ამონარიდებილიტერატურასაკითხავი

ილია ჭავჭავაძე “ჩატეხილი ხიდი”

ნაწყვეტი მოთხრობიდან “ოთარაანთ ქვრივი”

დიდის ყოფითა და ამბით დაამარხვინა არჩილმა გიორგი. მთელი ახლო-მახლო სამღვდელოება, ახლო-მახლო სოფლები მოიწვია მიცვალებულის “გასაპატიოსნებლად” და ამისთვის არა ხარჯი არ დაჰზოგა. ისე დაჰმარხა, თითქო იმისი სახლის-კაცი, იმისი ოჯახისშვილი ჰყოფილიყო.

სახლიდამ ეკლესიამდე და მერე ეკლესიიდამ სასაფლაომდე კუბო ეჭირა არჩილს და გლეხკაცებთან ერთად ეწევოდა, ასე რომ არავის გამეეცვლევინა.

კესო მძიმე შავებში ჭირისუფალსავით გულხელ-დაკრებილი და მგლოვიარედ თავ-ჩაკიდებული ხმა-ამოუღებლივ მიჰყვა მიცვალებულს სასაფლაომდე. როცა კუბო სამარეში ჩაუშვეს, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გადიწერა და ხმაგაკმენდილი ჰლოცულობდა. ბოლოს, ერთი პეშვი მიწა მიაყარა და უცბად წამოდგა. გამოტრიალდა, თითქო შეაშინა რაღაცამაო.

— დახე, სტირის!..

— სთქვა ერთმა იქ მდგომელმა დედაკაცმა.

— სიყვარული ძნელია! — უპასუხა მეორემ.

— გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ.

— საწყალი ცრემლსა ჰმალავს, თითქო სცხვენიანო.

— რა სირცხვილია, — გაიბა დედაკაცობაში ლაპარაკი, — ის კი ადამიანი არ იყო?! ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი — სხვა რა უნდა სიყვარულს?

გლეხკაცობამ ზოგმა მოუწონა და-ძმას ამისთანა თავმდაბლობა და „გაპატიოსნება” მიცვალებულისა, ზოგი კი იძახოდა:

— კაცი მოიდნეს და ქვეყანას ამით უბმენ თვალსაო.

იქნება ეგრეც იყო. ეს კია: სხვის გულში — მართალი ადვილი საპოვნელი არ არის.

განა არა, — არჩილს ამ სიტყვებისათვის სადღაც და როგორღაც ყური მოეკრა და როცა კესომაც შეიტყო და აპილპილდა, — ეს რა დაგვწამესო, არჩილმა უთხრა:

— ნუ გიკვირს.

— რატომ არ უნდა მიკვირდეს! ჩვენ წმინდა გულით ჩვენი ვალი გადვიხადეთ და იმათ ჩირქი მოგვცხეს.

— საკვირველი ის იქნებოდა, რომ ეგ არ ეთქვათ. ისინი თავის მხრით მართალნი არიან. ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გვიკვირდეს, რომ იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსებით შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ. ამ დიდ მანძილზედ განა ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს? ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძლიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან.

— მაშ მადლი მადლად, კეთილი კეთილად აღარ უნდა გადიოდეს იმათში?!

— ჩვენი მადლი, ჩვენი კეთილი არა სწამთ, არა სჯერათ.

ერთიც და მეორეც ჩვენგან უკვირთ, ეუცხოვებათ. რადა და რისთვისაო? იკითხავენ ხოლმე. კეთილისათვის? რად მიზამს კეთილსაო, ჩემო რაოვო? და აი, სწორედ აქ არიან მართალნი. მართლა-და ჩემო რაოვო? ჩვენ ვინ და ისინი ვინ! ორი სხვადასხვა ქვეყანაა. შორი-შორსა ვართ-მეთქი… იმათს ჭირსა და ლხინს ცალკე ღობე ავლია, ჩვენსას ცალკე. გული გულს ვეღარ მიგვიკარებია, ვეღარ მოგვიხვედრებია.

და რად უნდა გვიკვირდეს, რომ ერთმანეთისა აღარა გვესმის-რა. აბა ერთი მითხარ: რა დადის ეხლა ჩვენ-შუა? მარტო ერთი პტყელი ენა მწიგნობარისა, — მე ჩვენისთანა კაცს მწიგნობარს ვეძახი, — მარტო პტყელი ენა-მეთქი მწიგნობარისა და ხარბი ხელი გაუმაძღარისა. ამისთანა მოციქულები აბა კარგს რას დაგვაყრიდნენ.

— მაშ გული ქვეყანაზედ აღარ არის!.. მოჰკვდა, გამოეცალა ადამიანს…

— გული… გული, ესე იგი, ის მადლი, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართლა რომ აღარ არის.

ან არის და დამუნჯებულია, დაყრუებულია, თითქო იმათაც და ჩვენც მოგვკვდომოდეს, თუ მთლად არა, ერთი ნახევარი მაინც. ამ ცალთვალა და ცალყურა ნახევრით-ღა ვცხოვრობთ ღა ვკითხულობთ ერთმანეთს. აქ ცდომა უეჭველია, იმიტომ რომ სწორედ ის თვალია დახუჭვილი, ის ყურია დახშული, რომელი სჭრის სხვის ხედვად, სხვის სმენად. გული რა არის? მარტო ერთად-ერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა. გული მადლია, და მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს. ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისაგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის, მაშასადამე, გულიცა.

თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა. უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისათვის. სად არის ის სხვა? წყალგაღმაა, შორს… შორს… მაშ რაღად გვიკვირს, რომ იქიდამ ვეღარ გვხვედვენ, ჩვენი აღარა სჯერათ-რა… კეთილიც კი.

მაგ ჯერვამ თვალი რას მოაბას, ფეხი სად მოიკიდოს? მკვდარს გულში? შეუძლებელია.

— ეგ, ჩემო საყვარელო, ძველი მოთხრობაა ახლად ნაამბობი: აქაო-და გლეხია, ყოველთვის მართალი უნდა იყოს.

— მაგ სულელობას რადა მწამებ, ჩემო კარგო? მე გლეხკაცს გუშინდელ ბალღსავით კი არ შევხარი, — ანგელოზია-მეთქი, მე ვსინჯავ, მე ვჩხრეკავ და, როგორც ჭკვა-დამჯდარი მგლოვიარე, დავტირი ჩემს დაკარგულს ნახევარსა. ის ჩემგან მოკვეთილი ნახევარია, მე იმისგან. მე დაკარგული მენანება, მებრალება და არ მემართლება კი. გლეხი უწმინდურია თავისი ტყაპუჭით კი არა, ზოგჯერ თავის გულითაც. ესეც ვიცი, მაგრამ ჩვენ კი უკეთესნი ვართ? ამ წმინდა და უმტვერო თოვლსავით სპეტაკს პერანგ-ქვეშ განა ჩვენ იმაზედ მეტნი ვართ? ისინი მენანებიან, მებრალებიან-მეთქი, მე კი ჩემი თავი მძაგს და მეზიზღება.

არა, ნახევარ კაცად, ნახევარ გულით ცხოვრება სიკვდილია, კდომაა…

— კდომა ხრწნაა და ხრწნას მარტო ჩირქი სდის. ეს თუ უნდა გეთქვა.

— შენ დამასწარ. მაგრამ ორ ტოტად კი. ერთი ტოტი — ჩვენი მკვდარის ნახევრისაა და ნუ გიკვირს, რომ ერთმანეთს უჩირქოდ ვერ გადვურჩებით, როცა ერთმანეთს მოვხვდებით ხოლმე. კარგს ვიზამთ რასმე და ერთმანეთს მკვდარის ნახევრით გულს ვუჩხრეკთ.

ამიტომაც კარგის მქნელი, — იმათია თუ ჩვენი, — ან სულელი გვგონია, ან მატყუარა. მკვდარი ცოცხალს ვერ დაინახავს, ვერ გაიკითხავს ცოცხლურად…

— მაშ წასულია ჩვენი საქმე, თუ მართლა ეგრეა!

— ვინ გითხრა? ჩვენისთანისა — იქნება ჰო, მაგრამ იმათი კი არა.

— არ მესმის. აკი ორივენი, — ჩვენცა და ისინიც, — ერთნაირად მკვდარნი ვართ, შენის სიტყვით.

— ეგრეა, მაგრამ შენ ის ცოცხალი ნახევარი გავიწყდება, რომელიც შერჩენილი გვაქვს. განსხვავება აქ არის.

ჩვენ რაცა ვართ, გაკეთებულნი ვართ, ისინი კი — შექმნილნი. ჩვენ დაბლანდულნი ვართ, ისინი კი გვირისტით შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც მარტო ბუნებამ იცის და ბუნება — ხომ იცი, რა ოსტატია. ისინი ჩაკირულნი არიან, ჩვენ — დონდლონი, დუნენი. აბა იმათს სიმღერას უყურე: ერთი გრძელი კვნესაა და მაინც სიმღერას ეძახიან. ჩვენი სიმღერა კვნესა არ არის და მაინც ლხენა ვერ დაგვირქმევია. გახსოვს, რა გვითხრა პაატამ, როცა ჩვენთან ქალაქში ჩამოვიდა იმ საშინელს თოვლ-ჭყაპში სამის მანეთის სათხოვნელად და მე გავეხუმრე:

— ბიჭო, სამის მანეთისათვის ამ სიშორედ როგორ წამოხვედი-მეთქი ამ ვაი-ვაგლახში — „აი, ბატონოო, თქვენ რა იცით, ხურმა რა ხილიაო, — მითხრა უზრდელობით და არა წყენისათვის: — აქედამ რომ მივალ, ნაჯაფევი, გზისაგან გალახული, თოვლ-ჭყაპისაგან გაწუწულ-გალაფული და ჩემს დაძონძებულ საბანში ცახცახით გავეხვევი და მივეგდები — რა ტკბილად დამეძინებაო, თქვენ ისე თავის დღეში ვერ დაიძინებთო”. იმათთვის ძილი მართალი მოსვენებაა, მართალი აღდგენაა დახარჯულის ღონისა, ჩვენთვის კი ნებიერობაა, ღონის გასიებაა, დამძიმებაა, წყალმანკია, იმიტომ, რომ ჩვენი ღვიძილიც ძილია.

იმათი ცოცხალი ნახევარი, ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე. ეს არის იმათი კარგი და ამითი გვჯობნიან…

— ნადირი კი არ დაძრწის დილიდამ საღამომდე საჭმლის საშოვნელად. ჰშიან და, რომ ამისათვის ხელ-ფეხსა სძრავს, საქებ-სადიდებელია?! ადამიანს ადამიანობა უნდა ემჩნევოდეს. აქ არის თავი და ბოლო ქება-დიდებისა.

— მაგით რა უნდა სთქვა?

— ის, რომ ადამიანობით ისინი ჩვენზედ უარესნი არიან.

გლეხკაცისთანა ხარბს, გლეხკაცისთანა გაუტანელს, გლეხკაცისთანა შეუბრალებელს და უმადურს ძნელად თუ ნახავ სადმე, მაშინაც კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოატანს: დაარჩობს, მიწასთან გაასწორებს. სხვას ვიღა სჩივის…

— მჯერა, თითო-ოროლა ეგეები მეც ჩემის თვალით მინახავს, ჩემის ყურით გამიგონია. მაგრამ ცხოვრება მაინც იმათშია: იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს თითონ სიცოცხლის ძარღვიცა. რაც სთქვი, ეგ ჭუჭყია, ქაფია მდუღარე ცხოვრებისა, თავზედ მოგდებული. ძირში კი წმინდაა. მაშ რა სწნავს იმისთანა კაცურ-კაცს, როგორც გიორგი იყო, ან იმისთანა დედაკაცს, როგორც ოთარაანთ ქვრივია? მაგისთანა პური მარტო იმათს თონეში-ღა ჰცხვება, ჩვენი თონე კი მარტო ჩვენისთანა კუტ-პურს აცხობს.

დღესაც ვერ გამომირკვევია — რა მოგვეჩვენა გიორგის სახით?.. ჩვენ ხედვად და სმენადაც უღონონი ვართ და იქ კი… იქ კი რამოდენა ღონე ყოფილა შექმნისა… გიორგი…

— ნუღარ მომაგონებ! მე ჩემი მემართება, როცა ის უბედური მაგონდება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button