პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პოეტი და ოქტომბერი

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

წინად აქ მხოლოდ ერთი ხე იდგა
და ბაღიც თითქო იყო სხვაფერი,
შემდეგ ოქტომბრის ამბავებიდან
ეს არე-მარე გახდა მდიდარი.
იმ უსახელო და მაღალ ხიდან
ეხლა არ დარჩა აღარაფერი,
ძველი რუსეთის ნანგრევებიდან
ლანდიც არაა არავითარი!

ვიყავი შვილი, ქმარი და მამა
და მეგობრები მყავდა მრავალი,
მაგრამ ჩემთვის ხომ არ იყო ჩიხი
და უცნობლობა გზათა ამ არის,
მრავალთა ხვედრმა ხომ ჩემთან ერთად
ჰპოვა ჩიხიდან გამოსავალი.
მეფე არ არის, ხეც აღარ არის,
მაგრამ პოეტიც ხომ ხე არ არის?
პოეტს, რომელმაც ფიქრად გახადა
იმ დროის ღელვა და საძრაობა,
რომელმაც სძებნა, იპოვა, გასჭრა
და გააშუქა გზა ღამიანი –
სხვას თუ ხე და ქვაც კი არა ჰქვია –
არამედ მხოლოდ არარაობა –
სხვა ნებისყოფით არის პოეტი
და მშვენიერი ადამიანი!

ჩემთვის ყველაზე კარგი ეს არის –
იმ ქარიშხლიან დღეთ მოგონება;
ბევრი არ არის ეხლა ცოცხალი,
ვინც იმ გრიგალის ხმა გაიგონა!

კარგია სხვას ერთს კვარცხლბეკად ჰქონდეს
მისტერიების ნისლი მარადი.
რა ბედენაა პოეტისათვის
დროთ გარდასულთა ისევ მონება.
გადარჩე, თვითონ დასტოვო ყველა
არავისითა და არარათი –
და თავის თავის დარჩენის მეტი
ვერაფრის შესძლო გამოგონება.
შემდეგი ხანის წვიმა, ნისლია,
შემდეგ გაისმის ქვეყნად ძახილი
ასწით სინათლე, ასწით გუთანი,
გადაინახეთ ხნულისთვის თესლი,
ადექით, ვისაც რა შეგიძლიათ,
გმირული დარჩეს ქვეყნად სახელი,
დაგროვილია საზღვრების ახლო
დამარცხებულთა შური და გესლი!

იქ, საზღვარგარედ უდაბნო – გვალვა
შიმშილითა ჰკლავს ხელოვნურ ზეცებს;
უშრება ხახა უსასო მასებს
და ყელში წვება გულის არევით,
თაგვებთან ერთად დაეძებს ხალხი
დაობებული პურის ნამცეცებს,
გული გამოწყდა დაგებულ მახეს
და საბუდედან დაჰქრის ქარივით!

მაგრამ მოვა დრო: მედგარი წვიმა
მსოფლიო წვიმა დაჰკრავს ჯეჯილებს –
მიებჯინება იგი პოლიუსს,
ვით ცისარტყელას ფერი მზიანი.
წყალს იგი თუ არ, სხვა ვერვინ მისცემს
წყურვილისაგან ხმაჩახლეჩილებს –
იგი: მსოფლიო ოქტომბრის შუქი,
ქვეყნის პირველი მერიდიანი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button