ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ბასა ჯანიკაშვილი – გაუმარჯოს

ბაბუაჩემი გარდაცვალების შემდეგ არ მინახავს. გუშინ მოვიდა. ხელში დოქი და ორი ღვინის ჭიქა ეჭირა. მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია – ბოლოს და ბოლოს კაცი ცოცხალი აღარ არის – არ გამკვირვებია.
მას პატარა ბიჭი მოჰყვა – ეს ჩემი შვილიაო – არც ეს ვიუცხოვე. გაიღვიძეო, – მითხრა.
მეც გავიღვიძე იქ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. მინდორი, მწვანე ბალახი, ხის ჩრდილი და ორი სამფეხა სკამი მუხის მაგიდასთან ერთად.
ერთი ჭიქა მე დამიდგა, მეორე – თვითონ. თავის შვილს უბრძანა, ჩამოასხიო. ბიჭმა ჩამოასხა და მეგონა, რომ იგი ვერც ღვინის დოქს ხედავდა, ვერც ჭიქებს, ვერც ამ მაგიდას და ვერც ჩვენ; მაგრამ ღვინო არ დაუქცევია.
სახელდახელო სუფრამ დიდხანს გასტანა: დავლიეთ ბაბუაჩემის პაპის, მამის, ძმის, ბიძების, შვილების სადღეგრძელო. არც ერთი ცოცხალი აღარ არის.
ღვინო გათავდა. ბაბუაჩემმა შვილი მდელოს გადაღმა, პატარა ნაკადულთან გააგზავნა. უთხრა – დოქი წყლით აავსე, სანამ აქ მოიტან, დაღვინდებაო.
დავლიეთ უდროოდ და დროულად წასულების სადღეგრძელო; მათიც, ვინც გვიან წავიდა… შევსვით ომში დაღუპულების, მუხთალი ტყვიით გარდაცვლილების სადღეგრძელო…
ღვინო გათავდა. პატარა ბიჭი კვლავ გაცუნცულდა მდელოს გადაღმა, დოქს წყალი დაალევინა და ჩვენთან ღვინო მოიტანა.
შევსვით წასული დედაჩემის, მამაჩემის და ბებიაჩემის სადღეგრძელო. ახლა ჯერი ჩემზე მიდგა. ფეხზე ადგომით ბაბუას ჭიქა წავუქციე. ესიამოვნა და ვერ დამალა – გულიანად გადამკოცნა.
ბაბუამ სიტყვა დაიბრუნა. მოვიხსენიეთ შორეული ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები და უცნობები.
პატარა ბიჭი კვლავ ნაკადულთან გაეშურა, დოქში წყალი ჩაასხა, გზაში დაღვნიდა და ისე მოიტანა სუფრასთან…
ქართველი ხომ ამაყია, ნასვამი ქართველი კი – ყეყეჩი.
ნათელში ამყოფოს ყველა ქართველი მეფე – ვინც სამშობლო ასახელა, ქვეყანას თავზე დიდების გვირგვინი დაადგა, სიცოცლე არ დაიშურა და მტერს თავი შესწირა.
გაუმარჯოოოს…
ღვინო გათავდა. თვლა ამერია, მერამდენედ მოიტანა ბიძაჩემმა, პატარა უდროოდ წასულმა ბიჭმა დაღვინებული წყალი. განსხვავებული მოვითხოვე: შემცვლელი ვერ ვნახეთ და ორი ჭიქით ისინი მოვიგონეთ, ვინც მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. მათიც განსხვავებულით შევსვით, ვინც ელოდა სიკვდილს და დაგვტოვა. მესამე განსხვავებულით მათი შესანდობარი ვთქვით, ვინც ჯერ არ წასულა და ადრე თუ გვიან მაინც მოკვდება.
დოქი გამოვცალეთ. ბიჭმა გაშეშებული მზერით დოქს ხელი დასტაცა და ღვინის მოსატანად გაიქცა. ბაბუაჩემმა მითხრა, ახლა ფეხზე ადგომით შენი ხსოვნა-არდავიწყებისა უნდა დავლიოო. მართალი გითხრათ, მეც მესიამოვნა და ფეხზე ავდექი.
ბიჭმა დოქი მოარბენინა, ჭიქები შეავსო და, ის იყო, პურზე უნდა წაგვექცია, შევნიშნეთ, რომ ღვინის მაგივრად წყალი იყო.
რა არის ბაბუ ეს – ვკითხე – წყალი არ დაღვინდა-მეთქი?
აღარ გახსოვართო – მიპასუხა – ჩენ იქ აღარავინ გვიგონებსო – თქვა და წავიდა. ბიჭმა გამიღიმა და მითხრა – ყველა კაცი კვდება, მაგრამ ყველა როდი ცოცხლობსო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button