გამორჩეული ადამიანებიუცნაური

ყველაზე ტანმორჩილი ადამიანები

ინდოელი კომიკოსი მსახიობი აჯაი კუმარი ოფიციალურად ითვლება ყველაზე დაბალ მსახიობად. კუმარი სიმაღლეში სულ რაღაც 76 სმ-ია და ამ მონაცემის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, მას შემდეგ, რაც 13 წლის მანძილზე 50 ფილმში მიიღო მონაწილეობა. კუმარი უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით უნდა პაკრუ. მის მშობლიურ შტატ კერალაში ეს სახელი ყველას სმენია. წარმატებისა და პოპულარობის გარდა, პატარა მსახიობმა სასურველი სასიძოს ტიტულიც მოიპოვა და 2005 წელს ცოლი მოიყვანა – 155 სმ სიმაღლის გაიატრი, რომელიც ქმარზე ფაქტობრივად ორჯერ მაღალია.


ჩინელი წყვილი – ლი ტანგიონგი და ჩენ გილანი – იმედოვნებს, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, როგორც ყველაზე დაბალი წყვილი. მათი სიმაღლეებია შესაბამისად 109 სმ და 71 სმ. წყვილი 2007 წლის ოქტომბერში დაქორწინდა.


2010 წლის 4 სექტემბერს გინესის წარმომადგენლებმა ედვარდ ნინო ჰერნანდესი აღიარეს დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე დაბალ ადამიანად. 24 წლის ასაკში მისი სიმაღლე დაახლოებით 70 სმ-ს შეადგენდა, წონა კი სულ რაღაც 10 კგ იყო. ჰერნანდესი ცხოვრობს ბოგოტაში, კოლუმბიაში და 2 წლის ასაკის შემდეგ 1 მილიმეტრიც კი არ მოუმატია. რატომ შეწყვიტა მისმა ორგანიზმმა ზრდის პროცესი, გაურკვეველი რჩება. 2010 წლის 14 ოქტომბერს ედვარდმა ყველაზე დაბალი ადამიანის სტატუსი დაკარგა ნეპალელ ხაგენდრა ტაპას გამო.


1992 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული ხაგენდრა ტაპა მაგარი, რომელიც რუპ ბაჰადურისა და დანა მაია ტაპა მაგარის შვილია, ითვლებოდა ყველაზე ტანმორჩილ ადამიანად 67 სმ სიმაღლით. მან ჯერ ყველაზე დაბალი მოზარდის სტატუსი მოიპოვა, ხოლო 2010 წლის 14 ოქტომბერს 18 წლის გახდა და ყველაზე დაბალი ადამიანის ტიტული დაიმკვიდრა. 2011 წლის 12 ივნისს მანაც დაკარგა რეკორდსმენის სტატუსი ფილიპინელი ჯანრი ბალავინგის გამო.


15 წლის ინდოელი მოზარდი ჯიოტი ამგე მსოფლიოში ყველაზე პატარა გოგონაა – ის იწონის სულ რაღაც 5 კგ-ს და სიმაღლეში აღწევს 58 სმ-ს. ჯიოტი დაავადებულია ზრდის შეფერხების (ლილიპუტობის) ფორმით, რომელსაც აქონდროპლაზია ჰქვია. ამის გამო ის აღარასდროს გაიზრდება მეტად. თუმცა დადარდიანების ნაცვლად ჯიოტი ამაყობს თავისი სიდაბლით და სიამოვნებს ის ყურადღება, რომელსაც უცნობებისგან იღებს. ხალხი ხშირად გროვდება მის გარშემო და ინტერესით აკვირდებიან, ზოგჯერ კი ქალღმერთივით ექცევიან. ჯიოტი იმედოვნებს, რომ ოდესმე ბოლივუდში მოხვდება და ცნობილი მსახიობი გახდება.


ფილიპინელი მამაკაცის ჯანრი ბალავინგის სიმაღლემ 18 წლის ასაკში 59 სმ შეადგინა და საჩუქრად გინესის წიგნის რეკორდსმენობა მიიღო – ის ოფიციალურად გახდა ყველაზე დაბალი ადამიანი. ჯანრი მჭედლის შვილია სოფელ სინდანგანიდან, სამხრეთ ფილიპინებიდან. როგორც მისი მშობლები ამბობენ, 2 თვის ასაკში ბავშვმა გაუგებარი მიზეზების გამო ზრდა შეწყვიტა. გინესის წარმომადგენლები მას დაბადების დღეზე ეწვივნენ მშობლიურ სოფელში და საჩუქრად შემწვარი გოჭი, ნამცხვრები და ბუშტები მიუტანეს.


მსოფლიოში ყველაზე ტანმორჩილი დედაა სტეისი ჰერალდი – 71 სმ სიმაღლის. ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, რომ მშობიარობა მისი სიცოცხლისათვის სახიფათოა, მან სამი შვილი გააჩინა, რომლებიც სიმაღლეში მისი ნახევრები იყვნენ. 37 წლის დედა კენტუკის შტატის ქალაქ დრაი რიჯიდან იტანჯება არასრული ოსტეოგენეზით (Osteogenesis Imperfecta), რაც ძვლებს მყიფეს ხდის და ფილტვებს არ აძლევს ნორმალურად განვითარების საშუალებას, ამის გამო ორგანიზმი სიმაღლეშიც ვერ განვითარდა. სტეისი გადაადგილებისთვის ინვალიდის სავარძელს იყენებს. მისი ქმარი, ვილი, ჩვეულებრივი სიმაღლისაა – 175 სმ. წყვილმა ერთმანეთი 2000 წელს გაიცნო და აცხადებენ, რომ მეტი შვილის ყოლა სურთ.


გაიცანით ადიტია “რომეო” დევი, რომელიც 84 სმ სიმაღლისაა და ყველაზე დაბალი ბოდიბილდერი გახლავთ. პატარა სპორტსმენს კარგად იცნობენ მშობლიურ ქალაქში პჰაგვარაში (ინდოეთი). მისი სხეულის წონა 9 კგ-ს შეადგენს და შეუძლია 1.5 კგ წონის ჰანტელების აწევა. ყოველდღე უამრავი ადამიანი აწყდება ადგილობრივ სპორტულ დარბაზს, რათა იხილონ, როგორ ვარჯიშობს რომეო. ჯუჯების უმეტესობას თავი სხეულთან შედარებით დიდი ზომის აქვს, მაგრამ რომეოს პროპორციები სრულყოფილია და პატარა ზომის მიუხედავად, განვითარებული აქვს ტრიცეპსის, ბიცეპსის, წვივებისა და თეძოების კუნთები. გინესის წარმომადგენლებმა ის რეკორდსმენად 2006 წელს აღიარეს.


ამ სიაში მყოფ სხვა ადამიანებთან შედარებით შენონ ბობიტი ალბათ გოლიათად გამოჩნდება, თუმცა კალათბურთში, სადაც თითოეულ სმ-ს მნიშვნელობა აქვს, ის ცნობილია, როგორც ყველაზე დაბალი პროფესიონალი მოთამაშე. ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრონქსში, რვაშვილიან ოჯახში დაბადებულმა ბობიტმა კალათბურთის თამაში მეზობლებთან ისწავლა. სტუდენტობის პერიოდში 157 სმ სიმაღლის გოგონამ ორჯერ მოიპოვა პირველი დივიზიონის ეროვნული ტიტული ტენესის უნივერსიტეტის სახელით. შემდეგ კარიერა განაგრძო WNBA-ში (Women’s National Basketball Association – ქალთა კალათბურთის ეროვნული ასოციაცია) და პროფესიონალად ჩამოყალიბდა. ამჟამად ის “Los Angeles Sparks” გუნდის შემადგენლობაშია.


გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, გალ მოჰამედი (1957 – 1997) ნიუ დელიდან (ინდოეთი) ითვლება ყველაზე დაბალ ზრდასრულ ადამიანად ისტორიაში, რომლის მიუკერძოებელი შემოწმება და ოფიციალური დაფიქსირებაც მომხდარა. 1990 წლის 19 ივლისს ის რამ მანოჰარ ლოჰიას საავადმყოფოში გასინჯეს, სადაც 57 სმ სიმაღლე და 17 კგ წონა დაუფიქსირეს. გალ მოჰამედი გარდაიცვალა 1997 წლის 1-ლ ოქტომბერს სუნთქვის პრობლემების გამო – მას აწუხებდა ასთმა და ბრონქიტი, რაც აქტიურმა მწეველობამ გამოიწვია.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button