთობები აკავშირებდა. “ეს ძალიან ამაღელვებელი და იშვიათი სცენაა”, განაცხადა ერთ-ერთმა არქეოლოგმა.

აღმოჩენა სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა. წყვილი სავარაუდოდ მეხუთე და მეექვსე საუკუნეებს შორის პერიოდში არის დაკრძალული.

არქეოლოგმა დონატო ლაბატემ, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა, “Discovery News”-ს განუცხადა: “მიგვაჩნია, რომ თავდაპირველად, როცა ისინი დამარხეს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ. მამაკაცის ჩონჩხის მალების განლაგება გვაფიქრებინებს, რომ სიკვდილის შემდეგ მისმა თავმა პოზიცია შეიცვალა. მრავალ გათხრაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი გავლენა ჯერ არცერთ მათგანს არ მოუხდენია”.

არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ წყვილი განსაკუთრებით მდიდარი არ ყოფილა, რაზეც მიუთითებს მათი ღარიბული საფლავი. ისინი სავარაუდოდ ფერმერები იყვნენ და მიწას ამუშავებდნენ.

თავიდან მამაკაცის სახე ქალისკენ იყო მიმართული, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს არეალი მრავალჯერ დაიტბორა მდინარე ტიეპიდოს მიერ, რამაც თავის ქალის ადგილმდებარეობის შეცვლა გამოიწვია. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას, რომელიც 589 წელს მოხდა, აღწერს ისტორიკოსი პავლე დიაკონი.

არც ისე კარგად შემონახულ ჩონჩხებს შეისწავლის ჯორჯო გრუპიონი, ბოლონიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი. ის ეცდება დაადგინოს წყვილის ასაკი, ურთიერთობა და სიკვდილის მიზეზი.

კრისტინა კილგრუვმა, ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის ანთროპოლოგ-ბიოლოგმა, “Discovery News”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩონჩხებზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ ეს ორი ადამიანი შეყვარებული წყვილი იყო. “ანტიკურ ეპოქაში სულაც არ იყო გასაკვირი მეუღლეების ან ოჯახის წევრების ერთდროული სიკვდილი. როცა ევროპას ანადგურებდა ისეთი ეპიდემიები, როგორიც იყო შავი ჭირი, ოჯახის ერთი წევრი მაშინ იღუპებოდა, როცა დანარჩენები სხვა წევრს მარხავდნენ. ვინც ამ ორ ადამიანს ასაფლავებდა, ალბათ ესმოდა, რომ მათი ურთიერთობა სიკვდილის შემდეგაც ისეთივე მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორიც სიცოცხლეში იყო”.

მსგავსი აღმოჩენა 2007 წელსაც გაკეთდა – ჩონჩხების წყვილი, რომლებიც 5000-6000 წლით დაათარიღეს, იტალიის ქალაქ მანტუასთან, ნეოლითურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ეს ადგილი სულ რაღაც 40 კმ-ითაა დაშორებული ქალაქ ვერონადან, სადაც შექსპირის რომეოსა და ჯულიეტას რომანტიკული ისტორია დაიწყო.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button