ლიტერატურამოთხრობა

ნინო ჯიბლაძე – სიყვარული ამერიკაში

თვალები გავახილე, ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ წითლად ანთებული ნიშანი, რომელიც ქამრის შეკვრის აუცილებლობას გვამცნობს, ჩამ¬ქრალიყო. მგზავრებში არეულობა შეინიშნებოდა, ზოგი წამომდგარიყო, ბარგის შესანახი კარადები გამოეღო და თავიანთ ჩანთებს ალაგებდა ქვემოთ, ზოგი გაბრუებული იჯდა და საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, რომ სულ მალე უნდა ამდგარიყო და თვითმფრინავიდან გასულიყო. მე, პირადად მათ რიცხვს მივეკუთვნებოდი, ვისაც საშინლად ეზარებოდა… ყველაფერი. გამახსენდა, რომ წინა ღამეს საერთოდ არ მიძინია, მხოლოდ თვითმფრინავში მოვახერხე ჩათვლემა და ახლა ისევ უნდა გამოვფხიზლებულიყავი. ჩანთიდან სარკე ამოვიღე და ჩემს თავს ერთი ლამაზად შევუბღვირე. თმა მოვიწესრიგე, სუნამო დავისხი, “წალკმან”_ი ჩანთაში ჩავდე და ზანტად წამოვდექი ადგილიდან. გვერდზე გერმანელი კაცი მეჯდა, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, რომ ძილის დროს ალბათ არაერთხელ შევაწუხე. უხერხულად გავუღიმე და ჟესტით ვანიშნე გავეტარებინე, რაზეც მის სახეზე ისევ და ისევ უკმაყოფილება ამოვიკითხე. უცებ გამახსენდა, რომ მეჩქარებოდა. სასწრაფოდ მინდოდა, რეგისტრაცია გამევლო. საქმე ის იყო, რომ ჩემი მგზავრობა მხოლოდ ახლა იწყებოდა. ვენიდან ვაშინგტონში მივფრინავდი, რეგისტრაციის გავლა კი იმიტომ მეჩქარებოდა, რომ ცხრასაათიანი ფრენის შემსუბუქებას ვცდილობდი. აერობუსებში “ეცონომყ” კლასს საშინელი სკამები აქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული პრივილეგიებიც. პირველ რიგში ჯდომა ჩემთვის თითქმის ნახევარ გზას ამცირებს, იმიტომ, რომ თავისუფლად ვწვები და ფეხებმოკეცილი არ ვზივარ ცხრა საათის განმავლობაში. მალე გამოაცხადეს, რომ შეგვეძლო თვითმფრინავიდან გასვლა. არაერთ ქართველს, თუ საქართველოში სტუმრად მყოფ ევროპელს თუ ამერიკელს, ფაქტობრივად, თავზე გადავაბიჯე, გვერდი ავუარე პასპორტის კონტროლს, რადგანაც სატრანზიტო ტერიტორიაზე უნდა გავჩერებულიყავი და სირბილით მივედი სარეგისტრაციო მაგიდასთან. წითლებში ჩაცმულმა აეროპორტის თანამშრომელმა ყურადღებით მომისმინა და მთხოვა დავლოდებოდი. ჩემდა სასიხარულოდ, შრომა დამიფასდა და “პრივილეგირებული” სკამი დავიმსახურე. სამი საათი მქონდა თავისუფალი დრო. ვენის აეროპორტში გავიარ გამოვიარე და ინტერნეტ ავტომატი მოვძებნე. მას შემდეგ, რაც ორევროიანი მონეტა ჩავუშვი, მანქანამ მაცნობა, რომ მისი მომსახურებით შვიდი წუთი შემეძლო მესარგებლა. ჩემი შეყვარებულის წერილი დამხვდა – “ჭკვიანად იყავი. გკოცნი. გაგა. P.შ. რაც დაგაბარე, არ დაგავიწყდეს…” სულ ეს იყო. სასწრაფოდ დავწერე პასუხი და ცოტა დავწყნარდი. მერე კაფე “იოჰან შტრაუსში” შევედი და მენიუს ჩავხედე. სანამ ჩემს შეკვეთას მომიტანდნენ, მოსვენება დავკარგე. უნებურად თვალი ჩანთისკენ გამექცა. შევამოწმე, იდო თუ არა პასპორტი, ბილეთი და საფულე ადგილზე. თვალში ქაღალდის კონვერტი მომხვდა. ამ კონვერტს თბილისიდან ვაშინგტონში მატანდნენ.
სამთვიან კურსებზე მივემგზავრებოდი ამერიკის დედაქალაქში. ხშირად მიწევს შტატებში მგზავრობა. ჩვეულებრივ ჯგუფებთან ერთად დავდივარ ხოლმე, ერთკვირიან მივლინებაში. ახლა კი 97 დღით მივდივარ, სრულიად მარტო. დღეები დათვლილი მაქვს. დღეს 28 დეკემბერია… ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მიმტანი მომიახლოვდა და ჩემი ულამაზესი კერძი მომართვა. საკმაოდ დიდ¬ხანს ვსაუზმობდი. მერე დესერტიც მოვითხოვე. ასე გავიდა დაახლოებით ორი საათი. ნელ-ნელა ხალხმა თვითმფრინავში ჩასხდომის დერეფანთან _ A14-თან დაიწყო შეკრება. მეც მივედი და რიგში ჩავდექი. A13-დან ნიუ-იორკის რეისი ჩამოფრინდა. აეროპორტებში მუდამ იმით ვერთობი, რომ ხალხს ვაკვირდები. დამაინტერესა ნიუ-იორკის ქაოსში გამოვლილი და ვენაში ჩამოფრენილი ხალხის სახეებმა. განსაკუთრებული არაფერი. მხოლოდ ერთმა ცოლ-ქმარმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ეჭვიც კი არ გამჩენია, რომ ცოლ-ქმარი იყო. ერთნაირი ხელჩანთები, ერთი ასაკის, ერთი და იმავე სიმაღლის, ერთი ფერის თმები ჰქონდათ და ზუსტად ერთნაირი პალტოები ეცვათ. კარგად დავაკვირდი და ამ პალტოებს შორის სხვაობა ვერ ვიპოვე. ვერც მათ უემოციო სახეებში იპოვიდა კაცი რამე განსხვავებას, ორი უმეტყველო სახე, ცხვირზე დაბჯენილი ფრჩხილისხელა სათვალეებით. ცოტა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ისინი ტყუპ და-ძმას უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარს. მაღალი გემოვნების და ძვირად შესანახი ცოლი, როგორც ამას ამერიკაში უწოდებენ. ძვირად შესანახი არა მარტო ქალი იყო, არამედ კაციც. ამაზე მათ ჩანთებზე გამოსახული ცნობილი ფრანგი დიზაინერის ინიციალები მიანიშნებდა, ორი ასო, რაც, უმეტეს შემთხვევაში, სიმდიდრეზე მეტყველებს. მოკლედ ეს წყვილი, რომელიც სადღაც 60-65 წელს უკაკუნებდა, პირველი გამოვიდა თვითმფრინავის სალონიდან (რაც ასევე იმას ნიშნავდა, რომ მათ არასოდეს მოუწევდათ სარეგისტრაციო მაგიდასთან სამი საათით ადრე მივარდნა, იმიტომ, რომ ისინი Bუსინესს ან ჭორლდ ჩლასს_ით მგზავრობდნენ, რაც ჩანთებზე ამოტვიფრულ ინიციალებზე ბევრად ძვირი ღირს). აეროპორტში ათასი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ირეოდა. სხვა¬დასხვა რასის თუ რელიგიის წარმომადგენელი… მალე ჩემი რიგი მოდიოდა. ბილეთი ამოვიღე, კონტროლს მივუახლოვდი, შევედი თვითმფრინავში და წვალებით ნაშოვნი ადგილი მოვძებნე. გაირკვა, რომ ჩემ გვერდით მდებარე ოთხივე სკამი მე მეკუთვნოდა. ამ ფაქტმა იმდენად გამახარა, მზად ვიყავი, უკან მჯდომ ინდოელ ქალს მთელი ძალით ჩავხუტებოდი. რა ბედნიერებაა… ჩანთაში ახლად დაწყებული წიგნი მედო. გამახსენდა, რომ ძალიან საინტერესო რომანს ვკითხულობდი: ჯონ აპდაიკი – “ბრაზილია”. კითხვამ ისე გამიტაცა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ ავფრინდით. სასმელები რომ ჩამოატარეს, ჯინ-ტონიკი შევუკვეთე, ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე…. მივხვდი, რომ ჯინ-ტონიკი ტვინს მიხსნიდა და იმდენად მსიამოვნებდა, რომ სახეზე ღიმილი დამთამაშებდა. სასმელმა თავისი ქნა, ფიქრებმა შორს წამიყვანა, მაგრამ წამით არ შევჩერებულვარ, წიგნი ფაქტობრივად, შევყლაპე.
– რომელი ქვეყნიდან ხართ? – დამტვრეული ინგლისურით მკითხა უკან მჯდომმა ბიჭმა.
_ საქართველოდან.
_ საქართველო გამიგია! – ამაყად მითხრა მან.
_ თქვენ საიდან ხართ? – აქცენტი არ მეცნობა, რუსულს წააგავს – ვკითხე მას.
_ იუგოსლავიიდან ვარ.
_ ააჰ, იუგოსლავია! თქვენს ქვეყანაში ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს.
_ მართალია.
_ მე იუგოსლავიელი მეგობარი ცოლ-ქმარი მყავს ამერიკაში, ორივეს საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა აქვს.
_ თქვენ კარგ წიგნს კითხულობთ! – გაეღიმა იუგოსლავიელს.
მივხვდი, რომ ლოყები ამეფაკლა. საიდან იცის, რა წიგნს ვკითხულობ?
_ საიდან იცით რა წიგნს ვკითხულობ?
_ რუსული კითხვა შემიძლია. “<ჰფპბკბზ”. _ ყველა ენაზე ბრაზილიას ნიშნავს. გზაში ძალიან გავერთე, სახეზე გაკვირდებოდით. საინტერესოა დააკვირდე ქალს, რომელიც ისეთ რამეებს კითხულობს, რაც მაგ წიგნში წერია.
ხმა აღარ ამომიღია, ჯობდა გავჩუმებულიყავი. იუგოსლავიელი ბიჭი თურმე მგზავრობისას ჩემს სახეს აკვირდებოდა და ამით ირთობდა თავს. თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ვიცოდი, მას აღარსად შევხვდებოდი. ჩანთიდან წალკმენ_ი ამოვიღე და ყურებში გავირჭვე.
_ რას დალევთ? ყავას თუ ჩაის? – გამომიყვანა ჩემი ფიქრებიდან სტიუარდესამ.
ყავა დავლიე. სულ მალე თვითმფრინავი ვაშინგტონში, დალასის აეროპორტში დაეშვა. როგორც კი საზღვარი გადავკვეთე, თავის მოსაწესრიგებლად ქალების ოთახისაკენ გავემართე. ხელების დაბანისას უკვე მივხვდი, რომ სულ სხვა კონტინენტზე ვიმყოფებოდი.
_ ამერიკააა! – აღმომხდა, არ ვიცი, საიდან, თმა გადავივარცხნე, პომადა წავისვი, ერთი კიდევ შევუბღვირე ჩემს თავს სარკეში, გვერდზე მდგომ ამერიკელ ქალს გავუღიმე და გასასვლელისკენ წავედი.

* * *

როგორც-კი ჰაერზე მოვხვდი, ლურჯ ფორმაში ჩაცმული შავი კაცი მომიახლოვდა და ბარგის ტაქსამდე მიტანა შემომთავაზა. პასუხად ჩემს საგორავებელ ჩემოდანს ხელი დავტაცე და ტაქსებისკენ დამოუკიდებლად გავემართე. სამ თვეზე მეტი სასტუმროში უნდა მეცხოვრა ნიუ-ჯერსის ავენიუზე. წელს ვაშინგტონში უკვე მესამედ ჩამოვდივარ. ერთსა და იმავე ქუჩაზე მიწევს ცხოვრება, ერთსა და იმავე სასტუმროში. სარეგისტრაციო მერხთან ჩემი უკვე კარგი ნაცნობი დებორა შემომეგება. მითხრა, რომ ჩემი ნომერი მეთერთმეტე სართულზე მდებარეობდა. რეგისტრაცია გავიარე, დებორამ გასაღები გადმომცა და ნომერში ავედი. ოთახში შესვლისთანავე საწოლზე დავენარცხე და ჩამეძინა. ალბათ, საღამოს რვა საათი იქნებოდა, როცა გამომეღვიძა. ბნელოდა. სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, თეთრ პირსახოცის ხალათში გავეხვიე და ჩემოდნის ამოლაგებას შევუდექი. ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მივუჩინე, ტელევიზორი ჩავრთე და ტახტზე მოვკალათდი. საჭმელად გარეთ გასვლა დამეზარა და ოთახში შევუკვეთე ვახშამი. ჩემი ხელჩანთიდან პასპორტი და ბილეთი ამოვიღე და უჯრაში ჩავდე. ტელევიზორის ყურება გავაგრძელე, მივხვდი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი. ყველაფერი, რაც ანათებდა, სასწრაფოდ ჩავაქრე და მალევე ჩამეძინა.
დილის შვიდის ნახევარზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
_ დილა მშვიდობისა! მე ჯონ ფლოიდი ვარ! თქვენ ჩემთან ერთად იმუშავებთ მომავალი სამი თვე. რვა საათისთვის სასტუმროში მოვალ, ერთად ვისაუზმოთ. სწავლების განრიგი და მუშაობის ცხრილი უნდა გაგაცნოთ. – მომაყარა ინგლისურად ჯონ ფლოიდმა.
_ ჰაი, ჯონ! – სულ ეს იყო, რისი თქმაც მოვახერხე.
_ შეხვედრამდე!
_ OK, ჯონ!
ღმერთო ჩემო. ეს რა იცის ამ ხალხმა. დილის შვიდის ნახევარზე დამირეკა, მოხსენება წამიკითხა ტელეფონში, მე კი გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათი მუნჯი ვარ.
რვა საათზე პირველ სართულზე ვიყავი დარჭობილი. ჯონ ფლოიდი ისეთი შავკანიანი ბიჭი აღმოჩნდა, რომ მის დანახვაზე უნებლიეთ გამოვფხიზლდი. საუზმისას გაირკვა, რომ დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე სამსახურში ყოფნა მომიწევდა. ნახევარი დღე ბრიფინგებს უნდა დავსწრებოდი, მეორე ნახევარი კი პრეზენტაციის მომზადების ხელობას დავუფლებოდი. ექვსი საათის შემდეგ შემეძლო ამერიკული თავისუფლება მეგემა.
ნასაუზმევს მე და ჯონმა გეზი სამსახურისკენ ავიღეთ. ოფისი სასტუმროდან 5-10 წუთის სავალზე იყო. ამერიკელი ინსტრუქტორი ქალის პირველი ბრიფინგის შემდეგ, ჩემი ოთახი მაჩვენეს. როგორც კი მარტო დავრჩი, კომპიუტერი ჩავრთე და იმეილი შევამოწმე. რა თქმა უნდა, გაგას წერილი დამხვდა: “იმედია, ყველაფერი კარგადაა!” პასუხის გაცემაც კი არ მომინდა. სამსიტყვიანი იმეილი… უცებ საშინლად მოვიწყინე. მივხვდი, რომ ეს სამი თვე ძალიან გაიწელებოდა. დღეს 29 დეკემბერია, ორშაბათი. ორ დღეში ახალი წელი მოდის. მე კი სად ვარ? მარტო ვზივარ ოფისში, ამ სულელური იმეილების ამარა. შვიდი საათისთვის სასტუმროში მოვედი. საღამოს კინოში წასვლა დავგეგმე. რობერტ რედფორდის ახალი ფილმი გადიოდა. კინოში წასვლამდე გადავწყვიტე, თბილისიდან წამოღებული კონვერტი მომეშორებინა თავიდან. ავკრიფე თუ არა ნომერი, ქართულმა ხმამ მიპასუხა:
_ ალო!
_ ალო, ბატონი გიორგი მინდა!
_ მე ვარ.
_ გამარჯობა, თქვენთვის თბილისიდან ჩამოტანილი კონვერტი მაქვს გადმოსაცემი.
_ აა, დიახ. კარგია, რომ დარეკეთ. შემიძლია პირდაპირ იქ მოვიდე, სადაც გაჩერდით.
_ ერთ საათში კინოში ვაპირებ წასვლას, მანამდე თუ შეძლებთ მოსვლას – დაგელოდებით. თუ არა, _ სასტუმროში, პირველ სართულზე, სარეგისტრაციო მაგიდასთან დავტოვებ თქვენს კონვერტს.
_ არა, იცით რა? მითხარით, რომელ კინოთეატრში მიდიხართ და მეც იქ მოვალ.
_ “დიუპონ სერქალ ხუთში”, მეცხრამეტე ქუჩაზე.
_ კარგით იმ შესასვლელთან შევხვდეთ, ხელმარჯვნივ დიდი ლომი რომ არის გამოსახული.
_ ათის ნახევრისთვის მოვალ.
_ შეხვედრამდე.
_ ნახვამდის.
“დიუპონ სერქალ ხუთის” შესასვლელთან ათის ნახევრისთვის მივედი. ის კაცი ჯერ არ ჩანდა.
@ფლეიერი@ მქონდა ჩართული და ბოლო ხმაზე ვუსმენდი. იქ დავდექი, სადაც კედელზე უზარმაზარი ლომი იყო გამოსახული ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი – რობერტ რედფორდი. უცბად წინ უცხო ადამიანი დამიდგა და რაღაც მითხრა, დაბნევაც კი ვერ მოვასწარი, ისე მოვიხსენი ყურსასმენები და მიმიკით ვანიშნე, გაემეორებინა ნათქვამი.
_ გამარჯობა!
_ აა, გამარჯობათ!
_ ელენე თქვენ ხართ ხომ?
_ მე ვარ – გავუღიმე ჩემს წინ მდგომ მამა-კაცს.
_ მგონი არ დამიგვიანია.
_ არა!
_ გიორგი!
_ ლენუ მქვია – ელენეს მხოლოდ მასწავლებლები მეძახდნენ და კიდევ ამერიკელები – Hელენ_ს!
_ ძალიან ლამაზი სახელია! – გაეღიმა გიორგის.
_ გმადლობთ…
_ ფილმის ნახვას აპირებ?
_ დიახ.
_ მარტო ხარ?
_ დიახ.
_ მაშინ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მეც ვნახავ ამ ფილმს შენთან ერთად. საქმე არაფერი მაქვს, თან დავილაპარაკებთ, თბილისის ამბებს მომიყვები.
_ აუცილებლად.
_ რობერტ რედფორდი ჩემი საყვარელი მსახიობია.
_ მართლა? მგონი კარგი ფილმი უნდა იყოს – ვეცადე გამომესწორებინა ჩემი “ოთხასოიანი” პასუხები.
_ იმედია. დამელოდე, ბილეთებს ავიღებ და შევიდეთ.
_ კარგი.
ჩემს თავზე გავბრაზდი. რამ დამამუნჯა? ისე მოვიქეცი, თითქოს სიცოცხლეში პირველად ველაპარაკებოდი ცოცხალ ადამიანს. გამაშტერა ამ კაცის გარეგნობამ და იმ სითბომ, რომელიც მისგან მოდიოდა, მისმა უშუალობამ, ჩაცმულობამ და ხმამ. გამხდარი იყო, ხორბლისფერი კანი ჰქონდა და ჩალისფერი, ოდნავ გახუნებული თმა, გრძელი, გაწელილი მომწვანო თვალები და ყურებამდე გასული პირი. განიერ მხრებს ყავისფერი ველვეტის პიჯაკი უფარავდა. შავი შალის შარვალი ეცვა და კაშნე ეკეთა. სალაროსკენ რომ წავიდა, მის ზურგს გავაყოლე თვალი, ერთი გამომხედა და გამიღიმა. მალე ბილეთებით ხელში დაბრუნდა და კინოთეატრში შევედით. სეანსის დაწყებამდე კა¬ფეში დავსხედით.
_ რა ხდება სამშობლოში? – მკითხა გიორგიმ.
_ არეულობაა, – არ ვიცი, რა ვიგულისხმე “არეულობაში”, მაგრამ იმედია, ყველაფერი დალაგდება, – კიდევ ერთი უაზრო წინადადება… _ თქვენ რას საქმიანობთ ვაშინგტონში?
_ უკვე ცხრა თვეა, აქ ვარ.
_ ბიზნესი?
_ ჰო, რაღაც მაგდაგვარი. მოდით, ჩემს საქმეებზე ნუ ვილაპარაკებთ, ისედაც ყელამდე ვარ ამერიკელ თანამშრომლებთან ურთიერთობის გარკვევით. უკვე გადამიყვანეს ჭკუიდან. სულ სხვა მენტალიტეტი აქვთ. ცოტა დამღალეს, – გამიღიმა.
_ მესმის თქვენი.
_ რამდენ ხანს გაჩერდები აქ?
_ სამ თვეზე მეტი.
_ ძალიან კარგი. ამ ქალაქში ბევრი კარგი ადგილი ვიცი, აუცილებლად გაგიზიარებ, უფრო სწორედ, განახებ, რაც მომწონს….
_ მგონი ფილმი იწყება, – ვთქვი და წამოვდექი.
ფილმი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იყო. როდესაც დამთავრდა, ქუჩას ერთად გავუყევით.
_ დაკვირვებული ვარ, კინოდან რომ გამოვდივარ, ყოველთვის მშია, – მითხრა გიორგიმ.
_ მართლა?
_ არ გშია?
_ მგონი, კი.
_ წავიდეთ, ვივახშმოთ – ერთი კარგი ადგილი ვიცი.
_ გვიან ხომ არ არის?
_ მთავარია, რომ რესტორნებია ღია, თორემ ისე, როცა რამის გაკეთება გინდა, გვიან არასოდეს არ არის. დაიმახსოვრე!
მინდოდა თუ არა უცხო ადამიანთან ერთად ვახშმობა – არ ვიცოდი. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მას ჩემთან ერთად კიდევ მინიმუმ საათნახევრის გატარება სურდა. რატომ? ვეცადე, რაც შეიძლება სწრაფად მომეძებნა პასუხი: იმიტომ, რომ ნოსტალგია აქვს? _ ნუთუ იმდენად ვაგონებ სამშობლოს, რომ თუნდაც საათნახევრით გავუქრობ ნოსტალგიის გრძნობას? იქნებ მარტოობა აქვს მობეზრებული? ან ისეთი ადამიანია, ვისაც მარტო არ უყვარს ჭამა და ნებისმიერ ნაცნობს რესტორანში ეპატიჟება? ხომ შეეძლო, უბრალოდ, კონვერტი გამოერთმია, ორი სიტყვით გამოეკითხა თბილისის ამბები და წასულიყო. მაგრამ, ასე არ გააკეთა. წავყვე?..
_ რა თქმა უნდა, წამოვალ, მართლაც მომშიებია!
_ კარგია.
_ სად წავალთ?
_ ერთი ადგილი ვიცი. ხორცი გიყვარს?
_ ძალიან!
_ მომწონს ქალები, ვისაც ხორცი უყვარს!
_ მე კიდევ მგონია, რომ ქალს უფრო პიკანტური ჭამა უხდება.
_ ვერ დაგეთანხმები. ქალს ძალა სჭირდება, ბევრი რამისთვის – გაეღიმა – მოკლედ, კარგია, თუ ჭამა გიყვარს.
_ მაშინ წავიდეთ იქ, სადაც ამბობ.
_ ნახავ, აუცილებლად მოგეწონება! მენდობი?
_ რატომღაც კი, – გავუღიმე.
ტაქსი გააჩერა, ჩავსხედით. ჯიბიდან ბარათი ამოიღო და მძღოლს მიაწოდა. მანქანა გადანათებულ ავენიუებზე მიქროდა. მე იქით მხარეს ვუყურებდი ქუჩას, საითაც გიორგი იჯდა. შიგადაშიგ მის ულამაზეს პროფილს ვაპარებდი თვალს. სად მოვხვდი? – გავიფიქრე ჩემთვის. ამ უშველებელ ქალაქში, სრულიად მარტო, უცხო კაცთან ერთად. უცებ ჩემი თავი შემეცოდა. მაგრამ სულ მალე ეს გრძნობა სიამაყემ შეცვალა. მხრებში გავსწორდი და, ამდენი რომ არ მეფიქრა, გამოველაპარაკე:
_ მალე მივალთ?
_ ორ-სამ წუთში, – დამაჯერებლად და წყნარად მიპასუხა გიორგიმ, ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
მანქანა ვისკონსინის ავენიუზე მდებარე ია¬პონურ რესტორანთან გაჩერდა. კედელზე იაპონური სტილის ინგლისური შრიფტით ამოტვიფრული წარწერა ამოვიკითხე: “შუსჰი_Kო”.
_ არც გკითხე, გიყვარს თუ არა იაპონური სამზარეულო?
_ მიყვარს.
დავსხედით და წითელ კიმონოში გამოწყობილი, სახეზე ღიმილგაჩერებული იაპონელი გოგონა გვეახლა.
_ თევზი გიყვარს? – მკითხა გიორგიმ.
_ მიყვარს.
_ მაშინ, თუ ნებას დამრთავ, მე შევუკვეთავ.
_ OK! – ვუპასუხე მოკლედ. მანამდე მკითხა, ხორცი გიყვარს თუ არაო? ისე მკითხა, ვიფიქრე ამერიკული სტეიკის საჭმელად მივდიოდით. ახლა მეუბნება, თევზი უნდა შევუკვეთოო. ალბათ მერყევი ხასიათი აქვს…
_ მე წყალს დავლევ, – ვუთხარი ოფიციანტს, რომელიც უკვე იმდენი ხანი იდგა თავდახრილი, რომ კითხვის ნიშანს დამსგავსებოდა.
როდესაც შეკვეთა დასრულდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მუსიკა ისმოდა, ისიც იაპონური. რესტორანს საკმაოდ ლამაზი დიზაინი ჰქონდა. ისევე, როგორც თითქმის ყველა იაპონურ რესტორანში, აქაც ნატურალური ფერი ჭარბობდა. ქვის მაგიდები და ბამბუკის ტახტები ლამაზ გეომეტრიულ მწყობრში იდგა. კედელს უზარმაზარი მარაო ფარავდა, ზედ იეროგლიფებით რაღაც იყო ამოტვიფრული. ამ მარაოს ჩავაშტერდი და თვალს არ ვაცილებდი.
_ იეროგლიფების კითხვა იცი?
_ არა, ნამდვილად არ ვიცი. მგონი ვერც ვერასოდეს ვისწავლი.
_ რატომ, იქნებ ოდესმე თავში რაღაცამ დაგარტყას, გაგიტაცოს აღმოსავლურმა დამწერლობამ და რა თქმა უნდა, იაპონური იეროგლიფების სწავლასაც შეძლებ.
_ არა მგონია, ისე მაგრად დამარტყას რამემ თავში, რომ მანდამდე მივიდე. ამ რესტორანს ლამაზი დიზაინი აქვს. მომწონს ზოგჯერ მინიმალისტური სტილი.
_ აღმოსავლური დიზაინი უფრო მარტივი, მკვეთრი და გრაფიკულია. თეთრი და შავი _ მათი ფერებია. სიმარტივის ფილოსოფია _ ძალიან საინტერესოა. არც ვიცი, რატომ ჰქვია ამ ფილოსოფიას ასეთი უბრალო სახელი – “სიმარტივე”. სიმარტივე ხანდახან ძალიან რთული გასაგებია, არა? განსაკუთრებით აღმოსავლური. ხანდახან მათ ორ სიტყვაში იმდენ რამეს ამოიკითხავ, რასაც დასავლეთში, ზოგ შემთხვევაში, ტრაქტატებს უძღვნიან.
იაპონელი გოგონა მოგვიახლოვდა და დასალევი მოგვიტანა. მე _ წყალი, გიორგის _ ცივი, უშაქრო ჩაი. მალე მოიტანეს სხვადასხვანაირი სუში, სობა _ იაპონური ლაფშა და ერთი დიდი კერძი, რომელსაც “იაკიზაკანა” ერქვა. ეს იყო გრილზე შემწვარი თევზის ნაირსახეობა. ბოლოს ჩაი დავლიეთ და წამოვედით. გარეთ გიორგის მადლობა გადავუხადე და არჩევანი შევუქე.
_ მიხარია, თუ მოგეწონა.
_ ტაქსს გავაჩერებ და სასტუმროში დავბრუნდები, – თითქოს გავაფრთხილე გიორგი.
_ შენ აუცილებლად მოხვდები სასტუმროში, სულ მალე, ოღონდ მე მიგიყვან.
_ გმადლობთ, – ვთქვი და ტაქსის გაჩერებამდე იმას ვფიქრობდი, რომ აი, აქ კი დამთავრდებოდა ჩემი ერთდღიანი ნაცნობობა.
ტაქსი გავაჩერეთ და საუბარი გაგრძელდა:
_ ესე იგი, შენი საყვარელი მსახიობი რობერტ რედფორდია? – მკითხა მან.
_ არა, რობერტ რედფორდი მომწონს და ერთგვარად პატივს ვცემ. ის შედარებით უფროსი თაობის მსახიობია. ჩემი საყვარელი მსახიობი მამაკაცი კი ეთან ჰოუკია. და კიდევ ჩარლი ჩაპლინი მიყვარს ძალიან.
_ გასაგებია. ესე იგი, რობერტ რედფორდმა შენი პატივისცემა და მოწონება ერთდროულად დაიმსახურა. არ ვიცი, რა დაიმსახურა ჩარლი ჩაპლინმა, მაგრამ ეთან ჰოუკი?! ის, ალბათ, როგორც მამაკაცი, ისე მოგწონს?
_ ალბათ. ამავე დროს, რობერტ რედფორდიც ძალიან მომწონს, როგორც მამაკაცი, მაგრამ ერთგვარი რიდი მაქვს მის მიმართ – გავიხუმრე მე, – ეთანი უფრო ჩემი შესაფერისი ბიჭია და თან იმიტომ მომწონს, რომ წერს, მწერალია, იცოდი?
_ არა, არ ვიცოდი, – გაეღიმა გიორგის, – კარგი, აი, ვთქვათ, რობერტ რედფორდმა და შენმა ეთან ჰოუკმა ერთდროულად დაგპატიჟეს კლუბში, რომელს აირჩევდი?
_ ერთ დღეს?
_ ჰო, აი, მოხდა ისე, რომ ერთ დღესაც ორივე გეპატიჟება პაემანზე, – გაეღიმა გიორგის.
_ ალბათ, რობერტ რედფორდს წავყვებოდი.
_ აბა, ეთანი უფრო მომწონსო?
_ მომწონს, მაგრამ რობერტ რედფორდთან უფრო საინტერესო იქნებოდა საუბარი. მას მეტი ექნება გამოცდილი და ნანახი.
_ წარმოგიდგენია, მძღოლს ჩვენი საუბარი რომ ესმოდეს, სასტუმროს ნაცვლად აუცილებლად საგიჟეთში გაგვაქანებდა, – კვდებოდა სიცილით გიორგი. მეც გულიანად მეცინებოდა, ჩვენს უაზრო, დროის გასაწელ საუბარზე.
სასტუმროსთან რომ მივედით, გიორგი მანქანიდან გადმომყვა.
_ აქ შეცილება ნამდვილად ზედმეტ პრანჭვაში ჩამეთვლება, – თქვა მან.
_ დიდი მადლობა!
_ რაღაც კარგი საღამო იყო, არა?
_ ჰო, – ვუთხარი, შემოვტრიალდი და სასტუმროში შესვლა დავაპირე.
_ ესე იგი, მაინც რობერტს ირჩევ? – მომაძახა გიორგიმ.
_ უნდა ვიფიქრო, მერე გული რომ არ დამ¬წყდეს.
_ გასაგებია! – თქვა და ტაქსისკენ წავიდა.

* * *

რაზე ვფიქრობდი უკან დაბრუნებული? რა თქმა უნდა, ძალაუნებურად, მასზე. ოთახში კომპიუტერი არ მქონდა, ბიზნეს-ცენტრში შეიძლებოდა იმეილის შემოწმება, მაგრამ ქვემოთ ჩასვლა დამეზარა. ნეტავ რა უნდოდა გიორგის? შხაპს მივიღებ და მერე ვიფიქრებ… ტელევიზორი ჩავრთე და სააბაზანოში შევედი. ცხელმა წყალმა მომთენთა. უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, არ მეძინებოდა, მაგრამ სიამოვნებით ჩავწექი ჩემს გემრიელ საწოლში. მაინც რა იყო ეს – არაფერიც არ ყოფილა! ჩვეულებრივი გაცნობა, რომელსაც არაფერი მოჰყვება. მე გაგა მყავს. გაგა რომ არ არსებობდეს, მაინც აბსურდია ამ ადამიანზე ფიქრი, ალბათ ჩემზე ბევრად უფროსია, თუმცა ასაკი რა შუაშია… ჩამეძინა.
დილას, სამსახურში წასვლამდე, სასტუმროში ვისაუზმე. გარეთ ძალიან თბილოდა, მზე უკვე ამოსულიყო და ჰაერის დათბობა მოესწრო. სამსახურში მალე მივედი. ბრიფინგს მოვუსმინე, მერე კრებას დავესწარი. გვითხრეს, რომ პირველ და ორ იანვარს დასვენება იყო. ხვალ უკვე ახალი წლის ღამეა. მთელი ოთხი დღე ვარ თავისუფალი და წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა ვაკეთო. უცებ საშინლად მომინდა სახლში, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. გაგაააააააა! _ აღმომხდა სასოწარკვეთით. ჩემს ოთახში შევედი და იმეილი შევამოწმე. ახალი იმეილი არ იყო. საშინლად გავბრაზდი, ავიღე ტელეფონი და გაგას დავურეკე:
_ ალო?
_ ალო კი არა, რას ნიშნავს ის, რომ სულ სამსიტყვიან იმეილებს მწერ?!
_ ვაა, ლენუკ! როგორა ხარ, როგორ?
_ ისე, რა.
_ რა @ისე რა@, ამერიკაში შენ ხარ და “ისე რას” ამბობ?
_ ამერიკაში მე ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარაფერი უნდა მომწერო.
_ რომ მოგწერო, რა აზრი აქვს, მაინც ვერ ჩაგეხუტები.
_ ეგ აზრი როდის აქეთ ჩაიდე თავში?
_ რა, რეალობაა!
_ რეალობა სხვა რამეა.
_ რა?
_ ის, რომ მე მარტო ვარ ამ სიშორეზე და შენ იმეილის წერაც კი გეზარება.
_ კი მაგრამ, გუშინ შენ თვითონ არ მომწერე პასუხი.
_ იმიტომ, რომ შენი იმეილი სამი სიტყვით შემოიფარგლებოდა.
_ რა დაგემართა, ჩემო კარგო, ადრე არასოდეს ყოფილხარ ასეთი აგრესიული. ამერიკაში ხომ არ გაგაბრაზა ვინმემ? – გამეხუმრა გაგა.
_ არა, არა… მომიყევი როგორა ხარ? – უცებ მოვლბი მე.
_ როგორ უნდა ვიყო, წახვედი მაგ ამერიკაში და დამტოვე მარტო ამ ახალ წლებზე. როგორ ვიქნები?
_ არა, მარტო მე ვარ, აქ. შენ შენიანებთან ერთად მაინც შეხვდები.
_ რას იზამ. არ ინერვიულო, სამი თვე მალე გაივლის.
_ კარგი, გკოცნი, უფრო გრძელი იმეილები დამიწერე ხოლმე, კარგი?
_ კარგი, ჩემო ძვირფასო.
_ ხვალ დაგირეკავ.
_ გაკოცებ.
_ მეც.
საღამოს სასტუმროში მივედი. გზაზე ჟურნალები, მექსიკური ჩიფსები და კოკა-კოლა ვიყი¬დე. სახლში პიჟამო ჩავიცვი და ტახტზე გემრიელად მოვკალათდი. ერთი საათი ვათვალიერე ჟურნალები და მივხვდი, რომ მშიოდა. ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი, კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა. საჭვრეტში გავიხედე. კართან ის ბიჭი იდგა, სასტუმროებში “ვალეტს” რომ ეძახიან. კარი გავაღე. “ვალეტი” მიღიმოდა. ხელში საშუალო ზომის ყუთი ეჭირა. მომაწოდა _ გამოვართვი.
_ ეს თქვენ, მემ!
_ რა არის? – შევეკითხე მას.
_ არ ვიცი, ქვემოთ ბიჭმა მოიტანა.
_ ვინ ბიჭმა?
_ არ ვიცი, მემ.
_ დამელოდეთ, – ვუთხარი, სასწრაფოდ სა¬ფულე მოვძებნე, ხუთდოლარიანი ამოვიღე და მივაწოდე – მითხარით, როგორ გამოიყურებოდა ის ბიჭი?
_ ახლავე მემ, მოითმინეთ, ზუსტად გავიხსენო. ჰო, იასამნისფერი ჯინსი ეცვა, ზევიდან წითელი პერანგი და წითელი შალის პალტო. შეღებილი გრძელი, ყვითელი თმა ჰქონდა.
_ მატყუებთ, არა? – შემეცვალა სახე.
_ არა, მართლა ასე გამოიყურებოდა. ჩვენ არასოდეს ვატყუებთ სტუმრებს. ერთ რამესაც დავამატებ, მემ _ მგონი ის ბიჭი “ცისფერი” იყო – დაბალი ხმით გამანდო საიდუმლო “ვალეტმა”.
_ კარგი, გმადლობთ, – ვუთხარი და კარი მივხურე.
ყუთი მაგიდაზე დავდე. სანამ გავხსნიდი, გავიფიქრე – “ნეტავ რა დევს ამ ყუთში?” ან ვინ შეიძლება ყოფილიყო ის “ცისფერი” ბიჭი? რას არ იფიქრებ ქალი, როცა საჩუქარს ხსნი? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო და ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი იყო. ყუთში რობერტ რედფორდის თოჯინა იჯდა. ხელში ბარათი ეჭირა: “გილოცავთ! ხვალ ახალი წელია! ოთხი ღამით ნიუ-იორკში ხომ არ წამობრძანდებით? პასუხისთვის, მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ!” – ეს ყველაფერი ქართულად ეწერა. ჩემი ბუნებრივი რეაქცია არაბუნებრივი სიცილი იყო. არ მჯეროდა, რომ ამ ასაკში, კაცები ასე ირთობდნენ თავს. იმაზე, რაც ბარათში ეწერა, თავიდან ყურადღება არ გამიმახვილებია, უფრო თოჯინამ დამმართა ნამდვილი ისტერიკა. ესეც შენი რობერტ რედფორდი, – გავიფიქრე. უცებ შინაგანად ავფორიაქდი. რატომ მაინდამაიც მე? რატომ მეპატიჟება ბატონი რობერტი ნიუ-იორკში? ეს ფორიაქი დიდხანს გაგრძელდა. ამ შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი… უცხო კაცთან ერთად ნიუ-იორკში არ წავალ, ეგ ხომ მაინც ვიცი, დანამდვილებით. იმდენად ვიცნობ ჩემს თავს. ვიცი, არსად წამსვლელი არა ვარ. ამ ფიქრებში ვიყავი, ტელეფონმა რომ დარეკა.
_ ალო, გამარჯობათ, ქალბატონი ლენუ (ფრანგული აქცენტით წარმოთქვა ჩემი სახელი) ბრძანდებით?
_ გამარჯობათ, ბატონო რობერტ! – სიცილს ვერ ვიკავებდი, თან იმაზე ვფიქრობდი, საიდან მქონდა ამდენი სითამამე, რომ კაცს, რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, აი, ასე ვეთამაშებოდი.
_ პასუხი მჭირდება!
_ რისთვის?
_ იმისთვის, რომ ორი ნომერი დავჯავშნო. სასტუმროები ძალიან გადატვირთულია ნიუ-იორკში, ახალი წელია მაინც…
_ კი მაგრამ, მე არაფერი მომიფიქრებია.
_ რად უნდა იმას ბევრი ფიქრი, როდესაც ხვალ ახალი წელია და თან ნიუ-იორკი სულ რაღაც ხუთი საათის სავალზეა აქედან.
_ არა, ეგ არაფერ შუაშია, ჩემთვის არ არის ადვილი… ეს ყველაფერი გაცილებით რთულია…
_ რთული? მგონი უნდა დათანხმდეთ, თორემ ბატონი რობერტი განრისხდება და აღარსად დაგპატიჟებთ, – იცინოდა გიორგი.
ხმას არ ვიღებდი, ტელეფონი ლოყაზე მიმეყინა.
_ კარგი, სიჩუმე თანხმობის ნიშანია. დილით გამოგივლი სასტუმროში, ათი საათისთვის, ქვემოდან დავრეკავ. მზად იყავი. ნიუ-იორკი მაგარი ქალაქია. ჩემი მეგობრები არიან იქ და საღამოს ახალ წელს მათთან ერთად შევხვდებით. ახლა კი წყნარად დაიძინე, ხვალ მგზავრობა გელის მაინც… – და ყურმილი დაკიდა. არა, ეს სიჩუმე არ ნიშნავდა თანხმობას, მე არა ვარ თანახმა! არ წავალ! სარკეში ჩავიხედე, ფერი არ მედო სახეზე. ღმერთო, როგორ ავირიე, მაგრამ როგორ მინდა ხვალ დილას მატარებელში ჩაჯდომა, ნიუ-იორკში გამგზავრება და არევა. ასე ხომ მარტო ფილმებში ხდება. ლამაზ ამერიკულ ფილმებში. მაგრამ არც ერთ ფილმში, არავინ და არსად არ დაუპატიჟია პატარა თოჯინას, რომელიც აგერ წინ მიდევს და ისე საწყლად მიყურებს, რომ მგონი, უარი არ უნდა ვუთხრა. არა! ეს არ არის ჩვეულებრივი შემოთავაზება. ეს არ ჰგავს იმას, როგორი ცხოვრებითაც მე ვცხოვრობ. ეს არ ჰგავს გაგას არც ერთ დაპატიჟებას, ან რომელიმე იმ ბიჭის დაპატიჟებას, ვისაც ადრე მოვწონებივარ ან მომწონებია. კი, მაგრამ მას მე არ მოვწონვარ! საიდან მოვიტანე?! არ შეიძლება მოეწონო ადამიანს, რომელთანაც სულ რაღაც ოთხიოდე საათი გაქვს გატარებული. მორჩა, მეტს აღარ ვიფიქრებ, ვერ წავალ!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button