ესე

რუსთაველის შეხედულება მიჯნურობის შესახებ პროლოგის მიხედვით

– „აქსიომაა: ხელოვნება, სიყვარულიდან იწყება, ისაა პოეზიის პირველმიზეზი. ღმერთი სიყვარულია და „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში რუსთაველი სწორედ მას შესთხოვს: „მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა.“ პოეტი გვახსენებს იმასაც, რომ ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარულია და ამ ნიჭს მოკლებული კაცი შესაბრალისია. დიახ, რუსთაველმა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში მისთვის ჩვეული დიდოსტატობითა და ლაკონიურობით ჩამოაყალიბა მიჯნურობის თეორია. მისი აზრით, მიჯნურობის უპირველესი სახე არის ღვთისადმი მიჯნურობა, „იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა.“ მაგრამ მისი ენით გამოხატვა, მიწვდომა ძალიან ძნელია, ბრძენ ადამიანებსაც კი უჭირთ. ვისაც სურს ამ უზენაეს გრძნობას მისწვდეს, ბევრი ტანჯვის ატანა მოუწევს. რუსთაველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავის პოემაში ის საუბრობს არა ზეციური, არამედ მიწიერი, ხორციელი გრძნობების შესახებ: „ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან.“ ასეთი სიყვარულიც შეიძლება ამაღლდეს ზეციურამდე და აღმაფრენათა მომცემად იქცეს, თუკი: „მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.“ რუსთაველი სიტყვა „მიჯნურის“ წარმოშობასაც განმარტავს: ის არაბულიდან მომდინარეობს და სიყვარულისაგან გაგიჟებულს, შმაგს, ხელს ნიშნავს. მიჯნურს აგიჟებს ის, რომ სატრფოსგან შორსაა და მას ვერ წვდება. რუსთაველი ადამიანის ბუნების დიდებული მცოდნეა, კარგად იცის, რომ ყველას ერთნაირად არ გააჩნია სიყვარულის ნიჭი და უნარი, ისინი გრძნობების გამოხატვის საშუალებებითაც განსხვავდებიან. ზოგიერთისთვის მიჯნურობა შთაგონების წყარო და სიცოცხლის აზრია. ასეთნი თავიანთი არსებობის გამართლებას სატრფოსთვის სამსახურსა და ერთგულებაში ხედავენ, ზოგი კი ერთი ყვავილიდან მეორეზე დაფრინავს პეპელასავით და მისი ე.წ. „სიყვარულიც“ პეპელასავით დღემოკლეა. აქედან გამომდინარე, რუსთაველი მიჯნურობის რამდენიმე სახეს გამოყოფს: საღვთო, მიწიერ – უბიწო და ხორციელ – ეროტიკულ მიჯნურობას, თუმცა, უნდა დავაზუსტოთ, რომ ამ უკანასკნელს ის სხვა სიტყვით მოიხსენიებს, მას „სიძვას“ უწოდებს და კატეგორიულად გვაფრთხილებს, არ ავურიოთ ის ნამდვილ მიჯნურობაში: „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!“ და მაინც, რა განსხვავებაა მათ შორის? რუსთაველი კონკრეტულად ჩამოთვლის იდეალური მიჯნურის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ შორის უმთავრესია „ხანიერება“ ანუ ერთგულება. მიჯნურს სატრფოს ღალატი არ ეპატიება, თუნდაც ეს სატრფო „კუშტი“ – მკაცრი, გულჩათხრობილი, ან „ქუში“ – პირქუში და უხასიათო იყოს. ალბათ, რუსთაველი გულისხმობდა, რომ, მარკ ტვენის ცნობილი ხუმრობისაც არ იყოს, სანამ ერთი ნახვით შეიყვარებ ვინმეს, მეორეჯერაც უნდა შეხედო დაკვირვებით. ასეა თუ ისე, თუკი შეიყვარებ, უნდა უერთგულო – ამას არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს პოეტი: „მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს.“ იდეალური მიჯნური გარეგნულად მომხიბლავი უნდა იყოს, თუმცა ეს საკმარისი არაა. მას კიდევ ბევრი ადამიანური ღირსება მოეთხოვება: გონიერება, სიუხვე, თავმდაბლობა, ახალგაზრდობა, ენაწყლიანობა, ვაჟკაცობა-სიმამაცე, დიდი მოთმინების უნარი. კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს ამ ჩამონათვალში რუსთაველს და მას „მოცალეობა“ ჰქვია. რას გულისხმობდა პოეტი: მიჯნური მოცლილი უნდა იყოს? შესაძლოა, რადგან სიყვარული გარკვეულ თავისუფალ დროს მოითხოვს. სხვათა შორის, ჩვენს ეპოქაში ეს „სიყვარულის დროის“ დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა! თუ რუსთველისეული „მოცალეობა“ მიჯნურების ერთმანეთისადმი შესაფერისობას ნიშნავს? ისინი ერთმანეთის ტოლი, ცალი და სწორი უნდა იყვნენ. მით უმეტეს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები დროის უკმარისობას ნამდვილად არ განიცდიან. ამასთან, ისინი სწორედაც რომ, ერთმანეთის „ცალნი“ არიან: გარეგნობით, ხასიათის თვისებებით, სოციალური მდგომარეობით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს მეორე მოსაზრება უფრო შეეფერება პოემის გმირთა მდგომარეობას. კიდევ ერთი თვისება უნდა ჰქონდეს იდეალურ მიჯნურს: ის ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას მამაცურად უნდა შეხვდეს, არც დიდმა ბედნიერებამ უნდა დაახვიოს თავბრუ და არც გაჭირვებამ უნდა გატეხოს: „ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს.“ ალბათ, არა მარტო მიჯნურს, არამედ ნებისმიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს ჩვენი გენიალური წინაპრის ეს ბრძნული დარიგება! კიდევ ერთი თვისება უნდა ჰქონდეს იდეალურ მიჯნურს: ის თავის სიყვარულზე საქვეყნოდ არ უნდა გაჰყვიროდეს, საიდუმლოდ უნდა ინახავდეს: „არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა, ჭირთა მალვა.“ „არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს.“ დღეს, საინფორმაციო-კომუნიკაციური რევოლუციის, ტელევიზიის, ინტერნეტისა და სოცქსელების ეპოქაში, იქნებ, ვინმეს ანაქრონიზმადაც- დრომოჭმულადაც მოეჩვენოს რუსთაველის ეს შეხედულება, მაგრამ, ერთი წუთით დავფიქრდეთ, როგორ დაკარგა მნიშვნელობა სიტყვა ინტიმურმა-პირადულმა-გულითადმა. რამდენი დააკლო ამ დიდ გრძნობას – სიყვარულს – ვითომდა გულწრფელი ემოციების საყოველთაოდ გამოფენა-გადმოღვრამ, როგორი ზედაპირული და საჩვენებელი, მცირე თუ დიდი შოუების-წარმოდგენების ნაწილი გახდა სიყვარული. რუსთაველი კიდევ უფრო შორს მიდის და წინასწარმეტყველივით გვაფრთხილებს, რომ ვერიდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვის სახელს არ უფრთხილდებიან, საქვეყნოდ „მოაყივნებენ“ – შეარცხვენენ. არ აქვს მნიშვნელობა, მეგობარი იქნება თუ მიჯნური, რუსთაველის ლექსიკაში ხომ ორივე სიტყვას ერთი ფუძე აქვს: ყვარება – სიყვარული – მოყვარე: „მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?!“ ასეთ ადამიანს ერთადერთი „გამართლება“ აქვს: ეს ბოროტება მის ბუნებაში დევს, ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, მას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, რადგან „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“ რა თქმა უნდა, ასეთ „ვაი-მოყვარეს“ ჭკვიანი ადამიანი არ ენდობა, თავის გულსა და სულს არ ჩააბარებს, მოერიდება: „მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?“ კიდევ ერთი პუნქტია მიჯნურობის რუსთველისეულ კოდექსში: მიჯნურს „სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების.“ აი, ეს ტყე-ველად მარტო გაჭრა რაღა საჭიროაო, შეიძლება ირონიულად ვიკითხოთ, მაგრამ, დღევანდელი გადასახედიდანაც კი, ვფიქრობ, ამასაც აქვს გარკვეული გამართლება: ადამიანს სჭირდება განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, გრძნობებში გარკვევა. ამისთვის ხომ დღეს ფსიქოთერაპევტებთან დადიან და ფულს იხდიან. მოკლედ, ჩემი აზრით, რუსთაველის მიერ პროლოგში ჩამოყალიბებული მიჯნურობის მორალური კოდექსის ყველა პუნქტი მისაღები და თანამედროვეა, რა თქმა უნდა, თუ მას წაიკითხავს „კაცი ვარგი“. ასე რომ, რუსთაველის მიერ პროლოგში ჩამოყალიბებული მიჯნურობის თეორია ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს და იძლევა გასაღებს ნაწარმოების მხატვრული სამყაროს კარის შესაღებად, იმ საოცარი სიყვარულის ისტორიის აღსაქმელად და გასაგებად, რასაც ტარიელ-ნესტანის უაღრესად დრამატული მიჯნურობა, ავთანდილ-თინათინის მშვენიერი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქვია. პოეტს არც ფატმანის ეროტიკული თავგადასავლები ავიწყდება, რათა კონტრასტის გამოყენებით გვაჩვენოს ძირეული განსხვავება ამამაღლებელ სიყვარულსა და მდაბალ სიძვას, „ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუშს“ შორის. რა თქმა უნდა, რუსთაველს ეს დიდებულად გამოუვიდა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button