სხვადასხვა

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი – “დაბრუნება”

(ციკლიდან “ემიგრანტული მოთხრობები”)

– ძალიან გთხოვთ, კარგად დააკვირდით ამ კაცს! – ომახიანად განაცხადა ჯორჯო არმანის შარვალ-კოსტუმში გამოჭიმულმა ახალგაზრდა თამადამ, რომელიც ცდილობდა, ქართული ტრადიციისამებრ, სუფრაზე მის უკითხავად ბუზი არ გაფრენილიყო. ეს არც ისე ადვილი იყო ამერიკაში გადმოხვეწილი ემიგრანტებისათვის. ჯერ ერთი, ქართულ წესებს ერთგვარად გადაეჩვივნენ და თანაც მოწყურებულები იყვნენ ერთმანეთთან საუბარს. განსაკუთრებით ქალების გაჩერება იყო შეუძლებელი. ისინი გაუთავებლად ყვებოდნენ თავიანთ სამუშაოზე, როგორ ხალხთან მოხვდნენ, რამდენი აქვთ ხელფასი და რამდენი დოლარი გადააგზავნეს იქით, საქართველოში. კაცები კი უფრო საჭმელს ეტანებოდნენ, ასე თუ ისე ქალის ხელს მოკლებულნი, რუსულ რესტორანში დამზადებულ ქართულ კერძებს თან ლანძღავდნენ და თან მუსრს ავლებდნენ.
– ძალიან გთხოვთ, შეხედეთ ამ ახალგაზრდა კაცს! – კიდევ ერთხელ გაიმეორა თამადამ ძალით დაბოხებული ხმით და უკვე გამოცლილ “ხვანჭკარის” ბოთლზე დანა ააკაკუნა, – ეს კაცი, როგორც თითოეული ჩვენგანი, მოწყდა თავის ფესვებს, უზარმაზარ ოკეანეს გადმოუფრინა და მისთვის უცხო, სრულიად უცნობ ქვეყანაში, შორეულ ამერიკაში ჩამოვიდა. ათას დაბრკოლებას და ხიფათს არ შეუშინდა, რათა თავისი მშვენიერი მეუღლის, მარიამისა და პატარა ანგელოზის, ნათიასთვის პურის ფული მიეწოდებინა.
–ეი, ეი,– გაისმა უკმაყოფილო შეძახილები თამადის მისამართით.
– მოიცა, ჩვენ რა, დროს სატარებლად ვართ ჩამოსული? ჩვენც ასე არ გადმოვლახეთ, კაცო, ეს ატლანტიკის ოკეანე?!
– აბა, ერთი მკითხე, რამდენ ოჯახს ვინახავ იქ…
– აბა, მე მკითხეთ, ოთხი ოჯახი მაწევს კისერზე, – წამოიძახა ერთმა შუახნის კაცმა, რომელსაც საცივში ჩამბალი ამერიკული ქათმის ბარკლით ჰქონდა პირი გამოტენილი.
რადგან სუფრის წევრების ყურადღება მიიპყრო, თამადა გაამაყდა, ვახტანგ გორგასალივით ხელი ჰაერში აღმართა და განაგრძო: – მოიცათ, ჩემო ძვირფასო, სისხლო და ხორცო ხალხო! ჯერ გაიგეთ, რატომ მინდა, განსაკუთრებულად შევსვა ამ ქართველი ვაჟკაცის სადღეგრძელო. – ნიკოლოზ! რას იპრანჭები, ადექი, ბიჭო! დაგვენახე, რა მოგივიდა, კაცო?!
ნიკას წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ გადაწყვიტა გიგიმ, დიდი ხნის ნაცნობ-მეგობარმა, რომელთან ერთად ნიუ იორკში ბინას ქირაობდა, მისი დღეგრძელობა და უხერხულად შეიშმუშნა.
– რისი გრცხვენია, ბიჭო, ადექი ფეხზე, დაგვანახე შენი ლამაზი აღნაგობა!
ნიკა სუფრის ბოლოდან აწითლებული წამოიზლაზნა, თან გულში საკუთარ თავს ლანძღავდა, – ხვალ დილით, ექვს საათზე სამსახურში უნდა ვიყო და ამ მატრაკვეცა კაცის ჭკუაზე როგორ გავიარე, რა მექეიფებოდაო.
– ეს ახალგაზრდა ქართველი, – განაგრძო თამადამ და თვალები მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა, – ზოგიერთი ვაჟბატონივით ბრაიტონზე კი არ აბირჟავებს, ქურდბაცაცობს და რაღაც-რაღაცებს იჩხირავს, არამედ წვალობს, ჯახირობს. ხან წავა, სუპერმარკეტს მიალაგ-მიაწკრიალებს, ხან ჩვენს ებრაელ ძმებს, ხასიდებს ჩაეხუტება, რომ ერთი-ორი დოლარი გამოსტყუოს დაღვრილი ოფლის საფასურად. მშენებლობაზე შიტრაკს ააკრავს… ამ ბოლო დროს კი მარმარილოს მოჩუქურთმებას მიჰყო ხელი…
– ოოო… არა, რომელი გვნახე გულზე ხელებდაკრეფილი?! – აყაყანდნენ სუფრის წევრები, მაგრამ თამადამ პოზიცია არ დათმო და განაგრძო.
– ვიცი, ვიცი, გინდათ, ამიჯანყდეთ, რატომ მაინცდამაინც ნიკოლოზი, რითი გვჯობია ნიკოლოზიო, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ! ეს კაცი გჯობიათ! და გჯობიათ არა ათი თავით, არამედ ათასით, ათიათასით…
– რას მიედ-მოედება, – გაიფიქრა ნიკამ და უხერხულობისგან სულ მოიბუზა.
– იცით, რატომ მინდა, ეს კაცი განსაკუთრებულად ვადღეგრძელო?
– განაგრძო თამადამ, – ამ ახალგაზრდა კაცმა დაგვიმტკიცა, რომ სიყვარული არსებობს, ერთგულება, ცოლქმრული ფიცი არსებობს, რომელასაც არც დრო, არც მანძილი, ფული თუ უფულობა არ ამსხვრევს, არ აცამტვერებს. ეს კაცი, 5 წელია, ამ დალოცვილ თუ დაწყევლილ ( ეგ ამერიკელებმა გაარკვიონ ) კოლუმბის აღმოჩენილ მიწაზეა და ცოლს არ უღალატა. ბოლომდე ერთგული დარჩა სიყვარულის! ვერავინ შეაცდინა! ვერც ამერიკელმა, ვერც რუსმა, შავმა, ყვითელმა, ქართველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ათასგვარ ცდუნებას გაუძლო… თანაც, ხალხო, გაითვალისწინეთ, აქ ამერიკაში, სადაც კაცები ქალებთან კი არა, კაცებთანაც კი ცდებიან. ჰმ… – და გიგი ეშმაკურად ახითხითდა.
– ჰოდა, მოდით, მეგობრებო, ამ წმინდა, უმწიკვლო კაცის სადღეგრძელო შევსვათ!
ეს უკვე ნამეტანი იყო. ნიკა ისედაც ნაკვერცხალივით გიზგიზებდა, მაგრამ ახლა ცეცხლი წაეკიდა სახეზე. – ეს ბიჭი გაგიჟდა, მგონი, აღარ წავყვები არსად, არასდროს აღარ წავყვები, – ჩაიბუტბუტა თავისთვის.
სუფრაზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მას მიაჩერდა, მათ შორის თამადაც, რომელიც ისე აეღელვებინა საკუთარ სიტყვებს, ცრემლიც კი უბრწყინავდა ლოყაზე. ზოგიერთ კაცს სახრესავით მოხვდა სადღეგრძელო და სიმწრით ჩაეცინა, ზოგი ფიქრებით შორს გაფრინდა, ალბათ საქართველოში. ქალებმა კი თავი ქუდში იგრძნეს, აქ კაცების ერთგულებაზეა საუბარი, არა ქალებისაზეო.
ნიკას კი მოეჩვენა, რომ ყველა ქალი მას უყურებდა, ოღონდ არა მადლიერებით, როგორც მეუღლის ერთგულ კაცს, არამად გამომწვევად, უტიფრად, თითქოს თითოეული მათგანი თვალებით ეუბნებოდა, როგორ დავიჯერო, ჩემზედაც უარს იტყვიო?
– ნიკოლოზ! გასწორდი, ბიჭო წელში, რა გაქვს მოსაკუნტი, ამაყად და თავაწეული უნდა დადიოდე! – დაარღვია გიგიმ სიჩუმე თავისი ომახიანი შეძახლით.
ამ დროს მიკროფონი ახმაურდა. მუსიკოსებმა 30-წუთიანი შესვენება დამთავრებულად გამოაცხადეს. თამადას ეს არ ეპიტნავა, მაგრამ რას გახდებოდა, რუსული რესტორანი იყო და მათ წესებს უნდა დამორჩილებოდა, ქართული საჭმელები აქ არაფერს წყვეტდა. სუფრიდან ვიღაც წამოხტა, სცენისკენ გაეშურა, მომღერალს ჯიბეში ოცდოლარიანი ჩაუტენა და ყურში რაღაც მრავალმნიშვნელოვნად ჩასჩურჩულა. ნიკამ იფიქრა, – მგონი, მეშველა, ცეკვები რომ დაიწყება, მე ვიღას გავახსენდებიო და შვებით ამოისუნთქა.
მუსიკოსმა მიკროფონში ჩაახველა, დარბაზს კიდევ ერთხელ მიესალმა და გამოაცხადა, რომ სიმღერას უძღვნიდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც 5 წელია, მზიანი საქართველოდან ამერიკაში ჩამოვიდა და რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ცოლისთვის არ უღალატია. დარბაზში ოვაციები ატყდა, განსაკუთრებით რუს კაცებს მოუნდათ, თვალი შეევლოთ ასეთი ქართველისათვის. სუფრის თავიდან კი კვლავ აყვირდა თამადა: – ადექი, ბიჭო! შენ გადღეგრძელებენ, ნუ მომჭერი თავი მთელი ბრაიტონის მასშტაბითო!
– არა, ეს კი მეტისმეტია, ამის მოთმენა აღარ შეიძლება! – შეურაცხყოფილი და უზომოდ გაბრაზებული ნიკა ფეხზე წამოენთო
– ჩემს მეტი გასართობი ვერავინ ნახა? – წამოიძახა და თამადისაკენ გასწია, მაგრამ მისი ხმა მუსიკამ გადაფარა. რუსი მომღერალი თითქმის უაქცენტოდ ასრულებდა მეფაიტონეს სიმღერას. ხალხი წამოიშალა და კმაყოფილი სახით საცეკვაოდ გაემართა. ნიკა თამადას მიუახლოვდა, რომელსაც რამოდენიმე კაცი შემოეკრიბა, თავისი მჭევრმეტყველებით აღტყინებული ერთგულების საღდეგრძელოს სვამდა და გაიძახოდა: – იცით, რამდენი ოჯახი დაინგრა იმის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა?! ხალხის მიგრაციას საზღვარგარეთ ორცოლიანობა მოჰყვა. დიახ, ორცოლიანობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მართლმადიდებელ, ჭეშმარიტ ქრისტიანზე ვლაპარაკობ, კაცო, ქრი-სტი-ანზე! თუ ჩემი არ გჯერათ, პროცენტებით დაგიმტკიცებთ. რუსეთში სამუშაოდ წასული ყოველი 10 დაოჯახებული კაციდან 8 სხვა ქალთან ცხოვრობს, ამას მოჰყვება ამერიკა, ესპანეთი, გერმანია… – ნიკამ გიგის სიმთვრალისაგან დაბუჟებულ სახეს რომ შეხედა, მიხვდა, არ ღირდა მასთან კამათი. – მოიცა, მოგივლი, სახლში რომ მოხვალო, – ჩაილაპარაკა, ხელი ჩაიქნია, უკან გაბრუნდა და გასასვლელისაკენ ხალხის გარღვევა დაიწყო.
ბავშობის დროინდელი სიმღერა სასიამოვნოდ ჩაეღვარა გულში, შემდეგ გულიდან სისხლძარღვებს გაჰყვა და გაბრაზებული სხეული გაუთბო, თითქოს ჯადოსნური მალამო წაუსვესო. საცეკვაო მოედანს გახედა. წყვილები ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და საოცარი გრძნობით ცეკვავდნენ. იცნობდნენ თუ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ესმოდათ თუ არა ქართული სიტყვები, ძალიან დიდი და წარუშლელი რამ აერთიანებდა ამ ხალხს ერთმანეთთან. ეს იყო წარსული.
– იქნებ დავრჩე და სიმღერას ბოლომდე მოვუსმინო, – გაიფიქრა და ფეხი შეანელა, რომ ამ დროს წინ ვიღაც გადაეღობა.
– არ მითხრათ, რომ ასეთი მშვენიერი მუსიკის დროს მიდიხართ, – უთხრა ქალმა ინგლისურად, ხელზე დაებღაუჭა და საცეკვაო მოედანზე შეითრია. შემდეგ თვალის დახამხამებაში კისერზე ხელები შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
მართალია, არ იყო დარწმუნებული ხმამაღალი მუსიკის ფონზე მისი ხმა თუ ისმოდა, მაგრამ მაინც, ტანჯული სახით, გაჭირვებით დაიწყო თავისი ვინაობის დადგენა.
– არ ვიცი… თავადაც არ ვიცი, ვინ ვარ და საიდან ვარ. საერთოდ ქართველი ვარ, აქ კი რუსს მეძახიან, ჰმ… პატრიოტად ვთვლიდი ჩემს თავს, მაგრამ 5 წელია, სამშობლოს ვარ მოწყვეტილი. ცოლი მიყვარდა… ეჰ, ყოველდღე მივდივარ, მივდივარ და ისევ აქ ვარ…
ქალი არც მონოლოგს უსმენდა და არც მუსიკის რიტმს მიჰყვებოდა. ხან ძალიან ახლოს მიეკვრებოდა, კისერზე ხელებს შემოაჭდობდა, მერე უცბად მოსცილდებოდა, ხელებს გაშლიდა, დაბზრიალდებოდა და მასაც დააბზრიალებდა. რაღაც საოცარ ენერგიას ასხივებდა. მისი წითელი თმები ბრჭყვიალა შუქის ფონზე კაშკაშებდა, ის კი გაუთავებლად იცინოდა და იცინოდა. შემდეგ უცებ აქვითინდა და ცხელი ცრემლები ნიკას მხარზე დააფრქვია.
– თქვენ გგონიათ, ადვილია ეს ქალისთვის? – ალაპარაკდა ქართულად. ნიკამ ვერ გაიგო, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში, ემიგრანტობა იყო ძნელი თუ?.. თან გაუკვირდა, ქალი ქართველი რომ გამოდგა. დანამდვილებით ახსოვდა, მათი სუფრიდან არ იყო, თითქოს რუსების ერთ-ერთი დაბადების დღის წვეულებასთან მოჰკრა თვალი?!

. . .

ქუჩაში გამოვიდა და ქაღალდის ხელსახოცს დახედა, რომელიც ბოლო წამს შეაჩეჩა იმ უცნაურმა ქალმა. ტელეფონის ნომერი და “აუცილებლად დამირეკეო!” წაეწერა. საერთოდ აღარ ახსოვდა გიგის ახირებული სადღეგრძელო, ეღიმებოდა და ყურში კვლავ ქალის კისკისი ჩაესმოდა. – მხიარული ვინმე კი იყო, – გაიფიქრა და ხელსახოცი იქვე, კუთხეში მდგარ რკინის ურნაში მოისროლა. შემდეგ თავისი ძველი, დაფახფახებული მანქანის მოსაძებნად გაემართა, რომელიც როგორც ახსოვდა ორი ქუჩის იქით ჰყავდა დაყენებული. კარი ღიღინით გამოაღო, მანქანაში ჩაჯდა და გასაღები გადაატრიალა. – არა, აშკარად კარგი ტიპი იყო, – ჩაილაპარაკა თავისთვის. წუთიერად ჩაფიქრდა. უცბად მანქანიდან გადმოვიდა, ჩქარი ნაბიჯით უკან გაბრუნდა, მიმოიხედა, არავინ დამინახოს, ნაგავში რომ ვიქექებიო და ხელსახოცი სწრაფად ამოიღო. ღამის ბრაიტონზე რუსული რესტორნებიდან გამოსული მთვრალი ქალებისა და კაცების ხმები და მაღალი ქუსლების პაკა-პუკი ისმოდა.

. . .

ხუთს თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც მაღვიძარას წკრიალმა გააყრუა ოთახი. ნიკამ თვალები ოდნავ გაახილა, საათს გადასწვდა და ჩააჩუმა. ხუთი წუთის შემდეგ, მობილური ტელეფონი გამაფრთხილებლად აწრიპინდა. ახლა კი წამოფრინდა ლოგინიდან, მაგრამ საშინელი დაღლილობა იგრძნო, თავიც დამძიმებოდა, უცბათ გაახსენდა წუხანდელი ღამე. გიგის ლოგინს გადახედა, რომელიც კვლავ კოხტად იყო მისწორებული – სად დაეთრევაო, – თავი გადააქნია. შემდეგ ის მხიარული ქალი დაუდგა თვალწინ და ჩაეცინა. პირზე წყალი შეისხა, სასწრაფოდ ჩაიცვა და კიბეზე დაეშვა, სადაც ტაატით მომავალ გიგის გადაეყარა.
– ო, ნიკოლოზ! რა იყო, ბიჭო, რა პიონერივით იქცევი ამ შუა ამერიკაში. სად გაქრი გუშინ?
– სად დადიხარ! რესტორანი სამ საათზე დაიკეტა, – კითხვა შეუბრუნა ნიკამ. გუშინდელი საქმის გასარჩევად დრო ნამდვილად არ ჰქონდა, თანაც შენიშნა, რომ ბატონი თამადა კვლავ შეჭიკჭიკებული იყო.
– რა იყო, ბიჭო, თამაზისთან წავედით და იქ გავაგრძელეთ… ქართველმა კაცმა შაბათ-კვირას არ უნდა დაისვენოს? ყველა შენსავით მარტო შა-ბა-სს კი არ ისვენებს. სხვათა შორის, ყველა აღფრთოვანებულია შენით და მომთხოვეს, სისტემატურად… – ნიკამ დანარჩენი ვეღარ გაიგო, ჩქარობდა, “დანიქინ დონატში” უნდოდა შეერბინა ყავისთვის, სანამ მანჰეტენზე, სამსახურისკენ გაეშურებოდა.

. . .

– როგორ ჩაირა თქვენმა შაბასმა? – ებრაულად მოუქცია უფროსს, რომელსაც ხელის გულისოდენა კიპა ეხურა.
– ღვთის წყალობით, კარგად, კარგად, შენ როგორ გაატარე შაბათი? – ინგლისურად დაუბრუნა კითხვა მისტერ ფრიდმანმა. ნიკას ყოველთვის ავიწყდებოდა ეთქვა მისთვის, რომ შაბათი ქართულადაც შაბათია. თუმცა სალაპარაკო დრო არასდროს არ ჰქონდათ. დღესაც პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ.
– ძალიან კარგია, კარგი ხელობაა, ბრილიანტია, სახლის პატრონიც აღფრთოვანებულია, – შეაქო მისტერ ფრიდმანმა და როგორც ყოველთვის წვრილმანებზე გაამახვილა ყურადღება, ოთხკაციანი ბრიგადა ჩააბარა და წასასვლელად მომზადებული უკან შემობრუნდა. – ჰო, მართლა, “იერუსალიმის ოქრო” მე მგონი, ხვალისთვის აღარ იქნება სამყოფი. საუზმის შემდეგ შეგიძლია ხალხი გაუშვა და ნიუ ჯერსიში, საწყობში ჩაირბინო. დაახლოებით 6 სქვეა ფუტი უნდა დავუმატოთ, ეს ჩემი აზით, მაგრამ გადაზომე და თავად მიიღე გადაწყვეტილება, – უთხრა, ჯიბიდან თავისი საკრედიტო ბარათი ამოიღო და ნიკას გადასცა, როგორც სანდო ხელქვეითს. მისტერ ფრიდმანი უკვე წელიწადი იყო, მასალების ყიდვით თავს აღარ იწუხებდა. გასვლისას კიდევ ერთხელ შემობრუნდა და დაამატა:
– შლომოს მიმიხედე! ხომ იცი, ჩემი ახლობელია. მინდა, ყველაფერი კარგად შეისწავლოს. – ნიკამ სიტყვა მიმიხედეს მოჰკრა თუ არა ყური, შლომო შესვენებაზე საუზმეზე დაპატიჟა.

. . .

– აი, ეს არის ჩემი ძმისშვილი… აფეთქების შემდეგ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა. – დამწუხრებული სახით გულის ჯიბიდან პატარა გოგოს სურათი ამოიღო შლომომ. ნიკა შეწუხებული უსმენდა ისრაელის ამბებს და მანჰეტენზე ძლივს მიგნებულ ქოშერულ ბურგერს ქოშერულ ,,კეჩუპს,, ასხამდა.
– ეჰ, ძმაო, ჩემზე კარგად მაგას ვინ გაიგებს. ჩემს ქვეყანაშიც იყო ომი და ჩემს ქალაქშიც. ბევრი მეგობარი დამეღუპა, – ჩაფიქრდა ნიკა. ემიგრანტობამ ისეთი ემოციური გახადა, რომ წარსულის გახსენება ძალზე უმძიმდა. გადაწყვიტა, საუბრის თემა შეეცვალა.
– ნიუ იორკში მარტო ჩამოხვედი?
– მარტო? ჰმ… – ჩაეცინა შლომოს. – ოთხი გოგო და ორი ბიჭი მყავს. ჩემი უფროსი გოგო 7 წლისაა, უმცროსი – 4 თვის. ბიძაჩემი დიდი ხანია, მეპატიჟებოდა, მაგრამ სანამ ისე არ მოვაგვარე საქმე, რომ ცოლ-შვილიანად წამოვსულიყავი, მანამდე არ ჩამოვედი. არა, ძმაო, მე ჩემი ცოლის და შვილების გარეშე ერთი დღეც ვერ ვიცხოვრებ. ან კი რა აზრი აქვს?! ამბობენ, ნიუ იორკში ფულის გაკეთება შეიძლებაო, მაგრამ ყოველდღე ჩემს პატარას თუ არ ჩავეხუტე, მითხარი, რად მინდა მასეთი ფული?
ხედავ, ძმაო, რა ხდება დღეს მსოფლიოში? ყველა წართმევაზეა გადასული. ეს პოლიტიკოსები ყველაფერს გვართმევენ, მიწას გვართმევენ, სახლს გვართმევენ, ლუკმას გვართმევენ პირიდან. ტერორისტები კი –სიცოცხლეს… მე ჩემს პატარებს მშობლის სითბოს ვერ წავართმევ… არა, არა, – ხელები გაასავსავა შლომომ და თანამოსაუბრეს ინტერესით ჩაეკითხა.
– შენსკენ რა ხდება, როგორ მიდის საქმეები?
ნიკა შეიშმუშნა… შლომოს უცნაური ჩაცმულობა, ორი კულული, საუბრის დროს სასაცილოდ რომ ხტოდა, პატარა ბავშვური სახე უცებ თითქოს სადღაც გაქრა და დაინახა ახალგაზრდა, სერიოზული კაცი, რომელმაც ნათლად იცოდა, რა უნდოდა და რისთვის ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე. ნიკამ ამოიგმინა.

. . .

შლომოს დაშორდა თუ არა, “ლინკოლნ ტუნელისკენ” აიღო გეზი. ქალაქის ცენტრის გადაკვეთა ყოველდღე უწევდა, მაგრამ არც კი აქცევდა ყურადღებას იმ აჭრელებულ რეკლამებს, მანჰეტენის ქუჩები რომ გადაეჭედა. თავისი პრობლემებით დატვირთულს მათი თვალიერების არც დრო ჰქონდა და არც სურვილი. დღეს კი, მიუხედავად იმისა, შლომოსთან საუბარმა დაამძიმა, რატომღაც პირველად შეხედა ერთ-ერთ შენობაზე გაწოლილ ნახევრად შიშველი ქალის სურათს. – რისი რეკლამაა, სიშიშვლის? – ჰკითხა საკუთარ თავს, თუმცა რეკლამის შინაარსი არც აინტერესებდა. ახლა სხვა მხარეს გაიხედა. მულატი გოგო ძალზე მოკლე კაბით იჯდა და ჩამოქნილ ფეხებზე ბოტასს ისინჯავდა. – ბოტასებიც საყიდელი მაქვს, – ჩაიბურტყუნა თავისთვის. იქით “ვიქტორია სექრეტის” მოდელი ბიკინის ამარა ერთ-ერთი ცათამბჯენის კედელზე აღმართულიყო და მკერდის დაფარვას თავისი პატარა ხელებით ამაოდ ცდილობდა. ნიკამ თვალებით შეხვრიპა ქალი. მის მხრებზე გამოსხმულმა ანგელოზის თეთრმა ფრთებმა კი თითქოს სხეულში ეშმაკი ჩაუსახლა. სახეზე ოფლმა დაასხა, მთელი ტანით აკანკალდა, სული შეეხუთა. მოეჩვენა, თითქოს ამ ულამაზესი ქალების არმია ყოველი მხრიდან უტევდა და სადაც იყო, მოიმწყვევდნენ თავიანთ მაცდურ მარწუხებში. ნიკამ გაზს ფეხი დააჭირა და გადაჭედილ ქუჩაში მანქანა რაც შეეძლო სწრაფად გააქროლა.

. . .

საწყობის წინ უზარმაზარი სატვირთო მანქანიდან ლათინოსი ბიჭები მარმარილოს ცლიდნენ. მისტერ ჯოვანი მათ თავზე ადგა და ლექციებს უკითხავდა. ნიკამ ფრიდმანისგან იცოდა, რომ ეს მარმარილოს საწყობი ამ კაცს ეკუთნოდა. ის იტალიიდან და ისრაელიდან ჩამოტანილ საუკეთესო მარმარილოს თავზე დაჰკანკალებდა და კვირაში 7 დღე მუშაობდა. ვერ მიხვდებოდი, მართლა ასეთი შრომისმოყვარე იყო, თუ უბრალოდ, არავის არ ენდობოდა. ნიკას დიდი ამბით ხვდებოდა, როგორც ყველა კლიენტს, მაგრამ ყოველთვის რაღაც უნდა მოემიზეზებინა, ან მეორეჯერ ჩაეყვანა ნიუ ჯერსიში, ან რამოდენიმე საათი ეყურყუტებინა მასალის მოლოდინში. ნიკამ ვერ დაადგინა, მას ექცეოდა ასე, თუ ჩვევად ჰქონდა, ხელოსნებისთვის ეგრძნობინებინა თავისი ძალა და მნიშვნელობა – უჩემოდ ვერაფერს ვერ გახდებითო. ახლაც მოჰკრა თუ არა თვალი, მისკენ სიხარულით გამოექანა და ხელი ჩამოართვა.
– როგორ გიკითხო, როგორ მიდის საქმეები. კვირასაც გამუშავებენ, არა?! რა სირცხვილია, რა სირცხვილი. მაგრამ ჩვენი დროც მოვა, აი, ნახავ, ჩვენი დროც მოვა…
– სად მე და სად შენ?! – გაიფიქრა ნიკამ და როგორც კი დრო იხელთა, საუბარში ჩაურთო, რომ “იერუსალიმის ოქროს” წასაღებად იყო ჩამოსული. ისიც ახსენა, თუ როგორ ეჩქარებოდათ მანჰეტენის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის კლიენტებს სამზარეულოს დამთავრება. მაგრამ რა?
– ჩემი თავი გენაცვალოს. “იერუსალიმის ოქრო” მაქვს საწყობში, დანამდვილებით ვიცი, მაქვს, მაგრამ ცოტა უნდა დაიცადო. მარტო ვარ. ხომ იცი, კვირაა და არავის არ უნდა მუშაობა. დამიბრიყვეს, დამიბრიყვეს, ჰა, ჰა, ჰა… იტალიიდან მასალას ვიბარებ, აუცილებლად უნდა ჩამოვცალო, – უთხრა მისტერ ჯოვანიმ, შემდეგ მისკენ მეგობრულად გადაიხარა და ჩასჩურჩულა, – ხომ იცი, ამ ჯიშის ხალხს თავზე თუ არ დაადექი, სულ დამიმტვრევენ და დამილეწავენ ყველაფერს. მასე სადაა, ძმაო. 7 დღე ვმუშაობ კვირაში, 7 დღე. დამიჯერე, არაფერი მოდის უშრომლად, და-მი-ჯე-რე!
ნიკა შეწუხდა, მაგრამ მეტი რა გზა ჰქონდა. შეეცადა, არ შეემჩნია.
– რამდენ ხანში დავბრუნდე?
– ახლა 2 საათია, არა? დარწმუნებული ვარ, სამ საათში მოვრჩები. ისე კი ექვსამდე აქ ვარ. აბა, გელოდები. გნახავ მალე.

– სად ჯანდაბაში წავიდე ეს სამი საათი? – ჩაილაპარაკა ნიკამ, მანქანაში ჩაჯდა და თვალები მოიფშვნიტა, რაიმე იდეა რომ მოსვლოდა თავში. უცებ წუხანდელი მხიარული ქალი გაახსენდა, რომლის ტელეფონის ნომერიც როგორც ახსოვდა ნიუ ჯერსის კოდით იწყებოდა. სასწრაფოდ ამოქექა საფულე, სადაც წინა ღამით იმ ქალის ნომერი შეინახა.

. . .

ლანა გადაიქანცა დაქალებთან ტელეფონზე საუბარით, რომ გვიანი საუზმის დროც მოვიდა. ექვსი წელი იყო ამ სკლეროზიან ქალს უვლიდა და ისე ჰყავდა მიჩვეული ქართულ საჭმელებს, მისის ფრიდა გონებაზე რომ ყოფილიყო, ალბათ ჩახოხბილის გარეშე ერთი დღე ვერ გაძლებდა.
ახლაც ინვალიდის ეტლით მაგიდასთან მიაგორა, ღრმა ჯამით ჩახოხბილი წინ დაუდგა და ქათამს კოვზით დაუწყო დანაწილება.
– შენი საყვარელი ქათამი, აბა, დააღე პირი, შენი საყვარელი ჩახოხბილი და ჰელენს ვეტყვი, რა კარგი გოგო იყავი დღეს.
ჰელენის ხსენებაზე ბებერი შეინძრა, ლანას თვალები მიაშტერა და ძლივს გასაგონი ხმით შეეკითხა:
– ჰელენი დედაჩემია?
– მისის ფრიდა, არ გრცხვენია? ჰელენი შენი ერთადერთი და უსაყვარლესი ქალიშვილია, შენი ქალიშვილი! – დედა, სულ გამოჩერჩეტდა ეს ქალი, რა მეშველება? – ჩაილაპარაკა შეცხადებით ქართულად და დიდი ლუკმა ჩასჩარა პირში. – ჭამე, შე საცოდავო, ჭამე. რად გინდა ან ეს სახლი, ან ეს ფულები, არაფერი აღარ გესმის, – ამოიოხრა ლანამ.
მისის ფრიდამ თავი გააკანკალა და რაღაცის თქმას შეეცადა. ლანა კოვზით ხელში მოთმინებით დაელოდა.
– როდის წამიყვან დედაჩემთან? – შეწუხებული შეეკითხა მოხუცი.
– ოჰ, გეთაყვა, მე და ჩემს ოჯახს ნამდვილად არ გვაწყობს, რომ დედაშენთან წახვიდე. მით უმეტეს, მე ნამდვილად ვერ წაგიყვან. ოქეი? გეთაყვა, დაეტიე სადაც ხარ! ოქეი? დამიჯერე, მშვენივრად ხარ აქ. მე 24 საათი შენთან ვარ, გბან, გაჭმევ, გასმევ. შენი შვილი ყოველდღე მოდის სანახავად. მეტი რაღა გინდა? გგონია, ასე მოგივლის დედაშენი იქ? ჰმ. იმედია, თბილისში რემონტს დამამთავრებინებ და ავეჯსაც მაყიდინებ. ისე, მისის ფრიდა, ჩვენში დარჩეს და, 500 წელიც რომ იცოცხლო ჩემს ქმარ-შვილს არ გამოელევათ ფულის გასაგზავნი მიზეზი.
ბებერი ბავშვივით დიდხანს ღიღნიდა ლუკმას, ლანა კი შეუძახებდა ხოლმე, ჩაყლაპე, აბა, ჩაყლაპეო. მისი ჩაშრეტილი თვალები მადლიერებით მისჩერებოდა ლანას – მიყვარხარ! –ამოილუღლუღა მოხუცმა. – მეც მიყვარხარ, ძვირფასო, მეც მიყვარხარ! – ლანამ თავი სინანულით გადააქნია და მისი დაპურება გააგრძელა.
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.
– რამდენჯერ ვუთხარი ამ ხალხს, სადილის დროს ნუ დარეკავთ მეთქი! – წამოიძახა აღშფოთებულმა და სასწრაფოდ ყურმილს დასწვდა და მაინც დიდი ცნობისმოყვარეობით ჩასძახა.
– ჰელო? ჰელო?
ნიკამ ღრმად ამოისუნთქა, მხნეობა მოიკრიბა და როგორც იქნა, ამოღერღა ერთი უხერხული ალო.
– ალო? – მეტი ინტერესით ჩაეკითხა ლანა, კაცის ხმა რომ გაიგო.
– შუადღე მშვიდობისა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
– ოჰ, ნიკა?! გამარჯობა, – შეჰყვირა სიხარულით, – რას ამბობ, ჩემთვის ცუდი დრო არ არსებობს. მე ხომ ბებიასთან ვმუშაობ, ამას კი არაფერი ესმის… ნიკა, სად ხარ, არ მოხვალ, არ მესტუმრები?
– ნიუ ჯერსიში გადმოვედი მარმარილოს საყიდლად და დაგირეკეთ.
– აუცილებლად შემომიარე! მე ჰობოკენში ვარ, ჩაიწერე მისამართი, – სულმოუთქმელად მიაყარა ლანამ.
ნიკამ დააყოვნა და შემდეგ რაღაცნაირად მოგუდულად ჩაილაპარაკა:
– ჰო, აბა, მითხარი.
ლანამ სხაპასხუპით ჩააწერინა მისამართი, თან კითხვები დააყარა, – რამდენ ხანში დაგელოდო? ნახევარ საათში მოხვალ? ოცდათხუთმეტ წუთში?
– არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა შემოვლას… პრინციპში, სამი საათი მაქვს დრო… თანაც სამუშაო ფორმით ვარ.
– არ გრცხვენია? უცბად დავაცხობ ხაჭაპურს, კარგი საფერავი მაქვს…
– მმმ, ალბათ ოც წუთში ვიქნები, – უთხრა ნიკამ და თავად გაუკვირდა.
– ჰა, ჰა, ჰა – გადაიკისკისა ლანამ და ყურმილში ჩასძახა – ნიკა! აბა, შენ იცი, გელოდები!
დადო თუ არა ყურმილი, მოხუცს ბოლო კოვზი ჩახოხბილი სასწრაფოდ გადააყლაპა, ეტლი ფანჯარასთან მიაგორა და მისის ფრიდას ყურში ჩაჰყვირა: – გაიხედე, რა კარგი დღეა. როგორ ფიქრობ, მისტერ რეი სახლშია? – შემდეგ მაგრად ჩაკოცნა და სარკისკენ გაექანა. საკუთარი თავის დანახვაზე აღშფოთებულმა წამოიძახა – უფო და მოწესრიგებას შეუდგა.

. . .

ქალებში ყოველთვის პოპულარული იყო. ამერიკამ კი მართლა ერთგულების გამოცდა მოუწყო და ნიკამაც დღემდე ხუთიანზე ჩააბარა. ახლა კი მისტერ ჯოვანის საწყობის ეზოში მანქანაში ზის და ვერაფრით ვერ მიმხვდარა, რა ეშმაკი შეუჩნდა და რატომ დაურეკა იმ უცნაურ ქალს. განსაცდელის დროს დასახმარებლად, როგორც ყოველთვის, ჯადოსნური თილისმასავით ზმანებას მოუხმო. თვალები დახუჭა. მარიამი და ნათია დაუდგა თვალწინ. მარიამს თბილისურ მოდაზე შავები აცვია და პატარა ნათია უჭირავს ხელში. ძალიან ახლოს დგას გაზქურასთან და სითბოს ეფიცხება. მაგიდაზე კი ლამპა ციმციმებს. ნიკა, როგორც ყოველთვის, შენიშვნას აძლევს – ძალიან ახლო ნუ მიგყავს ბავშვი გაზქურასთან. – ცივა, ცივა, მოდი, ნახე, როგორი გაყინული მაქვს ხელები, შეეხე, შეეხე, – ღიმილით პასუხობს მარიამი და მეორე ხელს მისკენ იწვდის.
ეჰ, მართალია, უჭირდათ, მაგრამ ბედნიერები იყვნენ. დავიჯერო, ასე ჯობია? აქ რასაც შოულობს, იქ გზავნის, მაგრამ რა? სურათს თუ არ დახედა, უკვე მარიამის ნაკვთები ავიწყდება. არადა, მთელი თბილისი მაგათ სიყვარულზე ლაპარაკობდა. ნიკამ იქვე, მანქანის მუხრუჭთან მიგდებულ დაჭმუჭნულ ერთდოლარიანს გადახედა. ამაზე გადაცვალეს ის სიყვარული? კი, ახლა მის ნათიას არც საჭმელი აკლია, არც სასმელი, თბილადაც არის, ცეკვაზე დადის, გასტროლებზეც იყო, მაგრამ მამას არ იცნობს, აღარ ახსოვს. როგორია, მიდი და ელაპარაკე ყოველდღე ტელეფონით უცნობ კაცს, რომელზეც ეუბნებიან, მამააო. ამიტომაც მობეზრდა და აიღებს თუ არა ყურმილს, ერთი სიტყვის შემდეგ უკვე სათამაშოდ გარბის. ღირდა კი ეს ყველაფერი ამდენ წვალებად? მათ ხომ წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენი ტანჯვა – წამება გადახდა ამერიკაში. არ ჯობდა, სოფელში გადასულიყვენენ, მოსავალი მოეყვანათ, ძროხა გაეჩინათ და მჭადი ეჭამათ? სამაგიეროდ ერთად იქნებოდნენ. წარმოიდგინა, რა ბედნიერად იცხოვრებდნენ და სიბრაზისგან კბილები გააღრჭიალა. – არა, როგორ გამომიშვა, როგორ გამომიშვა? რომ გეკითხა, ერთი საათი ვერ ძლებდა უჩემოდ. ბიჭებთან რომ გადავიდოდი, ყოველ წუთში მირეკავდა. – მენატრები, მენატრები! – გამოაჯავრა მარიამს. ახლა კი ერთს არ მეტყვის, ჩამოდიო. ის გააკეთე, რაც ნათიასთვის არის კარგიო. რა არის კარგი ნათიასთვის, ეს არის კარგი, სხვა ქალს რომ ვურეკავ? არა, მეც რაღას ვეკითხები? თუ ჯორჯ ბუში მექაჩება კალთებზე, ამერიკაში დარჩიო? რამდენი ჩემისთანა უსაბუთო და არალეგალი წავა აქედან, ამათაც ეგ არ უნდათ? ნუთუ ყველაფერს ბავშვის გულისთვის ვაკეთებთ?! – და ნიკამ თითქოს გახსნა კვანძი მათი ასეთი გაუცხოებისა, მაგრამ მხოლოდ წუთიერად. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჭეშმარიტება. – არა, რამ გამოგვაშტერა და დაგვაბნია ასე? რამ? ამ წლებს, წლებს ვინ დაგვიბრუნებს? – ეკითხებოდა საკუთარ თავს აგონიაში ჩავარდნილი, მაგრამ აურაცხელი კითხვების კორიანტალში ერთ პასუხსაც ვერ პოულობდა. საშინელი ნაღველი მოაწვა, ძალიან მოუნდა, თავის ემიგრანტულ, ვიწრო საწოლზე დაგდებულიყო, თავი ბალიშში ჩაერგო და ერთი გემრიელად ატირებულიყო. დიახ, ატირებულიყო. გამოეტირა ის გაცდენილი, გახუნებული წუთები, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვერ გაატარა. გამოეტირა ის დღე, როცა ნათია პირველად წავიდა სკოლაში. არ მოუსმენია, როგორ მარცვლავდა დედა ენას. ნეტავ როგორ ჩაიარა დის ქორწილმა, არ იცნობდა სიძეს, ვერ დაესწრო დისშვილის დაბადებას, ალბათ რამდენი ნაოჭი გაუჩნდა დედამისს მის არყოფნაში… ამდენს ვეღარ გაუძლო, მანქანა მოსწყვიტა და ნიუ იორკისკენ გააქანა. ამ დროს მობილური ტელეფონი აწკრიალდა. ლანა რეკავდა.
– ნიკა, შემწვარ ბადრიჯანზე როგორ ხარ?
უცბათ გაახსენდა მისტერ ჯოვანი, მარმარილო, მოკისკისე ქალი და თითქოს ხმა ჩაუწყდა, ყელი გაუშრა…

. . .

თავდახრილი, უხერხულად იდგა კარის წინ “ენტიმენტის” ყუთით და თავის ჩაცმულობას ათვალიერებდა. ახლა შეამჩნია, რომ ზანგი ბიჭებივით განიერი და ჩაჩაჩული ჯინსები ეცვა, თითქოს ჩონჩხზე წამოაცვესო. ბოტასებიც საოცრად დიდი მოეჩვენა. ეს სამუშაოდ მოსახერხებელი ამერიკული მოდა რაღაც თვალში აღარ მოუვიდა და სასაცილო ჯამბაზად წარმოიდგინა თავი.
– ნეტავ ლანა როგორ გამოიყურება სახლში? წუხელ საოცრად გადაპრანჭული იყო, – გაიფიქრა და ღილაკს ოდნავ შეეხო.
კარი უჩვეულოდ სწრაფად გაიღო, ლანამ ორივე ხელი გაშალა და ნიკას ისე ჩაეხვია, როგორც ათი წლის უნახავ მეგობარს. თან დაუფარავად დაყნოსა, მაგრამ, მარმარილოს ფილებისა და წებოს სუნმა ვერაფერი გაახსენა. შემდეგ კი ბედნიერად აკისკისდა და სახლში შეუძღვა. ნიკამ წითელი აბრეშუმის ხალათს ალმაცერად შეავლო თვალი.
– ალბათ “ვიქტორია სეკრეტისაა” ამის გულისთვის იკლავენ აქ ქალები მუშაობით თავს.
ლანამ კი სტუმარი დაუფარავად აათვალ-ჩაათვალიერა და შეჰყვირა:
– მომიკვდეს თავი! მართლა დაღლილი ჩანხარ! – შემდეგ სახე ძალიან ახლოს მიუტანა და მრავლისმთქმელი თვალებით ჩასჩურჩულა:
– არა უშავს, სულ მალე თავს მშვენივრად იგრძნობ, ხაჭაპური ცხვება, საუნა კი უკვე მზადაა.
– საუნა? რა საუნა, რომელი საუნა? – უნდოდა ეკითხა, მაგრამ რაღა დროს, ლანას ხელი ჩაეჭიდა და სახლის სიღრმეში რომელიღაც მიმართულებით მიჰყავდა. თან გაუთავებლად ლაპარაკობდა.
– აი, ეს არის ჩვენი სახლი. ხომ მოგეწონა? ხომ ძალიან საყვარელი სახლია? წარმოგიდგენია? ჩვენ მარტო ვართ, არავინ გვაწუხებს, ბებია და მე. ბებია გიჟდება ჩემზე. მე მგონი, თავის გოგოზე მეტად ვუყვარვარ. სკლეროზი რომ არ სჭირდეს, დარწმუნებული ვარ, ანდერძში ჩამწერდა, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი შვილი აღარ ახსოვს, ვინ არის.
ნიკა ინვალიდის ეტლში მჯდარ, გადაპრანჭულ, ბებერ თოჯინას დააყენა თავზე.
– მისის ფრიდა, ნახე, ვინ გვესტუმრა, შენ რომ ნამცხვარი გიყვარს, ზუსტად ის მოგვიტანა, – ჩასძახოდა ლანა, – ნახე, რა კარგი სტუმარი გვყავს. მისი სახელია ნი-კა. შენ ხომ გიყვარს ლამაზი კაცები? ხომ გიყვარს ახალგაზრდა კაცები?
ნიკა უხერხულობისაგან შეიშმუშნა, თან მასპინძელს მიშტერებოდა. ბებიას წარბები, თვალბი, ტუჩები, ლოყები შეღებილი ჰქონდა და მას თავიდან ფეხებამდე მუშტრის თვალით ათვალიერებდა.
– ჩვენ შარშანაც გვყავდა ბოიფრენდი, სანამ “ალტსაიმერი” გაგვიუარესდებოდა, აბა? ახლა კი ძირითადად სულ პირველ სართულზე ვართ, მეორეზე ბებია ვეღარ ადის. მაგრამ ჩემი ოთახი კვლავ ზევითაა – ლანა უკვე მეორე სართულისკენ მიუძღვებოდა ნიკას.
პირველად საკმაოდ განიერ, როგორც ამერიკაში ეძახიან, სამეფო საწოლს მოჰკრა თვალი, რომელზეც ფერად-ფერადი ბალიშების გორები იდგა. ამ დროს ლანა კუთხში მდგარი კომპიუტერის მაგიდისკენ გაექანა და ქმარ -შვილის სურათი ხელის ერთი წაკვრით გადააყირავა. ნიკამ ახლა დაბალ, ყავის მაგიდას გადახედა, სადაც ორი ბოთლი საფერავი თითქოს ერთმანეთს ეუბნებოდა – ნეტავ აქ საიდან გავჩნდით, აქ რა გვინდაო. მაგიდაზე წყვილი ვარდისფერი სანთელი ლიცლიცებდა და გამაბრუებელი სურნელით ავსებდა იქაურობას. ამ საოცრად ინტიმური სიტუაციის აღქმა ვერც მოასწრო, რომ ლანამ კვლავ ხელი დასტაცა და სხვა მიმართულებით გააქანა.
– ხომ მოგეწონა ჩემი ოთახი? მისის ფრიდას ქალიშვილმა 32 – ინჩიანი ტელევიზორი მიყიდა თავისი დივიდით, რომ არ მომეწყინოს. კომპიუტერიც მაგათი ნაჩუქარია, ზედ მყვებიან, თავს მევლებიან…
ნიკამ ფართო სააბაზანოში ამოყო თავი. საუნაში წყალი თქვიფთქვიფებდა, გამხმარი ეგზოტიკური ყვავილებით სავსე ლარნაკებიდან დამათრობელი სუნი იღვრებოდა. აქაც სანთელი ენთო, ამერიკული რომანტიზმის აუცილებელი ატრიბუტი, რაც თბილისის უშუქობის შემდეგ ნიკას ჭირის დღესავით სძულდა.
ლანამ გაბერილ ბოთლს სახურავი მოჰხადა და ბლანტი მწვანე სითხე მობუყბუყე წყალში გრძნეული ქალივით ჩაუშვა, რომელიც ერთ წუთში სპეტაკ ქაფად გადაიქცა. ამ დროს ნიკას ქალის იმ ქაფივით ქათქათა ფეხებისკენ გაექცა მზერა და გაიფიქრა – ეტყობა, 5 წელი მზის სხივი არ მოხვედრიაო.
ლანა მასთან ახლოს მივიდა, თვალები დახუჭა, ლოყით ლოყაზე მიეკრა და ყურში ჩასჩურჩულა:
– არ მითხრა, რომ ასეთი აბაზანა ბრუკლინშიც გაქვს. მე დაბლა ჩავალ, ბებიას და ხაჭაპურს დავხედავ… ნიკა, დამიჯერე, ისეთ სიამოვნებას იგრძნობ, თითქოს გოგირდის აბანოში დაგებანოს. ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მოგეხსნება, ენერგია მოგემატება, გეგონება, ახლიდან დაიბადე. წყალი თავად გიკეთებს მასაჟს.
– წყალი თავად გიკეთებს მასაჟს, – გულში მორჩილად გაიმეორა მისი სიტყვები.
მიუხედავად იმისა, ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი კარგად ესმოდა, თუ საითაც მიაქანებდა ეს სიტუაცია, მაინც აბსოლუტურად უძლური იყო. კიდევ ერთხელ გაახსენდა, რომ ლანა იყო პირველი ქალი იმ მრავალთაგან, ხუთი წლის მანძილზე ამერიკაში რომ გადააწყდა, ვისაც წინააღმდეგობას ვერ უწევდა. რატომ? რის გამო? დროის ფაქტორი თამაშობდა მთავარ როლს, გიგის სადღეგრძელო თუ თავად ამ ქალის რაღაც ჯადოსნური ენერგია, ამის ახსნის დრო უკვე აღარ ჰქონდა. შიშველი, ვარდისფერი პირსახოცით ხელში ვიღაც ამერიკელი ბებრის სახლში იდგა და მის მასაჟიან საუნაში ჩასაწოლად ემზადებოდა. ისეთ აბაზანაში აპირებდა ჩაწოლას, რომელშიც თითიც არ ჩააყოფინეს და არც კი ჰკითხეს, ძალიან ცხელი იყო მისთვის თუ გრილი.
ლანა არ ტყუოდა, მართლა საოცარი სიამოვნება იგრძნო. წყლის წნევა სხეულის ყველა კუნჭულში უძვრებოდა და მასაჟს უკეთებდა. დაძაბულობა თანდათან მოეხსნა და ნეტარებით კატასავით აკრუტუნდა. განსაკუთრებით მოსწონდა, წყლის ზედაპირზე სქლად დაფენილი თეთრი, სპეტაკი ქაფი, თითქოს ღრუბლებში დაცურავდა.
მართლა არ განეცადა ასეთი სიამოვნება ამ 5 წლის მანძილზე. ბიჭები დადიოდნენ ბრუკლინში რუსულ აბანოში, მაგრამ თავად ენანებოდა 15 დოლარის გადახდა. თითოეულ კაპიკს მარიამს და ბავშვს უგზავნიდა. წუთიერად მივიწყებული მარიამის გახსენებაზე თვალები ძალუმად დახუჭა, თითქოს საკუთარ თავს დაემალა. ძალიან, ძალიან შერცხვა მარიამის.
– ეჰ,– ამოიოხრა, მაგრამ უცბათ სული შეუგუბდა. ლანა საუნასთან დაჩოქილიყო და საკოცნელად წაეტანა. შემდეგ გადაიკისკისა: – ისე დაგხედე, როგორ ხარ? კვლავ ქვევით ჩავალო, – ჩაილაპარაკა და უკან გაცქრიალდა.
თვალი გააყოლა. ისიც არ იცოდა, მოსწონდა თუ არა ეს ქალი, ან რამ მოხიბლა მასში. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო, იქნებ მასაც ქმარი და შვილები ელოდებოდნენ საქართველოში? იქნებ ესეც დაიღალა მარტოობით და ერთგულებით? შვილები რომ არა, აბა, რა ძალამ გამოამწყვდია 5 წელი ამ ოთხ კედელში ეს დაუდგრომელი ქალი? – ნიკამ ამის გაფიქრება ძლივს მოასწრო, რომ ლანა ალივით კვლავ იქ გაჩნდა.
– მითხარი, მოგწონვარ? – ჩასჩურჩულა და თმაში ხელი შეუცურა.
– იცი, რა? – ხმამაღლა ჩაფიქრდა ნიკა, – მე მგონი, ძალიან, ძალიან მაგარი ქალი ხარ! – უთხრა და თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოეხსნა, ამოისუნთქა და თავი ისეთ უდარდელ კაცად იგრძო, გარშემო მრავლად რომ ეხვია.
– ოთახში შედი და იქ დამელოდე! – უთხრა მბრძანებლურად.
ლანამ მონუსხულად შეხედა, პირველად შეიგრძნო ამ კაცის ძალა. თვალები სიხარულით აუციმციმდა. უსიტყვოდ დაემორჩილა. ნიკა მითიური პოსეიდონივით ამოიზარდა ქაფებიდან, ვარდისფერ პირსახოცს დასწვდა, წელზე შემოიხვია და ქალს ფეხდაფეხ გაჰყვა. ლანა კართან შეჩერდა. ნიკა მიუახლოვდა, მისი თმა და ყელი დაყნოსა. სუნამოს და წამლების ერთმანეთში არეული სუნი ეცა. ახლა ქალი იყო შემცბარი, თითქოს რაღაც აწუხებდა. რადგან წინააღმდეგობა იგრძნო, უფრო მიეხუტა, წელზე ხელი შემოხვია და თან კარს მიაწვა. უნდოდა, ჩქარა შესულიყო საძინებელში, მაგრამ კარი არ გაიღო. ნიკა სახელურს მოუთმენლად დაეჯაჯგურა. ლანა მის ტუჩებს აერიდა და შემცბარმა ჩაილაპარაკა:
– ნიკა, კარი გამოგიკეტავს, მგონი, დამავიწყდა მეთქვა, რომ გასაღები დაკარგულია.
ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს და ლანას ნეკნებს სულ ტკაცა-ტკუცი აუტეხა.
– ნიკა, კარი გამოგიხურავს… გაფრთხილება დამავიწყდა, ჩემო სიცოცხლე. მოდი, იმ ოთახში შევიდეთ… იქით ოთახშიც არის საწოლი… დიდი საწოლი… – ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩურჩულებდა ლანა.
დროის რაღაც დაუთვლელმა მონაკვეთმა განვლო… ნიკა უცებ ისეთ საზიზღარ გუნებაზე დადგა, როგორც ნარკოზიდან ახლად გამოფხიზლებული პაციენტი.
– ჩაიკეტა? რას ნიშნავს ჩაიკეტა? ჩემი ტანსაცმელი?! – იყვირა განწირული ხმით.
– ამ წუთში ნამდვილად არ გვინდა ტანსაცმელი, – მოქაჩა ქალმა მრავლისმთქმელი თვალებით.
– კი, მაგრამ ჩემი ტანსაცმელი? რას ჰქვია ჩაიკეტა, როგორ თუ ჩაიკეტა!? მარმარილო? მარმარილო? – გაიძახოდა ნიკა ახირებული ბავშვივით და კარს ეჯაჯგურებოდა.
– უნდა გავტეხო! – წამოიძახა და სიბრაზისგან გამწვანებული კარს მთელი ძალით მიენარცხა.
– რას ამბობ, ჩემი სახლი კი არ არის! – შეჰყვირა ლანამ და წინ გადაუდგა. თუმცა იმ წუთში კარზე მეტად ძლივს მიღწეულ ინტიმური განწყობილების გადარჩენაზე დარდობდა, თვალსა და ხელს შუა რომ უქრებოდა. უნუგეშოდ მიმოიხედა და ორივე ხელით კაცს ყელზე ჩამოეკიდა.
– დამანებე, ქალო, თავი! – წამოიძახა გაუცხოებულმა კაცმა, ხელი უხეშად აუკრა და საერთოდ გაწყვიტა ის უხილავი ძაფი, რაც თითქოს წუთიერად მათ შორის გაიბა. ლანამ წყენა მორჩილად გადაყლაპა და ჩაილაპარაკა:
– რა იყო, რა მოხდა ასეთი, კარი ჩაიკეტა, არ უნდა გამოგეხურა.
– კი მაგრამ ჩემი ტანსაცმელი, ჩემი ტანსაცმელი… მარმარილო…
– რა იყო, ბიჭო, რაღაცას მოვფიქრებ… სულაც, დიდი კიბე გვაქვს გარაჟში. ფანჯარა მე სულ ღია მაქვს, – გამოსავალს რომ მიაგნო, გახარებულმა წამოიძახა და ყინულად ქცეულ ნიკას იმედიანად გაუღიმა.
– ნამდვილად მახსოვს, რომ კიბე გვაქვს, – შემცბარი იმეორებდა ლანა და გარაჟისკენ მიუძღოდა ნიკას. ვერცხლისფერი საკმაოდ გძელი კიბე შესასვლელთან მიათრია და კვლავ უხეშად დაიყვირა:
– კარი გააღე, ქალო!
ლანამ სასწრაფოდ შეასრულა მისი ბრძანება. ნიკა გარეთ გავარდა.
– რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ასეთი!? კარი ჩაიკეტა, ქვეყანა ხომ არ დაქცეულა? ღმერთო ჩემო, ეს ვინ ყოფილა?! – ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა ლანამ. ნიკამ კიბე იღლიაში ამოიდო და პირსახოცშემოფარებულმა მაუგლივით სახლის გარშემო დაიწყო სირბილი. ფანჯრას ეძებდა.
ლანა მიხვდა რომ მის სექსუალური ილუზიებს ახდენა არ ეწერა და რეალობას დაუბრუნდა. ფანჯარა დაანახა – ეს არის, ბიჭო, ეს! წავედი, ბებრს უნდა დავხედო, თავში ქვა გიხლიაო, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და სახლში შებრუნდა.

ნერვებისაგან თუ სიცივისაგან თავიდან ფეხებამდე კანკალებდა და ტანში აზრიალებდა. კიბე კედელს გაჭირვებით მიაყუდა და ზედ აფოფხება დაიწყო, მაგრამ დაუდევრად მიყუდებული მოუცურდა და ნელ-ნელა დაბლა წამოვიდა. ნიკას თავბრუ დაეხვა, ცა ამოტრიალდა, თითქოს ნაჭერი ტანიდან დაუსხლტა, კიბეს ხელი უშვა და პირსახოცს დასწვდა სიშიშვლის დასაფარავად. ახლა კი მართლა გვარიანად მოცურდა, მაგრამ სანამ ძირს დაეცემოდა, ჩამოხტომა მოასწრო. ტკივილისგან დაიმანჭა. გაახსენდა ფეხშიშველი რომ იყო. – უფო, – ჩაილაპარაკა და ახლიდან დაიწყო კიბეზე აფოფხება.

. . .

მისტერ რეი ზლაზვნით გადმოვიდა მანქანიდან, საბარგული ახადა და ნავაჭრის ამოლაგებას შეუდგა. სუპერმარკეტში ჩვეულ საკვირაო ვაჭრობაზე აუარებელი პროდუქტი შეეძინა. ხვნეშა-ხვნეშით იღებდა პარკებს და იქვე, სახლის წინ ტროტუარზე ალაგებდა. – ნეტავ ლანას რაიმეს დაბარება ხომ არ უნდოდაო, გაიფიქრა და მისის ფრიდას სახლს დამნაშავე ბავშვივით გახედა. მისტერ რეიმ თვალებს არ დაუჯერა, როდესაც მეზობლის სახლის კედელზე ხვლიკივით მიკრული შიშველი კაცი დაინახა. ჯერ პირი დააღო, შემდეგ თვალები მოიფშვნიტა, მართლა ხდება თუ მეჩვენებაო. როგორც კი მიხვდა, ეს ყველაფერი ცხადი იყო შიშისგან შეხტა და პირზე ხელი აიფარა, ყელში მობჯენილი ყვირილი რომ მოეგუდა.
– მძარცველები, მძარცველები, ღმერთო ჩემო, მძარცველები, – ჩურჩულებდა, დაბნეული ერთ ადგილზე ბზრიალებდა, ხელებს ტანზე იფათურებდა და მობილურ ტელეფონს ეძებდა. შემდეგ გაახსენდა, – ალბათ მანქანაში დამრჩაო. დაბლა გაწვა, მანქანაში ნახევრად შეცოცდა და ხელი აქეთ -იქით მოაფათურა. მობილური იპოვა თუ არა, სასწრაფოდ 911 აკრიფა.
– სახლს ძარცვავენ, ჩქარა, ჩქარა, – სხაპასხუპით მიაყარა ოპერატორს.
– რას აკეთებს ამ წუთში მძარცველი?
– ფანჯრიდან აპირებს გადაძრომას.
– რამდენი არიან?
– ჯერჯერობით ერთს ვხედავ. თუ შეიძლება, ჩქარა მოდით, თორემ მისის ფრიდას მოკლავენ, არადა, მისმა ქალიშვილმა მისის ფრიდა და მომვლელი ქალი მე ჩამაბარა. მაგრამ მე რა ვქნა? მძარცველს ალბათ იარაღი აქვს. გთხოვთ, გამოგზავნოთ პოლიცია, გთხოვთ.
– შეგიძლიათ, აღწეროთ მძარცველი? რომელი რასის წარმომადგენელია? შავია, ესპანური წარმოშობისაა…
– შიშველია… დამერწმუნეთ, სანამ მე ავღწერ, ის ფანჯრიდან გადაძვრება და იმ ორ უმწეო ქალს მოკლავს. აბა, ახლა მაგის დროა? ძალიან გთხოვთ, პოლიცია გამოგზავნეთ…
– პოლიცია უკე წამოვიდა დანაშაულის ადგილზე, მე უბრალოდ მონაცემებს ვავსებ, – უთხრა ოპერატორმა ქალმა აუღელვებლად, მაგრამ მისტერ რეი მაინც გამწარებული ემუდარებოდა, გამოეშვათ პოლიცია. მანქანას ამოფარებული ვიშვიშებდა და ხედავდა, მძარცველი როგორ მიიწევდა მაღლა და მაღლა. მაგრამ რა ექნა? მეტი დახმარება არ შეეძლო, გმირი ნამდვილად არ იყო. უცბად გაახსენდა, რომ მისის ფრიდას ქალიშვილის ნომერი მობილურ ტელეფონში ჰქონდა შენახული. ოპერეტორს მოულოდნელად ყურმილი დაუკიდა და საშველად ჰელენთან დარეკა.

. . .

ლანა მისის ფრიდას ეტლის გვერდით აყუდებულიყო და თავბედს იწყევლიდა. – გიჟია, ნამდვილი გიჟი. ამ ამერიკაში ყველა როგორ გაგიჟდა?! ჰმ, ჩემი ჩათვლით… კარი ვის არ ჩაკეტვია? არა, თუ მარმარილო უფრო მნიშვნელოვანი იყო, აქ რაღას მოეთრეოდა?! – გაგულისებული ლაპარაკობდა და სიგარეტს აბოლებდა. ამ დროს ზარის ხმა გაისმა. ალბათ ნიკამ კვლავ ვერ მიაგნო ფანჯარასო, – გაიფიქრა და გაცეცხლებული კარის გასაღებად გაემართა, მაგრამ გაოცებისაგან შეჰკივლა, პისტოლეტმომარჯვებული პოლიციელი რომ დაინახა.
– ახლახან თქვენი სახლის ფანჯარაში ვიღაც გადმოძვრა. თქვენ არაფერი გაგიგიათ?
ლანას ენა ჩაუვარდა და შიშისგან გადაფითრდა. ღია კარში თვალი მოჰკრა აკანკალებულ მისტერ რეის. ის ჰელენს და მის მეუღლეს გულამომჯდარი რაღაცას უყვებოდა.
ლანას თვალწინ გაირბინა ვიდეოში ნანახმა, ვაკეში შეძენილმა ახალმა ოთხოთახიანმა ბინამ, სადაც გაცხარებული ევრორემონტი მიმდინარეობდა. უკვე წამოზრდილმა ბიჭებმა, რომელთა მოწყობას უნივერსიტეტში, იურდიული ფაკულტეტზე აპირებდა. ქმრის ახალმა გატაცებამ – “კრაისლერმა “ და მთელმა რიგმა გეგმებმა, რომელთაც მხოლოდ ამ სამსახურით თუ შეესხმებოდა ფრთები. – რომ ვთქვა, ამ კაცს ვიცნობო, ვაითუ პოლიციამ ყველაფერი ამოქექოს და ჰელენს პრობლემები შეუქმნას ჩემი უსაბუთოდ დაქირავების გამო. ამას, რა თქმა უნდა, ამ სამსახურის დაკარგვა მოჰყვება და ალბათ კიდევ მთელი რიგი უსიამოვნო ფაქტები.
– არა! არ ვიცნობ იმ კაცს! – აღმოხდა ლანას.
პოლიციელმა უარი რომ მიიღო, ლანა გვერდზე გასწია და მეორე სართულის კიბეს ფრთხილად, კატასავით აუყვა.
– დედას ხომ არაფერი შეემთხვა, დედა სად არის? – მიეჭრა ჰელენი ლანას, რომელიც გაფითრებული იდგა ზღურბლზე.
– მისის ფრიდა კარგად არის, – უთხრა ჰელენს, მაგრამ ვაიმე ნიკა? – შეჰკივლა გულში.

. . .

ფანჯარა მართლა ღია აღმოჩნდა. ნიკამ ოთახში ისკუპა, ტანსაცმელს მივარდა და ჯარისკაცის სისწრაფით დაიწყო ჩაცმა. ჩაიცვა, უზარმაზარ ბოტასებში ჩაყო თუ არა ფეხები, შვებით ამოისუნთქა და კარს გასაღებად ეცა, მაგრამ ცხვირთან პისტოლეტის ლულას გადააწყდა.
– ხელები მაღლა, თორემ გესვრი! – იყვირა წითურმა პოლიციელმა.
ნიკა გახევდა, ვერ გაიგო, რა ხდებოდა და ინსტინქტურად უკან, ფანჯრისკენ მიიხედა.
– არ გაინძრე, ალყაში ხარ! – იყვირა მისივე მიყუდებული კიბიდან ამომძვრალმა მეორე პოლიციელმა, რომელსაც ფანჯარაში თავი და პისტოლეტი ერთად ამოეყო.
– ხელები მაღლა! ზურგით კედლისაკენ! ფეხები განზე! – უბრძანა პირველმა პოლიციელმა და ნიკა თვალის დახამხამებაში კედელთან ააყუდა. შემდეგ ზევიდან ქვევით ხელები მოუფათურა. ჯიბიდან სავარცხელი, 30 დოლარი და საკრედიტო ბარათი ამოუძვრინა, კოლეგას ანიშნა, არაფერი არ აქვსო და კვლავ ცივი ხმით იყვირა:
– სახით ჩემსკენ!
ნიკა მძიმედ, თავდახრილი შემოტრიალდა. პოლიციელმა კითხვების ზღვა მიაყარა:
– რა მიზნით გადმოძვერი?
– რა გქონდა განზრახული?
– რის მოპარვას აპირებდი?
– რა გინდოდა ამ სახლში?
– როგორ გააღე გარაჟის კარი?
მიხვდა, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა. რაც მთავარი იყო, არ უნდოდა, ევნო ლანასთვის, რომელთან ნაცნობობაც მას ალბათ სიკეთეს არ მოუტანდა. მან ხომ სხვისი სახლის კარი ასე გულთბილად გაუღო და გაჩუმება არჩია.
რადგან პასუხი არ მიიღო, პოლიციელმა სრული უფლება მოიპოვა, დაეყვირა: – თქვენ დაკავებული ხართ!
ნიკას ხელები გადაუტრიალეს, ბორკილები დაადეს და კიბისკენ გზა უჩვენეს. კიბის ბოლოს, კართან მოხუცის ეტლთან ფერდაკარგული ლანა იდგა, რომელსაც ჰელენი, მისი მეუღლე და მისტერ რეი ამშვიდებდნენ.
გზა კიბიდან კარამდე ისეთი გრძელი და უსასრულო ეჩვენა, თითქოს უკვე მოიხადა 20 – წლინი სასჯელი ცოლის ღალატისთვისო. ზომბივით გაიარა მათ წინ. შინაგანად სრულ სიმშვიდეს გრძნობდა. ის წუთიერი სიშმაგე სადღაც გამქრალიყო და კვლავ მშვიდ და აუღელვებელ ადამიანად ქცეულიყო. უბრალოდ, სინდისი ქენჯნიდა, რადგან ლანას უხეშად მიმართა, თუმცა ზუსტად აღარც ახსოვდა, რა უთხრა.
ჰელენი ტყვეს თვალებმოჭუტული მიაშტერდა. შემდეგ სამზარეულოდან მონაბერი, ხაჭაპურის კარგად ნაცნობი სუნი შეიყნოსა და ლანას გამომძიებლის თვალით გადახედა.
– თქვენ ხართ ამ ქალბატონის ქალიშვილი? – ჰკითხა ჰელენს პირველმა პოლიციელმა.
– დიახ.
– განყოფილებაში უნდა მობრძანდეთ.
– გმადლობთ, აქედან პირდაპირ იქ შემოვივლით.
– უკაცრავად, უკაცრავად… – მისის ფრიდამ დრო იხელთა და ახლო მდგარი პოლიციელის მუნდირი მოქაჩა: – იქნებ თქვენ იცით, როდის მოვა დედაჩემი?
პოლიციელს ოდნავ გაეღიმა, ამ კითხვის პასუხი უფრო რთულად მოეჩვენა, ვიდრე ვინმე დამნაშავის დაჭერა, მხრები უხერხულად აიჩეჩა და ნიკას შეხებით ანიშნა, გზა განეგრძო. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს და ლანამ ბორკილებდადებულ თანამემამულეს ზურგიდან გაუსწორა თვალი, რატომღაც მისი ცოლ-შვილი გაახსენდა. წინა ღამით რესტორანში ყურმოკრული სადღეგრძელოდან იცოდა, რომ პატარა გოგო ჰყავდა. წარმოიდგინა, რა ეშველებოდათ მის ოჯახს, ნიკას თუ ციხეში ჩასვამდნენ. უცბათ ცრებლები ზღვასავით მოასკდა და მწარედ აქვითინდა.
– მაპატიე, მაპატიე, – აჩურჩულდა ქართულად.
– ეს ახალგაზრდა ქალბატონი საიდან არის? – დაინტერესდა მეორე პოლიციელი.
– უკეთესს ვერ ვინატრებდი დედაჩემისთვის… არაჩვეულებრივია… დედაჩემს საკუთარი დედასავით უვლის. პოლონეთიდან არის, კი პოლონელია, – მიუგო ღიმილით ჰელენმა, თან მისტერ რეის თვალები დაუბრიალა, რომ არაფერი წამოსცდენოდა. – როგორც თქვენ იტყვით – მორჩილად ჩაიბურტყუნა ისედაც გვარიანად დაბნეულმა მეზობელმა.
პოლიციის მანქანა თვალს მიეფარა თუ არა, ჰელენის მეუღლე მისტერ რეის ეცა და მადლობის ზღვა დააყარა სიდედრისა და ლანას გადარჩენისთვის. ჰელენმა კი მეორე სართულზე აირბინა და იქაურობა დაათვალიერა. არც აბაზანაში შეჭყეტა გამორჩენია. შემდეგ მტირალ ლანას ხელი მოჰხვია და განზე გაიხმო.
– ჩუ, ჩუ ძვირფასო. ნუ ტირი, არ გრცხვენია? დამიჯერე, უკეთესს შეხვდები. შენ შეძლებული კაცი გინდა. ბავშვი ხომ აღარ ხარ? საშენო ნამდვილად არ იყო… მართალია, შენიანია, მაგრამ… შენ ისეთი კაცი გინდა, რომელიც შეგინახავს, რომ ბოლოს და ბოლოს, დაისვენო. მითხარი, რა მოხდა? ყველაფერი მითხარი. დამიჯერე, ბევრად უკეთესად იგრძობ თავს. ერთი რამ მინდა იცოდე, რაც უნდა მოხდეს, მე შენ არ გაგწირავ. შენ გადაარჩინე დედაჩემი. შენ რომ არა, დარწმუენებული ვარ, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. იმდენი სითბო და სიყვარული აჩვენე… მილიონიც რომ გადაეხადათ ჩემთვის, უცხო ადამიანს ამდენს ვერ გავუკეთებდი… – ლანას გული უფრო ამოუჯდა. ჰელენი დარწმუნებული იყო, რომ მისმა სიტყვებმა იმოქმედა ძალუმად, მაგრამ ის რატომღაც ასე გულამოსკვნილი ნიკას ცოლის გეგმებს მისტიროდა.

. . .

– ვერ გამიგია, რატომ გასწირეთ ის საწყალი კაცი! – უთხრა ჰელენს მეუღლემ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ და პოლიციისაკენ აიღეს გეზი.
– არ მესმის, რას ლაპარაკობ! – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– გგონია, არ ვიცი, რაღაც სისულელეებს რომ ეჩიჩინებოდი მაგ ქალს?
– წარმოდგენა არ მაქვს, რას ლაპარაკობ. ვის ვეჩიჩინებოდი, რას ვეჩიჩინებოდი…
– ბოიფრენდი გაიჩინე, ბოიფრენდი გაიჩინეო, მე გამოვუჭედე ყურები? ან თუ გგონია, ვერ ვიყნოსე ცხელი ხაჭაპურის სუნი? როდის გინახავს, სტუმრის გარეშე ხაჭაპურს აცხობდეს? თუ გგონია, ვერ დავინახე ოთახში რომ შეიყვანე და ეჭუკჭუკებოდი? არა, რატომ ყოფ შენ ცხვირს სხვის საქმეებში? რატომ? – ხმას აუწია კაცმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, შეეტყო სიმართლე, თუ რა მოხდა მისი სიდედრის სახლში.
– ლანა იმსახურებს ჰყავდეს მეგობარი კაცი გვერდით! – წამოიძახა კაცების გულცივობით აღშფოთებულმა ჰელენმა. – წარმოგიდგენია? ქალი რომელსაც ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, ექვსი წელია, დედაჩემთან არის გამოკეტილი. მითხარი, რა ცხოვრება აქვს? ეს არის ქალის ცხოვრება?
– კი, მაგრამ შენ რა გადარდებს, ვერ გავიგე!?
– ის მადარდებს, რომ დედაჩემზე გადაყოლილია. ლანა რომ არა, დედაჩემი ხუთი წლის მკვდარი იქნებოდა, დიახ ხუთი წლის მკვდარი. ეგ ქალი იმსახურებს ბედნიერებას. დიახ, დიახ, ეგ ქალი იმსახურებს ბედნიერებას, რადგან მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია.
– ჰო მაგრამ მას ხომ ქმარი ჰყავს!
– ხუმრობ? ვის ეძახი ქმარს, ვიღაც კაცს, რომელიც 6 წელია, არ უნახავს?
– კი, მაგრამ მან ხომ თავად აირჩია ეს გზა. ვინ უთხრა ექვსი წელი ამერიკაში ბებერთან გამოიკეტეო.
– შენ გაგებაში არ ხარ, რა სიტუაციაა იქ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და ამიტომ ლაპარაკობ ასე. იცი, რა დღეშია ხალხი? სამსახური არ აქვთ, ელექტროენერგიის ბლოკადაში არიან მომწყვდეული, გათბობა გადაკეტილია, გაზიც კი არ მიეწოდებათ.
– მოიცა, მოიცა, მოიცა, – აღელდა კაცი, – თუ სამსახური და შუქი არ აქვთ, რად უნდათ 300 – დოლარიანი აბრეშუმის ლოგინის გადასაფარებელი? ისიც ჟურნალიდან გამოწერილი, რომლის შეკვეთაზე, კარგად მახსოვს, შენ თავი შეიკავე. თუ ასე ცივა არ ჯობია, ათდოლარიან ბამბაზიის ზეწარზე დაწვნენ? იაფიც არის და თბილიც. მითხარი, რომელი გაჭირვებული წვება აბრეშუმის ლოგინში?
– ოოო,– მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა ჰელენმა.
– რადგან მთელი მსოფლიოს კეთილდღეობაზე ზრუნავ და ასეთი კაცთმოყვარე ხარ, ალბათ ეტყვი პოლიციას, რომ ის საცოდავი კაცი შენი კომპანიონის საყვარლობას აპირებდა.
– ჭკუაზე ხარ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ არ გვაქვს უსაბუთო ადამიანის დაქირავების უფლება. მადლობა უფალს, გადავრჩით და ლანას ვინაობის დადგენა არ მოითხოვეს. მათ კავშირს ჩვენ ვერ გავამხელთ, ვერა.
– მაშინ რა ვქნათ, შენი სულელური რჩევების გამო ციხეში ჩავსვათ ეს საცოდავი ხაჭაპურის რომეო?
– ვუთხრათ რომ ნეიტრალურები ვართ და აღარ გვადადრდებს მისი სასჯელი, – ჩაფიქრებით მიუბრუნდა ჰელენი ქმარს, რომელიც პოლიციის ეზოში მანქანის გასაჩერებელ ადგილს ეძებდა.

. . .

მისტერ ფრიდმანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ მოიწადინა გამომძიებელმა მისი ნახვა. მიუხედავად იმისა, დილით ნიკა სამსახურში არ გამოცხადებულა და არც დაურეკავს, მას აზრად არ მოსდიოდა თუ ეს რაიმეთი მასთან იქნებოდა დაკავშირებული. მართალია, გაკვირვებული იყო მისი გაუჩინარებით, მაგრამ იმედი ჰქონდა, სულ ცოტა ხანში შემოაღებდა კარს “ისრაელური ოქროთი” დატვირთული და აუცილებლად გასასამართლებელ მიზეზს იტყოდა. ამაში მისტერ ფრიდმანი ისე იყო დარწმუნებული, რომ მისტერ ჯოვანისთან დარეკვით თავი არ შეუწუხებია.
ამ დროს მისი ერთი ციდა კაბინეტის კარი გამომძიებელმა შემოაღო. ფრიდმანმა ხელი უდარდელად ჩამოართვა და სკამზე მიუთითა.
– იცნობთ თუ არა ნიკოლოზ ცისკარიშვილს? – ჰკითხა სტუმარმა.
მისტერ ფრიდმანი ვერ მიხვდა, ვიზე იყო საუბარი. ნიკას ნიკს ეძახდა და მისი გვარი კი საერთოდ არ იცოდა.
გამომძიებელმა ჯიბიდან საკრედიტო ბარათი ამოიღო.
– რამდენი ხანია, რაც ეს ბარათი დაკარგეთ?
ახლა კი ჩაუვარდა ენა ფრიდმანს, წინა დღეს ნიკასთვის მიცემულ საკრედიტო ბარათს რომ მოჰკრა თვალი. გაიფიქრა, ალბათ ავარია მოუვიდა, მოკვდა ან მძიმედ არის დაზიანებულიო, მაგრამ ემოციების გამომჟღავნებისაგან თავი შეიკავა. აწონ-დაწონა სიტუაცია. ამ შემთხვევაში მისთვის უმჯობესი იყო, ნიკას ნაცნობობა საერთოდ დაემალა, რადგან უსაბუთოდ, სახელმწიფოს გვერდის ავლით ამუშავებდა.
– სიმართლე რომ გითხრათ არ შემიმჩნევია. მე ათი საკრედიტო ბარათი მაქვს, ალბათ ჯიბიდან თუ ამომივარდა. – ჩაეცინა ფრიდმანს.
– ე.ი. თავს არავინ არ დაგსხმიათ, არავის გაუძარცვიხართ?
– მადლობა უფალს, ბოლო სამი წელია, არავის შევუწუხებივარ.
– ეჭვი ხომ არ გაქვთ რომელიმე თქვენს მუშაზე?
– ოჰ, რა თქმა უნდა, არა. ძალიან პატარა სამშენებლო კომპანია მაქვს. სულ ორი მუშა მყავს, ორივე ჩემი ძმისშვილია. ჩემი ძმა კი, მოგეხსენებათ, რაბაია. ალბათ სადმე დამივარდა, ან სულაც მეტროში. სხვათა შორის მე მეტროთი ვსარგებლობ.
გმომძიებელი ადგა, ფრიდმანს ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა.
– არ ინერვიულოთ, ჩვენ შევამოწმეთ და დამნაშავემ ვერ მოასწო ფულის დახარჯვა. ასე რომ შეგიძლიათ აღარ გააუქმოთ ეს ბარათი.
– გმადლობთ, ოფიცერო, ყოველთვის მზად ვარ, დაგეხმაროთ, თუ რამეთი შემიძლია… ჰო, უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავია, დამნაშავე ახსენეთ და დამნაშავეს ჩაუვარდა ჩემი ბარათი ხელთ?
– თქვენ წარმოიდგინეთ კი. და თქვენმა ბარათმა კარგადაც იმოგზაურა…
– კი, მაგრამ რა? რა, დანაშაული ჩაიდინა?
– ნიკოლოზ ცისკარიშვილი გუშინ ნიუ ჯერსიში დავაკავეთ სახლის დაყაჩაღების დროს. მას ჯიბეში თქვენი საკრედიტო ბარათი აღმოაჩნდა.
უმწეო მოხუც ქალს დაესხა თავზე. ამ შაბათს სინაგოგაში რომ წახვალთ, მადლობა შესწირეთ თქვენ ღმერთს, თორემ ვინ იცის, გუშინ რომ არ დაგვეკავებინა, შეიძლება თქვენამდეც კი მოეღწია…
– ნუთუ ადამიანის გამოცნობა შემეშალა?! ეს როგორ მომივიდა? ამან შეიძლება ძალიან ავნოს ჩემს ბიზნესს…– ჩაფიქრდა ნირწამხდარი მისტერ ფრიდმანი.

. . .

წუხანდელი დიდი ღამის შემდეგ გიგი ჯრ ისევ ლოგინში კოტრიალობდა, როდესაც გაახსენდა მაცივრის რომელიღაცა კუთხეში, რუსულ მაღაზიაში ნაყიდი ბორჯომი ჰქონდა გადანახული. ზმორებით წამოდგა და სამზარეულოსკენ ნახევრად თვალებდახუჭული წაბარბაცდა. ამ დროს ტელეფონიც აწკრიალდა.
– ჰო, ნიკოლოზ! – ძლივს ამოღერღა გიგიმ მთქნარებით. მაგრამ უცბად გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა და ერთბაშად გამოფხიზლდა.
– საიდან? როგორ? რა მოხდა? – დააყარა კითხვები ნიკას, მაგრამ პასუხს არც დაელოდა, ისე დაიწყო გამოსავლის ძიება. – მოიცა, მოიცა, დაბლა ჩავირბენ, გაზეთს ვიყიდი და ადვოკატს მოგიძებნი. დღის ბოლოს უკვე სახლში იქნები. ხომ არ გაგიჟდი? აბა, ადვოკატის გარეშე რა უნდა გავაკეთოთ? ვაბშე, რუსი ავიყვანოთ და შენ ხმას არ ამოგაღებინებს, ვითომ ინგლისური არ იცი.
ოჰ, ნიკოლოზ, არ გრცხვენია? მე მაქვს რაღაც ფული. კაი, რა შეჯექი ვირზე.
მიოცა, ბიჭო, არ დაკიდო! მაინც რა მოხდა, ვინმე ცემე?
ნიკას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, ამ სისულელისთვის ადვოკატი არ აეყვანა და ათასები არ გადაეყარა. არც ჰქონდა ფული. რასაც იღებდა, თბილისსა და ბრუკლინის ქირას შორის ანაწილებდა. მით უმეტეს, გიგის შეწუხება ნამდვილად არ უნდოდა. ან რა უნდა დაემტკიცებინა? დასამტკიცებელი არაფერი არ ჰქონდა. თავის გამართლებას არც ცდილობდა. ძალიან კარგად იცოდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, დიდი და მიუტევებელი დანაშაული მარიამის წინაშე, რადგან ღალატი გადაწყვიტა. ნამდვილად ვერ ჩაუვარდებოდა პოლიციას ფეხებში, უდანაშაულო ვარ და გამათავისუფლეთო. პირიქით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ საკადრის ადგილზე მოხვდა და ზუსტად იმას იმკიდა, რასაც იმსახურებდა.

. . .

ნიკას პოლიციაში მრავალი პროცედურა ჩაუტარეს, სურათი გადაუღეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და დაკითხეს. შემდეგ კარგა ხანი კამერაში აყურყუტეს. ბოლოს სასამართლოში გადაიყვანეს და იქ სხვა პატიმრებთან ერთად დიდ დარბაზში გძელ სკამზე დასვეს.
თითქოს საუკუნე გავიდა სანამ ოთახში მოსამართლე შემოვიდოდა.
შუახნის მაღალი, შავი კაცი იყო, გძელი შავი ფორმა ეცვა. ის მდუმარედ გაემართა თავისი ამაღლებული ადგილისაკენ, მაღალ საზურგიან სკამზე დაჯდა და კომპიუტერის თხელ ფურცელივით ეკრანზე ცინცხალი იმფორმაციის წაკითხვას სასხვათაშორისოდ შეუდგა.
ნიკას კრიმინალური წარსულის გადახედვამ, რომელიც მას არ გააჩნდა, ღიმილი მოჰგვარა. მაგრამ ეს საქმეს არ შველიდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს კაცი არც ჯარიმის გადამხდელი იყო, არც ქონებაც ჰქონდა, რომ თავდებში ჩაედო, ადვოკატის დაქირავებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ასე რომ მისი შემდგომი გაჩერება ციხე იყო. რა თქმა უნდა, სანამ სასამართლო გაიმართებოდა.
– ადვოკატს თქვენი სახსრებით ვერ დაიქირავებთ… – ტკეპნით დამარცვლა მოსამართლემ.
– არა, არ მინდა დამცველი! – წამოიძახა ნიკამ.
გაკვირვებულმა მოსამართლემ ცალი წარბი ასწია.
– კი, მაგრამ დამცველი აუცილებელია. ისე ვერ გახვალთ სასამართლოზე თუ დამცველი არ გეყოლათ. არა უშავს, არ იდარდოთ, შტატი მოგცემთ უფასო ადვოკატს, როგორც მცირე შემოსავლის მქონეს, ღარიბს, – დაამშვიდა ნიკა და მოულოდნელად თავისი ჩაქუჩი ძალუმად დასცხო ხის მაგიდას.

მოგვიანებით ნიკამ ციხის გამხმარი ლრგინი რომ დაინახა, ზედ დაეგდო და ფიქრებში ჩაიძირა. სულ ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა თავში, რა ეშველებოდა მარიამს და ნათიას, ფულს რომ ვეღარ მიაწვდიდათ.

. . .

როდესაც მისტერ ქელის ნიკას დაცვა დაავალეს, სამი მიზეზი ჰქონდა, რომ მისდამი ცუდად განწყობილიყო. ჯერ ერთი, მისი გვარის ამოკითხვისას კინაღამ ენა მოიტეხა, მეორე ის, რომ არალეგალი იყო, მესამე მიზეზი კი ის იყო, რომ ბებერ და უმწეო ქალს დაეცა თავს გასაძარცვად. ახლა მიდი და დიცავი ასეთი ადამიანი.
ნიკა პატარა, უფანჯრო ოთახში შეიყვანეს და შტატის მიერ გამოყოფილი ადვოკატის წინ სკამზე დასვეს.
– მე ვიქნები თქვენი დამცველი, – მიესალმა მისტერ ქელი და მის ფართოდ გახელილ, გონიერ, თაფლისფერ თვალებს რომ წააწყდა, შეცბუნდა. ინსტიქტმა, წლების გამოცდილებამ და მეექვსე გრძნობას რომ ეძახიან უკარნახა – ო, არა, ეს არ არის დამნაშავე! ეს არ არის დამნაშავის თვალები, რაღაცაშია საქმე, – გაიფიქრა და ისეთი განცდა დაეუფლა, როგორც 20 წლის წინ ნიუ იორკის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის ახლად კურსდამთავრებულს, პირველი საქმე რომ ჩააბარეს.

რვა თვის შემდეგ

ნიკა ფედერალური ციხის წარმომადგენლებმა ბოლო შეიყვანეს თვითმფრინავში და მისთვის განკუთვნილ სკამზე დასვეს. შემდეგ კი კართან აიტუზნენ. ყოველთვის თვითმფრინავის აფრენის ბოლო წუთამდე რჩებოდნენ სალონში. მართალია, იცოდნენ, რომ ნიკას კრიმინალური დანაშაული არ დაუმტკიცდა, მაგრამ, მათი აზრით, ამერიკის მიწის მიზიდულობის ძალას შეიძლება, გაქანებული თვითმფრინავიდან გადმოეხტუნებინა ადამიანი.
ნიკა სკამის საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და მანამდე არ გაუხელია, სანამ არ იგრძნო, როგორ გამოეცალა ამერიკის მიწა ფეხქვეშ. ფრანგული ჟღურტული უცხოდ ჩაესმოდა ყურში. გულში რაღაც უსიამოვნო გრძნობამ გაჰკრა, – ისე, ფრანგულ ავიაკომპანიას არ აქებენ, ბარგიც ბევრს დაეკარგა, – გაიფიქრა უკმაყოფილომ, მაგრამ გაახსენდა, რომ ჯიბეში სავარცხლისა და 30 დოლარის მეტი არაფერი ედო.
ამ დროს მის მეზობლად მჯდარი მგზავრი აცმუკდა. – არა, ამხელა ბოინგში რაღა მაინცდამაინც ჩემ გვერდით დასვეს, ბედი არ გინდა? ვინ იცის, იქნებ მკვლელია? ვინ იცის, ვინ ოხერია? – ვიშვიშებდა გულში. ცოტა რომ დაწყნარდა, გადაწყვიტა, რაღაც-რაღაცეები გაერკვია. მხნეობა მოიკრიბა და ნიკას მიუბრუნდა:
– უკაცრავად, რამდენი დაგიჯდათ ბილეთი პარიზამდე?
ნიკამ მისი გაუგებარი აქცენტით გამოთქმული ინგლისური ვერ გაიგო, თან ლაპარაკის სურვილი არც ჰქონდა და ამიტომ მეზობელი პასუხის გარეშე დატოვა.
– გაგიგონიათ ასეთი რამ? – გააგრძელა კაცმა ეშმაკური თვალებით, – თურმე ნიუ იორკში მცხოვრებ არალეგალებს სახლში წასვლა რომ მოუნდებათ, პოლიციას ბარდებიან და ისინიც სიხარულით დეპორტაციას გამოუწერენ ხოლმე. წარმოგიდგენიათ? უფასოდ მგზავრობენ. რა მშვენიერია? დანაშაულსაც ჩადიან და შემდეგ სახლში უფასოდ მიფრინავენ.
ნიკამ ეს მშვენივრად გაიგო და ისე გადახედა მეზობელს, რომ კაცს შიშისგან გააცივა. – ვაიმე, მკვლელია, ნამდვილი მკვლელი, – გაიფიქრა კაცმა. ჯობია ენას კბილი დავაჭიროო.
– უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ სახლში დაბრუნება ყოველთვის კარგია, რანაირადაც უნდა დაბრუნდე… – ჩაილუღლუღა თავისთვის და პარიზამდე ხმა გაკმინდა.
ნიკამ კვლავ თვალები დახუჭა და ზმანებას მოუხმო. სულ რაღაც საათები აშორებდა ამ ზმანების რეალობად გადაქცევას.

. . .

ნიუ იორკი პარიზის თვითმფრინავი პარიზში დაეშვა. დაქანცული მგზავრები მიმოიფანტნენ. დარჩა პატარა ჯგუფი, რომელიც საქართველოში გადაფრენას ელოდებოდა. ამ ჯგუფს თანდათან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველობა ემატებოდა. ნაცნობები თუ უცნობები როგორც ჩვევიათ, ამ მთისას თუ იმ ბარისას ჰყვებოდნენ. უბრალოდ დროის გასაყვანად ლაპარაკობნდნენ. ნიკა კი გახევებული იჯდა სკამზე. ჯერ ვერ გამოფხიზლებულიყო ცუდი სიზმრიდან, რასაც მისი ცხოვრების ბოლო ექვსი წელი ერქვა. განსაკუთრებით მძიმე ის რვა, უნაყოფო თვე იყო, რომელიც ციხეში გაატარა. ყველაზე მეტად ნათიასთან ხელცარიელი დაბრუნებისა რცხვენოდა. ამიტომაც გაუთავებლად ოხრავდა.

გარეთ თოვდა თუ წვიმდა, ძნელი მისახვედრი იყო. თოვლ-ჭყაპი მოდიოდა. პარიზის მოსაწყენი ამინდი თითქოს ნიკას განწყობილებას ესადაგებოდა. ირგვლივ ყველაფერი სევდას და უიმედობას გვრიდა. ეს უზარმაზარი თვითმფრინავებიც კი, რომლებიც უძველესი გიგანტური ფრინველებივით ჩამწკრივებულიყვნენ, რატომღაც ნიკას დამძიმებულ გულს უფრო ამძიმებდნენ. უცბათ ცაში პატარა თვითმფრინავს მოჰკრა თვალი, ის მობუზული, ბეღურასავით დაეშვა და გიგანტებს შორის მოკრძალებულად გაჩერდა. ამან ნიკას რატომღაც ღიმილი მოჰგვარა. სამი საათის შემდეგ პირველად წამოიმართა სკამიდან და რობოტივით გახევებულმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა უზარმაზარი მინებისაკენ, რათა ამ უცნაური პაწია ,,ფრინველისათვის,, ახლოდან შეევლო თვალი. თოვლი ალაგ-ალაგ მოსდებოდა მის ტანსა და პატარა ფრთებს, მაგრამ მაინც გაარჩევდით შავად დაწერილ ინგლისურ ასოებს “Gეორგია.” ამის დანახვისას ნიკა მთელი ტანით შეიძრა და გული გალიაში ჩამწყვდეული ბეღურასავით აუფართხალდა. “Gეორგია” – წაიკითხა კვლავ სულმოუთქმელად. უცბათ უდიდესი სიხარული შეიგძნო და მიხვდა, მთავარი იყო დაბრუნება და მართლაც, რა კარგი იყო დაბრუნება…

2005 წლის დეკემბერი
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
ნიუ იორკი

2006 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრაში” და აგრეთვე ემიგრანტულ ჟურნალ გაზეთებში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button