ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – სიბრძნე სილამაზისა

..და იშვა, იგი, იესო, ნაზარეთელი, მარად ქალწული მარიამისაგან, ქვაბსა ბეთლეჰემისა – სახლსა პურისა, სწავლებად კაცთა მოდგმისთვის ყველაზე უპირატესისა…
…ეახლნენ მოგვნი, და ძღვნად მიართვეს ოქრო, საკმეველი და მური, ნიშნად მეფობისა, ღვთაებრიობისა და ადამიანურობისა…
***
მივიდნენ ყმაწვილნი ბრძენთან, გასარკვევად, რომელ არს უპირატეს გარეგნობასა, გონებასა და სულს შორის. დაისვა ბრძენმან ყმაწვილნი და მოჰყვა ამბავი ესე, უდაბნოსა მცხოვრებთა ბედუინთა, საჩვენებლად ყმაწვილთათვის ძალისა სილამაზისა სხეულისა:
საჰარის უდაბნოში მცხოვრები ბედუინები, ბრძოლის წინ, თავიანთ ტომში არჩევდნენ ყველაზე ლამაზ ქალწულს და დროშის მაგივრად მიჰყავდათ ომში. მთელი ჯარი იცავდა ქალწულს. მას ეწირებოდნენ, მისთვის კვდებოდნენ. ვაჟკაცი ხალხი იყო ბედუინები, სიტყვას არ გატეხდნენ, ქალწულის სიკვდლი, ბრძოლის წაგებას ნიშნავდა. ეს იცოდა მოწინააღმდეგემ და ამიტომ, მტრისთვის, ის, სამიზნედ იყო გამხდარი. უკეთეს შემთხვევაში, სახლში დაჭრილი მიჰყავდათ და უარეს შემთხვევაში, მკვდარს მიასვენებდენ.
მიუხედავად იმისა, რომ ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, არ ყოფილა შემთხვევა, ქალწულს, ულამაზესის ტიტულზე ეთქვა უარი.
***
…იხილა ხალხმან გაცხადება სამებისა – იღებდა იგი, ძე ღვთისა ნათელს, მდინარე იორდანესა შინა, დასტრიალებდა სახით მტრედისა სულიწმიდა, და ციდამ ისმოდა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ!”
***
და მოჰყვა ბრძენმან ამბავი ესე მაკედონელისა, ალექსანდრესი, საჩვენებლად ყმაწვილთათვის ძალისა სილამაზისა გონებისა:
ეგვიპტეში ლაშქრობის დროს, ალექსანდრე მეკედონელთან მისულა ერთ-ერთი მისი მხედართმთავარი – ანტიპატროსი და შეუჩივლია
– მე ყველა ბრძოლაში პირველი შევდივარ, სიცოცხლეს ვწირავ, თავს არ ვზოგავ, ყველა შენს დავალებას პირნათლად ვასრულებ, შენ კი, უპირატესობას ჰეფესტიონს ანიჭებ, რადგან ჩემზე წარმოსადეგიაო!
ალექსანდრეს თვალები ხელით მოუჩრდილავს. შორს, ჰორიზონტზე აქლემების ქარავანი დაულანდავს.
– ხედავ იმ ქარავანს? მიდი და გაიგე, საიდან მოდისო! გააჭენა ცხენი ანტიპატროსმა, ქვიშის მტვერი დააყენა, მბრძანებელი არ გააწბილა, მალე დაბრუნდა და მოახსენა:
– ქარავანი პერსეპოლისიდან მოდისო!
– წადი და ჰკითხე, ქარავანი სად მიდისო! – უბრძანებია ალექსანდრეს. გააჭენა ცხენი ანტიპატროსმა, ქვიშის მტვერი დააყენა, მბრძანებელი არ გააწბილა, მალე დაბრუნდა და მოახსენა:
– ქარავანი ქაიროში მიდისო!
– წადი და ჰკითხე, რა მიაქვთო! გააჭენა ცხენი ანტიპატროსმა, ქვიშის მტვერი დააყენა, მბრძანებელი არ გააწბილა, მალე დაბრუნდა და მოახსენა:
– ფართალი მიაქვთო!
– ჰეფესტიონი მომგვარეთო! – უბრძანებია ალექსანდრეს.
– ხედავ იმ ქარავანს? მიდი, და გაიგე, საიდან მოდისო! გააჭენა ცხენი ჰეფესტიონმა, ქვიშის მტვერი დააყენა, მბრძანებელი არ გააწბილა, მალე დაბრუნდა და მოახსენა:
– ფართლით დატვირთული ქარავანი, პერსეპოლისიდან ქაიროში მიდისო. აბრეშუმი, შალი და ბამბა მიაქვსო. აბრეშუმი – 20 დრაჰმა ღირს, შალი – 12 დრაჰმა, ბამბა კი, – 10 დრაჰმაო.
– ჰეფესტიონში გარეგნულ სილამაზეზე მეტად, გონებრივ სილამაზეს ვაფასებო! – უთქვამს ალექსანდრეს ანტიპატროსისთვის.
***
და მოჰყვა ბრძენმან ამბავი ესე ცხოვრებისა ქრისტესი, საჩვენებლად ყმაწვილთათვის ძალისა სილამაზისა სულისა:
…და ეწამა, იგი, იესო, ნაზარეთელი, სიკვდილითა სიკვდილისა დასათრგუნად, და აღსდგა დღესა მესამესა, საჩვენებლად კაცთა მოდგმისთვის ყველაზე უპირატესისა…

არდაშელ თაქთირიძე

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button