გამორჩეული ადამიანებიისტორია

რევაზ მიშველაძე “კონსტანტინე გამსახურდია”

კოლხური კოშკიდან საქართველოს უმზერს ორი განსაცვიფრებლად მეტყველი და მარადჟამს ფხიზელი თვალი.

ამ თვალების პატრონს _ კონსტანტინე გამსახურდიას ერთი შეხედვით კუშტი გამოხედვა ჰქონდა. მაღალი ქუთუთოები, წინ წამოწეული თაფლისფერი თვალები, ნიადაგ მოკუმულივით, თითქმის უტუჩებო პირი, ჩავარდნილი, ოდნავ ნერვიული ყბები, არწივისებური ცხვირი, ნიადაგ გაბრაზებული კაცის იერს აძლევდნენ მისი სახეს.

იგი შიშისა და რიდის გრძნობას იწვევდა იმათ თვალშიც კი, ვინც ახლოს იცნობდა.

საქართველოს დიდხანს არ დააძინებს დიდოსტატის ის ორი ფხიზელი და გრძნეული თვალი.

ჩემი თაობის კაცი ბავშვობისას რომ იდუმალი გარინდებით ჩაუვლიდა კოლხური კოშკის გალავანს და მერე კონსტანტინე გამსახურდიას მოწაფეობა და უმცროსი მეგობრობა არგუნა ბედმა, ახლაც მისი სულის კამერტონზე ზომავს და სწონის თავის ნაბიჯს: `ბატონი კონსტანტინე როგორ იტყოდა, ბატონი კონსტანტინე მოიწონებდა თუ არა…~

იტყოდა, `კლასიკოსთა დაფნის გვირგვინები სასტიკად მძულსო~, მაგრამ მთელი ცხოვრება კლასიკოსივით იცხოვრა. მისი ცხოვრების წესი ამპარტავანი კაცის შთაბეჭდილებას უქმნიდა იმას, ვისაც `დიდოსტატის მარჯვენის~ დამწერის სიმაღლე აღიზიანებდა.

შეიძლება, მართლაც იყო მის ყოველდღიურობაში რაღაც არქაული და პატივმოყვარული, მაგრამ ვერავინ დაამტკიცებს, რომ ორიგინალურობა მისთვის ხელოვნური პოზა იყო თავის გამოსაჩენად მოგონილი.

თავის გამოჩვენისთვის ფართიფურთი მას სიყმაწვილიდანვე არ სჭირდებოდა, _ `დიონისის ღიმილი~ ქმნიდა მაღალოსტატობისა და მისი ნიჭისადმი თაყვანისცემის გარანტიას.

განა ახლა, როცა იგი კარგა ხანია აღარ არის ჩვენს შორის, გასაოცარ ცისფერ შუქს არ გვფენს მისი არაჩვეულებრივი სვლა თავის წუთისოფლეში?

იქნებ იმ განმარტოებით და საიმედოდ შემოღობილი კოლხური კოშკით ჩვენ, ტექნიზაციისა და ურბანიზმის ქაოსით დამტვერილებს, თავისებური, ამაყი თეატრალობით გაკვეთილი მოგვცა იმისა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს კლასიკოსი.

გვასწავლა, როგორც უნდა შეინარჩუნოს მან ცხოვრების ქარტეხილებში სიძლიერე და შეუვალობა სულისა, როგორ არ უნდა ააყოლოს ფეხი ზოგიერთი შემთხვევით აღზევებული `პოლიტიკოსის~ საეჭვო უზუნდარას.

ამას წინათ `მერანის~ ფოიეში ერთ მხცოვან ლიტერატორს ეკითხებოდნენ უმრწმესნი _ გაურბოდა თუ არა ჟურნალისტებსო, იყო თუ არა მიუკარებელი, მოჰკიდაო თუ არა ერთხელ ყურში ხელი ამა და ამ მინისტრს უადგილო ხუმრობის გამო?

`იყო, იყო… ბევრი რამ სწორია, ხანდახან ვერ მოზომავდა კიდეც, მაგრამ მას ყველაფერი უხდებოდაო~, უპასუხა იმ კაცმა.

დიახ, მას ყველაფერი უხდებოდა…

უხდებოდა თბილისის ქუჩებში პროვინციიდან ჩამოსულ მეყავრესავით ტყავის ჯუბაჩით, კრაველის ბოხოხითა და `გალიფეაზიაცკებით~ სიარული, მწერალთა კავშირში ამოჩემებულ `კონსტანტინეს სავარძელში~ განმარტოებით ჯდომა, ტელევიზიიდან არცთუ მთლად საბუთიანი სიტყვის თქმა ლამაზ ქალებზე და კოლხური კოშკის ჭისკრის სვეტებზე თავისი ხელით გაკრული, არცთუ მთლად სტუმართმოყვარული, წარწერაც: `წინასწარ შეუთანხმებლად ნუ შემაწუხებთ~.

სიტყვასთან იაკობივით დღემუდამ მორკინალ ღმერთკაცს ჰქონდა უფლება სიბერეში, ცოტა არ იყოს, ახირებული და არისტოკრატულად პატივმოყვარე ყოფილიყო.

მით უმეტეს, რომ მას გამოევლო წლები, როცა მრავალტანჯული სამშობლოსადმი მისი ერთგულების სიმტკიცე სურდათ გაეტეხათ, კაენის სულის აღზევების პერიოდში კოლხურ კოსკთან მათრახიც გატკაცუნებულა და `მოსათათბირებლადაც~ არაერთხელ შეუწუხებია ღამეულ სტუმარს კონსტანტინე გამსახურდია.

მის მიერ გაცოცხლებულ უკვდავ ისტორიულ გმირთაგან გადმოედო ხასიათის სიკერპე და მედროვეთა თვალში ოთხმოცი წლის მოხუცი ბოლომდე დარჩა `ურჩ გამსახურდიად~.

ხშირად მიფიქრია დიდოსტატის ორსახოვნებაზე: შინაურებში სამურზაყანოელი გლეხივით უბრალოდ, შესამჩნევი მეგრული აქცენტით და ზოგჯერ ჭირვეული ბავშვივით გულუბრყვილოდ მოსაუბრე, თუ ახლომახლო უცხო კაცის გეშს დაიცემდა, წელში გაიმართებოდა, გამოიცვლებოდა და `ბატონობით~ და აფორიზმებით იწყებდა ლაპარაკს. შეკითხვაზე მაშინვე არ გიპასუხებდა, ყოველ სიტყვას ზომავდა და სწონიდა.

დალახვროს ღმერთმა, ისე გამიტყუებს ფიქრი, რომ აღარც კი ვიცი, რომელი იყო ნამდვილი კონსტანტინე გამსახურდია: შინაურებში შინაურულად რომ მოიჩლიქავდა ენას, თუ კოლხური კოშკის ბანიდან უხომალდო ადმირალივით რომ გადახედავდა დედაქალაქს და თავისი ევროპული განსწავლულობის სალაროდან ისეთ ტყუილსა თუ მართალს ამოიღებდა, რომ გამოუცდელ მოსაუბრეს პირი დაგეღო _ `ეს მაინც საიდან იცის, საიდან ახსოვს ამდენი?~

მთელის პასუხისმგებლობით ვიტყვი: ერს ეს `მეორე გამსახურდია~ უფრო დაამახსოვრდა. ალბათ იმიტომ, რომ იგი უფრო სჭირდებოდა. ერთიან, თავისუფალ საქართველოზე მეოცნებე თავის მეფეებსა და ხუროთმოძღვართ შორის ჩამდგარი, ჩოხა-ახალუხში თითქოს სულ სასურათედ გამოწყობილი.

რომანტიულად მაღალი, ქამარ-ხანჯალზე ხელებდაწყობილი, თითქოსდა კლასიკოსთა კოლექტიური პორტრეტიდან შემთხვევით გადმოსული კონსტანტინე გამსახურდია მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენდა.

უკანასკნელად მე მას ვესაუბრე სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს, თვალებჩამქრალს და მაჯადასუსტებულს. მივედი, რომ მეცრუა მის წინაშე, ცრემლები დამემალა, გამემხნევებინა, მეთქვა, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ წინ არის, ჯერ ცოცხალ კლასიკოსს იმ სიყვარულის მომკა არც კი დაუწყია, რა სიყვარულითაც უყვარს იგი მოაზროვნე, შეგნებულ საქართველოს.

ეს ყველაფერი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვის დასჭირდა ჩემი გამხნევება. თავი ასწია და დაიჩივლა: კალამს მიმალავენ ექიმები, თორემ `თამარზე~ მუშაობას გავაგრძელებდიო. მერე მისებურად, გვერდულად გამომხედა და დაბეჯითებით მითხრა: იმ კვირაში ფეხზე უნდა წამოვდგე და ტყვიით სროლაში ვარჯიში დავიწყო, ნადირობის სეზონი მოდის, უნდა გავემზადოო.

ისე გადამდები იყო მისი ჯიუტი ნება და სიცოცხლისადმი დაუოკებელი ლტოლვა, რომ ძალაუნებურად ავყევი და საუბარი დავუწყე სანადირო თოფებზე და ძაღლებზეც კი, თუმცა ვიცოდი, რომ კარგა ხანია ჟანგი მოჰკიდებოდა დიდოსტატის სანადირო თოფებს და არც მისი ერთგული მწევარი _ გერი იყო ამ ქვეყანაზე.

მწერალთა სასახლეში რომ დაასვენეს, დიდხანს შევსცქეროდი საყვარელი მოძღვრის დაღლილ სახეს, ამ წუთისოფელთან ანგარიში რომ გაესწორებინა და უკვდავების გრძელ გზად გამზადებულიყო.

გამიკვირდა გულზედაჭდეულ ხელებში სანთელი რომ არ კიაფობდა და არც ხანჯალი ედო გვერდით, ის ხანჯალი, ასე ლამაზად და მართლად რომ აკვესებდა თავისი ძნელი სიცოცხლის მანძილზე.

სხვა პეწი ჰქონდა როგორც მოქალაქეს და სხვა ფხა და ჭრა მის ნათქვამს.

თუ სადმე გამოჩნდებოდა, იმ შეკრების ბედი გადაწყვეტილი იყო. კაციშვილი ფეხს არ მოიცვლიდა დარბაზიდან _ იქნებ ბატონმა კონსტანტინემ ბრძანოსო ორიოდე სიტყვა.

იცოდა, საყოველთაო ყურადღებით იყო გარემოცული და თავის სიტყვას ფასს სდებდა, წამდაუწუმ მიკროფონთან დგომით არ გვანებივრებდა. თუ რაიმეს იტყოდა ხმადაბლა და საქმიანად, ყვირილისა და გულზე ხელის ბრაგუნის გარეშე.

ერთხელ ფარსმანის პირით არსაკიძეს მშვიდად ცხოვრების ასეთი ზნეობრივი სიბრძნე უქადაგა: `ბრძენკაცი უნდა იყვე და შლეგად მოაჩვენოო თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ამქვეყნად, რამდენიც ბრძენკაცსა, გმირსა და ოსტატს~.

მაგრამ სვეტიცხოვლის ტოლფასი ლიტერატურული ძეგლის ამგები, თვით არასოდეს ყოფილა შეგუების ამ პრინციპთა მიმდევარი.

ამაყი იყო და ვაგლახად ბუზს ვერ აუფრენდა ვერავინ, რადგანაც თავისი ფასი იცოდა, არც არავის უსამართლოდ დაჩაგრავდა და არც არავის დაეჩაგვრინებოდა.

თუ `დიდი ღონისძიებების~ ორგანიზატორები `შემთხვევით~ მოსაწვევ ბარათს დაუგვიანებდნენ, დაუპატიჟებლად მოვიდოდა. სცენაზე გამოჩნდებოდა, პრეზიდიუმს თავს როდი დაუკრავდა, გრძელ მაგიდას თავში მიუჯდებოდა და იჯდა გარინდებული. ტაშის გრიალითღა თუ მიხვდებოდნენ სხვანი, რომ კონსტანტინე გამსახურდია მობრძანდა.

თვით კი თითქოსდა, არც ტაშს დაგიდევდათ, იჯდა წელში გამართული, სახეზე ნერვიც არ ერხეოდა, თითქოსდა თავის თავთან იყო, თავის ლანდს ფიქრებით ებაასებოდა. მერე ასევე უნებართვოდ (რა მკაცრი სიტყვაა) ადგებოდა და წავიდოდა.

`მწერალი უნდა იყოს დიდი და კეთილშობილი გულის პატრონი. მხოლოდ გულით სპეტაკი ვაჟკაცები თუ გამხდარან დიდი მწერლები~ _ წერდა.

მთელი ცხოვრება ასე, შუასაუკუნური რაინდივით სპეტაკ ვაჟკაცად იარა. თავად დიდი და მოწყალე გულის მქონე, ავაზასავით შეიმართებოდა, როცა საქმე სიმართლის დაცვას შეეხებოდა. პოლემიკაში შემტევი და უკომპრომისო იყო. ავყიაობას, გულდედლობას, წაჯექ-უკუჯექობას არ გაპატიებდა.

როგორც მისმა სწორუპოვარმა არსაკიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამაც საყვარელ ხელოვნებას მთლიანად მისცა სული. შეალია სიცოცხლე `უღრმესი სიბრძნის ნათლადჩენას უბირთაგან უბირისთვისაც~.

მე იგი თავისსავე მნათე ოქროპირს მაგონებს მკლავების დაწყვეტამდე რომ არისხებდა გრიგალში ზარებს, განწირული მამაღმერთივით რომ იდგა ლიბოგამოთხრილ, ჩასაქცევად გამზადებულ სამრეკლოზე. მრევლის გაღვიძების ექსტაზში რომ დაიღუპა და ანგელოზებმა მისი სული ცისკენ რომ გააქანეს.

ეს მან, მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარის პირას დაბადებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ, ერთ დუღაბად შეკრა სხვადასხვა თაობის ქართველთა ოცნება და გულისთქმა, ეს მან უმღერა ერს უკვდავების სულისშემძვრელი ჰიმნი.

ეს ამნ `ასწია ადამიანი მაღლა, სულ მაღლა და დასვა შემოქმედის მარჯვენა მხარეს~.

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის უპირველესი რომანისტი და უაღრესად ორიგინალური სტილის მწერალი _ ასე შევიდა კონსტანტინე გამსახურდია მსოფლიო მწერლობის ისტორიაში. ქართული კულტურის საგანძურში მის მიერ შეტანილი წვლილი შეიძლება ამგვარად განისაზღვროს: კონსტანტინე გამსახურდიამ ჩვენი ეპოქის მწერალთაგან ერთერთმა პირველმა სცადა გაეგრძელებინა და განეახლებინა ლიტერატურაში სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის მიერ ლიბოდადებული ტრადიცია ქართულ კულტურაში აღმოსავლური და ევროპული კულტურების იმგვარი სინთეზისა, ორგანულად რომ შეერწყმოდა ქართულ ეროვნულ სულს და ნაციონალურ ფსიქოლოგიას.

კონსტანტინე გამსახურდიამ ოციანი წლების მოდური ლიტერატურული ჯგუფების მიერ `რომანის ჟანრის კვდომის~ თეორიის კამპანიის ვითარებაში ახალი სული შთაბერა ქართულ რომანს, განაახლა და არნახულ მხატვრულ სიახლეებს აზიარა იგი.

კონსტანტინე გამსახურდიამ დიდი შრომა შესწირა ქართული კლასიკური ნოველის შექმნას. ნოველის საყოველთაოდ მიღებული ჟანრული კანონების ერთგულებით ამ ჟანრის ქართულ ლიტერატურულ ნიადაგზე გადმონერგვა კ. გამსახურდიას უშუალო დამსახურებაა.

კონსტანტინე გამსახურდიამ ქართული პუბლიცისტიკის არსენალს შესძინა მისთვის მანამდე სრულიად ახალი ჟანრი, ლიტერატურულ-პუბლიცისტური აზროვნების ორიგინალური ფორმა – ესსეის სახით.

კონსტანტინე გამსახურდიამ ქართული ენის განვითარებაში თითქმის ისეთივე მნიშვნელობის გარდატეხა მოახდინა, როგორც თავის დროზე შოთა რუსთაველმა და ილია ჭავჭავაძემ. მან ერთერთმა პირველმა გამდაბიურების საეჭვო ინერციებს გამოგლიჯა ქართული ენა, ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის თავისებური სინთეზით, აგრეთვე დიალექტთა საღი ყლორტების გათვალისწინებით შექმნა განუმეორებელი, დარბაისლური მხატვრულ-ენობრივი სტილი, რომელსაც გასაოცრა მდიდარი ლექსიკა და ფრაზის თავისებური კონსტრუქცია სხვა თანამედროვე ქართველი პროზაიკოსის სტილისაგან განსხვავებულ იერს ანიჭებს. კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა რა ისტორიული რომანის ახლებური, თავისებური კონცეფცია, რითაც, სხვათა შორის, ისტორიულ ჟანრს ალეგორიულად, უპირველს ყოვლისა, თანამედროვე პრობლემატიკით დაინტერესება დააკისრა, დაწერა ბრწყინვალე სერია ისტორიული რომანებისა. შეძლო გაეცოცხლებინა შორეული წარსულის ძვირფასი სურათები და ისტორიულ-მხატვრულ ქრონიკებად ამოეყენებინა გვერდით `ქართლის ცხოვრებისათვის~. ამ რომანებმა უდიდესი როლი შეასრულეს, ერთი მხრივ, ქართველი კაცის ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისა და, მეორე მხრივ, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში ქართული კულტურისა და ფილოსოფიური აზროვნების ადგილის გარკვევისათვის.

და, რაც მთავარია, კონსტანტინე გამსახურდიამ შეძლო შთამბეჭდავად და სისხლსავსედ გამოეხატა ჩვენი დრო. თანამედროვე ქართულ პროზაში ძალიან ძნელი მოსაძებნია ოციანი წლების საქართველოს სხვადასხვა სოციალური ფენის და განსაკუთრებით ევროპული განსწავლის გზებზე ხეტიალით დაღლილი, ერთ დროს პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელთა ცხოვრების ასახვის ისეთი მართალი სურათები, როგორსაც `დიონისოს ღიმილში~ ვხვდებით. ოცდაათიანი წლების წინააღმდეგობრივი ბუნება, ძველის ნგრევისა და ახლის დამკვიდრების გრანდიოზული სურათები დიდი რეალისტური სისავსით და მხატვრული მონუმენტურობით დაიხატა `მთვარის მოტაცებაში~, ხოლო ომამდელი და ომისშემდგომი პერიოდის ქართულ სინამდვილეს დიდი შემეცნებითი ღირებულებით ასახავს `ვაზის ყვავილობა~.

ასე რომ, მიუხედავად ისტორიულ ჟანრში ეპოქალური მნიშვნელობის ღირებულებათა შექმნისა, კონსტანტინე გამსახურდია, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვეობის მწერალია. განსაკუთრებით საგულისხმოა კ. გამსახურდიას ეროვნული პოზიცია. დამპყრობელი რუსეთისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება ჩანს თითქმის ყველა მის თხზულებაში და განსაკუთრებით რომანში `დიონისოს ღიმილი~.

* * *
კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1891 წლის 15 მაისს სოფელ აბაშაში აზნაურის სიმონ გამსახურდიას ოჯახში. მწერლის დედა ელისაბედი აბაშელი აზნაურის სიკო თოფურიძის ქალი იყო. მომავალი მწერლის მშობლები თავისი დროის კვალობაზე განათლებული, წიგნიერი ადამიანები იყვნენ. სიმონ გამსახურდიას ოჯახში შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის, ქართული ფოლკლორული და კლასიკური პოეზიის, საქართველოს ბრწყინვალე ისტორიული წარსულის კულტი იყო და თავად ქართული კულტურის შესანიშნავი მცოდნე და დამფასებელი, თავის ექვს შვილსაც (ბესარიონ, ალექსანდრე, ბიკტორი, ვანო, სოფიო, კონსტანტინე) ამ სულისკვეთებით ზრდიდა.

სიყრმეში მიღებული შთაბეჭდილებანი, მეგრული ფოლკლორის ნიმუშები და ისტორიული წარსულით დაინტერესება ცხოვლად დააჩნდა პატარა კონსტანტინეს სულს და შემდგომ მის შემოქმედებაში თავსაჩინო გამოვლენა ჰპოვა.

ინტელექტუალური საზრდოს გარდა სიმონ გამსახურდია თავის შვილებს ფიზიკური სრულყოფის საკმაოდ გაბედულ გაკვეთილებსაც აძლევდა. ბავშვობიდანვე აჩვევდა ამტანობას და მტკიცე ნებისყოფას უნერგავდა.

`ერთხელ თავად (მამა, რ. მ.) ხედნიდა საკმაოდ ოჩან ულაყს, ხელი წამავლო და უბელო და უაღვირო ცხენზე შემაგდო, ულაყს მათრახი გადაჰკრა გავაზე, შემომძახა: აბა, მარჯვედ გააჭენეო. ცხენი საოცარის სისწრაფით გაჭენდა თემშარაზე. მე ძლიერ შევშინდი, გზაში შემხვედრ გლეხს ვევედრებოდი _ მიშველეთმეთქი. ბოლოს, რა დავრწმუნდი ვერავინ მშველოდა, ორივე ხელით ფაფარზე მოვეჭიდე ცხენს და შვება ვიგრენი. ბოლოს ისე გავთამამდი, ქუსლი ვკარი და შინ მივბრუნდი~ _ წერს პოეტი თავის მოგონებათა წიგნში _ `ლანდებთან ლაციცი~.

თანახმად ქართველ თავად-აზნაურთა ძველი ჩვეულებისა, კ. გამსახურდიას გამდელიც მიუჩინეს. გამდელი ეკაია ქართული კულტურის ისტორიაში სახელდამადლდამკვიდრებული გამდელების (აკაკის, ილია ჭავჭავაძის, ნ. ნიკოლაძის და სხვ.) ღირსეული შთამომავალი გახლდათ და ყმაწვილის შემეცნება იმთავითვე გამდიდრდა კოლხური ლეგენდებით, ზღაპრებითა და შელოცვებით.

აბაში სამრეკლო სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ კონსტანტინე და მისი ძმა ვანო სენაკში ჩამოიყვანა და სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა. ამ სკოლაში აბაშელ ყმაწვილს მშობლიური ენისა და ერისადმი სიყვარულს ცნობილი პედაგოგები _ არსენ წითლიძე და ნიკო ჯანაშია უნერგავდნენ.

1905 წლის რევოლუციის ქარტეხილმა სიმონ გამსახურდიას ოჯახსაც გადაუქროლა. გიმნაზისტი ყმაწვილის სული შეძრა იმ დღეების ქუთაისმა, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მუშტად შეკრულმა ბარიკადებმა, მამის დაპატიმრებამ რევოლუციონერთა გადამალვაში ხელშეწყობის გამო.

ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მოხდა კ. გამსახურდიას ადრეული სულიერი ფორმირება. ერთი მხრივ, რევოლუციური გარემო, ხოლო მეორე მხრივ, იმდროინდელი საქართველოს კულტურის მექა _ თავისი ევროპული ესთეტიზმით და ლიტერატურული სალონებით ხელს უწყობდა მომავალ მწერალში პროგრესისათვის ბრძოლისა და განსწავლის გრძელ გზაზე შედგომის დაუოკებელი სურვილის გამომუშავებას.

განსაკუთრებული სიყვარულით კ. გამსახურდია გიმნაზიის მაშინდელ დირექტორს _ იოსებ ოცხელს იგონებს. უანგარო საზოგადო მოღვაწემ და დიდმა პედაგოგმა იმთავითვე შენიშნა კ. გამსახურდიას განსაკუთრებული სიყვარული ლიტერატურისადმი და სწავლაში გასაოცარი გულმოდგინება, ამიტომაც თვეში ათი ოქროს მანეთი სტიპენდია დაუნიშნა.

მწერლის მაშინდელი განწყობილების თვალსაჩინო ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ გიმნაზიაშივე, კ. გამსახურდია და მისი პატარა თანამზრახველები აარსებენ საიდუმლო ჯგუფს სახელწოდებით _ `ცხრა მუხა~. ამ ჯგუფს საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული ანტიშოვინისტური განწყობილება ჰქონდა.

თვითმპყრობელობის წინააღმდეგ აშკარა საქმიანობისათვის (პროკლამაციების დაბეჭდვა და გავრცელება, რეაქციონერი მასწავლებლის ცემა, საიდუმლო კრებები…) ჟანდარმერიამ `ცხამუხელები~ დააპატიმრა და იოსებ ოცხელი რომ არ გადაფარებოდა ახალბედა მეამბოხეებს, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მათი ბედი.

1912 წელს კ. გამსახურდიამ ფრიადებზე დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ქალაქის გამგეობისაგან გაინაღდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია და კიტა აბაშიძის სარეკომენდაციო წერილით ხელში პეტერბურგის გრძელ გზას დაადგა. იმ წერილში ცნობილი ქართველი კრიტიკოსი თხოვდა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკო მარს ნიჭიერი ყმაწვილისადმი ყურადღება და მზრუნველობა გამოეჩინა.

კ. გამსახურდია პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მალე იძულებული შეიქნა დაეტოვებინა უნივერსიტეტი. უნივერსიტეტიდან წასვლის მიზეზი ამ სასწავლებლის მესვეურთა უმეტესობის აშკარად ნაციონალისტური განწყობილება და მცირე ერის წარმომადგენელთა მიმართ შოვინისტური ქედმაღლობა იყო, ხოლო საბაბი ნიკო მარის მიერ ერთ-ერთ სემინარზე ილია ჭავჭავაძის უპატივცემულოდ მოხსენიება.

კენიგბერგის, ლაიპციგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში სხვადსხვა დროს ეუფლება კ. გამსახურდია ევროპულ ლიტერატურას და ფილოსოფიას, მიუნხენში ეცნობა და უახლოვდება იგი თომას მანს. მიუნხენის გაზეთებში აქვეყნებს წერილებსა და თარგმანებს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კ. გამსახურდიას რუსეთის ჯაშუშად მიიჩნევენ და აპატიმრებენ. თომას მანის მეცადინეობით ათავისუფლებენ მომავალ მწერალს ტრანუშტაინის საპყრობილედან.

ბოლოს კ. გამსახურდიას ბერლინში ვხედავთ. 1919 წელს მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი და იტალიაში გაემგზავრა. იტალია, შვეიცარია, ინგლისი, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები… ასე ვრცელი და მასშტაბური გახლავთ კ. გამსახურდიას სწავლის გეოგრაფიული გარემო.

ენციკლოპედიურად განსწავლული, იმდროის ევროპის მოწინავე სულისკვეთებას ზიარებული, უცხო ენების ცოდნით აღჭურვილი კ. გამსახურდია 1919 წელს საქართველოში ჩამოდის და მაშინვე აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

1919 წელსვე აარსებს ჟურნალ `პრომეთეს~, 1922 წელს გამოსცემს `ალიონს~, ამავე პერიოდში რედაქტორობს გაზეთებს: `საქართველოს სამრეკლოს~, `ქართულ სიტყვას~, (1923), `ლომისს~ (1922).

1922-1027 წლებში სათავეში უდგას `აკადემიურ ასოციაციას~. ამ ასოციაციით კ. გამსახურდიამ შეძლო ქართული ლიტერატურის დემოკრატიული ტრადიციებისათვის ბრძოლის დროშის ქვეშ გაეერთიანებინა ისეთი პირველხარისხოვანი მწერლები, როგორიც იყვნენ: ა. აბაშელი, შ. დადიანი, ლ. ქიაჩელი, ს. შანშიაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, კ. მაყაშვილი, კ. ჭიჭინაძე, პ. ინგოროყვა, ი. გრიშაშვილი, ხ. ვარდოშვილი, ი. მჭედლიშვილი, ა. ჭუმბაძე…

1944 წელს კ. გამსახურდია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს, ხოლო 1965 წელს მას მიენიჭა რუსთაველის პრემია ტეტრალოგიისათვის `დავით აღმაშენებელი~.

კ. გამსახურდიას რომანები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ლიტვურ, ლატვურ, ესტონურ, უზბეკურ, ტაჯიკურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუმინულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

უკანასკნელ წლებში, მიუხედავად მწერლის ავადმყოფობისა, კ. გამსახურდიას `კოლხურ კოშკში~, მის სამუშაო კაბინეტში ღამღამობით კვლავ კიაფობდა სინათლე. ღვაწლმოსილი მწერალი ახალ ისტორიულ რომანზე _ `თამარზე~ მუშაობდა.

იგი კვლავ ჩვეულ ენერგიით იღვწოდა საზოგადო სარბიელზე. იყო სხვადასხვა გამომცემლობათა სამხატვრო საბჭოებისა და ჟურნალ-გაზეთების რედკოლეგიების წევრი. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. რჩევა-დარიგებითა და გზის დალოცვით ხელს უმართავდა ახალგაზრდა მწერლებს.

`დიდოსტატის მარჯვენის~ ავტორი თავის უახლოეს მეგობართა შორის ასახელებდა გიორგი ნიკოლაძეს, კონსტანტინე ჭიჭინაძეს, ივანე ჯავახიშვილს, ჯვებე იოსელიანს, აკაკი შანიძეს, გრიგოლ წერეთელს, კორნელი კეკელიძეს, ანდრია რაზმაძეს, ქრისტეფორე რაჭველიშვილს, გალაკტიონ ტაბიძეს, პაატა გუგუშვილს, ალექსანდრე აბაშელს, ირაკლი აბაშიძეს, აკაკი გაწერელიას, პავლე ინგოროყვას, სერგი ჭილაიას, გიორგი ნატროშვილს, ბესარიონ ჟღენტს და ელგუჯა მაღრაძეს.

1973 წელს კ. გამსახურდიას ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით გადაუხადა დაბადების 80 წლის იუბილე.

1975 წლის 17 ივლისს შეწყდა დიდი ქართველი მწერლის მაჯისცემა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა კონსტანტინე გამსახურდია მისი ანდერძისამებრ დიდის პატივით დაკრძალა გალის ქუჩაზე მდებარე მწერლის საცხოვრებელი სახლის _ `კოლხური კოშკის~ ეზოში.

* * *
ევროპიდან კონსტანტინე გამსახურდიას ფართო განათლებასთან ერთად იმდროინდელი მოდური სკოლების ლიტერატურული გავლენები ჩამოჰყვა. განსაკუთრებით განიცდიდა იგი ექსპრესიონიზმის გავლენას. ექსპრესიონიზმი სხვა დეკადენტურ მიმდინარეობათაგან განსხვავებით ცხოვრებასთან აქტიურ დამოკიდებულებას ქადაგებდა და თავისი კოსმიურობითა და რელიგიურ ფანატიზმთან კავშირით უფრო უახლოვდებოდა კ. გამსახურდიას ახალგაზრდულ ტემპერამენტს და იმდროინდელ განწყობილებას.

სწორედ ამ პოზიციიდან `მკვდართან შეხვედრის~ ავტორმა 1922 წელს დაწერილი წერილით `იმპრესიონიზმი თუ ექსპრესიონიზმი~ (`ლომისი~, #1, 1922) სხვა დეკადენტურ მიმდინარეობებს (იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმს) ბრძოლა გამოუცხადა.

მართალია, კ. გამსახურდია, როგორც ყველა დიდი მწერალი, ვერ ეტეოდა რომელიმე მოდური სკოლის ჩარჩოებში, მისთვის იმთავითვე ვიწრო აღმოჩნდა ექსპრესიონიზმის პროკრუსტეს სარეცელიც, მაგრამ მას, ვინც ხელაღებით უარყოფს კ. გამსახურდიას მონაწილეობას ოციანი წლების ლიტერატურულ დაჯგუფებებში და მწერლის მრავალფეროვან ქმნილებებში უცხოურ გავლენათა კვალს ვერ ხედავს, თვით მწერლისავე სიტყვებს მოვაგონებთ: `განსწავლისა და მოგზაურობათა წლებში მე არ დამკლებია ბერგსონის, ედუარდ ჰარტმანის, არტურ შოპენჰაუერის, სევდენბორგის, შტაინერის და კირკეგოს ზეგავლენანი.

უფრო მეტს ვიტყოდი, განსაზღვრულ პერიოდებში ანგელუს სილეზიუსს, სუზოს და ფრანჩესკო ასიზელის სუნთქვაც მომწვდენია, იმავე წლებში გატაცებული ვყოფილვარ ჩინური, არაბული და ინდური ფილოსოფიის შედევრებითაც.

ისიც ცხადია, ვინც სიჭაბუკეში არავის დამოწაფებია, მას სიბერეში არავის ოსტატობა არ შესძლებია~.*

ამ ამონაწერიდანაც ნათლად ჩანს, რომ კ. გამსახურდიასათვის დეკადენტობა ერთი ეტაპი იყო მისი შემოქმედებითი ძიებების გრძელ გზაზე, მაგრამ მოდურ ლიტერატურულ გავლენას მთლიანად როდი დაუპყრია ახალგაზრდა მწერლის მაძიებელი გონება, მაშინაც კი იგი ეჭვის თვალით შესცქეროდა ცხოვრებისაგან განდგომის მქადაგებელ დეკადენტურ მოძღვრებებს და ჩინურ, არაბულ, ინდურ ფილოსოფიაში ეძებდა ჭეშმარიტების ამოხსნის საიდუმლოს, თუ ამას დავუმატებთ იმთავითვე მწერლის წინაშე მდგარ ეროვნულ პრობლემებს და ძვალ-რბილში გამჯდარ ტრადიციებს ქართული მწერლობისას, ამაოდ დავუწყებთ ძებნას კ. გამსახურდიას იმდროინდელ შემოქმედებაში წმინდა სახის ექსპრესიონიზმს.

ეს უკანასკნელი სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მინარევებით გამდიდრებული, მაგრამ მაინც გვხვდება კ. გამსახურდიას ადრინდელ ლექსებსა და ნოველებში.

კ. გამსხურდიამ ლიტერატურაში ლექსებით შემოდგა ფეხი. ათიანი წლების მრუმე, ფილისტური ევროპა. ხელმოკლეობით და ნოსტალგიით გაღიზიანებული ფილოსოფიის ახალგაზრდა დოქტორი. გერმანიის მკაცრი სინამდვილე პოეტის ჭაბუკურ ილუზიებს ერთბაშად ამსხვრევს. ახალგაზრდა ლირიკოსის ნერვებს სიმებივით ათამაშებს მიუსაფარობის საშიში მერმისი. გარეთ სიბნელეა და საოსწარკვეთა. ფანჯრებზე მათხოვრის ხალათგადაცმული ბოროტი ბებერივით აკაკუნებს ნოემბრის ქარი. ეს ყველაფერი სევდიანი მისტიკის იმპულსად იქცევა კ. გამსახურდიას ადრეულ ლექსებში. პოეტის ევროპული დღიურები მისი შეშფოთებული განწყობილების ანარეკლია მხოლოდ და არა ლიტერატურული რემინისცენციებით კეკლუცობა. მისტიციზმის ლანდებთან ლაციცი კ. გამსახურდიასათვის მწარე სინამდვილით გამოწვეული დროებითი მოვლენაა და მის ჯანსაღ სულს დიდხანს არ შერჩება. ჰარმონიისა და სულიერი სითბოს ძებნამ `მარია სტელლას~ ღვთიურ ჰანგებს გამოდევნებული პოეტი ღვთაების საკურთხეველთანაც მიიყვანა.

დავეძებ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს,
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ `მარია სტელლას~

(`მარია სტელლა~)

სწორედ ამ სტრიქონებში ჩანს კ. გამსახურდიას ექსპრესიონისტული გატაცება, მაგრამ მარტოობის `დემონური სილუეტები~ და `მარია სტელლას~ ღვთაებრივი მელოდიები მალე იფანტება პოეტის სულის შინაგანი ამბოხებით.

…ამ ჩემს ბობოქარ სულს ვეღარ იტევს,
ჩემი რხეული, ძველი სხეული.
მოველ სატანავ, კიდევ შემრჩა მე სითამამე,
მოველ სატანავ, გამოვსწორდეთ თუ გინდა ხმალში.

(`მოველ სატანავ~)

განსწავლის პერიოდში მყოფი ახალგაზრდა მგოსნის სულიერი პერიპეტიები _ ქართული ნაციონალური ბუნების დასავლურ მისტიკურ ატმოსფეროსთან დაჯახებით გამოწვეული, დამოუკიდებელი საქართველოს ნატვრა, ლიტერატურული მოდით გატაცება და `ვერჰარნების~, გრაფ ცეპელინების თუ `რეპმანების~ თვითმიზნური ხსენება, ოდნავ სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ლირიკული გმირი, უცხო სიტყვებითა და გამოთქმებით კეკლუცობა და პირველაღმომჩენის მრავლისაღმქმელი პოზა, ლექსის რომანტიკული ხასიათი და რომანტიკოსებისთვისვე დამახასიათებელი არქაული ლექსიკური მარაგი _ ზოგადად ასე შეიძლება კ. გამსახურდიას ადრეული ლექსების დახასიათება.

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი,
`მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი~,
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი.

(`ტფილისური საღამო~)

ეს სტრიქონები 1917 წლის ოქტომბერში დაიწერა. ამ ლექსის დაწერის დროს კომენტარები არ სჭირდება. როცა რევოლუციის ქარიშხალი ქვეყანას აზანზარებს და მსოფლიო ახალი, ჯერ გამოუცნობი მოლოდინით არის აღსავსე, ახალგაზრდა ქართველი პოეტი გუშინ პეტერბურგში მარის ლექციებს რომ ისმენდა და ახლა ბერლინის მწვანე შტრასეებზე ათენ-აღამებს, ზის თავის სტუდენტურ მაგიდასთან და თითქოს რევოლუციურ ხმებს გამოექცაო, ნაციონალური სევდით ჩურჩულებს: `მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი~. რა მოტივები ასაზრდოებენ ამ ლექსის ნაღვლიან განწყობილებას, რატომ ჩაესმის ახალგაზრდა პოეტს სიონის ზარების ხმაში სასოწარკვეთილი `მოკვდა ბაგრატიონი?~ დღეს ადვილია იმ დღეთა ცივი გონებით განსჯა, მაგრამ, ალბათ, კ. გამსახურდიას ამ ერთ-ერთი პირველი ლექსის დაწერიდან უნდა გასულიყო დიდი დრო, რომ მწერლის აზროვნებაში `მთვარის მოტაცების~ ფილოსოფია მომწიფებულიყო. დიდი ილიას ტრადიციებზე დაფუძნებული მისი ლიტერატურულ-ფილოსოფიური პროფილი, ალბათ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო და ახალგაზრდა მგოსნის მოქალაქეობრივი სისპეტაკის დასტურია სწორედ ის, რომ იგი ასეთი იყო, რომ იგი არ ტყუოდა და გუნდრუკს არ უკმევდა მისთვის მანამდე განუცდელ სოციალურ და პოლიტიკურ ჭეშმარიტებებს.

კ. გამსახურდიას პოეტურ სულს, მის განწყობილებას მოერგო მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპულ ლიტერატურაში გამეფებული მისტიციზმისა და მარტოობის მოტივები, მაგრამ ამ დამთხვევას ახალგაზრდა პოეტი ეპიგონთა რიგებისათვის არ მიუმატებია. დააბიჯებს ქვეყნად ყარიბი ახალგაზრდა _ კ. გამსახურდიას ადრეული ლექსების ლირიკული გმირი, საყელოაწეული ემიგრანტის ჯიუტ თვალებსა და მოხრილ ბეჭებში შეუცნობელის შეცნობის დაუოკებელი წყურვილი იგრძნობა. მან იცის, რომ `კაცთა მოდგმა გულმავიწყია~ და `სახელისათვის მათხოვრობას~ არ აპირებს. იგი მოვიდა ამქვეყნად თავისი პატარა სამყაროთი და სურს სწრაფადვე განვლოს სოფელი `ვით მძინარ ტყეში შუაღამის მატარებლმა~. კ. გამსახურდიას ადრეული ლექსების ლირიკულმა გმირმა მშვენივრად იცის, რომ ისტორიის დიდი ჟამთაცვლა მოახლოვდა, რომ მეოცე საუკუნემ უმძლავრესი ქშენით დაიწყო ცხოვრება და შეხედულებათა საოცარი გადაფასების ამ უსაშველო ორომტრიალში სადღაც, რევოლუციის სისხლით მორწყულ ქუჩაზე `ფეხშიშველი და განუკითხავი უფალი მოდის~. და საბოლოოდ ყველაფერი უნდა დაცხრეს, უნდა დამშვიდდეს. ამბოხებათა გრიგალი ჩადგეს და ახალგაზრდა მგოსნის განსწავლის ბობოქარ პერიოდს დასასრული მოეძებნოს. გზა სამშობლოსაკენ _ ერთადერთი გზაა. შორს, ლურჯი ცის კაბადონზე მშობლიური სანახები ირეკლება _ `ისლის სახლი, ისლის სახლი, ქარი! ქარი~ ქარი~.

კ. გამსახურდიას ლირიკული გმირი ამ დროს გაფართოებული თვალებით შესცქერის ატორტმანებულ სამყაროს და ცდილობს მის წინაშე წამოჭღილ უამრავ კითხვას ახსნა მოუძებნოს. იგი იმ დღეთა პოეტია, როცა `რევოლუციის აღვირახსნილი დაჰქროლავს რაში~ (`პარიზი, 1919 წ.~). მან იცის, რომ ევროპის მთვლემარე სინამდვილეზეც მალე გადაივლის `ამბოხების პირქუში მდევი~, რათა ადამიანთა მიერ თვით ადამიანებისვე დასათრგუნავად გამოგონილი `კანონები ფეხქვეშ გათელოს~.

პოეტის იმდროინდელი განწყობილების საილუსტრაციოდ საინტერესოა 1918 წელს დაწერილი ლექსი `ბერლინი~. ეს ლექსი დიდი ქალაქის ხასიათის შექმნის ერთ-ერთი პირველი ცდაა ჩვენს პოეზიაში და კ. გამსახურდიას დემოკრატიული ორიენტაციის სასიამოვნო დასტურიც არის: შპრეეს ნაპირად უზარმაზარი სინათლის რგოლი ტორტმანობს. ამ რგოლში, როგორც პროჟექტორის შუქზე, მთელი ქალაქი იხატება. ბერლინის მაჯისცემის ჯადოსნურ რიტმში `ისმის ხრიალი, ხრაშა-ხრუში, ზარების ჟღერა, ქშენა, ზანზარი, თქარათქური, რბენა, განგაში~ და დედაქალაქის ძილგატეხილ ქუჩებში მისი `ავხორცობის წითელი რაში დაშლიგინებს~. ღამით ბერლინი პოეტის ზღვის წიაღიდან ამოტყორცნილ, სავალალოდ მქშინავ გველეშაპს აგონებს, დღისით კი იგი ქალაქის `მაცდური ფერიების~ გარდა ბერლინში სხვა რამესაც ხედავს:

შენს ქარხნებს ასდის ოხშივარად ოხვრა მიწისა,
ვხედავ ჭირნახულს და სადღაა შემქმნელი ხელი,
კაცუნებს ვხედავ პირშებურვილთ ტყვიისფერ მასკით.
ტყვიისფერ `მასკებში~ გამოწყობილ ადამიანთა ნებას `უხილავი
დისკო~ მართავს. ადამიანი გაუთელავს არსებობისათვის ბრძოლის
მომქანცველობას, იგი `ყვითელი ეშმაკის~ და `ციფერბლატის
მონად ქცეულა~.
მოზრაობს დისკო უხილავის და შეუცნობის,
მილიონები ერთის ნების გამომხატველნი.
მუნჯი მსახურნი ვიღაც კუშტის, ვიღაც უცნობის,
აქ უფლის ნაცვლად ელექტრობას ევედრებიან.
ყვითელ ლითონსა შეუცვლია მაცხოვრის ხატი.
მილიონები თვალის ფშვნეტით ფეხზე დგებიან,
აქ ისარია მბრძანებელი და ციფერბლატი.

სამყაროს გარდაქმნის ჟამის მოახლოების წინათგრძნობა პოეტს ამ პერიოდში დაწერილ სხვა ლექსებშიც არ ტოვებს:

ჰკრთოდეთ,
მაღალო,
თვალშეუდგამო
სასახლეებო,
ჰოტელებო,
ღამის ბარებო!

მიმართავს იგი ჩვენი საუკუნის დასაწყისის პარიზს და უწინასწარმეტყველებს:

ვისაც ოცნებით ზრდიდნენ მონები,
მოველინება მსოფლიოს ცხადად
ახალი მოდგმა ადამის ტომის
მაღალ ღვთაებას უმღერს ოსანას.

ასეთი იყო პოეტი კონსტანტინე გამსახურდია. მიუხედავად ექსპრესიონიზმის მოტივებითა და ფორმალისტური ძიებებით გატაცებისა, მისი პოეტური შემოქმედება შორს იყო წმინდა ესთეტის თითის წოვისა და უკიდურესად დეკანდენტური განწყობილებისაგან.

ექსპრესიონიზმით გატაცება განსაკუთრებით საგრძნობია კ. გამსახურდიას ადრეულ ნოველებში: `მკვდართან შეხვედრა~, `ტაბუ~, `ლილ~, `პორცელანი~, `კლარა~, `ფოტოგრაფი~, `საათები~ და სხვ.

`მკვდართან შეხვედრაში~ დაუპირისპირდა ერთმანეთს პირველად ქართული კლასიკური მწერლობის მაგალითებით ნასაზრდოები მწერლის რეალისტური ტენდენციები და ლიტერატურული მოდის ძლიერი სიმპტომები. უკანასკნელმა დროებით გაიმარჯვა.

ბერლინის მახლობელ ტყეში, საღამო ხანს, სასეირნოდ გასული ახალგაზრდა მკვდარს წააწყდა. შემზარავმა სურათმა და თავზარდამცემი აქტის სრულიად მოულოდნელმა სინამდვილემ მხილველი დააბნია. მას ძალა აღარ ეყო მიცვალებული ხიდან ჩამოეხსნა. სირბილით შინ მობრუნებულმა თავის ოთახში იგრძნო სინდისის ქენჯნა. იგრძნო, რომ მანაც დანაშაული ჩაიდინა მკვდრის წინაშე. როგორც მკითხველი შეამჩნევს, ამ ნოველის ფაბულაში ულტრადეკადენტური არაფერია. ექსპრესიონისტული შეფასება მოვლენისა მხოლოდ ნოველის ფინალში ხდება საცნაური: `თვალს ვახელ და ორი სინათლისაგან დაცლილი თვალი შემომცქერის საყვედურით: სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია. ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ, როგორ მიამა სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც, ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა.

ფუი შენს კაცობას, შე მშიშარა, შე მშიშარა!..

ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს ვეღრიჯებით: `ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო~. როცა ეს ნოველა იწერებოდა, სწორედ იმ ხანებში გერმანული ექსპრესიონიზმი თავის თეორიულ სისტემას აყალიბებდა. სწორედ მაშინ ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში ადამიანის არარაობის, გარეშე საგნებსა და მოვლენებზე მისი სამარდჟამოდ მიჯაჭვულობის, ადამიანის გაუტანლობის, ახალი ღმერთის შექმნის საჭიროების და სხვა ექსპრესიონისტული `გაბედულების~ აღმნუსხველი მასალები. `მკვდართან შეხვედრაც~ ამ განწყობილების უშუალო ანარეკლია.

რეალისტური სინამდვილის ჩვენებისაგან ხელოვნების განთავისუფლების ტენდეცია გამოკვეთილად `პორცელანში~ გვხვდება. ერთ-ერთ მასკარადზე ნოველის გმირმა გაიცნო მადამ როსტრუპი. მალე ახალნაცნობებს შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. კაცს, როსტრუპის ოჯახში, სხვათა შორის, ჩინური ჩაის ჭურჭელი `პორცელანი~ იზიდავდა. ერთ მშვენიერ დღეს სტუმარს ჩაის სხვა ჭურჭლით გაუმასპინძლდნენ, ხოლო თავაზიანმა მასპინძელმა აცნობა, რომ პორცელანი ერთ ამერიკელ ჟურნალისტს მიჰყიდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი მუზეუმისათვის.

იმ დღიდან ნოველის გმირს იმ ოჯახში ფეხი არ დაუდგამს.

პორცელანის დაკარგვით გაწყდა ჯაჭვი, რომელიც მას როსტრუპების ოჯახთან აკავშირდება.

ამ სევდიან ნოველაში ავტორის პოზიცია გამჟღავნებულია მადამ როსტრუპთან დიალოგში და პორცელანის ჭურჭელთან გმირის არქაიზებულ მიმართებაში.

`ჩვენი სინამდვილე მტკნარი სიცრუე ყოფილა მეთქი. კიდევ ყოფილა მეორე სინამდვილე. ხელოვნება კი მესამე სინამდვილეა მხატვრის მიკროსკოპში დანახული. ამ შეგნებამდის ამ ათიოდე წლის წინათ მივედი და ირაციონალის ფერების შეხამება დავიწყე. მაშინ სად იყვნენ ექსპრესიონისტები? მე მათდა დამოუკიდებლად მივაგენი რაციონალურ ექსპრესიონიზმს~ _ ამბობს მადამ როსტრუპი და მისი მოსაზრება თანამოსაუბრის მხრიდან არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამ `ჰიპოთეზას~ საღი ესთეტიური აზრი არ უპირისპირდება.

არსებული სინამდვილე არ აკმაყოფილებს ნოველის გმირს (`შენც ფეხი შესდგი, მეგობარო, უკულტურობის მოლიპულ გზაზე… ქაღალდის ნაგლეჯებით მოფენილ გზაზე…~), მაგრამ არც პორცელანის `აკადემიური~ დროის დაბრუნებისთვის ბრძოლის ძალი შესწევს. პორცელანი მისთვის ხელოვნების უნიკალური ქმნილებაცაა და წარსულთან დამოკიდებულების დამსხვრეული ჰარმონიაც. რაც შეეხება ამ ძვირფასი ჭურჭლის სამუზეუმო ექსპონატად ქცევას, ავტორს ამაზეც ოპოზიციური თვალსაზრისი აქვს: `ჰმ, მუზეუმი! მუზეუმი სხვა რაღაა, თუ არა უშველებელი სასაფლაო, სადაც ყოველი ერი თავის გრძნობებს ჰმარხავს… საფლავი მიცვალებულ გრძნობათა, დრომოჭმულ ფერადებისა და რითმებისა~.

თუ გავიხსენებთ დეკადენტურ სკოლათა იმდროინდელ ახირებულ ლოზუნგებს (`ცეცხლი მუზეუმებს და ბიბლიოთეკებს~), ადვილად დავრწმუნდებით, რომ კ. გამსახურდიას ადრეულ ნოველებში დეკადენტურ-ექსპრესიონისტული სიო დაჰქრის.

`ფოტოგრაფი~ (1919 წ.) სამშობლოდან გადახვეწილი ხელოვანის მოსაწყენ ცხოვრებაზე გვიამბობს. დაეხეტება პარიზში ფოტოგრაფი, მისი სურვლი, შექმნას სურათი, რომელიც დროს შეაჩერებს, უფრო ზუსტად ეპოქის ფოტოგრაფიული ასლი იქნება, სურვილადვე რჩება, რადგანაც თავბრუდამხვევი დროის შეჩერება არავის ძალუძს. ფოტოგრაფს სევდა მორევია. იგი ზედმეტი კაცია ამ მატყუარა ქალაქში. `ფოტოგრაფმა ვერსად ადგილი ვერ იშოვა, ისევ ქუჩას მიაშურა~.

მოზეიმე ხალხის ტალღა ბარებისა და რესტორნების კარებს აწყდება, ფოტოგრაფმა რამდენიმე რესტორანში შეუხვია, ვერსად ადგილი ვერ იშოვა. ისევ ქუჩას გაჰყვა, ბოლოს მელანქოლიით შეპყრობილი, ავი ზმანებებით და უძილობით გაწამებული ფოტოგრაფი თავის სოფელში ჩადის, მაგრამ სანუგეშოს იქაც ვერას პოვებს. სოფლად ღმერთდაკარგული ჩოხოსნები (ერთმა მათგანმა ხატს რევოლვერი ესროლა), ციებიანი ბავშვები და სიძვის ისტერიით შეპყრობილი დიაცები მომრავლებულან. ფოტოგრაფს იმედის პატარა ნაპერწკლებიც ჩაუქრა, `ელექტრონი~ ჩააქრო, სამარესავით ცივ ლოგინში ჩაწვა, `ქვეყანა შემძულდა~, ამბობდა იგი ხმამაღალი ფიქრით.

ექსპრესიონიზმისადმი ერთგულებით დაწერილ ამ ნოველას სიკვდილისა და უიმედობის ლაიტმოტივად გასდევდ მაგიური `შავი ფრინველის~ აჩრდილი, რომელიც ხან ფოტოაპარატზე ჩამოჯდება, ხან დასაღუპავად განწირული გემის ანძაზე და ხან რადიოტელეგრაფის მავთულზე წამოსკუპული ფოტოგრაფს ავისმომასწავებელი ყრანტალით თავს აბეზრებს. `ქვეყანა~ სურათის გადაღებად არა ღირს!~ შავი ფრინველის ეს სასოწარკვეთილი ჩხავილი გახლავთ სწორედ ამ ნოველის დედააზრი. ძნელი შესამჩნევი როდია, რომ აქ ყველაფერი, ჩანაფიქრიდან მოყოლებული თვით წერის მანერამდე, ექსპრესიონისტული განწყობილების ანარეკლია და `ლიტერატურული მოდით~ ახალგაზრდა მწერლის გატაცების თვალსაჩინო დასტური გახლავთ. თუმცა ამ მოთხრობაშიც აქაიქ შეინიშნება ეროვნული კოლორიტით ნასაზრდოები მხატვრული აზროვნება, მაგ., როდესაც პარიზის ქუჩას აღწერს, რეკლამების ფეიერვერკს და დიდი ქალაქის ღრიანცელს გვიხატავს, უეცრად `ჩაუვარდება ფეხი~ მშობლიურ ნიადაგში, `პოლიციელები ისევე დადიოდნენ ავტომობილებში, როგორც იოანე ზედაზნელი მხეცთა შორის~.

ექსპრესიონიზმით კ. გამსახურდიას გატაცების ერთ პერიოდს წერტილს უსვამს `ლილ~. ამ ნოველაში მხატვრული პირობითობის და ხაზგასმული სიმბოლურობის ადგილს გაშიშვლებული სახეობრიობა და შესამჩნევი ნატურალიზმის იჭერს. ნოველის სიუჟეტი ასეთი გახლავთ: ახალგაზრდა პაციენტს მოეწონა და შემდეგ შეუყვარდა კიდეც ექიმ შარუხიას ულამაზესი მეუღლე ლილ. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა მეოცნებე პაციენტის რომანი და მისი ხშირი ვიზიტები შარუხიას ბინაზე, რომ თვით ექიმს არ გამოეჩინა ინიციატივა. ექიმმა შეყვარებულ ყმაწვილს მალულად დაანახვა ზღვაში მობანავე ლილ. ნოველის გმირს თავზარი დასცა იმ გარემოებამ, რომ მისი საყვარელი არსება _ ულამაზესი ლილ რახიტიანი აღმოჩნდა. ასე უგემურად (ცოტა არ იყოს უხერხულადაც _ რ. მ.) დამთავრდა ეს რომანი.

თავისი მწერლური პოზიციის დადგენისა და შემოქმედებითი ძიების რთულ გზაზე ასეთი ზიგზაგებით მიემართება კ. გამსახურდიას შთაგონება. იგი ერთსა და იმავე პერიოდში ხან ექსპრესიონიზმს უხდის ხარკს და ხან, უნებლიედ, ნატურალიზმის ჭაობში ხვდება.

ერთი რამ იმთავითვე ცხადია: ახალგაზრდა მწერალს არ აკმაყოფილებს თავისი შემოქმედებითი პრინციპები, ცხოვრების დანახვის ის მხატვრულ-ფილოსოფიური მოდელი, რომელსაც შემოქმედების ადრეულ ასაკში ეზიარა.

ამ წლებში კ. გამსახურდიას შემოქმედებით ლაბირინთში მესამე გზაც გაილანდა. მწერალმა სცადა თავისი დეკადენტური განწყობილებანი ქართულ ეროვნულ ნიადაგზე გადმოენარგა და მითოლოგიურ-ფოლკლორულ საწყისებზე დაემყნო. ახალგაზრდა ნოველისტის ეს სურვილი განსაკუთრებით `ტაბუში~ გამომჟღანვდა.

`ტაბუ~ ხარბედიებისა და ბისკაიების საბედისწერო შერკინების ბურუსით მოცულ ამბავს გვიამბობს. სოფელ ნაჭყვედში ბისკაიებმა ხარბედიებს ჩაგვრა დაუწყეს. შეწუხდნენ მონის უღელს მიუჩვეველი ხარბედიები, მაგრამ შურისძიება მამაკაცთაგან ვერვინ გაბედა. ბოლოს აისხა იარაღი ქალმა _ ხვარამზე ხარბედიამ. ბისკაიების დასჯის სურვილით ანთებულმა მან ეშმაკს გაუყო სარეცელი და შვა მორიელი, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ბისკაიების ბელადი ლომკაცია ბისკაია. მისტიციზმის ბურუსითაა მოცული ამ ნოველის მთელი რიგი პასაჟები. აქ ლეგენდა და სინამდვილე, რეალური და ზღაპრული, ფოლკლორული და მითოლოგიური ერთმანეთშია არეული და აშკარად ჩანს მწერლის მისწრაფება დეკადენტური თვით ფოლკლორისა და რელიგიური ფანატიზმის წიაღში იპოვოს. ნოველაში ოსტატურადაა ჩართული ხალხური შელოცვები, ცრურწმენათა გამომხატველი სიუჟეტები და მოჩვენებანი. ეს მისტიკური გარსი ნოველას რეალური სამყაროს ჩვეულებრივი მოვლენებისაგან ათავისუფლებს და ირეალურის ბურუსში ახვევს.

ექსპრესიონისტულ-მოდერნისტული ნოველების გვერდით კ. გამსახურდია წერდა რეალისტური ხასიათის ნაწარმოებებსაც. მაგალითად, შეიძლება 1919 წელს დაწერილი ნოველა `კლარა~ დავასახელოთ. ეს არის ნოველის ჟანრული კანონების სრული გათვალისწინებით დაწერილი, ფსიქოლოგიურად უაღრესად დამაჯერებელი ნაწარმოები. `კლარა~ ეხება მოულოდნელი შეხვედრის იმ ძვირფას წუთს, რომელიც ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს სტოვებს, თუმცა, შეიძლება არასოდეს აღარ განმეორედეს.

ბერლინის საგარეუბნო მატარებელში ნოველის გმირს შეხვდა კლარა _ მომხიბვლელი გერმანელი ქალი. კუპეში მათ გარდა არავინაა. ქალ-ვაჟს შორის ნდობისა და ურთიერთსწრაფვის უხილავი, იდუმალი ძაფი გაიბა. ვაჟი ვერ ბედავს სიტყვის თქმას, ვაითუ ამით დაირღვეს ეს სანეტარო ჰარმონია, დაირღვეს ეს უსიტყვო შეთანხმება (თუ თანაგრძნობა), რაც ყოველგვარ სიტყვაზე ძლიერია.

`იცოდე, კლარა, ეს წამი აღარ მობრუნდება, საკმარისია ახლა შენ ადგე, შემდეგ სადგურზე ჩამოხვიდე და ბრბოში გაერიო, მერმე ვინ იცის, სად გიპოვნი ამ ხუთმილიონიან მასაში~.

ასეც მოხდა, ერთ-ერთ სადგურზე კუპეში უამრავი მგზავრი შემოცვივდა და ნოველის გმირმა მიმავალი კლარას მრგვალ მხრებისთავებს მოჰკრა თვალი. მთელი ნოველის მანძილზე მათ სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისათვის, მაგრამ ეს იყო თავისი დრამატულობით სულისშემძვრელი შეხვედრა, დიდი ოსტატობით დახატული მწერლის მიერ.

მაგრამ ამ ზედმიწევნით მართალ ნოველაშიც გაკრთება აქა-იქ კ. გამსახურდიას ექსპრესიონისტული განწყობილებანი. მაგ.: `ადამიანებს რაღაც ზრდილობის კანონები გამოუგონიათ. თუ ვინმემ არ გაგვაცნო დიდ ქალაქში ქალი, ისე არ შეიძლება მასთან დალაპარაკება, რა იციან ამ შლეგებმა, ეგებ ჩვენი სულები ერთხელაც განუკვეთელი ერთეულები იყვნენ, მირიად საუკუნეების სახეცვლაში ისინი გასთიშა სივრცემ, დრომ და გარდაცვალებამ და ახლა ისევ შევხვდით ერთიმეორეს ამ ბნელ გვირაბში~.

საკმარისია საგარეუბნო მატარებლის ქროლაში წამით ჩათვლიმოს კლარას თანამგზავრმა, რომ მაშინვე ამგვარი ქიმერული აზრები დაესევა: `ლიწინლიწინი გააქვთ გამხმარ შტოებს ცხენის ტორების ჩქამზე და მე იგი აღარა ვარ რაცა ვარ და არც იქა ვარ, სადაც ვარ და მეც ის არა მქვია, რაცა მქვია~.

ეგზოტიკურ ძიებებსა და ნატურალიზმს კ. გამსახურდია `ქალის რძით~ გამოეთხოვა და 1924 წელს გამოაქვეყნა პოეტური ნოველა `ზარები გრიგალში~, რომლითაც სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მწერლის შემოქმედებაში. ამ ნოველაში, როგორც ფოკუსში, თავი მოიყარა იმ სამაგალითო მხატვრულმა ნიუანსებმა, რამაც შემდგომში გამსახურდიას რომანისტიკაში პოვა განვითარება. ეს გახლავთ, პირველ ყოვლისა, პოეტური პროზა _ რომანტიზებული მხატვრული პასაჟები და თხრობის ამღერებულ-ამაღლებული, მეტაფორული მანერა.

`ექსტაზში დაღუპულთათვის~ დაწერილ ამ ნოველაში კ. გამსახურდიამ შეძლო დაეხატა ადამიანი, რომელსაც ძალუძს თუნდაც ერთხელ და საბედისწეროდ აუჯანყდეს თავის თავს, სძლიოს მის არსებაში ჩაბუდებულ მთვლემარე ანგელოსს და გრიგალში მიწვდეს მისი რუტინული ცხოვრების დამანგრეველ ზარებს. ეს ნოველა ერთ-ერთ საუკეთესოა არამარტო კ. გამსახურდიას შემოქმედებაში. იგი ასე იწყება:

`მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ `ქვეყანა გამოიცვალა~, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკლოზედაც~.

მნათე ოქროპირ საჭირო აღარ არის. სამრეკლოზე სდუმან ზარები. ხუცესი შეგუებია ახალ დროს. სოფლის ბოლოში სამიკიტნო გაუხსნია და `ყვითელი ეშმაკისათვის~ მიუყიდია სული. ოქროპირ კი სხვა კაცია. იგი ასე ადვილად ვერ შერიგებია `ღმერთის სიკვდილს~. მას აღარ ძალუძს ახალ ღმერთს სცეს თაყვანი. ამიტომაც გულამღვრეული დადის და მელანქოლიას შეუპყრია მისი არსება. ერთ საღამოს ოქროპირ გამოექცა გალეშილ ნახუცარს, მიაღწია ეკლესიის ეზოს, სამრეკლოს კიბეზე აფორთხდა და ზარებს მიწვდა.

უაღრესად დამაჯერებელი და ღრმად სიმბოლურია მნათე ოქროპირის ეს ნაბიჯი. თავისი სუსტი ხელებით იგი თავდაუზოგავად რეკავს ზარებს, თითქოს გზასაცდენილ სოფელს წარსულისაკენ მოუხმობს, თითქოს ღრუბლების თავზე მიძინებულ ღმერთს აღვიძებს, რათა მან ერთხელ კიდევ მზრუნველი თვალი მოავლოს თავის სამწყსოს.

მაგრამ განმკითხავი არავინაა.

ზარებს მხოლოდ ქარაშოტი გამოეხმაურა.

`და მთელი ცხოვრება ფიქრობდა ოქროპირ, რა იყო, თუ არა ზღაპარი ხანმოკლე? ზარების ჯარები ფოლადის აბჯარში, მდევრები უშიშო, თავგამეტებულნი მისდევდნენ გრიგალის გაფრენილ მერნებს. მიჰქროდნენ მთვარისკენ ღრუბლების გემები ალისფერ სისხლით გამურულ აფრებით და პირქვე ეკიდა იესო ზეცაში, ღრუბლების ანძაზე, ვით მალი ფოცხვერი სისხლს მოწყურებული. გასდრიკა წელში მძლე გოლიათები, სამრეკლო ტკრციალით შეირყა, გაჰქანდა. ტორტმანით დაეცა მიწაზე~.

სამრეკლო ჩაიქცა და მნათე ოქროპირ დაიღუპა.

ასეთი აღმოჩნდა მნათეს აღსასრული, მაგრამ ექსტაზში დაღუპულ ღვთისმოსავს ნოველის ავტორის ცრემლები იმიტომ ეფრქვევა, რომ მან შეძლო რწმენისთვის თავგანწირვა, იგი აქტიური კაცი აღმოჩნდა. სწორედ ეს სულის სიძლიერე ხიბლავს მკითხველს ოქროპირის სახეში.

`არ ვიცი, სად წაიყვანეს (ანგელოზებმა, რ.მ.) მნათე ოქროპირის საბრალო სული.

მე ვიტყოდი: ასწიეთ ადამიანი მაღლა, სულ მაღლა და დასვით შემოქმედის მარჯვენა მხარეს, რადგან სიბნელეში დაბრმავებულმა ერთხელ მაინც იგრძნო აღტაცება და ექსტაზში დაიღუპა. მე მინდა ვიმღერო ექსტაზში დაღუპულთათვის~.

`ზარები გრიგალში~ წერის მანერის თვალსაზრისით აქა-იქ თუ კიდევ ატარებს ექსპრესიონიზმის დაღს, `ქოსა გახუ~ და `დიდი იოსები~ წმინდა რეალისტური ხასიათის ნაწარმოებებია. უკვე აღარ სჭირდება მწერალს ნოველის საშენი მასალისთვის დეკადენტური თვალების სრესა, ევროპულ ლიტერატურულ სალონებში, ან წარმართულ ქიმერათა შორის ხეტიალი, ამ ნოველებით კ. გამსახურდია გაბედულად მივიდა ცხოვრების სინამდვილესთან. ხოლო ამ უკანასკნელმა მწერლის მახვილ თვალს მაშინვე მიაწოდა წარუშლელი ხასიათები და რეალური ყოფის დაუვიწყარი სურათები.

ქოსა გახუ, თავად მანუჩარის ნაშიერი, ფეოდალური წარსულის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, ხეზე ცხოვრობს. გიჟის პერანგი ჩაიცვა გახუმ, რომ თანასოფლელებმა შეიცოდონ და ისტორიის ქარტეხილს, განადგურებას გადაარჩინოს ბატონიშვილთა შთამომავალი, თავისი პირმშო თემრა. თემრა იზრდება. ქოსა გახუ და ნახუცარი იონა დარწმუნებული არიან, რომ ძველი დრო დაბრუნდება და ბატონიშვილის შენახვის დიდი მისია მათ აწევთ კისერზე. ისინი ეფუთში ამაოდ ეძებენ `ბოლშევიკების წასვლის დღეს~, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. თემრას მსხლის ტოტი ჩამოუტყდა და დაიღუპა. ქოსა გახუმ იმედი დაჰკარგა. მან მოიცილა შეშლილის ნიღაბი და ანგარიში გაასწორა `უკუღმართ~ ცხოვრებასთან. ცეცხლს მისცა ხეზე აშენებული ფაცხა,
ხოლო თვითონ მდინარეში თავი დაიხრჩო.
ნოველაში `დიდი იოსები~ დგას ლიტერატურისათვის კარგად ცნობილი, ერთი ზოგადადამიანური პრობლემა _ პატარა ადამიანი და სიმდიდრე. ნაჩვენებია უბრალო კაცის სულიერი პერიპეტიები მოულოდნელი გამდიდრების მოლიპულ გზაზე. დიდი იოსები _ რაჭველი მეკურტნე, შემთხვევით ძვირფასი სახლის და ავეჯის მფლობელი გახდა. `დიდი კაცი~ საქართველოს გასაბჭოების დროს მენშევიკურ მთავრობას გაჰყვა და მისი სახლი მეკურტნეს დარჩა.
ნივთებმა შესცვალეს მეკურტნე. იგი, რასაკვირველია, თავის `პროფესიას~ აღარ სწყალობს. ახალი საქმე, ახალი საზრუნავი გაუჩნდა. მაგრამ მალე იოსებს თვითნებურად მითვისებული ბინა ჩამოართვეს და მეეზოვედ გაამწესეს. დიდი იოსები ისევ ქუჩაში აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა ხანს `გამართლებამ~ სამუდამოდ დაამახინჯა მისი სული. იოსები ვეღარ დაუბრუნდა მუშის ალალ ლუკმას. იგი გაბოროტდა, გალოთდა. მერე ვიღაც კონტრაბანდისტ სტუდენტს დაუკავშირდა და ეს კალაპოტიდან ამოვარდნილი, საკუთარი სინდისის მსხვერპლი მანქანამ გასრისა, სწორედ მაშინ, როცა ყალბი ფულით სავსე ჩემოდანი დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა.

კ. გამსახურდიას ნოველების განსაკუთრებული ადგილი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში იმანაც განაპირობა, რომ ამ ნოველებით ჩვენს წინაშე წარმოსდგა სრულიად ახალი სტილის, ბრწყინვალე ოსტატობის მქონე მწერალი, რომელმაც თავისი რამდენიმე ნოველით იმდროინდელი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი ისეთი მხარე მოიცვა, რომელსაც ჩვენში ჯერჯერობით მწერლის კალამი არ შეხებოდა.

ნოველა ქართულ ლიტერატურაში იმ დროს საკმაოდ დიდ პატივში იყო. მაგრამ სამყარო, რომელიც კ. გამსახურდიამ თავისი ნოველებით მოიტანა, არ ჰგავდა შ. არაგვისპირელის, ჭ. ლომთათიძის, ნ. ლორთქიფანიძის და სხვათა მიერ დახატულ ლიტერატურულ გარემოს. ქართველმა მკითხველმა მაშინვე იგრძნო, რომ კ. გამსახურდიას სახით ლიტერატურულ ასპარეზს უაღრესად თვითმყოფადი ნიჭი შეემატა.

ოციან წლებშივე მოჰკიდა ხელი კ. გამსახურდიამ ახალი ეპოქის შესატყვისი, თანამედროვე რომანის შექმნას. ამ უმძიმეს ლიტერატურულ საქმეს შეალია მან მთელი შემდგომი ლიტერატურული ცხოვრება. ერთიმეორეს მიუმატა უბრწყინვალესი ეპიკური ტილოები, ხოლო, რაც შეეხება ლექსს და ნოველას, ამ ჟანრებში თავისი შესაძლებლობანი ამოწურულად ჩათვალა და შემდგომ ლექსსა და ნოველას აღარ დაბრუნებია.

1924 წელს კოკნსტანტინე გამსახურდიამ გამოაქვეყნა რომანი დიონისოს ღიმილი~. იგი სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ რომანისტიკაში. მისი ნოვატორული ბუნება შემდეგში მდგომარეობს:

ა) ქართულ რომანში პირველად გამოჩნდა ევროპულად განსწავლული პერსონაჟი, რომლის ფსიქიკას თავისი დროის ფილისტერული ევროპის მოდური ფილოსოფია ასაზრდოებს.

ბ) თუ მანამდე ქართულ ლიტერატურაში პრივილეგიადაკარგული თავადაზნაურობის დეგრადაცია ი. ჭავჭავაძის, დ. კლდიაშვილის, ნ. ლორთქიფანიძისა და სხვათა ოსტატური კალმით გამოიკვეთა და დაიხატა ქართული სინამდვილის პოზიციიდან, თუ კუდაბზიკა აზნაურთა უბადრუკი ცდები თავის გადასარჩენად არ შორდება ქართული ეროვნული ასპარეზის ფარგლებს (ვაჭართა წრესთან დაახლოება, მამულების გაყიდვა-გაგირავება, შრომით საქმიანობაში ჩაბმა, მაჭანკლობით თავის გატანა, ქალაქს გადმოსახლება და სხვ.), გამსახურდიამ თავის გმირს ახალი გზა მოუძებნა _ ევროპულ ცივილიზაციას აზიარა.

გ) `დიონისოს ღიმილი~ თემატურ-პრობლემატური მასშტაბებით უაღრესად ორიგინალური ნაწარმოებია. იგი მხარს უსწორებს ჩვენი საუკუნის დასაწყისში ევროპულ ლიტერატურაში მიმდინარე ძვრებს. დაწერილია შინაგანი მონოლოგის, ცნობიერების ნაკადისა და დედრამატიზაციის ამ ახალი ფორმებით, რაც ლიტერატურის ისტორიაში ჯოის-კაფკა-პრუსტის ნაწარმოებთა პრიორიტეტადაა მიჩნეული.

დ) `დიონისოს ღიმილი~ ნოვატორულია იმითაც, რომ იგი ჩვენს ლიტერატურაში პირველი ცდაა რომანის ჟანრულ სისტემაში რეალისტური და მოდერნისტული პრინციპების (ეს განსაკუთრებით ავტორის თხრობის მანერას ემჩნევა) გაერთიანებისა.

ბუნებრივიცაა, ეს რომანი დაწერილია მაშინ, როდესაც კ. გამსახურდია _ ექსპრესიონისტს ცვლიდა კ. გამსახურდია _ რეალისტი და ცხოვრების სინამდვილის უტყუარი სურათები უფრო და უფრო ღრმად მკვიდრდებოდა მწერლის შემოქმედებაში.

`დიონისოს ღიმილის~ ჟანრის შესახებ ერთგან თვით ავტორი შენიშნავს: `დიონისოს ღიმილით მე მოვძებნე სინთეზური გეზი ევროპულსა და სპარსულ სამიჯნურო რომანს შორის~. სპარსული სამიჯნურო რომანის ელემენტებად მწერალი იმ სენტიმენტალურ რომანულ ეპიზოდებს მიიჩნევს, არცთუ იშვიათად რომ გვხვდება კონსტანტინე სავარსამიძის არეულ ცხოვრებაში, ხოლო ევროპული რომანის ნიშნებად ნაწილობრივ ნაწარმოებში მიმობნეულ ცალკეულ ექსპრესიონისტულ სურათებსაც გულისხმობს, მაგრამ თავის დროზე სალიტერატურო კრიტიკამ ყურადღება არ მიაქცია `დიონისოს ღიმილის~ ორ უაღრესად საყურადღებო ჟანრულ ნიშანს.

პირველი ის გახლავთ, რომ `დიონისოს ღიმილში~ პრინციპად იქცა მწერლის სტილის ის შესანიშნავი თვისება, რაც მის ნოველებში კრთოდა და რაც, პირობითად, პოეტური პროზის სახელით შეიძლება მოინათლოს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში პოეტური პროზის ნიმუშები პირველად კ. გამსახურდიასთან გვხვდება.

იმდროინდელი სალიტერატურო კრიტიკის მიერ სათანადოდ გაუშიფრავი მეორე ჟანრული ღირსება ამ რომანისა ისაა, რომ ავტორის პოზიციით, ცხოვრების ლოგიკის გამოხატვით `დიონისოს ღიმილი~ უაღრესად რეალისტური ნაწარმოებია. რომანის თვალშისაცემმა ფორმალურმა ექსპერიმენტებმა მკითხველთა ერთ ჯგუფს იმგვარი წარმოდგენა შეუქმნა, თითქოს კონსტანტინე სავარსამიძე ხელოვნური, მოგონილი, ლიტერატურული რემინისცენციებით ნასაზრდოები სახე იყო და ქართულ სინამდვილესთან ცოტა რამ ჰქონდა საერთო. ფაქტიურად კი მწერალმა `დიონისოს ღიმილში~ დაგვიხატა ჩვენი თავადაზნაურობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანის უაღესად კოლორიტული სახე~, რომლის ფსიქიკაც, ნასაზრდოები საუკუნის კლასობრივი ტენდენციებით და შეფერადებული ევროპული განსწავლულობით, ვერ შეჰგუებია საქართველოს ახალ სინამდვილეს. სავარსამიძის მელანქოლიას უაღრესად მართალი სოციალურ-ფსიქოლოგიური მოტივები ასაზრდოებს. მაშინ, როცა მის სამშობლოში `რევოლუციის დაჰქროდა რაში~ (გალაკტიონი), სავარსამიძე, ევროპული `ინტელექტუალიზმის~ მყუდრო ყურეებს ეძებდა. ახალგაზრდა ინტელიგენტის მაძიებელმა სულმა ვერ პოვა შვება უცხო მხარეში და თავის ქვეყანას მოაშურა, მაგრამ სამშობლო გაწითლებული და დაპყრობილი აღმოჩნდა. კრახი გარდაუვალი იყო და კონსტანტინე სავარსამიძე დამარცხდა. ცხოვრების ნახევარგზაზე შემოაღამდა. მისი ეული სულის ამოკვნესაა მისი მონოლოგი: `ტაია შელია, მე მარტო ვარ ამ უღრან ტყეში. შვიდი პროფესია გამოვიცვალე და ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში. ტაია შელია გიგონებ და გეძახი _ გულთმისანო ჩემო გამზრდელო. ეგებ შენ მასწავლო გზა, როგორ გავიდე ამ უღრან ტყიდან~.

კონსტანტინე სავარსამიძე უაღესად რთული, მრავალპლანიანი სახეა. ცხოვრების მორევში დიდი იმედებით შეჭრილ ახალგაზრდა კაცს ეპოქის სინამდვილემ არ გაუმართლა, დამარცხდა იგი კარიერის კიბეზეც, სახელის მოხვეჭის ასპარეზზეც, სიყვარულშიც, მეგობრობაშიც. კონსტანტინე რომანის მთელს მანძილზე მკითხველის ინტერესს და თანაგრძნობას იწვევს იმის გამო, რომ იგი აქტიური კაცია, ბოლომდე ებრძვის და ებღაუჭება ცხოვრებას. უმეტესწილად კეთილი ზრახვებით და საყოველთაო ჰარმონიის დამკვიდრების სურვილით. ცხოვრებაში საკუთარი ადგილის ძიების გზებზე სრულიად ბუნებრივია სავარსამიძის წუწუნი: `ჩემი სამშობლო მე არ მიცნობს და არ მაფასებს, საქართველოში ზედმეტი კაცი ვარ… ჩემი გზა გასცილდა საქართველოს ცხოვრების გზას… საქართველო ვეღარ ვიცანი~.

მართალია, `დიონისოს ღიმილს~ თითქმის არ გააჩნია ერთიანი მკვრივი სიუჟეტური ხაზი (იგი ამ მხრივაც ნოვატორულია), მაგრამ ნაწარმოების სიუჟეტური ხერხემალი მაინც ჯენეტისა და კონსტანტინეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაზე გადის. ხშირად დაბნეული და აჩქარებული კონსტანტინე, რომლის სამიჯნურო თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს (ინგებორი, ბლუტი, ლუჩია, თინა), ჯენეტის სიყვარულში მეტნაკლებად თანმიმდევრულია. სპარსეთის ელჩს _ ალი მირზა ხანს წაგვარა სავარსამიძემ ჯენეტი. ამ ქალისადმი სიყვარული სავარსამიძეს მთელი თავისი ბედდამწვარი ცხოვრების მანძილზე შერჩა. მელანქოლიის ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, როცა კონსტანტინე ჰკარგავდა რწმენას არა მარტო სიყვარულისადმი, არამედ საკუთარი პიროვნების მიმართაც, საკმარისი იყო ჯენეტის ნახვა, რომ ოცნებათა წიაღში მოხეტიალე `პოეტი~ მიწაზე დაშვებულიყო და ცხოვრების ხალისი დაბრუნებოდა. გვარტომით ქართველი, სპარსეთის ელჩის ნაცოლარი, ჯენეტი თავისი ერთადერთი ავადმყოფი შვილით _ ფარვიზით საქართველოში ბრუნდება. აქ კვლავ შეხვდნენ შეყვარებულნი ერთმანეთს. მაგრამ შეხვდნენ ვნებაჩამქრალნი, ცხოვრებისაგან დაღლილნი და, ახლა უკვე მერამდენედ კონსტანტინე ხდება ჯენეტის გაუბედურების მიზეზი. ავადმყოფ ჭაბუკს დედის ნებადაურთველად კონსტანტინე ცხენზე შესვამს და ფარვიზი ტრაგიკულად იღუპება.

გაწყდა ის ძაფიც, სავარსიმიძეს ცხოვრებასთან რომ აკავშირდება. წინ გაურკვევლობის ბურუსი დგას, უკან დაბრუნება შეუძლებელია: `ტაია შელია, ჩემი ცხოვრების ნახევარ გზაზე შემომაღამდა~.

გამზრდელი ტაია შელია, ქართველი გლეხი, _ რომლის სახებაც ნიადაგ თან დაჰყვება სავარსამიძეს, რომანის აურაცხელ პერსონაჟთაგან გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობითა და კოლორიტულობით. უპირველესად ტაია შელია აკავშირებს გზადაბნეულ სნობს თავის სამშობლოსთან. ტაია შელიაც განაპირობებს იმ გარემოებას, რაც კონსტანტინე სავარსამიძის წინააღმდეგობრივ ხასიათში ყველაზე ნათელი მხარეა _ `გმირი ხალხის ნაბოლარას~ უსაზღვროდ უყვარს სამშობლო, ამაყობს მისი ხალხის დიდებული წარსულით და თავისი `ლაზური სისხლით~.

`მთვარის მოტაცება~ პირველი ლიტერატურული ქმნილება გახლავთ, რომელშიც საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი სიმართლე არაჩვეულებრივი ეპიკური სიცხადით და პოეტური შთაგონებით გამოიხატა.

თარაშ ემხვარი და არზაყან ზვამბაია – ორი სამყარო, ორი უაღრესად კოლორიტული ტიპი ოცდაათიანი წლებისა, ორი სხვადასხვა თვალსაზრისი, სხვადასხვა მიდგომაა იმ ეპოქალური ძვრებისადმი, ლაღუმების ღრიალითა და პატრიარქალური ყოფის დაუნდობელი ნგრევით რომ მიიკვლევს გზას `ახალ საქართველოში~. ამ ორი პიროვნების ცხოვრებისეულ კონფლიქტში, მათს ფარულ თუ აშკარა ჭიდილში, მძაფრად იგრძნობა დროის მაჯისცემა. ეს ორი ახალგაზრდა კაცი დასაბამს და დასასრულს აძლევს რომანის ცალკეულ კოლიზიებს. მათს ვნებებსა და ბრძოლაზეა დაფუძნებული `მთვარის მოტაცების~ უაღრესად დრამატული ინტრიგები და სიუჟეტური ხვეულები. თუმცა აშკარად ჩანს, რომ მწერლის სიმპათია თარაშ ემხვარს ეკუთვნის. ჩვენს სალიტერატურო კრიტიკაში გამოითქვა აზრი იმის შესახებ; თითქოს თარაშ ემხვარი კონსტანტინე სავარსამიძის ლიტერატურულ დუბლიკატს წარმოადგენდეს და ავტორს თავის ამ ახალ რომანში სავარსამიძის სახის გაგრძელება-განვითარება, მისი მომავალი ბედის კვლევა დაესახოს მიზნად. მართლაც, ერთი შეხედვით, სავარსამიძესა და თარაშ ემხვარს ბევრი რამ აქვთ საერთო _ ორივენი ფეოდალური საქართველოს უკანასკნელი წარმომადგენლები, ორივენი ევროპულად განსწავლულნი და ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები არიან, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ადვილად დავასკვნით, რომ ეს ორი პერსონაჟი, ორი სხვადასხვა ეპოქის შვილი, თავიანთი ფსიქიკით და ხასიათის ნიშნებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სავარსამიძეს ახალ დროსთან შეგუება თითქმის არ უცდია, ყოველ შემთხვევაში წითელ საქართველოსთან საერთო ენის გამონახვის გზაზე მის მიერ გადადგმული ორიოდე გაუბედავი და უნიათო ნაბიჯი საიმედოს არაფერს უქადის, მაშინ როდესაც, თარაშ ემხვარი ტრაგიკულად განიცდის თავის მდგომარეობას და არა მარტო აწუხებს ეპოქის ორომტრიალისაგან მისი განმარტოება, არამედ ენერგიულად იღვწის თავის გადასარჩენად, ცხოვრების ფერხულში ჩასაბმელად. თარაშმა კარგად იცის, რომ ბოლშევიკურ საქართველოში მისი წარმომავლობაც გადაულახავ ბარიერად ქცეულა: `პირადად ჩემთვის ცოცხალიც რომ დავრჩე, ალბათ, ეს გზაც დახურული იქნება. ერთი იმიტომ, რომ თავადი ვარ და წინაპრების ჩემის ცოდვებს უთუოდ მომკითხავენ… გარდა ამისა, მე სულ სხვა კულტურაზე ვარ გაზრდილი და ძალიან საეჭვოა, ბოლშევიკებმა ჩემი გულწრფელობა იწამონ~. თარაშ ემხვარის ტრაგედიის ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მას აღარ დაუჯერებენ, აღარ ენდობიან. სავარსამიძე თავის ქაოტურ ურწმუნოებაში უფრო მტკიცე და თანმიმდევრულია, ვიდრე თარაშ ემხვარი. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ერთის ხელის დაკვრით ჩამოიშოროს კლასობრივი ამპარტავნობის მრუმე სამოსელი, დასახლდეს სვანეთში, თოხს და ბარს მოჰკიდოს ხელი, ცოლად შეირთოს უბრალო სვანის გოგო ლამარია და ცხოვრების ფერხულში ჩაებას, მაგრამ აქ უკვე მისგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა შეუშალა თარაშ ემხვარს ხელი. ლამარია წმინდა სიყვარულის ღირსი არ აღმოჩნდა. იგი მიჯნურმა არზაყან ზვამბაიასთან ალერსში შეისწრო და ერთხელ კიდევ გაუტყდა გული ემხვარების გვარის ზვიად წარმომადგენელს ცხოვრებაზე, ჭეშმარიტ სიყვარულზე. თარაში უფრო პრაქტიკული კაცია, ვიდრე სავარსამიძე. იგი ამ უკანასკნელივით ოცნებათა სამყაროში უნაყოფო ხეტიალს, საქმეს არჩევს. სადისერტაციო ნაშრომით წარუდგება უნივერსიტეტს, მაგრამ აქაც უმტყუნა ფორტუნამ, აქაც იმედგაცრუება _ უნივერსიტეტში მისი დისერტაცია დაიწუნეს. სავარსამიძისაგან განსხვავებით, თარაშ სიყვარულშიც უფრო თანმიმდევრულია. მაშინ, როდესაც სავარსამიძეს წარმოუდგენლადაც კი მიაჩნია დიაცისადმი ერთგულება და მას ხშირად უცქერის როგორც ჟინის მოსაკლავ, ცოდვებითა და კომპლექსებით დაზუზღულ არსებას.

თარაშ ემხვარი, თუ მისი გაორების ზოგ ეპიზოდს მხედველობაში არ მივიღებთ (და ესეც სრულად ბუნებრივი, ადამიანური სიმპტომია), ერთგული რჩება თამარის სიყვარულისა. ამ სიყვარულის მოწოდებით შეაგელვებს იგი ცხენს აბობოქრებულ ენგურში და საყვარელი არსების ხილვისათვის სტიქიასთან უთანასწორო ჭიდილში იღუპება კიდეც.

თამარ შერვაშიძე ნახუცარ ტარიელ შერვაშიძის ულამაზესი და უსათნოესი ქალიშვილი ერთდროულად შეყვარებიათ თარაშ ემხვარსა და მისი ძუძუმტეს არზაყან ზვამბაიას. ქალის სიმპათიები თარაშის მხარეზეა, თუმცა არც არზაყანს უცქერის იგი ყოველთვის გულგრილად. რომანული ხაზი დრამატულ განვითარებას იძენს. ძუძუმტეებს შორის სწორედ ის განხეთქილების ვაშლი გაგორდება, რომელმაც შერიგება და დათმობა არ იცის. მაგრამ თარაშ და არზაყან ბოლომდე რაინდულად, ერთმანეთის ღირსების შეულახავად ცალ-ცალკე ეზიდებიან სიყვარულის ამ უმძიმეს ტვირთს. ბოლოს თამარი მაინც თარაშ ემხვარს რჩება, მაგრამ ქალისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში აფხაზ არისტოკრატთა გვარის ამ ამპარტავან წარმომადგენელს მამაკაცური სული, ვაჟკაცობა არ ჰყოფნის, რათა ქალს საბოლოოდ გაუწოდოს ხელი. რომანის დასასრულს ლუკაია ლაბახუას ცნობით შეძრწუნებული თარაში, რომელშიც კვლავ გაიღვიძა ამ უდიდესმა ადამიანურმა ტკივილმა, სულთმობრძავი თამარის სანახავად მიილტვის. მაგრამ უკვე გვიან არის. უნატიფესი თამარი თარაშის სახელის ხსენებით იღუპება ზუგდიდში, ხოლო ემხვარი მთვარის მოტაცების საოცრად ფერწერულად დახატული სიმბოლური სურათის განწირულ დეტალად რჩება.

რომანის მეორე და მთავარი ხაზი, რითაც `მთვარის მოტაცება~ უდიდეს შემეცნებით ღირებულებას იძენს, იმ სოციალური ფონის ჩვენებაა, რომელშიც რომანის მრავალრიცხოვანი, მკვეთრი ინდივიდუალობით წარმოდგენილი პერსონაჟები ცხოვრობენ. კომუნისტურ უხეშობას და თვითნებობას საზღვარი არა აქვს: რაიკომის მდივანმა არენბა არლანმა რაკი კაც ზვამბაისაგან ცხენის მიყიდვაზე უარი მიიღო, არზაყანი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო კაც ზვამბაია კულაკად გამოაცხადა და მისთვის ცხენებისა და საქონლის ჩამორთმევის დადგენილება გამოიტანა. კაც ზვამბაიამ პროტესტის ნიშნად პირუტყვი დახოცა. შემაძრწუნებელი შთამბეჭდაობით დაგვიხატა ეს სურათი ავტორმა. დაბოლოს, ამ რომანში
ჩვენს ყურადღებას იმყრობს სულისშემძვრელი პასაჟი:

ბოლშევიკური პროპაგანდით დაბრმავებული არზაყან ზვამბაია საკუთარ მამას _ კაც ზვამბაიას ჰკლავს. საბჭოთა წყობილებისადმი მწერლის დამოკიდებულება ამ ტრაგედიიდანაც ნათლად ჩანს.

სიცოცხლის სიყვარული, ბრძოლის ჰეროიკა, გაუტეხელი ნებისყოფა _ ქართველი კაცის ყველა ეს თვისება შარავანდედად დაჰყვება რომან `ვაზის ყვავილობას~.

ვახტანგ კორინთელისა და გოდერძი ელანიძის თაოსნობით ბერმუხაში, არაშენდა გველეთის ზეგანზე, ქართული ვაზი გაცოცხლდა, მკვდრეთით აღსდგა. ბერმუხა მასშტაბშემცირებული საქართველოა. ამ სოფლის სიხარული და სატკივარი, სამეურნეო თუ სოცოალურ, მორალურ-ეთიკურ პრობლემათა დიდი ნაწილი, რასაც მწერალი ბერმუხის ცხოვრების მაგალითზე წარმოგვიჩენს, იმდროინდელი ქართული სოფლის უაღრესად თანადროული და მწვავე პრობლემატიკა გახლავთ.

ისტორიის ყოველ მოსახვევს თავისი განუმეორებელი ელფერი და ორიგინალური საზოგადოებრივი ფსიქოლოგია აქვს. კონსტანტინე სავარსამიძისა და არზაყან ზვამბაიას შემდეგ ომისდროინდელ ქართულ სოფლამდე საკმაოდ დიდი დრო გასულა. დროს ახალი საზრუნავი, თუ გნებავთ, ახალი სატკივარი მოუტანია: გვანჯ აფაქიძეთა და ტარიელ შერვაშიძეთა ნაფუძარზე აბრია უჯრიაულები და სპეკულანტი კობერიძენი ამოსულან. გუნებადამძიმებულ ადამიანთა ერთ ნაწილს აშკარა ბრძოლაზე უარი უთქვამს და ქონების დაგროვებაზე, მომხვეჭელობაზე გადასულან.

`ვაზის ყვავილობას~ უპირველესი ღირსება სწორედ ის გახლავთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას უტყუარმა მხატვრულმა ალღომ სწორად შენიშნა ადამიანის ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებანი და პერსონაჟთა ბუნების ზედმიწევნითი ცოდნით წარმოგვიჩინა ის სიმახინჯენი პიროვნების სულს რომ დაამჩნია კომუნისტურმა წყობილებამ.

სიკეთისა და ბოროტების ტრადიციულ რკინებაში ზოგი პერსონაჟი იღუპება, ზოგი კი მძიმედ ტრამვირებული ეშვება მიწაზე, მაგრამ მთელი რომანის მანძილზე მკითხველს მძლე ლაიტმოტივად ჩაესმის ქართველი კაცის გაუტეხელი სულის ამონაკვესი: `კიდევაც დაიზრდებიან~.

აქვე უნდა შევნიშნოთ `ვაზია ყვავილობის~ ერთი თვალშისაცემი ნაკლი; მისი პერსონაჟები მეტნაკლებად სწორხაზოვანი ხასიათის, ზოგჯერ ერთპლანოვან ადამიანებად გამოიყურებიან. სწორედ ამ რომანში იგრძნობა ნათლად მწერლის სურვილი დაჰყოს ისინი დადებით და უარყოფით პერსონაჟებად. ერთ მხარეზე დგანან მოქალაქეობრივი ღირსებით შემკული გმირები (გოდერძი ელანიძე, ვახტანგ კორინთელი, ნუნუ უჯრიაული, სუსქია მინდელი, რაიკომის მდივანი ციხისთავი და სხვ.), ხოლო მეორე მხარეზე, ბნელეთის წარმომადგენლები აბრია უჯრიაული, კობერიძე, კანკრე, დეიდა ვარა და სხვანი. რატომღაც მწერალმა ჩათვალა, რომ ეპოქაში, რომელსაც იგი ხატავს, უპირატესად სწორედ ამგვარი ადამიანები ცხოვრობენ, რაშიც სწორედ ავტორს კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით. რომანის ფურცლებიდან არ უნდა გამქრალიყო ადამიანთა ის რთული, წინააღმდეგობრივი ბუნება, რითაც ასე მრავალწახნაგოვანი და საინტერესო ჩანდნენ კონსტანტინე გამსახურდიას სხვა რომანთა პერსონაჟები.

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სახელთანაა დაკავშირებული ქართული ისტორიული რომანის აღორძინება და ამ ჟანრის ორიგინალური კონცეფციის გამომუშავება. ჩვენი ისტორიული რომანის სწორუპოვარ ნიმუშებად ითვლება `დიდოსტატის მარჯვენა~ და ტრილოგია `დავით აღმაშენებელი~, ხოლო ჟანრის მწერლისეულ ინტერპრეტაციად ავტორის მიერ არაერთგზის განვითარებული თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ისტორია მას აინტერესებს მხოლოდ თანამედროვეობის სამსახურისათვის და ცდილობს თავის ისტორიულ თხზულებებში ის პრობლემები დააყენოს, დღესაც რომ ინარჩუნებენ თავიანთ ცხოველმყოფელობას.

მწერალს სურდა თავისი ისტორიული რომანები მხარში ამოეყენებინა ქართული ისტორიული ქრონიკებისათვის. ამ იდეის განხორციელებაა მის მიერ შექმნილი უძვირფასესი მხატვრული ძეგლები მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების საქართველოს ცხოვრებისა. მეთორმეტე საუკუნის საქართველოს მატერიალური და სულიერი ცხოვრების მხატვრულ მატიანედ იყო ჩაფიქრებული `თამარ~, რომლის დამთავრებაც ავტორს არ დასცალდა.

`დიდოსტატის მარჯვენა~ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მშვენებადაა ჩათვლილი. იგი თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ყველგან აღიარებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს. კონსტანტინე გამსახურდია ამ რომანით წარმოგვიდგება ისტორიული რეალობისა და შუასაუკუნური კულტურის ბრწყინვალე მცოდნედ, გარდასულ სახეთა გაცოცხლების, მათთვის უკვდავი სულის შთაბერვის სწორუპოვარ ოსტატად. მწერლის ისტორიული რომანები, უპირველეს ყოვლისა, იმით განსხვავდებიან ისტორიულ თემაზე ჩვენში ადრე შექმნილი თხზულებებისაგან, რომ ამ ნაწერამოებებში პირველად გადაილახა ის ზღვარი, რომელსაც ისტორიზმის ტყვეობაში მყოფი მწერლები აღმართავდნენ ხოლმე მეფე-დიდებულებსა და მდაბიოთა შორის. კონსტანტინე გამსახურდიამდე იშვიათად რომ ვინმეს დაეხატოს ასეთი ცხოველმყოფელობით მეფე-ადამიანი: ტრადიციული სქემატურობით და ფრესკული ერთპლანოვნებით კი არა, არამედ თავისი ადამიანური ვნებებით და თუ გნებავთ, წინააღმდეგობრივი ბუნებითაც.

`დიდოსტატის მარჯვენა~ მეათე საუკუნის მიწურულსა და მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის ამბებს გვისურათებს. ნაწარმოების ძირითადი პრობლემა _ ხელოვანის ბედი მონარქიულ სახელმწიფოში გადაჯაჭვულია უამრავ სოციალურ და ზნეობრივ საკითხთან. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ იშვიათი ოსტატობით, არაჩვეულებრივი მეცნიერული ალღოთი და სათანადო კომპაქტურობით გააცოცხლა ჩვენს თვალწინ `ოქროს ხანის~ წინადღე, ის რთული და ძნელბედი ეპოქა, რომელიც წინ უძღოდა რუსთაველის საუკუნეს.

_ ხელოვნება ეკუთვნის ხალხს, ჭეშმარიტი ხელოვანი ერის მომავლისათვის ბრძოლის სამსახურში უნდა იდგეს, ქედუხრელად იტანდეს ცივილიზაციის მტერთა ავბედით შემოტევებს და მთელი არსებით უნდა ეკუთვნოდეს იმ დიდებულ საქმეს თავისი ცხოვრების მიზნად და აზრად რომ აურჩევია. _ საუკუნეების განმავლობაში ათას ესთეტიკურ უკიდურესობათა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოტარებული და ჩვენამდე მსოფლიოს უკვდავ ხელოვანთა მხრებით მოტანილი ეს ჭეშმარიტება მწერალმა კონსტანტინე არსაკიძე მიჰმადლა. არსაკიძის შარავანდედით მოსილი სახე, როგორც მის მიერ ხელთქმნილი სვეტიცხოველი, არასოდეს დაკარგავს მომხიბვლელობას. იგი ჩვენს ლიტერატურაში მუდამ იქნება თავისი საყვარელი საქმისათვის, თავისი სვეტიცხოველისთვის თავდადებული ხელოვანის სიმბოლო, სახე მხატვრისა, რომელმაც თავისი სული და სხეული მთლიანად და უყოყმანოდ თავისი ერის უკვდავებას, ხალხის ეროვნული გენიის გამოვლენას მოახმარა. უჭირს ტირანულ სახელმწიფოში ცხოვრება ხელოვანს! _ `დიდოსტატის მარჯვენის~ ქვეტექსტში მიმალული ეს ბრალდება
კომუნისტურ ეპოქაზეც ვრცელდება.

ლაზ კონსტანტინე არსაკიძეს საქართველოს მეფემ გიორგი პირველმა სვეტიცხოვლის აშენება მიანდო. ახალგაზრდა ხუროთმოძღვრისთვის ეს დიდი პატივი უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რათა `აღზევებულ~ ხელოვანს მეფის კარზე მტრები გაეჩინა. შეუდგა არსაკიძე ტაძრის აგებას. მას შესანიშნავად ესმის თავისი ისტორიული მისია, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სახლს კი არ აგებს, არამედ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს უტოვებს შთამომავლობას. ამიტომაც ერთი ხელის დაკვრით უარყოფს ბერძნულ და ბიზანტიურ ტაძართა მიმბაძველობას. მიაჩნია, რომ მართალია, სვეტიცხოველი მსოფლიო ხუროთმოძღვრების მონაპოვართა გამძლე საყრდენებზე უნდა იდგეს, მაგრამ მასში, უპირველესად ყოვლისა, ქართული სული უნდა ენთოს, მის სვეტებსა და ჩუქურთმა- გუმბათებში ჩვენი ეროვნული თავისთავადობა, ნაციონალური კოლორიტი უნდა გამოსჭვიოდეს. არსაკიძემ გაიმარჯვა. სული სხეულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სვეტიცხოველი _ ქართული კულტურის `იგავმიუწვდენელი ლეგენდა~ დღესაც შეურყევლად დგას ათი საუკუნის ქარ-წვიმით დამძიმებული, ხოლო მის ფასადზე ამოკვეთილი არსაკიძის მოჭრილი მარჯვენა სვეტიცხოვლის შემქმნელის ტრაგიკულ ბედზე სინანულით დაგვაფიქრებს. მაშინ, როცა არსაკიძე სვეტიცხოვლის გრძნეულ ჩუქურთმებით იყო გართული, მის თავზე ნელ-ნელა გროვდებოდა ეპოქისა და მუხთალი ბედის შავი ღრუბლები. ჯერ იყო და მელქისედეკ კათალიკოსმა შეიძულა არსაკიძე, რადგანაც ახალგაზრდა ხელოვანი ღმერთთან შერკინებულ კაცს ხატავდა და მოუცლელობის მომიზეზებით, წირვასაც აცდენდა ზოგჯერ. მელქისედეკის გაგულისებას საფუძველი ჰქონდა. არსაკიძის სახით ეკლესიას რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი, მორჩილი მორწმუნე როდი ჰყავდა, ღმერთთან ადამიანის რკინების ფერწერით და რელიგიური სქოლასტიკის არტახების რღვევით სვეტიცხოველის ამგები თავის ახალ ღმერთს ქმნიდა და მთელი არსებით მას ემსახურებოდა. ფარსმან სპარსი _ `აგორებული ჭორი~, უეროვნო და უსინდისო კაცი დაუძინებელ მტრად გაუხდა ახალგაზრდა ლაზს იმ დღიდანვე, რაც მეფემ სვეტიცხოველის აგება მას მიანდო. დაბოლოს, პირად მტერთა გულისწამღები წკავწკავი იქნებ ვერ მორეოდა არსაკიძეს, რომ ერთ დღეს ავ ენათა დაუცხრომელი მეცადინეობით მეფე გიორგიც მის მოწინააღმდეგეთა შორის არ აღმოჩენილიყო. გიორგი პირველი, ალბათ, არ აჰყვებოდა მელქისედეკისა და ფარსმან სპარსის ჭორებს, რომ საქმე შორენამდე არ მისულიყო. შორენას სიყვარულის გზაზე კი მეფე არავის და არაფერს ინდობდა. მან მოაწამვლინა ჭიაბერ ერისთავი, სიყვარულში მოქიშპის პოზიციით დაღუპა ყველისციხის პატრონი _ გირშელ და ბოლოს შორენას ტრფობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მეფის ბრძანებით სვეტიცხოვლის ამგებ კონსტანტინე არსაკიძეს მკლავი მოჰკვეთეს.

მეფე გიორგი `დიდოსტატის მარჯვენის~ ერთი უაღესად საინტერესო და გამოკვეთილი სახეა. ბაგრატიონთა ამ სახელოვან შთამომავალს მძიმე დროში მოუხდა მეფობა. მას, ჯერ კიდევ უწვერულ ჭაბუკს, თორმეტი წლის ყმაწვილს სამეფო სკიპტრა მისცეს ხელთ და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების ურთულეს პოლიტიკაში გარკვევა მიანდეს. ავტორმა საოცარი ზომიერებით, მოკრძალებით და მხატვრული ტაქტით შექმნა მეფე-მონარქის კოლორიტული სახე. გვიამბო ტრაგიკულ ბედზე ახალგაზრდა ბრძენი მეფისა, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველა ღირსება და ნაკლი თავისი ერისა შეურცხვენლად ატარა, როგორც მეფემ და როგორც კაცმა.

`დიდოსტატის მარჯვენის~ სხვა პერსონაჟებს თავიანთი ადამიანური ვნებები ამოძრავებთ, მისწრაფებათა თავიანთი კონკრეტული სფერო აქვთ, გიორგი მეფეს კი, უპირველეს ყოვლისა, თავისი სამეფო ვალი უმძიმებს ბეჭებს და აიძულებს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგეს. ეს მან უნდა უპასუხოს ბიზანტიის კეისრის მელურ პოლიტიკას ხან ხმლითა და ხან ერთმმართველის სიბრძნით, მან უნდა უწინამძღვროს ლაშქარს სარკინოზთა წინააღმდეგ დამღლელ, გაჭიანურებულ ომებში, მან უნდა ალაგმოს თავგასულ ფეოდალთა თვითნებობა სრულიად საქართველოს ერთი, მონარქიული დროშის ქვეშ გასაერთიანებლად, გვერდით უნდა ედგეს კათალიკოსს ქვეყნის საბოლოოდ მოქცევაში ქრისტეს ჯვრის თაყვანისცემად, ზოგჯერ რელიგიური ლიტანიის ნიღბით, ზოგჯერ კი ძალით შეუტიოს წარმმართთა ყოვლისწამლეკავ შემართებებს ქრისტეს სავანეთა დასარბევად, დაბოლოს, გიორგი მეფის ბრძოლას კიდევ ერთი არანაკლებ რთული სამიზნე ახლავს _ საკუთარი თავი. მეფე ნიადაგ ებრძვის მის პიროვნებაში ჩაბუდებულ მეორე კაცს, რომელიც ხანდახან სამეფო გვირგვინს მოახსნევინებს, მდაბიურ ჩოხას გადააცმევს და ყმათა ცხოვრებისაკენ მოუხმობს. მეფეს თავდავიწყებით უყვარს თალაგვა კოლონკელიძის ასული შორენა. წარმოიდგინეთ მდგომარეობა კაცისა, რომელსაც გარეგნულად თითქოსდა განუზომელი უფლებები აქვს, მაგრამ იძულებული ხდება მთელი რომანის მანძილზე ტანჯვითა და ტკივილებით ფარულად ზიდოს სიყვარულის უმძიმესი ტვირთი. ჯერ ერთი, შორენა იმ ფეოდალის შვილია, რომელსაც ურჩობისათვის მეფემ თვალები დასთხარა (და აქედან გამომდინარე, შორენა პოტენციური მტერია მეფისა), ხოლო მეორეც, მეფეს სასახლეში საქართველოს დედოფალი, კანონიერი მეუღლე ჰყავს და გამიჯნურებულმა მმართველმა კიდევაც რომ გადაწყვიტოს მისი ღალატი, ამის ნებას არც მისი მდგომარეობა მისცემს და არც კათალიკოსი მელქისედეკი, თვალმოუხუჭავად რომ იცავს თავისი სამწყსოს ღირსებისა და ზნეობის საქმეს. სიყვარულის მწველი ძალის ქვეშ ქედმოხრილი მეფე კამათლებივით ათამაშებდა იმათ ბედს, ვინც ამ სიყვარულის გზაზე ეღობებოდა. ბოლოს, როდესაც შორენა თავის სასახლესთან გადმოიყვანა და ყველაზე ახლოს იყო თავის სანუკვარ მიზანთან, მეფეს ახალი მეტოქე გაუჩნდა კონსტანტინე არსაკიძის სახით, იმდენად თვალსაჩინო იყო სვეგამწარებული მეფის ამპარტავნული ბუნება და იმდენად დიდი იყო მასში შორენას სიყვარული, რომ სვეტიცხოველის ამგებიც კი არ დაინდო და მისთვის მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, იმ მარჯვენისა, რომელმაც სვეტიცხოველის ზღაპრული ჩუქურთმები გამოჰკვეთა და ქვაში განსხეულებული პოეზიით ერს უკვდავების პასპორტი მისცა.

სინატიფით და ლირიულობით, სიბრძნით და სიყვარულისადმი ერთგულებით გამოირჩევა შორენა. იგი მარტო ლამაზი ქალი როდია და პასიური მჭვრეტელი ყოველივე იმისა, რაც მის გარშემო ხდება. შორენას რომანში დიდი სიუჟეტური დატვირთვა აქვს და თავისი მკვეთრად გამოხატული პოზიციითაც გამოირჩევა. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ შორენაა შთამაგონებელი რომანის გმირთა უმეტესობისათვის საქვეყნო და სარაინდო საქმეებისა, ამასთან ერთად, შორენა უძლიერესი ნებისყოფის და დიდი შინაგანი პოტენციის მქონე ქალია. მან არა და არ გასცვალა სადედოფლო სავარძელი თავისი უტას, თავისი თანაშეზრდილი ლაზის სიყვარულზე, მან თავის სუსტ ბეჭებზე აიღო რომანის დასასრულს ფხოველთა ამბოხების მოწყობის და მამამისის ამოშანთული თვალებისათვის მტრისათვის ზღვევის უმძიმესი მოვალეობა და ბოლოს შორენამ თავის თავშივე ჰპოვა ძალა მონასტრის კბოდედან ფრესკის ანგელოზივით გადაფრენილიყო და თავისივე ნებით გასცლოდა ამ გაუხარელ სიცოცხლეს.

მწერლისთვის დამახასიათებელი ეპიკური სიცხადითა და მონუმენტურობითაა გამოკვეთილი რომანის სხვა პერსონაჟებიც: თალაგვა კოლონკელიძე, ზვიად სპასალარი, მამამზე ერისთავი, მელქისედეკ კათალიკოსი, ფარსმან სპარსი, გირშელ, ჭიაბერი, დედოფალი მარიამ, შავლეგ ტოხაისძე და სხვანი.

საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებლის როლის გადაჭარბებით შეფასებვა ძნელია. საუკუნეთა წყვდიადიდან სამშობლოს სიყვარულისა და გამჭრიახი მმართველის მაგალითად გვინათებს უკვდავი მეფის მჭმუნვარე სახე. ქვეყნის წინაშე სასახელოდ მოხდილი ვალისათვის ერმა იგი წმინდანად შერაცხა და აღმაშენებელი უწოდა. მეთერთმეტე საუკუნის დასასრულის და მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის საქართველო დავით აღმაშენებლის მეფობის წყალობით პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისეთ მდგომარეობას აღწევს, რომ თავისი დროის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები ანგარიშს უწვევენ და მასთან საერთო ენას ეძებენ. საქართველოს საბოლოოდ გაერთიანება ერთხელისუფლებიანობის და ერთსარწმუნოვანი მონარქიის პრიციპებით, თბილისის გათავისუფლება თურქ-სელჯუკთა ოთხასწლოვანი ბატონობისაგან, რეგულარული არმიის ჩამოყალიბება და მისი განმტკიცება ორმოცი ათასი ყივჩაღის ჩამოსახლებით, რუის-ურბნისის კრება და საერო თუ საეკლესიო მმართველობის გრანდიოზული რეფორმები, არა მარტო მეცენატობა ქართული აღორძინებული კულტურისა, არამედ თავისი კალმითაც (`გალობანი სინანულისანი~) აქტიური მონაწილეობა მშობლიური ლიტერატურის განვითარებაში _ დავით აღმაშენებლის სასახელო საქმეთა ეს არასრული სიაც ნათელს ხდის, თუ რა რთული ამოცანა იდგა კონსტანტინე გამსახურდიას წინაშე თავისი ვრცელი ეპოპეის, ტეტრალოგია `დავით აღმაშენებლის~ წერისას.

ამ რომანზე კონსტანტინე გამსახურდია თითქმის ოცდახუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მკითხველს აოცებს ის მძიმე და შრომატევადი სამუშაო, მწერალს ჩვეული კეთილსინდისიერებით რომ შეუსრულებია ისტორიულ მასალათა მოპოვების და მათი შედარება-შეჯერების წმინდა მეცნიერულ საქმეშიც.

რომანში თანმიმდევრულადაა გადმოცემული დავით აღმაშენებლის ბობოქარი ცხოვრება, იმ დღიდან, რაც მან, ჭაბუკმა უფლისწულმა, მამამისის მისაშველებლად პირველად ჩაიცვა თორნი, იმ დღემდე, როცა მან სიკვდილთან უკანასკნელი ომი გადაიხადა. დავით აღმაშენებელი თამამად უსწორებს მხარს მსოფლიო ლიტერატურაში სხვადასხვა დროს შექმნილ მეფეთა ისტორიულ სახეებს (დიკენსის, ფლობერის, ჰიუგოს, ვალტერ სკოტის, ალექსეი ტოლსტოის, ჰაინრიხ ჰაინეს, ლიონ ფოიხტვანგერის, დერენიკ დემირჭიანის და სხვათა რომანებში წარმოდგენილთ). თუ პარალელს გავავლებთ დავით აღმაშენებელსა და მწერლის მიერ ადრე შექმნილ გიორგი პირველის სახეს შორის, დავინახავთ მწერლის სურვილს, ეს ორი მეფე განსხვავებული ინდივიდუალური თვისებებისა და სხვადასხვა გონებრივი დიაპაზონის მოღვაწეებად წარმოედგინა. გიორგი პირველი უფრო ჩქარი და გრძნობის ამყოლია, იგი მზად არის თავის სიყვარულისათვის ყველაფერი გასწიროს, მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელი ყველაფერზე მაღლა საქვეყნო საქმეს აყენებს და იგი საქართველოს გასაძლიერებლად დედისიმედსაც თმობს _ თანხმდება ათრაქა შარაღანიძის წინადადებაზე ორმოცი ათასი ყივჩაღის საფასურად ცოლად შეირთოს ყივჩაღთა ბელადის ქალიშვილი _ გურანდუხტი. გიორგი მეფე ულმობელი მბრძანებელია. იგი შეუბრალებელია ორგულ ფეოდალთა მიმართ და მათი ფიზიკური განადგურების გზასაც უყოყმანოდ მიმართავს, დავითმა კი შესანიშნავად იცის ძმათა ომის საშინელება და არაერთგზის მშვიდობიანი გზით ცდილობს ვერაგი ლიპარიტ ორბელიანის და მისი შვილის _ რატის შემომტკიცებას. გიორგი მეფე ზოგჯერ ზედმეტად რომანტიკული და ჯიუტია. იგი ცოტა თავკერძაცაა, მაშინ როდესაც დავითი პრაქტიკული გონების კაცია და სხვათა რჩევას დიდი გულისყურით უსმენს. საერთო კი ამ ორი თავდადებული მეფის ცხოვრებაში ის არის, რომ ორივენი რაინდები არიან. ორივე მათგანს სამეფო ტოგის შიგნით ცხოვრების ტრფიალით ანთებული გული უცემს და მათი ცხოვრების ტრაგედია, გარდა ქვეყნის მძიმე მდგომარეობისა, იმითაცაა გამოწვეული, რომ მათი სამეფო სკიპტრა და გვირგვინი ზოგჯერ ასატანზე უფრო მძიმე ხდება, მათი უკიდეგანო ძალაუფლება ზოგჯერ ბორკილებადაც იქცევა ხოლმე. დავით აღმაშენებლის სახის მთელი დიდებულება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი თავიდან ბოლომდე ადამიანის შინაგანი თავისუფლებისათვის ბრძოლის ჰიმნია და სწორედ ამით ხდება `გალობანი სინანულისანის~ ავტორი ჩვენი თანამედროვე.

საყოველთაო სიყვარულით გარემოცული მეფე, რომელმაც დიდგორის ომი გადაიხადა და ოჯახური დრამის მორევშიც ღრმად შესცურა, რომელმაც თბილისი გაათავისუფლა და თავისი სამეფოს საზღვრები ზღაპრულად გააფართოვა, ბოლოს მაინც მარტო დარჩა სიკვდილთან და როცა სულთმობრძავს დიდი ხნის წინათ უგზოუკვლოდ დაკარგული, დედათა მონასტერს შეხიზნული დედისიმედი დაადგა თავს, ვალმოხდილმა მეფემ თავის გამშრალი ბაგეებით შენდობა სთხოვა: `მაპატიე დაო, შენი და ჩემი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად~. `დავით აღმაშენებელი~ ყურადღებას იპყრობს არა მარტო დიდი ისტორიული სიმართლით და ეპოქის ხასიათის ყოველმხრივი გადმოცემით, იგი ძვირფასი ძეგლია ჩვენი ლიტერატურისა პერსონაჟთა სიუხვითა და თითქმის ყველა მათგანის ოსტატური, შთამბეჭდავი გამოკვეთით. გარდა ისტორიულად ცნობილი პირებისა, ნაწარმოებში უხვად არიან მწერლის ფანტაზიით შექმნილი პერსონაჟები.

`დავით აღმაშენებლის~ მოქმედ პირთა შორის მკითხველს განსაკუთრებით ამახსოვრდება: დედისიმედი, გიორგი ჭყონდიდელი, ნიანია ბაკურიანი, მახარე, შერგილ ლიპარტიანი, ჯონდი ერისთავი, ლიპარიტ ორბელიანი, რატი, გვანცა, დედოფალი რუსუდან, მარიამ დედოფალი, გურანდუხტ დედოფალი და სხვ.

რომანში გვხვდება უბრალო წრის წარმომადგენელთა ეპიზოდური, მაგრამ კოლორიტული სახეებიც. მაგ., მექათმე თეონა, გუთნისდედა გაბრიელ ხორგაი, ასისთავი ლათერია, რუსი მჭედელი ნიკალა, ნადიაკვნარი ხახუტა და სხვანი.

* * *
კონსტანტინე გამსახურდიას ქართულმა სალიტერატურო კრიტიკამ პროზის დიდოსტატი შეარქვა. `მთვარის მოტაცების~ ავტორი თავისი ბრწყინვალე ნიჭით და მხატვრულ საშუალებათა მრავლფეროვნებით ჭეშმარიტად იმსახურებს ამ ტიტულს.

კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრულ-გამომსახველობითი სამყარო სპეციალური კვლევის საგანია. გამომსახველობითი არსენალის მრავალფეროვნებისა და მხატვრულ ფეიერვერკთა ამ ოკეანეში ჩვენ მხოლოდ მწერლის ოსტატობის ზოგიერთ მხარეს შევეხებით.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია მწერლის ორიგინალური ენობრივი სტილი, რომელზედაც ზემოთაც გვქონდა ლაპარაკი. ეს გახლავთ სხვათა სიტყვის ო-ს ხშირი გამოყენებითა და ზმნის წინადადების თავში ან შუაში მოქცევით მიღწეული, ქართულისათვის სრულიად ბუნებრივი, ჰარმონიული და დარბაისლური მეტყველება. მე ვფიქრობ, კამათს არ უნდა იწვევდეს კეთილხმოვანება ამგვარი ფრაზისა `ლაინისფერი გადაჰკვროდა ზღვას მშვიდად მთვლემარეს~ (გამსახურდია), ამავე ფრაზის თანამედროვე კონსტრუქციასთან შედარებით. მაგ., `მშვიდად მთვლემარე ზღვას ლაინისფერი გადაჰკვროდა~.

თანამედროვე ქართულ პროზაში ძნელად მოიძებნება სხვა მწერალი, რომელსაც უფრო მეტი რამ შეეძინოს სალიტერატურო ქართული ენის განვითარებისათვის, რომელიც ისე მომჭირნეობით და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს თითოეულ ფრაზას, როგორც ეს კ. გამსახურდიას ნაწარმოებებიდან ჩანს. მის მიერ გაცოცხლებულ ძველ სიტყვებს რომ თავი გავანებოთ, ჩვენს ენაში უკვე წარუშლელად დამკვიდრდა მწერლის მიერ შემოტანილი ისეთი ახალი სიტყვები, როგორიცაა ქვემეხი, შინაბერა, ოტებული და სხვ.

კ. გამსახურდიას პროზის სტილი უფრო პოეტურია, ვიდრე პროზაული (ამ ცნების ტრადიციული მნიშვნელობით). იგი თავს არიდებს დაწვრილებით აღწერებს, საგანთან პროზაულ ახლოს მისვლას და ხშირად მოვლენების პოეტური მჭვრეტელის პოზიციით კმაყოფილდება. ეს პოეტური ხერხი კ. გამსახურდიასთან სისტემად იქცევა და მისი რომანების ერთი ნაწილი ზოგჯერ რიტმული პროზით, აშკარად გამოხატული თეთრი ლექსით არის დაწერილი.

მისი თხზულებები სიუჟეტის განვითარების თვალსაზრისით უაღრესად ტრადიციულია. თითქმის ყველა ნაწარმოები საინტერესო სიუჟეტის შემცველია. მწერალი ერიდება სიუჟეტის ზედმეტ განშტოებებს, სიუჟეტის განვითარებისათვის უსარგებლო პარალელებს, თვითმიზნურ ხვეულებს. კომპოზიცია კონსტანტინე გამსახურდიას რომანებისა უაღრესად დახვეწილია. ამ სქელტანიან რომანებში ეპიზოდები ისეა შერჩეული, რომ მკითხველი არ იღლება, თანაც მწერლის მეთოდი, მოვლენას სხვადასხვა ასპექტით შეხედოს, მას სიტუაციების შექმნის დიდ გასაქანს აძლევს. თანაც `მთვარის მოტაცების~ ავტორი მისხალ-მისხალ სწონის ცალკეულ სცენებს, იშვიათად შეხვდებით გამეორებულ სიტუაციებს, მსგავს ეპიზოდებს.

კონსტანტინე გამსახურდია უმეტესად ხატავს, იგი იშვიათად ჰყვება. ამიტომაც მისი სურათები უაღრესად ფერწერული და მონუმენტურია. გავიხსენოთ შორენას თვითმკვლელობის სცენა `დიდოსტატის მარჯვენიდან~.

“მცირე ხანს გატრუნული იჯდა, მერმე წამოდგა, მთვარეულივით წაბარბაცდა ქარაფისაკენ. ალვისხემდის რომ მიაღწია, ეფემიამ მიაძახა:
სად მიხვალო შუშანიკ!
ახლავე მოვალო, დედაო ეფემია.
ეს სთქვა, პირჯვარი გადაიწერა, გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.
ჯერ ისე მხრებგაშლილი წავიდა ძირს, როგორც გაფრენილ ანგელოზებს ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკის ოსტატები”…

ამ დეტალში არ არის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არც ერთი ზედმეტი ნიუანსი, ეპიზოდი უაღრესად კომპაქტურია და ხატოვანი. თითქოს მთელი თავისი მხატვრული გრძნეულება ერთბაშად მიეძალაო, განსაკუთრებით ძლიერია მწერალი თავისი რომანების ფინალური სცენების ხატვისას. აქ კ. გამსახურდიას პოეზია თავის აპოგეას აღწევს. მოიგონეთ `დიდოსტატის მარჯვენის~, `მთვარის მოტაცების~, `დავით აღმაშენებლის~ უკანასკნელი თავები. კონსტანტინე გამსახურდიას გმირები ისეთი დიდებული, მეფური სიკვდილით გვეთხოვებიან (არსაკიძე, დავით აღმაშენებელი), რომ უცრემლოდ ძნელია იმ ადგილების წაკითხვა. თავისი რომანების ფინალში კ. გამსახურდია წუთით ტოვებს რეალისტური თხრობის
მანერას და ღრმა სიმბოლურობაში გადადის. თარაშ ემხვარი ასე კვდება:

“გაშალა მკლავები ემხვარმა. მოსტაცა თვალი მოვარვარე დისკომ მთვარისამ, თითქოს უფსკრულეთს დარჩენოდა ცეცხლებ მგზნებარე ცალი თვალი და მიჰყვა მთვარეს ცნობაწართმეული ცურვით. მაგრამ იძალა ისევ ენგურმა, იბურთავა მთვარე, გამოსტაცა ქანცმილეულ მცურავს და გააქანა უფსკერო შავეთში. უთენია შავი ზღვისაკენ მიჰქონდა ენგურს პირაღმა მწოლიარე შავჩოხიანი ცხედარი~.

სტიქიასთან ბრძოლის ქაოსიდან უკანასკნელ დეტალამდე ისეთი ზღვარია, ისეთი გრაფიკული პერსპექტივა და მასშტაბურობაა (თავგანწირული კვეთება მთვარესთან და შედეგი _ ენგურს ზღვისკენ პირაღმამწოლი შავჩოხიანი ცხედარი მიაქვს), რომლის დანახვა მხოლოდ და მხოლოდ დიდ მხატვარს შეუძლია.

კონსტანტინე გამსახურდია პორტრეტის ხატვის შესანიშნავი ოსტატია, იგი ზოგჯერ ერთი დეტალის ხაზგასმით ადამიანის გარეგნობის დაუვიწყარ სურათს გვაწვდის. აი, რა ფერწერული სისავსითაა დახატული `მთვარის მოტაცებაში~ მებორნის ხელები:

`გარუჯული, დაკორძებული ხელები გამოუწოდა მებორნემ არზაყანს და აკვაკვარის ნაჭერი ჩაბღუჯა მოხარშულ კიბოსავით წითელ და დახეთქილ თითებში. არზაყანს არსად ენახა ასეთი უზარმაზარი და წითელი ხელები. ველური ვაზის ლერწებსავით დაღვარჭნილი ძარღვები მოსჩანდნენ. დამსკდარ, დაკოჟრილ თითებს თითების ნიშატი დაჰკარგოდათ, დახეთქილი კანის არეებში შავად ჩალეკოდა წვირე, ზედ შეხორცებოდა და ეს თითები რომელიღაც მტაცებლის ჭანგებს დამსგავსებოდნენ. მოშვებული ფრჩხილები ბებერი მამლის დეზებსავით ყვითელი იყო და გაკაჟებული~.

საკმარისია მკითხველმა გაიხსენოს მწერლის მიერ შესანიშნავად დახატული ბატალური სცენები, პეიზაჟები, ხალხური ადათწესებისა და რიტუალების გამომხატველი ეპიზოდები და ნათლივ დარწმუნდება, თუ რა მახვილი თვალის მქონე მწერალთან და დეტალების ხატვის ოსტატთან აქვს საქმე კონსტანტინე გამსახურდიას სახით.

თითქმის არ არსებობს ლიტერატურის ჟანრი, რომლისთვისაც არ მიემართოს XX საუკუნის ქართული მწერლობის კლასიკოსს _ კონსტანტინე გამსახურდიას და თავისი კვალი არ დაემჩნიოს მისი განვითარებისათვის. გარდა ზემოჩამოთვლილისა მას დაწერილი აქვს შესანიშნავი მხატვრულ-დოკუმენტური რომანები _ `ბელადი~ და `გოეთს ცხოვრების რომანი~, აგრეთვე ნარკვევების მთელი ციკლი, რომელთაგან აღსანიშნავია: `უკრაინის თემიდი~, `ნატახტარი~, `კოლხეთში~ და სხვ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც (დანტეს `ღვთაებრივი კომედია~, გოეთეს `ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი~, შექსპირის პიესათა ფრაგმენტები) და როგორც თავისი დროის დიდი მწერალი და მოაზროვნე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. გამოაქვეყნა უამრავი კრიტიკული წერილი, ჩვენი ლიტერატურისათვის ახალი ჟანრის _ ესსეის ნიმუშები.

`კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა~ _ ათქმევინა კონსტანტინე გამსახურდიამ ერთ თავის პერსონაჟს და შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნის ქართული პროზის ოლიმპიელი სასახელოდ ვალმოხდილ მამულიშვილთა პლეადას ამშვენებს.

წიგნიდან: რევაზ მიშველაძე “სახელმძღვანელო, წერილები” რჩეული თხზულებანი 25 ტომად. ტომი 25. საქართველოს მაცნე. 2013

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button