National Geographicფლორა & ფაუნა

კომოდოს დრაკონი

საოცარი ძალისა და ბაქტერიებით გაძეძგილი მომაკვდინებელი ნერწყვის მეშვეობით კომოდოს დრაკონი დაუმარცხებელი მტაცებელია თავის საბინადრო რეგიონში.

კომოდოს დრაკონები მილიონობით წლების განმავლობაში ბინადრობდნენ ინდონეზიაში, მცირე ზონდის კუნძულებზე უხეში კლიმატის პირობებში. თუმცა გასაკვირია და მათი არსებობა ადამიანებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო უცნობი, ფართო საზოგადოებამ ეს არსება დაახლოებით 100 წლის წინ გაიცნო. მათი დაფიქსირება პირველად 1910 წელს მოხდა დასავლელი მეცნიერების მიერ. დიდი ზომისა და საშიში რეპუტაციის გამო სასურველი სტუმრები არიან სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკებში.

3 მეტრამდე სიგრძის და 150 კგ-მდე წონის კომოდოს დრაკონები დედამიწის ყველაზე შხამიანი ხვლიკები არიან. მათ აქვთ გრძელი, წაბრტყელებული თავი გრძელი დინგით, 2.5 სმ სიგრძის 60 ცალი ხშირად ცვალებადი კბილები, ქერცლიანი კანი, მოკლე ფეხები და უზარმაზარი დაკუნთული კუდი. ყველაზე დიდი კომოდოს დრაკონი იყო სიგრძით 3.13 მეტრი და წონით 166 კგ (მოუნელებელი საჭმლის ჩათვლით). კბილებს ფარავს ღრძილოვანი ქსოვილები, რომლებიც ჭამის დროს ხშირად იგლიჯება. ამის გამო მისი ნერწყვი ხანდახან სისხლიანია, რაც ბაქტერიებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. კომოდოს დრაკონს ასევე აქვს გრძელი, ყვითელი, ორად გაყოფილი ენა.

ყურის ხვრელების არსებობის მიუხედავად, კომოდოს დრაკონს ცუდად ესმის და მხოლოდ 400-2000 ჰერცის სიხშირის ბგერების აღქმა შეუძლია. ის 300 მეტრის რადიუსში ხედავს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბადისებრი გარსები მხოლოდ კონუსებს შეიცავს, ღამით ხედვა ძალიან უჭირს. კომოდოს დრაკონის თვალს ფერების აღქმის უნარი აქვს, მაგრამ უძრავი ობიექტების გარჩევაში სუსტია. სხვა რეპტილიების მსგავსად, გემოს გასაგებად და საჭირო ობიექტის აღმოსაჩენად ენას იყენებს, ხოლო ყნოსვისთვის – იაკობსონის ორგანოს და არა ნესტოებს.


ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კომოდოს დრაკონების მასიური ზომა შეიძლება აიხსნას მათი წინაპრების მეშვეობით – 40 მილიონი წლის წინ აზიაში წარმოიშვნენ ვარანის ტიპის მასიური ხვლიკები, რომლებიც გადასახლდნენ ავსტრალიაში. 15 მილიონი წლის წინ ავსტრალიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კონტინენტურ ფილებს შორის მოხდა შეჯახება, რის გამოც ამ არსებებმა გადაინაცვლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდონეზია ეწოდება, ხოლო პლეისტოცენის ეპოქის შემდეგ გადაშენდნენ. ავსტრალიაში ნაპოვნია ნამარხები, რომლებიც ძალიან ჰგავს კომოდოს დრაკონს და ეს ნამარხები 3.8 მილიონი წლით დათარიღდა. მეცნიერთა ვარაუდით, კომოდოს დრაკონები თავიანთ ავსტრალიელ წინაპრებს დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ და ამ პერიოდიდან მოყოლებული შეძლეს სხეულის ზომის შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 900 000 წლის განმავლობაში დრომ გაანადგურა ინდონეზიის არქიპელაგის მეგაფაუნის დიდი ნაწილი, ხოლო 880 000 წლის წინ აქ პირველი ჰომინიდები (ადამიანთა წინაპრები) დასახლდნენ. ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში აღმოჩენილი ნამარხები აჩვენეს, რომ კომოდოს დრაკონების ცალკეულ სახეობად ჩამოყალიბება ჯერ კიდევ ინდონეზიაში გადასახლებამდე მოხდა.

იმ მცირეოდენ კუნძულებზე, სადაც ეს სახეობები არიან გაბატონებული, მიირთმევენ ყველაფერს – ლეშს, უხერხემლო ცხოველებს, ჩიტებს, ირმებს, გოჭებს, პატარა დრაკონებს, ზოგჯერ კი მსხვილ კამეჩებს და ადამიანებსაც კი. ქარის ხელსაყრელი მიმართულებისა და კომოდოს დრაკონის ჩვევის მეშვეობით, რომელიც სიარულისას თავის აქეთ-იქით მოძრაობაში გამოიხატება, ლეშის აღმოჩენა 9.5 კმ-ის მოშორებითაც კი შეუძლია. გემოს რეცეპტორები სულ რამდენიმეა და ყელის უკანა მხარესაა განლაგებული. ნადირობისას კომოდოს დრაკონის მთავარი უპირატესობაა კამუფლაჟის უნარი და მოთმინება, ისინი მშვიდად წვანან და მსხვერპლის ჩამოვლას უცდიან. როცა საკბილო მოახლოვდება, დრაკონი ხტება და ძლიერი ფეხების, ბასრი ბრჭყალებისა და წვეტიანი, ზვიგენის მსგავსი კბილების მეშვეობით მსხვერპლს ფატრავს. სირბილისას მოკლე მანძილებზე ის 18 კმ/სთ სიჩქარესაც კი ავითარებს. მსხვერპლის დასაჭერად შეიძლება ორ ფეხზე დადგეს და კუდი დასაყრდენად გამოიყენოს.

თუკი ცხოველი კომოდოს დრაკონის ყბებს დააღწევს თავს, კარგად მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში იქნება. მტაცებლის ნერწყვი 50 სხვადასხვა სახეობის ბაქტერიას შეიცავს და მაქსიმუმ 24 საათში ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სისხლის მოწამვლით ანადგურებს. დრაკონები მშვიდად მიჰყვებიან მსხვერპლს უკან კილომეტრების მანძილზე და იცდიან, შხამი როდის დაიწყებს მოქმედებას. ნადირობის ასეთი სტილი ცხოველთა სამყაროში გამორჩეული და იშვიათია. ერთ ჯერზე კომოდოს დრაკონს შეუძლია, თავისი სხეულის წონის 80%-ის ტოლფასი საკვები მიიღოს, სამაგიეროდ წელიწადში 12 ასეთი სადილი სავსებით ჰყოფნის. უხვი ნერწყვი მას საჭმლის დამუშავებაში ეხმარება, მაგრამ ყლაპვა მაინც ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, ერთი თხის სრულად შეჭმას 15-20 წუთს ანდომებს.


კომოდოს დრაკონები მარტოსულები არიან, ერთად მხოლოდ ჭამისა და გამრავლების მიზნით იკრიბებიან. შეწყვილების სეზონი დგება მაისსა და აგვისტოში, კვერცხის დადება კი სექტემბერში ხდება. მდედრი დრაკონი 20-მდე კვერცხს დებს დიდი ფრინველების მიტოვებულ ბუდეში, ზოგჯერ კი თავად თხრის ორმოს. კვერცხებს 7-8 თვის განმავლობაში სჭირდება მეთვალყურეობა. პატარა დრაკონები იჩეკებიან აპრილში, სწორედ ამ პერიოდშია მწერების აქტიურობის პიკი, რაც მათი ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. თუმცა ამავე დროს სუსტები და დაუცველებიც არიან, ამიტომ ძირითადად ხის სიახლოვეს ბინადრობენ, რათა თავიდან აირიდონ სხვა მტაცებლები და კანიბალი დრაკონები. მომწიფებას 8-9 წელიწადი სჭირდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 30 წლამდეა.

კომოდოს კუნძულებზე, გილა მოტანგზე, რინკასა და ფლორესზე დრაკონთა რაოდენობა 3000-დან 5000-მდეა. კვერცხისმდებელი მდედრების შემცირებამ, უკანონო ნადირობამ, ადამიანის ბუნებაში შეჭრამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა ამ სახეობას საფრთხეში მყოფის სტატუსი მიანიჭა. დღეს კომოდოს დრაკონებს ოფიციალურად იცავს ინდონეზიის კონსტიტუცია და კომოდოს ეროვნული პარკი, რათა აარიდონ შემცირების საფრთხე და დაიცვან გადაშენებისგან.

და ბოლოს, ტრადიციულად, National Geographic-ის ვიდეო ამ ცხოველზე:

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button