საინტერესოსაკითხავი

გიორგი ფარღალავა – მაგია, მეცნიერება და რელიგია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” სტუდენტი

ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი დაიბადა პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში. მან კრაკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა და მათემატიკა შეისწავლა და 1908 წ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. შემდგომი 2 წლის განმავლობაში ლაიფციგის უნივერსიტეტში ფიზიკურ ქიმიას ეუფლებოდა, მოგვიანებით კი ზუსტ მეცნიერებათა შესწავლას თავი დაანება და 1910-1914 წწ. ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიას ეუფლებოდა. აქვე დაამთავრა ასპირანტურა.

1914-1918 წწ. მალინოვსკი ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდის, კანარის კუნძულების და ავსტრალიის აბორიგენების ყოფას იკვლევდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ, 1927 წ. მალინოვსკიმ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა მიიღო. 1938 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა და იმავდროულად მექსიკაში საველე კვლევას ატარებდა.

მალინოვსკის აზრით, მაგია, მეცნიერება და რელიგია სამივე თანაბრად გონივრული პასუხებია ადამიანურ საჭიროებებზე. პრიმიტიული ადამიანი მაგიას მიმართავდა მაშინ, როდესაც გრძნობდა მის განსაკუთრებულ საჭიროებას. ტერმინ „მაგიის“ ქვეშ იგულისხმება მისტიკური შესაძლებლობების სამყარო. მაგია არასოდეს არ „დაწყებულა“, არასოდეს „შექმნილა“ ან გამოუგონიათ, მთელი მაგია დასაწყისიდანვე „იყო“. ის არის ერთადერთი უნიკალური სპეციფიური ძალა, რომელიც ექსკუზიურად ადამიანისაა. მალინოვსკი ამბობს, რომ მაგიას აქვს თავისი დანიშნულება და არავითარი საიდუმლოება იქ არ არის. მან ჩართული დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მაგია არის რაიმესთან ბრძოლის იმიტაცია. მაგიის ძალის დახმარების გარეშე ადამიანი ვერ გადალახავდა პრაქტიკულ სიძნელეებს. სწორედ ამიტომაა მაგია პრიმიტიულ საზოგადოებებში ასეთი განვითარებული და უნივერსალური ძალის მქონე.

რაც შეეხება მეცნიერებას, ის არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება. ყველა ადამიანს აქვს დაკვირვებისა და აზროვნების უნარი. გემის დურგალმა იცის საგნის ზედაპირზე ტივტივის და წონასწორობის შესახებ. იგი ასწავლის კიდეც თავის ხელქვეითებს ტრადიციულ წესებს, ჰიდროდინამიკის და წონასწორობის ზოგად კანონებს.

მეცნიერება და მაგია რადიკალურად განსხვავდებიან ერთმენათისგან. მეცნიერება გამოცდილების ნაყოფია, მაგია – ტრადიციების. მეცნიერებას წარმართავს გონება და დაკვირვება, ხოლო მაგია ცხოვრობს მისტიკურ გარემოში. მეცნიერება ღიაა ყველასათვის, საჯარო სიკეთეა მთელი საზოგადოებისათვის. მაგია ისწავლება მისტიკური ინიციაციებით, გადადის შთამომავლობით, ან მინიმუმ ექსკლუზიური თანმიმდევრობით. მეცნიერება დაფუძნებულია ბუნებრივი ძალების გაგებაზე, მაშინ როცა მაგია დგას გარკვეულ მისტიკურ უპიროვნო ძალაზე. მეცნიერება ეფუძნება ყოველდღიური ცხოვრების ნორმალურ, უნივერსალურ გამოცდილებას. მაგია კი დაფუძნებულია სპეციფიურ მდგომარეობებს. მეცნიერება ეფუძნება რწმენას, რომ გამოცდილება, მცდელობა და გონება ვალიდურია (სანდოა), მაგია კი რწმენას, რომ იმედი არ შეიძება გაცრუვდეს.

რაც შეეხება მსგავსებას, მათ ყოველთვის აქვთ ხელშესახები მიზანი, რომელიც ახლო კავშრიშია ადამიანის ინსტინქტებთან, საჭიროებებთან და საქმიანობებთან.

არსებობს სხვადასხვა წარმოდგენები რელიგიის წარმოშობაზე, ერთ-ერთ განმარტებას გვაძლევს ბრონისლავ მალინოვსკი. მისი აზრიტ, რელიგიის წარმოშობის უმნიშვნელოვანესი წყაროა სიკვდილი. სიკვდილის პირას მისული ადამიანი მარადიული სიცოცხლისკენ ისწრაფვის. ყოველი ადამიანი მოკვდავია და თითოეულ მათგანს აქვს იმის იმედი, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. რელიგიის წარმოშობას აგრეთვე ხელს უწყობს ადამიანის სისუსტე და უსუსურობა. ადამიანი ხედავს ისეთი ბუნებრივი მოვლენების არსებობას, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული ზიანის მიყენება და თვით სიკვდილის გამოწვევაც კი. ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ძალები მასზე გაცილებით ძლიერია, რომელთა დამარცხება მხოლოდ მას არ შეუძლია. რადგან ასეთ მოვლენებთან გასამკლავებლად მას ხილული ძალა ვერ დაეხმარა, პრიმიტიულმა ადამიანმა გამოიგონა ღმერთი. ღმერთს დახმარება რომ აღმოეჩინა, საჭირო იყო გარკვეული რიტუალების შესრულება და ღმერთის თაყვანისცემა.

რელიგია იმით განსხვავდება მაგიისაგან, რომ მაგიურ აქტს გააჩნია მის საფუძველში მყოფი იდეა, მისი მიზანი ყოველთვის ნათელი, პირდაპირი და განსაზღვრულია. რელიგიურ ცერემონიაში არ არსებობს მიზანი, რომელიც ჰიპოთეტურ, სამომავლო მოვლენას მოასწავებს. მორწმუნეს სჯერა ღმერთის არსებობის და მასზე ამყარებს იმედებს. ჯადოქარს კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. მაგიაც და რელიგიაც წარმოიშვება და მოქმედებს ემოციური სტრესის სიტუაციებში, იქნება ეს ცხოვრებისეული კრიზისი, სიკვდილი თუ დაბრკოლება. მაგიის დროს არსებობს შავი და თეთრი მაგიის თამაში. ხოლო რელიგია პრიმიტიულ სტადიაში არ განასხვავებს კეთილსა და ბოროტს. გარკვეული თვალსაზრისით, რელიგიას შემოაქვს იმ სამყაროს გაგება და ეთიკა, რომელიც მაგიას არ აქვს. რელიგიური რწმენა ამყარებს ყველა იმ ღირებულ მენტალურ მიდგომას, როგორებიცაა ტრადიციის პატივისცემა, ჰარმონია გარემოსთან, გამბედაობა და საკუთარი ძალების რწმენა სიძნელეებთან ბრძოლაში და სიკვდილის მოახლოებისაას. რაც შეეხება მაგიას, მისი ფუნქცია ადამიანის ოპტიმიზმის რიტუალიზაციაა, მისი წარმატების, რწმენის და იმედის გაღრმავება.

მალინოვსკის აზრით, სამყაროში არცერთი მოვლენა, საგანი არ არის ფუნქციის გარეშე. სამივე ფენომენის, მაგიის, მეცნიერების და რელიგიის მეშვეობით შესაძლებელია ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვანაირად ავხსნათ. მაგ. მკვდარ ზღვაზე ადამიანის გავლა შეიძლება სამივე ჭრილში განვიხილოთ. რელიგიური თვალსაზრისით, ადამიანმა ღვთის ნებით და მტკიცე რწმენით შეძლო მკვდარ ზღვაზე გავლა. მაგიის თვალსაზრისით, ადამიანმა რაღაც ზებუნებრივი, ჯადოსნური ძალის დახმარებით მოახერხა წყალზე გავლა. მეცნიერული თვალსაზრისით, ადამიანის წყალზე გავლა განაპირობა წყალში მარილის მაღალმა შემცველობამ.

მიუხედავად ყველაფრისა, რელიგია და მეცნიერება მშვიდობიანად თანაარსებობენ. ვერაფერს ვიტყვით იმის შესახებ თუ რამდენად მოჩვენებითია ან ნამდვილი, დროებითი თუ ხანგრძლივი მათ შორის არსებული ზავი. ერთი კი ცხადია, რომ მაგია განდევნილია, განაპირებულია, მეცნიერება-რელიგიის შეთქმულების მსხვერპლია. მაგიას თანამედროვე დროს შეუძლია მხოლოდ არალეგიტიმურად იარსებოს შავი კატების, ავი თვალების და სხვათა სახით.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button