ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – მეზობლები

მოქმედი პირნი:
ნანა,
ამირანი,
ზაზა,
ლია,
მოხუცი.

ამირანი – ვინ არის აქ?
ნანა – მე ვარ.
ამირანი – გამარჯობა. (პაუზის შემდეგ) ნუ გეშინიათ, მეც ამ სადარბაზოში ვცხოვრობ. გატყობთ, შეგაშინეთ…
ნანა – ცოტათი…
ამირანი – ნუ გეშინიათ. (პაუზის შემდეგ) მე აქ ვცხოვრობ. შუქი არ არის?
ნანა – ნათურაა გადამწვარი…
ამირანი – ლიფტი მუშაობს?
ნანა – მე მგონი…
ამირანი – ძალიან კარგი, თუ მუშაობს. (პაუზის შემდეგ) მაინც გეშინიათ?
ნანა – კი.
ამირანი – რატომ? ხომ გითხარით, აქ ვცხოვრობ-მეთქი.
ნანა – დავიჯერო?!
ამირანი – ასანთს ავანთებ და მიცნობთ.
ნანა – არ გაინძრეთ, არ აანთოთ ასანთი, თორემ ვიკივლებ!
ამირანი – კარგით, კარგით. რატომ ღელავთ? ნუ ნერვიულობთ, თორემ მეც შემეშინდება. (პაუზის შემდეგ) წახვედით? ახლა ასანთს ამოვიღებ, ავანთებ და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
ნანა – არ აანთოთ ასანთი, ვიკივლებ.
ამირანი – სიგარეტის მოწევა მინდა..!
ნანა – არ მოსწიოთ!
ამირანი – ეს უკვე..!
ნანა – გაიწიეთ!
ამირანი – გავიწიო – საით?
ნანა – გასასვლელში დგახართ, სადარბაზოდან მინდა გასვლა.
ამირანი – თქვენ სიბნელეშიც ხედავთ?
ნანა – გამიშვით!
ამირანი – თუ ასეა, ვერ გახვალთ.
ნანა – ვიკივლებ!
ამირანი – იკივლეთ, რამდენიც გნებავთ, იყვირეთ. მე აქ ვდგავარ და თუ გასვლა გნებავთ, საკმარისი ადგილია. (პაუზის შემდეგ) რატომ არ მიდიხართ?
ნანა – რატომ მომყვებოდით კუდში?
ამირანი – მე?!
ნანა – მთელი ქუჩაა, კუდში მომსდევთ. გზად მაღაზიაში შევედი, თან შემომყევით, პური ვიყიდე – თქვენც იყიდეთ. რა გნებავთ? ვინ ხართ? ფული არ მაქვს, არც ძვირფასი ქურქი მაცვია. რა გინდათ, ამიხსენით?! მითხარით, თორემ მართლა ვიკივლებ!
ამირანი – თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?
ნანა – მიპასუხეთ, რატომ დამდევთ? რა გნებავთ? მე ვიცი, თქვენ მანიაკი ხართ! გარყვნილი მანიაკი! გაიწიეთ, გზას ნუ მიღობავთ!
ამირანი – იკივლეთ და გავიწევი!
ნანა – თქვენც ეგ გინდათ. კივილი გაღიზიანებთ, ვერ გიტანთ!
ამირანი – დამშვიდდით…
ნანა – არ გაინძრეთ, არ გაინძრეთ! ხელში გაზის პისტოლეტი მიჭირავს. ერთი ნაბიჯიც და გესვრით.
ამირანი – არ ისროლოთ!
ნანა – გაიწიეთ, გამატარეთ.
ამირანი – კი ბატონო, საით გავიწიო, მარჯვნივ თუ მარცხნივ.
ნანა – ნუ ხუმრობთ, თორემ გესვრით.
ამირანი – თქვენ უფრო ჰგავხართ მანიაკს, ვიდრე მე.
ნანა – ხმა! სიტყვა არ დასძრათ. გვერდზე მიდექით! ერთი ნაბიჯით შიგნით შემოდით. აი, ასე! მე ახლა გიახლოვდებით. გაფრთხილებთ, ხელის უმნიშვნელო მოძრაობა და გესვრით.
ამირანი -ქუჩაში რა გინდათ, სახლში არ მიდიოდით?
ნანა – ლიფტი არ მოდის.
ამირანი – ფეხით ადით.
ნანა – მეთექვსმეტე სართულზე? თქვენ თვითონ ადით ფეხით.
ამირანი – კი ბატონო, ავალ, ოღონდაც დამანებეთ თავი.
ნანა – არა, არ ახვიდეთ! თქვენ იქ დამხვდებით. მიგიხვდით ჩანაფიქრს. აქ დარჩით, არ გაინძრეთ!
ამირანი – რა უფლებით მეუბნებით, როგორ მოვიქცე?
ნანა – იმ უფლებით, როგორც დაიმსახურეთ! თქვენისთანები სულ ერთიანად უნდა დაამწყვდიო ციხეში!
ამირანი – მომისმინეთ, ქალბატონო! დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა. ვარ ცუდ გუნებაზე და შინ მინდა მისვლა, რომ დავისვენო. დამანებებთ თუ არა თავს?! შემიძლია თუ არა შინ წასვლა?!
ნანა – ნუ თვალთმაქცობთ! ვიცნობ თქვენნაირებს.
ამირანი – ვინ ხართ? რა გინდათ! დამანებეთ თავი!
ნანა – თქვენ თვითონ დამანებეთ თავი!
ამირანი – რატომ დამასწარით? ხომ შეიძლებოდა, პირველს მე შემშინებოდა? მაშინ ხომ სრულიად სხვაგვარად იქნებოდა საქმე? რატომ შეგეშინდათ თქვენ და არა მე? რა გნებავთ? რა გინდათ?
ნანა – ყველაფერი დასწრებაზეა! გამატარეთ, მინდა ქუჩაში გავიდე.
ამირანი – კი ბატონო, მიბრძანდით! არ გავინძრევი, ხმას არ ამოვიღებ.
ნანა – აი, ასე! ჩემთან ასეთები არ გაგივათ. ერთი ნაბიჯიც და ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობებით, მაგრამ გაფრთხილებთ, თუ სადმე თვალს მოგკრავთ, გესვრით და მილიციას ჩაგაბარებთ. (შეჰკივლებს) ააჰ!
(გასროლის ხმა)
მოხუცი – რა ხდება? ვინ არის აქ? ხმა ამოიღე! სიბნელეში ვის დავეტაკე? ქალი იყო მგონი…
(ლიფტი ჩერდება და კარები იღება)
– ლიფტი მოვიდა… მობრძანდებით, დაგელოდოთ?.. (პაუზის შემდეგ) თუ ასეა, მე წავალ. მომეჩვენა, ალბათ.
ნანა – მოგეჩვენათ…
მოხუცი – ასეც ვიცოდი.
(კარები იკეტება და ლიფტი მაღლა ადის)
ნანა – სად ხართ? ხმას რატომ არ იღებთ? გამეცით პასუხი..! აჰ, ღმერთო! შემთხვევით ხომ არ მოგარტყით?

მეორე ნაწილი

ნანა – ჰეი, ჰეი… გამოფხიზლდით!
ამირანი – რა ხდება, სად ვარ?
ნანა – ნუ გეშინიათ. ცოცხალი ხართ.
ამირანი – მოჩვენებაა, თუ რაა? რატომ ბნელა, დავბრმავდი? თუ ეს სიკვდილია?
ნანა – დამშვიდდით, ცოცხალი ხართ. თქვენს სადარბაზოში ნათურაა გადამწვარი. აქ რატომ წევხართ?
ამირანი – არ მახსოვს…
ნანა – აბა ნახეთ, ხომ არ გაგქურდეს..?
ამირანი – არა, საფულე ადგილზეა. თავი მტკივა…
ნანა – დამშვიდდით, ასე იცის. მალე გაგივლის.
ამირანი – თქვენ ვინ ხართ?
ნანა – ისე, გამვლელი. რომ დაგინახეთ, გვერდი ვერ აგიარეთ, შემეცოდეთ.
ამირანი – ახლა მახსენდება…
ნანა – რა?
ამირანი – სახლში მოვდიოდი, სადარბაზოში ვიღაც ჭკუადამცდარი შემხვდა, მეშინიაო, მითხრა და მესროლა.
ნანა – კაცი იყო თუ ქალი?
ამირანი – ვერ გავარჩიე.
ნანა – შემდეგ?
ამირანი – შემდეგ ბავშვობა გამახსენდა. მამამ ზოოპარკში წამიყვანა, კვირა დღე იყო, მზიანი დღე. ლომის და მაიმუნის გალიები ერთმანეთს უყურებდა. ლომი მთები დღე მოუსვენრად დაძრწოდა და იღრინებოდა. მაიმუნს მობეზრდა ლომის არაფრისმთქმელი ღრიალი და იცი, რა უთხრა?
ნანა – რა?
ამირანი – გაჩუმდი, თორემ გამოვალ და ყოფას გიტირებო. იცინი? მე კი არ მეცინება…
ნანა – ლომმა რა უპასუხა?
ამირანი – არაფერი, გაჩუმდა.
ნანა – არა..?
ამირანი – ამ ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეაო. დაგასწარი – ჩემიაო, დაგასწარი – გაჯობეო, დაგასწარი – მოგიგეო, დაგასწარი – გესროლეო, დაგასწარი – მოგკალიო! აი, ასე.
ნანა – თქვენი მოკვლა არავის უნდოდა.
ამირანი – ლიფტი მუშაობს?
ნანა – გამოვუძახე და ახლავე მოვა. წამოდექით…
ამირანი – მე თვითონ, მე თვითონ… რატომ შეეშინდა მას და არა მე? ვიღაც არანორმალური სადარბაზოში მხვდება, პისტოლეტით მემუქრება და მიმტკიცებს, რომ ჩემი ეშინია.
ნანა – რატომ ეშინოდა?
ამირანი – ჰა, ჰა, რა გულუბრყვილობაა! იმიტომ, რომ მანიაკი ვარ! ქუჩაში დავინახე თუ არა, ავედევნე. ვაიმე თავი…
ნანა – ლიფტი მოვიდა.
ამირანი – რომელ სართულზე მიდიხართ?
ნანა – თქვენ?
ამირანი – მეთექვსმეტეზე.
ნანა – ჯერ თქვენ ადით…
(ლიფტის კარები იკეტება. კაბინა დაიძრება)
ამირანი – რატომ არ წახვედით აქამდე, ხომ მესროლეთ ეგ თქვენი პისტოლეტი?
ნანა – შემეცოდეთ.
ამირანი – რატომ ცხოვრობთ ასე? თქვენ, ალბათ, სულ გეშინიათ. შიში თქვენი ცხოვრების წესია?!
ნანა – ვინ მოგახსენათ?
ამირანი – ვირთხას მაგონებთ, არა – თაგვს, უფრო ზუსტად კი წრუწუნას.
ნანა – მადლობთ!
ამირანი – რად იმალებოდით, რა გაქვთ დასამალი?
ნანა – ვინ ხართ ჰოროსკოპით?
ამირანი – რომ იცოდეთ, როგორ ვერ გიტანთ!
ნანა – გეყოფათ, გაჩუმდით!
ამირანი – რა გქვიათ?
ნანა – ნანა.
(ლიფტი ჩერდება)
ამირანი – ასეც ვიცოდი!
ნანა – რა იცოდით, ნანა რომ მქვია, თუ შუქი რომ წავიდოდა?
ამირანი – დილამდე თუ მოგვიწია აქ ყურყუტი..?
ნანა – გამეცით პასუხი!
ამირანი – (ასანთს აანთებს. ნანა შეჰკივლებს) ნუ ჰყვირით!
ნანა – მაპატიეთ.
ამირანი – ცუდად არის ჩვენი საქმე.
ნანა – რას ხედავთ მანდ?
ამირანი – სართულსა და სართულს შორის ვართ გაჭედილები.
ნანა – ვერ გავალთ?
ამირანი – თქვენ როგორ ფიქრობთ, კედელში გავძვრებით?
ნანა – ბავშვობაში მე და ჩემი მეზობელი ლიფტით ვსეირნობდით. ორივეს გვეშინოდა, რომ ლიფტი ბოლო სართულზე არ გაჩერდებოდა და გაფრინდებოდა. მაშინ სხვაგან ვცხოვრობდით…
ამირანი – დასწყევლოს ღმერთმა!
ნანა – ჰმ!
ამირანი – რას ნიშნავს, თქვენი \”ჰმ\”! რას ნიშნავს, მითხარით ახლავე!
ნანა – ჰმ!
ამირანი – გაჩუმდით, დაანებეთ თავი თქვენს \”ჰმ\”-ს, მოეშვით!
ნანა – რასაც მინდა იმას ვიტყვი!
ამირანი – ო-ო, როგორ მიშლით ნერვებს! მიშველეთ! (კარებზე მუშტს ურტყამს) ჰეი, ვინმეს გესმით ჩემი?! ლიფტში ვარ გაჩედილი..! მიშველეთ, გამომიყვანეთ აქედან..!
ნანა – გაჩუმდით, ნუ ყვირით! რისი გეშინიათ?
(ამირანი ასანთს აანთებს)
– ასე რატომ მიყურებთ? ნუ მიყურებთ! რატომ მათვალიერებთ?
ამირანი – ნამდვილი ნანა ხართ!
ნანა – რას ნიშნავს ეს?
ამირანი – ყველა ნანა მშიშარა და გაუთხოვარია.
ნანა – თქვენ საიდან იცით?
ამირანი – ყველა ნანა ერთმანეთს ჰგავს. ყოველ სახელს თავისი ნიშანთვისება აქვს. ბავშვობაში რას გეძახდნენ?
ნანა – რა თქვენი საქმეა?
ამირანი – მაინც?
ნანა – (პაუზის შემდეგ) ცუცქნას – მოფერებით.
ამირანი – თქვენ შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის, წელში მოხრილი და გამხდარი გოგონა იქნებით. დღეში ხუთ ან ექვს ჭიქა ყავას სვამთ და ჭორაობთ. ჭორაობთ და ჭორაობთ. სამსახურში ნახევარ განაკვეთზე ხართ. სახლში დედა და მამა გყავთ მხოლოდ. ალბათ დაც გეყოლებათ – გათხოვილი. სიძე გაჭმევთ პურს. ხომ ასეა?
ნანა – არ თქვათ ახლა, დის შური კლავსო.
ამირანი – ვინ იცის?
ნანა – თქვენ რა გქვიათ?
ამირანი – არ გაგივათ.
ნანა – მითხარით, რა გქვიათ, მე ხომ გითხარით ჩემი სახელი?
ამირანი – არავინ გაძალებდათ.
ნანა – მითხარით!
ამირანი – გამიშვით ხელი, ნუ მეხებით!
ნანა – ოჰ-ოჰ!
ამირანი – მიშველეთ! (კარებზე მუშტს ურტყამს) გამიღეთ კარი, ლიფტში გავიჭედე! გესმით ვინმეს, თუ არ გესმით?! გამომიყვანეთ..!
ნანა – თქვენ კიდევ წელგამართული, ღიპიანი, მელოტი კაცი ხართ. სახლში ცოლი და ორი შვილი გეყოლებათ – ორივე გოგო, თორემ ქალების ხასიათში ასეთი გათვითცნობიერებული არ იქნებოდით! ბევრს მუშაობთ და მცირე ხელფასი გაქვთ. ხართ მუდამ უკმაყოფილო, ყველაფრით უკმაყოფილო, სახლში ჩხუბობთ, ცოლს და შვილებს უჟმური ხასიათის გამო თავი მოაბეზრეთ – პატივს არ გცემენ. ვითომ საქმიანი და ამავე დროს არაფრის გამკეთებელი. აი, ვინ ხართ თქვენ! ახლა მალეთ თქვენი სახელი. გამატარეთ! (კარებზე ურტყამს) ზაზა, გამიღე კარები! ზაზა, გესმის ჩემი? ლიფტში ვარ გაჭედილი, ზაზა!
ამირანი – ვინ არის, ზაზა?
ნანა – ჩემი ქმარი.
ამირანი – ასეთს ამ სადარბაზოში არ ვიცნობ?
ნანა – ვის იცნობთ? მუდამ შინ იქნებით შეყუჟული! სამსახური – სახლი, სამსახური – სახლი!
ამირანი – ძალიან სცდებით, თუ ასე ფიქრობთ, ძალიან სცდებით! მე სულაც არა ვარ ისეთი, როგორიც დამხატეთ. მე მეგობარიც მყავს, ნათესავიც და კარგ სამსახურში ვმუშაობ. ხელფასზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი სამუშაო ძალიან მიყვარს. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მაინტერესებს. მე არქიტექტორი ვარ, არქიტექტორ-რესტავრატორი. მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ბიჭი, გაითვალისწინეთ, ბიჭი! რაც არ უნდა იყოს, არ არის სასიამოვნო, უცხო ადამიანს შენზე მცდარი წარმოდგენა რომ აქვს.
ნანა – ზაზა, ზაზა მიშველე, გამიღე კარები! ლიფტში ვარ გაჭედილი, ზაზა!
ამირანი – ნუ ყვირით, რა გაყვირებთ? არ ესმის თქვენს ზაზას. შეიძლება, არც კი ახსოვხართ. (იცინის) ზაზა და ნანა,ჰა-ჰა!
ნანა – არ იტყვით, რა გქვიათ?
ამირანი – ამირანი.
ნანა – ნამდვილი \”ამირანი\” ხართ, ლიფტში გაჭედილი \”ამირანი\”!
ამირანი – თქვენ კიდევ, ნამდვილი \”ნანა\”.
ნანა – ჰა,ჰა,ჰა! სასაცილოა!
ამირანი – სად მუშაობთ?
ნანა – ჟურნალისტი ვარ. დამოუკიდებელ ტელევიზიაში ვმუშაობ.
ამირანი – ხვალ თქვენს სიუჟეტს ვნახავ ტელევიზორში – როგორ გაიჭედა ნანა ლიფტში.
ნანა – არა, ხვალ თქვენ თავს ნახავთ ცისფერ ეკრანზე! ლიფტში გაჭედილი ამირანი (იცინის) გაზის პისტოლეტით განგმირული, ლიფტში გაჭედილი ამირანი.
ამირანი – ლიფტში გაჭედილი, გათხოვილი ჟურნალისტი ნანა. (იცინის)
ზაზა – (ხმა შორიდან) სოფიკო, რა ხდება? სოფო, შენ ხარ?! სოფო..!
(ნანა და ამირანი სიცილს შეწყვეტენ)
ნანა – ზაზა, შენ ხარ? ზაზა, სოფიკო ვარ, ლიფტში გავიჭედე, ზაზა!
ზაზა – ვინ არის შენთან ერთად? მარტო ხარ?
ნანა – არა, ზაზა, ჩვენი მეზობელია, ამირანი, მეთექვსმეტე სართულიდან.
ზაზა – ვინ არის ამირანი? ასეთს არ ვიცნობ. ვინა ხარ?
ნანა – რა დროს ეს არის, ზაზა? გამომიყვანე ლიფტიდან!
ზაზა – ახლავე, სოფო, ახლავე, მაგრამ მითხარი, ვინ არის შენთან ერთად?! გამეცი პასუხი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!
ამირანი – ვერ გავიგე, თქვენ ნანა ხართ, თუ სოფიკო?
ნანა – ჩვენი მეზობელია, ამირანი. (ამირანს) ამოიღეთ ხმა!
ამირანი – არც ვაპირებ.
ნანა – ზაზა, გამიღე კარი, შინ მინდა.
ზაზა – მითხარი, რომელი ხარ, ჰეი, შენ! (კარებზე მუშტს ურტყამს) მეზობელო, რომელი ხარ, სთქვი, თორემ თუ… სოფო, სოფიკო, ხომ არ გაბრაზებს? ჰეი, რამე არ მიჰქარო, ბიჭო! სოფო, რამე ხომ არ გაწყენინა?
ნანა – არა, ზაზა, არა! გამიღე კარი!
ზაზა – ახლავე, ახლავე, ძვირფასო, რომელ სართულზე ხარ, მითხარი, მელაპარაკე.
ნანა – (ამირანს) რატომ არ გაეცით პასუხი? ახლა კარებს გაგვიღებს და ნახავთ, რას გამომრჩებით!
ამირანი – როგორ მინდა, მანიაკი ვიყო!
ნანა – მოინდომეთ!
ამირანი – თქვენ შიში უფრო გიხდებათ. ეს \”თქვენი\” ზაზა მაგარი ტიპი ჩანს.
ნანა – მაგით, რისი თქმა გინდათ?
ამირანი – არავინ მოგიტაცოთ. აუჰ, რა ეჭვიანია. ეს ზაზამ გიყიდათ გაზის პისტოლეტი? მან გასწავლათ მეზობლების დაცხრილვა?
ზაზა – (ხმა უფრო ახლოდან ისმის) სოფიკო, სადა ხარ?
ნანა – აქ ვარ, ზაზა, სართულსა და სართულს შორის გაჭედილი.
ზაზა – ვინ არის ამირანი?
ამირანი – მე გახლავართ, ამირანი, ლიფტში გაჭედილი ამირანი! თქვენ ცოლთან თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ერთი ვერ გამიგია – ნანა ჰქვია, თუ სოფიკო?
ზაზა – მოგკლავ, ვიღაცა ხარ! გამოდი გარეთ, ორივეს ჩემი ხელით დაგახრჩობთ!
ამირანი – თითსაც ვერ დამაკარებთ! თქვენმა ცოლმა გაზის პისტოლეტი მომცა, ამოვალ თუ არა, გესვრით!
ზაზა – რომელი გაზის პისტოლეტი?
ნანა – ცოლს დაუძახე, ბოლო სართულზე ცხოვრობენ!
ამირანი – მართლა დაუძახებს ჩემს ცოლს?
ნანა – არა?!
ამირანი – ჩემი ცოლი რა შუაშია?
ნანა – არც თქვენ ხართ ნაკლები!
ამირანი – ორთვენახევარი ერთ პროექტს ვწერდი. გრანტის აღება მინდოდა. რა თქმა უნდა, თანზის უმეტესი ნაწილი საქმეს მოხმარდებოდა, დარჩენილით, კი… არ გამოვიდა.
ნანა – ძალიან კარგი!
ამირანი – ძველი ქალაქის აღდგენა, დანგრეული შენობების რესტავრირება. პროექტი ჩინებულად იყო დაწერილი.
ნანა – რა კაცი ხართ? ცოლის ასე როგორ გეშინიათ?
ამირანი – სასაცილო ჩანს? რა ხანია სახლში ხეირიანად სადილი არ გვიჭამია. ბავშვი მეგობრის შვილების გამონაცვალით დადის. რაც გასაყიდი იყო, გავყიდე, მანქანაც მივაყოლე, ვალები დავიდე… სასაცილოა?
ნანა – რატომ არ მოგცეს ფული?
ამირანი – მომცეს.
ლია – (ხმა შორიდან) ამირან, მანდ ხარ, ლიფტში?
ამირანი – ჰო, ლია, აქ ვარ. წარმოიდგინე, ლიფტში გავიჭედე ჩემი ოცნების ქალთან ერთად.
ზაზა – სოფიკო, ცოლი მოვუყვანე!
ლია – მორჩი ხუმრობას. რა ჰქენი, აიღე გრანტი?
ამირანი – დავკარგე, სინდისი და ნამუსი დავკარგე! არაფრის აღარ მრცხვენია, ლია! არ მინდიხართ! არ მჭირდებით, არც შენ და არც ჩემი შვილი! დამანებეთ თავი! თქვენი იყოს ყველაფერი, რაც დამრჩა. მე უსინდისო ვარ, ვიცი, უსინდისო ვარ!
ნანა – ლია, ამირანმა მოგატყუათ! ფული აიღო, მხოლოდ სახლში არ წამოუღია. მთელი ფული ქალაქს მოხმარდება, ლია!
ლია – მე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.
ამირანი – არ შემიძლია, რასაც მთხოვ ის ვაკეთო, არ შემიძლია სხვისი ფულის სახლში მოტანა, არ შემიძლია ვიქურდო, არ შემიძლია! ნუთუ ასეთი ძნელი გასაგებია? ლია, ლია! რატომ უნდა მეშინოდეს შენი, ამიხსენი, რატომ?! ნუ ხარ ჩუმად, მითხარი რამე, მიპასუხე! რატომ ხარ ცუდად, რატომ არ ხარ ბედნიერი იმით, რაც გვაქვს… ლია, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ დამიჯერე, მერწმუნე, საბოლოოდ, ლია!

მესამე ნაწილი

ნანა – სიბნელე… რამდენ ემოციას იწვევს სიბნელე… მე კი სულ მარტო ვარ…
ამირანი – (ირონიით) თქვენი ქმარი..?
ნანა – მე არ გეტყვი, რომ წერილს გწერ, არც წინასწარ დავდებ ამ ფურცლებს ისე, რომ თვალში მოგხვდეს. შენ თვითონ, ყველგან რომ ცხვირს ჰყოფ, იპოვნი.
ამირანი – არ მესმის, რას მეუბნებით.
ნანა – მე ბევრი ვიფიქრე იმაზე, რაც მითხარი.
ამირანი – მე არაფერი მითქვამს?
ნანა – შეგიძლიათ, რომ გაჩუმდეთ?
ამირანი – ვერ შემაშინებთ.
ნანა – წერილის წერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს თავს გავუბრაზდი. არ შეიძლება, ამდენი კითხვა უპასუხოდ დავტოვო. მე სულ შენზე ვფიქრობ. როდესაც პატარა გოგო ვიყავი, მუდამ სიყვარულს ვეძებდი. მიყვარდა, რომ მყვარებოდა. მამაკაცი იყო ჩემთვის… არ ვიცი, რა დავარქვა… საახალწლო ნაძვის ხეს მაგონებდა. ბნელ ოთახში მოციმციმე საახალწლო ნაძვის ხეს. არ დაკვირვებიხარ, რა იდუმალია მოციმციმე, ფერადი ნათურებით შეფერილი ოთახი? ასეთი იდუმალი მეჩვენებოდი შენც.
ამირანი – მართალი გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია.
ნანა – შემდეგ იყო სიმარტოვე… და სევდა… მე ვცდილობდი, გეფიცები ვცდილობდი, უკან არ დამეხია, არ შემშინებოდა, რომ ვერ მოგაგნებდი. დღე შენით იწყებოდა და შენით მთავრდებოდა. და ასე დაუსრულებლად… ბოლოს კი სიყვარული სევდაში გადაიზარდა – გახდა უინტერესო, დაკარგა იდუმალება, სევდა, ჰო, სევდა..! ო-ო, ეს კითხვები – რატომ არ ვარ ბედნიერი, რატომ ვარ მოწყენილი, რატომ, რატომ… საახალწლო ნაძვის ხე ჩაქრა, ოთახიც დაბნელდა… აი, სულ ეს იყო. წერილი კი იმიტომ დავწერე, რომ ჩემს თავს გავუბრაზდი. დრომ კი… ისე სწრაფად გაირბინა…
ამირანი – ცუდად მთავრდება.
ნანა – მართლა?
ამირანი – არავის გაუმხელ.
ნანა – შენი ცოლი უფრო საშიში მეგონა.
ამირანი – მალე გათენდება, სადაცაა შუქიც მოვა, ლიფტი ჩაირთვება და ეს ღამე მალე დამთავრდება. შენ ვინ ხარ?
ნანა – მე ვარ, ნანა…
ამირანი – გამარჯობათ, ნუ გეშინიათ, მეც ამ სადარბაზოში ვცხოვრობ. გატყობთ, შეგაშინეთ…
ნანა – ცოტათი…
ამირანი – ნუ გეშინიათ, მე ლიფტში გაჭედილი ამირანი ვარ. სამსახურიდან დაღლილი სახლში მივდივარ. ძალიან გთხოვთ, თქვენი გაზის პისტოლეტი არ მესროლოთ, თორემ ხომ იცით რა მოჰყვება?
ნანა – ერთი ნაბიჯი და გესვრით. გეფიცებით, გესვრით! ეს პისტოლეტი მე ვიყიდე. მე ხომ ზაზა არ მყავს… (იცინის) მაპატიე…
(ლიფტი დაიძრება)
ამირანი – ნუ ღელავთ, თორემ მეც შემეშინდება. ახლა იცოდეთ, რომ მე უფრო ადრე შემეშინდება, ვიდრე თქვენ. დაგასწრებთ.
ნანა – ვერ დამასწრებთ.
ამირანი – დაგასწრებთ!
ნანა – ვერა, ვერ დამასწრებთ!
ამირანი – ჯანდაბას თქვენი თავი, დაიწყეთ!
ნანა – რა დავიწყო, შიში?
ამირანი – თუნდაც.
ნანა – ვაიმე, როგორ მეშინია, ვაიმე, როგორ მეშინია!
ამირანი – მე უნდა დაგამშვიდოთ? არა, ნუ გეშინიათ, მე არა ვარ საშიში.
ნანა – ვაიმე, როგორ მეშინია, ვაიმე, როგორ მეშინია!
ამირანი – არა, არა, ძალიან გთხოვთ, არ შეგეშინდეთ..!
ნანა – მეშინია, მეშინია!
ამირანი – ნუ ყვირით!
ნანა – გესვრით, გეფიცებით, გესვრით!
ამირანი – არ მესროლოთ, არ ვარ საშიში.
(ლიფტი ჩერდება, კარები იღება)
ამირანი – თქვენი სართულია.
ნანა – სულ ეს იყო? მე ახლა გავალ და ამით ყველაფერი დამთავრდება?
ამირანი – სწრაფად, თორემ კარები იკეტება.
ნანა – დიახ…
ნანა – მე ახლა გავალ…
ამირანი – კარები დაიკეტება, იჩქარეთ.
ნანა – ვჩქარობ…
ამირანი – ნანა..!
ნანა – ამირან..!
(ლიფტის კარები იკეტება, კაბინა დაიძრება)
ამირანი – გახსოვს, ბავშვობაში ლიფტით რომ ვსეირნობდით?
ნანა – კი, როგორ არა!
ამირანი – გახსოვს, რომ გვეგონა ლიფტი არ გაჩერდება, ცაში აიჭრება და გაფრინდებაო!
ნანა – როგორ არა!
ამირანი – წავიდეთ?!
ნანა – გავფრინდეთ?!

დასასრული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button