National Geographicისტორიასურათები

National Geographic: უძველესი არტეფაქტები და სიმბოლოები

შივა ლინგა მდიდრულად მორთულ კედლებს შორისაა აღმართული ანგკორ-ვატის ტაძარში, კამბოჯაში. ეს მოკლე ცილინდრული სვეტები მთელ ინდუისტურ სამყაროში თაყვანისცემის საგანია, რადგან ღვთაება შივას სიმბოლოს წარმოადგენს.


აკლდამა სენეჯემისა, პატივსაცემი ხელოსნისა, რომელიც ფარაონთა აკლდამებზე მუშაობდა, სრულიად ხელუხლებელი აღმოაჩინეს ეგვიპტეში, მეფეთა ხეობაში, 1886 წელს. მისი საფლავის კამერაში გასაოცარი ნახატია, რომელზეც საიქიოს ტურისთავიანი ღმერთი ანუბისი სენეჯემის სარკოფაგზე ზრუნავს.


აცტეკური ქვის მზე, 24 ტონიანი სკულპტურა, რომელიც ეძღვნება მზის ღმერთს, ტონატიუს, ქალაქ მეხიკოში აღმოაჩინეს 1790 წელს. ამჟამად ის მეხიკოს ეროვნულ ანთროპოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი. ეს მასიური არტეფაქტი XV საუკუნით თარიღდება. მასზე ჩანს ტონატიუ (ცენტრში), მზის ყოფილი ღმერთები (ტონატიუს გარშემო ყუთებში) და აცტეკების კალენდრის 20 დღე, ასევე სხვა მრავალი სიმბოლო.


აცტეკების ქალღმერთი ტლასოლტეოტლი რთული ღვთაება იყო, ცნობილია, რომ ერთი მხრივ ადამიანებს აცდუნებდა და ცუდი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებდა, მეორე მხრივ კი ცოდვებისგან გათავისუფლებაში ეხმარებოდა. ეს ფიგურა მდებარეობს ლონდონში, ტეიტის გალერეაში და მასზე ტლასოლტეოტლი ბავშვს აჩენს, რაც მის დედობრივ მხარეს გამოხატავს.


ეს ოქროსა და მინის სამკერდე თილისმა აღმოაჩინეს ტუტანჰამონის აკლდამაში ლუქსორთან ახლოს, ეგვიპტის ტერიტორიაზე. მასზე გამოკვეთილია ცნობილი სიმბოლო – ჰორუსის თვალი, რაც ითვლებოდა ბოროტი ძალებისგან დამცავად. ჰორუსის თვალს მარჯვნივ გვერდს უმშვენებს კობრა-ქალღმერთი უჯიტი, რომელიც ქვემო ეგვიპტეს მფარველობს, მარცხნივ კი – ზემო ეგვიპტის მფარველი გრიფინი-ქალღმერთი ნეჰბეტი.


ანხის ფორმის მოოქროვილი სარკის ჩარჩო სამხრეთ ეგვიპტეში, ტუტანჰამონის აკლდამიდან ამოიღეს. ანხის ფორმა, რომელიც უამრავ ეგვიპტურ აკლდამაში გვხვდება, ეგვიპტური იეროგლიფია და ნიშნავს “სიცოცხლეს”.


მოაის გიგანტური ქანდაკებები განლაგებულია აღდგომის კუნძულის ჩამქრალი ვულკანის ბალახიან კალთებზე. ეს მასიური ქვის სკულპტურები პოლინეზიელებმა დაამზადეს, როცა წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე ეს პაწაწინა კუნძული დაიპყრეს დაახლოებით 800 წლის წინ.


თიხის ჯარისკაცთა ოცეულები ჩინეთის პირველ იმპერატორთან, ცინ შიხუანდთან ერთად დამარხეს, რათა ყოფილიყვნენ მის გვერდით სამარადისო განსასვენებელში. ეს რეალური ზომის ფიგურები გათხრების დროს აღმოაჩინეს ქალაქ სიანის მახლობლად, შაანქსის პროვინციაში. ჯარისკაცების ასაკი 2200 წელზე მეტია.

აკლდამა, რომელიც ფართობით 57 კვ. კილომეტრზე მეტია და გადმოცემით, 700 000 მუშა დასჭირდა სრულყოფისათვის, გლეხების ჯგუფმა აღმოაჩინა 1974 წელს. ისინი უბრალოდ ჭას თხრიდნენ.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button