დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – წითელი სიგნალი

მთავარი შეცდომა ის იყო, რომ საუკეთესო მეგობრის ცოლი შეუყვარდა. კლერი დანახვისთანავე მოეწონა. ისეთი ჰაეროვანი იყო, ნაზი და გამჭვირვალე, მისი ხელში აყვანა და გულში ჩაკვრა მოგინდებოდა. მაგრამ კლერს ქმარი ჰყავდა – სტეტჰემის დიდი ხნის მეგობარი. კლერი უნდა დაევიწყებინა… თუმცა… სტეტჰემმა თავი ასწია და ქალისკენ გაიხედა… ოხვრა თავისთავად აღმოხდა… უცებ იგრძნო, რომ მკლავზე ვიღაც შეეხო.

– ბიძია…

– ჰო, მე ვარ, ჩემო ბიჭო, – დერმონტმა, სახელგანთქმულმა ფსიქიატრმა, ძმისშვილს თვალებში ჩახედა და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. სტეტჰემს გული შეუქანდა. მიხვდა, რომ ბიძას რაღაც ძალიან სერიოზული ჰქონდა სათქმელი, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– სალაპარაკო მაქვს შენთან, – დერმონტს მტკიცე, ცოტათი მკაცრი ტონიც ჰქონდა, – მოდი, დავსხდეთ.

სტეტჰემი მორჩილი ბავშვივით გაჰყვა.

– საყვარელო, შენ ხომ ჩემი ერთადერთი მემკვიდრე ხარ… ერთადერთი, ვინც ამქვეყნად დამრჩა. არ მინდა, ვხედავდე, როგორ იტანჯები. კლერი საშენო არ არის, ის შენთვის დიდ პრობლემად გადაიქცევა, ძალიან დიდ პრობლემად. ნუთუ ინტუიცია არაფერს გეუბნება?

– „წითელი სიგნალი“? – ამოიოხრა სტეტჰემმა, – არა, ბიძია, „წითელი სიგნალი“ არ ჩართულა.

– შეუძლებელია. უნდა გრძნობდე, რომ სახიფათო თამაში წამოიწყე.

– ვიცი, მეგობრის ცოლი შევიყვარე, მაგრამ, გულს ვერ უბრძანებ. თუმცა, შეგიძლია, მშვიდად იყო

– კლერი ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, არ დავუშვებ ამას. თუმცა, ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია.

– მეც სწორედ ამის მეშინია. შენ ყველაფერი არ იცი… – დერმონტმა ისევ გაიხედა ქალისკენ. სტეტჰემს შეაჟრჟოლა – „წითელი სიგნალი“ ჩაირთო. საფრთხის მოახლოება იგრძნო. ინტუიცია საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული. ცნობილ ფსიქიატრთან, დერმონტთან ცხოვრებამ ბევრი რამე ასწავლა… ნუთუ კლერი ფსიქიკურად იყო ავად? დერმონტის მათთან ვიზიტი, ალბათ, ამის მანიშნებელი იყო. სტეტჰემმა მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მასთან ერთად, რაღაც მიზეზის გამო, ბიძიაც მიიპატიჟეს ვახშამზე. ის საუბარიც მოაგონდა, რომელსაც, კლერის ყურებაში გართულმა, გულისყური ვეღარ დაატანა. ბიძიამ, მგონი, მემკვიდრეობით დაავადებებზე ილაპარაკა. ისიც თქვა, შეშლილობა მემკვიდრეობითიაო. „ესე იგი, კლერი შეშლილია? მერე რა, ეს მაინც ვერ შემაჩერებს. თუ ჯეკი უარს იტყვის თავის შეშლილ ცოლზე, ეს მხოლოდ გამახარებს. წავიყვან შორს, ძალიან შორს და ბედნიერები ვიქნებით“.

– სტეტჰემ, ძვირფასო… ეს იმაზე გაცილებით საშიშია, ვიდრე შენ წარმოგიდგენია… არსებობს შეშლილისთვის დამახასიათებელი მანია, მაგალითად, მკვლელობის მანია. ეს, ერთი შეხედვით, სრულიად შეუმჩნეველია, მაგრამ, დგება მომენტი, როცა მთელი სისრულით იჩენს ხოლმე თავს.

– არაფრის მოსმენა არ მინდა. მე კლერს აქედან წავიყვან. სისულელეა, ძალიან დიდი სისულელე. მას არავისთვის შეუძლია ზიანის მიყენება, არავისთვის! – სტეტჰემი უკვე ყვიროდა, და თუ შენ მემკვიდრეობას წამართმევ, არც ამაზე ვიდარდებ. დაუხმარებლადაც გავიტან თავს! – სტეტჰემმა კარი გაიჯახუნა. გადაწყვეტილება იმ მომენტში მიიღო: კლერი უნდა ენახა და ყველაფერი ეთქვა, მერე კი მასთან ერთად გადაკარგულიყო. იცოდა, ჯეკი ამ დროს სახლში არ იქნებოდა – ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბრიჯის თამაში.

კარი კლერმა გაუღო. შეშფოთებული სახე ჰქონდა.

– რატომ მოხვედი, სტეტჰემ? ბიძაშენმა არაფერი გითხრა? მე მას ვთხოვე, დაგლაპარაკებოდა.

– შენ სთხოვე? მე კი მეგონა… მეგონა… თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. კლერ, ძვირფასო, ესე იგი იცი ჩემი სიყვარულის შესახებ? ოო, გულიდან ლოდი მომეხსნა. წავიდეთ, მე შენ წაგიყვან ძალიან შორს, სადაც ვერავინ გვიპოვის.

– სტეტჰემ, მოიცადე, მომისმინე! მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა, ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო.

– მე არ მეშინია! – მგზნებარედ წარმოთქვა სტეტჰემმა, – შენ გამო მზად ვარ, მთელ სამყაროს ავუმხედრდე.

– აი, ეს მესმის! ყოველთვის მქონდა შენი მამაცობის იმედი! – მოისმა ჯეკის ხმა და კლერმა წამოიკივლა. სტეტჰემი კარისკენ შებრუნდა და ზღურბლზე მდგარი მოღიმარი მეგობარი დაინახა. უკან დახევას აზრი არ ჰქონდა. ან ახლა უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ან…

სტეტჰემმა ღრმად ჩაისუნთქა:

– კარგია, რომ აქ ხარ, ჯეკ. მე ვიცი კლერის შესახებ და ყველაფრისთვის მზად ვარ. ყველასთვის ასე აჯობებს. წარმომიდგენია, როგორი რთულია შეშლილთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. მე მესმის შენი.

ჯეკმა ხმამაღლა გადაიხარხარა.

– შენ გესმის ჩემი?! როგორი გულუბრყვილო ხარ… პრინციპში, სულ ასეთი იყავი. კლერი გიყვარს და, გგონია, ეს სიყვარული გაგამართლებს. შენ მე გამყიდე. საძაგლად მოიქეცი და ამისთვის დაისჯები. კლერიც დაისჯება, მაგრამ, მოგვიანებით; ჯერ შენს წამებას უნდა უყუროს, მერე კი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.

– საგიჟეთში გამოკეტავ? ამის თქმა გინდა? მე კი მომკლავ? – შეჰყვირა სტეტჰემმა, – არ გინდა, ჯეკ, უკეთეს ვარიანტს გთავაზობ. ციხეში ყოფნა საშინელებაა. კლერს წავიყვან და ორივე გავქრებით შენი თვალსაწიერიდან.

ჯეკმა ისევ გადაიხარხარა:

– წარმოდგენა არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ. ციხეში მე კი არა, შენ ჩაჯდები, თანაც, მკვლელობის ბრალდებით – საკუთარ ბიძას მოკლავ და სიკვდილით დაგსჯიან. უფრო სწორად, მე მოვკლავ მაგ ბრიყვ ბებერს და, ისე მოვაწყობ, პოლიციამ ადვილად იპოვოს სამხილები შენს წინააღმდეგ. სულელი, სულელი ბებერი!.. ეგეც, ვითომ მყავს პროფესიონალი ფსიქიატრი – ჩემი ცოლის მონაჩმახით დამისვა დიაგნოზი! ამ პატარა ძუკნას დიდი ხანია, უნდა, სულით ავადმყოფთა თავშესაფარში გამომკეტოს და ამ გზით მომიშოროს თავიდან. არ იცის, რომ, ინგლისური კანონმდებლობით შეშლილობა არ არის მიზეზი, რომლის გამოც, მეუღლეებიდან ერთ- ერთი, ქორწინების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ახლა ორივეს ამ ოთახში გამოგკეტავთ. მანამდე კი, შენი ჯიბიდან, ძვირფასო სტეტჰემ, გასაღებს ამოვიღებ და ჩემს ჩანაფიქრს განვახორციელებ. იმედია, წინააღმდეგი არ იქნები.

გაოგნებული სტეტჰემი, რომელიც ბოლომდე ვერ ჩასწვდა სიტუაციის არსსა და სიმძიმეს, კლერისკენ დაიძრა, მაგრამ, ჯეკმა დაასწრო – ეცა და ჯიბეები ამოუტრიალა. წამში გასაღები ხელში ეჭირა.

– პოლიცია მკვლელობის იარაღს შენს ბინაში, კომოდის უჯრაში იპოვის. მალევე, როგორც კი ბიძაშენის გვამს იპოვიან. მე ვიტყვი, რომ საყვარელმა ბიძიამ ანდერძის გადაწერა გადაწყვიტა, როგორც კი ჩემი ცოლისადმი შენი სიყვარულის ამბავი შეიტყო – მორალის დამცველი

ადამიანები ასე იქცევიან. მგონი, მოტივი ცხადზე ცხადია: ერთადერთი მემკვიდრე კლავს თავის კეთილისმყოფელს, რომელიც, მასზე იმედგაცრუებული, თავის მემკვიდრეობას სხვას უტოვებს. დიახ, სტეტჰემ, ამჯერად ყველაფერი სწორად გაიგე. შეიძლება, ჩემი მკვლელობის მანია მემკვიდრეობითიც იყოს – ბიძაშენთან ამაზე დავას არ ვაპირებ, მაგრამ, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, სახელგანთქმული ფსიქიატრი კი ამ საიდუმლოს საფლავში ჩაიტანს… – ჯეკი კმაყოფილი სახით შებრუნდა კარისკენ და სწორედ ამ დროს იქუხა რევოლვერმა. სტეტჰემმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რაც მოხდა, როცა კლერის ხელში რევოლვერი დაინახა. რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა კვამლი.

– კლერ, ეს რა ჩაიდინე?

– მე მიყვარხარ, სტეტჰემ, ძალიან მიყვარხარ და, ვერ დავუშვებდი, ჩემი პრობლემის გამო დაზარალებულიყავი. სანამ ეს ამბავი მარტო მე მეხებოდა, ვიტანდი. თუმცა ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, მასში მკვლელი აუცილებლად გაიღვიძებდა და მომკლავდა. ამის შესახებ ბიძაშენმაც გამაფრთხილა. ეს უნდა გამეკეთებინა.

– კლერ, საყვარელო, ესე იგი, ბიძაჩემი შენ არ გგულისხმობდა, როცა მემკვიდრეობით შეშლილობაზე ლაპარაკობდა?! კლერ, იცხოვრებ ისეთ კაცთან, რომელიც ვერაფერს ხვდება?!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button