განხილვაკინემატოგრაფია

სერიალის მიმოხილვა: Narcos

ნარკოტიკები, სიმდიდრე, ქალები, მასობრივი მკვლელობები: კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ემილიო ესკობარ გავირიას ცხოვრება ყველა იმ ელემენტს შეიცავს, რომელთა დახმარებით ფართო აუდიტორიისთვის გათვლილი კარგი დრამის გაკეთება შეიძლება. მართალია, თანამედროვე სატელევიზიო სივრცე ნამდვილად არ განიცდის დანაშაულებრივ-მაფიოზურ-განგსტერული ფილმებისა თუ სერიალების ნაკლებობას, მაგრამ ეს ჟანრი მაინც ვერ „იმსახურებს“ მაყურებელთა უყურადღებობას, განსაკუთრებით დღეს, როცა HBO-ს True Detective-მა განახლებული არომატი შემოიტანა ბაზარზე. აღნიშნული სერიალის იმედგამაცრუებელი მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ კი მაყურებელს სჭირდებოდა რაღაც ახალი, თანამედროვე, დინამიკური. Netflix-მაც არ დააყოვნა და თავისი „ქმნილებების“ სია კიდევ ერთი ნამუშევრით გაამდიდრა და, სავარაუდოდ, მადაგაფუჭებული აუდიტორიის კეთილგანწყობაც სამართლიანად დაიმსახურა: მოძებნა `based on true story` სცენარი, გადაინაცვლა სერიალების ჩვენთვის ისე კარგად ნაცნობ ლოკაციაზე, როგორიცაა კოლუმბია, სამსახიობო ქასტი მაქსიმალური დოზით დააკომპლექტა ლათინო-ამერიკელი მსახიობებით, ეპიზოდებში ჩართო დოკუმენტური არქივების კადრები, დაამატა დრამა და მიიღო კოლუმბიელი ტონი მონტანას აღზევებისა და დაცემის ქრონიკებზე უფრო მეტი – Narcos.
გარდა ჟანრობრივი ნოვაციურობის ნაკლებობისა, Narcos-ის წინაშე იდგა ისეთი გამოწვევა, როგორიცაა პაბლო ესკობარზე გადაღებული მხატვრული თუ დოკუმენტური ბიოპიკების სიმრავლე. გავიხსენოთ თუნდაც 2014 წლის ფილმი Escobar: Paradise Lost. თუმცა, Narcos-ის მთავარი პლიუსი ისაა, რომ მასში თანაბრადაა წარმოდგენილი დოკუმენტურის სტილის თხრობა და მხატვრული ფილმის მახასიათებლები. გარდა ამისა, დიალოგების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ესპანურად, რაც უფრო ამძაფრებს იმის შეგრძნებას, რომ ესკობარის ცხოვრების უშუალო თვითმხილველი ხარ. მართალია, ორიგინალში ყურება ცოტა დამღლელია მოზღვავებული ესპანურის გამო, მაგრამ 10 სერიის ბოლოს რომ ინგლისურ motherfucker-ს ესპანური puta madre ჩაანაცვლებს ქვეცნობიერში, მაინც კმაყოფილი ხარ. 
ამბის ნარატორად გვევლინება DEA-ის აგენტი სტივ მერფი (ბოიდ ჰოლბრუკი – Gone Girl, Run All Night, Milk), მაიამელი გრინგო, რომელიც ამერიკის ინტერესების დამცველად და ესკობარის მთავარ მოწინააღმდეგედ გვევლინება. თუმცა, რამდენიმე სერიის შემდეგ, მერფი სრულიად კარგავს შოუს მთავარი გმირის სტატუსს და მთავარი აქცენტი კეთდება ნარკოებზე (ესპ. ნარკოდილერი). სწორედ ამ მომენტიდან გადმოდის წინა პლანზე ესპანურ ენოვანი ქასტი: ვაგნერ მოურა (ესკობარი) Elysium-დან და ბრაზილიური მეგაჰიტიდან Elite Squad; Game of Thrones-ის ყველაზე სახასიათო ტიპაჟი პედრო პასკალი (ობერინ მარტელი); სტეფანი სიგმანი, რომელიც ბონდიანას ჯერ-ჯერობით ბოლო ეკრანიზაცია Spectre-ში ბონდის გოგონას როლს შეასრულებს; გაუცინარი და ჯმუხი ლუიზ გუზმანი. ამ ყველაფერს ემატება ესპანურენოვანი სიკარიოებისა და კორუმპირებული მაღალჩინოსნების მთელი ამალა. სწორედ ამ დეტალებმა მოახერხა Narcos-ის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა: Netflix-მა შექმნა კოლუმბიური ბიოპიკი; Narcos ისეთივე კოლუმბიურია, როგორც ესკობარი – კოლუმბიელი.

სერიალი არ ცდილობს ესკობარისგან შექმნას რომანტიული გმირი. 10 სერიის განმავლობაში მაყურებელი ნათლად ხედავს, თუ როგორ იქცა მედელინ კარტელის მეთაური პაბლო „რობინ ჰუდ“ ესკობარი ტერორისტად, რომელიც თავის მიზნების მისაღწევად უდანაშაულო მსხვერპლსაც აღარ ერიდება. ესკობარის მოქმედებები განგსტერის იმიჯის გამყარებას არ ემსახურება. მას თავისი მოტივაცია აქვს: სიღარიბეში დაბადებულმა რიგითმა ბიჭუნამ შეძლო და დღიურ შემოსავლად 60 მილიონი დოლარი გაიჩინა, ახლა კი იძულებულია, თავისი ნაშრომ-ნაამაგარი შეინარჩუნოს. მას თავისი მეთოდები აქვს: თუ ამერიკაში მოწმეებს აქრობენ, სასამართლოში რომ ჩვენება არ მისცენ, ესკობარმა თავად სასამართლო„გააქრო“; მას მიაჩნია, რომ ალ კაპონე მისთვის ცუდი მაგალითია, რადგან ალ კაპონეს არასდროს ჰქონია იმდენი ნაღდი ფული, რამდენიც ესკობარს; ესკობარს შეუძლია ერთდროულად უყვარდეს ცოლი და საყვარლად ჰყავდეს გავლენიანი ჟურნალისტი; შეუძლია გასცეს ჩვილი ბავშვის მოკვლის ბრძანება, რომლის დედას ოთახის კუთხეში შარავანდედიანი ესკობარის ხატი უკიდია; ესკობარი სახელმწიფო ციხეში არ ჯდება, ის საკუთარ ციხეს აშენებს. ვაგნერ მოურას მიერ განსახიერებული ესკობარი ქარიზმატული ნარკოდილერი, მეოჯახე მამა, კარგი ბიზნესმენი და თავზეხელაღებული ტერორისტია. სამაგიეროდ, ის „ბიძია სემზე“ მდიდარია.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები სატელევიზიო შოუების მთავარი კოზირია, Narcos სხვა მიმართულებას ირჩევს: მისთვის მთავარი ის დიდი ცხოვრებისეული თამაშია, რომელსაც პერსონაჟები თამაშობენ. Narcos-ის მიზანი არ არის პერსონაჟების ბოლომდე გახსნა. შესაბამისად, თუ 10 სერიის შემდეგ რომელიმე პერსონაჟის სამსახიობო თამაში თქვენს აღფრთოვანებას ვერ დაიმსახურებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსახიობებმა თავიანთი საქმე კარგად ვერ გააკეთეს. მთავარ პერსონაჟებზე სერიალი მხოლოდ ძირითად ინფორმაციას გვაწვდის, დანარჩენზე კი მათი საქმეები „მეტყველებენ“. როგორც აგენტი მერფი ამბობს, კოლუმბია მაგიური რეალიზმის სამშობლოა. სწორედ ამიტომ არის იქ შესაძლებელი ყველაფერზე ოცნება, ყველაფრის მიღწევის იმედის ქონა:
„მაგიური რეალიზმი არის სიტუაცია, როდესაც ბოლომდე დეტალიზებულ და რეალისტურ გარემოში შემოიჭრება რაღაც იმდენად უცნაური, რომ შეუძლებელია მისი დაჯერება… არსებობს მიზეზი, თუ რატომ დაიბადა მაგიური რეალიზმი კოლუმბიაში. ეს არის ქვეყანა, სადაც ოცნებები და რეალობა ერთმანეთს ერწყმის. ხალხი იკარუსივით მაღლა დაფრინავს ოცნებებში, მაგრამ მაგიურ რეალიზმსაც აქვს თავის საზღვრები… იკარუსი მზესთან ახლოს ფრენამ დაღუპა.“

მაგიური რეალიზმის ლიტერატურული კონცეფციის სერიალში შემოტანამ შესაძლოა სამართლიანად ჩაითვალოს ესკობარის პირადი წარმატებების იდეოლოგიურ საფუძვლად, მაგრამ სერიალის რეჟისურასთან მაგიურ რეალიზმი არაფერ შუაშია. შინაარსობრივი ხაზის განვითარება იმდენად რეალისტურია, რომ მაგიური რეალიზმისთვის ადგილი ისევ და ისევ პერსონაჟების გონებაში რჩება. Narcos-ში გამოყენებული თხრობის ტრადიცია უფრო მეტად ლათინო-ამერიკული „ნარკო სინემაა“. ეს მეთოდი დამახასიათებელია ნარკომაფიაზე გადაღებული ფილმებისთვის: ნარკობარონების ძალაუფლებისა და ძალადობის ძლიერი რომანტიზაცია; სამართალდამცავების ანტაგონისტებად, ხოლო ნარკობარონების – გმირებად წარმოდგენა; ძალადობისა და სექსის სიჭარბე; სახელისუფლებო სისტემისადმი დაპირისპირება, რაც ყველაზე ძლიერად მოქმედებს მაყურებლის ფსიქოლოგიაზე. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, Narcos სულაც არ ცდილობს ესკობარის სიმონ ბოლივარად „შეფუთვას“ და სახალხო გმირად შერაცხვას.

სერიალი ლაკონურად, თუმცა ნათლად აჩვენებს ესკობარის დროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას: კორუმპირებული მაღალჩინოსნები, მართლმსაჯულების ჩამოშლილი სისტემა. აშშ-ის პოლიტიკა კოლუმბიის მიმართ, სამოქალაქო არეულობები, სისხლიანი ქუჩები, გადამწვარი შენობები, წინასაარჩევნო კამპანიებით „დაბოლილი“ ხალხი, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მინისტრების მკვლელობები. ამ ყველაფერმა ესკობარი იმას მაინც მიახვედრა, რომ მაგიურ რეალიზმსაც აქვს საზღვრები. ის ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს. მას არ უნდა იკარუსის ბედი გაიზიაროს.

Narcos არის Goodfellas-ისა და The Wire-ს კარგი ნაზავი ესპანური და ლათინო-ამერიკული არომატით. პირველი სეზონის 10 სერიის ბოლოს ესკობარის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მეორე სეზონს. აღსანიშნავია ისიც, რომ Netflix გეგმავს გაფართოვებას და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში შესვლას. ამით შეიძლება აიხსნას ისიც, თუ რატომ გაკეთდა Narcos ესპანურენოვან პროექტად.

*** სერიალი ქართული გახმოვანებით შეგიძლიათ ნახოთ adjaranet.com-ზე

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button